მატიანე — წიგნი პირველი
17 მას შემდეგ, რაც დავითი თავის სასახლეში დასახლდა, უთხრა ნათან+ წინასწარმეტყველს: „მე კედრის+ სასახლეში ვცხოვრობ, იეჰოვას შეთანხმების კიდობანი კი კარავშია“.+ 2 მიუგო ნათანმა დავითს: „გააკეთე, რაც გულით გწადია, რადგან შენთანაა ღმერთი!“
3 იმ ღამით ღვთის სიტყვა ეუწყა ნათანს: 4 «წადი და უთხარი ჩემს მსახურ დავითს, აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა: „შენ არ ამიშენებ ტაძარს დასამკვიდრებლად.+ 5 ტაძარში არ დავმკვიდრებულვარ ეგვიპტიდან ისრაელების გამოყვანის დღიდან დღემდე, კარავში დამკვიდრებული დაგყვებოდით ყველგან.+ 6 მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა ისრაელებს დავყვებოდი, სიტყვა მაინც თუ მითქვამს ისრაელის რომელიმე მსაჯულისთვის, ჩემი ხალხის მწყემსებად რომ მყავდნენ დანიშნული, კედრის სახლი რატომ არ ამიშენეთ-მეთქი?!“
7 უთხარი ჩემს მსახურ დავითს, აი, რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „მე წამოგიყვანე საძოვრებიდან, სადაც ფარას მწყემსავდი, ჩემი ხალხის, ისრაელის, წინამძღოლი რომ გამხდარიყავი.+ 8 შენთან ვიქნები, სადაც არ უნდა წახვიდე,+ და შენ წინ დავცემ ყველა შენს მტერს.+ ამა ქვეყნის ძლიერთა მსგავსად გაგითქვამ სახელს.+ 9 ადგილს მივუჩენ ჩემს ხალხს, ისრაელს, და დავასახლებ; იქ დამკვიდრდებიან და აღარავინ შეაწუხებთ. ვეღარ დაჩაგრავენ ბოროტები უწინდებურად,+ 10 ისე როგორც მაშინ ჩაგრავდნენ, როცა მსაჯულები დავუყენე ჩემს ხალხს, ისრაელს.+ შენს ყველა მტერს დავამარცხებ!+ მეტიც, გეუბნები, შენს საგვარეულოს სამეფო საგვარეულოდ აქცევს იეჰოვა.
11 როცა აღსასრულის დღე დაგიდგება და შენი მამა-პაპის გვერდით განისვენებ, შენს შთამომავალს, შენს ერთ-ერთ ვაჟს,+ გავამეფებ და განვუმტკიცებ მეფობას.+ 12 ის ამიშენებს ტაძარს+ და მარადიულად განვამტკიცებ მის ტახტს.+ 13 მე მისი მამა ვიქნები, ის კი — ჩემი ძე.+ მისი წინამორბედისგან განსხვავებით+ მას არ დავუკავებ სიკეთეს*.+ 14 მარადიულად იჯდება ჩემს ტახტზე+ და სამარადისოდ მისი საგვარეულოს ხელში იქნება სამეფო. მარადიულად განმტკიცდება მისი ტახტი!“»+
15 მოუყვა ნათანი დავითს ყველაფერს, რაც ხილვაში ნახა და მოისმინა.
16 დაჯდა მეფე დავითი იეჰოვას წინაშე და თქვა: „ვინ ვარ მე, ღმერთო იეჰოვა, და რას წარმოადგენს ჩემი საგვარეულო, ამდენი რამ რომ გაგვიკეთე?+ 17 თითქოს ესეც არ კმაროდა, ღმერთო, შენი მსახურის სახლეულობის შორეულ მომავალზეც+ ლაპარაკობ, თითქოს კიდევ მეტს ვიმსახურებდე, ღმერთო იეჰოვა! 18 ისე განმადიდე შენი მსახური დავითი, რომ მეტი რაღა ვთქვა, შენ ხომ ისედაც კარგად მიცნობ?!+ 19 იეჰოვა, შენი მსახურის გულისთვის, შენი სურვილისამებრ, მოიმოქმედე ეს დიადი საქმეები და ცხადი გახადე შენი სიდიადე!+ 20 იეჰოვა, შენ ვერავინ შეგედრება,+ შენ ხარ ერთადერთი ღმერთი;+ ყველაფერი, რაც შენზე გვსმენია, ამაზე მოწმობს. 21 რომელი ერია დედამიწაზე შენი ხალხის, ისრაელის, მსგავსი?!+ შენ გამოისყიდე, ღმერთო, ისინი, რათა შენს ხალხად გექცია.+ სახელი გაითქვი, რადგან დიადი და შიშის მომგვრელი საქმეები მოიმოქმედე+ — განდევნე ერები ეგვიპტიდან გამოსყიდული შენი ხალხის თვალწინ.+ 22 შენი ხალხი ისრაელი სამარადისოდ შენს ხალხად აქციე+ და შენ გახდი, იეჰოვა, მათი ღმერთი.+ 23 იეჰოვა, ნურასდროს დაივიწყებ შენს მსახურსა და მის შთამომავლებზე წარმოთქმულ დაპირებას და შეასრულე შენი დანაპირები!+ 24 მარადიული იყოს შენი სახელი და სამარადისოდ განდიდებული,+ რათა თქვას ხალხმა, ლაშქართა ღმერთი იეჰოვააო ისრაელის ღმერთი, ის არისო ისრაელის ღმერთი! ყოველთვის შენ წინაშე იყვნენ შენი მსახურის, დავითის, შთამომავლები.+ 25 ჩემო ღმერთო, შენ გამოუცხადე შენს მსახურს შენი განზრახვა, რომ სამეფო საგვარეულოდ აქცევდი მის საგვარეულოს, ამიტომაც მოგმართავს შენი მსახური ლოცვით. 26 იეჰოვა, შენ ხარ ჭეშმარიტი ღმერთი, შენ ყოველივე კარგს დაჰპირდი შენს მსახურს. 27 აკურთხე შენი მსახურის საგვარეულო, რათა მარადიულად იარსებოს შენ წინაშე, რადგან, რასაც შენ აკურთხებ იეჰოვა, სამარადისოდ კურთხეული იქნება!“