ზაქარია
6 კვლავ გავიხედე და, აი, დავინახე, რომ ორ მთას შორის ოთხი ეტლი გამოდიოდა; მთები სპილენძისა იყო. 2 პირველ ეტლში წითელი ცხენები იყო შებმული, მეორეში — შავი,+ 3 მესამეში — თეთრი, მეოთხეში კი — ჭრელი, ხალებიანი.+
4 ანგელოზს, რომელიც მელაპარაკებოდა, ვკითხე: „რას ნიშნავს ეს, ჩემო ბატონო?“
5 ანგელოზმა მომიგო: „ეს ცის ოთხი სულია,+ რომლებიც მთელი დედამიწის უფლის წინაშე წარდგნენ და ახლა იქიდან მოდიან.+ 6 ეტლი, რომელშიც შავი ცხენებია შებმული, ჩრდილოეთის მიწისკენ+ მიემართება, თეთრი ცხენები — ზღვის გაღმა, ხალებიანი კი — სამხრეთის მიწისკენ. 7 ჭრელებს ერთი სული ჰქონდათ, გამოსულიყვნენ და მთელი დედამიწა შემოევლოთ“. შემდეგ მან უთხრა: „წადით, მოიარეთ დედამიწა“. მათაც დაიწყეს დედამიწის შემოვლა.
8 შემდეგ დამიძახა და მითხრა: „ნახე, ჩრდილოეთის მიწისკენ წასულებმა დაამშვიდეს იეჰოვას სული ჩრდილოეთის მიწაზე“.
9 კვლავ მეუწყა იეჰოვას სიტყვა: 10 «გამოართვი ხელდაის, ტობიასა და იედაიას გადასახლებულთა შესაწირავი და ბაბილონიდან ჩამოსულებთან ერთად იმავე დღეს წადი იოშიას, ცეფანიას ვაჟის, სახლში. 11 აიღე ოქრო-ვერცხლი, დაამზადე გვირგვინი, თავზე დაადგი მღვდელმთავარ იეჰოშუას,+ იეჰოცადაკის ვაჟს, 12 და უთხარი,
აი, რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „აი კაცი — ყლორტია მისი სახელი.+ აღმოცენდება ის თავის ადგილას და ააშენებს იეჰოვას ტაძარს.+ 13 ის ააგებს იეჰოვას ტაძარს და განდიდდება. დაჯდება თავის ტახტზე და იმეფებს; იგი მღვდლობასაც გასწევს;+ ეს ორი მოვალეობა ერთმანეთთან შეთანხმებული იქნება. 14 სამახსოვროდ დარჩებათ გვირგვინი ხელემს, ტობიას, იედაიასა+ და ხენს, ცეფანიას ვაჟს, იეჰოვას ტაძარში. 15 შორს მყოფნიც ჩამოვლენ და შეიტანენ წვლილს იეჰოვას ტაძრის მშენებლობაში“. მაშინ გაიგებთ, რომ ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ, გამომგზავნა თქვენთან. შესრულდება ეს ყოველივე, თუ მოუსმენთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს».