გაიმაგრეთ ხელები!
„გაიმაგრეთ ხელები, ვინც ისმენდით იმ დღეებში იმ წინასწარმეტყველთა ნათქვამ სიტყვებს“ (ზაქარია 8:9).
1, 2. რატომ არის მართებული, დავინტერესდეთ ანგიასა და ზაქარიას წიგნებით?
ანგიასა და ზაქარიას წინასწარმეტყველებები დაახლოებით 2 500 წლის წინათ დაიწერა, მაგრამ ისინი თქვენთვისაც მნიშვნელოვანია. ამ ორ წიგნში მოცემულ ინფორმაციას მხოლოდ ისტორიული ღირებულება როდი აქვს. ისინი იმ „ყოველივეს“ ნაწილია, „რაც წინათ დაიწერა. . . ჩვენს სასწავლებლად“ (რომაელები 15:4). ამ წინასწარმეტყველებების დიდი ნაწილი, გვაფიქრებს რეალურ მოვლენებზე, რომლებიც 1914 წელს ზეცაში სამეფოს დამყარებიდან ხდება.
2 მოციქული პავლე იმის შესახებ, რაც დიდი ხნის წინათ ღვთის ხალხს გადახდა, წერდა: „რაც მათ დაემართათ, ჩვენთვის გაკვეთილია და ჩვენ გასაფრთხილებლად დაიწერა, რომლებზეც ამ სისტემის აღსასრულმა მოაწია“ (1 კორინთელები 10:11). თქვენ შეიძლება დაინტერესდეთ: „დღეს რა მნიშვნელობა აქვს ანგიასა და ზაქარიას წიგნებს?“
3. რაზე ამახვილებდნენ ყურადღებას ანგია და ზაქარია?
3 როგორც წინა სტატიაში აღინიშნა, ანგიასა და ზაქარიას წინასწარმეტყველებები ეხებოდა დროს, როდესაც იუდეველები ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლდნენ და ღვთის მიერ მიცემულ მიწაზე დაბრუნდნენ. ეს ორი წინასწარმეტყველი ყურადღებას ამახვილებდა ტაძრის აღდგენაზე. ძვ. წ. 536 წელს იუდეველებმა ტაძარს საძირკველი ჩაუყარეს. თუმცა ზოგიერთი ხანდაზმული იუდეველი წარსულს მისტიროდა, მთლიანობაში ხალხმა „სიხარულის ყიჟინა დასცა“. მაგრამ ჩვენს დღეებში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ ხდება. რა? (ეზრა 3:3—13).
4. რა მოხდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მალევე?
4 პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, მალევე, იეჰოვას ცხებული მსახურები დიდი ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლდნენ. ეს იეჰოვას მხრიდან დიდი მხარდაჭერის მაჩვენებელი იყო. თავიდან ისე ჩანდა, თითქოს რელიგიურმა წინამძღოლებმა და მათმა პოლიტიკურმა მხარდამჭერებმა შეაჩერეს ბიბლიის მკვლევართა სამქადაგებლო და მოწაფეების მომზადების საქმიანობა (ეზრა 4:8, 13, 21—24). მაგრამ იეჰოვა ღმერთმა გზა გაუხსნა ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეს. 1919 წლიდან ათწლეულების განმავლობაში სამეფოს საქმიანობა ფართოვდება და მის წინსვლას ვერაფერი უშლის ხელს.
5, 6. რა დიდ მიღწევაზე მიუთითებს ზაქარიას 4:7?
5 შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვას ერთგული მსახურები დღესაც მისი მხარდაჭერით განაგრძობენ ქადაგებასა და მოწაფეების მომზადებას. ზაქარიას 4:7-ში ვკითხულობთ: „გამოიტანს თავკიდურ ლოდს და შესძახებენ: მადლი, მადლი მას!“ ჩვენს დროში რომელ დიდ მიღწევაზე მიუთითებს ეს?
6 ზაქარიას 4:7 მიუთითებს დროზე, როდესაც სულიერი ტაძრის მიწიერ ეზოში უზენაესი უფლისადმი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა სრულყოფილებას მიაღწევს. ამ ტაძრის საშუალებით იეჰოვა ადამიანებს იესო ქრისტეს მიერ გაღებული შესარიგებელი მსხვერპლის საფუძველზე მისადმი თაყვანისცემის შესაძლებლობას აძლევს. მართალია, დიდი სულიერი ტაძარი ახ. წ. პირველი საუკუნიდან არსებობს, მაგრამ მის მიწიერ ეზოში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა ჯერაც გასრულყოფილებას საჭიროებს. დღეს ღვთის მილიონობით თაყვანისმცემელი სულიერი ტაძრის მიწიერ ეზოში მსახურობს. იესო ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის განმავლობაში ეს მსახურები, სხვა უამრავ მკვდრეთით აღდგენილთან ერთად, სრულყოფილებას მიაღწევენ. ათასწლიანი პერიოდის დასასრულს გაწმენდილ დედამიწაზე მხოლოდ ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები იცხოვრებენ.
7. რა როლი აკისრია იესოს ჩვენს დღეებში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის გასრულყოფილებაში და რატომ უნდა იყოს ეს ჩვენთვის გამამხნევებელი?
7 მმართველმა ზერუბაბელმა და მღვდელმთავარმა იესომ ძვ. წ. 515 წელს საკუთარი თვალით იხილეს ტაძრის მშენებლობის დასრულება. ჭეშმარიტი თაყვანისმცელობის სრულყოფილებამდე მიყვანაში იესო ქრისტეს როლის შესახებ ზაქარიას 6:12, 13-ში ნაწინასწარმეტყველებია: „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, კაცი — მორჩია მისი სახელი, რადგან თავისი ადგილიდან აღმოცენდება და ააშენებს უფლის ტაძარს. ის. . . იტვირთავს დიდებას, დაჯდება და იხელმწიფებს თავის ტახტზე; ის იქნება მღვდელი თავის ტახტზე“. ფიქრობთ, რომ ვინმეს შეუძლია ხელი შეუშალოს სამეფოს საქმის წინსვლას, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ იესო, რომელიც ზეცაშია და ‘მორჩია’ დავითის სამეფო ხაზიდან, თავად უჭერს მხარს ამ საქმეს? სრულიადაც არა! განა არ უნდა აღგვძრას ამან, მსახურებაში ისე ვიაროთ წინ, რომ ყოველდღიურმა საზრუნავმა გვერდზე არ გადაგვახვევინოს?
პრიორიტეტები
8. რატომ უნდა დავაყენოთ პირველ ადგილზე სულიერ ტაძარში მსახურება?
8 იეჰოვას მხარდაჭერა და კურთხევა რომ გვქონდეს, საჭიროა სულიერ ტაძარში მსახურება ყოველთვის პირველ ადგილზე დავაყენოთ. იმ იუდეველებისგან განსხვავებით, რომლებიც ამბობდნენ „ჯერ არ დამდგარაო ჟამი“, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ (ანგია 1:2; 2 ტიმოთე 3:1). იესომ იწინასწარმეტყველა, რომ მისი ერთგული მიმდევრები სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას იქადაგებდნენ და მოწაფეებს მოამზადებდნენ. ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ და არ უნდა უგულებელვყოთ მსახურებაში მონაწილეობის შესაძლებლობა. ქადაგებისა და სწავლების საქმე, რომელიც ქვეყნიერების მხრიდან წინააღმდეგობის გამო დროებით შეჩერდა, 1919 წელს კვლავ განახლდა, მაგრამ ჯერ არ დასრულებულა. თუმცა შეგიძლიათ დარწმუნებულნი იყოთ, რომ ის ნამდვილად დასრულდება!
9, 10. რაზეა დამოკიდებული იეჰოვას კურთხევა და რას ნიშნავს ეს ჩვენთვის?
9 რაც უფრო გულმოდგინედ განვაგრძობთ მსახურებას, მით უფრო კურთხეულნი ვიქნებით როგორც მთლიანობაში ღვთის ხალხი, ისე თითოეული. ყურადღება მიაქციეთ იეჰოვას დაპირებას, რომელიც დაჯერებულობას გვმატებს. როგორც კი იუდეველებმა ისევ დაიწყეს მთელი სულით თაყვანისცემა და გულმოდგინედ განაახლეს ტაძრის საძირკველზე მუშაობა, იეჰოვამ თქვა: „ამიერიდან კი ვაკურთხებ“ (ანგია 2:19). მათ ბოლომდე დაუბრუნდათ იეჰოვას კეთილგანწყობა. აი, რა კურთხევები ელოდათ იუდეველებს ღვთის დანაპირების თანახმად: „იქნება მშვიდობის თესლი: ვაზი გამოიღებს თავის ნაყოფს, მიწა მოიტანს თავის მოსავალს და ცა მოსცემს თავის ცვარს. და ამ ერის ნატამალს დავუმკვიდრებ ყველაფერს ამას“ (ზაქარია 8:9—13).
10 იეჰოვამ ის იუდეველები სულიერად და მატერიალურად აკურთხა; ღმერთი ასევე გვაკურთხებს ჩვენც, თუ გულმოდგინედ და სიხარულით ვაკეთებთ მის მიერ დაკისრებულ საქმეს. ამ კურთხევებში შედის უსაფრთხოება, კეთილდღეობა, სულიერი ზრდა და ჩვენ შორის გამეფებული მშვიდობა. მაგრამ ღვთის კურთხევების მიღება დამოკიდებულია სულიერ ტაძარში მსახურების ისე შესრულებაზე, როგორც ეს იეჰოვას სურს.
11. როგორ შეგვიძლია საკუთარი თავის გამოკვლევა?
11 ახლა დროა, ‘დავუკვირდეთ ჩვენს საქციელს’ (ანგია 1:5, 7). საჭიროა დრო გამოვყოთ და დავფიქრდეთ, თუ რას ვანიჭებთ ცხოვრებაში უპირატესობას. დღეს იეჰოვას კურთხევების მიღება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად განვადიდებთ მის სახელს და მის სულიერ ტაძარში როგორ მივიწევთ მსახურებაში წინ. ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ხომ არ შევცვალე ცხოვრებაში პრიორიტეტები? როგორია ჩემი გულმოდგინება იეჰოვასადმი, მისი ჭეშმარიტებისა და მსახურებისადმი ახლა იმასთან შედარებით, რაც ნათლობისას მქონდა? ცხოვრების კომფორტულად მოწყობისადმი ინტერესი ხომ არ ახდენს გავლენას ყურადღებაზე, რომელსაც იეჰოვას და მის სამეფოს ვუთმობ? სულიერ წინსვლაში, გარკვეულწილად, ხელს ხომ არ მიშლის ადამიანებისადმი შიში — ის, თუ რას იფიქრებენ სხვები ჩემზე?“ (გამოცხადება 2:2—4).
12. იუდეველთა რა მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას ანგიას 1:6, 9?
12 სასურველია, რომ იეჰოვას სახელის განდიდების უგულებელყოფის გამო, არ დავკარგოთ მისი უხვი კურთხევები. გავიხსენოთ, ანგიას 1:9-ის თანახმად, სამშობლოში დაბრუნებულმა იუდეველებმა თავიდან გულმოდგინედ დაიწყეს ტაძრის აღდგენა, მაგრამ შემდეგ ‘ყველა თავის სახლზე ზრუნავდა’. ისინი მთლიანად ჩაეფლნენ ყოველდღიურ მოთხოვნილებებზე ზრუნვაში. შედეგად, ისინი ‘ცოტას იმკიდნენ’ ანუ არ ჰქონდათ საკმარისი საკვები, სასმელი და თბილი ჩასაცმელი (ანგია 1:6). მათ დაკარგეს იეჰოვას კურთხევა. რის სწავლა შეგვიძლია აქედან?
13, 14. რის სწავლა შეგვიძლია ანგიას 1:6, 9-დან და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
13 განა არ ეთანხმებით იმ აზრს, რომ ღვთის კურთხევების მისაღებად საჭიროა, მოვერიდოთ იეჰოვას თაყვანისმცემლობის ხარჯზე პირადი ინტერესების ძიებას? მთელი ძალით უნდა შევეწინააღმდეგოთ სიმდიდრის დაგროვების, სწრაფად გამდიდრების, ამ სისტემაში სასურველი მდგომარეობის მისაღწევად უმაღლესი განათლების მიღების ან ჩვენი შესაძლებლობების ამბიციური მიზნებისთვის მოხმარების სურვილს.
14 ყოველივე ეს ცოდვა არ არის, მაგრამ განა არ ხედავთ, რომ მარადიული სიცოცხლის გადასახედიდან ისინი ‘მკვდარი საქმეებია’? (ებრაელები 9:14). რა გაგებით? ისინი სულიერი გაგებით მკვდარი, ამაო და უნაყოფოა. თუ ადამიანი ასეთ საქმეებს არის გადაყოლილი, ამან შეიძლება სულიერ სიკვდილამდე მიიყვანოს ის. მსგავსი რამ დაემართა მოციქულების დღეებში მცხოვრებ ზოგ ცხებულ ქრისტიანს (ფილიპელები 3:17—19). ეს დღესაც ემართება ზოგ ქრისტიანს. შეიძლება თქვენ იცნობთ ისეთ პიროვნებებს, რომლებმაც თანდათანობით მიატოვეს ქრისტიანული საქმეები და კრება, და დღეს სურვილიც კი არა აქვთ, დაუბრუნდნენ იეჰოვას მსახურებას. ვიმედოვნებთ, რომ ისინი დაუბრუნდებიან იეჰოვას, მაგრამ ფაქტია, რომ „მკვდარი საქმეების“ გამოდევნებამ შეიძლება ადამიანს იეჰოვას კეთილგანწყობა და კურთხევები დააკარგვინოს. ადვილი წარმოსადგენია, რა სამწუხარო შედეგები მოჰყვებოდა ამას. ადამიანი დაკარგავდა სიხარულსა და მშვიდობას, რომლებიც სულის ნაყოფია. წარმოიდგინეთ, რა დიდი დანაკარგი იქნებოდა თბილ ქრისტიანულ საძმოს ჩამოშორება (გალატელები 1:6; 5:7, 13, 22—24).
15. როგორ ცხადყოფს ანგიას 2:14 თაყვანისმცემლობის საკითხის მნიშვნელოვნებას?
15 ეს ძალიან სერიოზული საკითხია. ყურადღება მიაქციეთ ანგიას 2:14-ს, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ უყურებდა იეჰოვა იუდეველებს, რომლებმაც მიატოვეს მისი თაყვანისმცემლობის სახლი და მთელი ყურადღება, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, თავიანთ სახლებზე გადაიტანეს. „ასეთია ეს ერი, ასეთია ეს ხალხი ჩემს წინაშე, — ამბობს უფალი. — ასეთია მათი ხელების ნამოქმედარი. მათი მოტანილი ყველაფერი უწმიდურია“. რანაირი მსხვერპლიც არ უნდა მიეტანათ უგულოდ იუდეველებს იერუსალიმის დროებით სამსხვერპლოზე, ისინი მიუღებელი იყო იეჰოვასთვის, რადგან ის იუდეველები ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას უგულებელყოფდნენ (ეზრა 3:3).
მხარდაჭერის გარანტია
16. ზაქარიას ხილვების საფუძველზე, რაში შეეძლოთ იუდეველებს დარწმუნებულნი ყოფილიყვნენ?
16 როგორც ზაქარიასთვის მიცემულ რვა ხილვაში იყო ნაჩვენები, ღმერთმა ერთგული ისრაელები, რომლებიც ტაძრის აღდგენაზე მუშაობდნენ, თავის მხარდაჭერაში დაარწმუნა. პირველ ხილვაში ღმერთმა ისრაელებს აღუთქვა, რომ დაასრულებდნენ ტაძრის მშენებლობას და დაჰპირდა, რომ, თუ ერთგულად განაგრძობდნენ ღვთის საქმის შესრულებას, იერუსალიმსა და იუდაში ყველაფერი უხვად ექნებოდათ (ზაქარია 1:8—17). მეორე ხილვაში მოცემული იყო დანაპირები, რომ იეჰოვა გაანადგურებდა ყველა მთავრობას, რომელიც ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას ეწინააღმდეგებოდა (ზაქარია 1:18—21). სხვა ხილვებში მოცემული იყო იმის გარანტია, რომ ღმერთი დაიცავდა მშენებლობაზე მომუშავეებს; მათში აღთქმული იყო, რომ თაყვანისმცემლობის დასრულებულ სახლში მრავალი ხალხი მივიდოდა; ნამდვილი მშვიდობა და უსაფრთხოება დაისადგურებდა; ღვთის მიერ დაკისრებული დავალების შესრულებისას, ერთი შეხედვით, გადაულახავი დაბრკოლებები ჩამოშორებულ იქნებოდა; ბოროტება აღმოიფხვრებოდა და ანგელოზები ხელმძღვანელობას გაუწევდნენ და დაიცავდნენ ღვთის ხალხს (ზაქარია 2:5, 11; 3:10; 4:7; 5:6—11; 6:1—8). ახლა უკვე ჩანს, ღვთის ასეთ მხარდაჭერაში დარწმუნებულმა მორჩილმა იუდეველებმა, რატომ შეიცვალეს ცხოვრების წესი და მთელი ყურადღება იმ საქმეზე გადაიტანეს, რისთვისაც ღმერთმა ისინი გაათავისუფლა.
17. რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს, თუ მხედველობაში მივიღებთ ღვთის მიერ მოცემულ აღთქმებს?
17 მსგავსად ამისა, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის გამარჯვებასთან დაკავშირებით ღვთის აღთქმამ უნდა აღგვძრას მოქმედებისკენ და სერიოზულად დაგვაფიქროს იეჰოვას თაყვანისმცემლობის სახლზე. საკუთარ თავს დაუსვით კითხვები: „თუ მწამს, რომ ახლა არის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების დრო, ჩანს ეს ჩემს მიზნებსა და ცხოვრების წესში? სათანადო დროს ვუთმობ ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვის შესწავლას? ვარ ამაზე კონცენტრირებული და ვესაუბრები მის შესახებ თანაქრისტიანებსა თუ სხვებს?“
18. ზაქარიას მე-14 თავის თანახმად, რა მოხდება მომავალში?
18 ზაქარია მიუთითებდა დიდი ბაბილონის განადგურებაზე, რომელსაც არმაგედონი მოჰყვება. წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ: „იქნება ერთი დღე, უფლისთვის საცნაური: არც დღე და არც ღამე. მხოლოდ საღამოჟამს იქნება ნათელი“. იეჰოვას დღე ნამდვილად ბნელი და ცივი იქნება დედამიწაზე მისი მტრებისთვის! მაგრამ იეჰოვას ერთგული თაყვანისმცემლებისთვის ის ნათელსა და კეთილგანწყობას ნიშნავს. ზაქარია აგრეთვე აღწერს, ახალ ქვეყნიერებაში როგორ იღაღადებს ყველაფერი იეჰოვას სიწმინდეზე. ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა, რომელიც ღვთის დიდებულ სულიერ ტაძარში სრულდება, იქნება ერთადერთი თაყვანისმცემლობის ფორმა მთელ დედამიწაზე (ზაქარია 14:7, 16—19). რა დიდებული აღთქმაა! ჩვენ დავინახავთ ამ წინასწარმეტყველებების შესრულებას და იეჰოვას უზენაესობის გამართლებას. რა განსაკუთრებული იქნება იეჰოვას ეს დღე!
მარადიული კურთხევები
19, 20. რატომ არის ზაქარიას 14:8, 9 თქვენთვის გამამხნევებელი?
19 ამ საოცარი მოვლენების შემდეგ სატანა და მისი დემონები უმოქმედობის უფსკრულში იქნებიან ჩაყრილნი (გამოცხადება 20:1—3, 7). შემდეგ კი, ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს, დედამიწა კურთხევებით აივსება. ზაქარიას 14:8, 9-ში ნათქვამია: „იმ დღეს იქნება, რომ იდინებს იერუსალიმიდან სიცოცხლის წყალი. ერთი ნახევარი აღმოსავლეთის ზღვისკენ წავა, მეორე ნახევარი — დასავლეთის ზღვისკენ. ზამთარ-ზაფხულ ასე იქნება. იქნება უფალი მეფედ მთელს ქვეყანაზე. იმ დღეს ერთი იქნება უფალი და მისი სახელიც ერთი იქნება“.
20 მესიანური სამეფო ტახტიდან მარადიულად იდინებს „სიცოცხლის წყალი“ ანუ „სიცოცხლის წყლის მდინარე“, რომლითაც აღწერილია იეჰოვას მიერ სიცოცხლის შესანარჩუნებლად გამოყენებული საშუალება (გამოცხადება 22:1, 2). იეჰოვას თაყვანისმცემელი უამრავი ხალხი, რომლებიც არმაგედონს გადაიტანენ, გათავისუფლდებიან ადამისგან მიღებული სასიკვდილო მსჯავრისგან. გარდაცვლილებიც მკვდრეთით აღდგებიან. ამგვარად, დედამიწაზე იეჰოვას მმართველობის ახალი ეპოქა დაიწყება. მთელ დედამიწაზე ყველა ადამიანი აღიარებს იეჰოვას უზენაეს მმართველობას და მხოლოდ იეჰოვას თაყვანისმცემლობა გამეფდება.
21. რა უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი?
21 თუ მხედველობაში მივიღებთ ანგიასა და ზაქარიას წინასწარმეტყველებებს და ყოველივეს, რაც დღესაც სრულდება, საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, განვაგრძოთ სულიერი ტაძრის მიწიერ ეზოში იეჰოვას მიერ დაკისრებული დავალების შესრულება. ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის გასრულყოფილებამდე კი ვეცადოთ, ყოველთვის პირველ ადგილზე დავაყენოთ სამეფოს ინტერესები. ზაქარიას 8:9 მოგვიწოდებს: „გაიმაგრეთ ხელები, ვინც ისმენდით იმ დღეებში იმ წინასწარმეტყველთა ნათქვამ სიტყვებს“.
შეგიძლიათ გაიხსენოთ?
• რომელი ისტორიული პარალელის გამო არის აქტუალური ანგიასა და ზაქარიას წიგნები დღეს?
• რას გვასწავლიან პრიორიტეტებთან დაკავშირებით ანგია და ზაქარია?
• რატომ გვაძლევს ანგიასა და ზაქარიას წინასწარმეტყველებების განხილვა იმის საფუძველს, რომ კარგი მომავლის იმედი გვქონდეს?
[სურათი 26 გვერდზე]
ანგია და ზაქარია იუდეველებს მოუწოდებდნენ, მთელი სულით ემოქმედათ და შედეგად კურთხევები მიეღოთ.
[სურათები 27 გვერდზე]
„თქვენს სახლებზე ზრუნავთ“?
[სურათი 28 გვერდზე]
იეჰოვამ თავის ერთგულებს კურთხევა აღუთქვა და დანაპირებს ასრულებს კიდეც.