იობი
2 «სიტყვა რომ შემოგბედოს ვინმემ, გეყოფა მოთმინება?
მე მაინც ვერაფერი გამაჩუმებს!
3 ბევრი გამოგისწორებია
და ძალაგამოცლილნი განგიმტკიცებია.
4 შენს სიტყვებს წაქცეული წამოუყენებია
და მუხლმოკვეთილი გაუმაგრებია.
5 შენ კი, როცა იგივე შეგემთხვა, ძალა გამოგეცალა,
და, როცა იგივე დაგემართა, შიშმა შეგიპყრო.
6 თუ ღვთისმოშიში ხარ, იმედი არ უნდა გქონდეს?!
თუ ღვთის ერთგული* ხარ,+ რატომ გადაიწურე იმედი?!
7 აბა, გაიხსენე, თუ დაღუპულა უდანაშაულო?!
თუ ამოწყვეტილან მართლები?!
8 რაც მე მინახავს, ბოროტების მხვნელნი ბოროტებას იმკიან,
უბედურების მთესველნი კი — უბედურებას.
9 ღვთის სულის შებერვით იღუპებიან
და მისი რისხვა ბოლოს უღებს მათ.
10 ლომი ღრიალებს, ლომის ხმა ისმის,
მაგრამ ლომებსაც ემტვრევათ კბილები.
11 კვდება ლომი ნანადირევის გარეშე
და ლომის ბოკვრები იფანტებიან.
12 სიტყვა მომეპარა
და ჩურჩული ჩამესმა ყურში;
13 მშფოთვარე ფიქრები მომეძალა ხილვაში ღამით,
როცა ყველას ღრმად სძინავს,
14 საშინელმა კანკალმა ამიტანა
და შიშის ჟრუანტელმა დამიარა.
15 სულმა გადამიარა სახეზე
და ტანზე თმა ამებურძგნა.
16 შემდეგ გაჩერდა,
მაგრამ ვერ გავარჩიე.
ჩემ თვალწინ იდგა;
დუმილი ჩამოვარდა, მერე კი ხმა მომესმა:
17 „შეიძლება მოკვდავი კაცი ღმერთზე მართალი იყოს
ან ადამიანი შემოქმედზე წმინდა?!“
18 არ ენდობა ის თავის მსახურებს
და თავის ანგელოზებს ბრალს სდებს,
19 მით უმეტეს — თიხის სახლებში მცხოვრებთ,
მტვრისგან+ რომ არიან გამოძერწილნი
და ჩრჩილივით მალე იხოცებიან.
20 დილით ცოცხლები არიან, საღამოს კი კვდებიან.
სამუდამოდ იღუპებიან და ვერავინ ამჩნევს მათ გაუჩინარებას.
21 განა თოკგამომძვრალი კარავივით არ ეცემიან?!
ისე კვდებიან, რომ სიბრძნეს ვერ იძენენ».