ლუკას სახარება
6 შაბათს იესომ ყანაზე გაიარა. მისი მოწაფეები თავთავებს გლეჯდნენ,+ ფშვნეტდნენ და ჭამდნენ.+ 2 ამის დანახვაზე ფარისევლებმა ჰკითხეს მათ: „რატომ აკეთებთ იმას, რისი კეთებაც შაბათს ნებადართული არ არის?“+ 3 იესომ მიუგო: „არასოდეს წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა მას და მის მხლებლებს მოშივდათ?!+ 4 როგორ შევიდა ღვთის კარავში, როგორ აიღო და შეჭამა წარსადგენი პური, რომლის ჭამის უფლებაც მღვდლების გარდა არავის ჰქონდა, და თავის მხლებლებსაც მისცა?!“+ 5 შემდეგ დასძინა: „კაცის ძე შაბათის უფალია!“+
6 სხვა შაბათ დღეს+ ის სინაგოგაში შევიდა და ხალხს ასწავლიდა. იქ იყო ერთი კაცი, რომელსაც მარჯვენა ხელი გამხმარი ჰქონდა.+ 7 მწიგნობრები და ფარისევლები უთვალთვალებდნენ იესოს, რადგან აინტერესებდათ, განკურნავდა თუ არა მას შაბათს; უნდოდათ, როგორმე ბრალი დაედოთ მისთვის. 8 მან იცოდა მათი აზრები,+ მაგრამ ხელგამხმარ კაცს მაინც უთხრა: „მოდი, შუაში დადექი“. ისიც მივიდა და შუაში დადგა. 9 იესომ ჰკითხა მათ: „ნებადართულია შაბათს კარგის ან ცუდის კეთება, სიცოცხლის* ხსნა ან მოსპობა?“+ 10 თვალი მოავლო მათ და ხელგამხმარ კაცს უთხრა: „გაიწოდე ხელი!“ მანაც გაიწოდა ხელი და განიკურნა. 11 ისინი გაცხარდნენ და ერთმანეთში დაიწყეს მსჯელობა, რა ექნათ იესოსთვის.
12 იმ ხანებში ის მთაზე ავიდა, რომ ელოცა,+ და მთელი ღამე ღვთისადმი ლოცვაში გაატარა.+ 13 როცა გათენდა, მოუხმო თავის მოწაფეებს და მათგან თორმეტი ამოირჩია, რომლებსაც მოციქულები უწოდა:+ 14 სიმონი, რომელსაც პეტრე შეარქვა, და მისი ძმა ანდრია, იაკობი და იოანე, ფილიპე+ და ბართლომე, 15 მათე, თომა,+ ალფეს ვაჟი იაკობი, სიმონი, რომელსაც „მოშურნეს“ ეძახიან, 16 იუდა, იაკობის ვაჟი, და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.
17 იესო მთიდან მათთან ერთად ჩამოვიდა და ვაკეზე გაჩერდა. იქ შეკრებილიყო უამრავი მოწაფე და დიდძალი ხალხი, რომელიც მის მოსასმენად და სნეულებათაგან განსაკურნავად მთელი იუდეიდან, იერუსალიმიდან, ტვიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან ჩამოსულიყო. 18 უწმინდური სულებით გატანჯულნიც კი იკურნებოდნენ. 19 ყველას უნდოდა, რომ შეხებოდა იესოს, რადგან ძალა გამოდიოდა მისგან+ და ყველა იკურნებოდა.
20 მან თავის მოწაფეებს თვალი მოავლო და დაიწყო ქადაგება:
„ბედნიერნი ხართ, ღარიბნო, რადგან თქვენია ღვთის სამეფო.+
21 ბედნიერნი ხართ, ვისაც ახლა გშიათ, რადგან გაძღებით.+
ბედნიერნი ხართ, ვინც ახლა ტირით, რადგან იცინებთ.+
22 ბედნიერნი ხართ, თუ ხალხს სძულხართ,+ გრიყავენ,+ გლანძღავენ და ბოროტებად გთვლიან კაცის ძის გამო. 23 იხარეთ იმ დღეს და იხტუნეთ, რადგან დიდი საზღაური გელით ზეცაში, ვინაიდან მათი წინაპრები წინასწარმეტყველთაც ასე ექცეოდნენ.+
24 მაგრამ ვაი თქვენ, მდიდარნო,+ რადგან დღესვე ნუგეშცემულნი ხართ.+
25 ვაი თქვენ, ვინც ახლა მაძღარნი ხართ, რადგან მოგშივდებათ.
ვაი თქვენ, ვინც ახლა იცინით, რადგან იგლოვებთ და იტირებთ.+
26 ვაი თქვენ, თუ ყველა კარგს ლაპარაკობს თქვენზე,+ რადგან მათი წინაპრები ცრუწინასწარმეტყველებზეც ასე ლაპარაკობდნენ.
27 თქვენ კი, ვინც მისმენთ, გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, კარგად მოექეცით თქვენს მოძულეებს,+ 28 დალოცეთ თქვენი მაწყევარნი და ილოცეთ მათთვის, ვინც შეურაცხგყოფთ.+ 29 ვინც ერთ ლოყაში გაგარტყამს, მეორეც მიუშვირე, და ვინც მოსასხამს წაგართმევს, ტანსაცმელიც მიეცი.+ 30 თუ ვინმე რამეს გთხოვს, მიეცი,+ და, თუ ვინმე რამეს წაგართმევს, ნუ მოსთხოვ, რომ დაგიბრუნოს.
31 როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ.+
32 თუ მხოლოდ ისინი გიყვართ, ვისაც თქვენ უყვარხართ, რა საზღაურს ელით? ცოდვილებსაც ხომ უყვართ თავიანთი მოყვარულები.+ 33 თუ მხოლოდ მათ ექცევით კარგად, ვინც თქვენ გექცევათ კარგად, რა საზღაურს ელით? ცოდვილებიც ხომ ასე იქცევიან. 34 თუ მათ ასესხებთ ფულს*, ვისგანაც იმედოვნებთ, რომ დაიბრუნებთ, რა საზღაურს ელით?+ ცოდვილებიც ხომ ასესხებენ ფულს ცოდვილებს იმ იმედით, რომ უკან დაიბრუნებენ. 35 გიყვარდეთ თქვენი მტრები, სიკეთე აკეთეთ და უკან დაბრუნების იმედად ნუ გაასესხებთ;+ თუ ასე მოიქცევით, დიდ ჯილდოს მიიღებთ და უზენაესის შვილები იქნებით, რომელიც უმადურთა და ბოროტთა მიმართაც კეთილია.+ 36 გულმოწყალენი იყავით, როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე.+
37 ნუღარ განსჯით, რომ არც თქვენ განისაჯოთ;+ ნუღარ დასდებთ მსჯავრს, რომ არც თქვენ დაგედოთ მსჯავრი. აპატიეთ და გეპატიებათ.+ 38 გაეცით და მოგეცემათ;+ უბეში ჩაგიყრიან სრულ საწყაოს, ჩატკეპნილს, გატენილსა და პირამდე სავსეს. რა საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ“.
39 აი, კიდევ რა მაგალითი მოუყვანა: «გაუძღვება ბრმა ბრმას?! განა ორივენი ორმოში არ ჩავარდებიან?!+ 40 მოწაფე თავის მასწავლებელზე მეტი არ არის, მაგრამ ვინც სრულყოფილად განისწავლება, თავისი მასწავლებელივით იქნება. 41 მაშ, რატომ უყურებ ბალახის ღერს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი მორსაც ვერ ამჩნევ?+ 42 ან როგორ ეუბნები შენს ძმას, მოდი თვალიდან ბალახის ღერს ამოგიღებო, როცა შენს თვალში მორს ვერ ამჩნევ?! თვალთმაქცო! ჯერ შენ ამოიღე თვალიდან მორი და მერე უკეთ დაინახავ, როგორ ამოუღო შენს ძმას თვალიდან ბალახის ღერი.
43 კარგი ხე ცუდ ნაყოფს არ იძლევა და არც ცუდი ხე იძლევა კარგ ნაყოფს.+ 44 ხე ნაყოფით იცნობა.+ ეკლიანი ბუჩქიდან არც ლეღვს კრეფენ და არც ყურძენს. 45 კარგ კაცს თავისი გულის კარგი საგანძურიდან კარგი გამოაქვს, ცუდ კაცს კი თავისი ცუდი საგანძურიდან ცუდი გამოაქვს, რადგან პირი გულში მოჭარბებულს ლაპარაკობს.+
46 უფალო, უფალოო, რომ მომმართავთ, რატომ არ აკეთებთ იმას, რასაც გეუბნებით?+ 47 ის, ვინც ჩემთან მოდის, ჩემს სიტყვებს ისმენს და ასრულებს,+ 48 ჰგავს სახლის ამშენებელს, რომელმაც მიწა ამოთხარა, ამოაღრმავა და საძირკველი კლდოვან ადგილზე ჩაყარა. წყალდიდობის დროს მიაწყდა მდინარე სახლს, მაგრამ ძვრა ვერ უყო, რადგან კარგად იყო აშენებული.+ 49 ის კი, ვინც ისმენს, მაგრამ არ ასრულებს,+ ჰგავს კაცს, რომელმაც მიწაზე უსაძირკვლოდ აიშენა სახლი, და მდინარე რომ მიაწყდა, სახლი მაშინვე დაინგრა და მიწასთან გასწორდა».