პირველი წერილი კორინთელების მიმართ
8 ახლა, რაც შეეხება კერპთშენაწირს:+ ვიცით, რომ ყველას გვაქვს ცოდნა ამის შესახებ;+ ცოდნა აყოყოჩებს, სიყვარული კი აშენებს.+ 2 თუ ვინმე ფიქრობს, რომ რამე იცის, მან ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იცის. 3 ვისაც ღმერთი უყვარს, მას ღმერთი იცნობს.
4 რაც შეეხება კერპთშენაწირის ჭამას, ვიცით, რომ კერპი არაფერს წარმოადგენს,+ რადგან არ არსებობს ღმერთი, გარდა ერთისა.+ 5 მიუხედავად იმისა, რომ არიან ეგრეთ წოდებული ღმერთები ცაში თუ დედამიწაზე,+ რადგან არსებობს მრავალი „ღმერთი“ და მრავალი „უფალი“, 6 ჩვენ გვყავს ერთი ღმერთი,+ მამა,+ რომლისგანაცაა ყოველივე და ჩვენც მისთვის ვარსებობთ,+ და გვყავს ერთი უფალი, იესო ქრისტე, რომლის მეშვეობითაც არის ყოველივე+ და ჩვენც მისი მეშვეობით ვარსებობთ.
7 მაგრამ ყველას როდი აქვს ამგვარი ცოდნა.+ ზოგი, ვინც უწინ კერპთაყვანისმცემელი იყო, კერპთშენაწირს ვერ ჭამს+ ისე, როგორც ჩვეულებრივ საჭმელს, ამიტომ სუსტი სინდისი ებღალება.+ 8 საჭმელი ვერ დაგვაახლოებს ღმერთთან.+ თუ არ ვჭამთ, არაფერი გვაკლდება, და, თუ ვჭამთ, არაფერი გვემატება.+ 9 მაგრამ გაფრთხილდით, რომ ეს თქვენი უფლება დაბრკოლებად არ ექცეს სუსტებს.+ 10 თუკი სუსტი დაგინახავს შენ, ვისაც ცოდნა გაქვს, რომ საკერპო ტაძარში ჭამ, განა არ წავა საკუთარი სინდისის წინააღმდეგ და არ შეჭამს კერპთშენაწირს?! 11 ასე რომ, შენი ცოდნით იღუპება სუსტი, შენი ძმა, რომლის გულისთვისაც ქრისტე მოკვდა.+ 12 როცა ამგვარად სცოდავთ თქვენს ძმებს და ბღალავთ მათ სუსტ სინდისს,+ ქრისტეს სცოდავთ. 13 ამიტომ, თუ საჭმელი აბრკოლებს ჩემს ძმას, საერთოდ არ შევჭამ ხორცს, რომ არ დავაბრკოლო ჩემი ძმა.+