იერემია
43 მას შემდეგ, რაც იერემიამ ხალხს მათი ღვთის, იეჰოვას, ყოველი სიტყვა გადასცა, ის ყველაფერი, რაც მათმა ღმერთმა იეჰოვამ მათთან დააბარა, 2 ჰოშაიას ძე აზარიამ, კარეახის ძე იოხანანმა+ და ყველა კადნიერმა კაცმა იერემიას უთხრეს: „სიცრუეს ლაპარაკობ; იეჰოვას, ჩვენს ღმერთს, იმის სათქმელად არ გამოუგზავნიხარ, რომ ეგვიპტეში არ წავიდეთ და იქ არ ვიცხოვროთ. 3 შენ ჩვენ წინააღმდეგ ბარუქმა,+ ნერიას ძემ, წაგაქეზა, უნდა რომ ქალდეველებმა ჩაგვიგდონ ხელში, დაგვხოცონ ან ბაბილონში წაგვასხან ტყვედ“.+
4 იოხანანი, კარეახის ძე, ჯარის მეთაურები და ხალხი არ დაემორჩილნენ იეჰოვას და არ დარჩნენ იუდას მიწაზე. 5 კარეახის ძე იოხანანმა და ჯარის ყველა მეთაურმა წაიყვანეს იუდაში დარჩენილები, ერთ დროს სხვადასხვა ერში დაფანტულნი და შემდეგ იუდას მიწაზე დაბრუნებულნი.+ 6 წაიყვანეს კაცები, ქალები, ბავშვები, მეფის ასულები და ყველა, ვინც მცველთა უფროსმა, ნებუზარადანმა,+ დატოვა გედალიასთან,+ შაფანის+ ძის, ახიკამის,+ ძესთან, აგრეთვე იერემია წინასწარმეტყველი და ბარუქი, ნერიას ძე. 7 არ დაემორჩილნენ იეჰოვას და ეგვიპტისკენ გაემართნენ; თახფანხესში+ ჩავიდნენ.
8 ეუწყა იეჰოვას სიტყვა იერემიას თახფანხესში: 9 «აიღე დიდი ქვები, თახფანხესში ფარაონის სასახლის შესასვლელთან აგურით ნაშენ ტერასაში დამალე და დუღაბით დაფარე იუდეველთა თვალწინ. 10 შემდეგ უთხარი მათ, აი, რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „მოვუხმობ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს, ჩემს მსახურს,+ და ტახტს სწორედ იმ ქვებზე დავუდგამ, მე რომ დავმალე; ის მათზე გაშლის თავის სამეფო კარავს.+ 11 მოვა ის და თავს დაესხმება ეგვიპტის მიწას.+ სასიკვდილო ჭირი შეეყრება მას, ვინც სასიკვდილო ჭირისთვისაა განწირული, ტყვეობაში ჩავარდება ის, ვინც ტყვეობისთვისაა განწირული და მახვილით მოკვდება ის, ვინც მახვილისთვისაა განწირული.+ 12 ცეცხლს მივცემ ეგვიპტის ღმერთების ტაძრებს.+ იგი დაწვავს მათ და ტყვედ წაასხამს ღმერთებს; ეგვიპტის მიწას ისე შემოიცვამს, როგორც მწყემსი თავის სამოსს, და მშვიდობით დაბრუნდება. 13 დალეწავს ბეთ-შემეშის* სვეტებს ეგვიპტის მიწაზე და გადაწვავს ეგვიპტის ღმერთების ტაძრებს“».