ᲘᲝᲐᲜᲔᲡ ᲡᲐᲮᲐᲠᲔᲑᲐ
1 დასაწყისში იყო სიტყვა,+ სიტყვა იყო ღმერთთან+ და სიტყვა იყო ღმერთი*.+ 2 ის დასაწყისში ღმერთთან იყო. 3 ყველაფერი მისი მონაწილეობით შეიქმნა;+ მის გარეშე არაფერი შექმნილა.
4 და ის, რაც მისი მეშვეობით შეიქმნა, იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ადამიანთა სინათლე.+ 5 სინათლე სიბნელეში ანათებს,+ მაგრამ სიბნელემ ვერ შთანთქა ის.
6 მოვიდა ღვთისგან გამოგზავნილი კაცი, სახელად იოანე.+ 7 ის მოვიდა როგორც მოწმე, რათა დაემოწმებინა სინათლის შესახებ+ და მისი მოწმობით ყველანაირ ადამიანს ერწმუნა. 8 ის არ ყოფილა სინათლე,+ თუმცა სინათლის შესახებ უნდა დაემოწმებინა.
9 ჭეშმარიტი სინათლე, რომელიც ყველანაირ ადამიანს უნათებს, მალე ქვეყნიერებას მოევლინებოდა.+ 10 ის ქვეყნიერებაში იყო,+ ქვეყნიერება მისი მონაწილეობით შეიქმნა,+ მაგრამ ქვეყნიერებამ ვერ შეიცნო ის. 11 იგი თავისიანებთან მივიდა, მაგრამ თავისიანებმა არ მიიღეს. 12 ვინც მიიღო, ყველას ღვთის შვილებად გახდომის უფლება მისცა,+ რადგან ირწმუნეს იგი*.+ 13 ისინი სისხლისგან, ხორციელი სურვილისგან ან მამაკაცის სურვილისგან კი არ იშვნენ, არამედ ღვთისგან.+
14 ასე გახდა სიტყვა ხორცი+ და ჩვენ შორის დამკვიდრდა. ჩვენ ვიხილეთ დიდება, რომელიც მხოლოდშობილ ძეს+ მამისგან ჰქონდა. ის სავსე იყო წყალობითა და ჭეშმარიტებით 15 (იოანემ ღაღადით დაამოწმა მასზე: „სწორედ მასზე ვამბობდი, ჩემ შემდეგ მომავალი ჩემზე წინ წავა, რადგან ჩემამდე არსებობდა-მეთქი“).+ 16 მას უხვად ჰქონდა წყალობა და ჩვენც უხვად გვიწყალობა. 17 კანონი მოსეს მეშვეობით მოგვეცა,+ წყალობა+ და ჭეშმარიტება კი იესო ქრისტეს მეშვეობით გამჟღავნდა.+ 18 ღმერთი არავის არასოდეს უხილავს.+ მამასთან* მყოფმა+ მხოლოდშობილმა ღმერთმა+ მოგვითხრო მასზე.+
19 აი, რა უპასუხა იოანემ, როცა იუდეველებმა მღვდლები და ლევიანები გაუგზავნეს იერუსალიმიდან, რომ ეკითხათ, ვინ ხარო.+ 20 მან პასუხად დაუფარავად განუცხადა: „მე არა ვარ ქრისტე!“ 21 შემდეგ ჰკითხეს: „მაშ, ვინ ხარ, ელია?“+ მან მიუგო: „არა!“ „ის წინასწარმეტყველი ხარ,+ ვინც უნდა მოსულიყო?“ მან უპასუხა: „არა!“ 22 მაშინ ჰკითხეს მას: „გვითხარი, ვინ ხარ, რომ პასუხი გავცეთ ჩვენს გამომგზავნელებს. რას იტყვი შენზე?“ 23 მან თქვა: «მე ვარ უდაბნოში მღაღადებლის ხმა: „მოასწორეთ იეჰოვას* სავალი“,+ როგორც ესაია წინასწარმეტყველმა თქვა».+ 24 ისინი ფარისევლების გაგზავნილნი იყვნენ. 25 მათ ჰკითხეს: „მაშ, რატომ ნათლავ, თუ არც ქრისტე ხარ, არც ელია და არც ის წინასწარმეტყველი?“ 26 იოანემ უპასუხა: „მე წყლით ვნათლავ, თქვენ შორის კი არის ის, ვისაც არ იცნობთ, 27 ჩემ შემდეგ მომავალი, რომლის სანდლის თასმის შეხსნის ღირსიც არა ვარ“.+ 28 ეს ბეთანიაში მოხდა, იორდანის გაღმა, სადაც იოანე ნათლავდა.+
29 მეორე დღეს მან თავისკენ მიმავალი იესო დაინახა და თქვა: „აი ღვთის კრავი,+ ქვეყნიერების+ ცოდვის აღმომფხვრელი!+ 30 მასზე ვამბობდი, ჩემ შემდეგ მოდის კაცი, რომელიც ჩემზე წინ წავიდა, რადგან ჩემამდე არსებობდა-მეთქი.+ 31 თავადაც არ ვიცნობდი მას, მაგრამ ხალხის წყლით მოსანათლავად იმიტომ მოვედი, რომ ის ისრაელს გამოცხადებოდა“.+ 32 იოანემ ესეც თქვა: «დავინახე სული, რომელიც მტრედის სახით დაეშვა ციდან და დაივანა მასზე.+ 33 არც მე ვიცნობდი მას, მაგრამ ვინც ხალხის წყლით მოსანათლავად გამომგზავნა, მითხრა: „ვისზეც დაინახავ, რომ ღვთის სული დაეშვება და დაივანებს,+ ის მონათლავს წმინდა სულით“.+ 34 მე დავინახე და დავამოწმე იმის შესახებ, რომ ეს კაცი ღვთის ძეა».+
35 მომდევნო დღეს იოანე თავის ორ მოწაფესთან ერთად იყო; 36 იესოს რომ მოჰკრა თვალი, თქვა: „აი ღვთის კრავი!“+ 37 როცა მისი ნათქვამი მოისმინეს, ორივე მოწაფე იესოს გაჰყვა. 38 იესო მოტრიალდა და, როცა დაინახა, რომ ისინი უკან მიჰყვებოდნენ, ჰკითხა: „რას ეძებთ?“ მათ კი ჰკითხეს: „რაბი (რაც „მოძღვრად“ ითარგმნება), სად ათევ ღამეს?“ 39 მან მიუგო: „წამოდით და ნახავთ“. ისინიც გაჰყვნენ და ნახეს, სად რჩებოდა ღამით. იმ დღეს მასთან დარჩნენ; მეათე საათი* იქნებოდა. 40 იმ ორიდან ერთ-ერთი, რომლებმაც იოანეს ნათქვამი მოისმინეს და იესოს გაჰყვნენ, სიმონ-პეტრეს ძმა ანდრია+ იყო. 41 ანდრიამ მოძებნა თავისი ძმა სიმონი და უთხრა: „მესია+ ვიპოვეთ!“ (იგივე ქრისტე). 42 შემდეგ მიიყვანა იგი იესოსთან. იესომ შეხედა მას და უთხრა: „შენ სიმონი+ ხარ, იოანეს ვაჟი. ამიერიდან კეფა გერქმევა!“ (იგივე პეტრე).+
43 მეორე დღეს იესომ გალილეაში წასვლა დააპირა. მან ფილიპე+ მოძებნა და უთხრა: „გამომყევი!“ 44 ფილიპე ბეთსაიდიდან იყო, ანდრიასა და პეტრეს ქალაქიდან. 45 ფილიპემ ნათანაელი+ მოძებნა და უთხრა: „ჩვენ ვნახეთ ის, ვისზეც მოსე წერდა კანონში და ვისზეც წინასწარმეტყველები წერდნენ — იესო, იოსების+ ვაჟი, ნაზარეთიდან“. 46 ნათანაელმა უთხრა: „ნაზარეთიდან კარგს რას უნდა ელოდო?!“ ფილიპემ უთხრა: „წამოდი და ნახე“. 47 იესომ დაინახა თავისკენ მიმავალი ნათანაელი და თქვა: „აი უთვალთმაქცო+ კაცი, ისრაელის ღირსეული შთამომავალი!“ 48 ნათანაელმა ჰკითხა მას: „საიდან მიცნობ?“ იესომ უპასუხა: „მაშინ დაგინახე ლეღვის ქვეშ, სანამ ფილიპე დაგიძახებდა“. 49 ნათანაელმა უთხრა: „რაბი, შენ ღვთის ძე ხარ, ისრაელის მეფე!“+ 50 ამაზე იესომ მიუგო: „იმიტომ ხომ არ მირწმუნე, რომ გითხარი, ლეღვის ქვეშ დაგინახე-მეთქი?! ამაზე მეტსაც იხილავ!“ 51 შემდეგ იესომ უთხრა: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: იხილავთ გახსნილ ცას და კაცის ძესთან ჩამომავალ და ამავალ ღვთის ანგელოზებს“.+
2 მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეის კანაში. იესოს დედაც იქ იყო. 2 ქორწილში იესო და მისი მოწაფეებიც იყვნენ დაპატიჟებულნი.
3 ღვინო რომ შემოაკლდათ, იესოს დედამისმა უთხრა: „ღვინო აღარ აქვთ“. 4 იესომ მიუგო: „მერე ჩვენ რა შუაში ვართ?!* ჩემი დრო ჯერ არ დამდგარა“. 5 დედამისმა სუფრის მომსახურეებს უთხრა: „ყველაფერი ისე გააკეთეთ, როგორც ის გეტყვით!“ 6 იუდეველთა განწმენდის წესისამებრ,+ იქ ექვსი ქვის ჭურჭელი იდგა, თითოში ორი-სამი საწყაო* ჩადიოდა. 7 იესომ მათ უთხრა: „წყლით აავსეთ ჭურჭელი“. მათაც აავსეს პირამდე. 8 შემდეგ უთხრა: „ახლა კი ამოიღეთ და სუფრის გამრიგეს მიართვით“. მათაც მიართვეს. 9 როცა სუფრის გამრიგემ, რომელმაც მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა, გემო გაუსინჯა ღვინოდ ქცეულ წყალს (წყლის ღვინოდ ქცევის ამბავი მხოლოდ სუფრის მომსახურეებმა იცოდნენ), ნეფეს დაუძახა 10 და უთხრა: „ჯერ კარგი ღვინო გამოაქვთ, ხოლო, როცა ხალხი შეთვრება — მდარე, შენ კი აქამდე ინახავდი კარგ ღვინოს“. 11 იესომ ეს გალილეის კანაში მოიმოქმედა. ასე დაიწყო მან სასწაულების მოხდენა, რითაც გააცხადა თავისი დიდება;+ ირწმუნეს იგი მისმა მოწაფეებმა.
12 ამის შემდეგ ის, დედამისი, მისი ძმები+ და მოწაფეები კაპერნაუმში+ ჩავიდნენ, მაგრამ იქ დიდხანს არ დარჩენილან.
13 მოახლოებული იყო იუდეველთა პასექი+ და იესო იერუსალიმში წავიდა. 14 ტაძარში ნახა საქონლის, ცხვრებისა და მტრედების+ გამყიდველები, იქვე ისხდნენ ფულის გადამხურდავებლებიც. 15 თოკებისგან შოლტი გააკეთა და ტაძრიდან გამორეკა ყველა თავიანთ ცხვართან და საქონელთან ერთად, ხოლო ფულის გადამცვლელებს ფული დაუბნია და მაგიდები აუყირავა.+ 16 მტრედების გამყიდველებს უთხრა: „მოაშორეთ ესენი აქედან! გეყოთ მამაჩემის სახლის სავაჭრო სახლად ქცევა!“+ 17 მაშინ გაახსენდათ მის მოწაფეებს დაწერილი: „შენი სახლისადმი მოშურნეობით ავენთე*“.+
18 ამაზე იუდეველებმა უთხრეს: „რა ნიშანს გვიჩვენებ იმის დასამტკიცებლად,+ რომ გაქვს ამის გაკეთების უფლება?“ 19 იესომ მიუგო: „დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ!“+ 20 იუდეველებმა კი უთხრეს: „ეს ტაძარი 46 წელიწადი შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას?!“ 21 თუმცა ტაძარში იესო თავის სხეულს გულისხმობდა.+ 22 როცა მკვდრეთით აღდგა, მის მოწაფეებს გაახსენდათ, ამას რომ ამბობდა ხოლმე.+ მათ ირწმუნეს წმინდა წერილიცა და იესოს ნათქვამიც.
23 იერუსალიმში, პასექის დღესასწაულზე ბევრმა იხილა იესოს მიერ მოხდენილი სასწაულები და ირწმუნა იგი*, 24 მაგრამ იესო სიფრთხილეს იჩენდა, რადგან იცნობდა მათ; 25 მას არ სჭირდებოდა, რომ მისთვის ვინმეს აეხსნა ადამიანის ბუნება, რადგან ისედაც იცნობდა მას.+
3 იყო ერთი ფარისეველი კაცი, სახელად ნიკოდემე,+ იუდეველთა ერთ-ერთი მმართველი. 2 ღამით იგი იესოსთან მივიდა+ და უთხრა: „რაბი,+ ვიცით, რომ ღვთისგან გამოგზავნილი მოძღვარი ხარ, რადგან ვერავინ, თუ მასთან ღმერთი არ არის,+ ვერ მოახდენს იმ სასწაულებს,+ შენ რომ ახდენ“. 3 იესომ მიუგო: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნები: თუ კაცი ხელახლა არ დაიბადება*,+ ვერ იხილავს ღვთის სამეფოს“.+ 4 ნიკოდემემ ჰკითხა მას: „მოხუცი კაცი ხელახლა როგორ დაიბადება? ისევ ხომ არ შევა დედის მუცელში და ხელმეორედ ხომ არ გაჩნდება?!“ 5 იესომ მიუგო: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნები: თუ კაცი წყლისა+ და სულისგან+ არ დაიბადება, ვერ დაიმკვიდრებს ღვთის სამეფოს. 6 ხორცისგან შობილი ხორცია, სულისგან შობილი — სული. 7 ნუ გიკვირს, რომ გითხარი ხელახლა უნდა დაიბადოთ-მეთქი. 8 ქარი იქით უბერავს, საითაც მოისურვებს. მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოქრის ან საით მიქრის. ასევეა ყველა, ვინც სულისგან არის შობილი“.+
9 ნიკოდემემ ჰკითხა მას: „როგორ მოხდება ეს?“ 10 იესომ უპასუხა: „მოძღვარი ხარ ისრაელში და ეს არ იცი?! 11 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნები: რაც ვიცით, იმას ვლაპარაკობთ, და რაც გვინახავს, იმის შესახებ ვამოწმებთ, მაგრამ თქვენ არ იღებთ ჩვენ მიერ დამოწმებულს. 12 მიწიერზე გელაპარაკეთ და არ იწამეთ, და ზეციურზე რომ გელაპარაკოთ, როგორღა ირწმუნებთ?! 13 ზეცაში არავინ ასულა+ ზეციდან ჩამოსული+ კაცის ძის გარდა. 14 როგორც მოსემ აღმართა გველი უდაბნოში,+ ასევე უნდა აღიმართოს კაცის ძე,+ 15 რათა ყველას, ვისაც ის სწამს, მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს.+
16 ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა,+ რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს.+ 17 ღმერთმა ქვეყნიერების გასასამართლებლად კი არ გამოგზავნა თავისი ძე, არამედ იმიტომ, რომ მისი მეშვეობით ეხსნა ქვეყნიერება.+ 18 ვისაც ის სწამს, არ გასამართლდება;+ ვისაც არ სწამს, უკვე გასამართლებულია, რადგან არ ირწმუნა ღვთის მხოლოდშობილი ძე*.+ 19 აი გასამართლების საფუძველი: ქვეყნიერებას სინათლე მოევლინა,+ მაგრამ ხალხმა სინათლის მაგივრად სიბნელე შეიყვარა, რადგან ბოროტებას სჩადიოდნენ ისინი. 20 ბოროტების ჩამდენს სძულს სინათლე და არ მიდის სინათლისკენ, რათა არ ამხილონ თავისი საქმეების გამო, 21 მაგრამ ვინც იმას აკეთებს, რაც სწორია, სინათლისკენ მიდის,+ რათა ცხადი გახდეს მისი საქმეები, რომლებიც ღვთის ნების შესაბამისად აქვს გაკეთებული“.
22 ამის შემდეგ იესო თავის მოწაფეებთან ერთად იუდეის სოფლებისკენ გაემართა; რაღაც ხანს იქ მათთან ერთად დარჩა და ხალხს ნათლავდა.+ 23 იოანეც ნათლავდა ენონში, სალიმის მახლობლად, რადგან ის ადგილი წყალუხვი იყო+ და ხალხიც მიდიოდა მასთან მოსანათლავად.+ 24 მაშინ იოანე ჯერ კიდევ არ იყო დაპატიმრებული.+
25 იოანეს მოწაფეებს განწმენდის წესების თაობაზე ერთ იუდეველთან დავა მოუვიდათ. 26 ისინი მივიდნენ იოანესთან და უთხრეს: „რაბი, ის, ვინც იორდანის გაღმა შენთან იყო და ვის შესახებაც ამოწმებდი,+ ხალხს ნათლავს და ყველა მასთან მიდის“. 27 იოანემ მიუგო: „კაცი ვერაფერს მიიღებს, თუ ზეციდან არ აქვს მიცემული. 28 თქვენ თვითონ დამემოწმებით, რომ ვთქვი, ქრისტე კი არ ვარ,+ მის წინ ვარ გამოგზავნილი-მეთქი.+ 29 ვისაც პატარძალი ჰყავს, ის ნეფეა,+ ხოლო ნეფის მეგობარი, რომელიც მის გვერდითაა და ისმენს ნეფის ხმას, დიდად ხარობს. მეც ამიტომ ვხარობ ასე. 30 ის უნდა იზრდებოდეს, მე კი ვმცირდებოდე“.
31 ზევიდან მომავალი+ ყველაზე აღმატებულია; ვინც მიწიდანაა, მიწიერია და მიწიერზე ლაპარაკობს, ზეციდან მომავალი კი ყველას აღემატება.+ 32 რაც მას უხილავს და მოუსმენია,+ იმის შესახებ ამოწმებს, მაგრამ მის მიერ დამოწმებულს არავინ იღებს.+ 33 ვინც ირწმუნა მის მიერ დამოწმებული, ბეჭედი დაასვა იმას, რომ ღმერთი ჭეშმარიტია.+ 34 ვინც ღმერთმა გამოგზავნა, ღვთის სიტყვებს ლაპარაკობს,+ რადგან ღმერთი გულუხვად იძლევა სულს. 35 მამას უყვარს ძე+ და ყველაფერი მას გადასცა.+ 36 ვისაც ძე სწამს, მარადიული სიცოცხლე აქვს,+ ხოლო ვინც ძეს არ ემორჩილება, ვერ მიიღებს სიცოცხლეს+ და ღვთის რისხვას ვერ დააღწევს თავს.+
4 როცა შეიტყო უფალმა, რომ ფარისევლებს გაეგოთ, იესო უფრო მეტ მოწაფეს იძენს და ნათლავს,+ ვიდრე იოანეო, 2 თუმცა, სინამდვილეში, მისი მოწაფეები ნათლავდნენ და არა თავად იესო, 3 დატოვა იუდეა და ისევ გალილეაში წავიდა. 4 მას გზად სამარია უნდა გაევლო. 5 მივიდა სამარიის ქალაქ სიქარში, იმ მინდვრის მახლობლად, რომელიც იაკობმა თავის ვაჟს, იოსებს,+ მისცა. 6 იქ იყო იაკობის ჭა,+ სადაც გზით დაქანცული იესო ჩამოჯდა. მეექვსე საათი* იქნებოდა.
7 ერთი სამარიელი ქალი წყლის ამოსაღებად მივიდა. სთხოვა მას იესომ, წყალი დამალევინეო 8 (ამ დროს მისი მოწაფეები ქალაქში იყვნენ წასული საჭმლის საყიდლად). 9 სამარიელმა ქალმა მას უთხრა: „როგორ მთხოვ შენ, იუდეველი, სამარიელ ქალს, წყალი დამალევინეო?!“ (იუდეველებს არანაირი ურთიერთობა არა აქვთ სამარიელებთან).+ 10 იესომ მიუგო: „რომ იცოდე, რა არის ღვთის ძღვენი+ და ვინ გეუბნება, წყალი დამალევინეო, თავად სთხოვდი მას და ისიც სიცოცხლის წყალს მოგცემდა“.+ 11 ქალმა უთხრა: „ბატონო, წყლის ამოსაღები ჭურჭელიც კი არ გაქვს, ჭა კი ღრმაა. საიდან მომცემ სიცოცხლის წყალს?! 12 რით ხარ ჩვენს წინაპარ იაკობზე მეტი, რომელმაც ეს ჭა მოგვცა და აქედან სვამდა თვითონაც, მისი ვაჟებიც და საქონელიც?!“ 13 იესომ მიუგო: „ვინც ამ წყალს დალევს, კვლავ მოსწყურდება, 14 მაგრამ ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარასოდეს მოსწყურდება,+ რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მარადიული სიცოცხლის მოჩუხჩუხე წყაროდ გადაიქცევა მასში“.+ 15 ქალმა სთხოვა: „ბატონო, მომეცი ეგ წყალი, რომ აღარც მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ“.
16 იესომ უთხრა: „წადი, შენს ქმარს დაუძახე და მოდი!“ 17 ქალმა მიუგო: „არ მყავს ქმარი“. იესომ მას უთხრა: „მართალი თქვი, ქმარი არა მყავსო, 18 რადგან ხუთი ქმარი გყავდა, ის კი, ვინც ახლა გყავს, არაა შენი ქმარი. ეგ მართალი თქვი“. 19 ქალმა მიუგო: „ბატონო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ.+ 20 ჩვენი წინაპრები ამ მთაზე სცემდნენ ღმერთს თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, ხალხი იერუსალიმში უნდა სცემდესო ღმერთს თაყვანს“.+ 21 იესომ უთხრა მას: „მერწმუნე, მოდის დრო, როცა აღარც ამ მთაზე სცემთ მამას თაყვანს და აღარც იერუსალიმში. 22 თქვენ არ იცით, რას სცემთ თაყვანს,+ ჩვენ კი ვიცით, რას ვცემთ თაყვანს, რადგან ხსნა იუდეველთაგანაა.+ 23 მაგრამ მოდის დრო და უკვე მოვიდა კიდეც, როცა ჭეშმარიტმა თაყვანისმცემლებმა მამას სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცენ თაყვანი, რადგან მამა სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის.+ 24 ღმერთი სულია+ და მისი თაყვანისმცემლები მას სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს“.+ 25 ქალმა უთხრა: „ვიცი, რომ მოდის მესია, ქრისტედ წოდებული და, როცა მოვა, ყველაფერს გაგვიცხადებს“. 26 იესომ უთხრა მას: „მე ვარ ის, ვინც გელაპარაკება“.+
27 ამ დროს მოვიდნენ მისი მოწაფეები და გაუკვირდათ, რომ იგი ქალს ელაპარაკებოდა. თუმცა არ უკითხავთ, რა გინდა ან რატომ ელაპარაკებიო. 28 ქალმა დატოვა თავისი ჭურჭელი, ქალაქში წავიდა და ხალხს უთხრა: 29 „წამოდით და ნახეთ კაცი, რომელმაც ყველაფერი მითხრა, რაც კი გამიკეთებია! ის ხომ არ არის ქრისტე?!“ 30 ისინიც წამოვიდნენ ქალაქიდან და მივიდნენ მასთან.
31 მოწაფეები სთხოვდნენ მას: „რაბი,+ ჭამე რამე!“ 32 მან კი უთხრა მათ: „მე მაქვს საჭმელი, რომლის შესახებაც თქვენ არ იცით“. 33 მოწაფეებმა ერთმანეთს ჰკითხეს: „ვინმემ ხომ არ მოუტანა საჭმელი?“ 34 იესომ მიუგო მათ: «ჩემი საჭმელი ის არის, რომ შევასრულო ჩემი გამომგზავნელის ნება+ და დავასრულო მისი საქმე.+ 35 თქვენ არ ამბობთ, მკამდე ოთხი თვე დარჩაო?! მე კი გეუბნებით: გახედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან მოსამკელად!+ 36 მომკელი უკვე იღებს გასამრჯელოს და აგროვებს ნაყოფს მარადიული სიცოცხლისთვის, რათა მთესველმა და მომკელმა ერთად გაიხარონ;+ 37 სწორად უთქვამთ: „ერთი თესავს და მეორე იმკისო“. 38 თქვენ იმის მოსამკელად გაგგზავნეთ, რაც არ დაგითესავთ. სხვებმა იშრომეს, თქვენ კი ჩაეზიარეთ ნაშრომში».
39 იმ ქალაქში მცხოვრებმა ბევრმა სამარიელმა ირწმუნა იგი იმ ქალის გამო, რომელიც ამბობდა, ყველაფერი მითხრა, რაც კი გამიკეთებიაო.+ 40 ამიტომ, როცა სამარიელები მასთან მივიდნენ, სთხოვეს, მათთან დარჩენილიყო. ისიც ორი დღე დარჩა იქ. 41 მისი მოსმენის შემდეგ კიდევ ბევრმა ირწმუნა. 42 მათ იმ ქალს უთხრეს: „ახლა მხოლოდ შენი ნათქვამის გამო კი არ გვწამს, არამედ ჩვენც მოვუსმინეთ და ვიცით, რომ ეს კაცი ნამდვილად ქვეყნიერების მხსნელია!“+
43 ორი დღის შემდეგ იესო იქიდან გალილეაში წავიდა. 44 მას თავად ჰქონდა ნათქვამი, წინასწარმეტყველს თავის მშობლიურ მხარეში პატივს არ სცემენო,+ 45 მაგრამ, როცა გალილეაში მივიდა, გალილეელებმა მიიღეს იგი, რადგან ნანახი ჰქონდათ ყველაფერი, რაც მან იერუსალიმში დღესასწაულზე გააკეთა,+ ვინაიდან თავადაც იქ იყვნენ.+
46 შემდეგ ის კვლავ ჩავიდა გალილეის კანაში, სადაც თავის დროზე წყალი ღვინოდ აქცია.+ იქ იყო მეფის ერთი მოხელე, რომელსაც ვაჟი ავად ჰყავდა კაპერნაუმში. 47 როდესაც ამ კაცმა გაიგო, იესო იუდეიდან გალილეაში მოსულაო, მივიდა მასთან და შეევედრა, რომ წაჰყოლოდა და განეკურნა მისი ვაჟი, რომელიც სიკვდილის პირას იყო. 48 იესომ მას უთხრა: „ვიდრე ნიშნებსა და სასწაულებს არ იხილავთ, არ ირწმუნებთ“.+ 49 მეფის მოხელემ სთხოვა: „უფალო, წამოდი, სანამ მომკვდარა ჩემი შვილი!“ 50 იესომ მიუგო: „წადი, იცოცხლებს შენი შვილი!“+ კაციც ერწმუნა იესოს ნათქვამს და წავიდა. 51 როცა ჯერ კიდევ გზაში იყო, თავისი მონები შეეგებნენ და ახარეს, გამოკეთდაო შენი შვილი. 52 მან ჰკითხა, რომელ საათზე მომჯობინდაო. მათაც უპასუხეს, გუშინ მეშვიდე* საათისთვის გაუარაო ციებ-ცხელებამ. 53 მამა მიხვდა, რომ ეს სწორედ ის საათი იყო, როცა იესომ უთხრა, შენი შვილი იცოცხლებსო,+ და ირწმუნა მანაც და მისმა სახლეულობამაც. 54 ეს მეორე სასწაული იყო,+ რომელიც იესომ იუდეიდან გალილეაში ჩასვლის შემდეგ მოახდინა.
5 ამის შემდეგ იესო იერუსალიმში ჩავიდა იუდეველთა დღესასწაულზე.+ 2 იერუსალიმში ცხვრის კარიბჭესთან,+ ხუთ სვეტებიან დერეფანს შორის მოქცეულია აუზი, რომელსაც ებრაულად „ბეთზათა“ ეწოდება. 3 იქ ბევრი ავადმყოფი, უსინათლო, კოჭლი და ხელფეხგამხმარი იწვა. 4 * —— 5 მათ შორის იყო ერთი კაცი, რომელიც 38 წელი ავადმყოფობდა. 6 იესომ დაინახა იგი მწოლიარე და, რადგან იცოდა მისი ხანგრძლივი ავადმყოფობის ამბავი, ჰკითხა: „გინდა, განიკურნო?“+ 7 ავადმყოფმა მიუგო: „ბატონო, არავინ მყავს, რომ, როცა წყალი იძვრის, აუზში ჩამიშვას. სანამ მივალ, სხვა მასწრებს ჩასვლას“. 8 იესომ მას უთხრა: „ადექი, აიღე შენი საწოლი და იარე!“+ 9 ამის თქმა იყო და კაცი განიკურნა; აიღო თავისი საწოლი და გაიარა.
ეს შაბათს მოხდა. 10 ამიტომ იუდეველებმა უთხრეს განკურნებულს: „დღეს შაბათია და არ გაქვს შენი საწოლის ტარების უფლება!“+ 11 მან კი უპასუხა: „ვინც განმკურნა, მითხრა, აიღე შენი საწოლი და იარეო“. 12 მათ ჰკითხეს: „ვინ იყო ის, ვინც გითხრა, აიღე საწოლი და იარეო?“ 13 განკურნებულმა კი არ იცოდა, ვინ იყო იგი, რადგან იესო იქაურობას გაეცალა და ხალხს შეერია.
14 ამის შემდეგ იესომ ტაძარში ნახა ის კაცი და უთხრა: „ახლა, როცა განიკურნე, ნუღარ შესცოდავ, რომ უარესი არ დაგემართოს!“ 15 წავიდა ის კაცი და იუდეველებს შეატყობინა, რომ იესო იყო ის, ვინც განკურნა. 16 იუდეველებმა დევნა დაუწყეს იესოს იმის გამო, რომ შაბათს ხალხს კურნავდა. 17 ის მათ პასუხად ეუბნებოდა: „მამაჩემი აქამდე შრომობს და მეც ვშრომობ“.+ 18 ამის გამო იუდეველები მეტი მონდომებით ცდილობდნენ იესოს მოკვლას, რადგან ის არა მარტო შაბათს არღვევდა, არამედ ღმერთს საკუთარ მამას უწოდებდა,+ რითაც თავს ღმერთს უტოლებდა.+
19 იესო მათ ეუბნებოდა: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ძე თავისით არაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რასაც ხედავს, რომ მამა აკეთებს,+ რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმავეს აკეთებს. 20 მამას უყვარს ძე+ და რასაც აკეთებს, ყველაფერს მას აჩვენებს. მომავალში ამაზე დიდ საქმეებსაც აჩვენებს თქვენ გასაოცებლად.+ 21 როგორც მამა აღადგენს და აცოცხლებს მკვდრებს,+ ასევე ძეც, ვისაც უნდა, იმას აცოცხლებს.+ 22 მამა არავის ასამართლებს, მან გასამართლება ძეს მიანდო,+ 23 რათა ყველამ პატივი სცეს ძეს, როგორც მამას სცემენ პატივს. ვინც ძეს პატივს არ სცემს, არც მამას სცემს პატივს, რომელმაც ის გამოგზავნა.+ 24 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ის, ვინც ჩემს სიტყვას ისმენს და სწამს ჩემი გამომგზავნელი, მარადიულ სიცოცხლეს მიიღებს+ და არ გასამართლდება, არამედ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავა.+
25 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: მოდის დრო და უკვე მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღვთის ძის ხმას და ვინც ყურად იღებს, იცოცხლებს. 26 მამას აქვს სიცოცხლის ბოძების ძალა+ და მან ძესაც მისცა ამის ძალა.+ 27 მას მისცა გასამართლების უფლებამოსილება,+ რადგან კაცის ძეა იგი.+ 28 ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოვა დრო, როცა ყველა, ვინც სამარხშია*, მის ხმას მოისმენს+ 29 და აღდგება: კარგის მოქმედი — სიცოცხლის მისაღებად*, ცუდის მოქმედი კი — გასასამართლებლად*.+ 30 ჩემით არაფრის გაკეთება არ შემიძლია, რასაც ვისმენ, იმით ვასამართლებ; ჩემი გამოტანილი განაჩენი სამართლიანია,+ ვინაიდან საკუთარი ნების შესრულება კი არ მსურს, არამედ ჩემი გამომგზავნელისა.+
31 თუ ჩემ შესახებ მხოლოდ მე ვმოწმობ, ჩემი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი.+ 32 ჩემზე სხვა მოწმობს და ვიცი, რომ რასაც ის ჩემზე მოწმობს, ჭეშმარიტია.+ 33 თქვენ კაცები გაგზავნეთ იოანესთან და მან დაამოწმა ჭეშმარიტების შესახებ.+ 34 მე არ მჭირდება, რომ კაცმა დაამოწმოს ჩემზე, მაგრამ ამას თქვენი გადარჩენისთვის ვამბობ. 35 ის კაცი იყო ლამპარი, რომელიც იწვოდა და ანათებდა, თქვენ კი არ ისურვეთ, რომ დიდხანს გეხარათ მისი სინათლით;+ 36 მაგრამ მე იმაზე დიდი მოწმობაც მაქვს, ვიდრე ის, რაც იოანემ დაამოწმა ჩემზე, რადგან სწორედ ის საქმეები, რომელთა შესრულებაც მამამ დამავალა და რომლებსაც ვაკეთებ, მოწმობს ჩემზე, რომ მამამ გამომგზავნა.+ 37 ჩემზე თავად მამამ დაამოწმა, რომელმაც გამომგზავნა.+ თქვენ არც მისი ხმა მოგისმენიათ და არც ის გინახავთ.+ 38 მისი სიტყვა ფეხს ვერ იკიდებს თქვენში, რადგან არ გწამთ მის მიერ გამოგზავნილი ძე.
39 წმინდა წერილებს იკვლევთ,+ რადგან ფიქრობთ, რომ მათი მეშვეობით მიიღებთ მარადიულ სიცოცხლეს; სწორედ ისინი მოწმობენ ჩემზე,+ 40 თქვენ კი არ გინდათ ჩემთან მოსვლა,+ რომ იცოცხლოთ. 41 მე არ მინდა დიდება ადამიანთაგან, 42 და ისიც კარგად ვიცი, რომ არ გიყვართ ღმერთი. 43 მე მამაჩემის სახელით მოვედი, მაგრამ არ მიღებთ. ვინმე თავისი სურვილით რომ მოსულიყო, მიიღებდით. 44 როგორ ირწმუნებთ, როცა ღვთისგან განდიდებას კი არ ესწრაფვით, არამედ ერთმანეთს განადიდებთ?!+ 45 ნუ იფიქრებთ, რომ მე დაგდებთ მამასთან ბრალს. თქვენი ბრალმდებელი მოსეა,+ რომლის იმედიც გაქვთ. 46 მოსე რომ გწამდეთ, მეც მიწამებდით, რადგან მან დაწერა ჩემზე.+ 47 და, თუ მისი დაწერილი არ გწამთ, ჩემს ნათქვამს როგორღა ირწმუნებთ?!“
6 ამის შემდეგ იესო გალილეის ანუ ტიბერიადის+ ზღვის გაღმა გავიდა. 2 მას უამრავი ხალხი მიჰყვებოდა,+ რადგან ხედავდნენ მის მიერ სასწაულებრივად განკურნებულ ავადმყოფებს.+ 3 იესო მთაზე ავიდა და თავის მოწაფეებთან ერთად იქ დაჯდა. 4 ახლოვდებოდა პასექი,+ იუდეველთა დღესასწაული. 5 როცა იესომ გაიხედა და დაინახა, რომ უამრავი ხალხი მიდიოდა მასთან, ფილიპეს ჰკითხა: „სად ვიყიდოთ პური, ხალხს რომ ვაჭამოთ?“+ 6 ამას გამოსაცდელად ეუბნებოდა, თავად კი იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა. 7 ფილიპემ უპასუხა: „200 დინარის პურიც კი არ ეყოფათ, თითოეულს ცოტა მაინც რომ შეხვდეს“. 8 ერთმა მოწაფემ, სიმონ-პეტრეს ძმამ, ანდრიამ, მას უთხრა: 9 „აქ ერთი პატარა ბიჭია, რომელსაც ხუთი ქერის პური და ორი პატარა თევზი აქვს, მაგრამ ამდენ ხალხს ეს რას ეყოფა?!“+
10 იესომ თქვა: „დასხით ხალხი!“ იმ ადგილზე ბალახი ხშირი იყო და დასხდა ხალხი, დაახლოებით 5 000 კაცი.+ 11 იესომ აიღო პურები, ღმერთს მადლობა შესწირა და იქ მსხდომთ დაურიგა; თევზიც ჩამოურიგა და ყველამ იმდენი ჭამა, რამდენიც უნდოდა. 12 კარგად რომ დანაყრდნენ, მან თავის მოწაფეებს უთხრა: „შეაგროვეთ დარჩენილი ნატეხები, რომ არაფერი გადაიყაროს!“ 13 მათაც მოაგროვეს და 12 კალათი აავსეს იმ ხუთი ქერის პურის ნატეხებით, რაც ჭამის შემდეგ მორჩათ.
14 იესოს სასწაულების თვითმხილველები ამბობდნენ: „ეს ნამდვილად ის წინასწარმეტყველია, ქვეყნიერებაში რომ უნდა მოსულიყო“.+ 15 იესო კი, რადგან იცოდა, რომ ისინი მისვლას, მის შეპყრობასა და გამეფებას აპირებდნენ, კვლავ განმარტოვდა+ მთაზე.+
16 როცა მოსაღამოვდა, მისი მოწაფეები ზღვისკენ დაეშვნენ,+ 17 ნავში ჩასხდნენ და ზღვის გაღმა, კაპერნაუმისკენ, გაცურეს. ჩამობნელდა, თუმცა იესო ჯერაც არ იყო მათთან.+ 18 ძლიერი ქარი ქროდა და ზღვაც ღელავდა.+ 19 სადღაც 5-6 კილომეტრი* რომ გაცურეს, დაინახეს მათკენ წყალდაწყალ მიმავალი იესო, რომელიც ნავს უახლოვდებოდა, და შეშინდნენ. 20 იესომ მათ უთხრა: „მე ვარ, ნუ გეშინიათ!“+ 21 მოწაფეებს უნდოდათ, ნავში ჩაესვათ იგი; ნავით მალევე მიადგნენ ნაპირს, რომლისკენაც მიცურავდნენ.+
22 მეორე დღეს ზღვის გამოღმა დარჩენილმა ხალხმა დაინახა, რომ იქ მხოლოდ ერთი პატარა ნავი იყო, და რომ მხოლოდ მოწაფეებმა გაცურეს და იესო მათთან ერთად არ ჩამჯდარა ნავში. 23 იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც ხალხმა პური ჭამა მას შემდეგ, რაც უფალმა ღმერთს მადლობა შესწირა, ტიბერიადიდან მომავალი ნავები გამოჩნდნენ. 24 როცა ხალხმა დაინახა, რომ იქ არც იესო იყო და არც მისი მოწაფეები, ჩასხდნენ ნავებში და კაპერნაუმისკენ გაცურეს იესოს საძებნელად.
25 ზღვის გაღმა იპოვეს ის და შეეკითხნენ: „რაბი,+ აქ როდის მოხვედი?“ 26 იესომ მიუგო: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: იმიტომ კი არ მეძებთ, რომ სასწაულები იხილეთ, არამედ იმიტომ, რომ ძღომამდე ჭამეთ პური.+ 27 ისეთი საზრდოსთვის კი ნუ იშრომებთ, რომელიც ფუჭდება, არამედ ისეთისთვის იშრომეთ, რომელიც მარადიულ სიცოცხლეს მოგიტანთ+ და რომელსაც კაცის ძე მოგცემთ, რადგან მოწონების ნიშნად ბეჭედი მას თავად მამამ, ღმერთმა, დაასვა“.+
28 მაშინ მას ჰკითხეს: „რა უნდა ვქნათ, ღმერთს რომ ვაამოთ?“ 29 იესომ მიუგო: „ღვთისთვის მოსაწონი საქმე ის იქნება, თუ ირწმუნებთ მას, ვინც მან გამოგზავნა“.+ 30 მათ უთხრეს: «რა სასწაულს გვიჩვენებ,+ რომ გირწმუნოთ? რას გააკეთებ? 31 ჩვენი მამა-პაპა მანანას ჭამდა უდაბნოში,+ როგორც დაწერილია: „ზეციდან მისცა მათ პური საჭმელად“».+ 32 იესომ მიუგო: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: მოსემ კი არ მოგცათ პური ზეციდან, არამედ მამაჩემი გაძლევთ ჭეშმარიტ პურს ზეციდან; 33 ღვთის პური ის არის, ვინც ზეციდან ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს ქვეყნიერებას“. 34 მაშინ მას უთხრეს: „უფალო, ყოველთვის მოგვეცი ეს პური“.
35 იესომ უთხრა მათ: „მე ვარ სიცოცხლის პური. მას, ვინც ჩემთან მოდის, არასოდეს მოშივდება, და ვისაც მე ვწამვარ, არასოდეს მოსწყურდება.+ 36 ხომ გითხარით, მიხილავთ, მაგრამ არ მიწამებთ-მეთქი.+ 37 ყველა, ვისაც მამა მაძლევს, ჩემთან მოვა, ჩემთან მოსულს+ კი არასოდეს გავაძევებ, 38 რადგან ზეციდან ჩემი ნების შესასრულებლად კი არ ჩამოვსულვარ,+ არამედ ჩემი გამომგზავნელისა.+ 39 ჩემი გამომგზავნელის ნება ის არის, რომ მისი მოცემულიდან არავინ დავკარგო, არამედ ყველა აღვადგინო+ უკანასკნელ დღეს. 40 მამაჩემის ნება ის არის, რომ ყველას, ვინც ძეს მიიღებს და ირწმუნებს, მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს,+ და მე აღვადგენ+ მას უკანასკნელ დღეს“.
41 იუდეველებმა რომ გაიგეს იესოს ნათქვამი, ზეციდან ჩამოსული პური ვარო,+ დრტვინვა დაიწყეს; 42 ამბობდნენ: „ეს იესო არ არის, იოსების ვაჟი, რომლის დედ-მამასაც ვიცნობთ?!+ როგორღა ამბობს, ზეციდან ჩამოვედიო?!“ 43 იესომ პასუხად უთხრა: «გეყოთ დრტვინვა! 44 ჩემთან ვერავინ მოვა, თუ მამამ, ჩემმა გამომგზავნელმა, არ მიიზიდა,+ და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.+ 45 წინასწარმეტყველთა წიგნებში წერია: „ყველა იეჰოვას* მიერ განისწავლება“.+ ყველა, ვინც მოუსმინა მამას და ისწავლა, ჩემთან მოდის. 46 თუმცა იმას არ ვამბობ, რომ ვინმეს უხილავს მამა;+ მამა მხოლოდ მან იხილა, ვინც ღვთისგანაა.+ 47 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვისაც სწამს, მარადიულ სიცოცხლეს მიიღებს.+
48 მე ვარ სიცოცხლის პური.+ 49 თქვენი მამა-პაპა მანანას ჭამდა უდაბნოში, მაგრამ მაინც დაიხოცნენ,+ 50 ხოლო ვინც ზეციდან ჩამოსულ პურს შეჭამს, არ მოკვდება. 51 მე ზეციდან ჩამოსული სიცოცხლის პური ვარ. ვინც ამ პურს ჭამს, მარადიულად იცოცხლებს. ეს პური ჩემი ხორცია, რომელსაც ქვეყნიერების სიცოცხლისთვის გავიღებ».+
52 მაშინ იუდეველებმა კამათი დაიწყეს ერთმანეთში: „როგორ მოგვცემს ეს კაცი თავის ხორცს საჭმელად?“ 53 იესომ უთხრა მათ: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: თუ კაცის ძის ხორცს არ შეჭამთ და მის სისხლს არ შესვამთ, სიცოცხლეს ვერ მიიღებთ.+ 54 ვინც ჩემს ხორცს ჭამს და ჩემს სისხლს სვამს, მარადიული სიცოცხლე ექნება, და მე აღვადგენ+ მას უკანასკნელ დღეს, 55 რადგან ჩემი ხორცი ჭეშმარიტი საჭმელია და ჩემი სისხლი — ჭეშმარიტი სასმელი. 56 ვინც ჩემს ხორცს ჭამს და ჩემს სისხლს სვამს, ერთობაში რჩება ჩემთან, მე კი — მასთან.+ 57 როგორც მე გამომგზავნა ცოცხალმა მამამ და მისით ვცოცხლობ, ასევე იცოცხლებს ჩემით ის, ვინც ჩემით საზრდოობს.+ 58 ეს ზეციდან ჩამოსული პურია, ოღონდ არა ისეთი, თქვენმა მამა-პაპამ რომ ჭამა და მაინც დაიხოცა. ვინც ამ პურს ჭამს, მარადიულად იცოცხლებს“.+ 59 მან ყოველივე ეს მაშინ თქვა, როცა კაპერნაუმის სინაგოგაში* ასწავლიდა.
60 ამის გაგონებაზე ბევრმა მისმა მოწაფემ თქვა: „ამას რას ამბობს! განა შეიძლება ამის მოსმენა?!“ 61 იესომ იცოდა, რომ მისი მოწაფეები დრტვინავდნენ და ჰკითხა მათ: „ეს გაბრკოლებთ?! 62 მაშინ რაღას იზამთ, კაცის ძე იქ ამავალი რომ დაინახოთ, სადაც აქამდე იყო?!+ 63 სული აცოცხლებს,+ ხორცი კი უსარგებლოა. ჩემი ნათქვამი სიტყვები სული და სიცოცხლეა.+ 64 მაგრამ თქვენ შორის ისეთებიც არიან, რომელთაც არ სწამთ“. იესომ თავიდანვე იცოდა, ვის არ სწამდა ის და ვინ გასცემდა მას.+ 65 შემდეგ მან თქვა: „ამიტომ გითხარით, არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ მამამ არ მისცა ამის უფლება-მეთქი“.+
66 ამის გამო ბევრი მისი მოწაფე ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა+ და აღარ დაჰყვებოდა მას. 67 მაშინ იესომ უთხრა თავის თორმეტ მოციქულს: „თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?“ 68 სიმონ-პეტრემ უპასუხა: „უფალო, ვისთან წავიდეთ?!+ შენ გაქვს მარადიული სიცოცხლის სიტყვები!+ 69 ჩვენ ვირწმუნეთ და ვიცით, რომ შენ ხარ ღვთის წმინდა!“+ 70 იესომ უპასუხა მათ: „თორმეტი არ აგირჩიეთ?+ ერთი თქვენგანი ცილისმწამებელია!“+ 71 ამას იუდაზე, სიმონ ისკარიოტელის ვაჟზე, ამბობდა, რადგან იესოს გაცემას აპირებდა, თუმცა ის თორმეტ მოციქულს შორის იყო.+
7 იესო კვლავ გალილეაში ქადაგებდა; მას არ უნდოდა იუდეაში წასვლა, რადგან იუდეველები მოკვლას უპირებდნენ.+ 2 ახლოვდებოდა იუდეველთა კარვობის დღესასწაული*.+ 3 ამიტომ მას ძმებმა+ უთხრეს: „წადი იუდეაში, რათა შენმა მოწაფეებმა იქაც იხილონ შენი საქმეები; 4 როცა ვინმეს უნდა, ხალხმა გაიცნოს, უჩუმრად არაფერს აკეთებს, და, რაკი ამ ყოველივეს აკეთებ, ეჩვენე ხალხს!“ 5 სინამდვილეში, მის ძმებს არ სწამდათ მისი.+ 6 ამიტომ იესომ უთხრა მათ: „ჩემი დრო ჯერ არ დამდგარა,+ თქვენი დრო კი ყოველთვის არის. 7 ქვეყნიერებას თქვენი სიძულვილის მიზეზი არა აქვს, მე კი ვძულვარ, რადგან მის ბოროტ საქმეებს ვააშკარავებ.+ 8 თქვენ წადით დღესასწაულზე; მე ჯერ არ წავალ, რადგან ჩემი დრო ჯერ არ დამდგარა“.+ 9 მათ ეს უთხრა, თვითონ კი გალილეაში დარჩა.
10 როდესაც მისი ძმები დღესასწაულზე წავიდნენ, თვითონაც წავიდა, ოღონდ სხვებისგან მალულად. 11 იუდეველები ეძებდნენ მას დღესასწაულზე და კითხულობდნენ, სად არისო. 12 ხალხში მითქმა-მოთქმა ატყდა: ერთნი ამბობდნენ, კარგი კაციაო, მეორენი კი — არ არის კარგი, ხალხი შეცდომაში შეჰყავსო.+ 13 თუმცა სახალხოდ ვერაფერს ამბობდნენ, რადგან იუდეველებისა ეშინოდათ.+
14 შუა დღესასწაულზე იესო ტაძარში ავიდა და ასწავლიდა. 15 გაკვირვებული იუდეველები კი კითხულობდნენ, საიდან იცის ასე წმინდა წერილები,+ როცა არსად უსწავლიაო*.+ 16 იესომ მათ მიუგო: „რასაც ვასწავლი, ჩემგან კი არა, ჩემი გამომგზავნელისგანაა.+ 17 ვისაც მისი ნების შესრულება უნდა, გაიგებს, ღვთისას ვასწავლი+ თუ ჩემსას. 18 ვინც თავისას ლაპარაკობს, დიდების მოხვეჭა სურს, ხოლო ვისაც თავისი გამომგზავნელის განდიდება სურს,+ მართალია და უმართლობისგან განმდგარი. 19 განა არ მოგცათ მოსემ კანონი?!+ მაგრამ არცერთი თქვენგანი არ ემორჩილება კანონს. რატომ მიპირებთ მოკვლას?“+ 20 ხალხმა უპასუხა: „დემონი გყავს! ვინ გიპირებს მოკვლას?!“ 21 იესომ მიუგო: „ერთი რამ გავაკეთე და ყველას გიკვირთ. 22 ამიტომ დაფიქრდით: მოსემაც ხომ დაგიწესათ წინადაცვეთა+ — თუმცა ეს მოსესგან კი არა, მამა-პაპისგან არის+ — და შაბათობით წინადაცვეთთ ხოლმე კაცს. 23 თუ კაცს წინადაცვეთთ შაბათს, რათა მოსეს კანონი არ დაირღვეს, მე რატომ მირისხდებით იმის გამო, რომ შაბათს კაცი სრულად განვკურნე?!+ 24 ნუღარ განსჯით იმის მიხედვით, რასაც თვალი ხედავს, სამართლიანად განსაჯეთ!“+
25 მაშინ ზოგიერთმა იერუსალიმელმა თქვა: „ეს ის კაცი არ არის, მოკვლას რომ უპირებენ?!+ 26 მაგრამ ნახეთ, სახალხოდ ლაპარაკობს და ვერაფერს ეუბნებიან! ხომ არ დარწმუნდნენ მმართველები, რომ ნამდვილად ქრისტეა?! 27 ჩვენ ვიცით, საიდან არის ეს კაცი,+ მაგრამ ქრისტე რომ მოვა, არავის ეცოდინება, საიდან იქნება იგი“. 28 მაშინ იესომ, რომელიც ტაძარში იყო და ასწავლიდა, ხმამაღლა თქვა: „მეც მიცნობთ და ისიც იცით, საიდან ვარ. ჩემით არ მოვსულვარ,+ ჩემი გამომგზავნელი ნამდვილად არსებობს, მაგრამ თქვენ არ იცნობთ მას.+ 29 მე ვიცნობ მას,+ რადგან მისგან ვარ და მან გამომგზავნა“. 30 ისინი მის შეპყრობას ცდილობდნენ,+ მაგრამ ხელი ვერავინ დააკარა, რადგან მისი დრო ჯერ არ დამდგარიყო.+ 31 თუმცა ხალხიდან ბევრმა ირწმუნა იგი,+ და ამბობდნენ, როცა ქრისტე მოვა, განა ამაზე მეტ სასწაულს მოახდენსო?!
32 ფარისევლებმა გაიგეს, რომ ხალხში ასეთი მითქმა-მოთქმა ამტყდარიყო; მათ და უფროსმა მღვდლებმა მცველები გაგზავნეს მის შესაპყრობად. 33 იესომ თქვა: „კიდევ ცოტა ხანს ვიქნები თქვენთან, შემდეგ კი ჩემს გამომგზავნელთან წავალ.+ 34 მომძებნით, მაგრამ ვერ მიპოვით, და სადაც მე ვიქნები, იქ თქვენ ვერ მოხვალთ“.+ 35 იუდეველები ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „სად მიდის ისეთ ადგილზე, ჩვენ რომ ვერ ვიპოვით? ბერძნებს შორის გაფანტულ იუდეველებთან ხომ არ მიდის, ბერძნებს რომ ასწავლოს? 36 რას ნიშნავს მისი ნათქვამი, მომძებნით, მაგრამ ვერ მიპოვით, და სადაც მე ვიქნები, იქ თქვენ ვერ მოხვალთო?“
37 დღესასწაულის+ ბოლო, დიდ დღეს იესო ადგა და ხმამაღლა თქვა: «თუ ვინმეს სწყურია, მოვიდეს ჩემთან და დალიოს.+ 38 ვისაც მე ვწამვარ, როგორც წმინდა წერილშია ნათქვამი, „მისგან სიცოცხლის წყლის ნაკადულები იდინებს“».+ 39 მან იგულისხმა სული, რომელიც მის მორწმუნეებს უნდა მიეღოთ; მათ ჯერ არ ჰქონდათ სული მიღებული,+ ვინაიდან იესო ჯერ არ განდიდებულიყო.+ 40 ზოგმა ამ სიტყვების მოსმენაზე თქვა, ეს ნამდვილად ის წინასწარმეტყველიაო,+ 41 სხვები კი ამბობდნენ, ქრისტეაო,+ ზოგიც ამბობდა: „განა გალილეიდან უნდა მოსულიყო ქრისტე?!+ 42 განა წმინდა წერილში არაა ნათქვამი, რომ ქრისტე დავითის შთამომავალი+ იქნებოდა და ბეთლემიდან,+ დავითის სოფლიდან, მოვიდოდა?!“+ 43 მის გამო ხალხში აზრი გაიყო. 44 ზოგიერთს მისი შეპყრობა უნდოდა, მაგრამ ხელი ვერავინ დააკარა.
45 დაბრუნდნენ მცველები უფროს მღვდლებთან და ფარისევლებთან. მათ ჰკითხეს: „რატომ არ მოიყვანეთ?“ 46 მცველებმა უპასუხეს: „მის მსგავსად ჯერ არავის ულაპარაკია!“+ 47 ფარისევლებმა მიუგეს: „თქვენც ხომ არ შეგაცდინათ?! 48 განა ირწმუნა ის რომელიმე მმართველმა ან ფარისეველმა?!+ 49 დაწყევლილია ეს კანონის უცოდინარი ხალხი!“ 50 ერთმა მათგანმა, ნიკოდემემ, რომელიც მანამდე ნამყოფი იყო იესოსთან, უთხრა მათ: 51 „განა ასამართლებენ კაცს ჩვენი კანონით, თუ ჯერ არ მოუსმინეს მას და არ გაიგეს, რას აკეთებს იგი?!“+ 52 მათ კი მიუგეს: „შენც გალილეიდან ხომ არ ხარ?! გამოიკვლიე და ნახავ, რომ გალილეიდან არცერთი წინასწარმეტყველი არ უნდა მოსულიყო“.*
8 12 იესომ კვლავ მიმართა: „მე ქვეყნიერების სინათლე ვარ.+ ვინც გამომყვება, სიბნელეში კი აღარ ივლის, სიცოცხლის სინათლე ექნება“.+ 13 მაშინ ფარისევლებმა უთხრეს: „შენ საკუთარ თავზე მოწმობ, ამიტომ შენი მოწმობა არ არის სარწმუნო“. 14 იესომ მიუგო: „საკუთარ თავზეც რომ ვმოწმობდე, ჩემი მოწმობა უტყუარია, რადგან ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ.+ თქვენ კი ეს არ იცით. 15 თქვენ ადამიანური გადასახედიდან ასამართლებთ,+ მე კი არავის ვასამართლებ, 16 და რომც გავასამართლო, სამართლიანად გავასამართლებ, რადგან მარტო არ ვარ, ჩემთან არის მამა, რომელმაც გამომგზავნა.+ 17 თქვენს კანონშიც ხომ წერია, რომ ორი კაცის მოწმობა სარწმუნოა?!+ 18 ჩემს თავზე ვმოწმობ მე და ჩემზე მოწმობს მამაც, რომელმაც გამომგზავნა“.+ 19 მაშინ ჰკითხეს მას: „სად არის მამაშენი?“ იესომ უპასუხა: „თქვენ არც მე მიცნობთ და არც მამაჩემს;+ მე რომ მიცნობდეთ, ისიც გეცოდინებოდათ, ვინ არის მამაჩემი“.+ 20 ეს სიტყვები მან მაშინ წარმოთქვა, როცა ტაძრის საგანძურთან+ ასწავლიდა, თუმცა არავის შეუპყრია, რადგან მისი დრო ჯერ არ დამდგარიყო.+
21 შემდეგ კვლავ უთხრა მათ: „მე მივდივარ. ჩემს ძებნას მოჰყვებით, მაგრამ თქვენს ცოდვებში დაიხოცებით.+ სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ მოხვალთ“.+ 22 მაშინ იუდეველები ალაპარაკდნენ: „თავის მოკვლას ხომ არ აპირებს, რომ ამბობს, სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ მოხვალთო?“ 23 მან კი მათ უთხრა: „თქვენ დაბლიდან ხართ, მე — მაღლიდან;+ თქვენ ამ ქვეყნიერებიდან ხართ, მე კი არა ვარ ამ ქვეყნიერებიდან. 24 ამიტომ გითხარით, თქვენს ცოდვებში დაიხოცებით-მეთქი; თუ არ ირწმუნებთ, რომ მე ვარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, უსათუოდ თქვენს ცოდვებში დაიხოცებით“. 25 მაშინ ჰკითხეს: „ვინ ხარ შენ?“ იესომ მიუგო: „ნეტავ, რატომ გელაპარაკებით?! 26 თქვენ შესახებ ბევრი რამ მაქვს სათქმელი და ბევრი რამისთვის მყავხართ გასასამართლებელი. ჩემი გამომგზავნელი ჭეშმარიტია და რაც მისგან მომისმენია, ქვეყნიერებაშიც იმას ვლაპარაკობ“.+ 27 ისინი ვერ მიხვდნენ, რომ ამას მამაზე ამბობდა. 28 ამიტომ იესომ უთხრა: „როცა აღმართავთ კაცის ძეს,+ მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ ის+ და ჩემით არაფერს ვაკეთებ,+ არამედ რაც მამამ მასწავლა, იმას ვამბობ. 29 ჩემი გამომგზავნელი ჩემთან არის. მას არ მივუტოვებივარ, რადგან ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მას მოსწონს“.+ 30 ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ, ბევრმა ირწმუნა იგი.
31 მაშინ იმ იუდეველებს, რომლებსაც სწამდათ მისი, იესომ უთხრა: „თუ ჩემი სიტყვისამებრ იქცევით, ნამდვილად ჩემი მოწაფეები ხართ. 32 შეიცნობთ ჭეშმარიტებას+ და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“.+ 33 ზოგიერთებმა უთხრეს: „ჩვენ აბრაამის შთამომავლები ვართ და არასოდეს ვყოფილვართ მონები. როგორღა ამბობ, გათავისუფლდებითო?!“ 34 იესომ მიუგო: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ყველა, ვინც სცოდავს, ცოდვის მონაა.+ 35 მონა ოჯახში სამუდამოდ არ რჩება, სამუდამოდ რჩება ძე; 36 ამიტომ, თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით. 37 ვიცი, რომ აბრაამის შთამომავლები ხართ, მაგრამ მოკვლას მიპირებთ, რადგან ჩემს სიტყვებს არ იღებთ. 38 მე იმას ვლაპარაკობ, რაც მამაჩემთან მინახავს,+ თქვენ კი იმას აკეთებთ, რაც მამათქვენისგან მოგისმენიათ“. 39 მათ მიუგეს: „ჩვენი მამა აბრაამია!“ იესომ უთხრა: „აბრაამის შვილები+ რომ იყოთ, აბრაამივით მოიქცეოდით; 40 თუმცა ახლა მოკვლას მიპირებთ მე, რომელმაც ღვთისგან მოსმენილი ჭეშმარიტება გაგიცხადეთ.+ აბრაამი ასე არ მოიქცეოდა. 41 თქვენ მამათქვენივით იქცევით“. მათ უთხრეს: „ჩვენ უკანონო შვილები როდი ვართ; ჩვენ ერთი მამა გვყავს — ღმერთი!“
42 იესომ მათ უთხრა: „ღმერთი რომ მამათქვენი ყოფილიყო, გეყვარებოდით,+ რადგან მე ღვთისგან ვარ და ახლა აქა ვარ. არც ჩემით მოვსულვარ აქ, მან გამომგზავნა.+ 43 რატომ არ გესმით, რასაც ვლაპარაკობ? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ ჩემი სიტყვის მოსმენა. 44 თქვენ მამათქვენისგან, ეშმაკისგან ხართ და მამათქვენის ნების შესრულება გსურთ.+ ის თავიდანვე კაცისმკვლელი იყო+ და განუდგა ჭეშმარიტებას, რადგან არ უყვარს ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისივე ბუნებიდან გამომდინარე ამბობს, რადგან ცრუა და სიცრუის მამაა,+ 45 და, რაკი მე ჭეშმარიტებას გეუბნებით, არ გწამთ ჩემი. 46 რომელი თქვენგანი მამხელს ცოდვაში?! თუ ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ, რატომ არა გწამთ ჩემი?! 47 ვინც ღვთისგან არის, ისმენს ღვთის სიტყვებს.+ თქვენ იმიტომ არ ისმენთ, რომ ღვთისგან არ ხართ!“+
48 იუდეველებმა მიუგეს: „განა მართალს არ ვამბობთ, რომ სამარიელი+ ხარ და დემონი გყავს?!“+ 49 იესომ უპასუხა: „დემონი არ მყავს; მე მამაჩემს ვცემ პატივს, თქვენ კი შეურაცხმყოფთ. 50 მე არ მსურს დიდების მოხვეჭა,+ ღმერთია მოსამართლე და მას სურს ჩემი განდიდება. 51 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვინც ჩემს სიტყვას იცავს, არასოდეს მოკვდება“.+ 52 იუდეველებმა უთხრეს მას: „ახლა კი ვიცით, რომ დემონი გყავს. აბრაამიც მოკვდა და წინასწარმეტყველებიც დაიხოცნენ, შენ კი ამბობ, ვინც ჩემს სიტყვას იცავს, არასოდეს მოკვდებაო. 53 რით ხარ მამაჩვენ აბრაამზე მეტი, რომელიც მოკვდა?! წინასწარმეტყველებიც ხომ დაიხოცნენ. შენ ვინ გგონია თავი?!“ 54 იესომ მიუგო: „საკუთარ თავს რომ განვადიდებდე, ჩემი დიდება არაფერი იქნებოდა. მე მამა განმადიდებს,+ ვისზეც ამბობთ, ჩვენი ღმერთიაო; 55 არც კი იცნობთ მას,+ მე კი ვიცნობ.+ რომ ვთქვა, არ ვიცნობ-მეთქი, თქვენისთანა მატყუარა უნდა ვიყო, მაგრამ მე ვიცნობ მას და ვიცავ მის სიტყვას. 56 მამათქვენი აბრაამი მოუთმენლად ელოდა ჩემი მოსვლის დღეს, იხილა კიდეც ეს დღე და გაიხარა“.+ 57 მაშინ იუდეველებმა უთხრეს: „50 წლისაც არა ხარ და აბრაამი როგორღა ნახე?!“ 58 იესომ მიუგო: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: სანამ აბრაამი გაჩნდებოდა, მე უკვე ვარსებობდი“.+ 59 იუდეველებმა ქვები აიღეს, მისთვის რომ დაეშინათ, იესო კი მიიმალა და ტაძრიდან გავიდა.
9 ერთხელ გზად მიმავალმა იესომ დაინახა კაცი, რომელიც დაბადებიდან უსინათლო იყო. 2 მოწაფეებმა იესოს ჰკითხეს: „რაბი,+ ვინ შესცოდა, ამ კაცმა თუ მისმა მშობლებმა, უსინათლო რომ დაიბადა?“ 3 იესომ უპასუხა: „არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს. ეს იმიტომ მოხდა, რომ ღვთის საქმეები მისი მეშვეობით გაცხადებულიყო.+ 4 სანამ დღეა, ჩემი გამომგზავნელის საქმეები უნდა ვაკეთოთ,+ რადგან მოდის ღამე, როცა ვერავინ ვერაფერს გააკეთებს. 5 სანამ ქვეყნიერებაში ვარ, ქვეყნიერების სინათლე ვარ“.+ 6 ეს რომ თქვა, მიწაზე დააფურთხა, ნერწყვით ტალახი მოზილა, იმ კაცს თვალებზე წაუსვა+ 7 და უთხრა: „წადი, მოიბანე სილოამის აუზში!“ („სილოამი“ „წარგზავნილად“ ითარგმნება). ისიც წავიდა, მოიბანა და თვალახელილი დაბრუნდა.+
8 მეზობლები თუ სხვები, რომლებიც მას მათხოვრად იცნობდნენ, კითხულობდნენ, ეს ის კაცი არ არის, რომ იჯდა და მათხოვრობდაო. 9 ზოგი ამბობდა, ის არისო, ზოგიც — ის არ არის, მაგრამ ჰგავსო; თვითონ კი ამბობდა, მე ის ვარო. 10 მაშინ ჰკითხეს მას: „როგორ აგეხილა თვალი?“ 11 მან უპასუხა: „კაცმა, რომელსაც იესო ჰქვია, ტალახი მოზილა, თვალებზე წამისვა და მითხრა, წადი და სილოამში მოიბანეო.+ მეც წავედი, მოვიბანე და თვალიც ამეხილა“. 12 მერე ჰკითხეს: „სად არის ის კაცი?“ მან მიუგო: „არ ვიცი“.
13 მიუყვანეს ფარისევლებს უკვე თვალახელილი კაცი. 14 შაბათი+ იდგა, როცა იესომ ტალახი მოზილა და უსინათლოს თვალი აუხილა.+ 15 ახლა ფარისევლებმა დაუწყეს გამოკითხვა, როგორ აეხილა თვალი. მან უთხრა: „ტალახი წამისვა თვალებზე, შემდეგ მოვიბანე და თვალიც ამეხილა“. 16 მაშინ ზოგმა ფარისეველმა თქვა, ეგ კაცი ღვთისგან არ არის, შაბათს არ იცავსო.+ ზოგიც ამბობდა, განა ცოდვილი კაცი ასეთ სასწაულებს მოახდენსო?!+ მათ შორის აზრი გაიყო.+ 17 მაშინ კვლავ ჰკითხეს დაბადებიდან უსინათლო კაცს: „შენ რას იტყვი მასზე, ვინც თვალი აგიხილა?“ მან თქვა: „წინასწარმეტყველია!“
18 იუდეველებს მაინც არ სჯეროდათ, რომ იგი უსინათლო იყო და თვალი აეხილა, ამიტომ მის მშობლებს დაუძახეს 19 და ჰკითხეს: „ეს არის თქვენი ვაჟი, რომელზეც ამბობთ, უსინათლო დაიბადაო? ახლა როგორღა ხედავს?“ 20 მშობლებმა მიუგეს: „ის კი ვიცით, რომ ჩვენი ვაჟია და უსინათლო დაიბადა, 21 მაგრამ არ ვიცით, როგორ აეხილა თვალი ან ვინ აუხილა. თავად ჰკითხეთ, პატარა აღარ არის და თავის თავზე თვითონ ილაპარაკოს“. 22 მისმა მშობლებმა ეს იუდეველების შიშით+ თქვეს, რომლებსაც პირი ჰქონდათ შეკრული, სინაგოგიდან მოეკვეთათ ყველა, ვინც იესოს ქრისტედ აღიარებდა.+ 23 ამიტომაც უთხრეს მშობლებმა, პატარა აღარ არის, თავად ჰკითხეთო.
24 მაშინ ხელმეორედ მოუხმეს თვალახელილ კაცს და უთხრეს: „დიდება მიაგე ღმერთს! ჩვენ ვიცით, რომ ეგ კაცი ცოდვილია!“ 25 მან უპასუხა: „ცოდვილია თუ არა, არ ვიცი, ის კი ვიცი, რომ უსინათლო ვიყავი და ახლა ვხედავ!“ 26 მაშინ ჰკითხეს მას: „რა გაგიკეთა? როგორ აგიხილა თვალი?“ 27 მან მიუგო: „უკვე გითხარით და არ მომისმინეთ. რად გინდათ იმავეს მოსმენა?! თქვენც მისი მოწაფეობა ხომ არ გსურთ?“ 28 მათ კი ზიზღით მიუგეს: „მისი მოწაფე შენ ხარ, ჩვენ მოსეს მოწაფეები ვართ! 29 ჩვენ ვიცით, რომ მოსეს ღმერთი ელაპარაკებოდა, ეს კაცი კი არ ვიცით, საიდან მოვიდა!“ 30 მან მიუგო: „გასაკვირიც ის არის, რომ არ იცით, საიდან მოვიდა, მან კი თვალი ამიხილა! 31 ვიცით, რომ ღმერთი ცოდვილებს არ უსმენს,+ მაგრამ ვისაც ღვთის ეშინია და მის ნებას ასრულებს, მას უსმენს.+ 32 აქამდე არავის სმენია, რომ ვინმეს თვალი აეხილოს დაბადებიდან უსინათლოსთვის. 33 ის რომ ღვთისგან არ იყოს, ვერაფერს გააკეთებდა“.+ 34 მათ უპასუხეს: „ცოდვებში დაიბადე და ჩვენ გვასწავლი?!“ შემდეგ კი გარეთ გააგდეს.+
35 იესომ გაიგო, რომ იგი გამოაგდეს და, როცა შეხვდა, ჰკითხა: „გწამს კაცის ძე?“ 36 მან მიუგო: „ვინ არის ის, ბატონო, რომ ვირწმუნო?“ 37 იესომ უთხრა: „შენ გინახავს იგი. ვისაც ელაპარაკები, ისაა“. 38 მაშინ მან თქვა: „მწამს, უფალო!“, და პირქვე დაემხო. 39 იესომ უთხრა: „ქვეყნიერებაში გასასამართლებლად მოვედი, რათა ვინც ვერ ხედავს, დაინახოს,+ ხოლო ვინც ხედავს, დაბრმავდეს!“+ 40 მასთან მყოფმა ზოგიერთმა ფარისეველმა გაიგონა ეს და უთხრა მას: „ანუ ჩვენც ბრმები ვართ?!“ 41 იესომ მიუგო: „ბრმები რომ ყოფილიყავით, ბრალი არ დაგედებოდათ, მაგრამ, რადგან ამბობთ, ვხედავთო, ცოდვა არ გეპატიებათ!“+
10 „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვინც ფარეხში სხვა გზით შედის და არა კარიდან, ქურდი და მძარცველია,+ 2 მაგრამ ვინც კარიდან შედის, მწყემსია.+ 3 კართან მდგომი გუშაგი მას კარს უღებს+ და ცხვარიც ისმენს მის ხმას.+ ის სახელით უხმობს თავის ცხვარს და გარეთ გამოჰყავს, 4 და, როცა თავისებს გამორეკავს, წინ მიუძღვის მათ. ცხვარიც მიჰყვება, რადგან ცნობს მის ხმას; 5 უცხოს კი არ გაჰყვება, გაექცევა, რადგან ვერ ცნობს უცხოთა ხმას“. 6 იესომ მათ ეს შედარება მოუყვანა, მათ კი ვერ გაიგეს, რას გულისხმობდა.
7 მაშინ იესომ კვლავ უთხრა მათ: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: მე კარი ვარ ცხვრისთვის.+ 8 ყველა, ვინც ჩემ ნაცვლად მოსულა, ქურდი და მძარცველია, და ცხვარმა არ მოუსმინა მათ. 9 მე კარი ვარ. ვინც ჩემით შედის, გადარჩება; შევა, გამოვა და საძოვარს იპოვის.+ 10 ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს,+ მე კი იმისთვის მოვედი, რომ ცხვარს სიცოცხლე ჰქონდეს, თანაც უხვად. 11 მე კარგი მწყემსი ვარ,+ კარგი მწყემსი თავს სწირავს ცხვრისთვის.+ 12 დაქირავებული მუშა, რომელიც მწყემსი არ არის და არც ცხვარია მისი, მგლის დანახვაზე ტოვებს ცხვარს და გარბის (მგელი კი იტაცებს მათ და ფანტავს), 13 რადგან ის დაქირავებული მუშაა და არ ადარდებს ცხვარი. 14 მე კარგი მწყემსი ვარ. მე ვიცნობ ჩემს ცხვარს, ჩემი ცხვარი კი მიცნობს მე,+ 15 როგორც მამა მიცნობს მე და მე ვიცნობ მამას;+ მე თავს ვწირავ ცხვრისთვის.+
16 მე სხვა ცხვარიც მყავს, არა ამ ფარეხისა,+ ისინიც უნდა მოვიყვანო. ისინი მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.+ 17 მამას იმიტომ ვუყვარვარ,+ რომ სიცოცხლეს ვწირავ,+ რათა კვლავ მივიღო ის. 18 ვინმე კი არ მართმევს მას, ჩემი ნებით ვწირავ. მაქვს უფლებამოსილება მის გასაწირადაც და კვლავ მისაღებადაც.+ ეს მამამ დამიდო მცნებად“.
19 ამ სიტყვების გამო იუდეველებს შორის+ აზრი გაიყო. 20 ბევრი ამბობდა: „დემონი ჰყავს და შეშლილია! რას უსმენთ მას?“ 21 ზოგი კი ამბობდა: „ეს დემონით შეპყრობილი კაცის სიტყვებს არ ჰგავს. განა შეუძლია დემონს უსინათლოსთვის თვალის ახელა?!“
22 იმ დროს იერუსალიმში მიძღვნის დღესასწაულს აღნიშნავდნენ; ზამთარი იდგა. 23 იესო ტაძარში, სოლომონის სვეტებიან დერეფანში,+ მიმოდიოდა. 24 მას გარს შემოეხვივნენ იუდეველები და უთხრეს: „როდემდე უნდა გვამყოფო გაურკვევლობაში?! თუ ქრისტე ხარ, პირდაპირ გვითხარი!“ 25 იესომ უპასუხა: „გითხარით და არ დაიჯერეთ. საქმეები, რომლებსაც მამაჩემის სახელით ვაკეთებ, მოწმობენ ჩემზე,+ 26 მაგრამ თქვენ არ ერწმუნეთ მათ, რადგან ჩემი ცხვრები არ ხართ.+ 27 ჩემი ცხვრები ისმენენ ჩემს ხმას; მე ვიცნობ მათ და ისინი მომყვებიან.+ 28 მე მათ მარადიულ სიცოცხლეს ვუბოძებ+ და ისინი არასოდეს დაიღუპებიან; მათ ვერავინ გამომტაცებს ხელიდან.+ 29 ისინი, ვინც მამაჩემმა მომცა, ყველაფერზე ძვირფასნი არიან, და მათ ვერავინ გამოსტაცებს ხელიდან მამას.+ 30 მე და მამა ერთნი* ვართ“.+
31 იუდეველებმა კვლავ ქვებს დაავლეს ხელი მის ჩასაქოლად, 32 იესომ კი მათ უთხრა: „ბევრი კარგი საქმე გიჩვენეთ მამისგან და რომელი ერთისთვის მქოლავთ?“ 33 იუდეველებმა მიუგეს: „კარგი საქმისთვის კი არ გქოლავთ, არამედ მკრეხელობისთვის,+ რადგან კაცი ხარ და თავი ღმერთად მოგაქვს!“ 34 იესომ უპასუხა: «განა თქვენს კანონში არ წერია: „მე ვთქვი: თქვენ ღმერთები* ხართ“?!+ 35 თუ მან ღმერთები+ უწოდა მათ, ვისაც მსჯავრს სდებს ღვთის სიტყვა, და ამით წმინდა წერილები არ უფასურდება, 36 ნუთუ მას, ვინც მამამ განწმინდა და ქვეყნიერებაში გამოგზავნა, ეუბნებით, მკრეხელობო, რადგან ვთქვი, ღვთის ძე ვარ-მეთქი?+ 37 თუ მამაჩემის საქმეებს არ ვაკეთებ, ნუ მერწმუნებით, 38 მაგრამ, თუ ვაკეთებ, ჩემი თუ არ გწამთ, საქმეებს მაინც ერწმუნეთ,+ რათა გაიგოთ და იცოდეთ, რომ მამა ერთობაშია ჩემთან, მე კი — მამასთან».+ 39 მაშინ კვლავ შეეცადნენ მის შეპყრობას, მაგრამ იესო ხელიდან დაუსხლტა მათ.
40 იესომ კვლავ იორდანის გაღმა გაცურა და იმ ადგილას მივიდა, სადაც ადრე იოანე ნათლავდა,+ და იქ დარჩა. 41 ბევრი მივიდა მასთან და ამბობდა: „იოანეს ერთი სასწაულიც არ მოუხდენია, მაგრამ რაც ამ კაცზე უთქვამს, ყველაფერი მართალი ყოფილა!“+ 42 იქ მრავალმა ირწმუნა იგი.
11 ერთი კაცი, სახელად ლაზარე, ავად გახდა; ის მარიამსა და მის დასთან, მართასთან+ ერთად, სოფელ ბეთანიაში ცხოვრობდა. 2 ეს ის მარიამი იყო, უფალს რომ ნელსაცხებელი დაასხა ფეხებზე და შემდეგ თავისი თმით შეუმშრალა.+ სწორედ მისი ძმა იყო ლაზარე, რომელიც ავად გახდა. 3 ამიტომ მისმა დებმა იესოს შეუთვალეს: „უფალო, ის, ვინც გიყვარს, ავადაა!“ 4 ეს რომ გაიგო, იესომ თქვა: „ეს ავადმყოფობა სასიკვდილო არ არის, ის ღვთის სადიდებლადაა;+ ამით განდიდდება ღვთის ძე!“
5 იესოს მართაც უყვარდა, მისი დაც და ლაზარეც. 6 იგი კიდევ ორი დღე დარჩა იქ, სადაც ლაზარეს ავადმყოფობის ამბავი შეიტყო. 7 ამის შემდეგ მან თავის მოწაფეებს უთხრა: „მოდი ისევ იუდეაში წავიდეთ!“ 8 მოწაფეებმა უთხრეს: „რაბი,+ იუდეველები ახლახან ჩაქოლვას გიპირებდნენ+ და ისევ იქ მიდიხარ?“ 9 იესომ უპასუხა: „დღის განმავლობაში ხომ 12 საათია სინათლე?!+ ვინც დღე დადის, არ წაიბორძიკებს, რადგან ხედავს ქვეყნიერების სინათლეს, 10 მაგრამ ვინც ღამით დადის, წაიბორძიკებს, რადგან სინათლე არ არის მასში“.
11 ამის შემდეგ იესომ უთხრა მათ: „ჩვენმა მეგობარმა ლაზარემ დაიძინა,+ მე მის გასაღვიძებლად მივდივარ“. 12 მოწაფეებმა უთხრეს: „უფალო, თუ სძინავს, გამოკეთდება“. 13 იესო ლაზარეს სიკვდილს გულისხმობდა, მათ კი ეგონათ, რომ უბრალოდ ძილზე საუბრობდა. 14 მაშინ იესომ პირდაპირ უთხრა მათ: „ლაზარე მოკვდა.+ 15 მიხარია თქვენ გამო, იქ რომ არ ვიყავი, რათა ირწმუნოთ. წავიდეთ მასთან!“ 16 მაშინ თომამ, რომელსაც ტყუპისცალს უწოდებდნენ, სხვა მოწაფეებს უთხრა: „ჩვენც წავიდეთ, რათა მასთან ერთად დავიხოცოთ!“+
17 მივიდა იესო და ნახა, რომ ლაზარე უკვე მეოთხე დღე იყო, რაც სამარხში დაესვენებინათ. 18 ბეთანია იერუსალიმთან ახლოს იყო, დაახლოებით 3 კილომეტრის* მანძილზე; 19 ბევრი იუდეველი მისულიყო ძმის სიკვდილით დამწუხრებული დების, მართასა და მარიამის, სანუგეშებლად. 20 როცა მართამ გაიგო, იესო მოდისო, მის შესაგებებლად გაემართა, მარიამი+ კი სახლში დარჩა. 21 მართამ იესოს უთხრა: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა, 22 მაგრამ ახლაც მჯერა, რომ რაც არ უნდა სთხოვო ღმერთს, ღმერთი მოგცემს!“ 23 იესომ მას უთხრა: „აღდგება შენი ძმა!“ 24 მართამ მიუგო: „ვიცი, რომ აღდგება აღდგომისას,+ უკანასკნელ დღეს!“ 25 იესომ უთხრა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე.+ ვისაც მე ვწამვარ, რომც მოკვდეს, გაცოცხლდება, 26 და ყოველი ცოცხალი, ვისაც ვწამვარ, არასოდეს მოკვდება!+ გწამს ეს?“ 27 მართამ მიუგო: „დიახ, უფალო, მწამს, რომ ქრისტე ხარ, ღვთის ძე, რომელიც ქვეყნიერებაში უნდა მოსულიყო!“ 28 ეს რომ თქვა, წავიდა, დაუძახა თავის დას, მარიამს, და ჩუმად უთხრა: „მოძღვარია+ მოსული, და გეძახის“. 29 ამის გაგონებაზე იგი სწრაფად წამოდგა და იესოსკენ გაემართა.
30 იესო ჯერაც არ იყო სოფელში შესული; ის კვლავ იქ იყო, სადაც მართა შეეგება. 31 როდესაც მარიამთან სახლში სანუგეშებლად მისულმა იუდეველებმა დაინახეს, რომ იგი საჩქაროდ წამოდგა და გარეთ გავიდა, თან გაჰყვნენ, რადგან ეგონათ, რომ სამარხთან+ მიდიოდა სატირლად. 32 როცა მარიამი მივიდა იქ, სადაც იესო იყო და დაინახა იგი, ფეხებში ჩაუვარდა მას და უთხრა: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა!“ 33 როდესაც იესომ დაინახა, რომ მარიამიც ტიროდა და მასთან ერთად მისული იუდეველებიც, დამწუხრდა და ამოიოხრა. 34 შემდეგ იკითხა: „სად დაასვენეთ?“ მათ მიუგეს: „უფალო, მოდი, ნახე!“ 35 იესო აცრემლდა.+ 36 იუდეველები ამბობდნენ, ნახეთ, როგორ ჰყვარებიაო; 37 ზოგი მათგანი ამბობდა, ნუთუ ამ კაცმა, რომელმაც უსინათლოს თვალი აუხილა,+ ვერაფერი იღონა, რომ ის არ მომკვდარიყოო.
38 იესომ კვლავ ამოიოხრა და სამარხთან მივიდა. ეს იყო გამოქვაბული, რომელსაც ლოდი ჰქონდა მიფარებული. 39 იესომ თქვა: „მოაშორეთ ლოდი!“ მიცვალებულის დამ, მართამ, უთხრა: „უფალო, უკვე აყროლდებოდა, მეოთხე დღეა!“ 40 იესომ უთხრა მას: „ხომ გითხარი, თუ ირწმუნებ, ღვთის დიდებას იხილავ-მეთქი?!“+ 41 სამარხს ლოდი მოაშორეს. იესომ თვალები ზეცად აღაპყრო+ და თქვა: „მამა, გმადლობ, რომ მისმინე! 42 ვიცი, რომ ყოველთვის მისმენ, მაგრამ ეს ირგვლივ მდგომი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ გამომგზავნე!“+ 43 ეს თქვა და დაიძახა: „ლაზარე, გამოდი!“+ 44 კაცი, რომელიც მკვდარი იყო, სახვევებით ხელფეხშეკრული გამოვიდა; სახეც ნაჭრით ჰქონდა შეხვეული. იესომ უთხრა მათ: „გახსენით, იაროს!“
45 მაშინ ბევრმა იუდეველმა, რომლებიც მარიამს ახლდნენ, იხილა, რაც იესომ გააკეთა და ირწმუნა იგი.+ 46 თუმცა ზოგი მათგანი წავიდა და რაც იესომ გააკეთა, ფარისევლებს შეატყობინა. 47 უფროსმა მღვდლებმა და ფარისევლებმა სინედრიონი შეკრიბეს, და ამბობდნენ: „რა ვქნათ, ეს კაცი ბევრ სასწაულს რომ ახდენს?!+ 48 თავის ნებაზე რომ მივუშვათ, ყველა ირწმუნებს მას, მოვლენ რომაელები და ტაძარსაც ხელში ჩაიგდებენ და ხალხსაც“. 49 ერთ-ერთმა მათგანმა, კაიაფამ,+ რომელიც იმ წელს მღვდელმთავრად მსახურობდა, უთხრა მათ: „არაფერი გესმით 50 და ვერც იმას მიმხვდარხართ, რომ თქვენთვისვე აჯობებს, ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს!“ 51 ეს თავისით არ უთქვამს; ის მღვდელმთავარი იყო იმ წელს და იწინასწარმეტყველა, რომ იესო ერისთვის უნდა მომკვდარიყო, 52 და არა მარტო ერისთვის, არამედ ღვთის გაფანტული შვილების შესაკრებადაც. 53 იმ დღეს შეითქვნენ, რომ მოეკლათ იგი.
54 ამიტომ ამის შემდეგ იესო იუდეველებს შორის გამოჩენას ერიდებოდა. ის წავიდა უდაბნოს ახლომდებარე მხარეში, ქალაქ ეფრემში,+ და იქ დარჩა მოწაფეებთან ერთად. 55 ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი+ და მთელი ქვეყნიდან მრავალი ჩავიდა იერუსალიმში პასექამდე, რათა წესისამებრ განწმენდილიყვნენ. 56 ტაძარში მყოფი ხალხი იესოს ეძებდა და ერთმანეთს ეკითხებოდა: „როგორ ფიქრობთ, დღესასწაულზეც არ მოვა იგი?!“ 57 უფროს მღვდლებსა და ფარისევლებს ნაბრძანები ჰქონდათ, რომ, თუ ვინმე შეიტყობდა მის ადგილსამყოფელს, მათთვის უნდა ეცნობებინა, და ისინიც შეიპყრობდნენ.
12 პასექამდე ექვსი დღით ადრე იესო ბეთანიაში ჩავიდა, სადაც ცხოვრობდა ლაზარე,+ რომელიც მან მკვდრეთით აღადგინა. 2 მას იქ ვახშამი მოუმზადეს. სუფრას მართა ემსახურებოდა.+ ლაზარე იესოსა და სხვებთან ერთად სუფრასთან იყო. 3 მარიამმა აიღო ერთი ლიტრა* სუფთა ნარდის ძვირფასი ნელსაცხებელი, ფეხებზე დაასხა იესოს და თმით შეუმშრალა. სახლი ნელსაცხებლის სურნელით აივსო.+ 4 მაშინ იესოს ერთმა მოწაფემ, იუდა ისკარიოტელმა,+ რომელიც მის გაცემას აპირებდა, თქვა: 5 „რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი 300 დინარად და რატომ არ დაურიგდა ფული ღარიბებს?!“ 6 ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ ღარიბები ადარდებდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო, ყულაბა მას ჰქონდა და ფულს იპარავდა. 7 მაშინ იესომ თქვა: „თავი დაანებეთ, დაიცვას ეს ჩვეულება, რათა დასაკრძალად მოამზადოს ჩემი სხეული.+ 8 ღარიბები ყოველთვის თქვენ გვერდით იქნებიან,+ მე კი ყოველთვის არ გეყოლებით“.+
9 ბევრმა იუდეველმა გაიგო, რომ იესო იქ იყო, და მივიდნენ არა მარტო მის, არამედ მის მიერ მკვდრეთით აღდგენილი ლაზარეს სანახავადაც.+ 10 უფროსი მღვდლები შეითქვნენ, რომ ლაზარეც მოეკლათ, 11 რადგან მის გამო ბევრი იუდეველი ჩადიოდა იქ და მრავალმა ირწმუნა ის.+
12 მეორე დღეს დღესასწაულზე ჩასულმა უამრავმა ხალხმა რომ გაიგო, იესო იერუსალიმში მოდისო, 13 აიღეს პალმის ტოტები, გაეგებნენ და იძახდნენ: „გევედრებით, იხსენი! კურთხეულია იეჰოვას* სახელით მომავალი,+ ისრაელის მეფე!“+ 14 იესომ ჩოჩორი იპოვა და ზედ შეჯდა,+ როგორც დაწერილია: 15 „ნუ გეშინია, სიონის ასულო! აი, მოდის შენი მეფე, ჩოჩორზე მჯდომი!“+ 16 თავიდან მისი მოწაფეები ვერ ჩასწვდნენ მომხდარის მნიშვნელობას, მაგრამ, როცა იესო განდიდდა,+ მაშინ გაახსენდათ, რომ ეს ხალხი ზუსტად ისე მოექცა მას, როგორც დაწერილი იყო.+
17 ისინი, ვინც საკუთარი თვალით იხილეს, როგორ გამოიხმო მან ლაზარე სამარხიდან+ და მკვდრეთით აღადგინა, მოწმობდნენ მომხდარზე.+ 18 ხალხიც იმიტომ შეეგება მას, რომ გაგონილი ჰქონდათ მის მიერ მოხდენილი ამ სასწაულის შესახებ. 19 ფარისევლები კი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „ხედავთ, ვეღარაფერს ვხდებით?! მთელი ქვეყანა მას მიჰყვება!“+
20 დღესასწაულზე თაყვანსაცემად ჩასულთა შორის ბერძნებიც იყვნენ. 21 ისინი მივიდნენ ფილიპესთან,+ რომელიც გალილეის ბეთსაიდიდან იყო, და სთხოვეს: „ბატონო, იესოს ნახვა გვინდა!“ 22 ფილიპემ ეს ანდრიას უთხრა, რის შემდეგაც ის და ანდრია იესოსთან მივიდნენ და ნათქვამი გადასცეს.
23 იესომ მიუგო: „დადგა კაცის ძის განდიდების დრო.+ 24 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: თუ ხორბლის მარცვალი მიწაში არ ჩავარდა და არ მოკვდა, ცალად დარჩება, მაგრამ, თუ მოკვდა,+ უხვად გამოიღებს ნაყოფს. 25 ვისაც თავისი სიცოცხლე* უყვარს, სპობს მას, ხოლო ვისაც თავისი სიცოცხლე სძულს+ ამ ქვეყნიერებაში, დაიცავს მას, რათა მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს.+ 26 ვისაც უნდა, რომ მემსახუროს, გამომყვეს, და სადაც მე ვარ, ჩემი მსახურიც იქ იქნება.+ ვისაც უნდა, რომ მემსახუროს, მამა პატივს მიაგებს მას. 27 ახლა აფორიაქებული ვარ+ და რა ვთქვა?! მამა, მიხსენი იმისგან, რაც უნდა მოხდეს*;+ თუმცა ამისთვის მოვედი აქამდე. 28 მამა, განადიდე შენი სახელი!“ ზეციდან ხმა მოისმა:+ „განვადიდე და კვლავაც განვადიდებ!“+
29 ეს რომ ირგვლივ მდგომმა ხალხმა გაიგონა, თქვეს, დაიქუხაო. ზოგიც ამბობდა, ანგელოზი დაელაპარაკაო. 30 იესომ მიუგო: „ეს ხმა ჩემთვის კი არა, თქვენთვის გაისმა. 31 ახლა ქვეყნიერების სასამართლოა და ქვეყნიერების მმართველი+ გარეთ განიდევნება.+ 32 მე კი, როცა ავმაღლდები*,+ ყველანაირ ადამიანს მივიზიდავ ჩემკენ“. 33 ამით მან იმაზე მიანიშნა, თუ როგორ მოკვდებოდა.+ 34 ხალხმა მიუგო: „კანონიდან ვიცით, რომ ქრისტე მარადიულად დარჩება.+ როგორღა ამბობ, კაცის ძე უნდა ამაღლდესო*?!+ ვინ არის ეს კაცის ძე?“ 35 იესომ უთხრა მათ: „სინათლე კიდევ ცოტა ხანს იქნება თქვენ შორის. იარეთ, სანამ სინათლე გაქვთ, რათა სიბნელემ არ გშთანთქოთ. სიბნელეში მოსიარულემ არ იცის, საით მიდის.+ 36 სანამ სინათლე გაქვთ, ირწმუნეთ სინათლე, რათა სინათლის ძეები გახდეთ“.+
ეს რომ თქვა, იესო წავიდა და თვალს მიეფარა. 37 მან უამრავი სასწაული მოახდინა მათ თვალწინ, მაგრამ მაინც არ იწამეს ის, 38 რითაც შესრულდა ესაია წინასწარმეტყველის ნათქვამი: „იეჰოვა*, ვინ ერწმუნა ჩვენს ნათქვამს?+ ვის ეჩვენა იეჰოვას* მკლავი?“+ 39 იმიტომ არ ერწმუნნენ, რომ ესაიამ ესეც თქვა: 40 „მან თვალები დაუბრმავა მათ და გული გაუქვავა, რომ თვალით ვერ დაენახათ და გულით ვერ ეგრძნოთ და არ მობრუნებულიყვნენ, რათა განმეკურნა ისინი“.+ 41 ესაიამ ეს იმიტომ თქვა, რომ იხილა მისი დიდება და ილაპარაკა მასზე.+ 42 ბევრმა მმართველმაც ირწმუნა ის,+ მაგრამ ფარისეველთა შიშით ვერ აღიარებდნენ, სინაგოგიდან რომ არ მოეკვეთათ;+ 43 ისინი ღვთისგან განდიდებას კი არ ესწრაფოდნენ, არამედ უყვარდათ, ადამიანები რომ განადიდებდნენ.+
44 იესომ ხმამაღლა თქვა: „ვისაც მე ვწამვარ, მხოლოდ მე კი არა, ჩემი გამომგზავნელიც სწამს,+ 45 და ვინც მე მხედავს, ჩემს გამომგზავნელსაც ხედავს.+ 46 მე ქვეყნიერებაში მოვედი როგორც სინათლე,+ რათა ვისაც ვწამვარ, ბნელში არ დარჩეს.+ 47 მაგრამ, თუ ვინმე ისმენს ჩემს სიტყვებს და არ იცავს, არ ვასამართლებ, რადგან ქვეყნიერების გასასამართლებლად კი არა, სახსნელად მოვედი.+ 48 მას, ვინც არაფრად მაგდებს და ჩემს სიტყვებს ყურად არ იღებს, ჰყავს გამსამართლებელი. ჩემი ნათქვამი სიტყვა გაასამართლებს მას უკანასკნელ დღეს, 49 რადგან ჩემით კი არ ვლაპარაკობ, არამედ მამამ, რომელმაც გამომგზავნა, მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო.+ 50 ვიცი, რომ მისი მცნების დაცვა მარადიულ სიცოცხლეს ნიშნავს.+ ამიტომ, რასაც ვამბობ, როგორც მამამ მითხრა, ისე ვამბობ“.+
13 იესომ პასექის დღესასწაულამდე იცოდა, რომ ქვეყნიერების დატოვებისა და მამასთან წასვლის+ დრო დამდგარიყო,+ და რადგან შეიყვარა თავისები, რომლებიც ქვეყნიერებაში იყვნენ, ბოლომდე უყვარდა ისინი.+ 2 ვახშმის დროს ეშმაკს უკვე შთაეგონებინა სიმონის ძისთვის, იუდა ისკარიოტელისთვის,+ რომ გაეცა იესო.+ 3 ვინაიდან იესომ იცოდა, რომ მამამ ყველაფერი მას გადასცა, რომ ღვთისგან იყო და ღმერთთან მიდიოდა,+ 4 სუფრიდან წამოდგა, მოსასხამი გვერდზე გადადო, აიღო პირსახოცი და წელზე შემოირტყა.+ 5 ტაშტში წყალი ჩაასხა, დაიწყო მოწაფეებისთვის ფეხების დაბანა და წელზე შემორტყმული პირსახოცით შემშრალება. 6 სიმონ-პეტრესთან რომ მივიდა, მან ჰკითხა: „უფალო, შენ უნდა დამბანო ფეხები?“ 7 იესომ მიუგო: „ახლა არ გესმის, რას ვაკეთებ, მაგრამ მერე გაიგებ“. 8 პეტრემ უთხრა მას: „არა, არ დაგაბანინებ ფეხებს!“ იესომ უპასუხა: „თუ არ დამაბანინებ,+ არ გექნება ჩემთან წილი!“ 9 სიმონ-პეტრემ მიუგო: „უფალო, მაშინ მარტო ფეხები კი არა, ხელებიც და თავიც დამბანე!“ 10 იესომ უთხრა: „დაბანილს ფეხების დაბანის გარდა არაფერი სჭირდება, რადგან მთლიანად სუფთაა. თქვენ სუფთანი ხართ, მაგრამ არა ყველა“. 11 მან იცოდა, ვინ გასცემდა,+ ამიტომაც თქვა, ყველა არ ხართო სუფთა.
12 როცა მათ ფეხები დაბანა, მოსასხამი მოისხა, კვლავ თავის ადგილს დაუბრუნდა მაგიდასთან და მათ უთხრა: «ხვდებით, რატომ დაგბანეთ ფეხები? 13 თქვენ მოძღვარსა და უფალს მიწოდებთ, და მართლებიც ხართ, რადგან ასეცაა.+ 14 ამიტომ, თუკი მე, უფალმა და მოძღვარმა, დაგბანეთ ფეხები,+ თქვენც უნდა დაბანოთ ერთმანეთს ფეხები.+ 15 ამით მაგალითი მოგეცით, რათა, რაც მე გაგიკეთეთ, თქვენც იგივე გააკეთოთ.+ 16 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: მონა არ არის თავის ბატონზე მეტი, არც გაგზავნილია გამგზავნელზე მეტი; 17 ახლა იცით ყოველივე ეს, და თუ ასე მოიქცევით, ბედნიერნი იქნებით.+ 18 ყველა თქვენგანზე არ ვლაპარაკობ; ვიცი, ვინც ამოვირჩიე, თუმცა უნდა შესრულდეს წმინდა წერილში ჩაწერილი:+ „მან, ვინც ჩემს პურს ჭამდა, ჩემზე აღმართა ქუსლი!“+ 19 სანამ ეს მოხდება, მანამ გეუბნებით, რათა, როცა მოხდება, ირწმუნოთ, რომ ეს მე ვარ.+ 20 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვინც ჩემს გაგზავნილს იღებს, მეც მიღებს,+ ხოლო ვინც მე მიღებს, ჩემს გამომგზავნელსაც იღებს».+
21 ეს რომ თქვა, იესო ძლიერ დამწუხრდა და თქვა: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს!“+ 22 დაბნეულმა მოწაფეებმა ერთმანეთს გადახედეს, ვისზე თქვაო.+ 23 იესოს გვერდით სუფრასთან იჯდა* ერთ-ერთი მოწაფე, რომელიც მას გამორჩეულად უყვარდა.+ 24 მაშინ სიმონ-პეტრემ თავით ანიშნა ამ მოწაფეს და ჰკითხა: „ვისზე ამბობს ამას?“ 25 ისიც მკერდზე მიეყრდნო იესოს და ჰკითხა: „უფალო, ვისზე ამბობ?“+ 26 იესომ უპასუხა: „მასზე, ვისაც ჩაწებულ პურს მივაწვდი“.+ ჩააწო პური, აიღო და მიაწოდა იუდას, სიმონ ისკარიოტელის ძეს. 27 მას შემდეგ, რაც იუდამ პური გამოართვა, სატანა შევიდა მასში.+ მაშინ იესომ უთხრა მას: „მალე გააკეთე, რასაც აკეთებ!“ 28 მაგრამ სუფრასთან მყოფთა შორის არავინ იცოდა, რატომ უთხრა ეს, 29 და რადგან ყულაბა იუდას ჰქონდა,+ ზოგს ეგონა, რომ იესო სადღესასწაულოდ რაიმეს ყიდვას ან ღარიბებისთვის მოწყალების გაღებას ავალებდა. 30 იუდამ პური გამოართვა და გარეთ გავიდა. უკვე დაღამებულიყო.+
31 მისი გასვლის შემდეგ, იესომ თქვა: „ახლა განდიდდა კაცის ძე,+ და მისით განდიდდა ღმერთი. 32 თავად ღმერთი განადიდებს მას,+ მაშინვე განადიდებს. 33 შვილებო, კიდევ ცოტა ხანს ვიქნები თქვენთან. მომძებნით, თუმცა თქვენც იმავეს გეუბნებით, რაც იუდეველებს ვუთხარი, სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ მოხვალთ-მეთქი.+ 34 ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი! როგორც მე შეგიყვარეთ,+ თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი!+ 35 ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, თუკი ერთმანეთი გეყვარებათ“.+
36 სიმონ-პეტრემ ჰკითხა: „უფალო, სად მიდიხარ?“ იესომ მიუგო: „სადაც მე მივდივარ, ახლა იქ ვერ გამომყვები, მერე კი გამომყვები“.+ 37 პეტრემ უთხრა მას: „უფალო, ახლა რატომ ვერ გამოგყვები? თავს გავწირავ შენთვის!“+ 38 იესომ უპასუხა: „თავს გაწირავ ჩემთვის?! ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნები: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფ!“+
14 „ნუ დამწუხრდებით!+ ირწმუნეთ ღმერთი+ და მირწმუნეთ მე! 2 მამაჩემის სახლში ბევრი ადგილია, ასე რომ არ იყოს, გეტყოდით. მე მივდივარ, რომ ადგილი მოგიმზადოთ.+ 3 როცა წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, დავბრუნდები და ჩემთან წაგიყვანთ, რათა თქვენც იქ იყოთ, სადაც მე ვიქნები.+ 4 თქვენ იცით იქ მოსასვლელი გზა, სადაც მივდივარ“.
5 თომამ+ მიუგო: „უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ და გზა როგორღა გვეცოდინება?!“
6 იესომ უთხრა: „მე ვარ გზა,+ ჭეშმარიტება+ და სიცოცხლე!+ მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა.+ 7 მე რომ მიცნობდეთ, ისიც გეცოდინებოდათ, ვინ არის მამაჩემი; ამიერიდან იცნობთ მას და გინახავთ იგი“.+
8 ფილიპემ უთხრა: „უფალო, გვიჩვენე მამა და ეს საკმარისი იქნება ჩვენთვის!“
9 იესომ მიუგო: „ფილიპე, ამდენი ხანია, თქვენთან ვარ და აქამდე ვერ გამიცანი?! ვინც მე მიხილა, მამაც იხილა.+ როგორღა ამბობ, მამა გვიჩვენეო?! 10 ნუთუ არ გწამს, რომ მე მამასთან ვარ ერთობაში, მამა კი — ჩემთან?!+ რასაც გეუბნებით, ჩემით არ ვამბობ;+ მამა, რომელიც ჩემთან ერთობაშია, აკეთებს თავის საქმეებს. 11 მერწმუნეთ, რომ მე მამასთან ვარ ერთობაში, მამა კი — ჩემთან; საქმეების გამო მაინც იწამეთ.+ 12 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვისაც მე ვწამვარ, ისიც იმავეს გააკეთებს, რასაც მე ვაკეთებ, და მეტსაც გააკეთებს,+ რადგან მე მამასთან მივდივარ.+ 13 ასევე, რაც არ უნდა ითხოვოთ ჩემი სახელით, გავაკეთებ, რათა განდიდდეს მამაჩემი ძის მეშვეობით.+ 14 თუკი რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ.
15 თუ გიყვარვართ, დაიცავთ ჩემს მცნებებს.+ 16 მე ვთხოვ მამას და ის მოგცემთ სხვა დამხმარეს*, რათა მარადიულად თქვენთან იყოს,+ 17 ჭეშმარიტების სულს,+ რომელსაც ვერ მიიღებს ქვეყნიერება, რადგან ვერც ხედავს მას და არც იცნობს.+ თქვენ იცნობთ მას, რადგან ის თქვენშია და თქვენთან რჩება. 18 მე მოვალ თქვენთან, ობლად არ დაგტოვებთ.+ 19 ცოტაც და ქვეყნიერება ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ,+ რადგან მე ვცოცხლობ და თქვენც იცოცხლებთ. 20 იმ დღეს გაიგებთ, რომ მე მამაჩემთან ვარ ერთობაში, თქვენ ჩემთან ხართ ერთობაში, მე კი — თქვენთან.+ 21 ვინც იღებს ჩემს მცნებებს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, მას მამაჩემიც შეიყვარებს, მეც შევიყვარებ და თავს გავუცხადებ“.
22 იუდამ,+ არა ისკარიოტელმა, ჰკითხა მას: „უფალო, რატომ უნდა გაგვიცხადო თავი ჩვენ და არა ქვეყნიერებას?“
23 იესომ მიუგო: „ვისაც ვუყვარვარ, ის ჩემს სიტყვას დაიცავს,+ და მამაჩემიც შეიყვარებს მას; მივალთ და დავმკვიდრდებით მასთან.+ 24 ვისაც არ ვუყვარვარ, ჩემს სიტყვას არ იცავს. რასაც ჩემგან ისმენთ, ჩემი არ არის, არამედ მამისაა, რომელმაც გამომგზავნა.+
25 ამას ახლა გეუბნებით, სანამ ჯერ კიდევ თქვენთან ვარ, 26 მაგრამ დამხმარე, წმინდა სული, რომელსაც მამა გამოგზავნის ჩემი სახელით, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც კი თქვენთვის მითქვამს.+ 27 მშვიდობას გიტოვებთ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ,+ მაგრამ არა ისე, როგორც ქვეყნიერება აკეთებს ამას. ნურც აფორიაქდებით და ნურც შიში შეგიპყრობთ. 28 ხომ მოისმინეთ, რომ გითხარით, მივდივარ, მაგრამ დავბრუნდები-მეთქი თქვენთან?! რომ გიყვარდეთ, გაგიხარდებოდათ, რომ მამასთან მივდივარ, რადგან მამა ჩემზე დიდია.+ 29 ახლა გეუბნებით ამას, სანამ მომხდარა, რადგან, როცა მოხდება, ირწმუნოთ.+ 30 ბევრს აღარაფერს გეტყვით, რადგან ქვეყნიერების მმართველი+ მოდის. ის ვერ ბატონობს ჩემზე.+ 31 მაგრამ, რაკი მინდა, ქვეყნიერებამ იცოდეს, რომ მამა მიყვარს, იმას ვაკეთებ, რაც მამამ დამიდო მცნებად.+ ადექით, წავიდეთ აქედან!“
15 «მე ჭეშმარიტი ვაზი ვარ, მამაჩემი კი მევენახეა. 2 ის მომაშორებს ყოველ უნაყოფო ლერწს, ყოველ ნაყოფიერს კი გასხლავს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს.+ 3 თქვენ უკვე სუფთები ხართ იმ სიტყვის წყალობით, რომელიც გითხარით.+ 4 დარჩით ჩემთან ერთობაში, მე კი თქვენთან ერთობაში დავრჩები. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩა, თქვენც ასე იქნებით, თუ ჩემთან ერთობაში არ დარჩებით.+ 5 მე ვაზი ვარ, თქვენ კი — ლერწები. ვინც ჩემთან რჩება ერთობაში და ვისთანაც მე ვრჩები ერთობაში, მას უხვად გამოაქვს ნაყოფი;+ უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ. 6 თუ ვინმე არ რჩება ჩემთან ერთობაში, მას მოჭრილი ლერწის მსგავსად აგდებენ და ხმება. შემდეგ აგროვებენ წალამს, ცეცხლში ყრიან და წვავენ. 7 თუ ჩემთან ერთობაში რჩებით და ჩემი სიტყვები თქვენში რჩება, ითხოვეთ, რაც გსურთ, და შეგისრულდებათ.+ 8 მამაჩემისთვის იმას მოაქვს დიდება, რომ ბევრი ნაყოფი გამოგაქვთ და ნამდვილად ჩემი მოწაფეები ხართ.+ 9 როგორც მამამ შემიყვარა,+ მეც ისე შეგიყვარეთ; დარჩით ჩემს სიყვარულში! 10 თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, დარჩებით ჩემს სიყვარულში, როგორც მე ვიცავ მამის მცნებებს და ვრჩები მის სიყვარულში.
11 ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ ბოლომდე განიცადოთ ის სიხარული, რასაც მე განვიცდი.+ 12 ჩემი მცნება ის არის, რომ ისე გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ.+ 13 იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავს სწირავს მეგობრებისთვის.+ 14 თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ აკეთებთ იმას, რასაც მცნებად გიდებთ.+ 15 მონებს აღარ გიწოდებთ, რადგან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი; მეგობრები გიწოდეთ, რადგან რაც მამაჩემისგან მომისმენია, ყველაფერი გამცნეთ. 16 თქვენ კი არ ამირჩიეთ, მე აგირჩიეთ და დაგნიშნეთ, რომ კვლავაც გამოიღოთ ნაყოფი და თქვენი ნაყოფი დარჩეს, რათა რასაც კი სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგცეთ.+
17 ამას იმიტომ გიდებთ მცნებად, რომ ერთმანეთი გიყვარდეთ.+ 18 თუ ქვეყნიერებას სძულხართ, იცით, რომ თქვენამდე მე შემიძულა.+ 19 ქვეყნიერების ნაწილი რომ იყოთ, ქვეყნიერებას ეყვარებოდა თავისი. თქვენ ქვეყნიერების ნაწილი არ ხართ,+ მე გამოგარჩიეთ ქვეყნიერებისგან და ამიტომ სძულხართ მას.+ 20 გახსოვდეთ, რაც გითხარით, მონა თავის ბატონზე მეტი არ არის-მეთქი. თუ მე მდევნიან, თქვენც გაგდევნიან,+ თუ ჩემს სიტყვას ისმენენ, თქვენსასაც მოისმენენ. 21 მაგრამ ასე ჩემი სახელის გამო მოგექცევიან, რადგან არ იცნობენ ჩემს გამომგზავნელს.+ 22 მე რომ არ მოვსულიყავი და არ მელაპარაკა მათთან, ბრალი არ დაედებოდათ,+ მაგრამ ახლა ვერაფრით იმართლებენ თავს თავიანთი ცოდვების გამო.+ 23 ვისაც მე ვძულვარ, მამაჩემიც სძულს.+ 24 მათ შორის რომ არ გამეკეთებინა საქმეები, რომლებიც სხვას არავის გაუკეთებია, ბრალი არ დაედებოდათ,+ ახლა კი მიხილეს და შეგვიძულეს მეც და მამაჩემიც, 25 მაგრამ ეს იმიტომ მოხდა, რომ შესრულებულიყო კანონში ჩაწერილი: „უმიზეზოდ შემიძულეს“.+ 26 როცა მოვა დამხმარე, რომელსაც მამისგან გამოგიგზავნით — ჭეშმარიტების სული,+ რომელიც მამისგანაა — ის დაამოწმებს ჩემზე.+ 27 თქვენც უნდა დაამოწმოთ,+ რადგან თავიდანვე ჩემთან ხართ».
16 „ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ არ დაბრკოლდეთ. 2 სინაგოგიდან მოგკვეთენ;+ მოვა დრო, როცა ყველა თქვენს მკვლელს+ ეგონება, რომ ამით ღმერთს ემსახურება. 3 მაგრამ ასე იმიტომ მოიქცევიან, რომ არც მამას იცნობენ და არც მე.+ 4 ამას იმიტომ გეუბნებით, რომ გაგახსენდეთ ჩემი ნათქვამი, როცა ყოველივე ეს მოხდება.+
ეს ყველაფერი თავიდანვე არ გითხარით, რადგან თქვენთან ვიყავი. 5 ახლა კი ჩემს გამომგზავნელთან მივდივარ,+ თუმცა არცერთი თქვენგანი არ მეკითხებით, სად მიდიხარო. 6 თუმცა კი დაგამწუხრათ ჩემმა ნათქვამმა.+ 7 ჭეშმარიტებას გეუბნებით: თქვენი გულისთვის მივდივარ. თუ არ წავედი, დამხმარე+ ვერ მოვა თქვენთან, ხოლო, თუ წავალ, გამოგიგზავნით მას. 8 როცა მოვა, დამაჯერებელ მტკიცებულებას წარუდგენს ქვეყნიერებას ცოდვის, სიმართლისა და ღვთის განაჩენის შესახებ: 9 უპირველეს ყოვლისა, ცოდვის+ შესახებ, რადგან მათ არ ვწამვარ;+ 10 შემდეგ სიმართლის შესახებ, რადგან მამასთან მივდივარ და ვეღარ მიხილავთ; 11 ბოლოს კი ღვთის განაჩენის შესახებ, რადგან ამ ქვეყნიერების მმართველი გასამართლებულია.+
12 კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ამჯერად ვერ ჩასწვდებით. 13 ხოლო, როცა მოვა ჭეშმარიტების სული,+ გასწავლით ყოველივე იმას, რაც ჭეშმარიტია, რადგან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იტყვის იმას, რასაც ისმენს, და გაუწყებთ მომავალს.+ 14 ის განმადიდებს,+ რადგან გაუწყებთ ჩემგან მოსმენილს.+ 15 ყველაფერი, რაც მამას აქვს, ჩემია.+ ამიტომაც გითხარით, ის იმას გაუწყებთ, რასაც ჩემგან ისმენს-მეთქი. 16 ცოტა ხანში ვეღარ მიხილავთ,+ მაგრამ კიდევ ცოტაც და მიხილავთ“.
17 ზოგიერთმა მოწაფემ ერთმანეთს გადაულაპარაკა: „რას გულისხმობს, ცოტა ხანში ვეღარ მიხილავთ, კიდევ ცოტაც და მიხილავთ, და მამასთან მივდივარო?“ 18 იმასაც ამბობდნენ: „რას გულისხმობს, ცოტა ხანშიო? ვერ ვხვდებით, რაზე ლაპარაკობს!“ 19 იესომ იცოდა, რომ მათ კითხვის დასმა უნდოდათ, ამიტომ ჰკითხა: „იმაზე ეკითხებით ერთმანეთს, რომ ვთქვი, ცოტა ხანში ვეღარ მიხილავთ, კიდევ ცოტაც და მიხილავთ-მეთქი? 20 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: თქვენ იტირებთ და მოთქმას მოჰყვებით, ქვეყნიერება კი გაიხარებს. დამწუხრდებით, მაგრამ მწუხარება სიხარულად გექცევათ.+ 21 ქალი წუხს მშობიარობისას, რადგან მოსულია მისი მშობიარობის დრო, მაგრამ ბავშვს რომ გააჩენს, გასაჭირს სიხარული ავიწყებს, რადგან ადამიანი მოევლინა ქვეყნიერებას. 22 ახლა თქვენც წუხხართ, მაგრამ კვლავ გნახავთ და გაიხარებთ,+ და ვერავინ წაგართმევთ სიხარულს. 23 იმ დღეს აღარაფერს მკითხავთ. ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: თუკი რამეს სთხოვთ მამას ჩემი სახელით,+ ის მოგცემთ.+ 24 აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით. ითხოვეთ და მიიღებთ, და აივსებით სიხარულით!
25 ეს ყველაფერი იგავებით გითხარით. მოვა დრო, როცა იგავებით აღარ დაგელაპარაკებით, არამედ პირდაპირ გეტყვით ყველაფერს მამის შესახებ. 26 იმ დღეს ჩემი სახელით სთხოვთ მამას; ამით იმას არ გეუბნებით, რომ მე ვთხოვ მამას თქვენთვის. 27 მამას უყვარხართ, რადგან მე შემიყვარეთ+ და ირწმუნეთ, რომ მამისგან ვარ გამოგზავნილი.+ 28 მე მამამ გამომგზავნა და ქვეყნიერებაში მოვედი. ახლა კი ვტოვებ ქვეყნიერებას და მამასთან მივდივარ“.+
29 მოწაფეებმა უთხრეს: „ახლა პირდაპირ ლაპარაკობ, იგავების გარეშე. 30 ახლა ვიცით, რომ ყველაფერი იცი და აღარ გვჭირდება კითხვის დასმა. ამიტომაც ვირწმუნეთ, რომ ღვთისგან ხარ!“ 31 იესომ ჰკითხა: „ახლა გწამთ? 32 მოდის დრო და მოვიდა კიდეც, როცა ყველანი დაიფანტებით, თქვენ-თქვენს სახლებს დაუბრუნდებით და მარტოს დამტოვებთ.+ თუმცა მარტო არ ვარ, რადგან მამა ჩემთანაა.+ 33 ეს ყოველივე გითხარით, რათა ჩემით მშვიდობა გქონდეთ.+ ქვეყნიერებაში გასაჭირს შეხვდებით, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე ქვეყნიერებას!“+
17 ამის თქმის შემდეგ იესომ თვალები ზეცად აღაპყრო და თქვა: „მამა, მოვიდა დრო; განადიდე შენი ძე, რათა ძემ განგადიდოს შენ!+ 2 შენ დაუმორჩილე მას ყოველი ხორციელი,+ რათა ყველას, ვინც მას გადაეცი, მარადიული სიცოცხლე+ მისცეს.+ 3 მარადიული სიცოცხლის+ მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს,+ და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს.+ 4 მე განგადიდე დედამიწაზე,+ დავასრულე საქმე, რომელიც დამავალე.+ 5 ახლა კი, მამა, კვლავ მიბოძე ის დიდება, ქვეყნიერების შექმნამდე რომ მქონდა შენ გვერდით ყოფნისას.+
6 შენი სახელი ვამცნე ადამიანებს, რომლებიც შენ მომეცი ქვეყნიერებიდან.+ შენები იყვნენ ისინი და მე მომეცი, და შენი სიტყვა დაიცვეს. 7 ახლა ჩასწვდნენ, რომ ყველაფერი, რაც მომეცი, შენგანაა, 8 რადგან შენგან მოსმენილი მათ გადავეცი;+ მათაც მოისმინეს და დაიჯერეს, რომ შენგან ვარ,+ და ირწმუნეს, რომ შენ გამომგზავნე.+ 9 მათთვის გთხოვ, ქვეყნიერებისთვის კი არა, მათთვის, ვინც შენ მომეცი, რადგან ისინი შენები არიან; 10 ყველაფერი, რაც ჩემია, შენია, შენი კი — ჩემი,+ და მე მათ შორის განვდიდდი.
11 მე აღარ ვარ ქვეყნიერებაში, ისინი კი არიან.+ მე შენთან მოვდივარ. წმინდა მამა, დაიცავი ისინი+ შენი სახელის გულისთვის, რომელიც მიბოძე, რათა ისინიც ჩვენსავით ერთნი* იყვნენ.+ 12 როცა მათთან ვიყავი, ვიცავდი მათ შენი სახელის გულისთვის,+ რომელიც მიბოძე. დავიფარე ისინი და მათგან არავინ დაღუპულა+ დაღუპვის ძის გარდა,+ რათა შესრულებულიყო წმინდა წერილში ჩაწერილი.+ 13 ახლა კი შენთან მოვდივარ, და, სანამ ქვეყნიერებაში ვარ ამ ყოველივეს ვამბობ, რათა მათაც განიცადონ ის სიხარული, რასაც მე განვიცდი.+ 14 შენი სიტყვა ვამცნე მათ, და ქვეყნიერებამ შეიძულა ისინი, რადგან არ არიან ქვეყნიერების ნაწილი,+ როგორც მე არ ვარ ქვეყნიერების ნაწილი.
15 იმას კი არ გთხოვ, ქვეყნიერებიდან წაიყვანო ისინი, არამედ იმას, რომ ბოროტისგან დაიცვა.+ 16 ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი,+ როგორც მე არ ვარ ქვეყნიერების ნაწილი.+ 17 განწმინდე ისინი ჭეშმარიტებით;+ შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა!+ 18 როგორც შენ გამომგზავნე ქვეყნიერებაში, ისე მე გავგზავნე ისინი ქვეყნიერებაში.+ 19 მათი გულისთვის ვიწმინდები, რათა ისინიც განიწმინდონ ჭეშმარიტებით.
20 მხოლოდ ამათზე კი არ გთხოვ, არამედ იმათზეც, ვინც მათი ნათქვამით მირწმუნებს, 21 რათა ყველანი ერთნი იყვნენ,+ როგორც შენ, მამა, ჩემთან ხარ ერთობაში, მე კი — შენთან,+ რათა ისინიც ერთობაში იყვნენ ჩვენთან და ქვეყნიერებამ ირწმუნოს, რომ შენ გამომგზავნე. 22 მათაც ვუბოძე ის დიდება, შენ რომ მიბოძე, რათა ერთნი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ ერთნი.+ 23 მე მათთან ვარ ერთობაში, შენ კი — ჩემთან, რათა სრულყოფილ ერთობას მიაღწიონ და ქვეყნიერებამ იცოდეს, რომ შენ გამომგზავნე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე. 24 მამა, მსურს, რომ ისინიც ჩემთან იყვნენ,+ ვინც შენ მომეცი, რათა დაინახონ ჩემი დიდება, შენგან ბოძებული, რადგან მანამ შემიყვარე, სანამ ქვეყნიერებას დასაბამი მიეცემოდა.+ 25 მართალო მამა, ქვეყნიერებას არ შეუცნიხარ,+ მაგრამ მე გიცნობ+ და ესენიც მიხვდნენ, რომ შენ გამომგზავნე. 26 ვამცნე მათ შენი სახელი და კვლავაც ვამცნობ,+ რათა მათაც ჰქონდეთ ის სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, და მე მათთან ვიყო ერთობაში“.+
18 ეს ყველაფერი რომ თქვა, იესო მოწაფეებთან ერთად კედრონის ხევის+ გაღმა გავიდა, სადაც ბაღი იყო. ისინი ბაღში შევიდნენ.+ 2 მისმა გამცემმა იუდამაც იცოდა ეს ადგილი, რადგან იესო და მისი მოწაფეები იქ ხშირად იკრიბებოდნენ. 3 წაიყვანა იუდამ ჯარისკაცთა რაზმი და უფროს მღვდელთა და ფარისეველთა მცველები და მივიდნენ იქ ჩირაღდნებით, ლამპრებითა და იარაღით.+ 4 იესომ იცოდა, რაც მოელოდა. ამიტომ წინ გადადგა ნაბიჯი და ჰკითხა მათ: „ვის ეძებთ?“ 5 მათ მიუგეს: „იესო ნაზარეთელს!“+ მან უთხრა: „მე ვარ!“ მისი გამცემი იუდაც მათთან ერთად იყო.+
6 როცა უთხრა, მე ვარო, მათ უკან დაიხიეს და მიწაზე დაემხვნენ.+ 7 იესომ კვლავ ჰკითხა: „ვის ეძებთ?“ მათ უპასუხეს: „იესო ნაზარეთელს!“ 8 იესომ მიუგო: „გითხარით, მე ვარ-მეთქი! თუ მე მეძებთ, ესენი გაუშვით!“ 9 ამგვარად შესრულდა მისი ნათქვამი: „მათგან, ვინც შენ მომეცი, არცერთი არ დამიკარგავს“.+
10 მაშინ სიმონ-პეტრემ მახვილი იშიშვლა, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა.+ მონას მალქე ერქვა. 11 იესომ პეტრეს უთხრა: „ჩააგე მახვილი ქარქაშში!+ განა არ უნდა შევსვა სასმისი, რომელიც მამამ მომცა?!“+
12 მაშინ ჯარისკაცებმა, ათასისთავმა და იუდეველთა მცველებმა შეიპყრეს იესო და შებოჭეს. 13 თავდაპირველად იგი ანასთან წაიყვანეს, კაიაფას+ სიმამრთან. კაიაფა იმ წელს მღვდელმთავრად მსახურობდა.+ 14 ეს ის კაიაფა იყო, რომელმაც იუდეველებს ურჩია, რომ მათთვისვე იქნებოდა უმჯობესი, თუკი ერთი ადამიანი მოკვდებოდა ხალხისთვის.+
15 იესოს მიჰყვებოდნენ სიმონ-პეტრე და კიდევ ერთი მოწაფე.+ ეს მოწაფე მღვდელმთავრის ნაცნობი იყო და იესოსთან ერთად შევიდა მღვდელმთავრის ეზოში, 16 პეტრე კი გარეთ იდგა, კართან. მაშინ ის მოწაფე, მღვდელმთავრის ნაცნობი რომ იყო, გარეთ გავიდა, კართან მსახურ გოგონას დაელაპარაკა და პეტრეც შიგნით შეიყვანა. 17 მსახურმა გოგონამ პეტრეს ჰკითხა: „შენც ამ კაცის მოწაფე არ ხარ?“ პეტრემ მიუგო: „არა!“+ 18 იქვე იდგნენ მონები და მცველები. რაკი ციოდა, ნახშირით ცეცხლი დაენთოთ და თბებოდნენ. პეტრეც მათთან იდგა და თბებოდა.
19 უფროსმა მღვდელმა იესოს გამოჰკითხა, ვინ იყვნენ მისი მოწაფეები და რას ასწავლიდა. 20 იესომ უპასუხა: „მე სახალხოდ ველაპარაკებოდი ქვეყნიერებას. ყოველთვის ვასწავლიდი სინაგოგასა და ტაძარში,+ სადაც იუდეველები იკრიბებიან. ფარულად არაფერი მილაპარაკია. 21 მე რატომ მეკითხები? მათ ჰკითხე, ვინც მისმენდა. მათ იციან, რასაც ვამბობდი“. 22 ეს რომ თქვა, ერთმა იქ მდგომმა მცველმა სილა გააწნა იესოს+ და უთხრა: „ასე უნდა უპასუხო უფროს მღვდელს?!“ 23 იესომ მიუგო: „თუ რამე არასწორად ვთქვი, მითხარი, და, თუ სწორად ვთქვი, რაღას მირტყამ?!“ 24 მაშინ ანამ ის შებოჭილი გაუგზავნა მღვდელმთავარ კაიაფას.+
25 სიმონ-პეტრე კვლავაც ცეცხლთან იდგა და თბებოდა. მას ჰკითხეს: „შენც მისი მოწაფე არა ხარ?“ მან უპასუხა: „არა!“+ 26 მღვდელმთავრის ერთმა მონამ, იმ კაცის ნათესავმა, რომელსაც პეტრემ ყური ჩამოათალა,+ უთხრა: „შენ არ გნახე ბაღში მასთან ერთად?!“ 27 პეტრემ კვლავაც იუარა და მამალმაც იყივლა.+
28 კაიაფასგან იესო იუდეის მმართველის სახლში წაიყვანეს.+ ახალი გათენებული იყო. თვითონ არ შესულან სახლში, რომ არ წაბილწულიყვნენ+ და პასექის ჭამა შეძლებოდათ. 29 ამიტომ პილატე გარეთ გამოვიდა და ჰკითხა მათ: „რაში სდებთ ბრალს ამ კაცს?“ 30 მათ მიუგეს: „დამნაშავე რომ არ ყოფილიყო, არ გადმოგცემდით!“ 31 პილატემ უთხრა მათ: „წაიყვანეთ და თქვენი კანონით გაასამართლეთ!“+ იუდეველებმა მიუგეს: „ჩვენ არავის მოკვლის უფლება არ გვაქვს!“+ 32 ეს იმიტომ მოხდა, რომ შესრულებულიყო იესოს ნათქვამი, თუ როგორ მოკვდებოდა.+
33 პილატე სახლში შებრუნდა, იესოს მოუხმო და ჰკითხა: „შენა ხარ იუდეველთა მეფე?“+ 34 იესომ უპასუხა: „ამას თავად მიხვდი თუ სხვებმა გითხრეს?“ 35 პილატემ მიუგო: „განა მე იუდეველი ვარ?! შენმა ხალხმა და უფროსმა მღვდლებმა გადმომცეს შენი თავი. რა ჩაიდინე?“ 36 იესომ უპასუხა:+ „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის.+ ამ ქვეყნიერების ნაწილი რომ ყოფილიყო, ჩემი მსახურები იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს არ ჩავვარდნოდი ხელში.+ მაგრამ ჩემი სამეფო არ არის მიწიერი“. 37 მაშინ პილატემ მას ჰკითხა: „ესე იგი, მეფე ხარ?!“ იესომ მიუგო: „შენ თვითონ ამბობ, რომ მეფე ვარ!+ მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი ქვეყნიერებაში, რომ ჭეშმარიტების შესახებ დამემოწმებინა.+ ყველა, ვინც ჭეშმარიტების მხარესაა, მისმენს“. 38 პილატემ ჰკითხა: „ჭეშმარიტება რაღაა?“
ეს რომ თქვა, კვლავ იუდეველებთან გამოვიდა და უთხრა მათ: „ვერაფერში ვდებ ბრალს.+ 39 თანაც ჩვეულება გაქვთ, რომ პასექზე ერთი კაცი გაგითავისუფლოთ.+ გინდათ, იუდეველთა მეფე გაგითავისუფლოთ?“ 40 ისინი კვლავ აყვირდნენ: „ეგ არა! ბარაბა!“ ბარაბა ყაჩაღი იყო.+
19 შემდეგ პილატეს ბრძანებით იესო წაიყვანეს და გაშოლტეს.+ 2 ჯარისკაცებმა ეკლებისგან გვირგვინი დაწნეს, თავზე დაადგეს და იისფერი მოსასხამი მოასხეს.+ 3 მიდიოდნენ მასთან და ეუბნებოდნენ: „მოგესალმებით, იუდეველთა მეფეო!“, და სილას აწნავდნენ.+ 4 პილატე ისევ გარეთ გამოვიდა და უთხრა ხალხს: „აჰა, გამომყავს იგი თქვენთან, რათა იცოდეთ, რომ ვერაფერში ვდებ ბრალს!“+ 5 მაშინ იესო გარეთ გამოვიდა თავზე ეკლის გვირგვინითა და იისფერი მოსასხამით. პილატემ მიმართა ხალხს: „აი კაცი!“ 6 მის დანახვაზე უფროსი მღვდლები და მცველები აყვირდნენ: „ძელზე გააკარი! ძელზე გააკარი!“+ პილატემ უთხრა მათ: „წაიყვანეთ და თქვენ თვითონ გააკარით, რადგან მე ვერაფერში ვდებ ბრალს!“+ 7 იუდეველებმა მიუგეს: „ჩვენ გვაქვს კანონი, რომლის მიხედვითაც ის სიკვდილს იმსახურებს,+ რადგან ღვთის ძედ მოაქვს თავი“.+
8 ეს რომ გაიგო, პილატე კიდევ უფრო შეშინდა, 9 შიგნით შევიდა და იესოს ჰკითხა: „საიდან ხარ?“ იესოს პასუხი არ გაუცია.+ 10 მაშინ პილატემ უთხრა მას: „მე არ მცემ პასუხს?! ნუთუ არ იცი, რომ შენი გათავისუფლებაც და ძელზე გაკვრაც ჩემს ხელთაა?!“ 11 იესომ უპასუხა: „ჩემზე არავითარი უფლებამოსილება არ გექნებოდა, ზევიდან რომ არ გქონდეს მოცემული. ამიტომაც მას, ვინც ჩემი თავი შენ გადმოგცა, უფრო დიდი ცოდვა აწევს!“
12 ამის გამო პილატე ცდილობდა, როგორმე გაეთავისუფლებინა იგი. იუდეველები კი გაჰყვიროდნენ: „შენ თუ მაგას გაათავისუფლებ, კეისრის მეგობარი არ ყოფილხარ! ვისაც მეფედ მოაქვს თავი, კეისრის მოწინააღმდეგეა!“+ 13 ეს სიტყვები რომ მოისმინა, პილატემ გარეთ გაიყვანა იესო და დაჯდა სასამართლო ტახტზე, რომელიც „ქვაფენილად“ წოდებულ ადგილას იდგა; ებრაულად მას „გაბათა“ ერქვა. 14 ხალხი პასექის სამზადისში+ იყო; მეექვსე საათი* იქნებოდა. პილატემ იუდეველებს მიმართა: „აი თქვენი მეფე!“ 15 ისინი კი აყვირდნენ: „მოგვაშორე! მოგვაშორე! ძელზე გააკარი!“ პილატემ ჰკითხა მათ: „თქვენი მეფე გავაკრა ძელზე?“ უფროსმა მღვდლებმა უპასუხეს: „ჩვენ არ გვყავს მეფე კეისრის გარდა!“ 16 მაშინ გადასცა პილატემ იგი მათ ძელზე გასაკრავად.+
მათაც წაიყვანეს იესო. 17 მიიტანა მან თავისი წამების ძელი* „თავის ქალად“ წოდებულ ადგილას,+ რომელსაც ებრაულად „გოლგოთა“ ჰქვია.+ 18 იქ ის ძელზე+ გააკრეს. მასთან ერთად აქეთ-იქით გაკრული იყო ორი სხვაც; იესო მათ შორის იყო.+ 19 პილატეს ბრძანებით წარწერაც გააკეთეს და წამების ძელზე* დაამაგრეს. წარწერა ასეთი იყო: „იესო ნაზარეთელი, იუდეველთა მეფე“.+ 20 ბევრმა იუდეველმა წაიკითხა ეს წარწერა, რადგან ადგილი, სადაც იესო ძელზე გააკრეს, ქალაქთან ახლოს იყო, თანაც წარწერა ებრაულ, ლათინურ და ბერძნულ ენებზე იყო შესრულებული. 21 იუდეველთა უფროსი მღვდლები პილატეს ეუბნებოდნენ: «ნუ წერ: „იუდეველთა მეფე“, დაწერე, როგორც მან თქვა: „მე ვარ იუდეველთა მეფე“». 22 პილატემ უპასუხა: „რაც დავწერე, დავწერე!“
23 როცა ჯარისკაცებმა იესო ძელზე გააკრეს, აიღეს მისი მოსასხამი და სამოსელი. მოსასხამი ოთხ ნაწილად გაყვეს, რომ თითოეულ ჯარისკაცს თითო ნაწილი შეხვედროდა, სამოსელი კი უნაკერო იყო, თავიდან ბოლომდე ნაქსოვი. 24 ერთმანეთს უთხრეს: „ნუ დავხევთ, კენჭი ვყაროთ და ვისაც შეხვდება, იმისი იყოს!“+ ეს იმიტომ მოხდა, რომ შესრულებულიყო წმინდა წერილში ჩაწერილი: „ჩემი მოსასხამი გაინაწილეს და ჩემს სამოსელზე წილი ყარეს“.+ ჯარისკაცებიც სწორედ ასე მოიქცნენ.
25 იესოს წამების ძელთან* იდგნენ დედამისი,+ დეიდამისი, კლოპას ცოლი მარიამი და მაგდალელი მარიამი.+ 26 იქ მდგომი დედამისი და თავისი საყვარელი მოწაფე+ რომ დაინახა, იესომ დედას უთხრა: „აი შენი ვაჟი!“ 27 მერე კი მოწაფეს უთხრა: „აი დედაშენი!“ იმ მოწაფემ მარიამი თავისთან წაიყვანა.
28 იესომ იცოდა, რომ უკვე ყველაფერი შესრულდა, და თქვა: „მწყურია!“,+ რითაც აღასრულა წმინდა წერილში ჩაწერილი. 29 იქვე ძმრით სავსე ჭურჭელი იდგა. ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი უსუპის ღეროს წამოაცვეს და იესოს პირთან მიუტანეს. + 30 როცა ძმარი იგემა, იესომ თქვა: „აღსრულდა!“+ თავი დახარა და სული განუტევა.+
31 სამზადისის დღე+ იყო და გვამები ძელზე* რომ არ დარჩენილიყო+ შაბათს (რადგან დიდი შაბათი დგებოდა),+ იუდეველებმა პილატეს სთხოვეს, რომ წვივები გადაემტვრიათ მათთვის და ჩამოეხსნათ. 32 მაშინ მივიდნენ ჯარისკაცები და იმ კაცებს, იესოსთან ერთად რომ იყვნენ ძელზე გაკრულნი, წვივები გადაუმტვრიეს. 33 როცა იესოსთან მივიდნენ, ნახეს, რომ ის უკვე მკვდარი იყო და წვივები აღარ გადაუმტვრევიათ მისთვის. 34 მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა შუბი აძგერა ფერდში,+ და მას მაშინვე სისხლი და წყალი წამოუვიდა. 35 ამის შესახებ თვითმხილველმა დაამოწმა და მისი მოწმობა უტყუარია. მან იცის, რომ სიმართლეს ამბობს, რათა ეს თქვენც ირწმუნოთ.+ 36 ეს ყოველივე იმიტომ მოხდა, რომ შესრულებულიყო წმინდა წერილში ჩაწერილი: „მისი ძვალი არ გადატყდება“.+ 37 წმინდა წერილში ესეც ეწერა: „შეხედავენ მას, ვინც განგმირეს“.+
38 ამის შემდეგ იოსებ არიმათეელმა, რომელიც იესოს მოწაფე იყო, ოღონდ ფარულად, რადგან იუდეველების ეშინოდა,+ პილატეს იესოს ცხედრის ჩამოხსნის ნებართვა სთხოვა. პილატემ ნება დართო. ისიც მივიდა და ჩამოხსნა ცხედარი.+ 39 მივიდა ნიკოდემეც,+ რომელმაც პირველად ღამით მიაკითხა მას, და მიიტანა 100 ლიტრამდე* ზმირინისა და ალოეს ნაზავი.+ 40 იესოს ცხედარი ამ ნაზავთან ერთად გაახვიეს სახვევებში+ იუდეველთა დაკრძალვის ჩვეულებისამებრ. 41 იმ ადგილას, სადაც ის ძელზე გააკრეს, ბაღი იყო, ბაღში კი — ახალი სამარხი,+ რომელშიც მანამდე არავინ დაესვენებინათ. 42 იუდეველები სამზადისში+ იყვნენ, და რადგან სამარხი ახლოს იყო, იესო იქ დაასვენეს.
20 კვირის პირველ დღეს, დილით ადრე,+ როცა ჯერ კიდევ ბნელოდა, მაგდალელი მარიამი სამარხთან მივიდა და დაინახა, რომ სამარხისთვის ლოდი მოეცილებინათ.+ 2 იგი გაიქცა, მივიდა სიმონ-პეტრესთან და იმ მოწაფესთან, რომელიც იესოს გამორჩეულად უყვარდა,+ და უთხრა მათ: „უფლის ცხედარი წაუღიათ სამარხიდან და არ ვიცით, სად დაასვენეს!“+
3 მაშინ პეტრე და ის მოწაფე სამარხისკენ გაეშურნენ. 4 ორივე ერთად გაიქცა, მაგრამ მეორე მოწაფემ პეტრეს გაუსწრო და სამარხთან პირველმა მიირბინა. 5 დაიხარა და დაინახა დაყრილი სახვევები,+ მაგრამ შიგნით არ შესულა. 6 სიმონ-პეტრეც ფეხდაფეხ მიჰყვა, შევიდა სამარხში და დაინახა დაყრილი სახვევები. 7 თუმცა ნაჭერი, რომელიც იესოს თავზე ჰქონდა შემოხვეული, სახვევებთან კი არ იდო, არამედ ცალკე იდო დახვეული. 8 იმ დროს შიგნით შევიდა ის მოწაფეც, რომელიც პირველი მივიდა სამარხთან, და ნანახმა დაარწმუნა ნათქვამში. 9 თუმცა ისინი ჯერ კიდევ ვერ სწვდებოდნენ წმინდა წერილში ჩაწერილს, რომ ის მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო;+ 10 მოწაფეები თავ-თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ.
11 მარიამი სამარხთან იდგა და ტიროდა; დაიხარა, რომ სამარხში შეეხედა, 12 და იმ ადგილას, სადაც იესოს ცხედარი ესვენა, თეთრით მოსილი ორი ანგელოზი+ დაინახა: ერთი თავთით იჯდა, მეორე — ფერხთით. 13 ჰკითხეს მას: „რატომ ტირი?“ მან მიუგო: „ჩემი უფლის ცხედარი წაიღეს და არ ვიცი, სად დაასვენეს!“ 14 ეს რომ თქვა, მოტრიალდა და დაინახა იქვე მდგომი იესო, მაგრამ ვერ იცნო.+ 15 იესომ მას ჰკითხა: „რატომ ტირი? ვის ეძებ?“ მას მებაღე ეგონა და უთხრა: „ბატონო, თუ შენ წაიღე, მითხარი, სად დაასვენე და წამოვიღებ!“ 16 იესომ მიუგო: „მარიამ!“ ის კი მოტრიალდა და ებრაულად უთხრა: „რაბუნი!“ (რაც ნიშნავს „მოძღვარო“). 17 იესომ უთხრა: „გამიშვი ხელი, ჯერ არ ავსულვარ მამასთან! წადი ჩემს ძმებთან+ და უთხარი, რომ მე ავდივარ მამაჩემთან+ და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან+ და თქვენს ღმერთთან!“ 18 მივიდა მაგდალელი მარიამი მოწაფეებთან და ახარა, უფალი ვიხილეო, და მისი ნათქვამიც გადასცა.+
19 იმავე დღეს, კვირის პირველ დღეს, როცა უკვე გვიანი იყო და მოწაფეებს იუდეველთა შიშით კარი ჰქონდათ ჩაკეტილი, იესო მივიდა, მათ შორის დადგა და თქვა: „მშვიდობა თქვენდა!“+ 20 ეს რომ თქვა, მათ ხელები და ფერდი აჩვენა.+ მოწაფეები გაახარა უფლის დანახვამ.+ 21 იესომ კვლავ უთხრა მათ: „მშვიდობა თქვენდა!+ როგორც მე გამომგზავნა მამამ,+ მეც ისე გგზავნით თქვენ!“+ 22 ეს რომ თქვა, სული შეუბერა მათ და უთხრა: „მიიღეთ წმინდა სული!+ 23 ვისაც აპატიებთ ცოდვებს, ეპატიება, ვისაც არ აპატიებთ, არ ეპატიება“.
24 თორმეტი მოციქულიდან ერთ-ერთი, „ტყუპისცალად“ წოდებული თომა,+ იმ დროს იქ არ იყო. 25 როცა მოწაფეებმა უთხრეს, უფალი ვნახეთო, მან მიუგო, თუ მის ხელებზე ნალურსმევს არ ვნახავ და არ შევეხები, და ნაჭრილობევ ფერდს ხელს არ დავადებ,+ არ ვირწმუნებო.
26 რვა დღის შემდეგ მისი მოწაფეები კვლავ სახლში იყვნენ და თომაც მათთან იყო. კარი ჩაკეტილი ჰქონდათ, თუმცა იესო შევიდა, მათ შორის დადგა და თქვა: „მშვიდობა თქვენდა!“+ 27 შემდეგ თომას უთხრა: „დამადე თითი და ნახე ჩემი ხელები! მოდი, შეეხე ჩემს ფერდს. ნუ დაეჭვდები*, ირწმუნე!“ 28 მაშინ თომამ თქვა: „ჩემო უფალო და ჩემო ღმერთო!“ 29 იესომ უთხრა: „იმიტომ ირწმუნე, რომ მიხილე?! ბედნიერია, ვისაც არ უხილავს, მაგრამ სწამს!“
30 იესომ მოწაფეების წინაშე ბევრი სხვა სასწაულიც მოახდინა, რომლებიც ამ გრაგნილზე არ დაწერილა;+ 31 მაგრამ რაც დაიწერა, იმისთვის დაიწერა, რომ ირწმუნოთ, იესო არის ქრისტე, ღვთის ძე, და რწმენით გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელის მეშვეობით.+
21 ამის შემდეგ იესო კვლავ ეჩვენა თავის მოწაფეებს ტიბერიადის ზღვასთან. ეს ყოველივე ასე მოხდა: 2 სიმონ-პეტრე, „ტყუპისცალად“ წოდებული თომა,+ ნათანაელი+ გალილეის კანიდან, ზებედეს ვაჟები+ და ორი სხვა მოწაფე ერთად იყვნენ. 3 სიმონ-პეტრემ უთხრა მათ: „სათევზაოდ მივდივარ“. მათ მიუგეს: „ჩვენც წამოვალთ“. გავიდნენ ზღვაში ნავით, მაგრამ იმ ღამით ვერაფერი დაიჭირეს.+
4 თენდებოდა. იესო ნაპირზე იდგა, მაგრამ მოწაფეებმა ვერ იცნეს იგი.+ 5 იესომ ჰკითხა მათ: „შვილებო, საჭმელი არაფერი გაქვთ?“ მათ უპასუხეს: „არა!“ 6 შემდეგ უთხრა: „ნავის მარჯვენა მხარეს ისროლეთ ბადე და დაიჭერთ თევზს!“ მათაც ისროლეს და იმდენი დაიჭირეს, რომ ბადე ვეღარ ამოჰქონდათ.+ 7 მაშინ მოწაფემ, რომელიც იესოს გამორჩეულად უყვარდა,+ პეტრეს უთხრა: „ეს უფალია!“ სიმონ-პეტრემ რომ გაიგონა, უფალიაო, ჩაიცვა, რადგან ტანთ არ ეცვა, და ზღვაში გადაეშვა, 8 მოწაფეებმა კი თევზით სავსე ბადე გამოათრიეს, რადგან ნავი ნაპირიდან არც ისე შორს, დაახლოებით 90 მეტრის* მანძილზე იყო.
9 როცა ნაპირზე გამოვიდნენ, დაინახეს პური და ნაკვერჩხლებზე დაწყობილი თევზი. 10 იესომ უთხრა მათ: „მომიტანეთ ახალდაჭერილი თევზი!“ 11 სიმონ-პეტრე ნავში ჩაჯდა და ხმელეთზე გამოათრია ბადე, რომელშიც 153 დიდი თევზი იყო. თევზის სიმრავლის მიუხედავად, ბადე არ გახეულა. 12 იესომ უთხრა მოწაფეებს: „მოდით, ისაუზმეთ!“ ვერცერთმა ვერ გაბედა ეკითხა, ვინ ხარო, რადგან იცოდნენ, რომ უფალი იყო. 13 იესომ აიღო პური და მისცა მათ, შემდეგ თევზიც ჩამოურიგა. 14 ეს უკვე მესამე შემთხვევა იყო,+ როცა ის მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მოწაფეებს ეჩვენა.
15 საუზმეს რომ მორჩნენ, იესომ სიმონ-პეტრეს ჰკითხა: „სიმონ, იოანეს ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ?“ მან მიუგო: „დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ!“ შემდეგ უთხრა მას: „აძოვე ჩემი ბატკნები!“+ 16 მეორედაც ჰკითხა: „სიმონ, იოანეს ძეო, გიყვარვარ?“ მან მიუგო: „დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ!“ უთხრა მას: „დამწყემსე ჩემი ბატკნები!“+ 17 მესამედაც ჰკითხა: „სიმონ, იოანეს ძეო, გიყვარვარ?“ პეტრე დამწუხრდა, მესამედ რომ ჰკითხა, გიყვარვარო, და უთხრა მას: „უფალო, შენ ყველაფერი იცი. იცი, რომ მიყვარხარ!“ იესომ უთხრა: „აძოვე ჩემი ბატკნები!+ 18 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნები: როცა ახალგაზრდა იყავი, თავად იცვამდი ხოლმე და სადაც გინდოდა, იქ მიდიოდი, მაგრამ, როცა დაბერდები, ხელებს გაიწვდი, სხვა ჩაგაცმევს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა“. 19 ამით მიანიშნა, თუ როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. შემდეგ უთხრა მას: „კვლავაც მომყევი!“+
20 პეტრე მოტრიალდა და დაინახა, რომ მათ მიჰყვებოდა მოწაფე, რომელიც იესოს გამორჩეულად უყვარდა,+ ის, ვინც ვახშამზე იესოს მკერდზე მიეყრდნო და ჰკითხა, უფალო, ვინ გაგცემსო. 21 მის დანახვაზე პეტრემ იესოს ჰკითხა: „უფალო, ამას რაღა მოუვა?“ 22 იესომ უთხრა მას: „თუ ჩემი ნებაა, რომ დარჩეს ჩემ მოსვლამდე, შენ რა?! შენ მე გამომყევი!“ 23 ამის გამო ხმა დაირხა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა, თუმცა იესოს არ უთქვამს, არ მოკვდებაო, მან თქვა, თუ ჩემი ნებაა, დარჩეს ჩემ მოსვლამდე, შენ რაო?!
24 ეს ის მოწაფეა,+ რომელიც მოწმობს ამის შესახებ და რომელმაც დაწერა ეს, და ვიცით, რომ მისი მოწმობა სარწმუნოა.
25 სხვაც ბევრი რამ გააკეთა იესომ. ყველაფერი დაწვრილებით რომ დაწერილიყო, ვფიქრობ, ქვეყნიერებაც ვერ დაიტევდა დაწერილ გრაგნილებს.+
სხვაგვარად — „ღვთაებრივი“.
სიტყვასიტყვით — „მისი სახელი“.
სიტყვასიტყვით — „მამის მკერდთან“; იგულისხმება განსაკუთრებული სიახლოვე.
იხ. დანართი ა5.
დაახლ. დღის 4 სთ.
სიტყვასიტყვით — „[მერე] მე და შენ რა, ქალო?!“ ეს იყო წინააღმდეგობის გამომხატველი იდიომი; მიმართვა „ქალო“ არ იყო შეურაცხმყოფელი.
სავარაუდოდ, ამ მუხლში მოხსენიებულ საწყაოში იგულისხმება ბათი. ბათი უდრიდა 22 ლ-ს. იხ. დანართი ბ14.
სიტყვასიტყვით — „მოშურნეობამ შემჭამა“.
სიტყვასიტყვით — „მისი სახელი“.
ან შესაძლოა: „ზეციდან არ იშვება“.
სიტყვასიტყვით — „ძის სახელი“.
დაახლ. დღის 12 სთ.
დაახლ. დღის 1-ლი სთ.
იხ. დანართი ა3.
სიტყვასიტყვით — „სიცოცხლის აღდგომისთვის“.
სიტყვასიტყვით — „სასამართლოს აღდგომისთვის“.
სიტყვასიტყვით — „დაახლოებით 25 ან 30 სტადიონი“. სტადიონი უდრიდა 185 მ-ს. იხ. დანართი ბ14.
იხ. დანართი ა5.
ან შესაძლოა: „თავშეყრის ადგილას“.
იხ. „კარვობის დღესასწაული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
იგულისხმება რაბინთა სკოლებში სწავლა.
ბევრ უძველეს ავტორიტეტულ ხელნაწერში არ გვხვდება მონაკვეთი მე-7 თავის 53-ე მუხლიდან მე-8 თავის მე-11 მუხლის ჩათვლით.
სხვაგვარად — „ერთობაში“.
სხვაგვარად — „ღვთის მსგავსები“.
სიტყვასიტყვით — „დაახლოებით 15 სტადიონის“. სტადიონი უდრიდა 185 მ-ს. იხ. დანართი ბ14.
დედანში გამოყენებული ბერძნული სიტყვა მიუთითებს წონის ერთეულზე, რომელიც უდრიდა 327 გრ-ს.
იხ. დანართი ა5.
ბერძნ. „ფსიქე“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
სიტყვასიტყვით — „ამ საათისგან“.
იგულისხმება ძელზე გაკვრა.
იგულისხმება ძელზე გაკვრა.
იხ. დანართი ა5.
იხ. დანართი ა5.
სხვაგვარად — „ინახად იჯდა“. იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.
სხვაგვარად — „ნუგეშისმცემელს“.
სხვაგვარად — „ერთობაში“.
დაახლ. დღის 12 სთ.
იხ. „ძელი, წამების ძელი“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
იხ. „ძელი, წამების ძელი“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
იხ. „ძელი, წამების ძელი“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
იხ. „ძელი, წამების ძელი“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
დედანში გამოყენებული ბერძნული სიტყვა მიუთითებს წონის ერთეულზე, რომელიც უდრიდა 327 გრ-ს.
სიტყვასიტყვით — „ნუ იქნები ურწმუნო“.
სიტყვასიტყვით — „დაახლოებით 200 წყრთის“. იხ. დანართი ბ14.