საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g96 ოქტომბერი გვ. 17-27
  • ოქტ.—დეკ. ტიტა მშფოთვარე წარსულის მქონე ყვავილი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ოქტ.—დეკ. ტიტა მშფოთვარე წარსულის მქონე ყვავილი
  • გამოიღვიძეთ! — 1996
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ჰოლანდიური ტიტები აღმოსავლური ფესვებით
  • ტიტების მანია — ცხარე პერიოდი
  • მგზნებარე გატაცება გრძელდება
  • „აბსოლუტური სინათლე“
    გამოიღვიძეთ! — 2002
  • ადამიანმა შემოქმედისგან ისესხა იდეა
    გამოიღვიძეთ! — 2003
გამოიღვიძეთ! — 1996
g96 ოქტომბერი გვ. 17-27

ტიტა მშფოთვარე წარსულის მქონე ყვავილი

„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან ნიდერლანდებში

„ჰოლანდიაში გაზაფხულის მოსვლა თითქოს ათასობით ჰექტარს აცოცხლებს“, — ამბობს ნიდერლანდების ტურიზმის ბიურო. მოულოდნელად, ფერებად ამოტყორცნილი, გაფურჩქნული ტიტების მრავალი კაშკაშა ნაკადული მინდვრებში იღვრება და მსოფლიოს ტურისტებისთვის ყვავილთა მომხიბვლელ დიად სანახაობას ქმნის. სტუმრების უმრავლესობისთვის ეს ნაზი და ფართოდ ცნობილი ბაღის ყვავილები ისეთივე ჰოლანდიურია, როგორც ქარის წისქვილი, ყველი და ხის ფეხსაცმელი. მაგრამ, თუ იცოდი, რომ ტიტების ფესვები, სინამდვილეში, თურქეთიდან მოდის?

ჰოლანდიური ტიტები აღმოსავლური ფესვებით

თურქული ორნამენტები XII საუკუნიდან გამოსახავს ტიტებს, მაგრამ, როგორც ბოტანიკოსი ადელაიდა ლ. სტორკი აღნიშნავს, ევროპული ლიტერატურა ტიტებს პირველად 1550-იან წლებში მოიხსენიებს. 1553 წელს ფრანგი მოგზაური წერდა, რომ „გაოცებული უცხოელები“ კონსტანტინოპოლის (სტამბული) ბაზრებში უცნობ „დიდ ბოლქვებიან წითელ შროშნებს“ ყიდულობდნენ. ადგილობრივმა მკვიდრებმა ყვავილს „დიულბენდი“ დაარქვეს, რაც თურქულ ენაზე „ჩალმას“ ნიშნავს და ეს სიტყვა, როგორც დოქტორი სტორკი განმარტავს, «სიტყვა „ტიტის“ ეტიმოლოგიური წყარო» გახდა.

ამ ჩალმის მსგავსი ყვავილებით დაინტერესებული ერთ-ერთი უცხოელი იყო ოქირ გილან დე ბუზბეკი, ავსტრიის ელჩი თურქეთში (1555–1562). მან რამდენიმე ბოლქვი კონსტანტინოპოლიდან ვენაში ჩაიტანა, სადაც ბოლქვები ჩარგეს ჰაბსბურგების დინასტიის იმპერატორის, ფერდინანდ I, ბაღებში. იქ ტიტის ბოლქვები აყვავდა ფრანგი ბოტანიკოსის შარლ დე ლეკლიუზის — ოსტატური მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიც უფრო ცნობილია თავისი ლათინური სახელით, კაროლუს კლიუზიუსი.

ცოტა ხანში კლიუზიუსის სახელმა ნიდერლანდებში ლეიდენის უნივერსიტეტის ყურადღება მიიპყრო, რომელმაც დაითანხმა, რომ უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღის კურატორის ადგილი დაეკავებინა. 1593 წლის ოქტომბერში კლიუზიუსი — და „ტიტების გადამალული ბოლქვები“ — ლეიდენში ჩავიდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ, 1594 წლის გაზაფხულზე, კლიუზიუსის ახალი ბაღი ნიდერლანდებში პირველი აყვავებული ტიტების ადგილი გახდა.

ტიტების მანია — ცხარე პერიოდი

ტიტების კაშკაშა ფერები და ეგზოტიკური ფორმა ატყვევებდა ჰოლანდიელებს. არარეალური ისტორიები უზომოდ დიდი ფასების შესახებ, რომლებსაც თურქი სულთნები ტიტის ბოლქვებს ადებდნენ, ტიტის ბოლქვებს საკუთარ პრესტიჟზე მზრუნველი ყოველი მოქალაქის შურის ობიექტად ხდიდა. მოკლე ხანში ტიტის ბოლქვების მოყვანა შემოსავლიან საქმედ იქცა და, როცა მოთხოვნილებამ მარაგს გადააჭარბა, ბოლქვების ფასები სწრაფად აიწია და ცხარე პერიოდი გამოიწვია, რომელსაც ჰოლანდიელი ისტორიკოსები „ტულპენვიუდეს“, ანუ ტიტების მანიას უწოდებენ.

თავის მწვერვალს ტიტების მანიამ 1630-იან წლებში მიაღწია, როცა ტიტის ბოლქვები ყველაზე პოპულარული საქონელი გახდა. ხელოვნების ისტორიის მცოდნე ოლივერ იმპი ამბობს, რომ იმ დროს იან დ. დე ჰეემის (XVII საუკუნის ჰოლანდიელი ნატურმორტისტი) მიერ შესრულებული ტიტების ნახატის ყიდვა უფრო შესაძლებელი იყო, ვიდრე ტიტის იშვიათი ბოლქვის. ტიტის ერთ ბოლქვს პატარძლის მზითვად თვლიდნენ, სამი ბოლქვი არხის გაღმა მდებარე სახლის ფასს წარმოადგენდა, ხოლო ტიულიპ ბრასრის ჯიშის ერთ ბოლქვს ლუდის მომგებიან ქარხანაში ცვლიდნენ. ტიტის ბოლქვის გამყიდველებს ყოველთვიურად შეეძლოთ დაახლოებით 44 000 დოლარი (აშშ-ს დოლარი დღევანდელი კურსით) ჰქონოდათ. როგორც ერთ-ერთი წყარო იტყობინება, „მთელი ჰოლანდიის მასშტაბით სასტუმროებსა და ლუდხანებში საუბრები და მორიგებები მხოლოდ ერთი საკითხის — ტიტის ბოლქვების გარშემო ტრიალებდა“.

„ფასების ურყევი ზრდა, ჩვეულებრივ, საშუალო და დაბალი ფენის ოჯახებს ხიბლავდა, ეთამაშათ ტიტების ბირჟაზე“, — ამატებს „ახალი ბრიტანული ენციკლოპედია“ (The New Encyclopædia Britannica). „უფრო მაღალ ფასად გაყიდვის მიზნით, ბოლქვების საყიდლად სახლებს, ქონებასა და მრეწველობას აგირავებდნენ. ბევრჯერ ყიდვა-გაყიდვა მიწიდან ბოლქვების ამოუღებლად ხდებოდა“. სიმდიდრე თვალის დახამხამებაში ორმაგდებოდა. ღარიბები მდიდრდებოდნენ; მდიდრები კიდევ უფრო მდიდრდებოდნენ. ტიტების ბოლქვებით ვაჭრობა მოთამაშეთა უკონტროლო ბირჟად იქცა, სანამ 1637 წელს გამყიდველთა რიცხვმა მოულოდნელად მყიდველთა რიცხვს არ გადააჭარბა — და ბირჟა გაკოტრდა. თითქმის ერთ ღამეში ათასობით მდიდარი ჰოლანდიელი გაღარიბდა.

მგზნებარე გატაცება გრძელდება

მიუხედავად ამისა, ტიტებისადმი მგზნებარე გატაცება გადაურჩა ტიტების მანიის შედეგებს და ტიტის ბოლქვების მრეწველობამ კვლავ იწყო აყვავება. თანაც XVIII საუკუნისთვის ჰოლანდიური ტიტები ისე ცნობილი გახდა, რომ თურქეთის სულთანმა, აჰმედ III, ათასობით ტიტა ჩაიტანა ჰოლანდიიდან. ამგვარად, დიდი მოგზაურობის შემდეგ თურქული ტიტის ჰოლანდიური ნაყოფი თავის ფესვებს დაუბრუნდა.

როგორც ზოგი ამბობს, დღეს ნიდერლანდებში ტიტების მოყვანა მთავარ მრეწველობად — ანუ, მშვენიერ ბიზნესად იქცა. ქვეყნის 34 000 კვადრატული კილომეტრიდან დაახლოებით 7 700 ჰექტარი ტიტების მოსაყვანად არის განკუთვნილი. ყოველწლიურად, ქვეყნის 3 300 მებაღე ტიტის დაახლოებით ორ მილიონ ბოლქვს 80-ზე მეტ ქვეყანაში ექსპორტირებს.

თუმცა ტიტას მშფოთვარე წარსული ჰქონდა, ბაღის ამ ფავორიტისადმი ადამიანის სიყვარული დღემდე ურყევია. საუკუნეების განმავლობაში ეს შესანიშნავი ყვავილი აღძრავდა მხატვრებს, პოეტებსა და მეცნიერებს, ტილოსა და ქაღალდზე აღებეჭდათ მისი ნაზი ფორმა და აღმაფრთოვანებელი ფერები. მას შემდეგ, რაც XVIII საუკუნის მეცნიერმა იოჰან ქრისტიან ბენემანმა გერმანულ ენაზე ტიტის შესახებ მონოგრაფია დაწერა, მან უწოდა ტრაქტატს „ტიტა შემოქმედის განდიდებისთვის და კეთილშობილთა სიამოვნებისთვის“ (Die Tulpe zum Ruhm ihres Schöpffers, und Vergnügung edler Gemüther). ადელაიდა სტორკი აღნიშნავს, რომ მისთვის და მრავალი სხვა ავტორისთვის ტიტა „მხოლოდ მებაღის ყურადღების ობიექტი კი არ არის, არამედ შემოქმედის სიდიადისა და ღირსების ანარეკლია“. ამ ნაზი ყვავილის შემხედვარეს, შენც გაგიჭირდება ამის უარყოფა.

[ჩარჩო 26 გვერდზე]

როგორ მოიყვანო ტიტები

თუ წყლის საკმარისი რაოდენობით უზრუნველყოფ, თითქმის ყველანაირი ნიადაგი ხელსაყრელი იქნება. მაგრამ თუ ქვიშას, ტორფს ან კომპოსტს მიწასთან შევურევთ, მოყვანის გაადვილება შეიძლება.

ტიტის ბოლქვები ჩარგე შემოდგომაზე. არსებობს ჩარგვის ორი მეთოდი: შეგიძლია თითოეული ბოლქვისთვის ცალკე ორმო ამოთხარო ან ყველა ბოლქვის ერთდროულად ჩასარგავად კვალი გააკეთო.

ტიტის ბოლქვების ჩარგვის პრაქტიკული მეთოდი: ჩასარგავი სიღრმე ორჯერ უნდა აღემატებოდეს ბოლქვის სიმაღლეს. ეს ნიშნავს, რომ ბოლქვის ფსკერი (ბრტყელი მხარე) ზედაპირიდან დაახლოებით 20 სანტიმეტრის სიღრმეზე უნდა იყოს. ბოლქვები ერთმანეთისგან დაახლოებით 12 სანტიმეტრით უნდა იყოს დაშორებული.

ბოლქვები ამოთხრილი მიწით დაფარე და მაშინვე მორწყე, რათა ზრდა დაიწყოს. მაგარი ყინვის დროს ტორფის ფენა ან ფოთლის მულჩი ბოლქვებს დაიცავს და ნიადაგის გაშრობას ხელს შეუშლის. გაზაფხულზე პირველი ღივების გამოჩენისას მულჩი მოაშორე.

წააკვეცე ყვავილს თავები, როცა გვირგვინის ფურცლები დაბლა დაშვებას იწყებს; სხვაგვარად მცენარე თესლს გამოიღებს და ბოლქვს მომავალი წლის ზრდისთვის საჭირო საკვებს წაართმევს. დაანებე, რომ ფოთლები თავისით გაშრეს და მოაცილე, როცა გაყვითლდებიან.

ნაირ-ნაირი ჯიშის ბოლქვების აქეთ-იქით ჩარგვის ნაცვლად, ერთი ჯიშისა და ფერის ბოლქვები ჯგუფებად ჩარგე. ამგვარად შენ ფერების მკაფიო ნაკვეთებს შექმნი და სავსებით დატკბები შენს ბაღში მოყვანილი ყვავილების შედევრით (International Flower Bulb Centre, Holland/National Geographic).

[სურათის საავტორო უფლებები 17 გვერდზე]

გვერდი 24: დაბლა: Nederlands Bureau voor Toerisme; მარცხნივ მაღლა, ცენტრში და მარჯვნივ მაღლა: Internationaal Bloembollen Centrum, Holland; გვერდი 25, დაბლა: Nederlands Bureau voor Toerisme/Capital Press

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება