გმობის მიზეზის გამოაშკარავება
„გულის სავსებისაგან მეტყველებს პირი“ (მათე 12:34).
დაახლოებით ორი ათასი წლის წინ თქვა იესო ქრისტემ ზემოხსენებული სიტყვები. დიახ, სიტყვები ხშირად გამოხატავს ადამიანის გრძნობებსა და მოტივებს. სიტყვები შეიძლება იყოს საქებარი (იგავნი 16:23). მეორე მხრივ კი — დაუნდობელი (მათე 15:19).
ერთმა ქალმა მეუღლის შესახებ თქვა: „ხშირად და მოულოდნელად ბრაზდება, მასთან ცხოვრება დანაღმულ მინდორზე სიარულს ჰგავს — არ იცი რა გამოიწვევს აფეთქებას“. რიჩარდიც მსგავს მდგომარეობაშია. „ლიდია ყოველთვის შემართულია, — ამბობს ის. — მას უბრალოდ საუბარი არ შეუძლია; მრისხანე შენიშვნებით თითს ისე იშვერს ჩემსკენ, თითქოს ბავშვი ვიყო“.
რასაკვირველია, კამათი შეიძლება საუკეთესო ქორწინების დროსაც ჰქონდეს ცოლ-ქმარს და შეიძლება ისეთი სიტყვებით მიმართონ ერთმანეთს, რომ შემდეგ სანანებელი გაუხდეთ (იაკობი 3:2). მაგრამ ქორწინებაში გმობა უფრო მეტს ნიშნავს; ეს არის დამამცირებელი და კრიტიკული მიმართვა, რაც მომავალში მთლიანად დაეუფლება, კონტროლს გაუწევს რომელიმე მეუღლეს. ზოგჯერ, გულსატკენი სიტყვები გარეგნულად შენიღბულია თავაზიანობაში. მაგალითად, ფსალმუნმომღერალმა დავითმა აღწერა ადამიანი, რომელიც სასიამოვნოდ საუბრობდა, მაგრამ შინაგანად ბოროტს წარმოადგენდა: „ცხიმზე ჩვილია მათი ბაგეები, გულში კი ომი აქვთ; ზეთზე რბილია მათი სიტყვები, მაგრამ ისინი გაშიშვლებული ხმლებია“ (ფსალმუნი 54:22; იგავნი 26:24, 25). უხეშ საუბარს, აშკარა იქნება თუ შეფარულად ბოროტი, შეუძლია ბოლო მოუღოს ქორწინებას.
როგორ იწყება
რა აიძულებს ადამიანს, რომ უხეშად ილაპარაკოს? საერთოდ ეს გამოწვეულია იმით, რასაც პიროვნება ხედავს და ესმის. მრავალ ქვეყანაში სარკაზმს, შეურაცხყოფასა და დამცირებას საკმაოდ მისაღებად და ხუმრობადაც კი მიიჩნევენa. ნაწილობრივ ქმრებზე შეიძლება იმოქმედოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა, სადაც ხშირად წარმოდგენილია, რომ „ნამდვილი“ მამაკაცი არის ამპარატავანი და აგრესიული.
მსგავსად, მრავალი უხეშად მოლაპარაკე გაზრდილია იმ ოჯახში, სადაც მშობლების ჩხუბი, ურთიერთ წყენინება და დაცინვა რეგულარულად ხდებოდა. ასე რომ, მათ ბავშვობიდან ექმნებათ ისეთი წარმოდგენა, თითქოს ასეთი მოქმედება ნორმალურია.
ასეთ გარემოცვაში აღზრდილი ბავშვი მხოლოდ არასამაგალითო საუბარს არ სწავლობს; ის შესაძლოა ითვისებს ცუდ თვალსაზრისს საკუთარ თავსა და სხვებზე. მაგალითად, თუ უხეში სიტყვებით მიმართავენ ბავშვს, ის შესაძლოა ისეთი გაიზარდოს, რომ ცუდი წარმოდგენა ჰქონდეს საკუთარ თავზე და უხეში ხასიათიც განუვითარდეს. მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ყურს მოკრავს, რომ მამა მწარედ ელაპარაკება დედას? ბავშვი, ძალიან პატარაც რომ იყოს, მამისგან სწავლობს ქალების მიმართ უპატივცემლობას. ბიჭი შესაძლოა, მამის მოქმედებიდან ითვისებს, რომ მამაკაცმა განუწყვეტლივ კონტროლი უნდა გაუწიოს ქალს და უფლებების მოსაპოვებლად შეაშინოს ან ტკივილი მიაყენოს.
ბრაზიანმა მშობელმა შესაძლოა, უხეში ბავშვი აღზარდოს, რომელიც, თავის მხრივ, იზრდება და ხდება „მრისხანების დიდოსტატი“, რომელიც მრავალ „დანაშაულს ჩადის“ (იგავნი 29:22, სქოლიო აქ). ამგვარად, შესაძლებელია, შეურაცხმყოფელი საუბარი მემკვიდრეობით ერთი თაობიდან მეორეში გადავიდეს. საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა პავლეს, როდესაც მამებს ურჩევდა: „ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს“ (კოლასელთა 3:21). აღსანიშნავია, რომ ბერძნული სიტყვა, რომელიც ‘გაღიზიანებად’ გადმოითარგმნა, „ახალი აღთქმის თეოლოგიური ლექსიკონის“ თანახმად, შეიძლება ნიშნავდეს „ბრძოლისთვის მომზადებასა და წაქეზებას“.
რასაკვირველია, მშობლების გავლენა შვილზე არ ამართლებს სხვების მიმართ მრისხანების სიტყვიერად ან სხვა ნებისმიერი ფორმით გადმოფრქვევას; მაგრამ გვაგებინებს, თუ უხეში ლაპარაკისადმი მიდრეკილება როგორ შეიძლება გახდეს ადამიანში ღრმად ჩანერგილი. ახალგაზრდა მამაკაცმა შესაძლოა არ მიმართოს მეუღლისადმი ფიზიკურ ძალადობას, მაგრამ ძალადობს თუ არა სიტყვებითა და ხასიათით მასზე? თვითშემოწმებამ შესაძლოა დაანახოს პიროვნებას, რომ ქალების უპატივცემლობა საკუთარი მამისგან აითვისა.
აღსანიშნავია, რომ იგივე პრინციპი მოქმედებს ქალებთან დაკავშირებითაც. თუ დედა სიტყვიერად შეურაცხყოფდა თავის მეუღლეს, ქალიშვილიც ისევე მოექცევა გათხოვების შემდეგ საკუთარ მეუღლეს. ბიბლიურ იგავში ნათქვამია: „უბედურ ქვეყანაში ცხოვრება სჯობია ანჩხლ და ბრაზიან ცოლთან ყოფნას“ (იგავნი 21:19). მაგრამ მამაკაცს ესაჭიროება, საკმაოდ წინდახედულად მოიქცეს ამ საკითხში. რატომ?
მტანჯველთა ძალაუფლება
ჩვეულებრივ, მამაკაცს უფრო მეტი ძალაუფლება აქვს ოჯახში, ვიდრე მის მეუღლეს. თითქმის ყოველთვის მამაკაცი არის ფიზიკურად ძლიერი, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა და მუქარის ინიციატორი, და უფრო ხშირად, შიშის ჩამნერგავიცb. ამასთან ერთად, მამაკაცს ხშირად აქვს უკეთესი ცოდნა სამუშაოსთვის, უფრო დამოუკიდებელი ცხოვრება და უფრო მეტი თანხების მიღების უპირატესობა. ამის გამო, სიტყვიერად გალახული ქალი თავს მოტყუებულად და ეულად გრძნობს. ის შესაძლოა ეთანხმება ბრძენი მეფე სოლომონის სიტყვებს: „კვლავაც ვხედავდი ძალადობას, რაც კი ხდებოდა ამ მზისქვეშეთში: აჰა, იღვრება ჩაგრულთა ცრემლი და მათ არავინ არ ანუგეშებს; მათ მჩაგვრელთა ხელშია ძალა, არავინა ჰყავთ ნუგეშისმცემი“ (ეკლესიასტე 4:1).
ქალი შეიძლება დააბნიოს მეუღლის უკიდურესობებში ჩავარდნამ — ის შესაძლოა, ერთ ხანს თავაზიანი იყოს, შემდეგ კრიტიკული (შეადარე იაკობის 3:10). ამასთანავე, თუ მისი მეუღლე ზრუნავს აუცილებელი მატერიალური საჭიროებებისთვის, ქალი, რომელიც წარმოადგენს უხეში სიტყვების სამიზნეს, შესაძლოა თავს დამნაშავედ გრძნობდეს ქორწინებაში რაღაც შეცდომის არსებობაზე ფიქრით. შესაძლოა მან ქმრის მოქმედებების გამო საკუთარი თავი დაადანაშაულოს. ერთი ქალი აღიარებს: „როგორც ფიზიკურად შეურაცხყოფილი ცოლი, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მე ვიყავი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიზეზი.“ მეორე ქალი ამბობს: «იქამდე მივედი, რომ მჯეროდა თუ შევეცდებოდი უკეთესად გამეგო მისთვის და „მომთმენი ვყოფილიყავი“, სიმშვიდეს ვიგრძნობდი». სამწუხაროდ, ცუდი მოპყრობა, ხშირად, კვლავ გრძელდება.
სამწუხაროდ, მრავალი მამაკაცი არასწორად იყენებს თავის ძალაუფლებას და ბატონობს ქალზე, რომელსაც აღუთქვა სიყვარული და მზრუნველობა (დაბადება 3:16). მაგრამ რა უნდა გაკეთდეს ასეთ შემთხვევაში? ერთი ქალი ამბობს: „არ მსურს მივატოვო, ერთადერთი, რასაც მისგან მოვითხოვ, ისაა, რომ თავი დაანებოს ჩემს შეურაცხყოფას“. ცხრა წლის ქორწინების შემდეგ ერთი მამაკაცი აღნიშნავს: „მივხვდი, რომ მეუღლეს სიტყვიერად ვაყენებდი შეურაცხყოფას და თვითონ მე წარმოვადგენდი შეურაცხმყოფელს. ძალიან მსურს შევიცვალო და არ მივატოვო მეუღლე“.
შემდეგ სტატიაში მოცემულია დამხმარე რჩევები იმ დაქორწინებულთათვის, რომლებიც იტანჯებიან უხეში მიმართვით.
[სქოლიოები]
a როგორც ჩანს, ასევე იყო პირველ საუკუნეშიც. „ახალი აღთქმის თეოლოგიის ახალი საერთაშორისო ლექსიკონი“ აღნიშნავს, რომ „ბერძნებისთვის ცხოვრების ხელოვნებათაგან ერთ-ერთი იყო იმის ცოდნა, თუ როგორ შეურაცხეყო ადამიანი ან როგორ აეტანა სხვისგან მიყენებული შეურაცხყოფა“.
b სიტყვიერი აგრესია შეიძლება ოჯახური ძალადობის საფეხურიც იყოს (შეადარე გამოსვლის 21:18). ფიზიკურად შეურაცხყოფილი ქალების ერთ-ერთი მრჩეველი ამბობს: „ყოველ ქალს, რომელიც კანონიერი უსაფრთხოების მისაღებად მოდის, რომ დაცული იყოს ცემისგან, იარაღით მიყენებული ჭრილობებისგან ან დახრჩობისგან, რაც მათ სიცოცხლეს ემუქრება, ჰქონდა არაფიზიკური შეურაცხყოფის გრძელი და მტკივნეული ისტორია“.
[ჩანართი 6 გვერდზე]
სამწუხაროდ, მრავალი მამაკაცი არასწორად იყენებს თავის ძალაუფლებას და ბატონობს ქალზე, რომელსაც აღუთქვა სიყვარული და მზრუნველობა.
[სურათი 7 გვერდზე]
ბავშვზე გავლენას ახდენს მშობლების ურთიერთდამოკიდებულება.