სიყვარულჩანერგილი ადამიანები
სიყვარული არის თბილი გრძნობა, აღტაცებაზე, სიკეთესა თუ საერთო ინტერესებზე დაფუძნებული. სიყვარული არის გულთბილი დამოკიდებულება. ის არის უანგარო, ერთგული და სიკეთესა და ზრუნვას არ იშურებს სხვებისთვის. სიყვარული სიძულვილის საპირისპიროა. პიროვნება, რომელსაც სიძულვილი ამოძრავებს, უმეტესწილად, საკუთარ ფიქრებსა თუ სადარდებელშია ჩაფლული; პიროვნება კი, რომელსაც სიყვარული ამოძრავებს, ფიქრობს სხვებზე.
სიყვარული ან სიძულვილი — რომელი უპირატესობს შენს ცხოვრებაში? ეს არ არის უმნიშვნელო კითხვა, რადგან მის პასუხზეა დამოკიდებული შენი მარადიული მომავალი. მილიონობით ადამიანი სწავლობს სიყვარულს მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრობს სიძულვილ ჩანერგილ წუთისოფელში. მხოლოდ ახალ პიროვნებად ჩამოყალიბებით მიაღწიეს მათ ამას. ისინი უბრალოდ არ ლაპარაკობენ სიყვარულზე; მთელი ძალებით ცდილობენ, საქმითაც გამოხატონ.
თუკი დასწრებიხარ იეჰოვას მოწმეთა შეხვედრას, ალბათ, იქ ნანახით აღტაცებული დარჩებოდი. ეროვნების მიუხედავად, იეჰოვას მოწმეები გაერთიანებული არიან თაყვანისმცემლობაში. მათ ნამდვილად საერთაშორისო ძმობა აქვთ. ამის საკუთარი თვალით ნახვა შეიძლება ადგილობრივ კრებებსა თუ კონგრესებზე, მაგრამ შესაძლოა ვერსად ისე კარგად ვერ იხილო ეს, როგორც ბეთელის ოჯახში. იქ მრავალი მოხალისე მოწმეა, რომლებიც ერთად, ოჯახივით ცხოვრობენ და მუშაობენ ბიბლიური ლიტერატურის დასამზადებლად და გასავრცელებლად. ყოველ ქვეყანაში ზოგი მათგანი ზედამხედველობს იეჰოვას მოწმეთა საქმიანობებს. ეს უბრალო საქმე არაა, რადგან 1997 წლის მონაცემებით 233 ქვეყანაში 82 000 კრებაა. ამ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მთელ მსოფლიოში 16 000-ზე მეტი პიროვნება მუშაობს ბეთელის ოჯახებში, მათ შორისაა მსოფლიოს მთავარი განყოფილება და 103 ქვეყანაში მრავალი პატარ-პატარა ფილიალი.
მრავალი ბეთელის ოჯახი, ძირითადად, იმ ქვეყნის მოქალაქეებისგან შედგება, რომელ ქვეყანაშიც არის ფილიალის ოფისი. მაგრამ იქ მხოლოდ იმ ქვეყნის წარმომადგენლები არ არიან. ბეთელის ოჯახში იეჰოვას ბევრი მოწმე მრავალი ეროვნების, ეთნიკური ჯგუფისა თუ რასის წარმომადგენელია, რომელთაგან ბევრს ადრე სხვა რელიგიური მრწამსი ჰქონდა. მაგალითად, გერმანიაში ზელტერსის ფილიალის ოჯახში დაახლოებით 1 200 პიროვნება 30 ეროვნების წარმომადგენელია. რა აძლევს მათ სიმშვიდითა და ერთიანობით ცხოვრების, მუშაობისა და ღვთისადმი მსახურების უნარს სიძულვილს მოკლებულ ატმოსფეროში? ისინი ასრულებენ კოლასელთა 3:14-ში (აქ) ჩაწერილ სიტყვებს:
„შეიმოსეთ სიყვარულით“
ჩაცმული არავინ იბადება და ენადაც რომ გაიკრიფოს, თავისით ვერ შეიმოსება. შემოსვისთვის საჭიროა გარკვეული გადაწყვეტილების მიღება და შემდეგ, განხორციელებისთვის — ძალისხმევა. მსგავსად, არავინ იბადება სიყვარულით შემოსილი. მასზე მხოლოდ საუბარი არაა საკმარისი. საჭიროა ძალისხმევაც.
შემოსვა აუცილებელია რამდენიმე მიზეზით. ტანსაცმელი იცავს და ფარავს სხეულის არასასიამოვნო შტრიხებსა და მის ნაკლოვანებებს, აგრეთვე ავლენს პიროვნების ხასიათს. სიყვარულიც ასეა. სათანადო ურთიერთობისა და სამართლიანი პრინციპებისადმი სიყვარული იცავს პიროვნებას, რადგან უჩვენებს რომ მოერიდოს ისეთ ურთიერთობასა თუ ადგილებს, რომლებიც პოტენციურად საშიშია. ის უფრთხილდება პირად ურთიერთობებს, რაც ყოველთვის ძვირფასი უნდა იყოს. მოსიყვარულე პიროვნებაც ხშირად ბევრს უყვარს და, თუ ცდილობს არავის ატკინოს გული, სხვებიც შეეცდებიან სათუთად მოექცნენ.
სიყვარული ფარავს ჩვენი ხასიათის ზოგ ცუდ შტრიხებს, რომლებიც, შესაძლოა, სხვებს არ მოეწონებოდათ. ნუთუ მოსიყვარულე პიროვნების შეცდომებს უფრო ნაკლებად არ ვაქცევთ ყურადღებას, ვიდრე ამაყი, ქედმაღალი, ეგოისტი და არამოსიყვარულე პიროვნების შეცდომებს?
ისინი, ვინც სიყვარულით იმოსებიან, ავლენენ ქრიტესმიერ მშვენიერ ხასიათს. ფიზიკური სილამაზე მხოლოდ გარეგნობაა, სულიერი სილამაზე კი — თვითონ პიროვნება. ალბათ, იცნობ ისეთ ადამიანებს, რომლებიც შენს თვალში მშვენიერები არიან არა ფიზიკური გარეგნობის, არამედ წრფელი, თბილი ხასიათის გამო. მეორე მხრივ, ბევრი ჩვენგანი შეხვედრია უმშვენიერეს მანდილოსანს ან მომხიბვლელ მამაკაცს, რომელსაც, ხასიათის გამოვლენისთანავე, ჩვენს თვალში მომხიბვლელობა დაუკარგავს. ასე რომ, მართლაც, სასიამოვნოა ისეთ ადამიანებთან ყოფნა, რომლებიც სიყვარულით არიან შემოსილნი!
სიძულვილის ნაცვლად სიყვარული
სიძულვილის ნაცვლად სიყვარული რომ ნამდვილად შესაძლებელია, ცხადყოფს გერმანიაში 1994 წელს 145 958 იეჰოვას მოწმის გამოკითხვა.
ლოთობა, ნარკომანია, ბოროტმოქმედება, ფულზე თამაში და ანტისაზოგადოებრივი თუ ძალადობით აღსავსე ქმედებები ამა თუ იმ საშუალებით ეგოიზმის გამოვლენაა, რომელსაც აღარაფერი უკლია სიძულვილამდე. მაგრამ გამოკითხულთა 38, 7 პროცენტმა თქვა, რომ ბიბლიის მაღალზნეობრივი ნორმების შესასრულებლად, რომლებსაც იეჰოვას მოწმეები ემხრობიან, მათ გადალახეს ზემოჩამოთვლილი პრობლემები. ღვთისა და მისი მოქმედების სამართლიანი ნორმებისადმი სიყვარული აძლევდა მათ ამის ძალას. მათ პირადად მიიღეს სიყვარულით აღსავსე მხარდაჭერა იეჰოვას მოწმეებისგან. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში (1992–1996) დახმარება გაუწიეს 1 616 894 პიროვნებას 233 ქვეყანაში, რომ მსგავსი ცვლილებები მოეხდინათ მუდამ გამარჯვებული სიყვარულის ძალით სიძულვილის დამარცხებით.
უანგარო სიყვარული ხელს უწყობს იეჰოვას მოწმეებს, რომ ოჯახშიც შეინარჩუნონ სტაბილური ურთიერთობები. ზოგ ქვეყანაში ყოველი მეორე ან მესამე ქორწინება განქორწინებით მთავრდება. მაგრამ ზემოხსენებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ ამჟამად იეჰოვას მოწმეებში განქორწინების ან ცალკე ცხოვრების მაჩვენებელი 4, 9 პროცენტია. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ ამ მაჩვენებლიდან უმეტესობა განქორწინდა იეჰოვას მოწმედ გახდომამდე.
რადგანაც სიყვარულის ღმერთი დიდებული მოძღვარია, რომელიც თავის გზებს მის მოყვარულთ ასწავლის, იეჰოვას მოწმეები, უპირველესად, მის მიმართ ავლენენ სიყვარულს. სხვებისგან განსხვავებით, რომლებიც ხშირად ‘სიამეთა მოყვარულნი არიან, ვიდრე ღვთისა’, იეჰოვას მოწმეები ღმერთს პირველ ადგილზე აყენებენ (2 ტიმოთე 3:4). უპრინციპო წუთისოფლისგან განსხვავებით გერმანიაში იეჰოვას მოწმეები რელიგიურ საქმიანობებს კვირაში საშუალოდ 17, 5 საათს უთმობენ. იეჰოვას მოწმეები აშკარაა, რომ სულიერზე ფიქრობენ. ამიტომ არიან ისინი ბედნიერები. იესომ თქვა: „ნეტარ არიან სულით ღარიბნი, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი“ (მათე 5:3).
ღვთის ჭეშმარიტ მსახურს, ამბობს 117-ე ფსალმუნის ავტორი, არ უნდა ეშინოდეს ადამიანების. „უფალი ჩემთან არის — არ მეშინია, რას მიზამს კაცი?“ (მე-6 მუხლი). ღმერთზე სრული მინდობა აღმოფხვრის სხვა ადამიანების მიმართ შიშს, რომელიც სიძულვილის ერთ-ერთი მიზეზია.
ქრისტიანი, რომელმაც იცის, რომ ღმერთი „მრავლის მომთმენი, დიდმოწყალე და ჭეშმარიტია“, შეეცდება, აღმოფხვრას საკუთარი ცხოვრებიდან მრისხანება, რადგან ის შეიძლება სიძულვილის კიდევ ერთი მიზეზი იყოს. ღვთის სულის ნაყოფების შეძენა, მათ შორის სიმშვიდე და თავშეკავება, დაეხმარება პიროვნებას ამის მიღწევაში (ფსალმუნი 85:15; გალატელთა 5:22, 23).
ჭეშმარიტი ქრისტიანი თავმდაბალია და დიდი წარმოდგენა არა აქვს საკუთარ თავზე (რომაელთა 12:3). სხვებთან ურთიერთობაში ცდილობს, გამოავლინოს სიყვარული. სიძულვილისგან განსხვავებით სიყვარული „არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს“ (1 კორინთელთა 13:5).
დიახ, შიში, მრისხანება, ბოროტება ხშირად ადამიანებში სიძულვილს აღვიძებს. მაგრამ სიყვარული ანადგურებს მის ფესვებს და იმარჯვებს. ფაქტია, რომ სიყვარული არის ყველაზე ძლიერი მთელ სამყაროში, რადგან „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8).
სიძულვილი აღარ იარსებებს
რადგანაც ეგოიზმი და სიძულვილი იეჰოვა ღმერთის თვისებები არ არის, მარადიულად ვერ იარსებებენ. აუცილებლად განადგურდებიან და შეცვლით სიყვარული, რომელიც მარადიულია. თუ შენი ოცნებაა ისეთი მსოფლიო, სადაც არ არსებობს სიძულვილი და მეფობს სიყვარული, მოიწვიე იეჰოვას მოწმეები, რომ ბიბლიის მეშვეობით აგიხსნან ასეთ ქვეყნიერებაში ცხოვრებისთვის აუცილებელი მოთხოვნები.
დიახ, კარგი იქნებოდა, რომ ყველა ჩვენგანი დაფიქრებულიყო: „რას ვავლენ ხშირად, სიყვარულს თუ სიძულვილს?“ ეს უმნიშვნელო კითხვა არაა. იმ სიძულვილის ღმერთის მიმდევარი, რომელიც ჭეშმარიტი ღვთის მოქიშპეა, დიდხანს ვეღარ იარსებებს. ის, ვინც იეჰოვასთვის არსებობს, სიყვარულის ღვთისთვის, მარადიულად იარსებებს! (1 იოანე 2:15–17).
[სურათი 10 გვერდზე]
დღესაც კი არის შესაძლებელი, რომ ადამიანი სიყვარულით შეიმოსოს.