აფრიკული ცის სამკაულები
„გამოიღვიძეთ!“- ის კორესპონდენტისგან კენიაში
აფრიკული სავანა მშრალი და რუხია, მცხუნვარე, ეკვატორული მზით გადახრუკული. გზას გაჭირვებით მივიკვლევთ ეკლიან ბუჩქნარში.
მოულოდნელად შევჩერდით. ჩვენი ყურადღება მიიპყრო მოლივლივე ფერების ელვარებამ. აკაციის რტოზე დასასვენებლად დასკუპებულა ისეთი მკვეთრი ფერებით შემოსილი პაწაწა ჩიტუნა, თითქოს თვით მზე აციალებულა მის პაწია ბუმბულზე. ამ ფრთოსან მშვენიერებას ზოგ ენაზე მართლაც რომ შესაფერისად უწოდებენ მზის ჩიტს (ჩვენებურად ამ ჩიტუნას მენექტრე ჰქვია).
ლითონის სარკეები
მენექტრიასებრთა ოჯახის ასზე მეტი სახეობა არსებობს. უმეტესობა ბინადრობს ტროპიკულ აფრიკაში, მაგრამ მათ აზიაში, ავსტრალიასა და წყნარი ოკეანის კუნძულებზეც ვხვდებით. ყველა მშვენიერებით გამოირჩევა, ისინი პაწია ლითონის სარკეებივით ირეკლავენ მზის სხივებს, მათი შეფერილობა ცისარტყელას კაშკაშა ფერებია: მოლივლივე წითელი, ყვითელი, ცისფერი და მწვანე, და ყველაფერთან ერთად, მათ სპილენძის ელფერიც დაჰკრავთ.
მენექტრეებს ხშირად ამერიკულ კოლიბრებს ადარებენ. ისინიც მათ მსგავსად საუცხოოდ არიან შეფერილნი და ნექტარის სიყვარულით გამოირჩევიან. მაგრამ მენექტრეები სიდიდით აღემატებიან კოლიბრებს და ფრენის სიმარჯვეში ჩრდილოეთ ამერიკელ „ტყუპისცალებს“ ვერ უტოლდებიან.
მენექტრე, ჩვეულებრივ, დასკუპდება ხოლმე ყვავილზე და ყვავილის ღრმა ყელიდან მოხერხებულად იღებს ნექტარს თავისი გრძელი, ქვემოთკენ მოხრილი ნისკარტით. მაგრამ, თუ მილისებრი მოყვანილობის ყვავილი ძალიან გრძელია მისთვის, მენექტრე დაბლიდან ხვრეტს მას და იქიდან იღებს ძვირფას წვენს. მენექტრე მწერებითაც იკვებება, რომლებსაც ყვავილებსა და ახლომახლო ფოთლებზე ნახულობს.
მამლები შესანიშნავი მგალობლებიც არიან. მათი „რეპერტუარი“ მრავალფეროვანია, მენექტრე superba-ს წვრილი, გამკივანი წივწივით დაწყებული აღმოსავლეთ აფრიკის ალისფერქოჩორა მალაქიტისფერი მენექტრის მომაჯადოებელი ჟღურტულით დამთავრებული. ხშირად სწორედ მათი გალობა არის იმის მაუწყებელი, რომ ჩიტუნები ფოთლებით დაბურულ ბუჩქნარს არიან შეფარებული. მაგრამ, თუკი ერთხელ მაინც მოჰკრავთ მათ თვალს, უკვე საკმაოდ იოლად შეამჩნევთ აფრიკის გვალვიან, რუხ სტეპებში.
მუყაითი, მაგრამ არა თვალისმომჭრელი
იმ დროს, როდესაც მამალი მენექტრე საამური სანახავი და მოსასმენია, დედალი უფრო პაწაწა და ნაკლებად შეფერილია. ამის გამო მას ხშირად არავითარ ყურადღებას არ აქცევენ ფრინველზე დამკვირვებლები და ფოტოგრაფები. მას მხოლოდ მაშინ ამჩნევენ, თუ მამლის გვერდითაა. მაგრამ, თუ შეფერილობით მამალს ვერ უტოლდება, ნაკლს მუყაითობა უნაზღაურებს.
ჩვეულებრივ, სწორედ დედალი აკეთებს ბუდეს და ბარტყების გაზრდისთვის გაცილებით მეტს შრომობს. იმ დროს, როდესაც ის ბუდის კეთებით არის დაკავებული, მამალი დარაჯის როლს ასრულებს და მზადაა დაუპატიჟებელი სტუმრების ბუდის მიდამოებიდან გასაყრელად.
დაკიდებული ბუდეები
მენექტრის ბუდეები სილამაზით არ გამოირჩევა. ისინი ხშირად უფრო ნარჩენების გროვას ჰგავს, რომელიც ქარმა შეატოვა აკაციის რტოს. ცვრის მოყვანილობის, წინდასავით ჩამოკიდული ბუდე მცენარეული ბოჭკოებით არის „მოქსოვილი“, ერთად დატკეპნილი და ობობის ქსელით შეკრული. გარედან ბუდე ოსტატურადაა შემკული პაწია გამხმარი რტოებით, ფოთლებით, დაქუცმაცებული ლიქენებით და, ხშირად, ყველაფერთან ერთად, თითო-ოროლა დაკიდებული ჩენჩოებით.
ბუდეში ჩაფენილია ფუმფულა მცენარეები, რბილი ბალახი, ბუმბული და ყველაფერი, რაც კი ფაფუკია. ბუდის შესასვლელი პაწია, ზემოთკენ გაკეთებული ხვრელია. დედალი ხშირად მარტო ბუდობს. ის ჯდება თავის მსხლის ფორმის ბუდეში და გრძელ, მოხრილ ნისკარტს, ჩვეულებრივ, ბუდის ხვრელიდან გარეთ ყოფს. მენექტრე დებს ერთ ან ორ კვერცხს, რომლიდანაც ბარტყები დაახლოებით 14 დღეში იჩეკებიან. როდესაც ბარტყები ბუდეს ტოვებენ, დედასავით უბრალოდ შეფერილები არიან. მაგრამ, როდესაც მამალი ბარტყი იზრდება, საუცხოო ბუმბულით იმოსება და ყველა, ერთ მშვენიერ დღეს, მასში მზის ჩიტს, მენექტრეს, ამოიცნობს.
მენექტრე შემოქმედის მდიდარი და მრავალფეროვანი ბუნების კიდევ ერთი მაგალითია. ამ ჩიტუნების ფერების მშვენიერება და ინსტინქტური მოქმედება გვიღვიძებს სურვილს, რომ უფრო მეტად დავაფასოთ მათი შემოქმედი. მენექტრეებიც მათ შორის არიან, რომელთა შესახებაც ბიბლია ამბობს: „ადიდეთ უფალი დედამიწიდან. . . ქვეწარმავალო და ფრინველო ფრთოსანო“. „ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი“ (ფსალმუნი 148:7, 10; 150:6). აფრიკული ცის ამ სამკაულებმა უნდა გაგვიღვიძოს ყოველ ჩვენგანს იმის სურვილი, რომ ვადიდოთ მათი მოსიყვარულე შემოქმედი.