ხის უკვდავი მშვენიერება
“გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან ახალ ზელანდიაში
უფრო და უფრო დეფიციტური ხდება ხე-ტყე, განსაკუთრებით კი ხის ადგილობრივი ჯიშების მასალა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტყეები შემაშფოთებელი სისწრაფით ნადგურდება. ხე-ტყის მასალის ნაკლებობა იწვევს ფასების ზრდას მსოფლიოში ამ ერთ-ერთ ძირითად და უწინ უხვ ნედლეულზე.
გულდასაწყვეტია, რომ იმ დროს, როდესაც ახალ ზელანდიაში მრავლდება 30-იან წლებში გაშენებული ფიჭვნარი, გადაშენების პირასაა მისული ადგილობრივი ჯიშების ხეები.
ხის მარადიული მიმზიდველობა
ადამიანი ათასობით წლის განმავლობაში სარგებლობდა ხის მასალით და მისგან სხვადასხვა სასარგებლო ნივთს ამზადებდა. ხის მრავალი სახეობის ფერი, განსხვავებული სტრუქტურა და თვით სუნიც კი ხშირად სიამოვნებას ანიჭებდა მას. ხის ნივთებს წლების და ზოგჯერ საუკუნეების განმავლობაში მოჰქონდა სარგებლობა ადამიანისთვის.
უხსოვარი დროიდან იყენებდნენ ხისგან დამზადებულ ავეჯს. ადამიანმა ნიჭი და ოსტატობა გამოიჩინა მარტივი იარაღების საშუალებით ისეთი ნივთების დამზადებაში, როგორიცაა: მაგიდები, სკამები, ტაბურეტები, ჯამები, კასრები და სკივრები.
დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიის წყალობით, დაჩქარდა ასეთი ნივთების დამზადება. ელექტროიარაღების გამოყენებით, როგორიცაა: ხერხი, ბურღი და საპრიალებელი ჩარხები, უფრო მოსახერხებელია ხის ავეჯის დასამზადებლად ხე-ტყის ოსტატური დამუშავება, თუმცა ეს გარკვეულ ხმაურს იწვევს. მრავალ ქვეყანაში ამაყობენ ხის დამამუშავებელი ქარხნებით, რომლებიც უხვად უშვებს ფართო მოხმარების ავეჯს ხელმისაწვდომ ფასებში.
მაგრამ ასეთი ავეჯი ნაკლებად გამძლეა, რადგან 1) ხეს დაფანერებული და დაპრესილი ნახერხისგან დამზადებული მასალით ცვლიან ან 2) ავეჯის აწყობა ხდება სწრაფი მეთოდით ლურსმნებისა და მისთანა საშუალებების გამოყენებით.
კვლავ ეჩო
ზოგი არასაიმედოდ მიიჩნევს თანამედროვე ტექნოლოგიას და ხის უძველეს დასამუშავებელ იარაღს, ეჩოს, მიმართავს. ეს არის „ხის სათლელი იარაღი, პირბრტყელი და თოხივით მოხრილი“. ახალ ზელანდიაში მაორები ერთნიჩბიანი ნავების გამოსათლელად ეჩოდ მწვანე სანახელავო ქვას (ნეფრიტს) იყენებდნენ. მაგრამ დღეს ეჩოების უმრავლესობა ლითონისაა.
გასულ საუკუნეებში დურგლები ეჩოს იყენებდნენ კარ-ფანჯრის დამზადებისას და გემების მშენებლობისას. მათ ხე ფეხებით ეჭირათ და მას ეჩოს მოხრილი პირით ამუშავებდნენ.
ეჩოს თანამგზავრი — საფხეკი
ხის დასამუშავებლად ეჩოსთან ერთად გამოიყენება მეორე უბადლო ხელსაწყო — საფხეკი. ამ იარაღით დამზადებული ავეჯის სილამაზე უბრალოებაშია. მისი საშუალებით მასალის ზედაპირსა და ნაპირებს ასწორებენ. ორივე იარაღი, ეჩოც და საფხეკიც, სამართებელივით ბასრი უნდა იყოს.
ამ იარაღების შეძენისა და შესაფერისი მასალის შოვნის შემდეგ შესაძლებელია საკუთარი გემოვნებისამებრ დამზადდეს ავეჯი. აი, ამიტომ თვლიან დურგლები, რომ ხის დამუშავების ძველებური და უბრალო მეთოდები თანამედროვე ტექნოლოგიაზე უპირატესობს.
დახერხილი ფიცრებისგან, თუ მშრალია და არ არის მოღუნული, შეიძლება გამძლე და ლამაზი ავეჯის დამზადება. ასეთი ფიცრების შოვნა სხვადასხვა გზით შეიძლება. გამოდგება გადაყრილი ავეჯი (ტანსაცმლის კარადები, საწოლის თავები, მაგიდის თავები) და ძველი ყუთები, აგრეთვე დანგრეული შენობების ძელები და მოძველებული ღობის ფიცრები.
ხის მასალის გადამუშავება
ძველ ხის მასალას, თუ ის დამპალი არ არის და არც მატლი ჰყავს გაჩენილი, შეიძლება ხელახლა დაუბრუნდეს ელფერი და სილამაზე.
დეფექტები, ნალურსმები და ნაჭდევები შეიძლება უჩვეულოდ გამოჩნდეს ავეჯის დასამზადებლად განკუთვნილ ძველ მასალაზე. იმის მიუხედავად, მასალას შეღებავთ და გააპრიალებთ თუ თავდაპირველ სახეს შეუნარჩუნებთ, თქვენი ნახელავი კმაყოფილებასა და სიამოვნებას მოგიტანთ, როგორც კარგი და გამძლე ნაკეთობა.
ისევე, როგორც მებაღე, რომელიც მიწაზე მუშაობს, მექოთნე, რომელიც თიხას ზელს, და მრთველი, რომელიც მატყლს ართავს, ხელოსანი, რომელიც ეჩოთი ან საფხეკით ხეს ამუშავებს, შრომის ნაყოფით კმაყოფილი რჩება. მართალია, ეს არც ისე იოლი საქმეა და თანამედროვე მეთოდებთან შედარებით მეტი დროც მიაქვს, მაგრამ იმის გაანალიზება, რომ თქვენი შრომა თავად თქვენთვის იქნება კმაყოფილების მომტანი და თქვენი ნახელავი ავეჯით წლების განმავლობაში ისარგებლებს მომხმარებელი, ხის დამუშავებას სასიამოვნო საქმედ აქცევს.
ცოტა რამ დამუშავების მეთოდებზე
ეჩო ყველანაირი ხის მასალის დასამუშავებლად საუკეთესო იარაღი არაა. ტროპიკული ჯიშების მაგარი მერქნის ბოჭკოების ეჩოთი დამუშავება რთულია. ჩვეულებრივ, რბილი და სწორი მასალა შეიძლება საუკეთესოდ დამუშავდეს ეჩოთი. კოჟრები პრობლემას არ ქმნის. სატეხის (ხვეწის) გამოყენებით შეგიძლიათ მათი ჩამოთლა ან ამოჭრა და ზედაპირისთვის განსაკუთრებული ფორმის მიცემა.
ხის შუაგულში ხშირად საუკეთესო ფერი შეიმჩნევა. ასეთი მასალისგან დამზადებულ ავეჯს იშვიათად დასჭირდება შეღებვა. მიუხედავად ამისა, თუ გსურთ ხეს განსაკუთრებულობა შემატოთ, შეგიძლიათ გემოვნებისამებრ შეარჩიოთ საღებავი.
შეღებვა ძვირი არ ჯდება. ზოგმა ღია ფერის ან უფერულ მასალას ავტომობილის ზეთი წაუსვა და აღმოაჩინა, რომ ეს მეთოდი შესამჩნევად აუმჯობესებს ხელით ნაკეთებ ნივთებს.
ბოლოს პოლიურეთანული ლაქით შეიძლება ავეჯის გალაქვა. მაგრამ ხისთვის ბუნებრივი ელფერის შესანარჩუნებლად უკეთესია გასაპრიალებელი ზეთის წასმა, რომელიც, ამავე დროს, კვებავს ხეს. ეს ზეთი შემდეგნაირად მზადდება: 5 წილი ძმარი, 4 წილი სკიპიდარი (ბელეკონი), ორი წილი დაუმუშავებელი სელის ზეთი და ერთი წილი მეთილის სპირტი. ამ ნარევს დავუმატოთ თაფლის სანთელი და წავუსვათ ხეს, რომელიც რამდენიმე დღეში გაიჟღინთება.
სიამოვნების მომტანი ხელობა
ხისგან დამზადებული ავეჯი, რომელიც თქვენი ნახელავია, როგორი უბრალოც უნდა იყოს, ყოველთვის დაგიმშვენებთ სახლს. მთელ მსოფლიოში საკუთარ სახლებსა და კოტეჯებში ხელოსნის ხელნაკეთ მრავალი სახის მომაჯადოებელ ავეჯს წააწყდებით, რომელთაგან ზოგი წინა საუკუნეებითაა დათარიღებული. ეს, უდავოდ, ამ ხალხის ხელოვნების, მონდომებისა და მოთმინების დამადასტურებელია. ისინი კმაყოფილებასა და სიამოვნებას ღებულობდნენ იმ ნივთების დამზადებით, რომლებსაც, თუ სათუთად ვუვლით, დიდი სარგებლობა მოაქვს და რომლებიც სილამაზესა და განსაკუთრებულობას მატებს ოთახს.
ჩვენს დროში, როდესაც იზრდება პლასტმასისა და სხვა ხელოვნური მასალის გამოყენება, ჩვენი შემოქმედის ძღვენი — ხე — კვლავაც მრავალ სასარგებლო მიზანს ემსახურება. დაუმუშავებელი ხის მასალა კვლავაც იზიდავს ხელოსანს, გადააქციოს ის ლამაზ ავეჯად.
[სურათები 15 გვერდზე]
დაკრიდიუმი
Beilsch-miedia tawa
მუხა
გირჩებიანი შესანიშნავი ფიჭვი
გალაქული ფიჭვი
დაზეთილი ფიჭვი
ლაქებიანი ფიჭვი
[სურათები 16 გვერდზე]
ეჩოსა და
საფხეკის გამოყენება
[სურათი 17 გვერდზე]
სამზარეულოს ხელნაკეთი კარადა
[სურათი 17 გვერდზე]
კუთხის ჩარჩო