რა ხდება მსოფლიოში
გადარჩენილი წიგნები
დღეს მილიონობით წიგნია ძალიან ძველი, დაზიანებული და დაბინძურებული. ერთ-ერთი გაზეთის ცნობის თანახმად, მხოლოდ გერმანიაში სიძველის გამო დაახლოებით 60 მილიონი წიგნი გახდა გამოუსადეგარი (Leipziger Volkszeitung). ამ წიგნების ხელით განახლებას დიდი ხნის გულმოდგინე შრომა სჭირდება. „სანამ ხელით ერთ წიგნს აღადგენ, ოთხი-ხუთი ზიანდება“,— ამბობს დოქტორი ვ. ვახტერი, ლაიფციგის წიგნთსაცავის ცენტრის ტექნიკური დირექტორი. ამ ცენტრმა შექმნა ისეთი დაზგები, რომლების საშუალებითაც ბევრ წიგნს იცავენ. ერთ-ერთი მათგანია მჟავის გამანეიტრალებელი დაზგა, რომელსაც წელიწადში ერთ ცვლაში მუშაობით 100 000 წიგნის განახლება შეუძლია. გარდა ამისა, არის ქაღალდის მჭრელი დაზგა, რომელიც თითოეულ ფურცელს იმით ამაგრებს, რომ ფურცლის ერთ გვერდს მეორისგან აცალკევებს და შუაში ძალიან თხელ მტკიცე ქაღალდს ათავსებს. ის დღეში 2 000 ფურცელს ამაგრებს, მაშინ როცა ხელით მხოლოდ 100—200 ფურცლის განახლება შეიძლება, და თითო ფურცელზე დანახარჯს 94 პროცენტით ამცირებს. ამ ცენტრში არა მარტო ბიბლიოთეკებსა და არქივებს, არამედ კერძო პირებსაც მიაქვთ წიგნები გასაახლებლად.
ტუნიკა პილიგრიმებისთვის
ხშირად ტურისტებს, რომლებიც იტალიაში კათოლიკური წმინდა ადგილების დასათვალიერებლად ჩადიან, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ თვეებში, უკან აბრუნებენ, რადგან მაისურები და შორტები აცვიათ. ახლა კი მათ შეუძლიათ ზოგი ადგილის დათვალიერება, თუ „პილიგრიმების ტუნიკს“, ჩალისფერ მუხლებამდე მოსასხამს, ჩაიცვამენ. ტუნიკა, რომლის ჩაცმა ქალსაც შეუძლია და კაცსაც, ყოველთვის ერთი ზომისაა და მისი შეძენა ვენეციასა და რომში შეიძლება. რომში მასზე პაპის გერბია გამოსახული და აწერია „იუბილე 2000“. მაგრამ ყველა კათოლიკურ ეკლესიაში შეიძლება ამ ტუნიკების გამოყენება? ვენეციის კურიაში შეიძლება, მაგრამ წმინდა პეტრეს ტაძარში იმათაც კი, რომლებმაც იყიდეს და ჩაიცვეს ეს ტუნიკები, არ უშვებენ. « „წმინდა ტახტის“ აზრით, ასეთი ტანისამოსი მხოლოდ ქალებისთვისაა მისაღები, — ნათქვამია ერთ-ერთ გაზეთში. — კაცებს არ უშვებენ, რადგან შიშველი ფეხებით შესვლა „უწესობად“ ითვლება».
გერებთან ურთიერთობა
მშობლები, რომლებიც ბავშვის აყვანას აპირებენ, ზოგჯერ აიდეალებენ მასთან ურთიერთობას, რადგან ფიქრობენ, ბავშვი ყოველთვის თბილი იქნება, ისინი გაუგებენ ერთმანეთს და სიძნელეებს ადვილად გადალახავენ. „მაგრამ ყოველთვის ასე როდია საქმე“, — გვამცნობს ერთი ბრაზილიური გაზეთი (O Estado de S. Paulo). ფსიქოლოგი ელოიზა მარტონი ამბობს: „ჩვეულებრივ, მშობლები არ არიან ხოლმე მზად კონფლიქტური სიტუაციებისთვის“. „სიურპრიზი“ ელით ისეთ „წყვილებსაც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბავშვი მთელი ცხოვრების მანძილზე მათი მადლიერი იქნება, — აღნიშნავს სან-პაულუს უნივერსიტეტის პროფესორი მირიამ დებიე როზა. — არავინაა მუდმივად ბედნიერი; სიძნელეებს მშობლები ხშირად იმას აბრალებენ, რომ ღვიძლი ნათესავები არ არიან, რაც არასწორია“. გერებისადმი მშობლების მიერ სითბოსა და სიყვარულის გამოვლენის აუცილებლობასთან დაკავშირებით ის ამბობს: „მატერიალური უზრუნველყოფა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა საკმარისი არაა“. ბავშვისადმი სითბოს გამოვლენაც აუცილებელია.
იოლად მიღებული მატყლი
როგორ შეიძლება მატყლის მიღება სტრესისა და ჭრილობების გარეშე, რაც ჩვეულებრივია ცხვრის კრეჭვისას? ავსტრალიაში ცხვარს უკეთებენ პროტეინს, რომელსაც, ჩვეულებრივ, ცხოველის სისხლი შეიცავს, რის გამოც პროტეინის შემცველობა სისხლში 24 საათის განმავლობაში მაღალია, ეს კი ასუსტებს კავშირს მატყლის ბოჭკოსა და კანს შორის. ცხვარს მატყლი მთლიანად სცილდება და შემდეგ ისევ იწყებს ზრდას. თითოეულ ცხვარს ერთი კვირით ბადეს აცმევენ, რომელშიც მატყლი რჩება. ასეთნაირად უკეთესი ხარისხის მატყლს ღებულობენ და აღარაა საჭირო ცხვრის ხელმეორედ კრეჭვა. გარდა ამისა, ეს მეთოდი ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გარეშე იცავს მათ რწყილისა და დერმატიტისგან და ცხვრები მას შედარებით იოლად იტანენ. ლონდონის გაზეთის ცნობის თანახმად, ავსტრალიაში სწრაფად ვრცელდება ეს მეთოდი, მაგრამ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა მაგალითად დიდი ბრიტანეთი, სადაც მეცხვარეებს ამინდის გათვალისწინება სჭირდებათ, ეს მეთოდი არც თუ ისე გამოსადეგია (The Sunday Times). ერთი მეწარმის აზრით, თუ პროტეინის ინიექციის შემდეგ ტემპერატურა მოულოდნელად დაეცემა, ცხვარი გაიყინება.
ავტოკატასტროფებში სიკვდილის შემთხვევები გახშირდა
ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში 500 000 კაცი კვდება ავტომაგისტრალებზე და ეს რიცხვი განუწყვეტლივ მატულობს, — აღნიშნავს ერთი ბიულეტენი (Fleet Maintenance & Safety Report). რამდენად დიდია სერიოზულ ავტოკატასტროფაში მოხვედრის შესაძლებლობა? ზემოხსენებული ცნობის თანახმად, „ისეთ ქვეყნებში, სადაც ბევრი ავტომანქანაა, ყოველწლიურად ავტოკატასტროფებში კვდება ან სახიჩრდება ყოველი მე-20, ხოლო ყოველი მე-2 ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხვდება საავადმყოფოში ავარიის გამო“.