რა ხდება მსოფლიოში
მშვიდობისმყოფელთა პრობლემები
„ათი წლის წინათ გაეროს სამშვიდობო მისიების როლს იმდენად მნიშვნელოვნად თვლიდნენ, რომ მათ ყველას ერთობლივად მიანიჭეს ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცებისთვის, დღეს კი სამშვიდობო მისიის წევრები — რიგითი მოქალაქეები, პოლიციელები და ჯარისკაცები — ხალხისგან სიძულვილსაც იმკიან და კეთილგანწყობილებასაც“, — იუწყება ტორონტოში (კანადა) გამომავალი გაზეთი „გლობ ენდ მეილი“. რატომ შეიცვალა სიტუაცია? „პრობლემის არსს დღევანდელი კონფლიქტების თავისებურება წარმოადგენს. დღეს გაჩაღებულ მრავალ ომში გამოკვეთილი მიზნებისა და პრინციპების მქონე კარგად ორგანიზებული არმიები კი არ არიან ჩაბმული, არამედ ცალკეული დაჯგუფებები და სამხედრო დიქტატორები, რომლებიც მცირეწლოვან ჯარისკაცებს ქირაობენ თავიანთი ეგოისტური მიზნების განსახორციელებლად. ასეთ კონფლიქტებში ძალაუფლების თვითონ სახელმწიფოს შიგნით მოსაპოვებლად იბრძვიან და არა სხვა სახელმწიფოთა სამართავად“, — ვკითხულობთ გაზეთში. როგორც იგივე გაზეთი შენიშნავს, შედეგი ის არის, რომ „კონფლიქტში ჩაბმულ ერებს შორის მშვიდობის აღდგენაზე ზრუნვის ნაცვლად“, გაეროს სამშვიდობო ძალები «ძალაუნებურად იმ მებრძოლ დაჯგუფებებს შორის „იჩხირებიან“, რომელთა მიზნები — ზოგჯერ მათი ხელმძღვანელობის სტრუქტურებიც კი — გაურკვეველია და რომელთა მშვიდობისკენ სწრაფვაც საეჭვოა».
ახლებური კრედო სპორტში ძალადობას ამკვიდრებს
ერთ-ერთი ფრანგული გაზეთის (L’Express) თანახმად, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ მართლაც სარეკორდო 20 825 საქმე განიხილა 1997—98 წლების საფეხბურთო სეზონში მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით და ძალადობის შემთხვევები სპორტის სხვა სახეობებშიც შესამჩნევად გაიზარდა. რამ გამოიწვია ძალადობის მკვეთრი მომატება? მკვლევარი რიჩარდ პფისტერი შენიშნავს, რომ ერთ-ერთი მიზეზი „მოგების დაუოკებელი წყურვილია. როდესაც ფულს უფრო ამჯობინებენ, ვიდრე პრესტიჟს, როდესაც მოგებაა მთავარი და არა თამაშით სიამოვნების მიღება, მოთამაშეები უკვე ყველაფერზე მიდიან“. როგორც პფისტერი ამბობს, როდესაც მისაბაძ მაგალითად ქცეულ ადამიანებს არავინ სჯის ძალადობისთვის, ახალგაზრდებიც ეგუებიან ამას და მზად არიან, მიბაძონ მათ.
მტრედის ფოსტა კვლავ გამოსადეგია
ინდოეთში გამომავალი გაზეთის (The Indian Express) თანახმად, ორისას შტატის პოლიციის განყოფილება რთული საკომუნიკაციო ქსელით არის აღჭურვილი, მაგრამ ისინი მაინც არ წყვეტენ „მტრედის ძალის“ — 800 ძლიერი მტრედისგან შემდგარი გუნდის — გამოყენებას. როგორც ორისას შტატის პოლიციის განყოფილების უფროსი ბ-ნი პანდა ამბობს, მტრედებმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში მომხდარი წყალდიდობების დროს და ციკლონების შემოჭრისას; და მათი გამოყენება კვლავაც პრაქტიკულია რადიოკავშირის გაწყვეტისას. მაგალითად, როდესაც 1982 წელს წყალდიდობებმა ქალაქი ბანგკი მიწასთან გაასწორა, დაზარალებულ ზონასა და კუტაკის რაიონულ ცენტრს შორის კავშირის ერთადერთი საშუალება მტრედები იყო. მტრედის ფოსტა ორისაში 1946 წელს ამოქმედდა. ფოსტას მთლიანად ბელგიური ჯიში „ემსახურებოდა“, რომელსაც ფოსტის მტრედი ეწოდება. მას შეუძლია შეუსვენებლად 800 კილომეტრზე იფრინოს და საათში 80—90 კილომეტრი დაფაროს. მტრედები, რომლებიც 15—20 წელს ცოცხლობენ, ამჟამად სამ სხვადასხვა ცენტრშია მოთავსებული 34 პოლიციელის მეთვალყურეობის ქვეშ. ბ-ნმა პანდამ განაცხადა, რომ „მობილური ტელეფონების ეპოქაში მტრედის ფოსტა შეიძლება მოძველებული ჩანდეს, მაგრამ ის კვლავაც ერთგულ სამსახურს უწევს ორისას [შტატს]“.
ბავშვები განათლების გარეშე რჩებიან
გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წელს მიღებულმა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციამ განათლების მიღების ძირითადი უფლება განსაზღვრა. თუმცა ამ მხრივ ბევრი მოსაწონი რამ გაკეთდა, მიზანი ჯერ კიდევ მიუღწეველია. „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან ორმოცდაათი წლის გასვლის შემდეგ 6-დან 11 წლამდე ასაკის 130 მილიონზე მეტი ბავშვი ჯერ კიდევ არ დადიოდა სკოლაში, — გვამცნობს გერმანული გაზეთი (Allgemeine Zeitung Mainz). — ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ბავშვების 20%-ს დაწყებითი განათლება არ მიუღია“. როგორც გაეროს ბავშვთა დახმარების ფონდის ხელმძღვანელი გერმანიაში რაინჰარტ შლაგინტვაიტი ამბობს, მსოფლიოს ყველა ბავშვმა რომ სკოლაში სიარული შეძლოს, საჭიროა 7 მილიარდი დოლარი. ეს კი გაცილებით ნაკლებია იმ თანხაზე, რომელსაც ევროპელები ყოველწლიურად ნაყინზე ხარჯავენ, ან იმ თანხაზე, რომელიც შეერთებულ შტატებში კოსმეტიკაზე მიდის ყოველწლიურად და მხოლოდ მცირე ნაწილია მსოფლიოს შეიარაღებული ძალების დანახარჯებისა.
აზიაში ყველაზე მეტი სტიქიური უბედურება ხდება
„გასული წლის მსოფლიოს 10 უდიდესი სტიქიური უბედურებიდან 6 აზიაში მოხდა, რამაც 27 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 38 მილიარდი დოლარის ზარალი გამოიწვია“, — იუწყება ჩინეთში გამომავალი გაზეთი (South China Morning Post). მათ შორის გამოირჩეოდა გამანადგურებელი წყალდიდობები ბანგლადეშსა და ჩინეთში, აგრეთვე ინდონეზიის ტყეებში გაჩენილი ხანძრები, რომლის შედეგად წარმოქმნილმა კვამლის ღრუბლებმა მეზობელი ქვეყნები დაფარა. „აზიას ყველაზე მეტი სტიქიური უბედურება ატყდება თავს, ვიდრე მსოფლიოს სხვა რომელიმე რეგიონს, — გვატყობინებს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისია. — უბედურებებით გამოწვეული საფრთხის შემცირება, განსაკუთრებით კი აზიაში, XXI საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა იქნება“.