უძვირფასესი სითხე წყალი
სამარიელ ქალს, რომელიც ჭიდან წყალს იღებდა, იესო მარადიული სიცოცხლის მომტანი წყაროს შესახებ ესაუბრა (იოანე 4:14). ის სიმბოლურ წყალს გულისხმობდა. ხოლო რაც შეეხება ჩვეულებრივ წყალს, სიცოცხლისთვის ის ყველაზე მნიშვნელოვანია ჟანგბადის შემდეგ. ადამიანს შეუძლია რამდენიმე კვირა გაძლოს საკვების გარეშე, მაგრამ უწყლოდ ის ხუთ დღეზე მეტხანს ვერ იცოცხლებს!
ჩვენი სხეულის წონის თითქმის სამი მეოთხედი წყალია. მაგალითად, ტვინის 75—85 პროცენტამდე და კუნთების 70 პროცენტი წყალია. ყველა სიკეთესთან ერთად, წყალი გვეხმარება საკვების მონელებასა და შეთვისებაში, რადგან სწორედ მას გადააქვს უჯრედებისთვის საკვები ნივთიერებები. მას გააქვს ტოქსინები და სხვა „შლაკები“, ის „პოხავს“ სახსრებსა და მსხვილ ნაწლავს, არეგულირებს სხეულის ტემპერატურას. თუ იცოდით, რომ წყლის საკმარისი რაოდენობით სმა წონაში დაკლებასაც უწყობს ხელს?
თუ გსურთ წონაში დაიკლოთ, სვით წყალი
უპირველეს ყოვლისა, წყალი არაკალორიულია, მასში არც ცხიმია და არც ქოლესტერინი, მხოლოდ მცირე რაოდენობით ნატრიუმს შეიცავს. მეორე, ის აქვეითებს მადას. მესამე, წყალი ეხმარება ორგანიზმს დაგროვილი ცხიმის გადამუშავებაში. როგორ? როდესაც თირკმელებს წყალი არ ჰყოფნით, ისინი სათანადოდ ვეღარ ფუნქციონირებს. ამ შემთხვევაში მათ ფუნქციას ნაწილობრივ ღვიძლი კისრულობს, მაგრამ ორეულის როლის შესრულება მას იმის საშუალებას ართმევს, რომ ცხიმი ეფექტურად გადაამუშაოს. ამიტომაც ცხიმი ორგანიზმში რჩება, თქვენ კი წონაში იმატებთ. ამ მხრივ, საყურადღებოა, რას ამბობს სკოტსდეილში (არიზონა, აშშ) არსებული კვების ერთ-ერთი ცენტრის (Southwest Bariatric Nutrition Center) თანამშრომელი, ექიმი დონალდ რობერტსონი: „წყლის საკმარისი რაოდენობით სმა ძალიან დიდ როლს ასრულებს წონის დაკლებაში. თუკი ისინი, რომლებიც ცდილობენ წონაში დაკლებას, წყალს საკმარისად არ სვამენ, ორგანიზმს უჭირს ცხიმის გადამუშავება“.
ისიც მართალია, რომ ორგანიზმში წყლის დაგროვებამ შეიძლება წონაში მომატება გამოიწვიოს. ამის გამო ბევრი, ვისაც მიდრეკილება აქვს წყლის დაგროვებისკენ, ფიქრობს, რომ მათ პრობლემას გადაჭრის წყლის შემცირებული რაოდენობით მიღება. მაგრამ ასეთ დროს სრულიად საპირისპირო რამ ხდება. როდესაც ორგანიზმი წყლის დეფიციტს განიცდის, ის „ებღაუჭება“ თითოეულ წვეთს და აგროვებს მათ ხელებსა და ფეხებში. ამიტომაც დიეტოლოგები გვირჩევენ, მივაწოდოთ ორგანიზმს ის, რაც მას ესაჭიროება — საკმარისი წყალი. და კიდევ ერთი რამ: რაც უფრო მეტ მარილს მიირთმევთ, მით უფრო მეტი წყალი უნდა დალიოთ მის გასახსნელად.
„დაირწყულეთ“ თავი
ყოველდღე საშუალოდ ორ ლიტრ წყალს ვკარგავთ კანიდან, ფილტვებიდან, ნაწლავებიდან და თირკმელებიდან. მხოლოდ ამოსუნთქვისას დღის განმავლობაში თითქმის ნახევარი ლიტრი გვეკარგება. თუ ამ დანაკარგს არ ავინაზღაურებთ, გავუწყლოვდებით. გაუწყლოების ზოგი ნიშანია თავის ტკივილი, დაღლილობა, კუნთების ტკივილი, მუქი შარდი, სიცხის აუტანლობა და მშრალი ენა და თვალები.
მაშ, რამდენი უნდა ვსვათ? დიეტოლოგი ჰაუარდ ფლეკსი ამბობს: „ჯანმრთელმა ადამიანმა დღეში მინიმუმ რვა-ათი 250-გრამიანი ჭიქა წყალი უნდა დალიოს. კიდევ უფრო მეტი უნდა დალიოთ, თუკი ბევრს ვარჯიშობთ ან ცხელ კლიმატში ცხოვრობთ. ჭარბი წონის მქონეებმა კი ყოველ ზედმეტ 10 კილოგრამზე, რომელიც მათ იდეალურ წონას აღემატება, თითო დამატებითი ჭიქა უნდა დალიონ“. ზოგი ამბობს, რომ საკმარისი იქნება, თუ წყალს მაშინ დალევთ, როცა გწყურიათ, თუმცაღა, როცა ძალიან გწყურიათ, შესაძლოა უკვე რამდენადმე გაუწყლოებული იყოთ.
შეიძლება, რომ წყლის მაგივრობა სხვა სასმელებმა გაწიონ? მართალია, წყალში გაზავებული ხილისა და ბოსტნეულის წვენები წყლის დანიშნულებას გარკვეულწილად ასრულებს, მაგრამ ისინი კალორიებს შეიცავს. სასმელები, რომლებშიც ბევრი შაქარი და რძეა, ზრდის ორგანიზმის მოთხოვნილებას წყალზე, ვინაიდან ამ პროდუქტების გადასამუშავებლადაც წყალია საჭირო. ალკოჰოლი და კოფეინის შემცველი ისეთი სასმელები, როგორებიცაა ყავა და ჩაი, სუსტი მოქმედების შარდმდენებია, და ამიტომაც უფრო მეტი წყლის სმაა საჭირო გამოყოფილი სითხის ასანაზღაურებლად. მართლაც რომ ვერაფერი შეცვლის ამ უძვირფასეს სითხეს — წყალს. ახლავე ხომ არ დალევდით ერთ ჭიქას?
[ჩარჩო⁄სურათი 19 გვერდზე]
სასარგებლო რჩევები
● თან ატარეთ ბოთლით წყალი.
● ჭამის დროს თითო ჭიქა წყალი დალიეთ.
● ვარჯიშის დაწყებამდე, ვარჯიშისას და მის შემდეგ სვით.
● შესვენებების დროს ყავის ნაცვლად წყალი მიირთვით.
● ონკანის წყლის გემოს გასაუმჯობესებლად ჩაამატეთ ლიმონის წვენი ან გამოიყენეთ ფილტრი.
[სურათის საავტორო უფლება 18 გვერდზე]
Photo: www.comstock.com