ზღვის მინიატურული რაინდები
„გამოიღვიძეთ!“–ისთვის ავსტრალიიდან
ვეშაპები, დელფინები, ზვიგენები . . . ეჭვგარეშეა, ზღვის ასეთი შთამბეჭდავი ბინადრების ხსენებას აღტაცებაში მოჰყავხართ. თუმცა ზღვაში უამრავ ცოცხალ არსებათა შორის არიან „მცირენი დიდებთან ერთად“ (ფსალმუნები 103:25). დაკვირვებული თვალისთვის პატარა არსებებიც ისეთივე მომხიბვლელები არიან, როგორც დიდები.
ზღვის ფსკერისაკენ გამალებით მიიჩქარიან პატარა ქმნილებები, რომლებიც „ზღვის ჯავშნოსანი რაინდების“ სახელით არიან ცნობილნი. შუა საუკუნეების რაინდთაგან განსხვავებით, ამ მინიატურული „რაინდების“ უმრავლესობას საუცხოო ფერებით დამშვენებული ჯავშანი აცვია. ზღვის სიზრქეში მცხოვრები ეს ციცქნა არსებები კიბოსნაირთა ოჯახს მიეკუთვნებიან და, ჩვეულებრივ, კრევეტებად არიან ცნობილნი.
პლანქტონიდან თქვენს თეფშზე
შეიძლება თქვენთვის კრევეტები, უბრალოდ, ზღვის დელიკატესი პროდუქტია. მაგრამ თქვენი თეფში მხოლოდ სამწუხარო დასასრულია მათი საოცარი, მრავალფეროვანი ცხოვრებისა. ზოგიერთი სახეობის დედალი კრევეტი თავის განაყოფიერებულ კვერცხებს მუცლით ატარებს მანამ, სანამ ახალი თაობა არ გამოიჩეკება; კრევეტების სხვა სახეობები კი თავიანთ კვერცხებს დინებას ანდობენ.
კრევეტის კვერცხებიდან იჩეკება ეგრეთ წოდებული ზოეა, ანუ ლარვა, რომელიც რამდენიმე სტადიას გადის და ძალიან განსხვავდება მოზრდილი კრევეტისგან. პლანქტონის სქელ ფენაში გარკვეული დროის ყოფნის შემდეგ ის საბოლოოდ ოკეანის ფსკერზე იდებს ბინას და თანდათანობით მოზრდილი კრევეტის სახეს იღებს.
ჯავშნის გამოცვლა
როგორ ახერხებს გაზრდას ჯავშანში „ჩამჯდარი“ კრევეტი? ერთ წიგნში ნათქვამია, რომ „ჯავშნის გამოცვლის პროცესი მოიცავს ძველის შიგნით ახალი, რბილი კუტიკულის წარმოქმნას. შემდეგ ძველი კუტიკულა სძვრება და ცხოველი იგროვებს წყალს, რომ გააფართოვოს ახალი ელასტიური კუტიკულა შემდგომი ზრდისთვის“ (A Field Guide to Crustaceans of Australian Waters). სხვა წიგნში კი იხსნება, რომ „ცხოველმა უნდა გაითავისუფლოს მთელი სხეული თავისი ძველი ჯავშნიდან, მათ შორის ყველა — დიდი და მაგარი ან პატარა და ნაზი — დანამატი (ისინი კი ცოტა როდია). კრევეტი ისე იძრობს თავისი დანამატებიდან ჯავშანს, როგორც ადამიანი ხელთათმანს“ (Australian Seashores).
როგორ აძვრენენ კიბოსნაირნი თავიანთ დიდ დანამატებს, მაგალითად მარწუხების კუნთებს, ჯავშნის ვიწრო ხვრელებში? უილიამ დაკინი ამბობს: „კრევეტს ეს მხოლოდ იმიტომ გამოსდის, რომ მისი სხეულის ცოცხალი ნაწილები რბილია და ვიწრო ხვრელში მათი გაძვრენა შესაძლებელია. ფაქტობრივად, კუტიკულის გამოცვლის დროს კიდურებში ხდება სისხლის ნაკადის უკან გაბრუნება, რის გამოც ადვილად შეიძლება მათი შეკუმშვა და გამოძვრენა“. ახალი ჯავშანი ინარჩუნებს ძველ ხასხასა შეფერილობას, რასაც თავისი მიზანი აქვს.
ფერები შესანიღბად და რეკლამისთვის
კრევეტები, რომლებიც ფრინტას საცეცებში ცხოვრობენ, ნაწილობრივ გამჭვირვალენი არიან ან მათი ჯავშანი იმავე ფერისაა, როგორიც მათ „მასპინძელს“ აქვს. შენიღბული კრევეტები ფრინტას მფარველობის საფასურად „ოჯახში თავდაუზოგავად შრომობენ“ — მასპინძლის საცეცებს ნაგვისგან ასუფთავებენ.
სხვა კრევეტები უფრო კაშკაშა შეფერილობისა არიან, მაგალითად სანიტარი–კრევეტები. ხშირად, ისინი ერთად ცხოვრობენ რიფების ხვრელებში და კაშკაშა ფერებით რეკლამას უწევენ თავიანთ სანიტარულ მომსახურებას. პარაზიტებით შეწუხებული თევზები კრევეტების ბინასთან იყრიან თავს, რომ ამ პატარა სანიტრებმა მათ სხეულზე იზრუნონ. კრევეტები უშიშრად უძვრებიან თევზებს პირსა და ლაყუჩებში. ეს „მკურნალი–კრევეტები“ ყველა პარაზიტს პოულობენ და შეექცევიან როგორც მათ, ისე თევზის ლორწოვან გარსსაც.
მათი შეფერილობისა და დანიშნულების მიუხედავად, უდავოა, რომ ამ ციცქნა არსებების მშვენიერი ჯავშანი შუა საუკუნეების რაინდთა მორთულობაზე შთამბეჭდავია.
[სურათი 15 გვერდზე]
აქლემი–კრევეტი
[სურათი 15 გვერდზე]
ფრინტას გამჭვირვალე კრევეტი
[სურათი 15 გვერდზე]
საიმპერატორო კრევეტი
[სურათი 15 გვერდზე]
ფრინტას მოცეკვავე კრევეტი
[სურათი 15 გვერდზე]
იუკატანური სანიტარი–კრევეტი
[სურათის საავტორო უფლება 23 გვერდზე]
All photos except cleaner shrimp: © J and V Stenhouse