სამოთხე ქვიშის კუნძულზე
„გამოიღვიძეთ!“–ისთვის ავსტრალიიდან
ინგლისელი ზღვაოსანი ჯეიმზ კუკი 1770 წელს თავისი ხომალდით ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროს მიადგა. თანამედროვე ქალაქ ბრიზბენიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 150 კილომეტრის დაშორებით მან ჩაუარა სანაპიროსთან ახლომდებარე დიდ ქვიშიან კუნძულს, რომელიც დღეს ყოველწლიურად 300 000 ტურისტს იზიდავს. ამ კუნძულისთვის კუკს დიდი ყურადღება არ მიუქცევია. ჯეიმზ კუკი და მისი ექსპედიციის წევრები ფიქრობდნენ, რომ ის ნახევარკუნძული იყო და არა კუნძული. ზღვაოსანმა მეთიუ ფლინდერზმა, რომელმაც რამდენიმე წლის შემდეგ დადგა ამ კუნძულზე ფეხი, მის შესახებ დაწერა: „ასეთი უნაყოფო ნახევარკუნძულის მსგავსი ადგილი სხვაგან არსად მინახავს“.
ქვიშიან სანაპიროებსა და დიუნებს რამდენიმე კილომეტრზე რომ გაჰყოლოდნენ, კუკსა და ფლინდერზს სრულიად განსხვავებული შთაბეჭდილება დარჩებოდათ. მათ თვალწინ გადაიშლებოდა ხელუხლებელი ტროპიკული ტყეები, კრისტალივით სუფთა მტკნარი ტბები და საუცხოოდ შეფერილი სანაპირო ქედები, სადაც ცხოველთა ასობით სახეობა ბინადრობს. ეს კუნძული, რომელიც ამჟამად ფრეიზერის სახელით არის ცნობილი და რომელიც უდიდეს ქვიშის კუნძულად ითვლება, 1992 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდაa.
კუნძული მთებიდან იღებს დასაბამს
ფრეიზერის კუნძული, რომლის ფართობიც 160 000 ჰექტარია, სიგრძეში 120 კილომეტრზეა გადაჭიმული, სიგანეში კი 25 კილომეტრს აღწევს. 240 მეტრზე აზიდული მთის ქვიშიანი მასივების გამო ის მსოფლიოში ყველაზე მაღალ ქვიშიან კუნძულად ითვლება. როგორ წარმოიქმნა ეს საუცხოო კუნძული?
თავის დაბადებას ეს კუნძული ავსტრალიის მთელ აღმოსავლეთ სანაპიროს ჩაყოლებაზე მდებარე მთათა სისტემას, დიდ წყალგამყოფ ქედს, უნდა უმადლოდეს. დროთა განმავლობაში ძლიერი წვიმების შედეგად კლდოვანი ქანები ჩამოირეცხა. ეს ჩამორეცხილი მასა კი მდინარეებს ოკეანეში გადაჰქონდა. იქ დინებები ქანებს ქვიშად შლიდა და ქვიშად ქცეული ქანები თანდათანობით ჩრდილოეთისკენ, ფსკერზე ილექებოდა. ოკეანის ფსკერზე არსებულმა კონცხებმა და კლდოვანმა ქანებმა ხელი შეუწყვეს ქვიშის ერთ ადგილას თავმოყრას. ასე წარმოიშვა ფრეიზერის კუნძული.
ამ სანაპიროებზე წყნარი ოკეანის დინებების შედეგად დღემდე ხდება ქვიშის ახალი მასების დალექვა. ქვიშისგან ქარი დიუნებს წარმოქმნის. დიუნები კი, თავის მხრივ, წელიწადში ერთი მეტრით გადაადგილდება და გზად ყველაფერს შთანთქავს.
ტყეები და მტკნარი ტბები
როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, კუნძულზე 40 მტკნარი ტბაა, რომლებიც წარმოქმნილია დიუნებში გაჩენილ ღრმულებში. მათგან ზოგი „დაკიდული ტბების“ სახელითაა ცნობილი, რადგან ისინი დიუნების თავზე წარმოქმნილ ღრმულებში მდებარეობს. როგორ აკავებს ქვიშა წყალს? მას ორგანული ნარჩენები ანუ ტორფი აკავებს, რომელიც წარმოიქმნება ფოთლების, ხის ქერქისა და ტოტების ლპობის შედეგად.
კუნძულზე ასევე არსებობს „ტბა–ფანჯრები“. ისინი წარმოქმნილია ისეთ ღრმულებში, რომლებიც გრუნტის წყლების დონეზე ქვევით ეშვება. ქვიშით გაფილტრული გრუნტის წყალი ჟონავს ღრმულში და ამგვარად წარმოქმნის „ფანჯრებს“ ტბასა და გრუნტის წყლებს შორის.
ტბების შევსება ბუნებრივი ნალექების საშუალებით ხდება, რომელთა წლიური რაოდენობა 1500 მილიმეტრს აღწევს. ტბების გარეთ მოხვედრილი და ტბებიდან გამოჟონილი წყალი ქმნის ღვარებს, რომელიც ზღვაში ჩაედინება. ერთ–ერთ ასეთ წყლის ნაკადს საათში 5 მილიონი ლიტრი წყალი ჩააქვს წყნარ ოკეანეში.
წყლის სიუხვის გამო ფრეიზერის კუნძული მწვანით არის შემოსილი. უნაყოფო ქვიშაზე, ჩვეულებრივ, არ წარმოიქმნება ტროპიკული ტყეები. მაგრამ ფრეიზერის კუნძული იმ რამდენიმე კუნძულის რიცხვს ეკუთვნის, სადაც ქვიშაზე ტროპიკული ტყეებია. ერთ დროს ამ ტყეებში იმდენად ბევრი ხე და მცენარეულობა იყო, რომ 100–ზე მეტი წლის განმავლობაში იჩეხებოდა. ტყეების მჩეხავებს იზიდავდა ევკალიპტის სხვადასხვა სახეობა და აგატისი. 1929 წელს ერთ–ერთმა მათგანმა თქვა: „მოგზაურებისთვის შეუმჩნეველი არ რჩებოდა 45 მეტრი სიმაღლის გიგანტური ხეებისგან აღმართული კედელი... ამ ახოვანი ხეების დიამეტრი 2–3 მეტრი იყო“. ზოგიერთი ხე, მაგალითად სინკარპია, სუეცის არხის მშენებლობისას გამოიყენეს. მაგრამ დღეს ფრეიზერის კუნძულის ხეებს საფრთხე აღარ ემუქრება.
სამოთხე ტრაგიკული წარსულით
ამ კუნძულის სახელი ერთ ტრაგედიას უკავშირდება. 1836 წელს ჯეიმზ ფრეიზერი და მის მეუღლე, ელაიზა, ხომალდის „სტერლინგ–კასტელის“ მსხვრევას გადაურჩნენ; ისინი კუნძულზე აღმოჩნდნენ. როგორც ჩანს, ადგილობრივი ტომი თავს დაესხა კაპიტანს და მოკლეს, მაგრამ ელაიზამ როგორღაც მოახერხა თავის დაღწევა. კაპიტნის ხსოვნის პატივსაცემად დიდი ქვიშის კუნძულს ფრეიზერის კუნძული ეწოდა.
უბედურება ადგილობრივ მკვიდრებსაც დაატყდათ თავს. ერთ დროს ფრეიზერის კუნძულზე დაახლოებით 2 000 აბორიგენი ცხოვრობდა. როგორც ამბობენ, ისინი კარგი აღნაგობითა და ჯან–ღონით გამოირჩეოდნენ. ისინი კუნძულს „კგერს“ ანუ სამოთხეს უწოდებდნენ. ერთ აბორიგენულ ლეგენდაში, რომელიც ამ კუნძულის წარმოშობას ეხება, ნათქვამია, რომ ის ყველაზე ლამაზი ადგილია. სამწუხაროდ, ევროპიდან შეტანილმა დაავადებებმა მრავალი აბორიგენის სიცოცხლე იმსხვერპლა. XX საუკუნის დასაწყისისთვის დარჩენილი აბორიგენების უმეტესობა ავსტრალიის კონტინენტურ ნაწილში გადაასახლეს.
სტუმართმოყვარე კუნძული
დღეს კუნძული ველური ბუნების მყუდრო სავანეა. კუნძულის ყველაზე ცნობილი ბინადარია დინგო — ავსტრალიური ველური ძაღლი. დინგო აღმოსავლეთ ავსტრალიის ყველაზე წმინდასისხლიან ცხოველად ითვლება, რადგან მას არ აჯვარებენ შინაურ ძაღლებთან. დინგო ძალიან ჰგავს შინაურ ძაღლს, მაგრამ მასთან შეხვედრისას დიდი სიფრთხილეა საჭირო.
კუნძულზე 300–ზე მეტი სახეობის ფრინველია. სანაპიროს თავზე ძერები და ფსოვები დაფრინავენ, ალკუნების შემჩნევა კი ტბების თავზე შეიძლება. კუნძულს ხშირად სტუმრობენ ისეთი მიმომფრენი ფრინველები, როგორიცაა „Charadrius mongolus“. ისინი ბარტყებს ციმბირში ჩეკენ. ეს ფრინველები დასაზამთრებლად სამხრეთისკენ მიფრინავენ და გზად ფრეიზერის კუნძულზე მოკლე დროით ისვენებენ. გარდა ამისა, 30 000–მდე რუხთავიანი ღამურა, რომლებიც ყორნის ზომისანი არიან, სეზონურად მიფრინავენ კუნძულზე, რათა ევკალიპტის ყვავილის ნექტრით ჩაიტკბარუნონ პირი.
კუნძულის წყლებსაც ჰყავს თავისი ბინადრები. მაგალითად, ვეშაპის ერთ–ერთი სახეობა კუზა, რომელიც ყინულოვანი ანტარქტიკიდან დიდი ბარიერული რიფისკენ მოცურავს, სადაც წყვილდება და მრავლდება. გაბრუნებამდე ვეშაპები საოცარ სანახაობას აწყობენ: ისინი წყალში დიდ ნახტომებს აკეთებენ, რისი დანახვა დიდი მანძილიდანაც კი შეიძლება. ნახტომებითა და ჰაერში ატყორცნილი წყლის შხეფებით ვეშაპები თითქოს ემშვიდობებიან ამ საუცხოო კუნძულს!
[სქოლიოები]
a გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხთა ორგანიზაციას მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეაქვს კულტურული და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები, რომლებიც მატერიალური, ბიოლოგიური, გეოლოგიური ან მეცნიერული ღირებულებით გამოირჩევა.
[რუკა 14 გვერდზე]
(სრულად გაფორმებული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
წყნარი ოკეანე
ფრეიზერის კუნძული
[სურათები 15 გვერდზე]
მარჯვნივ, ზემოდან ქვემოთ:
კერნონ-კრიკის შესართავი.
ფრეიზერის კუნძულზე ორმოცი მტკნარი ტბაა.
ბუნების სასწაული — ტროპიკული ტყეები ქვიშაზე.
[საავტორო უფლებები დაცულია 15 გვერდზე]
All photos: Courtesy of Tourism Queensland
[სურათები 16, 17 გვერდებზე]
დინგო და კოალა
[საავტორო უფლებები]
Courtesy of Tourism Queensland
[სურათი 16, 17 გვერდებზე]
120 კილომეტრზე გადაჭიმული ფრეიზერის კუნძულის სანაპირო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გრძელ სანაპიროდ ითვლება.
[სურათი 17 გვერდზე]
ფსოვი
[სურათი 17 გვერდზე]
ალკუნები
[სურათი 17 გვერდზე]
ვარხვები
[სურათი 17 გვერდზე]
ანტარქტიკისკენ მიმავალი კუზა ვეშაპი
[საავტორო უფლებები დაცულია 17 გვერდზე]
Eagle: ©GBRMPA; all other photos except pelicans: Courtesy of Tourism Queensland