გასეირნება კერალას ტბებზე
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ინდოეთიდან
წარმოიდგინეთ, რომ კეთილმოწყობილი ნავით მიცურავთ დელტაში, რომელსაც 44 მდინარე ქმნის. ასეთი რამ შესაძლებელია ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე 900 კილომეტრზე გადაჭიმულ კერალას ტბებზე. ეს ძალიან სასიამოვნო განცდაა, რადგან თქვენ წინაშე ულამაზესი ხედები იშლება. თქვენი ნავი ნელი სვლით მიაპობს წყალს. ამ დროს შეუძლებელია, არ მოიხიბლოთ ბუნებრივი ტბებით, ხელოვნური არხებითა და ლაგუნებით, რომელთა სანაპიროებზეც ქოქოსის ნარგავები და ბრინჯის ნათესებია გაშენებული. როგორც ჩანს, „ნეშნლ ჯიოგრეფიკ ტრეველერმა“ სწორედ ამიტომ შეიყვანა კერალა „იმ 50 საუკეთესო ადგილის სიაში, რომლებსაც ერთხელ მაინც უნდა ესტუმროთ“.
არანაკლებ ყურადღებას იმსახურებს არხების სანაპიროებზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა. მათ ახსოვთ ის დრო, როცა იქ არც ტურისტები ჩადიოდნენ და ახლომახლო არც ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები იყო. თუმცა ტურისტების გამოჩენას დიდად არ შეუცვლია მათი ყოფა-ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ამჟამად მდიდრულ სასტუმროებში მუშაობს და ტურისტებს ემსახურება, ამას მათ კულტურასა და ცხოვრებაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. მათ დღემდე ბრინჯი და ქოქოსი მოჰყავთ და თევზჭერას მისდევენ, რაც მათი შემოსავლის წყაროა.
ტბებზე თევზაობა
თევზაობა იქაური მოსახლეობის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. აქ შეგიძლიათ ნახოთ ის, რასაც სხვაგან ვერსად ნახავთ; ქალები შიშველი ხელებით იჭერენ ერთ-ერთი სახეობის თევზს, რომელსაც „კარიმინს“ ეძახიან. ეს თევზი დელიკატესია როგორც თავად ინდოელებისთვის, ისე ტურისტებისთვის. თევზაობის დროს ქალები წელამდე წყალში შედიან, თან შეაქვთ ჭურჭელი თევზის ჩასაყრელად. როდესაც თევზები ქალების მოახლოებას გრძნობენ, შეშინებულები ფსკერისკენ ეშვებიან და თავით ეფლობიან ტალახში. ქალები ჭკუას ხმარობენ, თევზებს ფეხის ტერფებით ეძებენ და პოულობენ კიდეც. შემდეგ იხრებიან, საბრალო თევზს უცებ სტაცებენ ხელს და ჭურჭელში ჩაუძახებენ. თევზს საკმარისი რაოდენობით რომ დაიჭერენ, ნაპირზე გამოდიან, სადაც მათ უამრავი კლიენტი ელოდებათ. შედარებით მოზრდილი და ძვირადღირებული თევზები ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში მიაქვთ, სადაც მათ მადიანად შეექცევიან მდიდრები. შედარებით პატარა თევზები კი გემრიელ ლუკმად იქცევა ნაკლებად შეძლებულებისთვის.
ჩინური ბადეები
ტბების სანაპიროებზე თქვენს ყურადღებას, უეჭველად, მიიქცევს უჩვეულო ჩინური ბადეები. ტურისტების ყურადღებას ეს ბადეებიც იპყრობს.
როგორც ამბობენ, ჩინელმა ვაჭრებმა ბადეები ყუბილაი-ყაენის სამეფო კარიდან პირველად დაახლოებით ახ. წ. მე-14 საუკუნეში შეიტანეს ქალაქ კოჩინში (დღევანდელი კოჩი). ეს ბადეები პირველად ჩინელებმა, მოგვიანებით კი პორტუგალიელმა ახალმოსახლეებმა გამოიყენეს. ბევრი ინდოელი დღესაც ამ ბადეების წყალობით ირჩენს თავს და ათასობით სხვა ადამიანსაც ამარაგებს საკვებით, ზუსტად ისე, როგორც დაახლოებით 600 წლის წინათ ხდებოდა. გასაოცარია, რომ ასეთი ბადით ერთ ჯერზე დაჭერილი თევზით მთელი სოფლის გამოკვება შეიძლება. ბევრი ტურისტი ჩამავალი მზის ფონზე გასაშრობად გაშლილ ბადეებს სურათებს უღებს, რადგან ეს მათთვის უჩვეულო სანახაობაა.
ტურისტებს მხოლოდ ჩინური ბადეები როდი აოცებთ. ყოველ წელს ათასობით ტურისტს გველის ფორმის ნავებით გამართული შეჯიბრებაც იზიდავს.
ნავებით შეჯიბრება
გველის ფორმის ნავები მოგრძო და ვიწრო კანოეებია. ნავის კიჩო კობრას თავს წააგავს. ძველად მოსავლის აღების შემდეგ მეფეები ერთმანეთთან საომრად ასეთ ნავებს იყენებდნენ. ომების შეწყვეტის შემდეგ ამ ნავებმა თავისი დანიშნულება დაკარგა. ამის შემდეგ მხოლოდ ტაძრის დღესასწაულების დროს ჩნდებოდნენ ეს უჩვეულო ნავები. ტრადიციისამებრ, მორთულ ნავებზე დიდი ზარ-ზეიმით სხდებოდნენ ნიჩბოსნები. ამ დღესასწაულების დროს ნავებით შეჯიბრება წარჩინებულ ადამიანთა პატივსაცემად იმართებოდა. ეს ტრადიცია, რომელსაც ჯერ კიდევ ათასი წლის წინათ ჩაეყარა საფუძველი, დღესაც არსებობს.
შეჯიბრებაში მონაწილეობას დაახლოებით 20 ნავი იღებს. თითო ნავში 100-150 კაცი ზის. ასზე მეტი ნიჩბოსანი მოკლე ნიჩბებით ხელში მთელი ნავის სიგრძეზე ორ რიგადაა ჩამწკრივებული. ოთხი მესაჭე გრძელი ნიჩბებით კიჩოსთან დგას და ნავს მიმართულებას აძლევს. ნავის ცენტრში მდგომი ორი კაცი კი ჯოხებს ურტყამს ხის დაფას, რათა ნიჩბოსნები ამ ხმას აჰყვნენ და რიტმულად მოუსვან ნიჩბები. მათ გვერდით მოუყვება 6-7 გულშემატკივარი სხვა ნავებით. ისინი ტაშით, სტვენით, შეძახილებითა და ნიჩბოსანთა საყვარელი სიმღერებით ამხნევებენ შეჯიბრების მონაწილეებს, რომ სვლა არ შეანელონ. როცა ფინიშის ხაზს უახლოვდებიან, ნიჩბოსნები ბოლო ძალებს იკრებენ და ენერგიულად უსვამენ ნიჩბებს.
1952 წელს ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრი ჯავაჰარლალ ნერუ კერალას ერთ-ერთ მთავარ ქალაქს, ალეპს ესტუმრა. მასზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ნავებით შეჯიბრებამ, რომ უგულებელყო უსაფრთხოების ყოველგვარი ზომები, პირდაპირ გამარჯვებულთა ნავში ჩახტა და ნიჩბოსნებთან ერთად დაიწყო ტაშის კვრა და მღერა. დელიში დაბრუნების შემდეგ მან გამარჯვებულებს საჩუქრად პატარა ვერცხლის ნავი გაუგზავნა, რომელზეც ამოტვიფრა თავისი ხელმოწერა და შემდეგი სიტყვები: „ეს ჯილდო ეკუთვნის გამარჯვებულებს ნავებით შეჯიბრებაში, რომელიც ხალხის ტრადიციის განუყოფელი ნაწილია“. ეს ვერცხლის ნავი დაწესდა, როგორც ნერუს სახელობის პრიზი, რომელიც ყოველ წელს გადაეცემათ შეჯიბრებაში გამარჯვებულებს. ყოველწლიურად დაახლოებით ასი ათასი ადამიანი ადევნებს თვალყურს ამ შეჯიბრებას. ამ დროს კერალას მოლივლივე წყალი მჩქეფარე წყლად იქცევა.
მოტივტივე მდიდრული სასტუმროები
ტურისტების აღფრთოვანებას მხოლოდ გველის ფორმის ნავები არ იწვევს. უფრო და უფრო პოპულარული ხდება ძველებური ნავები, რომლებითაც ერთ დროს ბრინჯი გადაჰქონდათ. დღეს ეს ნავები მდიდრულ სასტუმროებად იქცა.
მართალია, სასტუმროებად ქცეული ნავების უმეტესობა ახალი აგებულია, მაგრამ სასტუმროებად ისეთი ნავებიც გადააკეთეს, რომლებიც ას წელზე მეტს ითვლის. თავდაპირველად ამ ნავებს „კეტუვალამებს“ (კვანძიანი ნავები) ეძახდნენ. ნავები პურის ხის ფიცრებისგან მზადდებოდა, რომლებსაც ყოველგვარი ლურსმნის გარეშე ერთმანეთთან აერთებდა ქოქოსის ხის ქერქისგან გაკეთებული ბაწარი. თავდაპირველად ნავებით სოფლიდან სოფელში გადაჰქონდათ ბრინჯი და სხვა საქონელი, სანელებლები კი — შორეულ ქვეყნებში. თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებების გამოჩენის შემდეგ ეს ნავები მოძველდა. მოგვიანებით ერთ ჭკვიან მეწარმეს გაუჩნდა იდეა, რომ ეს ნავები სასტუმროებად გადაეკეთებინა. მან ძველი ნავის მოდელზე ისეთი ნავი ააგო, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა — აივანი, მდიდრული საძინებლები, სველი წერტილები და ლამაზი ავეჯით გაწყობილი მისაღები ოთახები. ამიტომ უწოდეს ამ ნავებს მოტივტივე სასტუმროები. თუ ამ სასტუმროებში დაბინავდებით, ნებისმიერ ადგილას წაგიყვანენ და ნებისმიერი კერძით გაგიმასპინძლდებიან.
შებინდებისას ღუზებს წყალში ნაპირთან ახლოს უშვებენ, ხოლო სიმშვიდისა და სიმყუდროვის მოყვარულთათვის — შუაგულ ტბაში. იქ ტურისტები სამარისებური სიჩუმით ტკბებიან, თუ არ ჩავთვლით წყალში თევზების ტყლაშანის ხმას.
მაგრამ ეს მხარე მხოლოდ სიმყუდროვით როდი გამოირჩევა. არანაკლებ ყურადღებას იქცევენ „ადამიანთა მებადურები“ თავიანთი აქტიურობითა და გულმოდგინებით.
„ადამიანთა მებადურები“
ასე უწოდა იესომ იმ მეთევზეებს, რომლებიც მისი მოწაფეები გახდნენ. მან უთხრა მათ: „გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ“. იესოს მხედველობაში ჰქონდა ხალხის მოწაფეებად მომზადება (მათე 4:18, 19; 28:19, 20). ამ მოწოდებას იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში ეხმაურებიან, მათ შორის კერალას შტატში.
კერალას შტატში იეჰოვას მოწმეთა 132 კრებაა, აქედან 13 კრება ახლოს არის ტბებთან. ამ კრების ბევრი წევრი თევზჭერით ირჩენს თავს. ერთხელ ერთმა იეჰოვას მოწმემ თევზაობისას სხვა მეთევზეს ღვთის სამეფოს შესახებ უქადაგა. მან დაინახა სხვაობა ბიბლიურ და ეკლესიურ სწავლებებს შორის. ბიბლიით მისი ცოლი და ოთხი შვილიც დაინტერესდნენ. მალე მთელმა ოჯახმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ისინი იმდენად სწრაფად გაიზარდნენ სულიერად, რომ დღეისათვის დედ-მამა და ორი შვილი მონათლულები არიან, დანარჩენი ორი კი მოსანათლად ემზადება.
ერთხელ ერთ-ერთი კრების წევრები ნავით პატარა კუნძულზე წავიდნენ საქადაგებლად. ამ მხარეში ნავით მგზავრობის გრაფიკის არქონის გამო უკან დაბრუნება ყოველთვის არ ხერხდება, რის გამოც ადგილობრივი ხალხი კუნძულს უწოდებს „კადამაკუდის“, რაც ნიშნავს: „თუ იქ მოხვდი, ჩარჩები“. ამ კუნძულზე მოწმეებმა გაიცნეს ჯონი და მისი ცოლი რანი. ეს კათოლიკე ცოლ-ქმარი მედიტაციის ცენტრში დადიოდა. მათ ამ ცენტრს დიდი თანხა შესწირეს. ჯონი სერიოზულად დაინტერესდა ბიბლიით და მალე შესწავლაც დაიწყო. ახლად შეძენილ რწმენას ის სხვებსაც უზიარებდა. ჯონიმ ბიბლიის დახმარებით მოწევასა და სმას თავი დაანება.
ჯონის ისეთი სამუშაო ჰქონდა, რომელიც ხელს უშლიდა ბიბლიური პრინციპების დაცვაში. მან თავი დაანება სამუშაოს, რის გამოც ოჯახს მატერიალურად გაუჭირდა. მაგრამ ცოტა ხანში ჯონიმ კიბორჩხალებით დაიწყო ვაჭრობა და ოჯახმაც ამოისუნთქა. ის და მისი ცოლი 2006 წლის სექტემბერში მოინათლნენ, მისი ორი შვილი კი — ერთი წლის შემდეგ. დედამიწაზე სამოთხეში მარადიული სიცოცხლის იმედმა მათი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა (ფსალმუნი 97:1; 1 იოანე 2:17).
კერალას ტბებზე სეირნობა მართლაც სასიამოვნო განცდაა. იქ ჩასულთა ყურადღებას არა მხოლოდ ჩინური ბადეები, გველის ფორმის ნავები და მოტივტივე სასტუმროები იქცევს, არამედ „ადამიანთა მებადურებიც“, იეჰოვას ერთგული მოწმეები.
[რუკა 22, 23 გვერდებზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ინდოეთი
კერალა
[სურათი 23 გვერდზე]
თევზაობა კერალელთა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია
[საავტორო უფლება]
Top photo: Salim Pushpanath
[სურათი 23 გვერდზე]
ქალები შიშველი ხელებით იჭერენ თევზს
[სურათი 24 გვერდზე]
შეჯიბრება გველის ფორმის ნავებით
[სურათი 24 გვერდზე]
„კეტუვალამი“
[სურათი 24, 25 გვერდებზე]
მოტივტივე სასტუმრო
[სურათი 24, 25 გვერდებზე]
ჯონი და მისი ცოლი, რანი
[სურათის საავტორო უფლება 24 გვერდზე]
Salim Pushpanath