როგორ გავანაწილოთ შემოსავალი?
უმთავრესად სად მიდის ჩვენი შემოსავალი? 1) ვხარჯავთ, 2) ვინახავთ ან 3) სხვებს ვაძლევთ. ჯერ ვისაუბროთ იმაზე, როგორ ვხარჯოთ ფული გონივრულად.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, „დიდმა ვარდნამ“ ის მაინც გვასწავლა, თუ რამდენად სასარგებლოა კარგად შედგენილი ბიუჯეტი. რა არის ბიუჯეტი? მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის იმის ცოდნა, თუ როგორ განკარგო შემოსავალი. ბიუჯეტის შედგენა სასარგებლოა როგორც ცალკეული პირებისა და ოჯახებისთვის, ისე საქმიანი ადამიანებისა და მთავრობებისთვის.
ოჯახმა ერთად შეადგინეთ ბიუჯეტი
დენიზ ჩამბერსის საავტორო წიგნში „ბიუჯეტის შედგენა“ ნათქვამია: „ოჯახის ყველა წევრი უნდა მონაწილეობდეს ბიუჯეტის შედგენაში, რათა ყველა გრძნობდეს ვალდებულებას, მიჰყვეს შედგენილ გეგმას“. პერიოდულად ერთად უნდა გადახედონ, რამდენად ამართლებს მათ მიერ შედგენილი გეგმა. ერთად შედგენილი კარგი ბიუჯეტი დაეხმარება ოჯახის თითოეულ წევრს, იმყოფინოს შემოსავალი.
ბიუჯეტს ზოგი კომპიუტერში ადგენს. სხვები ამ საქმისთვის უბრალოდ ფანქარსა და ფურცელს იყენებენ. ფურცელს ორ სვეტად ყოფენ, ერთში წერენ რა შემოსავალი ექნებათ, მეორეში — რა ხარჯები. მნიშვნელოვანია, ასევე ხარჯებში ჩართოთ გარკვეული თანხა, რომელსაც ყოველთვე გადადებთ წლიური ხარჯების დასაფარავად, მაგალითად, საშემოსავლო გადასახადის ან შვებულებისთვის.
ბიუჯეტის შედგენის დროში ნაცადი მეთოდია კონვერტებისა და საქაღალდეების გამოყენება, რომლებსაც აწერია „საკვები“, „ქირა“, „ტრანსპორტი“, „ელექტროენერგია“, „მკურნალობა“ და ასე შემდეგ. ადრე ხალხი ასეთი ხარჯების დასაფარავად ყოველთვე ფულს კონვერტებში ინახავდა. დღეს ბევრი ფიქრობს, რომ უფრო ადვილია და უსაფრთხო, თუ ფულს ბანკში შეინახავს და საჭირო დროს გამოიტანს.
იონათანი და ენი, რომლებიც თავიანთ ორ გოგონასთან ერთად სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობენ, ფულს საქაღალდეებში ინახავენ. იონათანი ამბობს: „თუ ხელფასს ბანკში იღებთ, მკაცრად უნდა აკონტროლოთ რისთვის გამოგაქვთ ფული და რისთვის არა. თუ ხორცის ფული ამოგეწურათ, კარგი იქნება, თუ დანაზოგიდან არ აიღებთ“.
იონათანს საკუთარი ბიზნესი ჰქონდა. მოგვიანებით, მთელმა ოჯახმა გადაწყვიტა, მოხალისედ ემსახურა. დღესდღეობით ისინი მონაწილეობას იღებენ თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი შენობების აშენებაში. და რაკი მათ სურთ, კვლავაც განაგრძონ ასეთი მსახურება, საჭიროა, ზედმიწევნით მიჰყვნენ შედგენილ ბიუჯეტს. ეს ოჯახი ხშირად ამოწმებს იმას, თუ როგორ ფუნქციონირებს მათივე შედგენილი ბიუჯეტი და თუ საჭიროა, ცვლილებებიც შეაქვთ მასში.
გაცილებით დიდი ბედნიერება
გამოკვლევები აჩვენებს, რომ ადამიანი ყველაზე დიდ ბედნიერებას მაშინ იღებს, როცა სხვების სასარგებლოდ გასცემს თავის დროს, ენერგიასა და სახსრებს. შესავალში მოხსენიებული სამი ფაქტორიდან საუკეთესოა გაცემა — იმდენის გაცემა, რამდენის საშუალებასაც შენი მდგომარეობა გაძლევს.
კრის ფარელი თავის წიგნში ამბობს, რომ „დანაზოგი სხვების დახმარების საშუალებას იძლევა“. ის გვირჩევს: „ყველაზე კარგი და გონივრული ის იქნება, თუ თქვენს დანაზოგს სხვებს გაუზიარებთ“.a ფარელი განაგრძობს: „როცა ფიქრობ, რა უფრო ღირებულია ცხოვრებაში, ხვდები, რომ ფულზე და ქონებაზე ძვირფასი ურთიერთობები, საინტერესო საქმეების კეთება და სხვების კეთილდღეობაზე ზრუნვაა“ (The New Frugality).
ეკონომისტი მაიკლ ვაგნერიც მსგავს აზრს გამოთქვამს. თავის წიგნში ის ახალგაზრდებს ფულის დაზოგვისკენ მოუწოდებს და ამბობს: „თუ ინიციატივას გამოიჩენ და დაეხმარები ნაკლებად შეძლებულებს, შენი სიკეთე უკანვე დაგიბრუნდება სხვადასხვა გზით. მაგრამ ყველაზე დიდ კმაყოფილებას სხვების დახმარებით მიღებული ის სასიამოვნო გრძნობა მოგანიჭებს, რომელიც ამ დროს გულში ჭარბად გექნება“ (Your Money, Day One).
ბიბლია ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ გაცემას უდიდესი ბედნიერება სდევს თან. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მასში მრავლად არის ისეთი გამონათქვამები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი შემოსავლების გონივრულად გადანაწილებაში. ახლა ვისაუბროთ სხვა შვიდ ბრძნულ აზრზე.
[სქოლიო]
a ფული შეიძლება საჩუქრის სახით გავცეთ ან სტუმართმოყვარეობა გამოვავლინოთ, მაგალითად, მეგობრებსა თუ ოჯახის წევრებს საჭმელი მოვუმზადოთ.