ბიბლია — უტყუარი წინასწარმეტყველებების წიგნი ნაწილი
„დიდ ხალხს წარმოვშობ შენგან“
„გამოიღვიძეთის“ ამ რვანაწილიან რუბრიკაში განხილული იქნება ბიბლიის საგულისხმო წინასწარმეტყველებები. თითოეული ნაწილიდან გავიგებთ პასუხს კითხვაზე: უბრალოდ ჭკვიანმა ადამიანებმა მოიფიქრეს და დაწერეს ბიბლიური წინასწარმეტყველებები თუ ღმერთი დგას ამ უდიდესი სიბრძნის მიღმა? მოდი, დავიწყოთ და ერთად მიმოვიხილოთ ფაქტები.
ეჭვი და უნდობლობა — ამ სიტყვებით თამამად შეგვიძლია დავახასიათოთ ჩვენი დროის საზოგადოება. ასეთი სკეპტიკური დამოკიდებულება ადამიანთა შეხედულებაზეც აისახება, თუ რას ფიქრობენ ბიბლიაზე. თუმცა, სამწუხაროდ, ბევრს არც კი გამოუკვლევია ეს უძველესი ნაშრომი და თავიანთ მოსაზრებებს სხვათა სიტყვებზე აფუძნებენ. თუ თქვენ სხვაგვარად ფიქრობთ, მაშინ შემოგვიერთდით და ერთად ვიმოგზაუროთ ბიბლიურ დროში, რათა დავრწმუნდეთ ამ წიგნის უტყუარობაში.
პირველ რიგში, ვესტუმროთ კაცს, რომელსაც დიდ პატივს სცემენ ქრისტიანებიც, იუდეველებიც და მუსლიმანებიც. ის წარმოშობით ებრაელი იყო და ძვ. წ. 2018—1843 წლებში ცხოვრობდა.a ამ კაცს სახელად აბრაამი ჰქვია.b
აბრაამს უშუალოდ ეხებოდა ბიბლიაში ჩაწერილი რამდენიმე უძველესი წინასწარმეტყველება. ეს წინასწარმეტყველებები ჩვენს დღეებსაც ეხება (იხილეთ ჩარჩო «კურთხევა „ყველა ერისთვის“»). ბიბლიის პირველი წიგნის, „დაბადების“, თანახმად, ეს წინასწარ თქმული მოვლენები სამ საკითხს მოიცავს: 1) აბრაამის შთამომავლები ჩამოყალიბდებოდნენ ძლიერ ერად. 2) თან ამავდროულად მონები იქნებოდნენ უცხო მიწაზე. 3) შევიდოდნენ ქანაანის მიწაზე და დაეუფლებოდნენ ამ ტერიტორიას. გთავაზობთ, უფრო დეტალურად განვიხილოთ სამივე მათგანი.
სამი მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება
წინასწარმეტყველება 1. „დიდ ხალხს წარმოვშობ შენგან [აბრაამ]“ (დაბადება 12:2).
შესრულება: აბრაამის შთამომავლები, ისაკის და იაკობის ხაზით (იაკობისა, რომელსაც ასევე ისრაელი ერქვა), ძველი ისრაელის ერად ჩამოყალიბდნენ, ჰქონდათ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ჰყავდათ მეფეები.
რას ამბობს ისტორია
● ბიბლია აბრაამის შთამომავლობითი ხაზის გარკვეულ დეტალებზე გვაწვდის ინფორმაციას, მათ შორის საუბრობს ისაკზე, იაკობზე და იაკობის 12 ძეზე. ამ ხაზში შედიან ასევე მეფეებიც, რომლებიც ისრაელსა და იუდას მართავდნენ. ამ მმართველთაგან 17 მეფე მოხსენიებულია ისტორიულ წყაროებშიც და სრულ თანხმობაშია ბიბლიურ ცნობასთან იმის თაობაზე, რომ აბრაამის შთამომავლები ისაკის და იაკობის ხაზით ერად იქცეოდნენ.c
წინასწარმეტყველება 2. „[აბრაამ], შენი შთამომავლობა ხიზნად იცხოვრებს სხვების მიწაზე და მათი მსახურები გახდებიან . . . მეოთხე თაობაში დაბრუნდებიან ისინი“ (დაბადება 15:13, 16).
შესრულება: ქანაანის მიწაზე შიმშილობა ჩამოვარდა. ამიტომ აბრაამის შთამომავლების ოთხი თაობა ეგვიპტეში ცხოვრობდა; თავიდან როგორც სტუმრები და უცხოელები, მოგვიანებით კი მონები. მათ მოვალეობაში შედიოდა აგურების კეთება თიხითა და ნამჯით. მოდი, ავიღოთ აბრაამის შთამომავლობითი ხაზის მხოლოდ ერთი, მისი შვილთაშვილის, ლევის განშტოება. ლევი თავის მოხუც მამასთან, იაკობთან ერთად ეგვიპტეს შეეხიზნა. იაკობის შემდგომი ოთხი თაობა გახლავთ: 1) ლევი, 2) მისი ძე კეჰათი, 3) შვილიშვილი მერარი და 4) შვილთაშვილი მოსე (გამოსვლა 6:16, 18, 20). ძვ. წ. 1513 წელს მოსემ ისრაელი ეგვიპტიდან გამოიყვანა (იხილეთ ქვემოთ მოცემული დროის დიაგრამა და ჩარჩო „დროის ზუსტი ათვლა“).
რას ამბობს ისტორია
● ძველი აღთქმისა და ახლო აღმოსავლეთის არქეოლოგიის პროფესორის, ჯეიმზ ჰოფმაიერის თქმით, ეგვიპტური ხელნაწერები და არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს იმას, რომ შიმშილობის პერიოდში სემიტებს (ამ ხალხთა რიცხვში შედიან ებრაელებიც) თავიანთი საქონლით ეგვიპტის მიწაზე ცხოვრების ნება დართეს. მაგრამ, მართლა გახდნენ ებრაელები მონები და მართლა ამზადებდნენ აგურებს?
● ეგვიპტური ცნობები კონკრეტულად ისრაელებს არ მოიხსენიებს, მაგრამ იქაური ხელნაწერები და აკლდამებზე შესრულებული ნახატები ადასტურებს, რომ ეგვიპტელები უცხოელებს აკეთებინებდნენ აგურებს ტალახისა და ნამჯისგან. ბიბლიაც და ეგვიპტური ხელნაწერებიც ერთი და იმავეს ამბობს იმასთან დაკავშირებით, რომ ეგვიპტელ ზედამხედველებს აგურების დამზადების გარკვეული ნორმა ჰქონდათ დადგენილი მუშებისთვის (გამოსვლა 5:14, 19). იმავე პროფესორის თქმით, „ეგვიპტური წყაროები ამტკიცებს, რომ ეგვიპტელებს მონებად უცხოელები ჰყავდათ დაყენებული . . . ეს ისტორიაში ის პერიოდია, როდესაც ისრაელები იჩაგრებოდნენ. მთლიანობაში ებრაელების ეგვიპტეში გადასვლა საცხოვრებლად . . . შიმშილობის პერიოდში და ებრაელთა მონობა ისტორიაში არსებული უტყუარი ფაქტებია“.
წინასწარმეტყველება 3. „მოგცემთ შენ და შენს შთამომავალს ქანაანის მთელ მიწას“ (დაბადება 17:8).
შესრულება: მართალია, მოსემ გამოიყვანა ეს ახალჩამოყალიბებული ერი ეგვიპტიდან, მაგრამ ქანაანის მიწაზე ისრაელები იესო ნავეს ძემ შეიყვანა. ეს მოხდა ძვ. წ. 1473 წელს.
რას ამბობს ისტორია
● მაშინ, როცა არქეოლოგები ისრაელების ქანაანში შესვლის თარიღზე დავობენ, „ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ისინი ნამდვილად შევიდნენ ქანაანში და დასახლდნენ იმ მიწაზე“, — წერს ცნობილი ეგვიპტოლოგი, პროფესორი კენეტ კიჩინი.
● ბიბლიაში წერია, რომ იესო ნავეს ძემ „ცეცხლს მისცა [ქანაანის ქალაქი] ხაცორი“ (იესო ნავეს ძე 11:10, 11). ამ ქალაქის გათხრისას არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ქანაანელთა სრულიად განადგურებული სამი ტაძრის ნანგრევები. აღმოჩენებმა ისიც დაადასტურა, რომ ქალაქი ძვ. წ. 1400 წელს იყო განადგურებული. ეს ფაქტები სრულ თანხმობაშია ბიბლიასთან.
● ჩვენს ყურადღებას იპყრობს ქანაანის კიდევ ერთი ქალაქი, გაბაონი, რომელიც იერუსალიმიდან 9,6 კილომეტრში მდებარეობდა. არქეოლოგებმა ამ ქალაქის არსებობა მხოლოდ მაშინ გაიგეს, რაც 30 დოქის სახელური აღმოაჩინეს, რომლებზეც ქალაქის სახელი იყო ამოტვიფრული. ხაცორელებისგან განსხვავებით, ძველმა გაბაონელებმა მოახერხეს და იესო ნავეს ძესთან მშვიდობიანი ურთიერთობა დაამყარეს. იესომ კი, როგორც ბიბლიაში წერია, ისინი „წყლის მზიდავებად“ დააყენა (იესო ნავეს ძე 9:3—7, 23). რატომ მაინცდამაინც წყლის მზიდავებად? მე-2 სამუელის 2:13-დან და იერემიას 41:12-დან ვიგებთ, რომ გაბაონში საკმაოდ ბევრი წყალი იყო. ნაშრომში, „ბიბლიის არქეოლოგიური კვლევები, ახალი საერთაშორისო თარგმანი“, ასეთი სიტყვები წერია: „გაბაონი ყველაზე მეტად წყლებით იყო ცნობილი. იქ იყო ერთი დიდი და შვიდი პატარა წყარო“.
● ბიბლიაში მოხსენიებული მრავალი ადამიანის არსებობას ისტორიული წყაროებიც ადასტურებს. ამ სიაში შედის ზემოთ ნახსენები 17 მეფეც, რომლებიც აბრაამის შთამომავლები იყვნენ და ისრაელისა და იუდას ტახტებზე ისხდნენ. აი, ზოგიერთი მათგანის სახელები: ახაბი, ახაზი, დავითი, მენაშე, უზია და ხიზკია. ცხადია, სამეფო დინასტიების არსებობა ყოველგვარ ეჭვს ფანტავს იმისას, მართლა შევიდა თუ არა ერი, სახელად ისრაელი, ქანაანში და მართლა დაიპყრო თუ არა ეს მიწა.
● 1896 წელს მკვლევრებმა ეგვიპტის ძველ ქალაქ თებეში „მერნეპტაჰსას სტელა“ აღმოაჩინეს. ამ ფილაზე აღწერილია, თუ როგორ იკვეხნის ფარაონი მერნეპტაჰსა ძვ. წ. 1210 წელს ქანაანზე გამარჯვებას. ეს იყო პირველი არაბიბლიური ისტორიული წყარო, რომელიც ძველი ისრაელი ერის არსებობას ადასტურებს.
რაში გვეხმარება ეს დეტალები?
როგორც გამოჩნდა, ბიბლიაში უამრავი დეტალია შემონახული კონკრეტულ ხალხებზე, ადგილებსა და მოვლენებზე. ეს ნიუანსები საშუალებას გვაძლევს, შევადაროთ ბიბლია ისტორიულ და არქეოლოგიურ წყაროებს, რაც, თავის მხრივ, იმის რწმენას გვიმტკიცებს, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველებები სიტყვასიტყვით სრულდება. როგორც ფაქტებმა გვიჩვენა, აბრაამთან და მის შთამომავლებთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები ზედმიწევნით ზუსტად შესრულდა — აბრაამის შთამომავლები ჩამოყალიბდნენ ერად, იმყოფებოდნენ ეგვიპტის მონობაში და მოგვიანებით ქანაანის მიწაც დაიკავეს. ეს ყველაფერი გვახსენებს ბიბლიის ერთ-ერთი დამწერის, პეტრეს, დიდი მოწიწებით წარმოთქმულ სიტყვებს: „წინასწარმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანებს, წმინდა სულით აღძრულებს, ღმერთი ალაპარაკებდა“ (2 პეტრე 1:21).
საუკუნეები გადიოდა და ისრაელი ერის ისტორია რადიკალურად იცვლებოდა. სამწუხაროდ, მათ თავი ვერ დააღწიეს ტრაგიკულ შედეგებს. ღმერთმა ეს მოვლენებიც წინასწარ განჭვრიტა და სწორედ ამ საკითხს დაეთმობა მომდევნო ნომერში დაბეჭდილი რუბრიკა.
[სქოლიოები]
a გამოთქმა „ძვ. წ.“ მიუთითებს ქრისტეს შობამდე პერიოდზე.
b აბრაამს თავიდან აბრამი ერქვა.
c წაიკითხეთ 1 მატიანეს 1:27—34; 2:1—15; 3:1—24. სოლომონის ძის, რობოამის მეფობის პერიოდში ისრაელი ორ სამეფოდ — ჩრდილოეთ და სამხრეთ სამეფოდ გაიყო. მას მერე ორი მეფე ერთდროულად მართავდა ისრაელს (1 მეფეები 12:1—24).
[ჩარჩო 17 გვერდზე]
კურთხევა „ყველა ერისთვის“
ღმერთმა აღთქმა დადო, რომ „ყველა ერს“ აკურთხებდა აბრაამის შთამომავლის მეშვეობით (დაბადება 22:18). მთავარი მიზეზი, თუ რატომ ჩამოაყალიბა იეჰოვამ აბრაამის შთამომავლობა ერად, ის იყო, რომ ამ ერში უნდა მოსულიყო მესია, რომელიც ხსნას მოუტანდა მთელ კაცობრიობას.d ამიტომაც აბრაამთან დადებული ღვთის აღთქმა პირადად თქვენც გეხებათ! იოანეს 3:16-ში ვკითხულობთ: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“.
[სქოლიო]
d მესიასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები მე-3 და მე-4 ნაწილში იქნება განხილული.
[ჩარჩო 17 გვერდზე]
დროის ზუსტი ათვლა
იმის ერთ-ერთი მაგალითი, თუ რამდენად ზუსტია ბიბლიური ქრონოლოგია, ჩაწერილია 1 მეფეების 6:1-ში. ამ მუხლში საუბარია კონკრეტულ თარიღზე, როდესაც მეფე სოლომონმა იერუსალიმის ტაძრის მშენებლობა დაიწყო. „ეგვიპტიდან ისრაელის ძეების გამოსვლის ოთხას მეოთხმოცე წელს [479 სრული წელი], ისრაელზე [სოლომონის] მეფობის მეოთხე წელს, ზივის თვეში, მეორე თვეს, სოლომონი იეჰოვას სახლის შენებას შეუდგა“.
ბიბლიური ქრონოლოგიით სოლომონის მეფობის მეოთხე წელი ძვ. წ. 1034 წელი იყო. თუ უკან გადავითვლით 479 სრულ წელს, მივალთ ძვ. წ. 1513 წელთან, როდესაც ისრაელი გამოვიდა ეგვიპტიდან.
[ჩარჩო 18 გვერდზე]
აბრაამი ისტორიული პიროვნება
● თიხის ფირფიტებზე, რომლებიც ძვ. წ. მე-2 ათასწლეულის ადრეული პერიოდით თარიღდება, ამოტვიფრულია ქალაქების სახელები, რომლებიც ემთხვევა აბრაამის ნათესავების სახელებს. ჩამოწერილ ქალაქებს შორისაა ფელეგი, სერუგი, ნახორი, თერახი და ხარანი (დაბადება 11:17—32).
● დაბადების 11:31-დან ვიგებთ, რომ აბრაამი და მისი ოჯახი „წავიდნენ . . . ქალდეველთა ურიდან“. ამ ქალაქის ნანგრევები აღმოჩენილია ერაყის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ აბრაამის მამა თერახი მოკვდა ქალაქ ხარანში, რომელიც სავარაუდოდ დღეს თურქეთის ტერიტორიაზეა, და რომ აბრაამის ცოლი სარა ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ უძველეს და დღემდე დასახლებულ ქალაქში, სახელად ხებრონში გარდაიცვალა (დაბადება 11:32; 23:2).
[დიაგრამა/სურათი 16, 17 გვერდებზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
აბრაამის შთამომავლებისა და ისრაელის ეგვიპტიდან გამოსვლის დროის დიაგრამა
(ძვ. წ.)
1843 კვდება აბრაამი
აბრაამის შთამომავლების ოთხი თაობა
ლევი
1728 იაკობი ოჯახით გადადის ეგვიპტეში
1711 კვდება იაკობი კეჰათი
1657 კვდება იოსები ამრამი
1593 იბადება მოსე მოსე
1513 მოსეს გამოჰყავს ისრაელი ეგვიპტიდან
1473 კვდება მოსე. იესო ნავეს ძეს შეჰყავს ისრაელი ქანაანში
მსაჯულების პერიოდი
1117 სამუელი საულს ისრაელის პირველ მეფედ სცხებს
1107 იბადება დავითი
1070 დავითი ხდება ისრაელის მეფე
1034 სოლომონი იწყებს ტაძრის შენებას
[სურათი]
ეს სტელა, წარწერით „დავითის სახლი“, ერთ-ერთი წყაროა, სადაც საუბარია იმ მეფეებზე, რომლებიც აბრაამის შთამომავლები იყვნენ და ისრაელსა და იუდას განაგებდნენ
[საავტორო უფლება]
© Israel Museum, Jerusalem/The Bridgeman Art Library International