წარსულის სახეები
უილიამ უისტონი
უილიამ უისტონი გახლდათ მეცნიერი, მათემატიკოსი, მღვდელმსახური და ნაყოფიერი მწერალი. ის დიდი ინგლისელი მეცნიერისა და მათემატიკოსის, ისააკ ნიუტონის, კოლეგა იყო. 1702 წელს უისტონმა ნიუტონი ჩაანაცვლა და კემბრიჯის (ინგლისი) უნივერსიტეტში ლუკასიელი პროფესორის ხარისხი მოიპოვა მათემატიკის დარგში. ამ პოსტზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში მოღვაწე უდიდესი მოაზროვნეები.
უისტონი საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით კი ბიბლიის მკვლევრებისთვის, კიდევ იმით არის ცნობილი, რომ ინგლისურად თარგმნა პირველი საუკუნის იუდეველი ისტორიკოსის იოსებ ფლავიუსის ნაშრომები, რომლებიც იუდეველთა ისტორიას და ადრეული ქრისტიანების საქმიანობას ჰფენდა ნათელს.
უისტონის შეხედულებები
საოცარი ნიჭით გამორჩეულმა უისტონმა ბევრი საგანი შეისწავლა. განსაკუთრებულ ინტერესს ავლენდა მეცნიერებისა და რელიგიის მიმართ. მას სწამდა, რომ შემოქმედების შესახებ ბიბლიური ჩანაწერები ჭეშმარიტებას შეესაბამებოდა. ბუნების მშვენიერებას, ცოცხალი არსებების ბიოლოგიურ სტრუქტურას და სამყაროში არსებულ წესრიგს იგი ღვთიურ ძალას მიაწერდა.
უფრო მეტიც, უილიამ უისტონი დარწმუნებული იყო, რომ ქრისტიანული სამყაროს დანაწევრებისა და მრავალი მიმდინარეობის ჩამოყალიბების მიზეზი ის იყო, რომ სამღვდელოება განუდგა ბიბლიას და ჭეშმარიტება საეკლესიო კრებებზე მიღებული დოგმებითა და, ეგრეთ წოდებული, ეკლესიის მამების (წმინდა მამების) სწავლებებით ჩაანაცვლა.
უისტონი ბიბლიას ჭეშმარიტების წყაროდ მიიჩნევდა და ამიტომ უარყოფდა სწავლებას ჯოჯოხეთის შესახებ. მისი აზრით ეს აბსურდული სწავლება ადამიანებს შიშის ზარს სცემდა და ღმერთს შეურაცხყოფდა. თუმცა ყველაზე მეტად, უისტონი ეკლესიის მესვეურებს სამების დოგმატის გამო დაუპირისპირდა. ამ მოძღვრების თანახმად, მამა, ძე და წმინდა სული არის ერთი ღმერთი, სამივე თანასწორი და დაუსაბამო. უილიამი აცხადებდა, რომ არ არსებობდა სამი ღმერთი, არსებობდა მხოლოდ ერთი ღმერთი.
„ერთ დროს სახელგანთქმული პროფესორი უარყოფილ იქნა“
სერიოზული კვლევების შედეგად უისტონმა დაასკვნა, რომ პირველი ქრისტიანები არ ასწავლიდნენ სამებას და, რომ ეს მოძღვრება მოგვიანებით იქნა ჩამოყალიბებული მას შემდეგ, რაც წარმართული ფილოსოფია ქრისტიანულ სწავლებებს შეერწყა.a უისტონს მეგობრები აფრთხილებდნენ, რომ თავისი აღმოჩენების გამოქვეყნებით თავს საფრთხეში ჩაიგდებდა, მაგრამ მას არ შეეძლო დაეფარა ჭეშმარიტება იესოს შესახებ, კერძოდ ის, რომ იესო ღვთის ძე და ქმნილება იყო.
კემბრიჯის უნივერსიტეტში სამსახურიდან ითხოვდნენ ყველას, ვინც ანგლიკანური ეკლესიის საწინააღმდეგო სწავლებას გაავრცელებდა; ეს კი იმას ნიშნავდა, რომ უისტონსაც ემუქრებოდა პოსტის დაკარგვის საშიშროება. მიუხედავად ამისა, ის არ დადუმებულა განსხვავებით ნიუტონისგან, რომელიც აგრეთვე სამების მოძღვრებას სიცრუედ მიიჩნევდა, მაგრამ თავს იკავებდა თავისი შეხედულებების საჯაროდ გაცხადებისგან. უისტონმა დაწერა: „ვერაფერი, მათ შორის, ვერც თანამდებობის შენარჩუნების სურვილი, ვერ გადამარწმუნებს და ვერ დამადუმებს“.
იმის გამო, რომ არ დათმო თავისი პოზიცია, „ერთ დროს სახელგანთქმული პროფესორი უარყოფილ იქნა“
1710 წელს უისტონი კემბრიჯიდან დაითხოვეს. იმის გამო, რომ არ დათმო თავისი პოზიცია, „ერთ დროს სახელგანთქმული პროფესორი უარყოფილ იქნა“. მაგრამ უინსტონი არც ამას შეუშინებია. იმ დროს, როცა ერესში ადანაშაულებდნენ, დაწერა ესეები სახელწოდებით „პირველი ქრისტიანობის აღდგენა“. ის გულისხმობდა თავდაპირველ ქრისტიანობას, რომელსაც იესოს პირველი მიმდევრები ავრცელებდნენ. მოგვიანებით უისტონმა პირველი ქრისტიანების საქმიანობის მხარდასაჭერად ჩამოაყალიბა საზოგადოება, რომლის წევრებიც ლონდონში მის სახლში იკრიბებოდნენ.
მართალია მან დაკარგა ლუკასიელი პროფესორის პოსტი და ერთი პერიოდი ფინანსურადაც გაუჭირდა, მაგრამ წერას მაინც განაგრძობდა და ლექციებს ლონდონის ყავახანებში კითხულობდა. 1737 წელს მან გამოაქვეყნა იოსეფ ფლავიუსის ნაშრომების მისეული თარგმანი, რათა ხალხს წარმოდგენა ჰქონოდა იმ ისტორიულ ფონზე, რომელიც ადრეული ქრისტიანების მოღვაწეობის პერიოდში არსებობდა. იმ დღიდან მოყოლებული არ შეწყვეტილა ამ თარგმანის გამოცემა.
დღეს უისტონს ბევრი „უცნაურ ადამიანად მიიჩნევს“ იმის გამო, რომ გაბედულად იცავდა არაპოპულარულ პოზიციას, — აღნიშნა მწერალმა ჯეიმს ფორსმა. სხვები კი ამ კაცში ხედავენ ბიბლიის გულწრფელ მკვლევარს, ჭეშმარიტების მაძიებელს და თავისი პრინციპების ერთგულ ადამიანს.
a ბიბლიაში არაორაზროვნად წერია, თუ როგორია ღმერთი. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი jw.org. (იხილეთ ბიბლიური სწავლებები > პასუხები ბიბლიურ კითხვებზე).