თავი 31
იეჰოვას დიდი და საოცარი საქმეები
ხილვა 10 გამოცხადება 15:1—16:21
თემა: იეჰოვა თავის საწმინდარშია; მისი რისხვის შვიდი თასი დედამიწაზე იღვრება.
შესრულების დრო: 1919 წლიდან არმაგედონამდე.
1, 2. ა) რომელია მესამე ნიშანი, რომელსაც იოანე აღგვიწერს? ბ) რა იციან იეჰოვას მსახურებმა ღვთის განზრახვებში ანგელოზების მონაწილეობაზე?
ქალი ვაჟს აჩენს, დიდი დრაკონი კი ბავშვის ჩაყლაპვას ცდილობს. გამოცხადების მე-12 თავში ცოცხლად აღწერილი ეს ორი ზეციერი ნიშანი ცხადყოფს, რომ დიდი ხნის წინათ დაწყებული დაპირისპირება ღვთის ზეციერი ქალის შთამომავლობას და სატანასა და მის დემონურ შთამომავლობას შორის თავის დასასრულს უახლოვდება. იოანე ასე აღწერს ამ ნიშნებს: „გამოჩნდა ცაში დიდი ნიშანი. . . სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში“ (გამოცხადება 12:1, 3, 7—12). იოანე აღწერს მესამე ნიშანსაც: „ვიხილე სხვა ნიშანი ცაში, დიდი და საოცარი, შვიდი ანგელოზი შვიდი უკანასკნელი წყლულით, რომლებითაც თავდება ღვთის რისხვა“ (გამოცხადება 15:1). ამ მესამე ნიშანს დიდი მნიშვნელობა აქვს იეჰოვას მსახურთათვის.
2 ყურადღება მიაქციეთ, კვლავაც რა მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ანგელოზებს ღვთის ნების შესრულებაში. იეჰოვას მსახურებმა დიდი ხანია იციან ეს. ძველ დროში მცხოვრები ფსალმუნმომღერალი ამ ანგელოზებს ღვთის შთაგონებით ასე მიმართავდა: „აკურთხეთ იეჰოვა, ანგელოზნო მისნო, ძალით ძლიერნო, მისი სიტყვის შემსრულებელნო, მისი სიტყვის მოსმენით!“ (ფსალმუნი 103:20) ამჯერად ანგელოზებს შვიდი უკანასკნელი წყლულის გადმოღვრა ევალებათ.
3. რა არის შვიდი წყლული და რას ნიშნავს მათი გადმოღვრა?
3 რა წყლულებზე მიდის საუბარი? როგორც შვიდი საყვირის ხმა, ეს წყლულებიც სავალალო განაჩენის გამოცხადებას მოასწავებს და გვიჩვენებს, რა თვალსაზრისი აქვს იეჰოვას ამ ქვეყნიერების შემადგენელ სხვადასხვა ნაწილზე და გვაფრთხილებს, თუ რა მოჰყვება მის განაჩენს (გამოცხადება 8:1—9:21). წყლულების გადმოღვრა განაჩენის აღსრულებაზე მიუთითებს, როცა იეჰოვას რისხვის დღეს განადგურდება ყველაფერი, რაც მის რისხვას იმსახურებს (ესაია 13:9—13; გამოცხადება 6:16, 17). ამგვარად, მათი მეშვეობით „თავდება ღვთის რისხვა“. სანამ ამ წყლულების გადმოღვრის აღწერას დაიწყებს, იოანე საუბრობს იმ ადამიანებზე, რომლებსაც წყლულები არ შეეხებათ. ეს ერთგული ადამიანები, რომლებსაც არ მიუღიათ მხეცის ნიშანი, იეჰოვას შურისგების დღეს აცხადებენ და სიმღერით განადიდებენ მას (გამოცხადება 13:15—17).
მოსეს სიმღერა და კრავის სიმღერა
4. რას ხედავს იოანე?
4 იოანე გასაოცარ რამეს ხედავს: „ვიხილე თითქოს მინის ზღვა, ცეცხლნარევი. ისინი, ვინც იმარჯვებს მხეცზე, მის ქანდაკებასა და მისი სახელის რიცხვზე, მინის ზღვასთან იდგნენ ღვთის ქნარებით“ (გამოცხადება 15:2).
5. რას წარმოადგენს „მინის ზღვა, ცეცხლნარევი“?
5 „მინის ზღვა“ ის ზღვაა, რომელიც იოანემ ცოტა ხნით ადრე ღვთის ტახტის წინ იხილა (გამოცხადება 4:6). ის ჰგავს ჩამოსხმულ ზღვას (წყლის ავზს), რომელიც სოლომონის ტაძარში იდგა და საიდანაც მღვდლები წყალს იღებდნენ დასაბანად (1 მეფეები 7:23). ის წარმოადგენს ‘განსაბან წყალს’, ღვთის სიტყვას, რომლითაც იესო წმენდს ცხებულ მღვდელთა კრებას (ეფესოელები 5:25, 26; ებრაელები 10:22). მინის ზღვა „ცეცხლნარევია“, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს ცხებულები იცდებიან და იწმინდებიან მათთვის დადგენილი მაღალი ნორმების მორჩილებით. გარდა ამისა, ეს შეგვახსენებს, რომ ღვთის სიტყვაში მოცემულია მისი მტრებისთვის გამოტანილი ცეცხლოვანი განაჩენი (მეორე კანონი 9:3; სოფონია 3:8). შვიდ უკანასკნელ წყლულში, რომლებიც უნდა გადმოიღვაროს, რამდენიმე ცეცხლოვანი განაჩენის აღსრულებაც შედის.
6. ა) ვინ არიან მინის ზღვის წინ მდგომი მომღერლები და საიდან ვიცით ეს? ბ) როგორ იმარჯვებენ ისინი?
6 ჩამოსხმული ზღვა, რომელიც სოლომონის ტაძარში იდგა, მღვდლებისთვის იყო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ზეციერი მინის ზღვის წინ მდგომი მომღერლები სამღვდელოების წარმომადგენლები არიან. ისინი „ღვთის ქნარებით“ დგანან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ 24 უხუცესსა და 144 000-ს წარმოადგენენ, რადგან ისინიც ქნარების თანხლებით მღერიან (გამოცხადება 5:8; 14:2). მომღერლები, რომლებსაც იოანე ხედავს, არიან ისინი, „ვინც იმარჯვებს მხეცზე, მის ქანდაკებასა და მისი სახელის რიცხვზე“. ესენი უნდა იყვნენ 144 000-დან ბოლო დღეებში დედამიწაზე მცხოვრებნი. ეს ჯგუფი იმარჯვებს. 1919 წლიდან მოყოლებული თითქმის 90 წლის განმავლობაში ისინი უარს ამბობენ მხეცის ნიშნის მიღებაზე და მის ქანდაკებას მშვიდობის იმედად არ მიიჩნევენ. მათგან უკვე მრავალმა სიკვდილამდე შეინარჩუნა ერთგულება და ამჟამად, ზეცაში სიხარულს გრძნობენ, როდესაც უსმენენ დედამიწაზე დარჩენილი ძმების სიმღერას (გამოცხადება 14:11—13).
7. როგორ იყენებდნენ ქნარს ძველ ისრაელში და რა განწყობას გვიქმნის „ღვთის ქნარები“?
7 ამ ერთგულ გამარჯვებულებს „ღვთის ქნარები“ უჭირავთ. ამით ისინი ჰგვანან ძველად ტაძარში მომსახურე ლევიანებს, რომლებიც ქნარების თანხლებით უმღეროდნენ იეჰოვას და თაყვანს სცემდნენ მას. ზოგიერთები ქნარების თანხლებით წინასწარმეტყველებდნენ (1 მატიანე 15:16; 25:1—3). ისმოდა ქნარის სასიამოვნო ხმა, მღეროდნენ ისრაელები მხიარულ სიმღერებს და იეჰოვას სამადლობელი ლოცვებით განადიდებდნენ (1 მატიანე 13:8; ფსალმუნი 33:2; 43:4; 57:7, 8). უბედურების ან ტყვეობის დროს ქნარის ხმა არ ისმოდა (ფსალმუნი 137:2). ხილვაში ნანახი „ღვთის ქნარები“ განგვაწყობს საზეიმო, ღვთის განმადიდებელი და სამადლობელი სიმღერის მოსასმენადa.
8. ვის სიმღერას მღერიან და რას მღერიან?
8 აი რას გვამცნობს იოანე: «და მღეროდნენ ღვთის მონის, მოსეს სიმღერას და კრავის სიმღერას: „დიდი და საოცარია შენი საქმენი, იეჰოვა ღმერთო, ყოვლისშემძლეო. მართალი და ჭეშმარიტია შენი გზები, მარადიულობის მეფეო. ვის არ შეეშინდება შენი, იეჰოვა, და ვინ არ ადიდებს შენს სახელს? მხოლოდ შენა ხარ ერთგული. ყველა ხალხი თაყვანსაცემად მოვა შენ წინაშე, რადგან ცხადი გახდა შენი სამართალი“ » (გამოცხადება 15:3, 4).
9. რატომ ეწოდება ამ სიმღერას „მოსეს სიმღერა“?
9 ეს გამარჯვებულები „მოსეს სიმღერას“ მღერიან. ეს ჰგავს იმ სიმღერას, რომელსაც გამარჯვებული მოსე მღეროდა. მას შემდეგ, რაც ისრაელები ეგვიპტის ათი სასჯელისა და წითელ ზღვაში ეგვიპტელთა ჯარის განადგურების მოწმენი გახდნენ, მოსემ დაიწყო იეჰოვას განმადიდებელი სიმღერა და ისრაელიც აჰყვა: „სამუდამოდ იმეფებს იეჰოვა, მარადიულად“ (გამოსვლა 15:1—19). გასაკვირი არ არის, რომ იოანეს მიერ ხილვაში ნანახი მომღერლებიც, რომლებიც მხეცზე იმარჯვებენ და შვიდი უკანასკნელი წყლულის შესახებ აცხადებენ, „მარადიულობის მეფეს“ უმღერიან (1 ტიმოთე 1:17).
10. კიდევ რომელი სიმღერა შეთხზა მოსემ და როგორ უკავშირდება ამ სიმღერის ბოლო სტროფი დღეს მცხოვრებ უამრავ ხალხს?
10 კიდევ ერთ სიმღერაში, რომელიც მაშინ დაიწერა, როცა ისრაელი ქანაანის დასაპყრობად ემზადებოდა, ხანში შესულმა მოსემ ასეთი სიტყვები უთხრა ხალხს: „გავაცხადებ იეჰოვას სახელს. დიდება მიაგეთ ჩვენს ღმერთს!“ ამ სიმღერის ბოლო სტროფი არაისრაელებისთვისაც წამახალისებელი იყო, და ეს სიტყვები, რომელიც ღვთის შთაგონებით დაწერა მოსემ, დღეს მცხოვრებ უამრავ ხალხსაც ეხება: „იხარეთ, ერებო, მის ხალხთან ერთად“. ისინი იმიტომ ხარობენ, რომ ახლა იეჰოვა „თავის მსახურთა სისხლს აიღებს, მოწინააღმდეგეებზე შურს იძიებს“. ამ სამართლიანი განაჩენის აღსრულება დიდ სიხარულს მოჰგვრის იეჰოვაზე მინდობილებს (მეორე კანონი 32:3, 43; რომაელები 15:10—13; გამოცხადება 7:9).
11. როგორ სრულდება დღეს იოანეს მოსმენილი სიმღერა?
11 ახლა, უფლის დღეს, მოსე რომ ცოცხალი ყოფილიყო, დიდი სიხარულით იმღერებდა ზეციერ გუნდთან ერთად: „ყველა ხალხი თაყვანსაცემად მოვა შენ წინაშე“! ეს დიდებული სიმღერა სასწაულებრივად სრულდება; დღეს ეს უკვე რეალობაა და არა ხილვა. „ყველა ხალხიდან“ სიხარულით მოდიან მილიონები, რომ თავი მოიყარონ იეჰოვას მიწიერ ორგანიზაციაში.
12. რატომ ეწოდება გამარჯვებულთა სიმღერას „კრავის სიმღერაც“?
12 ამ სიმღერას არა მარტო „მოსეს სიმღერა“ ჰქვია, არამედ „კრავის სიმღერაც“. რა გაგებით? მოსე იეჰოვას წინასწარმეტყველი იყო ისრაელში, მაგრამ ის წინასწარმეტყველებდა თავის მსგავს წინასწარმეტყველზე, რომელსაც იეჰოვა მოავლენდა. ეს იყო კრავი, იგივე იესო ქრისტე. მოსე „ღვთის მონა“ იყო, იესო კი — ღვთის ძე, დიდი მოსე (მეორე კანონი 18:15—19; საქმეები 3:22, 23; ებრაელები 3:5, 6). ამიტომ ამბობს იოანე, რომ მომღერლები „კრავის სიმღერას“ მღერიან.
13. ა) რატომ შეიძლება ვუწოდოთ იესოს მოსეს მსგავსი, თუმცა ის მოსეზე დიდია? ბ) როგორ შევუერთდეთ ერთგულ მომღერლებს?
13 მოსეს მსგავსად, იესოც საჯაროდ უმღეროდა ღმერთს სადიდებელს და წინასწარმეტყველებდა, როგორ გაიმარჯვებდა ღმერთი თავის მტრებზე (მათე 24:21, 22; 26:30; ლუკა 19:41—44). იესომ იცოდა, რომ დადგებოდა დრო, როცა ხალხები მოვიდოდნენ იეჰოვას განსადიდებლად. ეს რომ მომხდარიყო, მან, როგორც „ღვთის კრავმა“, ნებაყოფლობით გასწირა სიცოცხლე (იოანე 1:29; გამოცხადება 7:9; შეადარეთ ესაიას 2:2—4; ზაქარიას 8:23). მოსეს მსგავსად, რომელმაც გაიგო ღვთის სახელის — იეჰოვას მნიშვნელობა და განადიდა ეს სახელი, იესომაც გააცხადა ის (გამოსვლა 6:2, 3; ფსალმუნი 90:1, 17; იოანე 17:6). იეჰოვა ერთგულია, ამიტომ მისი დიდებული აღთქმები უეჭველად შესრულდება. ჩვენც ამ ერთგულ მომღერლებთან, კრავთან და მოსესთან ერთად ვიმეორებთ ამ სიმღერის სიტყვებს: „ვის არ შეეშინდება შენი, იეჰოვა, და ვინ არ ადიდებს შენს სახელს?“
ანგელოზები თასებით ხელში
14. იოანეს სიტყვების თანახმად ვინ გამოდის საწმინდრიდან და რა გადაეცემათ მათ?
14 ცხებულ გამარჯვებულთა სიმღერა ჩვენც გვესმის. რატომ? ისინი დედამიწაზე აცხადებენ იმ განაჩენს, რომელიც ღვთის რისხვით სავსე თასებშია. ამ თასების გადმოღვრა მხოლოდ ადამიანებზე არ მოახდენს გავლენას, როგორც ამას იოანე გვიმხელს: „ამის შემდეგ გავიხედე და მოწმობის კარვის საწმინდარი გაიღო ცაში. საწმინდრიდან გამოვიდა შვიდი წყლულის მქონე შვიდი ანგელოზი, რომლებსაც სუფთა, მბრწყინავი სელის სამოსელი ეცვათ და მკერდზე ოქროს სარტყლები ერტყათ. ოთხი ცოცხალი არსებიდან ერთ-ერთმა შვიდ ანგელოზს შვიდი ოქროს თასი მისცა, რომლებიც მარადიულად ცოცხალი ღვთის რისხვით იყო სავსე“ (გამოცხადება 15:5—7).
15. რატომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ შვიდი ანგელოზი საწმინდრიდან გამოდის?
15 ისრაელის ტაძრის (რომელიც ზეციერის სიმბოლო იყო) წმინდათაწმინდაში, რომელსაც ამ შემთხვევაში საწმინდარი ეწოდება, მხოლოდ მღვდელმთავარს შეეძლო შესვლა (ებრაელები 9:3, 7). ის იმ ზეციერი ადგილის სიმბოლოა, სადაც იეჰოვა იმყოფება, თუმცა ზეცაში მღვდელმთავარ იესო ქრისტეს გარდა, იეჰოვას წინაშე წარდგომის უფლება ანგელოზებსაც აქვთ (მათე 18:10; ებრაელები 9:24—26). ამიტომ გასაკვირი არაა, რომ შვიდი ანგელოზი ზეციერი საწმინდრიდან გამოდის. ისინი უშუალოდ იეჰოვასგან იღებენ დავალებას, რომ ღვთის რისხვით სავსე თასები გადმოღვარონ (გამოცხადება 16:1).
16. ა) საიდან ჩანს, რომ შვიდი ანგელოზი მზად არის დავალების შესასრულებლად? ბ) რა აჩვენებს, რომ სხვებიც მონაწილეობენ სიმბოლური თასების გადმოღვრაში?
16 ეს ანგელოზები მზად არიან დავალების შესასრულებლად. მათ სუფთა, მბრწყინავი სელის სამოსელი აცვიათ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სულიერად წმინდები და მართლები არიან იეჰოვას თვალში. მათ ოქროს სარტყლები არტყიათ. სარტყლებს, ჩვეულებისამებრ, მაშინ ირტყამდნენ, როცა რაღაცის გასაკეთებლად ემზადებოდნენ (ლევიანები 8:7, 13; 1 სამუელი 2:18; ლუკა 12:37; იოანე 13:4, 5). ანგელოზები სარტყელშემორტყმულნი არიან დავალების შესასრულებლად. უფრო მეტიც, მათ ოქროს სარტყლები აკრავთ. ძველად კარავში ოქრო ღვთიურს, ზეციურს განასახიერებდა (ებრაელები 9:4, 11, 12). ეს იმის მაჩვენებელია, რომ ანგელოზებს ღვთისგან აქვთ მიღებული მნიშვნელოვანი დავალება. ამ დავალების შესრულებაში სხვებიც მონაწილეობენ; ოთხი ცოცხალი ქმნილებიდან ერთ-ერთი მათ თასებს გადასცემს. უეჭველია, რომ ეს ის პირველი ცოცხალი ქმნილებაა, რომელიც ლომს ჰგავს, რადგან ლომი იეჰოვას განაჩენის გასაცხადებლად საჭირო სიმამაცესა და შეუპოვრობას განასახიერებს (გამოცხადება 4:7).
იეჰოვა თავის საწმინდარშია
17. რას გვეუბნება იოანე საწმინდრის შესახებ და რითი გვაგონებს ეს ძველი ისრაელის საწმინდარს?
17 ამ ხილვის დასასრულს იოანე გვეუბნება: „ღვთის დიდებისა და ძლიერებისგან საწმინდარი კვამლით აივსო და არავის შეეძლო საწმინდარში შესვლა, სანამ შვიდი ანგელოზის შვიდი წყლული არ დასრულდა“ (გამოცხადება 15:8). ძველ ისრაელში ზოგჯერ ღრუბელი ფარავდა საწმინდარს. იეჰოვას დიდების ეს ხილული მოწმობა მღვდლებს იქ შესვლის საშუალებას არ აძლევდა (1 მეფეები 8:10, 11; 2 მატიანე 5:13, 14; შეადარეთ ესაიას 6:4, 5). იმ დროს იეჰოვა განსაკუთრებული სახით ერეოდა დედამიწაზე მიმდინარე მოვლენებში.
18. როდის დაბრუნდება შვიდი ანგელოზი იეჰოვასთან ანგარიშის ჩასაბარებლად?
18 იეჰოვა დღეს გულგრილად არ უყურებს დედამიწაზე მიმდინარე მოვლენებს. მას სურს, რომ შვიდმა ანგელოზმა ბოლომდე შეასრულოს მიღებული დავალება. აი როგორ არის აღწერილი ფსალმუნის 11:4—6-ში, თუ რით დამთავრდება სასამართლო: „იეჰოვა თავის წმინდა ტაძარშია; ზეცაშია იეჰოვა თავის ტახტზე. ხედავს მისი თვალი, მისი მბრწყინავი თვალები ამოწმებენ ადამიანთა ძეებს. იეჰოვა ამოწმებს მართალსაც და ბოროტსაც; ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს. წვიმასავით დაუშვებს მახეებს, ცეცხლსა და გოგირდს ბოროტთა თავზე და მწველ ქარს არგუნებს მათ წილად, როგორც სასმისს“. სანამ შვიდივე თასი არ გადმოიღვრება ბოროტებზე, ეს შვიდი ანგელოზი არ დაბრუნდება იეჰოვასთან.
19. ა) რა ბრძანება ისმის და ვინ გასცემს ამ ბრძანებას? ბ) როდის უნდა დაწყებულიყო სიმბოლური თასების გადმოღვრა?
19 ისმის მქუხარე ბრძანება: «საწმინდრიდან გავიგონე ძლიერი ხმა, რომელმაც შვიდ ანგელოზს უთხრა: „წადით და ღვთის რისხვის შვიდი თასი დედამიწას გადააღვარეთ“ » (გამოცხადება 16:1). ვინ გასცემს ამ ბრძანებას? როგორც ჩანს, თავად იეჰოვა, რადგან მისი დიდებისა და ძლიერების ბრწყინვალება არავის აძლევს საწმინდარში შესვლის საშუალებას. იეჰოვა თავის სულიერ ტაძარში 1918 წელს მოვიდა სამართლის აღსასრულებლად (მალაქია 3:1—5). როგორც ჩანს, ამის შემდეგ მალევე გასცა ბრძანება, რომ ღვთის რისხვით სავსე თასები გადმოეღვარათ. მართლაც, 1922 წლიდან აქტიურად დაიწყო სიმბოლურ თასებში „მოთავსებული“ განაჩენის გაცხადება. დღეს ეს განაჩენი უფრო და უფრო ხმამაღლა ცხადდება.
თასები და საყვირების ხმა
20. რას გვამცნობს იეჰოვას რისხვის თასები, როგორ გვაფრთხილებს და როგორ იღვრება?
20 ღვთის რისხვის თასები გვანახვებს, როგორ უყურებს იეჰოვა ქვეყნიერებას და გვაფრთხილებს, რომ მისი განაჩენი მალე აღსრულდება. ანგელოზები ამ თასებს დედამიწაზე მყოფ იმ ცხებულ ქრისტიანთა მეშვეობით ღვრიან, რომლებიც მღერიან მოსესა და კრავის სიმღერას. იოანეს კლასი აუწყებს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას და გაბედულად ამცნობს ამ რისხვის თასების არსებობის შესახებ (მათე 24:14; გამოცხადება 14:6, 7). ერთი მხრივ, მათი ცნობა მშვიდობის ცნობაა, რადგან კაცობრიობის ხსნას იუწყება, მეორე მხრივ კი, ავის მომასწავებელია, რადგან გაფრთხილებას იძლევა, რომ „ჩვენი ღვთის შურისძიების დღე“ გარდაუვალია (ესაია 61:1, 2).
21. რას ეღვრება ღვთის რისხვის ოთხი თასი და რის წინააღმდეგ ისმის პირველი ოთხი საყვირის ხმა, მაგრამ რა სხვაობაა ამ ორ მოვლენას შორის?
21 ღვთის რისხვის პირველი ოთხი თასი იღვრება დედამიწაზე, ზღვაზე, მდინარეებზე და წყაროს წყლებზე, რომელთა წინააღმდეგაც პირველი ოთხი საყვირის ხმა გაისმა. რისხვის თასი იღვრება ზეციერ მნათობებზეც (გამოცხადება 8:1—12). საყვირის ხმა მხოლოდ „მესამედისთვის“ მოასწავებდა წყლულს, ღვთის რისხვის თასების გადმოღვრა კი ყველაფერს დააზიანებდა. მართალია, უფლის დღეს პირველ რიგში ქრისტიანული სამყარო ანუ მესამედი მოექცა ყურადღების ცენტრში, მაგრამ სატანის სისტემის ვერც ერთი ნაწილი ვერ გადაურჩა იეჰოვას განაჩენის შესახებ დამაწყლულებელ ცნობას და ამ განაჩენის სავალალო შედეგებს.
22. რითი განსხვავდება ბოლო სამი საყვირის ხმა პირველი ოთხისგან, და ჰგავს თუ არა ეს ხმები იეჰოვას რისხვის ბოლო სამ თასს?
22 ბოლო სამი საყვირის ხმა პირველი ოთხისგან იმით განსხვავდება, რომ მათ „ვაი“ ეწოდა (გამოცხადება 8:13; 9:12). მათგან პირველი ორი კალიებსა და ცხენოსან ჯარს უკავშირდება, ხოლო მესამე — იეჰოვას სამეფოს დაბადებას (გამოცხადება 9:1—21; 11:15—19). დავინახავთ რომ, ღვთის რისხვის სამი თასი, გარკვეულწილად, ჰგავს სამ „ვაის“, მაგრამ მათ შორის სხვაობაც არის. მოდი, ყურადღებით ვადევნოთ თვალი, როგორ განვითარდება მოვლენები, რაც იეჰოვას რისხვის თასების გადმოღვრას მოჰყვება.
[სქოლიოები]
a აღსანიშნავია, რომ 1921 წელს იოანეს კლასმა გამოსცა ბიბლიის შესწავლაში დამხმარე სახელმძღვანელო „ღვთის ქნარი“, რომელიც 20-ზე მეტ ენაზე და ხუთ მილიონზე მეტი ტირაჟით გამოიცა. ამის შედეგად უფრო მეტი ცხებული მოვიდა ამ სიმღერის შესასრულებლად.