თავი 29
ხელი შევუწყოთ ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას
1. ა) როგორ შეიქმნა პირველი ოჯახი? ბ) როგორი განზრახვა ჰქონდა ღმერთს ოჯახთან დაკავშირებით?
როდესაც იეჰოვა ღმერთმა შექმნა პირველი მამაკაცი და ქალი, შეაუღლა ისინი, რომ შეექმნათ ოჯახი (დაბადება 2:21-24; მათე 19:4-6). ღმეთის განზრახვა იყო, რომ ამ წყვილს ჰყოლოდა შვილები. შემდეგ კი, როცა ბავშვები გაიზრდებოდნენ, ისინიც უნდა დაქორწინებულიყვნენ და შეექმნათ საკუთარი ოჯახები. ღმერთის განზრახვის თანახმად, დროთა განმავლობაში მთელი დედამიწა უნდა შევსებულიყო ბედნიერი ოჯახებით. მათ დედამიწა შესანიშნავ სამოთხედ უნდა გადაექციათ (დაბადება 1:28).
2, 3. ა) რატომ არ შეიძლება ოჯახის ნგრევის გამო ღმერთის დადანაშაულება? ბ) რა არის აუცილებელი, რომ დატკბე ბედნიერი ოჯახური ცხოვრებით?
2 მაგრამ დღეს ოჯახები ინგრევა, მრავალი კი, რომლებიც ჯერ კიდევ ერთად ცხოვრობენ, არ არიან ბედნიერები. ამიტომ, შესაძლოა, ვინმემ იკითხოს: „თუ ოჯახი ნამდვილად ღმერთის შექმნილია, ნუთუ არ უნდა იყოს უკეთესი შედეგი?“ მაგრამ ოჯახების ნგრევის გამო არ შეიძლება ღმერთის დადანაშაულება. მაგალითად, მეწარმე შეიძლება აწარმოებს აპარატს და თან აყოლებს ინსტრუქციასაც, თუ როგორ უნდა ისარგებლონ აპარატით. მაგრამ ნუთუ მეწარმე იქნებოდა დამნაშავე, თუ ნაწარმი არ იმუშავებდა იმის გამო, რომ მყიდველი არ სარგებლობს ინსტრუქციით? რა თქმა უნდა, არა. აპარატი, თუნდაც უმაღლესი ხარისხის იყოს, არ იმუშავებს, თუ არასწორად გამოიყენებ მას. მსგავსი რამ შეიძლება ითქვას ოჯახზეც.
3 იეჰოვა ღმერთმა ბიბლიაში მოგვცა მითითება ოჯახური ცხოვრების შესახებ. მაგრამ რა ხდება, თუ ეს მითითებები უგულებელყოფილია? თუმცა ოჯახი სრულყოფილი სტრუქტურაა, ის შეიძლება დაინგრეს. მაშინ ოჯახის წევრები არ იქნებიან ბედნიერები. მეორე მხრივ, თუ ისინი მისდევენ ბიბლიაში მოცემულ მითითებებს, ეს ხელს შეუწყობს ოჯახის წარმატებულ და ბედნიერ ცხოვრებას. ამიტომ, ძლიერ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თუ როგორ შექმნა ღმერთმა ოჯახის სხვადასხვა წევრი და მისი განზრახვის თანახმად, რა როლი უნდა შეასრულოს თითოეულმა მათგანმა.
როგორ შექმნა ღმერთმა მამაკაცი და ქალი
4. ა) რა სხვაობაა მამაკაცსა და ქალს შორის? ბ) რატომ შექმნა ღმერთმა ისინი ასე განსხვავებულნი?
4 ყველას შეუძლია იმის დანახვა, რომ იეჰოვას მამაკაცი და ქალი ერთმანეთის მსგავსად არ შეუქმნია. მართალია, ბევრ რამეში ისინი ერთმანეთის მსგავსნი არიან. მაგრამ არის ხილული სხვაობა მათ გარეგნობასა და სქესობრივ თავისებურებებში. მათ ასევე სხვადასხვა ემოციური თვისებები აქვთ. რატომ არის ასეთი სხვაობა? ღმერთმა ადამიანები იმიტომ შექმნა ასე, რომ დახმარებოდა თითოეულს სხვადასხვა როლის შესრულებაში. იმის შემდეგ, რაც ღმერთმა შექმნა ადამიანი, თქვა: „არ ვარგა ადამის მარტოდ ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს [როგორც მის შემავსებელს, აქ]“ (დაბადება 2:18).
5. ა) როგორ იყო შექმნილი ქალი მამაკაცის „შემავსებლად“? ბ) სად შედგა პირველი ქორწინება? გ) რატომ შეიძლება, ქორწინება ნამდვილად ბედნიერების მომტანი იყოს?
5 შემავსებელი არის ისეთი რამ, რაც შეეფერება, და შეესაბამება მეორეს და ქმნის ერთიან კომპლექტს. ღმერთმა ქალი შექმნა, როგორც მამაკაცის შესაფერისი შემავსებელი, რათა დახმარებოდა მას მიცემული დავალების შესრულებაში, კერძოდ, დაესახლებინა და დაემუშავებინა დედამიწა. მამაკაცის სხეულის ნაწილისგან ქალის შექმნის შემდეგ ღმერთმა ედემის ბაღში მოაწყო პირველი ქორწინება იმით, რომ „[ქალი] ადამს მიუყვანა“ (დაბადება 2:22; 1 კორინთელთა 11:8, 9). ქორწინება შეიძლება იყოს ბედნიერების მომტანი, რადგან მამაკაცი და ქალი შექმნილი არიან მოთხოვნილებებით, რომელთა დაკმაყოფილებაც მათ შეუძლიათ ერთიმეორის მეშვეობით. მათი განსხვავებული თვისებები წონასწორდება ერთმანეთის მიერ. როდესაც ცოლ-ქმარი მათთვის დანიშნული როლების მიხედვით თანამშრომლობენ, უგებენ და აფასებენ ერთმანეთს, თითოეულს წვლილი შეაქვს ბედნიერი ოჯახის შექმნაში.
ქმრის მოვალეობა
6. ა) ვინ იყო დანიშნული ოჯახის უფროსად? ბ) რატომ არის ეს სწორი და პრაქტიკული?
6 ოჯახს ესაჭიროება ხელმძღვანელობა. მამაკაცი დაჯილდოებული იყო იმ თვისებებითა და ძალით, რომელიც აუცილებელია ასეთი ხელმძღვანელობისთვის. ამიტომ ბიბლია ამბობს „ქმარი არის ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე არის ეკლესიის [კრების, აქ] თავი“ (ეფესელთა 5:23). ეს პრაქტიკულია, იმიტომ რომ იქ, სადაც არ არის ხელმძღვანელობა, მეფობს უწესრიგობა და გაუგებრობა. ოჯახი ხელმძღვანელობის გარეშე იგივეა, რაც ავტომობილით მგზავრობა საჭის გარეშე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ცოლი მოინდომებდა ქმრისთვის ხელმძღვანელობაში კონკურენციის გაწევას, ეს იქნებოდა ისე, როგორც ერთ ავტომობილში ორი მძღოლი იჯდეს და თითოეული თავისი საჭით მართავდეს ცალკეულ წინა თვალს.
7. ა) რატომ არ მოსწონს ზოგიერთ ქალს ის აზრი, რომ ქმარი უნდა იყოს ოჯახის უფროსი? ბ) ჰყავს თუ არა თითოეულ პიროვნებას მეთაური და რატომ არის ღმერთის სტრუქტურა ბრძნული?
7 და მაინც, მრავალ ქალს არ მოსწონს ის აზრი, რომ ქმარი უნდა იყოს ოჯახის უფროსი. ამის ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ მრავალი მამაკაცი არ მისდევს ღმერთის მითითებებს მართებულად ხელმძღვანელობის შესახებ. მიუხედავად ამისა, აღიარებული ფაქტია, რომ ნებისმიერი ორგანიზაცია კარგად ფუნქციონირებს მხოლოდ მაშინ, როდესაც რომელიმე პიროვნება საკუთარ თავზე იღებს ხელმძღვანელობას და გამოაქვს საბოლოო გადაწყვეტილებები. ამიტომ ბიბლია ბრძნულად ამბობს: „ყოველი მამაკაცის თავი ქრისტეა, ცოლის თავი — ქმარი და ქრისტეს თავი — ღმერთი“ (1 კორინთელთა 11:3). ღმერთის სტრუქტურაში მხოლოდ ღმერთს არ ჰყავს ხელმძღვანელი. ყველა დანარჩენი, იესო ქრისტეს ჩათვლით, როგორც ქმრები ასევე ცოლები, საჭიროებენ სხვების გადაწყვეტილებებისადმი მორჩილებას.
8. ა) ვის მაგალითს უნდა მიბაძოს ქმარმა, როგორც ცოლის მეთაურმა? ბ) რა უნდა ისწავლონ ქმრებმა ამ მაგალითიდან?
8 ეს ნიშნავს, რომ მამაკაცი, რომელსაც სურს ქმრის როლის შესრულება, უნდა აღიარებდეს ქრისტეს მეთაურობას. ცოლზე ხელმძღვანელობისას მან, ასევე მის მაგალითს უნდა მისდიოს. და აკეთოს ეს ისევე, როგორც ამას აკეთებს ქრისტე თავისი მიმდევრების კრებასთან დაკავშირებით. როგორ ექცეოდა ქრისტე თავის ადრინდელ მიწიერ მსახურებს? ის ყოველთვის გულითადი და ყურადღებიანი იყო. იესო არასოდეს ყოფილა უხეში ან ფიცხი მაშინაც კი, როცა მისი მიმდევრები აყოვნებდნენ რჩევა-დარიგების მიღებას (მარკოზი 9:33-37; 10:35-45; ლუკა 22:24-27; იოანე 13:4-15). დიახ, მან თავისი ნებით სიცოცხლეც კი გასწირა მათთვის (1 იოანე 3:16). ქრისტიანმა ქმარმა გულდასმით უნდა შეისწავლოს ქრისტეს მაგალითი და აკეთოს ყოველივე საუკეთესო, რაც შეუძლია, რომ ამ მაგალითის შესაბამისად მოიქცეს თავისი ოჯახის ხელმძღვანელობის დროს. შედეგად, ქმარი არ იქნება მბრძანებელი, ეგოისტი ან ოჯახის უყურადღებო ხელმძღვანელი.
9. ა) რას უჩივის ცოლების უმრავლესობა? ბ) რა უნდა გაითვალისწინონ ქმრებმა იმ დროს, როდესაც ხელმძღვანელობენ ოჯახს?
9 სხვა მხრივ, ქმრებმა ყურადღება უნდა მიაქციონ შემდეგს: ხომ არ ჩივის ცოლი, რომ ისე არ იქცევი, როგორც ოჯახის უფროსი? ამბობს თუ არა ის, რომ არ ხელმძღვანელობ ოჯახს, არ გეგმავ საოჯახო საქმიანობას და არც საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებაში ავლენ პასუხისმგებლობას? ამას ღმერთი მოითხოვს შენგან, როგორც ქმრისგან. რასაკვირველია, გონივრული იქნებოდა, მიგეღო ოჯახის სხვა წევრებისგან რჩევები და წინადადებები და როგორც ოჯახის უფროსს, განგეხილა ისინი. როგორც ქმარს, უსათუოდ, რთული როლი გაკისრია ოჯახში. მაგრამ თუ გულწრფელად ცდილობ ყველაფრის შესრულებას, მაშინ მოსალოდნელია, რომ შენი ცოლი დაგეხმარება და მხარს დაგიჭერს (იგავნი 13:10; 15:22).
ცოლის მოვალეობა
10. ა) რისკენ მოუწოდებს ბიბლია ცოლებს? ბ) რა ხდება, როდესაც ცოლები ყურადღებას არ აქცევენ ბიბლიის რჩევას?
10 ბიბლიის თანახმად, ცოლი შექმნილი იყო ქმრის დამხმარედ (დაბადება 2:18). ამის შესაბამისად ბიბლია მათ მოუწოდებს: „ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს“ (ეფესელთა 5:22). დღეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რომ ქალები აგრესიულები არიან და კონკურენციას უწევენ მამაკაცებს. როდესაც ცოლები ცდილობენ ოჯახის ხელმძღვანელობის ხელში აღებას, ყოველთვის იქმნება უსიამოვნება. ფაქტიურად, მრავალი მამაკაცი ამბობს: „თუ მას სურს, საკუთარ თავზე აიღოს ოჯახის ხელმძღვანელობა, დაე, იხელმძღვანელოს“.
11. ა) როგორ შეუძლია ცოლს ქმრის დახმარება, რომ მან საკუთარ თავზე აიღოს ხელმძღვანელობა? ბ) როგორი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ქმარზე, თუ ცოლი ასრულებს ღმერთის მიერ დაკისრებულ მოვალეობას?
11 მაგრამ შეიძლება ფიქრობ, რომ უმჯობესია შენს თავზე აიღო ხელმძღვანელობა, რადგან შენი ქმარი არ აკეთებს ამას. მაგრამ შეგიძლია თუ არა უფრო მეტი გააკეთო იმისთვის, რომ დაეხმარო ქმარს, შეასრულოს თავისი მოვალეობა, როგორც ოჯახის უფროსმა? უჩვენებ თუ არა, რომ მისგან ელოდები ხელმძღვანელობას? სთხოვ თუ არა მას, მოგცეს რჩევები და მითითებები? ერიდები თუ არა მისი გაკეთებული საქმის დაწუნებას? თუ ნამდვილად ცდილობ ოჯახში ღმერთის მიერ ცოლებისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, მაშინ შენი ქმარი, ალბათ, დაიწყებს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას (კოლასელთა 3:18, 19).
12. საიდან ჩანს, რომ ცოლს შეუძლია სათანადოდ გამოთქვას საკუთარი აზრი მაშინაც კი, თუ ეს არ ეთანხმება ქმრის აზრს?
12 ეს არ ნიშნავს, რომ ცოლმა არ უნდა გამოთქვას თავისი აზრი, თუ ის განსხვავდება ქმრის აზრისგან. ცოლის თვალსაზრისი შეიძლება უფრო სწორი იყოს და ოჯახისთვისაც სასარგებლო, თუ ქმარი მოუსმენს მას. ქმრისადმი მორჩილებაში აბრაამის ცოლი, სარა, მაგალითია ქრისტიანი ცოლებისთვის (1 პეტრე 3:1, 5, 6). ერთხელ, ოჯახური პრობლემის გადასაწყვეტად, სარამ მეუღლეს რჩევა მისცა, მაგრამ როცა აბრაამი არ დაეთანხმა, ღმერთმა უთხრა მას: „გაუგონე სარას“ (დაბადება 21:9-12). რასაკვირველია, როცა ქმარი რომელიმე საქმეში საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს, ცოლმა მხარი უნდა დაუჭიროს, თუ ამით არ დაარღვევს ღმერთის კანონს (საქმეები 5:29).
13. რას გააკეთებს კარგი ცოლი და როგორ აირეკლება ეს მის ოჯახზე?
13 ოჯახზე მზრუნველ ცოლს თავისი მოვალეობის მართებულად შესრულებით ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. მაგალითად, მას შეუძლია მოამზადოს ნოყიერი საჭმელი, დაიცვას სახლში სისუფთავე და სიფაქიზე და დაეხმაროს ქმარს შვილების აღზრდაში. ბიბლია დაქორწინებულ ქალებს არიგებს: „უყვარდეთ ქმრები, უყვარდეთ შვილები, იყვნენ აზრიანნი, სუფთანი, სახლზე მზრუნველნი, კეთილნი, თავიანთი ქმრების მორჩილნი, რათა არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა“ (ტიტე 2:4, 5). ამ მოვალეობის შემსრულებელი ქალი, როგორც ცოლი და დედა, ყოველთვის საყვარელი და პატივცემული იქნება ოჯახში (იგავნი 31:10, 11, 26-28).
ბავშვების მოვალეობა ოჯახში
14. ა) რა მდგომარეობა უკავიათ ბავშვებს ოჯახში? ბ) რისი სწავლა შეუძლიათ ბავშვებს იესოს მაგალითიდან?
14 იეჰოვამ ადამიანთა პირველ წყვილს მიუთითა: „ინაყოფიერეთ და იმრავლეთ“ (დაბადება 1:28). დიახ, ღმერთმა უბრძანა მათ, რომ ჰყოლოდათ შვილები. ბავშვები კურთხევა უნდა ყოფილიყო ოჯახისთვის (ფსალმუნი 126:3-5). რამდენადაც ისინი უნდა დაემორჩილონ მშობლების კანონსა და მცნებას, ბიბლია შვილის მდგომარეობას ადარებს მონის მდგომარეობას (იგავნი 1:8; 6:20-23; გალატელთა 4:1). ბავშვობაში თვით იესოც ემორჩილებოდა თავის მშობლებს (ლუკა 2:51). ეს ნიშნავს, რომ ის უსმენდა მათ და აკეთებდა ყველაფერს, რასაც მიუთითებდნენ. თუკი ყველა ბავშვი ასე მოიქცევა, ეს უსათუოდ ხელს შეუწყობს ოჯახის ბედნიერებას.
15. ხშირად, რატომ აყენებენ მშობლებს სულიერ ტკივილს შვილები?
15 მაგრამ, იმის ნაცვლად, რომ ოჯახის კურთხევა იყვნენ, დღეს შვილები ხშირად სულიერ ტკივილს აყენებენ თავიანთ მშობლებს. რატომ? რადგანაც შვილები, ისევე როგორც მშობლები, არ იყენებენ ბიბლიურ მითითებას ოჯახური ცხოვრებისათვის. რას ითვალისწინებს ღმერთის ზოგიერთი კანონი და პრინციპი? მოდი, განვიხილოთ რამდენიმე მათგანი მომდევნო გვერდებზე. შენ უსათუოდ დაეთანხმები, რომ მათი გამოყენებით შეძლებ, ხელი შეუწყო ბედნიერებას საკუთარ ოჯახში.
გიყვარდეს ცოლი და პატივი ეცი მას
16. რა მითითებები ეძლევა ქმარს და როგორ უნდა შეასრულოს ისინი?
16 ღმერთის სიბრძნით ბიბლია ამბობს: „ისე უნდა უყვარდეთ მამაკაცებს თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები“ (ეფესელთა 5:28-30). კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში მიღებულმა გამოცდილებამ ცხადყო: იმისთვის, რომ ცოლი იყოს ბედნიერი, ქმარმა უნდა აგრძნობინოს, რომ უყვარს. ეს ნიშნავს, რომ ქმარმა თავის ცოლს უნდა მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება, გამოავლინოს მისადმი სინაზე, გაუგოს და დაარწმუნოს სიყვარულში. მან, როგორც ამას ბიბლია ამბობს, ‘პატივი [უნდა] სცეს’ მას. ყოველივე ამას ქმარი აკეთებს მაშინ, როცა ყველაფერში ანგარიშს უწევს ცოლს. ამით ის დაიმსახურებს მის პატივისცემას (1 პეტრე 3:7).
პატივი ეცი ქმარს
17. რა ევალება ცოლს და როგორ ასრულებს ის ამას?
17 რა ევალება ცოლს? „ცოლმა ღრმა პატივი სცეს ქმარს“, — აცხადებს ბიბლია (ეფესელთა 5:33, აქ]. ამ რჩევის უგულებელყოფა, ხშირად, იმის უმთავრესი მიზეზია, რომ ზოგიერთი ქმარი ცოლის უკმაყოფილოა. ცოლი ავლენს ქმრისადმი პატივისცემას, როცა მხარს უჭერს მის გადაწყვეტილებას და მთელი გულით იღწვის მასთან ერთად ოჯახური მიზნების მისაღწევად. როცა ცოლი ასრულებს ბიბლიაში მოცემულ, მისთვის განკუთვნილ როლს, როგორც თავისი ქმრის „შემწე“ და „შემავსებელი“, მაშინ ამით ის თავის მიმართ სიყვარულს უადვილებს ქმარს (დაბადება 2:18).
იყავით ერთმანეთის ერთგულნი
18. რატომ უნდა იყოს ცოლ-ქმარი ერთმანეთის ერთგული?
18 ბიბლია ამბობს: „ყველას ცოლ-ქმრობა იყოს პატიოსანი და სარეცელი — შეუბილწავი“. ესე იგი ცოლ-ქმარი უნდა იყვნენ ერთმანეთის ერთგული. ბიბლია ქმარს ეუბნება: „იხარებდე შენი სიყმაწვილის ცოლთან. . . რატომ გაბრუებს. . . სხვა ქალი. და გულში რატომ ეხუტები უცხო ქალს?“ (ებრაელთა 13:4; იგავნი 5:18–20). დიახ, ცოლ-ქმრული ორგულობა ეწინააღმდეგება ღმერთის მცნებას; ის ცოლ-ქმარს შორის პრობლემებს წარმოშობს. „მრავალი ფიქრობს, რომ ქორწინების გარეშე დამყარებულმა სქესობრივმა კავშირმა შეიძლება პიკანტურობა მიანიჭოს ქორწინებას“, — შენიშნა ქორწინების საკითხების ერთ-ერთმა მკვლევარმა. მაგრამ მან დაუმატა, რომ ასეთი კავშირი ყოველთვის ქმნის „ნამდვილ პრობლემებს“ (იგავნი 6:27–29, 32).
იფიქრე მეუღლის ბედნიერებაზე
19. როგორ შეუძლიათ დაქორწინებულებს სქესობრივი ურთიერთობით უფრო მეტი სიამოვნება მიიღონ?
19 ბედნიერება არ მიიღწევა იმით, რომ ადამიანი მხოლოდ თავისთვის ეძებს სექსუალურ სიამოვნებას. არამედ მიიღწევა მაშინ, როდესაც ერთი ცდილობს სიამოვნება მიანიჭოს მეორეს. ბიბლია ამბობს: „ქმარმა ჯეროვანი პატივი სცეს [სათანადო მიაგოს, აქ] ცოლს, აგრეთვე, ცოლმაც ქმარს“ (1 კორინთელთა 7:3). ამ მუხლში ხაზი ესმება სიტყვას მიაგო, გასცე, ის კი, ვინც სხვას სათანადოს მიაგებს, თავადაც ნამდვილ სიამოვნებას ღებულობს. ეს შეესაბამება იესო ქრისტეს ნათქვამს: „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება“ (საქმეები 20:35).
იყავით ყურადღებიანები შვილების მიმართ
20. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ დრო დავუთმოთ შვილებს?
20 ერთმა რვა წლის ბავშვმა თქვა: „მამაჩემი ბევრს მუშაობს და ხშირად არ არის სახლში. ის მჩუქნის ფულსა და ბევრ სათამაშოს, მაგრამ მე თითქმის ვერ ვხედავ მას. მე მიყვარს ის და ვოცნებობ, რომ დიდხანს აღარ იმუშაოს, რათა უფრო ხშირად შევძლო მისი ნახვა“. რამდენად უკეთესია ოჯახური ცხოვრება, როდესაც მშობლები მისდევენ ბიბლიურ მცნებას, დამოძღვრონ თავიანთი შვილები „შინ ყოფნისას და გზაზე სვლისას, დაწოლისას და ადგომისას“! იყავით ყურადღებიანები შვილების მიმართ, გამოუყავით მათ დრო; ეს უსათუოდ შეუწყობს ხელს ოჯახურ ბედნიერებას (მეორე რჯული 11:19; იგავნი 22:6).
აუცილებელია გაკიცხვა და დასჯა
21. რას ამბობს ბიბლია ბავშვების გაკიცხვასა და დასჯაზე?
21 ჩვენმა ზეციერმა მამამ კარგი მაგალითი მისცა მშობლებს თავისი ხალხისთვის გამოსასწორებელი მითითებების მიცემითა და მათი დასჯით. ბავშვებს ესაჭიროებათ გაკიცხვა და დასჯა (ებრაელთა 12:6; იგავნი 29:15). ამიტომ ბიბლია მოგვიწოდებს: „თქვენ კი, მამებო. . . აღზარდეთ [თქვენი შვილები] უფლის მოძღვრებით და დარიგებით“. შვილების აღზრდით, მაშინაც კი, თუ ეს მოითხოვს ფიზიკურ დასჯას ან ზოგიერთი უპირატესობის ჩამორთმევას, მშობლები ამტკიცებენ, რომ უყვართ ისინი. ბიბლია ამბობს: „[თავისი შვილის] მოყვარული ჭკუას ასწავლის [სჯის, აქ]“ მას (ეფესელთა 6:4; იგავნი 13:24; 23:13, 14).
ახალგაზრდებო — წინააღმდეგობა გაუწიეთ ქვეყნიურ ჩვევებს
22. რა მოვალეობა აკისრია ახალგაზრდობას და რა შედის ამაში?
22 ქვეყნიერება ცდილობს, აიძულოს ახალგაზრდები, დაარღვიონ ღმერთის კანონი. გარდა ამისა, როგორც ამას ბიბლია ამბობს: „ყმაწვილის გულში სიბრიყვე ბუდობს“ (იგავნი 22:15). მაშასადამე, ახალგაზრდებო, საჭიროა ბრძოლა, რომ აკეთოთ ის, რაც სწორია. ბიბლიაში ნათქვამია: „დაემორჩილეთ, შვილებო, თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს სამართლიანია“. ამას თან მოაქვს დიდი ჯილდო. ამიტომ, ახალგაზრდებო, იყავით ბრძენნი. მოუსმინეთ რჩევას: „გახსოვდეს შენი გამჩენი შენს სიჭაბუკეში“. წინააღმდეგობა გაუწიე ნარკოტიკების მიღების, დათრობის, სიძვის ჩადენის ან ღმერთის კანონის სხვაგვარად დარღვევის ცდუნებას (ეფესელთა 6:1–4; ეკლესიასტე 12:1; იგავნი 1:10–19).
ერთად შეისწავლეთ ბიბლია
23. რით არის სასარგებლო ოჯახისთვის ბიბლიის ერთად შესწავლა?
23 თუ ოჯახის ერთი წევრი სწავლობს ბიბლიურ მოძღვრებას და იყენებს მას, ეს ხელს შეუწყობს ოჯახის ბედნიერებას. მაგრამ როგორი კურთხეულია ოჯახი, თუ ამას აკეთებს ყველა — ქმარი, ცოლი და შვილები! ამ დროს გამეფებულია გულითადი, ახლო ურთიერთობა; ოჯახის წევრები გულახდილად საუბრობენ ერთმანეთთან და ცდილობენ, დაეხმარონ ერთიმეორეს იეჰოვა ღმერთისადმი მსახურებაში. მაშ ასე, ჩვევად გაიხადეთ ბიბლიის ერთად შესწავლა! (მეორე რჯული 6:4–9; იოანე 17:3).
წარმატებით გავუმკლავდეთ ოჯახურ პრობლემებს
24. რატომ უნდა გაითვალისწინონ მეუღლეებმა, რომ ორივე დაუშვებს შეცდომებს?
24 იმ ოჯახშიც კი, რომელიც, საერთოდ, ბედნიერია, დროდადრო თავს იჩენს პრობლემები, იმიტომ რომ, ჩვენ ყველა არასრულყოფილები ვართ და ვუშვებთ შეცდომებს. „ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავთ“, — ამბობს ბიბლია (იაკობი 3:2). ამიტომ დაქორწინებულები არ უნდა მოითხოვდნენ ერთმანეთისგან სრულყოფილებას. ნაცვლად ამისა, თითოეულმა უნდა სცნოს ის ფაქტი, რომ მეორეც შეცდება. არც ერთი მეუღლე უნდა მოელოდეს, რომ მათი ქორწინება სრულიად ბედნიერი იქნება, რადგან არასრულყოფილი ადამიანებისთვის ეს შეუძლებელია.
25. როგორ უნდა გადაიჭრას ცოლქმრული პრობლემები სიყვარულით?
25 რასაკვირველია, ცოლიც და ქმარიც შეეცდებიან მოერიდონ იმას, რაც აღიზიანებს მეორეს. მაგრამ როგორც არ უნდა ცდილობდნენ, დროდადრო ისინი მაინც გაანაწყენებენ ერთმანეთს. მაშინ როგორღა უნდა მოგვარდეს სიძნელეები? ბიბლიის რჩევა ასეთია: „ცოდვათა სიმრავლეს სიყვარული ფარავს“ (1 პეტრე 4:8). ეს ნიშნავს, რომ მოსიყვარულე ცოლ-ქმარი განსაკუთრებულ ყურადღებას არ მიაქცევს ერთიმეორის შეცდომებს. სიყვარული ამბობს: „დიახ, შენ დაუშვი შეცდომა, მაგრამ მეც ხომ ვცდები ზოგჯერ. ასე რომ, მე არ მივაქცევ ყურადღებას შენს შეცდომებს, ხოლო შენ კი, გეთაყვა, შეეცადე ყურადღება არ მიაქციო ჩემსას“ (იგავნი 10:12; 19:11).
26. რა დაგეხმარება წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში?
26 როცა ცოლ-ქმარი მზად არის აღიაროს თავისი შეცდომები და ცდილობს მათ გამოსწორებას, მრავალი უსიამოვნებისა და სულიერი ტკივილისგან შეიძლება თავის დაღწევა. მათი მიზანი უნდა იყოს პრობლემების გადაწყვეტა და არა სიტყვიერ კამათში გამარჯვება. მაშინაც კი, თუ შენი ცხოვრების თანამგზავრი მართალი არ არის, თავაზიანობით გაუადვილე მას პრობლემის გადაწყვეტა. თუ შენ ხარ დამნაშავე, თავმდაბლად სთხოვე პატიება. ნუ გადადებ ამას; დაუყოვნებლივ განიხილე პრობლემა. „მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაზე“ (ეფესელთა 4:26).
27. რომელი ბიბლიური რჩევის დაცვა დაეხმარება ცოლ-ქმარს პრობლემების გადაწყვეტის დროს?
27 თუ შენ დაქორწინებული ხარ, განსაკუთრებით მაშინ არის აუცილებელი, მიჰყვე შემდეგ წესს: „თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებს, არამედ სხვებზეც“ (ფილიპელთა 2:4). შენ უნდა დაემორჩილო ბიბლიურ მოწოდებას: „შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელობა. შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს. როგორც ქრისტემ [იეჰოვამ, აქ] მოგიტევათ, ასევე თქვენც. და ყოველივე ამას დაურთეთ სიყვარული, რაც სრულქმნილობის კავშირია“ (კოლასელთა 3:12–14).
28. ა) არის თუ არა განქორწინება ცოლქმრული პრობლემების გადაწყვეტის საშუალება? ბ) ბიბლიის თანახმად, რომელი ერთადერთი მიზეზი იძლევა განქორწინებისა და მეორედ დაქორწინების უფლებას?
28 დღეს მეუღლეთა მრავალი წყვილი არ მისდევს ღმერთის სიტყვაში მოცემულ რჩევას, რომელსაც შეეძლო დახმარებოდა მათ პრობლემების გადაწყვეტაში და ისინი ცდილობენ განქორწინებას. იწონებს თუ არა ღმერთი განქორწინებას, როგორც პრობლემების გადაწყვეტის საშუალებას? არა! (მალაქია 2:15, 16). მას სურს, რომ ქორწინება ურღვევი იყოს მათი სიცოცხლის მანძილზე (რომაელთა 7:2). ბიბლია განქორწინებისთვის მხოლოდ ერთ მიზეზს სცნობს, რომელიც ადამიანს ნებას რთავს ხელახლა დაქორწინდეს. რომელია ეს? ეს არის მრუშობა (ბერძნულად: პორნეია, სექსუალური აღვირახსნილობა). თუ ერთ-ერთმა იმრუშა, უდანაშაულო მეუღლეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, გაეყაროს თუ არა (მათე 5:32).
29. ა) რა უნდა გააკეთო, თუ შენი მეუღლე არ იღებს შენთან ერთად მონაწილეობას ქრისტიანულ თაყვანისმცემლობაში? ბ) რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას?
29 მაგრამ როგორ უნდა მოიქცე, თუ შენი მეუღლე უარს აცხადებს ღმერთის სიტყვის შესწავლაზე ან გეწინააღმდეგება კიდეც ქრისტიანულ მსახურებაში? ბიბლია მოგიწოდებს, რომ მაინც დარჩე მასთან და განცალკევებით ცხოვრება არ მიიჩნიო, როგორც პრობლემის ადვილად მოსაგვარებელი საშუალება. გააკეთე ყველაფერი, რაც შეგიძლია, რომ გააუმჯობესო სიტუაცია შენს სახლში და გამოიყენე, რასაც ბიბლია ამბობს შენს მოქმედებასთან დაკავშირებით. დროთა განმავლობაში ქრისტიანული ყოფაქცევით, შესაძლოა, შეიძინო შენი მეუღლე (1 კორინთელთა 7:10–16; 1 პეტრე 3:1, 2). რამდენად დიდი კურთხევა იქნება შენთვის, თუ სიყვარულით ნაკარნახევი მოთმინება დაჯილდოვდება ასეთი შედეგით!
30. რატომ არის მშობლებისთვის ასე მნიშვნელოვანი, რომ კარგი მაგალითი მისცენ შვილებს?
30 მრავალი ოჯახური პრობლემა ბავშვებთანაა დაკავშირებული. რა შეიძლება გაკეთდეს, თუ ეს თქვენს ოჯახშიც ხდება? უპირველეს ყოვლისა, თქვენ, როგორც მშობლები, კარგი მაგალითის მიმცემნი უნდა იყოთ. ვინაიდან ბავშვები უფრო მიდრეკილები არიან, მიბაძონ იმას, რასაც აკეთებთ, ვიდრე იმას, რასაც ამბობთ. თუ თქვენი მოქმედება არ ეთანხმება თქვენს სიტყვას, ბავშვები მაშინვე ამჩნევენ ამას. მაშასადამე, თუ გსურთ, რომ თქვენი შვილები კარგ ქრისტიანულ ცხოვრებას ეწეოდნენ, თქვენ თვითონ უნდა იყოთ სამაგალითონი (რომაელთა 2:21, 22).
31. ა) რომელი უფრო მნიშვნელოვანი მიზეზის მოყვანაა საჭირო, რომ ბავშვებმა მოუსმინონ მშობლების რჩევა-დარიგებას? ბ) როგორ აუხსნიდი შვილებს, თუ რატომ არის ბრძნული, დავემორჩილოთ ღმერთის მცნებას სიძვასთან დაკავშირებით?
31 თქვენ ასევე უნდა ისაუბროთ შვილებთან. საკმარისი არ არის, რომ ახალგაზრდებს მხოლოდ უთხრათ: „მე არ მინდა, რომ თქვენ გქონდეთ უკანონო სქესობრივი კავშირი, რადგან ეს არასწორია“. მათთვის აუცილებელია, იცოდნენ, რომ შემოქმედმა, იეჰოვა ღმერთმა, თქვა, რომ ისეთი მოქმედება, როგორიცაა სიძვა, არის უზნეობა (ეფესელთა 5:3–5; 1 თესალონიკელთა 4:3–7). მაგრამ არც ესაა საკმარისი. ბავშვებს ასევე უნდა ავუხსნათ, თუ რატომ უნდა მოუსმინონ ღმერთის კანონებს და რა სარგებლობას მოუტანს ეს მათ. მაგალითად, შეგიძლია შენს ვაჟს ან ასულს განუმარტო, თუ კვერცხუჯრედთან სპერმატოზოიდის შეერთებით რა საოცრად ყალიბდება ბავშვი. ჰკითხე მას: „შენი აზრით, ღმერთმა, რომელმაც შესაძლებელი გახადა ბავშვის დაბადების საოცრება, ნუთუ ყველაზე უკეთ არ იცის, როგორ უნდა გამოიყენონ ადამიანებმა ღმერთის მიერ ნაბოძები გამრავლების უნარი?“ (ფსალმუნი 138:13–17). ან შეგეძლო გეკითხა: „იქნებ შენ ფიქრობ, რომ ჩვენი დიდებული შემოქმედი დაადგენდა კანონს, რომელიც დაგვაკარგინებდა სიცოცხლით ტკბობის სიხარულს? ნუთუ უფრო ბედნიერები არ უნდა ვიყოთ, თუ დავიცავთ მის მცნებებს?“
32. ა) რა პოზიცია უნდა დაიკავო, თუ შენი შვილის შეხედულებები არ შეესაბამება ღმერთის თვალსაზრისს? ბ) როგორ შეგიძლია დაეხმარო შენს შვილს, რომ დაინახოს ბიბლიური რჩევის სიბრძნე?
32 ასეთმა კითხვებმა შესაძლოა ბიძგი მისცეს ბავშვებს, იფიქრონ ღმერთის კანონის შესახებ, რომელიც გამრავლების ორგანოების გამოყენებას არეგულირებს. გიხაროდეს, თუ ბავშვი გამოთქვამს თავის შეხედულებას. თუ მისი თვალსაზრისი არ არის ისეთი, როგორიც შენ გსურს, ნუ გაღიზიანდები. შეეცადე გაიგო, რომ შენი შვილის თაობა საკმაოდ დაშორდა ბიბლიის სამართლიან მოძღვრებას და შემდეგ ეცადე, უჩვენო მას, თუ რატომ არის არაკეთილგონივრული მისი თაობის უზნეო ცხოვრება. შეიძლება შენი შვილის ყურადღება გაამახვილო ზოგიერთ მაგალითზე, როდესაც სქესობრივმა უზნეობამ გამოიწვია უკანონო შვილის დაბადება, ვენერიული დაავადებები ან სხვა პრობლემები. ამით შეგიძლია დაანახო მას, რომ ის რასაც ბიბლია ამბობს, არის კეთილგონივრული და სწორი.
33. რატომ არის ოჯახური ბედნიერების ხელის შემწყობი ბიბლიაზე დაფუძნებული იმედი, მიწიერ სამოთხეში მარადიული ცხოვრების შესახებ?
33 განსაკუთრებით, ბიბლიაზე დაფუძნებული იმედი სამოთხეში, დედამიწაზე მარადიული ცხოვრების შესახებ, დაგეხმარება, რომ ხელი შეუწყო ოჯახური ცხოვრების ბედნიერებას. რატომ? იმიტომ რომ, თუ სინამდვილეში გვსურს ღმერთის ახალ სისტემაში ცხოვრება, უკვე ახლავე შევეცდებით ვიცხოვროთ ისე, როგორი ცხოვრების იმედიც გვაქვს მომავალში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ზუსტად მივყვეთ იეჰოვა ღმერთის მითითებებსა და ხელმძღვანელობას. შედეგად, ღმერთი ჩვენს ახლანდელ ბედნიერებას დააგვირგვინებს მარადიული სიცოცხლის ტკბობითა და უსასრულო ბედნიერებით, რომელიც ჩვენს წინაშეა (იგავნი 3:11–18).