ნათლობა
განმარტება: სიტყვა „მონათვლა“ ნათარგმნია ბერძნული სიტყვიდან „ბაპტიზო“, რაც ნიშნავს „ჩაძირვას, ჩაყვინთვას“ („ბერძნულ-ინგლისური ლექსიკონი“, ლიდელი და სკოტი). წყალში ნათლობით ადამიანი სიმბოლურად აჩვენებს, რომ იესო ქრისტეს მეშვეობით სრულად, უპირობოდ მიუძღვნა თავი იეჰოვა ღმერთის ნების შესრულებას. ბიბლიაში აგრეთვე ვხვდებით ისეთ ფრაზებს, როგორიცაა იოანეს ნათლობა, წმინდა სულით ნათლობა და ცეცხლით ნათლობა.
უნდა შეიკავოს თავი მონათვლისგან ადამიანმა, რომელსაც ნამდვილად სწამს ღვთის სიტყვის?
მათ. 28:19, 20: „ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“.
საქ. 2:41: „ვინც მთელი გულით მიიღო მისი სიტყვა, მოინათლა“.
საქ. 8:12: „როცა მათ ირწმუნეს სასიხარულო ცნობა, რომელსაც ფილიპე ღვთის სამეფოსა და იესო ქრისტეს სახელის შესახებ აუწყებდა, მოინათლნენ, კაცებიც და ქალებიც“.
საქ. 8:36—38: «გზად წყალს მიადგნენ და [ეთიოპმა] საჭურისმა თქვა: „აი წყალი. რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო?“ მან ეტლის გაჩერება ბრძანა . . . ფილიპემ საჭურისი მონათლა».
როგორ უნდა ხდებოდეს ნათლობა — წყლის მისხურებით თუ სხეულის სრული დაფარვით?
მარ. 1:9, 10: „იესო . . . იოანემ . . . [მდინარე] იორდანეში მონათლა. ამოვიდა თუ არა წყლიდან, დაინახა, რომ ცა გაიხსნა და სული მტრედის სახით ეშვებოდა მასზე“.
საქ. 8:38: „ორივენი წყალში ჩავიდნენ და ფილიპემ საჭურისი მონათლა“.
ნათლავდნენ პატარა ბავშვებს პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები?
მათ. 28:19: „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი. . . მონათლეთ ისინი“.
საქ. 8:12: „როცა მათ ირწმუნეს . . . მოინათლნენ, კაცებიც და ქალებიც“.
მაგრამ მოგვიანებით ორიგენე (ახ. წ. 185—254) წერდა: „ეკლესიაში დამკვიდრებული ჩვეულების თანახმად პატარა ბავშვებიც უნდა მოინათლონ“ („Selections From the Commentaries and Homilies of Origen“, მადრასი, ინდოეთი, 1929, გვ. 211). პატარა ბავშვების ნათლობის ჩვეულება ოფიციალურად აღიარეს კართაგენის საეკლესიო კრებაზე (ახ. წ. 253).
რელიგიის ისტორიკოსი ავგუსტ ნეანდერი აღნიშნავს: „რწმენა და ნათლობა ყოველთვის ერთმანეთთან იყო დაკავშირებული; ამას კი იმ დასკვნამდე მივყავართ . . . რომ პატარა ბავშვების ნათლობა უცხო უნდა ყოფილიყო იმ პერიოდისთვის [პირველ საუკუნეში] . . . ის ფაქტი, რომ [პატარა ბავშვების ნათლობა] მოციქულთაგან გადმოცემულ ტრადიციად მხოლოდ მესამე საუკუნის განმავლობაში აღიარეს, არათუ მხარს უჭერს იმ აზრს, რომ ეს ჩვეულება დასაბამს მოციქულებისგან იღებს, არამედ ეწინააღმდეგება კიდეც“ („History of the Planting and Training of the Christian Church by the Apostles“, ნიუ-იორკი, 1864, გვ. 162).
მიეტევება ქრისტიანს ცოდვები ნათლობის დროს?
1 იოან. 1:7: „თუ სინათლეში დავდივართ, როგორც ის არის სინათლეში . . . მისი ძის, იესოს სისხლი გვწმენდს ყოველგვარი ცოდვისგან“ (ამგვარად, ცოდვებისგან გვწმენდს იესოს სისხლი და არა წყალი ნათლობის დროს).
მათ. 3:11: „მე [იოანე ნათლისმცემელი] წყლით გნათლავთ, რადგან მოინანიეთ, მაგრამ ჩემ შემდეგ მომავალი [იესო ქრისტე] ჩემზე ძლიერია. მე იმის ღირსიც კი არა ვარ, რომ მას სანდლები გავხადო“ (მე-5 და მე-6 მუხლებიდან, აგრეთვე საქმეების 13:24-დან ჩანს, რომ იოანე მხოლოდ ებრაელებს მიმართავდა. რატომ? მიზეზი ის იყო, რომ მოსეს კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმების დარღვევით ისინი სცოდავდნენ და ქრისტეს მისაღებად მომზადება სჭირდებოდათ).
საქ. 2:38: „მოინანიეთ და მოინათლეთ იესო ქრისტეს სახელით, რათა ცოდვები მოგეტევოთ“ (საკმარისი იყო მონათვლა ცოდვების მისატევებლად? დავფიქრდეთ: ამ სიტყვებით პეტრემ მიმართა ებრაელებს, რომლებსაც გარკვეულწილად ბრალი მიუძღოდათ იესოს სიკვდილში [იხილეთ 22-ე და 23-ე მუხლები]. მათი ნათლობა იმის მაჩვენებელი იქნებოდა, რომ მათ ირწმუნეს იესო და ის მესიად ანუ ქრისტედ აღიარეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიეტევებოდათ მათ ცოდვები [საქ. 4:12; 5:30, 31]).
საქ. 22:16: „ადექი, მოინათლე, ჩამოირეცხე ცოდვები და მოუხმე მის სახელს“ (აგრეთვე საქმეების 10:43).
ვინ ინათლება წმინდა სულით?
1 კორ. 1:2; 12:13, 27: „თქვენ, ქრისტე იესოში განწმენდილებს, წმინდებად მოწოდებულებს . . . ყველანი — იუდეველები თუ ბერძნები, მონები თუ თავისუფლები — ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულში და ყველამ ერთი სული ვსვით. თქვენ ქრისტეს სხეული ხართ“ (როგორც დანიელის 7:13, 14, 27-დან ვხედავთ, „წმინდებს“ კაცის ძესთან, იესო ქრისტესთან, ერთად უნდა ემეფათ).
იოან. 3:5: „თუ კაცი წყლისა და სულისგან არ დაიბადება, ვერ შევა ღვთის სამეფოში“ (ადამიანი „სულისგან იბადება“ სულით ნათლობის დროს. ლუკას 12:32-დან ვიგებთ, რომ ეს შესაძლებლობა მხოლოდ „მცირე სამწყსოს“ ეძლევა. იხილეთ აგრეთვე გამოცხადების 14:1—3).
წმინდა სულით მონათლულთაგან ყველას აქვს უცხო ენებზე ლაპარაკისა და განკურნების ძღვენი?
1 კორ. 12:13, 29, 30: „ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულში . . . განა ყველა მოციქულია? . . განა ყველა ახდენს სასწაულებს? განა ყველას აქვს განკურნების ძღვენი? განა ყველა ლაპარაკობს უცხო ენებზე?“
იხილეთ აგრეთვე „განკურნება“ და „ენებზე ლაპარაკი“.
რას ნიშნავს „მკვდართათვის მონათვლა“?
1 კორ. 15:29, ბსგ: „თორემ რას აკეთებენ მკვდართათვის მონათლულნი? თუ მკვდრები საერთოდ არ აღდგებიან, რატომ ინათლებიან მკვდართათვის“.
ბერძნულ წინდებულ „ჰიპერ“-ს, რომელიც აქ ნათარგმნია თანდებულად „-თვის“, აგრეთვე აქვს მნიშვნელობები: „-ზე“, „გამო“, „იმისთვის“ („ბერძნულ-ინგლისური ლექსიკონი“, ლიდელი და სკოტი). რა მნიშვნელობა აქვს „ჰიპერ“-ს ამ მუხლში? გულისხმობდა პავლე იმას, რომ ცოცხლები უნდა მონათლულიყვნენ მათ ნაცვლად, ვინც მოუნათლავი მოკვდა?
იმ ბიბლიურ მუხლებში, სადაც ნათლობა სიკვდილთანაა დაკავშირებული, ნაგულისხმებია მხოლოდ საკუთარი თავისთვის მონათვლა და არა სხვისთვის, მაგალითად მკვდრისთვის.
რომ. 6:3: „ნუთუ არ იცით, რომ ყველა, ვინც ქრისტე იესოში მოვინათლეთ, მის სიკვდილში მოვინათლეთ?“ (აგრეთვე მარკოზის 10:38, 39).
კოლ. 2:12: „რადგან თქვენ [კოლოსეს კრების ცოცხალი წევრები] მასთან ერთად დაიმარხეთ მის ნათლობაში და მასთან ურთიერთობის წყალობით აღდექით კიდეც მასთან ერთად ღვთის ქმედითი ძალის რწმენით, ღვთისა, რომელმაც ის მკვდრეთით აღადგინა“.
„ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ეს ფრაზა გრამატიკულად ზუსტად არის ნათარგმნი და შეესაბამება სხვა ბიბლიურ მუხლებს.
1 კორ. 15:29: „სხვაგვარად, რას გააკეთებენ ისინი, ვინც იმისთვის მოინათლნენ, რომ მკვდრები იყვნენ? თუკი მკვდრები არ აღდგებიან, მაშ, რატომ ინათლებიან ისინი იმისთვის, რომ მკვდრები იყვნენ?“ (ამგვარად, მონათვლით ისინი დაადგნენ ცხოვრების გზას, რომელსაც ქრისტეს მსგავსად ერთგულად დაასრულებენ სიკვდილით, რის შემდეგაც მის მსგავსადვე სულიერი ცხოვრებისთვის აღდგებიან).
რა იგულისხმება ცეცხლით ნათლობაში?
ლუკ. 3:16, 17: „ის [იესო ქრისტე] . . . ცეცხლით მოგნათლავთ. მას ხელში უჭირავს თავისი ფიწალი, რომ მთლიანად გაწმინდოს თავისი კალო . . . ბზე კი ჩაუქრობელი ცეცხლით დაწვას“ (ასეთი განადგურება სამუდამო იქნება).
მათ. 13:49, 50: „ასე იქნება ქვეყნიერების აღსასრულის დროსაც: გამოვლენ ანგელოზები, ბოროტებს მართლებისგან გამოაცალკევებენ და გავარვარებულ ღუმელში ჩაყრიან“.
ლუკ. 17:29, 30: „იმ დღეს, როცა ლოტი სოდომიდან გამოვიდა, ცეცხლისა და გოგირდის წვიმა წამოვიდა ციდან და ყველა მოსპო. ასევე იქნება იმ დღეს, როცა კაცის ძე გამოცხადდება“.
განსხვავდება წმინდა სულით ნათლობისგან, როგორც ეს მოწაფეების შემთხვევაში ხდებოდა.
საქ. 1:5: „იოანე წყლით ნათლავდა, თქვენ კი [იესოს ერთგული მოციქულები] მალე წმინდა სულით მოინათლებით“.
საქ. 2:2—4: „უეცრად ციდან ხმაური გაისმა, თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ. მათ თითქოს ცეცხლის ენები დაინახეს, რომლებიც სათითაოდ დაეშვა თითოეულ მათგანზე [მაგრამ ისინი არ დაუფარავს ცეცხლს, არც ცეცხლის ალში გახვეულან]. აღივსო ყველა წმინდა სულით და დაიწყეს სხვადასხვა ენაზე ლაპარაკი, როგორც სული ალაპარაკებდა მათ“.