რეინკარნაცია
განმარტება: რელიგიური წარმოდგენა, რომლის თანახმადაც სხეულის სიკვდილის შემდეგ არამატერიალური სული სახლდება ახალ სხეულში, როგორც წესი, ადამიანში ან ცხოველში. რეინკარნაციას აგრეთვე ეწოდება მეტემფსიქოზი. ეს არ არის ბიბლიური სწავლება.
ზოგჯერ ადამიანს ისეთი გრძნობა ეუფლება, რომ სრულიად უცხო ადამიანი ან ადგილი ადრეც უნახავს. მეტყველებს ეს რეინკარნაციის სასარგებლოდ?
შეგშლიათ რომელიმე ადამიანი სხვაში? ასეთი რამ ბევრს მოსვლია. ამის მიზეზი ის არის, რომ ზოგ ადამიანს მსგავსი მანერები აქვს, ზოგი გარეგნულადაც ჰგავს ერთმანეთს. ამრიგად, თუ ვინმესთან შეხვედრისას ისეთი გრძნობა გეუფლებათ, რომ ადრეც გინახავთ, ეს არ ამტკიცებს იმას, რომ მას წინა ცხოვრებაში იცნობდით.
რატომ შეიძლება ეცნოს ადამიანს შენობა ან ქალაქი, რომელიც ადრე არ უნახავს? ნუთუ იმიტომ, რომ იქ წინა ცხოვრების დროს ცხოვრობდა? ბევრი შენობა ერთმანეთს ჰგავს. სხვადასხვა ქალაქში ბევრი რამ შეიძლება ერთნაირად იყოს დაპროექტებული. სხვადასხვა ადგილის ხედიც შეიძლება ძალიან ჰგავდეს ერთმანეთს. ასე რომ, თუ რომელიმე ადგილი გეცნობათ, ამის ასახსნელად რეინკარნაციის მოძღვრება სრულებითაც არ არის საჭირო.
ზოგჯერ ჰიპნოზის დროს ადამიანს ახსენდება, რომ სხვა დროს და სხვა ადგილზე ცხოვრობდა. ამტკიცებს ეს რეინკარნაციის უტყუარობას?
ჰიპნოზის დროს ხდება ადამიანის მეხსიერებაში არსებული ინფორმაციის აღდგენა. ჰიპნოტიზიორი აღვიძებს ქვეცნობიერებაში შემონახულ ინფორმაციას. როგორ „ილექება“ ეს ინფორმაცია? დავუშვათ, კითხულობთ წიგნს, უყურებთ ფილმს ან რომელიმე გადაცემას და ვინმეზე რამეს იგებთ. თუ საკუთარ თავს მის ადგილზე წარმოიდგენთ, ამან შეიძლება ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინოს თქვენზე და ისეთი განცდა დაგიტოვოთ, რომ ყოველივე თქვენ გადაგხდათ. ჰიპნოზის დროს შეიძლება გაგახსენდეთ თქვენს ცხოვრებაში დიდი ხნის წინათ მომხდარი და დავიწყებული შემთხვევები, და ეს მოგონებები შეიძლება „წინა ცხოვრებას“ დაუკავშიროთ. თუმცა ასეთი რამ ყველას შემთხვევაში არ ხდება. აღსანიშნავია, რომ შეერთებულ შტატებში მრავალი სასამართლო არ ცნობს ჰიპნოზის ქვეშ მყოფი ადამიანის ჩვენებებს. 1980 წელს მინესოტის შტატის სასამართლომ განაცხადა: „საუკეთესო ექსპერტიზამ გამოავლინა, რომ არც ერთ ექსპერტს არ შეუძლია ზუსტად განსაზღვროს, ჰიპნოზის გავლენით გაღვიძებული მოგონებები — მთლიანად თუ ნაწილობრივ — სიმართლეა, სიცრუე თუ ფანტაზიის ნაყოფი . . . მეცნიერული თვალსაზრისით ეს არ არის სანდო“ („State v. Mack“, 292 N.W.2d 764). ბევრი რამ დამოკიდებულია უშუალოდ პაციენტთან ჰიპნოტიზიორის საუბარზე, რაც კიდევ უფრო მეტად აყენებს ეჭვქვეშ ჰიპნოზის დროს აღდგენილი მოგონებების სანდოობას.
არის ბიბლიაში ისეთი აზრები, რომლებიც მხარს უჭერს რეინკარნაციას?
რეინკარნაციაა ნაგულისხმები მათეს 17:12, 13-ში?
მათ. 17:12, 13: „[იესომ თქვა:] ელია უკვე მოვიდა, მაგრამ ვერ იცნეს და ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ. კაცის ძესაც მათი ხელით მოელის ტანჯვა. მაშინ მოწაფეები მიხვდნენ, რომ ის იოანე ნათლისმცემელზე ელაპარაკებოდა“.
ნიშნავდა ეს იმას, რომ იოანე ნათლისმცემელი ახალ სხეულში მოსული ელია იყო? ერთხელ იუდეველმა მღვდლებმა იოანეს ჰკითხეს: „ვინა ხარ? ელია?“. იოანემ მიუგო: „არა“ (იოან. 1:21). მაშ, რას გულისხმობდა იესო? იოანეს შესახებ, რომელსაც მესიისთვის გზა უნდა მოემზადებინა, იეჰოვას ანგელოზმა იწინასწარმეტყველა: „ელიას სულითა და ძალით ივლის ღვთის წინაშე, რათა მამებს გული შვილებისკენ მოუბრუნოს და ურჩები მართალთა სიბრძნისკენ მოაბრუნოს, რომ მომზადებული ხალხი წარუდგინოს იეჰოვას“ (ლუკ. 1:17). იოანე ნათლისმცემელი ისეთივე საქმეს ასრულებდა, როგორსაც ელია წინასწარმეტყველი (მალ. 4:5, 6).
უჭერს მხარს რეინკარნაციის მოძღვრებას იოანეს 9:1, 2?
იოან. 9:1, 2: «მიდიოდა [იესო] და დაინახა კაცი, რომელიც დაბადებიდან უსინათლო იყო. მოწაფეებმა ჰკითხეს მას: „რაბი, ვინ შესცოდა, ამ კაცმა თუ მისმა მშობლებმა, უსინათლო რატომ დაიბადა?“».
ფარისეველებს სჯეროდათ, რომ „კარგი ადამიანის სული სხვა სხეულში გადადიოდა“ („Wars of the Jews“, იოსებ ფლავიუსი, წიგნი II, თ. VIII, აბზ. 14). ამ შეხედულებიდან გამომდინარე დაუსვეს მოწაფეებმა იესოს კითხვა? როგორც ჩანს, არა. მათი კითხვიდან არ ჩანს, რომ უსინათლოს „კარგ ადამიანად“ მიიჩნევდნენ. იესოს მოწაფეებს სწამდათ წმინდა წერილების და ეცოდინებოდათ, რომ სული კვდება. მოწაფეებმა იცოდნენ, რომ ჯერ არშობილი ბავშვი უკვე ცოცხალია და „ცოდვაშია ჩასახული“. ამიტომ მათ შეიძლება აინტერესებდათ, შეიძლებოდა თუ არა, რომ ბავშვს დაბადებამდე ჩაედინა ცოდვა და მისი უსინათლობის მიზეზი ეს ყოფილიყო. როგორც უნდა ყოფილიყო, იესოს პასუხი არც რეინკარნაციის მოძღვრებას უჭერს მხარს და არც იმას, რომ ბავშვი დედის მუცელშივე სცოდავს. მან მოწაფეებს უპასუხა: „არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს“ (იოან. 9:3). იესომ იცოდა, რომ ადამიანთა არასრულყოფილებისა და თანდაყოლილი ფიზიკური ნაკლოვანებების მიზეზი ადამის ცოდვა იყო. მან ეს სიტუაცია ღვთის განსადიდებლად გამოიყენა და უსინათლო მამაკაცი განკურნა.
გამორიცხავს თუ არა რეინკარნაციის იდეას ის, რასაც ბიბლია სულისა და სიკვდილის შესახებ ამბობს?
დაბადების 2:7-ში ნათქვამია: „დაიწყო იეჰოვა ღმერთმა ადამიანის შექმნა მიწის მტვრისგან, ჩაჰბერა ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა და ადამიანი ცოცხალ სულად იქცა“. ყურადღება მიაქციეთ, რომ სული თვითონ ადამიანი იყო. სული არ ყოფილა სხეულისგან დამოუკიდებლად არსებული არამატერიალური ძალა. „სული, რომელიც სცოდავს, მოკვდება“ (ეზეკ. 18:4, 20). გარდაცვლილს ბიბლიაში „მკვდარი სული“ ეწოდება (რიცხ. 6:6, სქოლიო). სიკვდილისას ადამიანი „უბრუნდება მიწას, იმ დღეს ქრება მისი ფიქრები“ (ფსალმ. 146:4). ასე რომ, როცა ვინმე კვდება, მისგან ცოცხალი აღარაფერი რჩება და არაფერი გადადის სხვა სხეულში (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ „სული“ და „სიკვდილი“).
ეკლ. 3:19: „ადამიანთა მოდგმის ბოლო და ცხოველების ბოლო ერთი და იგივეა. როგორც ერთი კვდება, ისე კვდება მეორეც“ (როგორც ადამიანის, ისე ცხოველის შემთხვევაში, სიკვდილის შემდეგ არაფერი განაგრძობს სიცოცხლეს. შესაბამისად, ახალ სხეულშიც ვეღარაფერი გადასახლდება).
ეკლ. 9:10: „ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებ, აკეთე მთელი შენი ძალით, რადგან არც საქმე, არც ჩანაფიქრი, არც ცოდნა და არც სიბრძნე არ არის სამარეში, სადაც მიდიხარ“ (მკვდარი სამარეში მიდის და არა სხვა სხეულში).
რა განსხვავებაა რეინკარნაციის მოძღვრებასა და გარდაცვლილთა შესახებ ბიბლიურ თვალსაზრისს შორის?
რეინკარნაცია: ამ მოძღვრების თანახმად, როცა ადამიანი კვდება, მისი სული ანუ „პირადი მე“ უფრო სრულყოფილ სხეულში გადადის იმ შემთხვევაში, თუ სიკეთეს აკეთებდა და პატიოსნად ცხოვრობდა. თუ ბოროტებას სჩადიოდა, არსებობის უფრო დაბალ საფეხურზე გადადის და შესაძლოა ცხოველის სხეულში მოგვევლინოს. ახალ სხეულში ჩასახლების შემდეგ ყველაფერი თავიდან იწყება, მას კვლავ უწევს ტანჯვა და, საბოლოოდ, სიკვდილი. ეს წრებრუნვა, ფაქტობრივად, უსასრულოდ გრძელდება. ნამდვილად ასეთი მომავალი გელით? ზოგს სწამს, რომ ამ ციკლიდან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება მიწიერი ვნებების დათრგუნვაა. რა ხდება ამის შემდეგ? როგორც ზოგიერთი ამბობს, იწყება არაცნობიერი სიცოცხლე.
ბიბლია: ბიბლიის თანახმად, სული თვითონ ადამიანია. მაშინაც კი, თუ ბოროტებას სჩადიოდა, მაგრამ მოინანიებს და გამოსწორდება, იეჰოვა ღმერთი მიუტევებს მას ცოდვებს (ფსალმ. 103:12, 13). სიკვდილის შემდეგ აღარაფერი აგრძელებს სიცოცხლეს. სიკვდილი ღრმა ძილს ჰგავს. მომავალში მკვდრები აღდგებიან. ამაში რეინკარნაცია არ იგულისხმება. მათ დაუბრუნდებათ სიცოცხლე და იქნებიან იგივე ადამიანები (საქ. 24:15). მკვდრეთით აღდგენილთა უმეტესობა დედამიწაზე იცხოვრებს. აღდგომა მას შემდეგ იქნება, რაც ღმერთი გაანადგურებს ბოროტ ქვეყნიერებას. ავადმყოფობა, ტანჯვა და სიკვდილი წარსულს ჩაჰბარდება (დან. 2:44; გამოცხ. 21:3, 4). განა არ ღირს ამ საკითხზე უფრო მეტის გაგება და იმის გამოკვლევა, თუ რამდენად სანდოა ბიბლიის ეს დანაპირები?
თუ ვინმე გეუბნება. . .
„მე რეინკარნაციის მწამს“.
შეგიძლია ასე უპასუხო: „ალბათ, თქვენ გჯერათ, რომ საბოლოოდ უკეთეს სიცოცხლეს მიაღწევთ . . . ისურვებდით ისეთ პირობებში ცხოვრებას, როგორიც გამოცხადების 21:1—5-შია აღწერილი?“
ან შეგიძლია უთხრა: „ყოველთვის გწამდათ? . . რამ დაგარწმუნათ რეინკარნაციის არსებობაში?“ (შემდეგ შეგიძლია მოიხსენიო 254-ე გვერდზე მოცემული აზრები).
სხვა ვარიანტი: „მე სხვებთანაც მქონია ამ თემაზე საუბარი. თქვენი აზრით, რა მიზანი აქვს რეინკარნაციას?“ შემდეგ შეგიძლია უთხრა: 1) „გახსოვთ ყველაფერი წინა ცხოვრებიდან? . . ეს ხომ აუცილებელია იმისათვის, რომ გამოასწორო წარსული შეცდომები და გაუმჯობესდე?!“ 2) თუ გეტყვის, რომ კარგია, ყველაფერი რომ გვავიწყდება, შეგიძლია ჰკითხო: „თქვენი აზრით, ადგება ადამიანს რამეში ცუდი მეხსიერება? თუ დაახლოებით ყოველ 70 წელიწადში ყველაფერი დაგვავიწყდება, როგორღა გავიუმჯობესებთ ჩვენს ხვედრს?“ 3) თუ გეტყვის, რომ მხოლოდ კარგი ადამიანები იბადებიან ხელახლა ადამიანებად, შეგიძლია ჰკითხო: „მაშ, რატომღა უარესდება მსოფლიოში მდგომარეობა? . . ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მალე ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვლება“ (დან. 2:44).