სპირიტიზმი
განმარტება: რწმენა იმისა, რომ სხეულის სიკვდილის შემდეგ სული განაგრძობს არსებობას და შეუძლია კავშირის დამყარება ცოცხლებთან, ჩვეულებრივ, მედიუმის საშუალებით. ზოგს სჯერა, რომ ყველა საგანსა თუ ბუნებრივ მოვლენას თავისი სული აქვს. ჯადოქრობა არის ბოროტი სულებისგან მომდინარე ძალის გამოყენება. ბიბლია მკაცრად გმობს სპირიტიზმთან დაკავშირებულ ნებისმიერ მოქმედებას.
ნამდვილად შესაძლებელია მიცვალებულთა „სულებთან“ ურთიერთობა?
ეკლ. 9:5, 6, 10: „ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან . . . ქრება მათი სიყვარული, სიძულვილი და შური; რაც მზის ქვეშ ხდება, აღარაფერში აღარასოდეს ექნებათ წილი. ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებ, აკეთე მთელი შენი ძალით, რადგან არც საქმე, არც ჩანაფიქრი, არც ცოდნა და არც სიბრძნე არ არის სამარეში, სადაც მიდიხარ“.
ეზეკ. 18:4, 20: „სული, რომელიც სცოდავს, მოკვდება“ (ასე რომ, სხეულის სიკვდილის შემდეგ სული არ განაგრძობს არსებობას და ცოცხლები მასთან ვერ შეძლებენ ურთიერთობას).
ფსალმ. 146:4: „ამოსდის სული, თვითონ კი უბრუნდება მიწას, იმ დღეს ქრება მისი ფიქრები“ (სიტყვებით „ამოსდის სული“, უბრალოდ, ის არის ნათქვამი, რომ ადამიანი კარგავს სასიცოცხლო ძალას. ადამიანის სიკვდილის შემდეგ სული არ განაგრძობს სიცოცხლეს არამატერიალური არსების სახით, რომელიც სხეულისგან დამოუკიდებლად შეძლებდა აზროვნებას და რამის განხორციელებას. სიკვდილის შემდეგ აღარაფერი რჩება, რასთანაც ცოცხლები შეძლებდნენ ურთიერთობას).
იხილეთ აგრეთვე გვერდები 315—317 („სიკვდილი“).
ბიბლიაში ხომ წერია, რომ მეფე საულს ურთიერთობა ჰქონდა წინასწარმეტყველ სამუელთან, რომელიც მკვდარი იყო?
ამის შესახებ 1 სამუელის 28:3—20-ში ვკითხულობთ. მე-13 და მე-14 მუხლებიდან ჩანს, რომ თვითონ საული ვერ ხედავდა სამუელს. მან მედიუმის სიტყვებიდან დაასკვნა, რომ სამუელს ელაპარაკებოდა. საულს ძალიან სურდა იმის დაჯერება, რომ მედიუმის მიერ გამოძახებული სული სამუელი იყო და მან თავი მოიტყუა. მე-3 მუხლში ნათქვამია, რომ სამუელი მოკვდა და დამარხეს. თუ ზემოთ ციტირებულ მუხლებს გავითვალისწინებთ, ნათელია, რომ სამუელის სიკვდილის შემდეგ სხვა სამყაროში სიცოცხლეს არ განაგრძობდა მისი სული, რომელთანაც საული შეძლებდა კავშირის დამყარებას. სამუელის ხმით, უდავოდ, ვიღაც სხვა ლაპარაკობდა.
ვისთან აქვს ადამიანს სინამდვილეში ურთიერთობა, როცა „მიცვალებულთა სულებთან“ ამყარებს კავშირს?
ბიბლიაში გარკვევით არის ნათქვამი, თუ რა მდგომარეობაში არიან მკვდრები. ვინ იყო დაინტერესებული იმით, რომ პირველ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა ჰქონოდათ სიკვდილზე? ღვთის სიტყვების საპირისპიროდ, სატანა ამტკიცებდა, რომ დაუმორჩილებლობას სიკვდილი არ მოჰყვებოდა (დაბ. 3:4; გამოცხ. 12:9). ღვთის სიტყვები გამართლდა და ადამი და ევა ნამდვილად მოკვდნენ. ის აზრი, რომ ადამიანები სინამდვილეში არ კვდებიან და სულის სახით განაგრძობენ სიცოცხლეს, სატანისგან უნდა მომდინარეობდეს. იესომ სატანა ეშმაკს „სიცრუის მამა“ უწოდა (იოან. 8:44; იხილეთ აგრეთვე 2 თესალონიკელების 2:9, 10). ადამიანებს კარგი არაფერი მოუტანა იმის დაჯერებამ, რომ მიცვალებულები სხვა სამყაროში აგრძელებენ არსებობას და მათთან შესაძლებელია ურთიერთობის დამყარება. გამოცხადების 18:23-ში ნათქვამია, რომ „დიდ ბაბილონს“ ‘სპირიტიზმით შეცდომაში შეჰყავს ხალხები’. „მიცვალებულებთან ურთიერთობა“ სინამდვილეში დემონებთან (ღვთისგან განდგომილ ანგელოზებთან) დასაკავშირებელი ხრიკია. ხშირ შემთხვევაში მათ, ვინც ამ ხრიკის მსხვერპლი ხდება, ესმით ხმები და სიმშვიდეს უკარგავენ ბოროტი სულები.
რა არის ცუდი იმაში, თუ ადამიანი სპირიტულ მეთოდებს მიმართავს განკურნების ან საფრთხის თავიდან არიდების მიზნით?
გალ. 5:19—21: „ხორცის საქმეები აშკარაა. ეს არის: სიძვა, უწმინდურება, თავაშვებულობა, კერპთაყვანისმცემლობა, სპირიტიზმი . . . გაფრთხილებთ, როგორც ადრეც გაგაფრთხილეთ, რომ ასე მოქმედნი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ“ (თუ ადამიანი დახმარების მისაღებად სპირიტულ საშუალებებს მიმართავს, გამოდის, რომ ის იჯერებს სატანის სიცრუეს სიკვდილთან დაკავშირებით; ის მათგან ცდილობს რჩევის მიღებას, ვისაც ძალას სატანა და დემონები აძლევენ. ასეთი სახით, ის იეჰოვა ღმერთის მტრებს უერთდება. ვინც აგრძელებს ამგვარად მოქმედებას, რეალური დახმარების მიღების ნაცვლად სავალალო შედეგებს მოიმკის).
ლუკ. 9:24: „ვისაც სურს თავისი სულის [ანუ სიცოცხლის] ხსნა, დაკარგავს მას, ხოლო ვინც ჩემი გულისთვის [იმის გამო, რომ იესო ქრისტეს მიმდევარია] დაკარგავს სულს, იხსნის მას“ (თუ თავის დასაცავად ან სიცოცხლის შესანარჩუნებლად ადამიანი განზრახ არღვევს ბიბლიის კანონებს, ის დაკარგავს მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას).
2 კორ. 11:14, 15: „თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს. ამიტომ, რა დიდი ამბავია, თუ მისი მსახურებიც სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ“ (სპირიტიზმმა შეიძლება დროებითი შვება მოუტანოს ადამიანს, მაგრამ ამან არ უნდა მოგვატყუოს).
იხილეთ აგრეთვე გვერდები 104—108 („განკურნება“).
გონივრულად მოვიქცევით, თუ სპირიტულ მეთოდებს მივმართავთ იმ მიზნით, რომ გავიგოთ მომავალი ან დავრწმუნდეთ წამოწყებული საქმის წარმატებაში?
ეს. 8:19: „თუ გეტყვიან: მიმართეთ სულების გამომძახებლებს ან მათ, ვისაც მკითხაობის სული აქვთ და ვინც ჩურჩულებენ და ბუტბუტებენო, განა თავის ღმერთს არ უნდა მიმართავდეს ხალხი?!“
ლევ. 19:31: „არ მიმართოთ სულების გამომძახებლებს და რჩევა არ ჰკითხოთ მარჩიელებს, რათა არ გაგაუწმინდურონ. მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“.
2 მეფ. 21:6: „[მეფე მენაშე] ჯადოქრობდა, მისნობდა და გაიჩინა სულების გამომძახებლები და მარჩიელები. დიდ ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას თვალში, რათა შეურაცხეყო იგი“ (ყოველივე ამით ის, ფაქტობრივად, სატანასა და მის დემონებს მიმართავდა დახმარებისთვის. ეს „დიდი ბოროტება“ იყო იეჰოვას თვალში, რის გამოც მენაშე მკაცრად დაისაჯა. მაგრამ იეჰოვამ აკურთხა იგი, როცა მოინანია და მიატოვა ეს ბოროტება).
რა საფრთხე შეიძლება იმალებოდეს სპირიტიზმთან დაკავშირებული თამაშებით გართობაში ან კარგის მომასწავებელი ნიშნების ძიებაში?
კან. 18:10—12: „არ იყოს შენში . . . არც მკითხავი, არც ჯადოქარი, მისანი, არც გრძნეული, არც ჯადოს გამკეთებელი, არც ის, ვინც რჩევას სთხოვს სულების გამომძახებელს ან მარჩიელს, და არც მკვდართა გამომკითხველი. ამის გამკეთებელი სძულს იეჰოვას“ (მკითხაობა არის დაფარული ინფორმაციის გაგების ან მომავლის წინასწარმეტყველების მცდელობა ნიშნების ახსნით ან ზებუნებრივი ძალების დახმარებით. იეჰოვა უკრძალავდა თავის მსახურებს ამის გაკეთებას. რატომ? ამით ადამიანი კავშირს ამყარებს უწმინდურ სულებთან, ანუ დემონებთან, ან მათ გავლენაში ექცევა. ვინც ამას აკეთებს, იეჰოვას ორგულია).
საქ. 16:16—18: „შეგვხვდა ერთი მოახლე გოგონა. ის შეპყრობილი იყო სულით, დემონით, რომელიც მკითხაობის ძალას აძლევდა. წინასწარმეტყველებით გოგონა დიდ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს“ (არც ერთი სიმართლის მოყვარული ადამიანი გართობის მიზნითაც კი არ მოინდომებს ასეთი გზით ინფორმაციის მიღებას. პავლე შეაწუხა გოგონას ყვირილმა და უბრძანა ბოროტ სულს, მისგან გამოსულიყო).
შეუძლიათ ბოროტ სულებს ადამიანის სახის მიღება?
ნოეს დროს ურჩი ანგელოზები ხორცს ისხამდნენ. მათ მოჰყავდათ ცოლები და შვილებიც ჰყავდათ (დაბ. 6:1—4). მაგრამ წარღვნის დროს მათ მოუწიათ სულიერ სამყაროში დაბრუნება. იუდას 6-ში მათზე ნათქვამია: „ანგელოზებს, რომლებმაც არ შეინარჩუნეს თავიანთი თავდაპირველი მდგომარეობა და მიატოვეს მათთვის განკუთვნილი სამკვიდრო, უკუნ სიბნელეში მარადიულ ბორკილებში ინახავს იგი გასამართლების დიდი დღისათვის“. გარდა იმისა, რომ ბევრი რამ დაკარგეს ზეცაში და იეჰოვას განზრახვებთან დაკავშირებით სულიერ სიბნელეში აღმოჩნდნენ, ღმერთმა ამ ანგელოზებს „ბორკილებიც“ დაადო, ანუ გარკვეული შეზღუდვები დაუდგინა. რისგან შეზღუდა მან ისინი? როგორც ჩანს, ღმერთმა მათ წაართვა ხორცშესხმის უნარი. ისინი მეტად ვეღარ შეძლებდნენ ქალებთან სქესობრივ ურთიერთობას, როგორც ამას წარღვნამდე აკეთებდნენ. ბიბლიაში აღწერილია შემთხვევები, როცა ღვთის მაცნე ერთგული ანგელოზები ხორცს ისხამდნენ სხვადასხვა დავალების შესასრულებლად. ეს ხდებოდა ახ. წ. პირველ საუკუნემდე. იმ ანგელოზებს კი, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს ხორცშესხმის უნარი, წარღვნის შემდეგ აღარ შეეძლოთ ხორცის შესხმა.
თუმცა დემონებს, როგორც ჩანს, აქვთ იმის უნარი, რომ ხილვები აჩვენონ ადამიანებს და ისეთი შთაბეჭდილება შეუქმნან, თითქოს სინამდვილეს ხედავენ. სავარაუდოდ, ეშმაკმა ამ მეთოდს მიმართა, როცა ცდუნების მიზნით იესოს „მსოფლიოს ყველა სამეფო და მათი დიდება“ აჩვენა (მათ. 4:8).
რა უნდა გააკეთოს ადამიანმა ბოროტი სულების ზეგავლენისგან გასათავისუფლებლად?
იგავ. 18:10: „იეჰოვას სახელი მტკიცე კოშკია; მასში შერბის მართალი და დაცულია“ (ეს არ ნიშნავს იმას, რომ ღვთის სახელი ბოროტისგან დამცავი ჯადოსნური სიტყვაა. „სახელით“ თვითონ ღმერთია წარმოდგენილი. იეჰოვა გვიცავს, როცა ვეცნობით და ბოლომდე ვენდობით მას; როცა ვაღიარებთ მის ძალაუფლებას და ვემორჩილებით მის მცნებებს. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია სახელით მოვუხმოთ ღმერთს დახმარებისთვის იმაში დარწმუნებულებმა, რომ დაპირებისამებრ ის დაგვიცავს).
მათ. 6:9—13: „ამიტომ, ასე ილოცეთ . . . ნუ შეგვიყვან ცდუნებაში, არამედ გვიხსენი ბოროტისგან“. „გამუდმებით ილოცეთ“ (რომ. 12:12) (ღმერთი ისმენს ასეთ ლოცვებს მათგან, ვისაც ნამდვილად სურს, იცოდეს ჭეშმარიტება და მისაღები სახით სცეს მას თაყვანი).
1 კორ. 10:21: «შეუძლებელია „იეჰოვას სუფრიდანაც“ ჭამდეთ და დემონების სუფრიდანაც» (ვისაც სურს ღმერთთან მეგობრობა და მისი მფარველობა, არ უნდა ესწრებოდეს ისეთ შეკრებებს, რომლებზეც ხდება სულების გამოძახება. გარდა ამისა, საქმეების 19:19-დან გამომდინარე, მან უნდა გაანადგუროს ან მოიშოროს მისი კუთვნილი ყველა ნივთი, რომლებიც სპირიტიზმთანაა დაკავშირებული).
იაკ. 4:7: „დაემორჩილეთ ღმერთს, წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან“ (ამისათვის გულდასმით გაეცანით ღვთის მოთხოვნებს და მათ შესაბამისად იცხოვრეთ. ღვთის სიყვარული დაგაძლევინებთ ადამიანების შიშს და მოგცემთ იმის ძალას, რომ უარი თქვათ სპირიტიზმთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებში მონაწილეობაზე ან სპირიტიზმის მიმდევართა მითითებების შესრულებაზე).
შეიმოსეთ ეფესოელების 6:10—18-ში აღწერილი „ღვთის სრული საჭურვლით“ და ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ კარგ მდგომარეობაში გქონდეთ ეს საჭურველი.