ბიბლიის წიგნი 4 — რიცხვები
დამწერი: მოსე
დაწერის ადგილები: უდაბნო და მოაბის ველი
წერა დასრულდა: ძვ. წ. 1473
მოიცავს პერიოდს: ძვ. წ. 1512—1473
1. რატომ დაიწერა „რიცხვები“ და რას ვსწავლობთ მასში აღწერილი მოვლენებიდან?
ბიბლიაში ჩვენ სასარგებლოდ ჩაიწერა ის, რაც ისრაელებს უდაბნოში გადახდათa. „ეს ჩვენთვის გაკვეთილია, რათა ბოროტი არ მოვისურვოთ“, — თქვა პავლე მოციქულმა (1 კორ. 10:6). წიგნ „რიცხვებში“ ცოცხლად აღწერილი ისტორიიდან ვხედავთ, რომ გადარჩენისთვის მნიშვნელოვანია განვწმინდოთ იეჰოვას სახელი, ნებისმიერ ვითარებაში დავემორჩილოთ მას და პატივისცემით მოვეპყროთ მათ, ვისაც ღმერთი ხელმძღვანელობას აკისრებს. თუ იეჰოვა კეთილგანწყობილია თავისი ხალხის მიმართ, ეს მხოლოდ მისი დიდი წყალობის შედეგია და არა მათი დამსახურება.
2. რას უკავშირდება წიგნის თანამედროვე სახელწოდება და რა უწოდეს მას ებრაელებმა?
2 წიგნის სახელწოდება დაკავშირებულია ხალხის აღრიცხვასთან, რაც პირველად სინას მთასთან, მოგვიანებით კი მოაბის ველზე მოხდა. ამის შესახებ ვკითხულობთ რიცხვების 1—4 და 26-ე თავებში. წიგნს ლათინურ ვულგატაში ეწოდება „ნუმერი“, ბერძნულ სეპტუაგინტაში კი — „არითმოი“. თუმცა ებრაელებმა მას უფრო შესაფერისი სახელი „ბემიდბარ“ უწოდეს, რაც ნიშნავს „უდაბნოში“. ებრაულ სიტყვა „მიდბარ“-ში იგულისხმება გაშლილი, უკაცრიელი ადგილი. სწორედ ქანაანის სამხრეთით და აღმოსავლეთით მდებარე უდაბნოში განვითარებული მოვლენებია აღწერილი „რიცხვებში“.
3. საიდან ვიგებთ, რომ „რიცხვები“ მოსემ დაწერა?
3 „რიცხვები“ შედიოდა ხუთწიგნეულში, რომელიც მოიცავდა წიგნებს „დაბადებიდან“ „მეორე კანონამდე“. დედანში „რიცხვები“ იწყება „და“ კავშირით, რითაც ის ებმის წინა წიგნს. აშკარაა, რომ „რიცხვებიც“ მოსეს დაწერილია. ეს კარგად ჩანს წიგნში ჩაწერილი სიტყვებიდან, „იწერდა მოსე“, და ბოლო სიტყვებიდან: „ეს არის მცნებები და სამართალი, რომელთა შესრულებაც იეჰოვამ ისრაელის ძეებს მოსეს პირით უბრძანა“ (რიცხ. 33:2; 36:13).
4. რა პერიოდს მოიცავს „რიცხვები“ და როდის დასრულდა მისი წერა?
4 უკვე წელიწადზე მეტი იყო, რაც ისრაელი ეგვიპტიდან გამოვიდა. თხრობა იწყება გამოსვლიდან მეორე წლის მეორე თვეს მომხდარი მოვლენებით. მთლიანობაში „რიცხვებში“ მოთხრობილია 38 წლისა და 9 თვის განმავლობაში მომხდარი მოვლენები ძვ. წ. 1512 წლიდან ძვ. წ. 1473 წლამდე (რიცხ. 1:1; კან. 1:3). რიცხვების 7:1—88-სა და 9:1—15-ში აღწერილი მოვლენები ამ პერიოდში არ მომხდარა, მაგრამ ისინი წიგნში დამატებითი ინფორმაციისთვის არის შეტანილი. როგორც ჩანს, მოსე მაშინვე იწერდა ყველაფერს, რაც ხდებოდა. აქედან გამომდინარე, ის წერას დაასრულებდა უდაბნოში გატარებული 40-წლიანი პერიოდის ბოლოსთვის, ანუ ძვ. წ. 1473 წლის დასაწყისისთვის.
5. რა ადასტურებს „რიცხვების“ უტყუარობას?
5 შეუძლებელია, ვინმეს ეჭვი შეეპაროს წიგნის უტყუარობაში. უწყლო მიწას, სადაც ისრაელი გადაადგილდებოდა, მოსემ „დიდი და შიშის მომგვრელი უდაბნო“ უწოდა. ამ ტერიტორიაზე ხალხი დღესაც კანტიკუნტად ცხოვრობს და მუდმივად საძოვრებისა და წყლის ძიებაშია (კან. 1:19). გარდა ამისა, „რიცხვებში“ ჩაწერილი დაწვრილებითი მითითებები, რომლებიც ეხებოდა ისრაელთა ბანაკის განლაგებას, ბანაკის აყრასა და საყვირებით ნიშნების მიცემას, ადასტურებს, რომ ეს წიგნი უდაბნოში დაიწერა (რიცხ. 1:1).
6. როგორ ადასტურებს არქეოლოგია „რიცხვების“ უტყუარობას?
6 ქანაანის დაზვერვის შემდეგ შეშინებულმა მზვერავებმა თქვეს, რომ იმ მიწაზე „დიდი გამაგრებული ქალაქები“ ნახეს. ამას არქეოლოგიაც ადასტურებს (13:28). თანამედროვე აღმოჩენებმა ცხადყო, რომ იმ პერიოდში ქანაანელებს თავიანთი პოზიციის განსამტკიცებლად უამრავი ციხესიმაგრე ჰქონდათ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში, ჩრდილოეთით იზრეელის ველიდან სამხრეთით გერარამდე. ისინი გამაგრებულ ქალაქებს გორაკებზე აშენებდნენ და გალავანში კოშკებს აყოლებდნენ. ასეთი ქალაქები დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა ისრაელებზე, რომლებიც ასობით წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ დაბლობზე.
7. რით გამოირჩევა „რიცხვები“?
7 ერები ხშირად ჩქმალავენ თავიანთი ისტორიის სამარცხვინო ფაქტებს და აზვიადებენ წარმატებებს. ამის საპირისპიროდ, „რიცხვებში“ გულახდილად არის მოთხრობილი, როგორ დაამარცხეს ისრაელი ამალეკელებმა და ქანაანელებმა (14:45). წიგნში არც ის ფაქტია დამალული, რომ ხალხს რწმენა აკლდა და ღმერთს უპატივცემულოდ ექცეოდნენ (14:11). გაოცებას იწვევს ღვთის წინასწარმეტყველის, მოსეს გულწრფელობა, რომელმაც აღიარა ერის, თავისი ძმისშვილებისა და და-ძმის ცოდვები. მას არც საკუთარი შეცდომები დაუმალავს. მაგალითად, „რიცხვებიდან“ ვიგებთ, რომ მან არ განწმინდა იეჰოვას სახელი მერიბას წყალთან, რის გამოც ვერ შეძლო აღთქმულ მიწაზე შესვლა (3:4; 12:1—15; 20:7—13).
8. როგორ ადასტურებენ ბიბლიის სხვა დამწერები, რომ „რიცხვები“ ღვთისგან არის შთაგონებული?
8 „რიცხვები“ რომ მართლაც წმინდა წერილების ნაწილია, ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა, ადასტურებს ის, რომ ბიბლიის სხვა დამწერებიც მოიხსენიებდნენ მასში ჩაწერილ თითქმის ყველა მნიშვნელოვან მოვლენასა და უამრავ წვრილმანს, ასევე ხსნიდნენ მათ მნიშვნელობას. მაგალითად, „რიცხვებში“ ჩაწერილ ინფორმაციას ეყრდნობოდნენ იესო ნავეს ძე (იეს. 4:12; 14:2), იერემია (2 მეფ. 18:4), ნეემია (ნეემ. 9:19—22), ასაფი (ფსალმ. 78:14—41), დავითი (ფსალმ. 95:7—11), ესაია (ეს. 48:21), ეზეკიელი (ეზეკ. 20:13—24), ოსია (ოს. 9:10), ამოსი (ამოს. 5:25), მიქა (მიქ. 6:5), ლუკა თავის ჩანაწერში სტეფანეს სიტყვით გამოსვლის შესახებ (საქ. 7:36), პავლე (1 კორ. 10:1—11), პეტრე (2 პეტ. 2:15, 16), იუდა (იუდ. 11), იოანე თავის ჩანაწერში პერგამონის კრებისადმი იესოს მიმართვის შესახებ (გამოცხ. 2:14) და თავად იესო ქრისტე (იოან. 3:14).
9. რას ვიგებთ „რიცხვებიდან“ იეჰოვაზე?
9 რა მიზნით დაიწერა „რიცხვები“? ეს ჩანაწერი მხოლოდ ისტორიული თვალსაზრისით არ არის ღირებული. „რიცხვებიდან“ კარგად ჩანს, რომ იეჰოვა წესრიგის მოყვარული ღმერთია და თავისი ქმნილებებისგან განსაკუთრებულ ერთგულებას ითხოვს. მკითხველი ნათლად ხედავს ამას ისრაელის აღრიცხვის, მათი გამოცდისა და შემოწმების, ასევე მათი ურჩობის შესახებ ჩანაწერებიდან, სადაც ხაზგასმულია, რომ იეჰოვასადმი მორჩილება ძალიან მნიშვნელოვანია.
10. ვისთვის და რატომ იქნა „რიცხვები“ შემონახული?
10 ეს ჩანაწერი შემონახული იყო მომავალი თაობებისთვის, რათა მათ, ასაფის სიტყვების თანახმად, „იმედი დაემყარებინათ ღმერთზე, არ დაევიწყებინათ ღვთის საქმეები და დაეცვათ მისი მცნებები“, რათა არ „დამსგავსებოდნენ თავიანთ მამა-პაპას, ჯიუტ და ურჩ თაობას, თაობას, რომელმაც გული არ მოიმზადა და არ იყო ღვთისადმი ერთგული“ (ფსალმ. 78:7, 8). „რიცხვებში“ აღწერილმა მოვლენებმა არაერთხელ გაიჟღერა „ფსალმუნებში“, ებრაელთა წმინდა სიმღერებში. მათ ხშირად იმეორებდნენ ერის დასამოძღვრად (ფსალმუნები 78, 95, 105, 106, 135, 136).
შინაარსი
11. როგორ შეგვიძლია დავყოთ „რიცხვები“?
11 „რიცხვები“ შეგვიძლია სამ ნაწილად დავყოთ. პირველ ნაწილში, რომელიც მე-10 თავის მე-10 მუხლით მთავრდება, აღწერილია სინას მთასთან ისრაელების დაბანაკების დროს მომხდარი მოვლენები. მეორე ნაწილი, 21-ე თავის ჩათვლით, აღწერს მოვლენებს, რომლებიც დაახლოებით 38 წლისა და ორი თვის განმავლობაში ხდებოდა უდაბნოში მოაბის ველზე ისრაელების მისვლამდე. ბოლო ნაწილში, 36-ე თავის ჩათვლით, საუბარია მოაბის ველზე განვითარებული მოვლენების შესახებ, როცა ისრაელები აღთქმულ მიწაზე შესასვლელად ემზადებოდნენ.
12. დაახლოებით რამდენი ადამიანი იყო ისრაელთა ბანაკში სინას მთასთან და როგორ იყვნენ ისინი ორგანიზებულნი?
12 სინას მთასთან (1:1—10:10). დაახლოებით ერთი წელი იყო, რაც ისრაელები სინას მთიან მხარეში იყვნენ. ისინი უკვე კარგად ჩამოყალიბებულ ერს წარმოადგენდნენ. იეჰოვას მითითებით ჩატარდა მამაკაცების აღრიცხვა 20 წლიდან ზემოთ. ტომებს შორის ყველაზე მცირერიცხოვანი აღმოჩნდა მენაშე (32 000 მამაკაცი), ყველაზე დიდი კი — იუდა (74 600 მამაკაცი). საერთო ჯამში ისრაელთა ლაშქარში აღირიცხა 603 550 კაცი. თუმცა ლევიანებიც, ქალებიცა და ბავშვებიც რომ აღერიცხათ, ისრაელების რიცხვი ალბათ სამ მილიონს გადააჭარბებდა. შეხვედრის კარავი ბანაკის შუაგულში იდგა და ლევიანებიც იქ იყვნენ. მათ გარშემო სხვა ისრაელები სამ-სამ ტომად დაბანაკდნენ. მათ მიეცათ მითითება, თუ როდის უნდა დაძრულიყვნენ ადგილიდან. ეს მითითებები მათ იეჰოვამ მისცა და „ისრაელის ძეებმაც ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს“ (2:34). ისინი დაემორჩილნენ იეჰოვას და მისი ხილული წარმომადგენლის, მოსეს მიმართ პატივისცემა გამოავლინეს.
13. როგორ მოხდა ლევიანებისთვის პასუხისმგებლობების განაწილება?
13 ისრაელის პირმშოთა სანაცვლოდ იეჰოვას მსახურებისთვის ლევიანები დააყენეს. ლევის ვაჟების — გერშონის, კეჰათისა და მერარის საგვარეულოების მიხედვით ისინი სამ ჯგუფად დაყვეს. ამაზე იყო დამოკიდებული, ვინ სად დაბანაკდებოდა და რას გააკეთებდა. 30 წელზე უფროს ლევიანებს მძიმე სამუშაო ევალებოდათ — მათ კარავი ერთი ადგილიდან მეორეზე უნდა გადაეტანათ. 25-დან 30 წლამდე ლევიანებს შედარებით მსუბუქი სამუშაო უნდა შეესრულებინათ (დავითის დროს ამ საქმეს 20-დან 30 წლამდე ლევიანები ასრულებდნენ) (1 მატ. 23:24—32; ეზრ. 3:8).
14. რა მითითებები მიეცათ ისრაელებს ბანაკში სიწმინდის შესანარჩუნებლად?
14 ბანაკში სიწმინდის შესანარჩუნებლად ისრაელებს მიეცათ მითითებები: დაავადებულები კარანტინში უნდა ჰყოლოდათ და ჩადენილი დანაშაულისთვის გამოსყიდვის წესი უნდა შეესრულებინათ; ასევე მითითებები იმის შესახებ, თუ რა უნდა გაეკეთებინათ, როცა ქმარი ცოლზე იეჭვიანებდა და რა მოეთხოვებოდათ მათ, ვინც იეჰოვასთვის ნაზირად ცხოვრებას გადაწყვეტდა. ვინაიდან ხალხი თავისი ღვთის სახელით იწოდებოდა, ისინი მისი პრინციპების თანახმად უნდა მოქცეულიყვნენ.
15. ა) რა შესაწირავი გაიღეს თავკაცებმა სამსხვერპლოს მიძღვნის შემდეგ? ბ) რა უნდა ხსომებოდათ ისრაელებს და რას შეახსენებდა მათ პასექი?
15 მოსე თხრობას განაგრძობს წინა თვეში მომხდარი მოვლენების აღწერით (რიცხ. 7:1, 10; გამ. 40:17) და მოიხსენიებს იმ შესაწირავს, რომელიც სამსხვერპლოს მიძღვნის შემდეგ თორმეტი დღის განმავლობაში 12 თავკაცს მიჰქონდა. ისინი არ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს და არც თავის გამოჩენას ცდილობდნენ — თორმეტივემ ერთნაირი შესაწირავი მიიტანა. ხალხს არ უნდა დავიწყებოდა, რომ თავკაცებიცა და მოსეც იეჰოვას დანიშნულები იყვნენ და ღმერთი მათ მითითებებს მოსეს მეშვეობით აძლევდა. ხალხს არც ის უნდა დავიწყებოდა, რა ურთიერთობა ჰქონდათ იეჰოვასთან. პასექი შეახსენებდა მათ, რომ იეჰოვამ ისინი სასწაულებრივად დაიხსნა ეგვიპტიდან. ისრაელებმა ეგვიპტის დატოვებიდან ერთი წლის თავზე უდაბნოში იზეიმეს პასექი.
16. როგორ მიუძღოდა იეჰოვა თავის ხალხს და რაზე მიანიშნებდა საყვირის ხმა?
16 ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ იეჰოვა ღამით ცეცხლით მიუძღოდა თავის ხალხს, დღისით კი — ღრუბლით, რომელიც მოწმობის კარავს ფარავდა. ისრაელები მაშინ ადგებოდნენ გზას, როცა ღრუბელი დაიძვრებოდა. ღრუბელი კარვის თავზე რამდენიმე დღე, თვე ან უფრო დიდხანს ჩერდებოდა. ამ დროს ბანაკი ადგილიდან არ იძვროდა, რადგან „იეჰოვას ბრძანებაზე ბანაკდებოდნენ და იეჰოვას ბრძანებაზე იძვრებოდნენ. ასრულებდნენ ისინი იეჰოვას წინაშე იეჰოვას ბრძანებითა და მოსეს მეშვეობით მიღებულ თავიანთ ვალდებულებას“ (რიცხ. 9:23). დადგა სინას უდაბნოდან წასვლის დროც. იეჰოვამ მისცა ხალხს მითითებები, როგორ უნდა შეკრებილიყვნენ და რა თანამიმდევრობით უნდა დაძრულიყვნენ საყვირის ხმაზე.
17. როგორ გადაადგილდებოდა ისრაელთა ბანაკი?
17 უდაბნოში (10:11—21:35). მეორე თვის მე-20 დღეს ღრუბელი აიწია კარვიდან, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისრაელებს სინას უდაბნო უნდა დაეტოვებინათ. ისინი დაიძრნენ კადეშ-ბარნეასკენ, რომელიც ჩრდილოეთით დაახლოებით 240 კილომეტრში მდებარეობდა. მათ იეჰოვას შეთანხმების კიდობანი მიუძღოდათ წინ. დღისით იეჰოვას ღრუბელი იყო მათზე. კიდობნის ყოველი დაძვრისას მოსე სთხოვდა იეჰოვას, რომ გაეფანტა თავისი მტრები, გაჩერებისას კი სთხოვდა, რომ დაბრუნებოდა „ისრაელის უთვალავ ათასებს“ (10:36).
18. რა პრობლემებმა იჩინა თავი კადეშ-ბარნეას გზაზე და რა გააკეთა იეჰოვამ მოსესთვის ტვირთის შესამსუბუქებლად?
18 ბანაკში მალე პრობლემებმა იჩინა თავი. კადეშ-ბარნეასკენ მიმავალ გზაზე ისრაელებმა, სულ მცირე, სამჯერ დაიწყეს დრტვინვა. დრტვინვის შესაჩერებლად იეჰოვამ ცეცხლით გაანადგურა ზოგიერთი. ამის შემდეგ „ჭრელი ხალხის“ მიერ წაქეზებულმა ისრაელებმა ჩივილი დაიწყეს, რომ არ ჰქონდათ თევზი, კიტრი, საზამთრო, პრასი, ხახვი და ნიორი როგორც ეგვიპტეში. მათ მხოლოდ მანანა ჰქონდათ საჭმელად (11:4). გამწარებულმა მოსემ შესჩივლა იეჰოვას, რომ ამ ხალხის წინამძღოლობას სიკვდილი ერჩივნა. მისი ტვირთის შესამსუბუქებლად იეჰოვამ მისი სულის ნაწილი მოაფინა 70 უხუცესს, რომლებიც ბანაკში წინასწარმეტყველები იქნებოდნენ. შემდეგ იეჰოვამ უხვად მისცა ხორცი ხალხს. როგორც ადრე, ახლაც დაუბერა ქარმა იეჰოვასგან და მორეკა მწყერი ზღვიდან. ხალხი დახარბდა მწყერს და დიდხანს აგროვებდა. აღეგზნო იეჰოვას რისხვა ხალხზე და მრავალი მათგანი სიხარბის გამო გაანადგურა (გამ. 16:2, 3, 13).
19. როგორ მოიქცა იეჰოვა, როდესაც მირიამმა და აარონმა მოსეს წინააღმდეგ დაიწყეს ლაპარაკი?
19 ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. მირიამსა და აარონს დაავიწყდათ, რომ მოსე, თავიანთი უმცროსი ძმა, იეჰოვას დანიშნული იყო და უპატივცემულოდ ლაპარაკობდნენ მასზე მისი ქუშელი ცოლის გამო, რომელიც ახალი მისული იყო ბანაკში. „მოსე უთვინიერესი კაცი იყო მთელი დედამიწის ზურგზე“. მიუხედავად ამისა, მირიამმა და აარონმა ისეთივე ძალაუფლება მოინდომეს, როგორიც მოსეს ჰქონდა (რიცხ. 12:3). იეჰოვამ თავად მოაგვარა ეს საქმე და ცხადი გახადა, რომ მოსეს განსაკუთრებული მდგომარეობა ეკავა მის წინაშე. ღმერთმა კეთრი შეჰყარა მირიამს, რომელიც, როგორც ჩანს, ამ ყველაფრის წამომწყები იყო. ის მოგვიანებით ისევ მოსეს თხოვნით განიკურნა.
20, 21. რატომ იხეტიალებდა ისრაელი 40 წელიწადს უდაბნოში?
20 ისრაელები კადეშთან, აღთქმული მიწის საზღვართან დაბანაკდნენ. იეჰოვას მითითებით მოსემ მზვერავები გაგზავნა მიწის დასაზვერად. ისინი სამხრეთიდან გაემართნენ ჩრდილოეთისკენ „ხამათის შესასვლელამდე“ და 40 დღეში ასობით კილომეტრი გაიარეს (13:21). მზვერავები მიწის უხვი ნაყოფით დაბრუნდნენ უკან. მათგან ათს რწმენა არ ეყო და ხალხს უთხრეს, რომ უგუნურება იყო იმ მიწაზე მცხოვრები ძლიერი ხალხისა და დიდი გამაგრებული ქალაქების წინააღმდეგ გასვლა. ქალებ იეფუნეს ძე უშედეგოდ ცდილობდა ხალხის დაშოშმინებას. ურწმუნო მზვერავები შიშს უნერგავდნენ ისრაელებს და ეუბნებოდნენ, რომ იქაური მიწა ‘ჭამდა მასზე მცხოვრებთ’ და იმ მიწის მკვიდრები ‘ყველანი ბუმბერაზები იყვნენ’. მთელმა კრებულმა ისევ დრტვინვა დაიწყო. იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე ამშვიდებდნენ ხალხს: „ჩვენთან იეჰოვაა. ნუ გეშინიათ მათი“ (13:32; 14:9). მაგრამ კრებულმა მათი ჩაქოლვა განიზრახა.
21 იეჰოვას მხედველობიდან არ გამორჩენია ეს. მან დაუყოვნებლივ უთხრა მოსეს: „როდემდე უნდა მექცეოდეს ეს ხალხი უპატივცემულოდ?! ამდენი ნიშანი მოვახდინე მათ შორის და როდემდე არ უნდა მერწმუნონ?!“ (14:11). მოსე შეევედრა იეჰოვას, არ გაენადგურებინა ხალხი თავისი სახელისა და დიდების გულისთვის. იეჰოვამ გადაწყვიტა, რომ ისრაელი უდაბნოში მანამდე იხეტიალებდა, სანამ 20 წლიდან ზემოთ ყველა აღრიცხული არ დაიხოცებოდა. აღრიცხული მამაკაცებიდან მხოლოდ ქალებ იეფუნეს ძე და იესო ნავეს ძე შევიდოდნენ აღთქმულ მიწაზე. აღთქმულ მიწაზე ხალხის თვითნებურად შესვლის მცდელობა კრახით დამთავრდა, რადგან ამალეკელებმა და ქანაანელებმა დაამარცხეს ისინი. რა ძვირად დაუჯდათ მათ იეჰოვასა და მისი ერთგული მსახურებისადმი უპატივცემულობა!
22. როგორ დაანახვა იეჰოვამ ხალხს მორჩილების მნიშვნელოვნება?
22 აშკარაა, რომ მათ ჯერ კიდევ ვერ ისწავლეს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მორჩილება. ამიტომ იეჰოვამ მისცა მათ სხვა კანონები, რომლებიც დაანახვებდათ მორჩილების აუცილებლობას. იეჰოვამ უთხრა მათ, რომ აღთქმულ მიწაზე შესვლის შემდეგ უნებურად შემცოდველთათვის გამოსყიდვის წესი შეესრულებინათ, განზრახ შემცოდველი კი მოეკვეთათ კრებულიდან. ამიტომ იმ კაცზე, რომელიც შეშას აგროვებდა და ამით შაბათის კანონი დაარღვია, იეჰოვამ თქვა: „უნდა მოკვდეს ეს კაცი“ (15:35). იეჰოვას ბრძანებით ხალხს ტანსაცმლის ბოლოზე ფოჩები უნდა გაეკეთებინა, რათა ყოველთვის ხსომებოდათ და შეესრულებინათ ღვთის მითითებები.
23. რით დამთავრდა კორახის, დათანისა და აბირამის ამბოხება?
23 კორახი, დათანი, აბირამი და კრებულის 250 თავკაცი მოსესა და აარონის წინააღმდეგ წავიდნენ. მოსემ იეჰოვას მიანდო ამ პრობლემის გადაჭრა და მეამბოხეებს უთხრა: ‘აიღეთ საცეცხლურები და საკმეველი და იეჰოვას წინაშე მიიტანეთ. იეჰოვამ აირჩიოს’ (16:6, 7). იეჰოვას დიდება გამოეცხადა მთელ კრებულს. მან დაუყოვნებლივ აღასრულა სამართალი, მიწამ პირი უყო კორახის, დათანისა და აბირამის სახლეულობას და იეჰოვასგან გამოსულმა ცეცხლმა შთანთქა საკმევლის მკმეველი 250 კაცი, მათ შორის კორახი. მეორე დღეს ხალხი მოსესა და აარონს ადანაშაულებდა მომხდარში. ამიტომ იეჰოვამ მათგან 14 700 კაცი გაჟლიტა.
24. რა ნიშანი მოახდინა იეჰოვამ, რომ ამბოხებისთვის წერტილი დაესვა?
24 ამის შემდეგ იეჰოვამ უთხრა ხალხს, რომ თითოეულ ტომს კვერთხი მიეტანა მის წინაშე. ლევის ტომიდან აარონს უნდა მიეტანა თავისი კვერთხი. მეორე დღეს მხოლოდ აარონის კვერთხი გაყვავდა და მწიფე ნუში მოისხა იმის ნიშნად, რომ იეჰოვამ მისი საგვარეულო აირჩია მღვდელმსახურებისთვის. აარონის კვერთხი შეთანხმების კიდობანში „ურჩობის ძეებისთვის ნიშნად“ უნდა შეენახათ (რიცხ. 17:10; ებრ. 9:4). იეჰოვამ ხალხს მისცა მითითებები, როგორ უნდა დაეჭირათ მხარი სამღვდელოებისთვის მეათედებით და როგორ გამოეყენებინათ განმწმენდი წყალი, რომელშიც წითელი ძროხის ფერფლი იყო გახსნილი. შემდეგ თხრობა კადეშში მომხდარი მოვლენებით გრძელდება. სწორედ აქ მოკვდა და დაიმარხა მირიამი.
25. რა შეცდომა დაუშვეს მოსემ და აარონმა და რა მოჰყვა ამას შედეგად?
25 აღთქმული მიწის საზღვართან ხალხმა დავა დაუწყო მოსეს, რადგან წყალი არ ჰქონდათ. იეჰოვამ ჩათვალა, რომ ისინი სინამდვილეში მას ედავებოდნენ. ის თავისი დიდებით გამოეცხადა ხალხს, შემდეგ მოსეს უბრძანა, აეღო კვერთხი და კლდიდან წყალი გადმოედინებინა. განწმინდეს მოსემ და აარონმა იეჰოვა კრებულის წინაშე? არა. განრისხებულმა მოსემ ორჯერ დაჰკრა კლდეს და გადმოსული წყალი ხალხსაც ეყო და საქონელსაც. მოსემ და აარონმა არ განადიდეს იეჰოვა, ამიტომ მისი რისხვა დაიმსახურეს. იეჰოვამ არ მისცა მათ აღთქმულ მიწაზე შესვლის უფლება, თუმცა სირთულეებით სავსე მოგზაურობა უკვე დასასრულს უახლოვდებოდა. მალე აარონი ჰორის მთაზე მოკვდა. მის ნაცვლად მისი ვაჟი ელეაზარი გახდა მღვდელმთავარი.
26. რა მოხდა, როცა ისრაელები გვერდს უვლიდნენ ედომს?
26 ისრაელები აღმოსავლეთისკენ გაემართნენ. მათ უნდოდათ გაევლოთ ედომის მიწა, მაგრამ ედომელებმა არ გაატარეს. სანამ ედომს შემოუვლიდნენ, ხალხმა ისევ დაიწყო ღვთისა და მოსეს წინააღმდეგ ჩივილი. მათ ეზიზღებოდათ მანანა და წყურვილი კლავდათ. ურჩობის გამო იეჰოვამ მათ შხამიანი გველები შეუსია და ბევრი დაიხოცა. მოსე შეევედრა იეჰოვას ხალხისთვის და მისი მითითებით სპილენძისგან გაკეთებული შხამიანი გველის გამოსახულება ბოძზე დაამაგრა. თუ დაკბენილები სპილენძის გველს შეხედავდნენ, არ მოკვდებოდნენ. ჩრდილოეთისკენ მიმავალ ისრაელებს ამორეველთა მეფე სიხონი და ბაშანის მეფე ოგი შეებრძოლნენ. ისრაელებმა დაამარცხეს ისინი და დაეუფლნენ მათ მიწას არაბას აღმოსავლეთით.
27. როგორ ჩაშალა იეჰოვამ ბალაკის გეგმა?
27 მოაბის ველზე (22:1—36:13). ისრაელები ქანაანში შესვლამდე მოაბის უკაცრიელ ველზე დაბანაკდნენ მკვდარი ზღვის ჩრდილოეთით, კერძოდ იერიხონის პირდაპირ მდინარე იორდანის აღმოსავლეთ სანაპიროზე. უზარმაზარი ბანაკის დანახვაზე მოაბელებს თავზარი დაეცათ. მოაბის მეფე ბალაკმა მიდიანელებთან მოითათბირა და მაცნეები გაუგზავნა ბალაამს, რომ ემკითხავა და დაეწყევლა ისრაელი. ღმერთს გაფრთხილებული ჰყავდა ბალაამი, ‘არ წაჰყოლოდა მათ’ (22:12). მაგრამ ის მაინც წავიდა გასამრჯელოს გამო. გზაში ანგელოზმა შეაჩერა ბალაამი. მისი ვირი სასწაულებრივად ალაპარაკდა და უსაყვედურა მას. ბოლოს ბალაამი მაინც მივიდა ბალაკთან. ღვთის სულმა აიძულა ის, რომ წარმოეთქვა ოთხი იგავი და ღვთის ხალხი ეკურთხებინა. მან იწინასწარმეტყველა, რომ ვარსკვლავი ამოვიდოდა იაკობიდან და კვერთხი აღიმართებოდა ისრაელიდან მტრების დასამორჩილებლად და გასანადგურებლად.
28. რა ხრიკი მოიგონა ბალაამმა და როდის შეწყდა უბედურება?
28 წარუმატებლობით განრისხებული ბალაკის გულის მოსალბობად ბალაამმა ახალი ხრიკი მოიგონა. მან ურჩია ბალაკს, რომ მოაბელი ქალებით ეცდუნებინა და ბაალის უზნეო თაყვანისმცემლობაში ჩაება ისრაელი მამაკაცები (31:15, 16). აღთქმული მიწის ზღურბლთან ისრაელები საშინელ უზნეობასა და ცრუღმერთების თაყვანისმცემლობაში ჩაებნენ. აენთო იეჰოვას რისხვა და უბედურება დაატეხა მათ. მოსემაც მოუწოდა ხალხს, მკაცრად დაესაჯათ შემცოდველები. როცა ფინხასმა, მღვდელმთავრის შვილმა დაინახა, რომ ერთ-ერთი თავკაცის ვაჟმა მიდიანელი ქალი მთელი კრებულის თვალწინ შეიყვანა თავის კარავში, შეჰყვა მათ და ორივეს მუცელში გაუყარა შუბი. მაშინ შეწყდა უბედურება, რომელმაც 24 000 ადამიანი იმსხვერპლა.
29. ა) რა ცხადყო მე-40 წლის მიწურულს ჩატარებულმა აღრიცხვამ? ბ) როგორ ემზადებოდა ისრაელი აღთქმულ მიწაზე შესასვლელად?
29 შემდეგ იეჰოვამ უბრძანა მოსესა და ელეაზარს, ხელმეორედ აღეწერათ ხალხი, როგორც ეს 39 წლის წინათ სინას მთასთან გააკეთეს. შედეგებმა ცხადყო, რომ ხალხი რიცხობრივად არ გაზრდილა, პირიქით, წინანდელთან შედარებით მამაკაცების რიცხვმა 1 820-ით იკლო. სინას მთასთან ლაშქრისთვის აღრიცხული მამაკაცებიდან არავინ დარჩენილა ცოცხალი იესო ნავეს ძისა და ქალებ იეფუნეს ძის გარდა. როგორც იეჰოვამ თქვა, ყველანი უდაბნოში დაიხოცნენ. შემდეგ იეჰოვამ მითითებები მისცა ისრაელებს, როგორ უნდა დაენაწილებინათ აღთქმული მიწა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მოსე ვერ შევიდოდა აღთქმულ მიწაზე, რადგან არ განწმინდა იეჰოვა მერიბას წყალთან (20:13; 27:14). მოსეს ნაცვლად წინამძღოლი იესო ნავეს ძე გახდა.
30. როგორ იძიეს შური ისრაელებმა მიდიანელებზე და როგორ განაწილდა ტერიტორია იორდანის აღმოსავლეთით?
30 იეჰოვამ შეახსენა ისრაელებს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისი კანონები, რომლებიც შესაწირავებსა და დღესასწაულებს ეხებოდა, და რამხელა პასუხისმგებლობას აკისრებდათ აღთქმის დადება. მან უთხრა მოსეს, რომ შური ეძიათ მიდიანელებზე, რომლებმაც შეცდომაში შეიყვანეს ისრაელი ფეორის ბაალით. მიდიანელებთან ბრძოლაში ისრაელებმა ყველა მამაკაცი დახოცეს, მათ შორის ბალაამი. მათ თან წამოიყვანეს 32 000 ქალწული და 808 000 სული საქონელი. ბრძოლის დროს არც ერთი ისრაელი არ დაღუპულა. რეუბენისა და გადის ვაჟები მესაქონლეობას ეწეოდნენ, ამიტომ სთხოვეს იესო ნავეს ძეს, რომ მათთვის მიწები იორდანის აღმოსავლეთით მიეცა. მათი თხოვნა მას შემდეგ დაკმაყოფილდა, რაც თანხმობა განაცხადეს, რომ აღთქმული მიწის დაპყრობაში მიიღებდნენ მონაწილეობას. ამგვარად, ეს ნაყოფიერი ზეგანი ამ ორი ტომისა და მენაშეს ნახევარი ტომის მფლობელობაში გადავიდა.
31. ა) როგორ უნდა გამოევლინა ისრაელს მორჩილება აღთქმულ მიწაზე? ბ) რა მითითებები მიეცათ ისრაელებს სამკვიდროსთან დაკავშირებით?
31 მას შემდეგ, რაც მოსემ ჩამოთვალა ის ადგილები, სადაც ისრაელი 40-წლიანი მოგზაურობის დროს ჩერდებოდა, ისევ იეჰოვასადმი მორჩილებაზე გაამახვილა ყურადღება. ღმერთი მიწას მისცემდა ისრაელებს, მათ კი უნდა აღესრულებინათ იეჰოვას სამართალი, განედევნათ იმ მიწაზე მცხოვრები გახრწნილი ხალხი, რომლებიც დემონებს ეთაყვანებოდნენ, და წაეშალათ კერპთაყვანისმცემლობის ყოველგვარი კვალი. შემდეგ დაწვრილებით არის აღწერილი, სად გაივლიდა აღთქმული მიწის საზღვარი. მიწა წილისყრით უნდა დანაწილებულიყო. ლევიანებს, რომლებიც სხვა ტომებისგან განსხვავებით სამკვიდროს არ მიიღებდნენ, 48 ქალაქი მიეცემოდათ საძოვრებიანად. აქედან 6 თავშესაფარი ქალაქი იქნებოდა მათთვის, ვისაც უნებლიედ შემოაკვდებოდა ვინმე. ტომის საკუთრებაში არსებული მიწა ქორწინების შემთხვევაშიც კი არ უნდა გადასცემოდა სხვა ტომს. თუ მემკვიდრეები გოგოები იქნებოდნენ, როგორც ეს ცელოფხადის ქალიშვილების შემთხვევაში იყო, ისინი თავიანთ ტომში უნდა გათხოვილიყვნენ (27:1—11; 36:1—11). წიგნი „რიცხვები“ იეჰოვას ამ მითითებებით მთავრდება. ისრაელის ძეები უკვე მზად იყვნენ აღთქმული მიწის დასამკვიდრებლად.
რატომ არის სასარგებლო
32. რა განასახიერებდა „რიცხვებში“ იესოსა და მის მსხვერპლს?
32 იესომ არაერთხელ მოიყვანა აზრები „რიცხვებიდან“. მოციქულებმაც და ბიბლიის სხვა დამწერებმაც ცხადყვეს, რომ ეს წიგნი ღირებული და სასარგებლოა. მოციქულმა პავლემ იესოს ერთგული მსახურება შეადარა მოსეს მსახურებას, რის შესახებაც წიგნი „რიცხვები“ ვრცლად მოგვითხრობს (ებრ. 3:1—6). რიცხვების 19:2—9-ში მოხსენიებული წითელი ძროხის ფერფლის მოფრქვევა და ცხოველური შესაწირავები იესოს მსხვერპლს განასახიერებდა, თუმცა იესოს მსხვერპლი გაცილებით ძვირფასია (ებრ. 9:13, 14).
33. რატომ არის ჩვენთვის საყურადღებო უდაბნოში წყლის გადმოდინება?
33 პავლემ აღნიშნა, რომ უდაბნოში კლდიდან წყლის გადმოდინებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანებისთვის. მან დაწერა: „იმ სულიერი კლდიდან სვამდნენ, რომელიც მათ თან დაჰყვებოდა, და ის კლდე ქრისტეს განასახიერებდა“ (1 კორ. 10:4; რიცხ. 20:7—11). ქრისტემ მართებულად შენიშნა: „ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარასოდეს მოსწყურდება, არამედ წყალი, რომელსაც მე მივცემ, მარადიული სიცოცხლის მოჩუხჩუხე წყაროდ გადაიქცევა მასში“ (იოან. 4:14).
34. როგორ ცხადყო იესომ, რომ სპილენძის გველს წინასწარმეტყველური მნიშვნელობა ჰქონდა?
34 იესომ მოიხსენია „რიცხვებში“ ჩაწერილი ერთი შემთხვევა, რომელიც იმას განასახიერებდა, რასაც ღმერთი მისი მეშვეობით გააკეთებდა. მან თქვა: „როგორც მოსემ აამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს კაცის ძეც, რათა ყველას, ვისაც ის სწამს, მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოან. 3:14, 15; რიცხ. 21:8, 9).
35. ა) ისრაელების შემთხვევიდან გამომდინარე, რას უნდა უფრთხილდნენ ქრისტიანები და რატომ? ბ) სიხარბისა და აჯანყების რა მაგალითები მოიყვანეს იუდამ და პეტრემ?
35 ისრაელებს ურწმუნოების გამო მოუწიათ 40 წელს უდაბნოში ხეტიალი. ამის საფუძველზე მოციქულმა პავლემ ქრისტიანები შეაგონა: „გაფრთხილდით, ძმებო, რომ არ ჩამოშორდეთ ცოცხალ ღმერთს და რომელიმე თქვენგანს ბოროტი და ურწმუნო გული არ განუვითარდეს, არამედ ყოველდღე შეაგონებდეთ ერთმანეთს“. ისრაელები ურჩობისა და ურწმუნოების გამო დაიხოცნენ უდაბნოში. „მაშ, ყველანაირად ვეცადოთ [ღვთის] დასვენებაში შესვლას, რომ ვინმემ არ მიბაძოს მათი ურჩობის მაგალითს“ (ებრ. 3:7—4:11; რიცხ. 13:25—14:38). იმ უღვთო კაცების შესახებ ქრისტიანების გაფრთხილებისას, რომლებიც შეურაცხყოფით ლაპარაკობდნენ სიწმინდეებზე, იუდამ გასამრჯელოს დახარბებული ბალაამისა და იეჰოვას მსახურ მოსეს წინააღმდეგ აჯანყებული კორახის მაგალითები მოიყვანა (იუდ. 11; რიცხ. 22:7, 8, 22; 26:9, 10). პეტრემაც მოიხსენია ბალაამი, „რომელმაც უკეთურების საზღაური შეიყვარა“. იოანესთვის მიცემულ გამოცხადებაში განდიდებულმა იესომ აღნიშნა, რომ ბალაამმა ‘დააბრკოლა ისრაელის ძეები, ეჭამათ კერპთშენაწირი და ემეძავათ’. ცხადია, ქრისტიანული კრება უნდა უფრთხილდეს ასეთ უწმინდურ ხალხს (2 პეტ. 2:12—16; გამოცხ. 2:14).
36. რის შესახებ გვაფრთხილებს პავლე და როგორ შეგვიძლია მისი რჩევის გამოყენება?
36 როცა კორინთელთა კრებაში უზნეობამ იჩინა თავი, პავლემ „რიცხვებში“ ჩაწერილი შემთხვევის საფუძველზე მისწერა მათ, რომ ‘ბოროტი არ მოესურვებინათ’ და მოუწოდა: „ნურც ვიმეძავებთ, როგორც ზოგიერთი მათგანი მეძაობდა და ოცდასამი ათასი დაეცა ერთ დღეში“ (1 კორ. 10:6, 8; რიცხ. 25:1—9; 31:16)b. პავლემ დასძინა: „ნურც იეჰოვას გამოვცდით, როგორც ზოგიერთმა მათგანმა გამოსცადა და გველებისგან დაიღუპნენ“. ამაში მან ის შემთხვევა იგულისხმა, როცა ხალხი თავის უბედურებაში ღმერთს ადანაშაულებდა და უკმაყოფილო იყო მანანით (1 კორ. 10:9; რიცხ. 21:5, 6). შემდეგ თქვა: „ნურც ვიდრტვინებთ, როგორც ზოგიერთი მათგანი დრტვინავდა და შემმუსვრელისგან დაიღუპნენ“. რა მწარე შედეგები მოჰყვა იმას, რომ ისრაელები იეჰოვასა და მისი წარმომადგენლების წინააღმდეგ დრტვინავდნენ და მის ზრუნვას არ აფასებდნენ! „რაც მათ დაემართათ, ჩვენთვის გაკვეთილია“, ამიტომ იეჰოვას რწმენით უნდა ვემსახუროთ (1 კორ. 10:10, 11; რიცხ. 14:2, 36, 37; 16:1—3, 41; 17:5, 10).
37. მოიყვანეთ მაგალითები, როგორ გვეხმარება „რიცხვები“ ბიბლიის სხვა მონაკვეთების უკეთ გაგებაში.
37 „რიცხვები“ აგრეთვე ბიბლიის სხვა მონაკვეთების უკეთ გაგებაში გვეხმარება (რიცხ. 28:9, 10 — მათ. 12:5; რიცხ. 15:38 — მათ. 23:5; რიცხ. 6:2—4 — ლუკ. 1:15; რიცხ. 4:3 — ლუკ. 3:23; რიცხ. 18:31 — 1 კორ. 9:13, 14; რიცხ. 18:26 — ებრ. 7:5—9; რიცხ. 17:8—10 — ებრ. 9:4).
38. რა მხრივ არის სასარგებლო „რიცხვები“ და ვისზე მიგვითითებს ის?
38 „რიცხვები“ ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა. ის გვასწავლის, რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვასადმი მორჩილება და მათი პატივისცემა, ვისაც იეჰოვა თავის ხალხზე ზედამხედველობას ავალებს. წიგნში ჩაწერილი მაგალითები გვანახვებს ცოდვის სერიოზულობას. მასში აღწერილი წინასწარმეტყველური მნიშვნელობის მქონე მოვლენები მიგვითითებს იესოზე, რომელიც იეჰოვამ თავისი ხალხის მხსნელად და წინამძღოლად აირჩია. „რიცხვები“ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლი, რომელსაც მივყავართ იეჰოვას სამართლიან სამეფომდე, რომლის სათავეში დგას იესო ქრისტე, იეჰოვას მიერ დანიშნული შუამდგომელი და მღვდელმთავარი.
[სქოლიოები]
a „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 540—542 (ინგლ.).
b „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 233 (ინგლ.).