ბიბლიის წიგნი 16 — ნეემია
დამწერი: ნეემია
დაწერის ადგილი: იერუსალიმი
წერა დასრულდა: ძვ. წ. 443 წლის შემდეგ
მოიცავს პერიოდს: ძვ. წ. 456 — 443 წლის შემდეგ
1. რა საპასუხისმგებლო საქმეს ასრულებდა ნეემია და რა იყო მისთვის მთავარი?
ნეემია, რომლის სახელიც ნიშნავს „იაჰი ანუგეშებს“, იყო სპარსეთის მეფე არტაქსერქსეს (მხარგრძელი) იუდეველი მსახური. ის მეფის მერიქიფე იყო, რაც ძალიან საპასუხისმგებლო და საპატიო საქმეს წარმოადგენდა. ბევრი ნატრობდა მეფის მერიქიფეობას, რადგან შესაძლებლობა ექნებოდათ, კარგ გუნებაზე მყოფი მეფისთვის წყალობა ეთხოვათ. თუმცა სხვა გადასახლებულ, ერთგულ იუდეველთა მსგავსად ნეემიასთვის „სიხარულის მთავარი მიზეზი“ იერუსალიმი იყო (ფსალმ. 137:5, 6). მისთვის არც თანამდებობა წარმოადგენდა რამეს და არც სიმდიდრე. მას ყველაზე მეტად იეჰოვას თაყვანისმცემლობის აღდგენა აღელვებდა.
2. რამ დაანაღვლიანა ნეემია და რა დრო ახლოვდებოდა?
2 ძვ. წ. 456 წელს იუდეველები, რომლებიც „ტყვეობას გადაურჩნენ“ და იერუსალიმში დაბრუნდნენ, არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში იყვნენ. მათ ძალიან უჭირდათ (ნეემ. 1:3). ქალაქის გალავანი დანგრეული იყო და გარშემო მყოფი მტრები შეურაცხყოფას აყენებდნენ მათ. ნეემია ძალიან დაანაღვლიანა ამის გაგებამ. მაგრამ იეჰოვას დადგენილი ჰქონდა იერუსალიმის გალავნის აღდგენის დრო. მტრები ვერ შეაფერხებდნენ მშენებლობას, რადგან დროის ათვლა დანიელის მიერ ნაწინასწარმეტყველები მესიის მოსვლამდე აქედან უნდა დაწყებულიყო (დან. 9:24—27). შესაბამისად, იეჰოვამ ისე განავითარა მოვლენები, რომ მისი ნება შესრულებულიყო, რაშიც ერთგულმა და გულმოდგინე ნეემიამაც მიიღო მონაწილეობა.
3. ა) რა ადასტურებს, რომ წიგნი ნეემიამ დაწერა და რის შემდეგ დაარქვეს მას „ნეემია“? ბ) რა შუალედია ეზრასა და ნეემიას წიგნებს შორის და რა პერიოდს მოიცავს „ნეემია“?
3 ფაქტია, რომ ნეემიამ დაწერა წიგნი, რომელიც მის სახელს ატარებს. ამას ადასტურებს წიგნის დასაწყისი: „ნეემიას, ხაქალიას ვაჟის, სიტყვები“, ასევე ის, რომ თხრობა პირველ პირში მიმდინარეობს (ნეემ. 1:1). თავდაპირველად, ეზრასა და ნეემიას წიგნები ერთი წიგნი იყო და მას ეზრას წიგნს უწოდებდნენ. მოგვიანებით იუდეველებმა წიგნი ორ ნაწილად, პირველ და მეორე ეზრად დაყვეს, ბოლოს კი „მეორე ეზრა“ „ნეემიას“ სახელწოდებით გახდა ცნობილი. ეზრას წიგნში აღწერილ ბოლო მოვლენასა და ნეემიას წიგნის შესავალში მოხსენიებულ მოვლენებს შორის 12-წლიანი შუალედია. ნეემიას წიგნი მოიცავს ძვ. წ. 456 წლის დასასრულიდან ძვ. წ. 443 წლის მიწურულამდე ან უფრო მოგვიანებით მომხდარ მოვლენებს (1:1; 5:14; 13:6).
4. როგორ ეთანხმება „ნეემია“ წმინდა წერილების სხვა წიგნებს?
4 წიგნი „ნეემია“ სრულად ეთანხმება ღვთივშთაგონებული წერილების სხვა წიგნებს და მათ შორის ადგილს სამართლიანად იკავებს. მასში არის მრავალი მინიშნება მოსეს კანონზე, მაგალითად უცხოელებთან დამოყვრებაზე (კან. 7:3; ნეემ. 10:30), სესხის გაცემასა (ლევ. 25:35—38; კან. 15:7—11; ნეემ. 5:2—11) და კარვობის დღესასწაულზე (კან. 31:10—13; ნეემ. 8:14—18). ამასთანავე, წიგნი გვეხმარება, დავადგინოთ, როდის დაიწყო დანიელის წინასწარმეტყველების შესრულება, რომლის თანახმადაც იერუსალიმი „გაჭირვების დროს“ წინააღმდეგობით აშენდებოდა (დან. 9:25).
5. ა) რომელი წყაროები ადასტურებს, რომ არტაქსერქსე ძვ. წ. 475 წელს გამეფდა? ბ) რა მნიშვნელოვანი რამ მოხდა მისი მეფობის მეოცე წელს? გ) როგორ უკავშირდება ნეემიასა და ლუკას წიგნები დანიელის წინასწარმეტყველების შესრულებას?
5 მართლა ძვ. წ. 455 წელს გაემგზავრა ნეემია იერუსალიმში გალავნის აღსადგენად? ბერძნული, სპარსული და ბაბილონური სანდო ისტორიული წყაროების თანახმად, არტაქსერქსე ძვ. წ. 475 წელს გამეფდა და მისი მეფობის პირველი წელი ძვ. წ. 474 წელი იყოa. აქედან გამომდინარე, მისი მეფობის მეოცე წელი ძვ. წ. 455 წელი გამოდის. ნეემიას 2:1—8-ში ვკითხულობთ, რომ სწორედ იმ წლის გაზაფხულზე, ებრაული კალენდრით ნისანის თვეში, ნეემიამ, მეფის მერიქიფემ, ნებართვა მიიღო მეფისგან, რომ აეშენებინა და აღედგინა იერუსალიმი, მისი გალავანი და კარიბჭეები. დანიელის წინასწარმეტყველების მიხედვით, „იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად ნაბრძანები სიტყვის შემდეგ მესიის, წინამძღოლის გამოჩენამდე“ 69 შვიდწლიანი კვირა ანუ 483 წელი უნდა გასულიყო. ეს წინასწარმეტყველება საოცრად შესრულდა იესოს წმინდა სულით ცხებით ახ. წ. 29 წელს. ამ თარიღის სიზუსტეს ადასტურებს როგორც საერო, ისე ბიბლიური ისტორია (დან. 9:24—27; ლუკ. 3:1—3, 23)b. ნეემიასა და ლუკას წიგნები მჭიდროდ უკავშირდება დანიელის წინასწარმეტყველებას და ცხადყოფს, რომ იეჰოვა ღმერთი ჭეშმარიტი წინასწარმეტყველების წარმომთქმელი და შემსრულებელია. წიგნი „ნეემია“ ნამდვილად ღვთივშთაგონებული წერილების ნაწილია.
შინაარსი
6. ა) რატომ მიმართა ნეემიამ იეჰოვას ლოცვით და რა ნებართვა მიიღო მეფისგან? ბ) როგორ გამოეხმაურნენ იუდეველები ნეემიას წინადადებას?
6 ნეემიას გამგზავრება იერუსალიმში (1:1—2:20). ნეემია ძალიან შეაწუხა ამბავმა, რომელიც იერუსალიმიდან შუშანში ჩასულმა ხანანმა შეატყობინა. იუდეველები დიდ გაჭირვებაში იყვნენ და ქალაქის გალავანი და კარიბჭეები სავალალო მდგომარეობაში იყო. ნეემია მარხულობდა და ლოცვით მიმართავდა იეჰოვას, ‘ცათა ღმერთს, დიდებულსა და შიშის მომგვრელ ღმერთს, შეთანხმების დამცველსა და სიკეთის შემნახველს მის მოყვარულთათვის და მისი მცნებების დამცველთათვის’ (1:5). მან აღიარა ისრაელის ცოდვები და სთხოვა იეჰოვას, რომ მოსესთვის მიცემული დაპირებისამებრ თავისი სახელის გულისთვის გაეხსენებინა თავისი ხალხი (კან. 30:1—10). როცა მეფე დაინტერესდა, რატომ იყო ნეემია დაღვრემილი, მან უამბო იერუსალიმის სავალალო მდგომარეობაზე და სთხოვა, ქალაქისა და გალავნის აღსადგენად გაეშვა. მეფემ მისცა ნებართვა და ნეემიაც დაუყოვნებლივ გაემგზავრა იერუსალიმში. მან ღამით დაათვალიერა ქალაქის გალავანი, რომ წინასწარ სცოდნოდა, რა სამუშაო იყო შესასრულებელი. შემდეგ თავისი გეგმა გააცნო იუდეველებს და დაარწმუნა, რომ ღმერთი მხარს დაუჭერდათ. მათ მიუგეს: „ავდგეთ და ავაშენოთ!“ (ნეემ. 2:18). როცა მეზობლად მცხოვრებმა სამარიელებმა და სხვებმა გაიგეს, რომ იუდეველები მშენებლობას შეუდგნენ, დაცინვა და ზიზღით ყურება დაუწყეს.
7. როგორ მიიწევდა წინ სამუშაო და რატომ გახდა საჭირო მუშახელის გადანაწილება?
7 გალავნის აღდგენა (3:1—6:19). მეხუთე თვის მესამე დღეს მღვდლები, მთავრები და მთელი ხალხი გალავნისა და კარიბჭეების აღდგენას შეუდგნენ. საქმე სწრაფად მიიწევდა წინ. ხორონელი სანბალატი დასცინოდა მათ: „რას აკეთებენ ეს უღონო იუდეველები?! . . . ნუთუ ერთ დღეში დაასრულებენ საქმეს?!“. ამონელი ტობიაც დაცინვით ამბობდა: „მელა რომ მიადგეს მათ აშენებულს, ისიც კი დაანგრევს მათ გალავანს“ (4:2, 3). როცა მტრებმა დაინახეს, რომ იუდეველებმა სანახევროდ ამოიყვანეს მთელი გალავანი, განრისხდნენ და იერუსალიმზე გასალაშქრებლად შეითქვნენ. ნეემიამ მოუწოდა იუდეველებს, რომ ხსომებოდათ „დიდებული და შიშის მომგვრელი“ იეჰოვა და ებრძოლათ თავიანთი ცოლ-შვილისა და სახლებისთვის (4:14). მუშახელი ისე გაანაწილეს, რომ ზოგი შუბით მდგარიყო, სანამ სხვები თეძოზე მახვილშემორტყმულნი მუშაობდნენ.
8. როგორ მოაგვარა ნეემიამ მოძმეებს შორის წამოჭრილი პრობლემები?
8 პრობლემებმა იუდეველთა შორისაც იჩინა თავი. ზოგიერთები ვახშით აძლევდნენ სესხს თავიანთ მოძმეებს და არღვევდნენ იეჰოვას კანონს (გამ. 22:25). მდგომარეობა რომ გამოესწორებინა, ნეემიამ გაკიცხა ხალხი სიხარბის გამო. ხალხმა დაუჯერა მას. ნეემია 12 წლის განმავლობაში, ძვ. წ. 455 წლიდან ძვ. წ. 443 წლამდე, იერუსალიმის გამგებელი იყო და ამ ხნის მანძილზე გამგებლის პური არ მოუთხოვია, რადგან ხალხი ისედაც მძიმე სამუშაოს ასრულებდა.
9. ა) როგორ მოიქცა ნეემია, როცა მტრები მშენებლობის მზაკვრულად შეჩერებას ცდილობდნენ? ბ) რამდენ დღეში დასრულდა გალავნის აღდგენა?
9 მშენებლობის შესაჩერებლად მტრებმა უფრო მზაკვრულ მეთოდებს მიმართეს. მათ ნეემიასთან მოსალაპარაკებლად შეხვედრა მოინდომეს, მაგრამ მან შეუთვალა, რომ დიდ საქმეს იყო შეჭიდებული და მათთან შესახვედრად არ ეცალა. ბოლოს სანბალატმა ის აჯანყებაში დაადანაშაულა, თითქოს ნეემია იუდაში გამეფებას ცდილობდა. მან ერთ-ერთი იუდეველიც კი მოისყიდა, რომ ნეემია დაეშინებინა და ტაძარში შეეტყუებინა. ნეემია არ შეშინდა და მშვიდად განაგრძო ღვთისგან მიღებული დავალების შესრულება. გალავნის აღდგენა „ორმოცდათორმეტ დღეში“ დასრულდა (ნეემ. 6:15).
10. ა) სად ცხოვრობდა ხალხი და როგორ მოხდა მათი აღრიცხვა? ბ) რა შეკრება მოეწყო და რა მოხდა პირველ დღეს?
10 ხალხის დამოძღვრა (7:1—12:26). ქალაქში ძალიან ცოტა ხალხი ცხოვრობდა და სახლებიც ცოტა იდგა, რადგან ისრაელების უმეტესობა ქალაქგარეთ, თავ-თავიანთ სამკვიდროში ცხოვრობდა. ნეემიამ ღვთის მითითებისამებრ შეკრიბა წარჩინებულები და მთელი ხალხი, რათა საგვარეულოთა მიხედვით აღრიცხულიყვნენ. აღრიცხვისთვის მან გამოიყენა ბაბილონიდან პირველმოსულების საგვარეულო ნუსხა. ამის შემდეგ ხალხი რვა დღის მანძილზე იყო შეკრებილი წყლის კარიბჭესთან მოედანზე. პირველ დღეს ეზრამ ხის კვარცხლბეკიდან მიმართა ხალხს. მან აკურთხა იეჰოვა და გამთენიიდან შუადღემდე მოსეს კანონის წიგნს უკითხავდა შეკრებილებს. მას სხვა ლევიანებიც ეხმარებოდნენ, რომლებიც „ხმამაღლა კითხულობდნენ წიგნს, ჭეშმარიტი ღვთის კანონს, თან ხსნიდნენ, განმარტავდნენ და ხალხს წაკითხულის გაგებაში ეხმარებოდნენ“ (8:8). ნეემიამ გაუშვა ხალხი, რომ ეჭამათ, ემხიარულათ და მიმხვდარიყვნენ, რას ნიშნავდა სიტყვები: „იეჰოვას სიხარული თქვენი სიმაგრეა!“ (8:10).
11. რა მოეწყო მეორე დღეს და როგორ იზეიმეს კარვობის დღესასწაული?
11 მეორე დღეს ხალხის საგვარეულოთა თავკაცებმა ეზრასთან მოიყარეს თავი, რათა კანონის სიტყვებს ჩასწვდომოდნენ. მათ გაიგეს, რომ სწორედ მაშინ, მეშვიდე თვეში უნდა გამართულიყო კარვობის დღესასწაული და დაუყოვნებლივ დაიწყეს კარვების კეთება იეჰოვას დღესასწაულის აღსანიშნავად. ხალხი შვიდ დღეს ცხოვრობდა კარვებში და „დიდი სიხარული იყო იქ გამეფებული“, რადგან ყოველდღიურად იკითხებოდა ღვთის კანონი. მერვე დღეს, წესისამებრ, საზეიმო შეკრება მოაწყვეს (ნეემ. 8:17, 18; ლევ. 23:33—36).
12. ა) კიდევ რა შეკრება მოაწყვეს და რისკენ მოუწოდეს ლევიანებმა ხალხს? ბ) რა გადაწყვეტილება მიიღო ხალხმა? გ) რა გააკეთეს იერუსალიმის დასასახლებლად?
12 ისრაელის ძეები იმავე თვის 24-ე დღესაც შეიკრიბნენ და გამოეყვნენ უცხოელებს. ისინი უსმენდნენ ლევიანებს, რომლებიც ღვთის კანონს კითხულობდნენ და ჰყვებოდნენ, როგორ ექცეოდა ღმერთი ისრაელს, რასაც ისინი უნდა დაეფიქრებინა. ლევიანებმა ასე მოუწოდეს ხალხს: „ადექით, აკურთხეთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, მარადიულად! აკურთხონ მათ შენი დიდებული სახელი, რომელიც ყველანაირ კურთხევასა და ქებას აღემატება!“ (ნეემ. 9:5). ხალხმა აღიარა თავიანთი წინაპრების ცოდვები და თავმდაბლურად სთხოვა კურთხევა იეჰოვას. მათ წერილობით გააფორმეს ეს და წინამძღოლებმა ბეჭდით დაადასტურეს. მათ ერთსულოვნად გადაწყვიტეს, არ დამოყვრებოდნენ უცხოელებს, დაეცვათ შაბათი და თავიანთი ქონებიდან მხარი დაეჭირათ ტაძრის მსახურებისა და მომსახურეებისთვის. ბოლოს წილი ყარეს, რომ ათიდან ერთი კაცი იერუსალიმში დასახლებულიყო.
13. რა მოხდა გალავნის მიძღვნის დროს და რას გაეწია ორგანიზება?
13 გალავნის მიძღვნა (12:27—13:3). აღდგენილი გალავნის მიძღვნა კიდევ ერთი შეკრების მიზეზი გახდა, რომლის დროსაც მღეროდნენ და მხიარულობდნენ. ნეემიამ შეკრიბა სამადლობლის შემსრულებელთა ორი დიდი გუნდი. ისინი გალავანზე ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით დაიძრნენ და ბოლოს იეჰოვას სახლთან შეხვდნენ მსხვერპლის შესაწირად. ასევე ორგანიზება გაეწია ტაძარში მომსახურე მღვდლებისა და ლევიანებისთვის მატერიალურ მხარდაჭერას. ღვთის სიტყვის კითხვის დროს აღმოჩნდა, რომ ამონელები და მოაბელები არ უნდა შესულიყვნენ ღვთის კრებულში. ამიტომ მათ გამოაცალკევეს ისრაელისგან მთელი ჭრელი ხალხი.
14. რა მანკიერებებმა იჩინა თავი ნეემიას ბაბილონში ყოფნის დროს და რა გააკეთა ნეემიამ მათ აღმოსაფხვრელად?
14 უწმინდურების აღმოფხვრა (13:4—31). ნეემია ცოტა ხნით ბაბილონში წავიდა. იერუსალიმში დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ იუდეველთა შორის ახალმა მანკიერებებმა იჩინა თავი. რა მალე შეიცვალა ყველაფერი! მღვდელმთავარმა ელიაშიბმა ამონელ ტობიას, ღვთის მტერს, სასადილო დარბაზიც კი მოუწყო იეჰოვას ტაძრის ეზოში. ნეემიას დრო არ დაუკარგავს. მან სასადილო დარბაზიდან გამოყარა ტობიას ავეჯი და გამოასუფთავებინა ყველა სასადილო დარბაზი. ნეემიამ ისიც გაიგო, რომ ლევიანებს კუთვნილ წილს არ აძლევდნენ. ამიტომ ისინი იერუსალიმიდან იყვნენ წასულები, რომ თავი ერჩინათ. ქალაქში ვაჭრობა იყო გაჩაღებული და ხალხი შაბათსაც კი არ იცავდა. ნეემიამ უთხრა მათ: „თქვენ ბღალავთ შაბათს და ამით აძლიერებთ მის [ღვთის] მრისხანებას ისრაელზე“ (13:18). შაბათ დღეს მან დაკეტა კარიბჭეები, რომ ვაჭრები არ შესულიყვნენ ქალაქში და გააფრთხილა, გასცლოდნენ იქაურობას. მაგრამ ყველაზე უარესი ის იყო, რომ იუდეველებმა უცხოელი, წარმართი ცოლები მოიყვანეს, თუმცა პირობა ჰქონდათ დადებული, რომ ამას არ გააკეთებდნენ. მათი შვილები იუდეველთა ენაზეც კი ვერ ლაპარაკობდნენ. ნეემიამ შეახსენა მათ, რომ სწორედ უცხოელმა ცოლებმა აცდუნეს სოლომონი. უცხოელებთან დამოყვრების გამო ნეემიამ თავიდან მოიშორა მღვდელმთავარ ელიაშიბის შვილიშვილიc. შემდეგ მღვდლებსა და ლევიანებს თავ-თავიანთი მოვალეობები დააკისრა.
15. რით ამთავრებს ნეემია თავის წიგნს?
15 ნეემია თავის წიგნს მოკრძალებული თხოვნით ამთავრებს: „სასიკეთოდ გამიხსენე, ჩემო ღმერთო!“ (ნეემ. 13:31)
რატომ არის სასარგებლო
16. რა შესანიშნავი მაგალითი მოგვცა ნეემიამ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მოყვარულთ?
16 ღვთისადმი ნეემიას ერთგულება სამაგალითოა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ყველა მოყვარულისთვის. მან საპატიო თანამდებობა დატოვა, რომ თავმდაბლურად მომსახურებოდა იეჰოვას ხალხს; მან უარი თქვა გამგებლის წილზე; ის კატეგორიულად განსჯიდა მატერიალიზმს. ნეემია მოუწოდებდა ხალხს, გულმოდგინედ ემსახურათ იეჰოვასთვის და მხარი დაეჭირათ მისი თაყვანისმცემლობისთვის (5:14, 15; 13:10—13). ის იყო უანგარო და გამჭრიახი, საქმის კაცი და საფრთხის მიუხედავად სიმართლის უშიშრად დამცველი, რითაც შესანიშნავი მაგალითი მოგვცა (4:14, 19, 20; 6:3, 15). მას ღვთის ჯანსაღი შიში ჰქონდა და მოძმეთა რწმენის განმტკიცებას ცდილობდა (13:14; 8:9). ის მთელი მონდომებით იცავდა იეჰოვას კანონს, განსაკუთრებით, როცა საქმე ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას, წარმართებთან ურთიერთობასა და მათთან დამოყვრებას ეხებოდა (13:8, 23—29).
17. კიდევ რით არის სამაგალითო ნეემია ჩვენთვის?
17 წიგნიდან ნათლად ჩანს, რომ ნეემიამ კარგად იცოდა იეჰოვას კანონი და სათანადოდ იყენებდა ამ ცოდნას. კანონის 30:1—4-ის საფუძველზე ის კურთხევას სთხოვდა ღმერთს და დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა უერთგულებდა (ნეემ. 1:8, 9). მან არაერთხელ შეკრიბა ხალხი, რომ მათთვის კანონი ესწავლებინა. კანონის კითხვისას ნეემია და ეზრა გულმოდგინედ განუმარტავდნენ ხალხს ღვთის სიტყვებს და ცდილობდნენ ისინი პრაქტიკაში გამოეყენებინათ (8:8, 13—16; 13:1—3).
18. რა უნდა ისწავლონ ზედამხედველებმა ნეემიას მაგალითიდან?
18 ნეემია მთელი გულით ენდობოდა იეჰოვას და მოკრძალებით მიმართავდა ლოცვით. მისმა მაგალითმა უნდა აღგვძრას, რომ ჩვენც ლოცვით მივენდოთ ღმერთს. ის ლოცვაში აღიარებდა თავისი ხალხის ცოდვებს, განადიდებდა ღმერთს და სთხოვდა, რომ განწმენდილიყო მისი სახელი (1:4—11; 4:14; 6:14; 13:14, 29, 31). ღვთის ხალხი მზადყოფნით ემორჩილებოდა ნეემიას გონივრულ მითითებებს და მასთან ერთად ხარობდა ღვთის ნების შესრულებით, რაც ცხადყოფს, რომ ეს ერთგული ზედამხედველი ძლიერ ბიძგს აძლევდა მათ. რა შესანიშნავი მაგალითია! თუმცა ბრძენი ზედამხედველის გარეშე მალევე მოიკიდა ფეხი მატერიალიზმმა, სიხარბემ და განდგომილებამ. ეს შეახსენებს ღვთის ხალხის ზედამხედველებს, ენერგიულნი, ფხიზელნი და გულმოდგინენი იყვნენ, როცა ქრისტიანი და-ძმების ინტერესებზე ზრუნავენ. ისინი გულისხმიერნი და მტკიცენი უნდა იყვნენ, როცა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში მიუძღვიან მათ.
19. ა) როგორ იყენებდა ნეემია ღვთის სიტყვას იუდეველებისთვის სამეფოს შესახებ დაპირებებისადმი რწმენის განსამტკიცებლად? ბ) რისკენ აღძრავს დღეს სამეფოსთან დაკავშირებული იმედი ღვთის ხალხს?
19 ნეემია ენდობოდა ღვთის სიტყვას. ის არა მარტო წმინდა წერილების გულმოდგინე მასწავლებელი იყო, არამედ იყენებდა კიდეც მათ, როცა ადგენდა ხალხის მემკვიდრეობას, ასევე მღვდლებისა და ლევიანების მოვალეობებს (ნეემ. 1:8; 11:1—12:26; იეს. 14:1—21:45). ეს დიდად გაამხნევებდა იერუსალიმში დაბრუნებულ იუდეველებს და რწმენას გაუძლიერებდა იმ შესანიშნავი დაპირებებისადმი, რომლებიც უწინ მიეცათ შთამომავალზე და იმ დიდებულ აღდგენაზე, რაც ღვთის სამეფოს მეშვეობით მოხდებოდა. სწორედ ეს იმედი აღძრავს ღვთის მსახურებს, რომ გაბედულად დაიცვან სამეფოს ინტერესები და თავიანთი წვლილი შეიტანონ მთელ დედამიწაზე ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის დამკვიდრებაში.
[სქოლიოები]
a „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. II, გვ. 613—616 (ინგლ.).
b „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. II, გვ. 899—901 (ინგლ.).
c ზოგი ებრაელი ისტორიკოსის აზრით, ელიაშიბის ამ შვილიშვილს ერქვა მენაშე, რომელმაც თავის სიმამრთან, სანბალატთან ერთად გერიზიმის მთაზე ააშენა ტაძარი, რომელიც სამარიელთა თაყვანისმცემლობის ცენტრი გახდა და სადაც თვითონ მთელი ცხოვრება მღვდლად მსახურობდა. იესო სწორედ გერიზიმის მთას გულისხმობდა იოანეს 4:21-ში (The Second Temple in Jerusalem, 1908, შოუ კალდეკოტი, გვ. 252—255; იხილეთ 1960 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 425, 426 [ინგლ.]).