ბიბლიის წიგნი 29 — იოელი
დამწერი: იოელი
დაწერის ადგილი: იუდა
წერა დასრულდა: დაახლ. ძვ. წ. 820 (?)
1. რა დრამატული მოვლენებია აღწერილი იოელის წინასწარმეტყველებაში?
ტალღებად წამოსული მწერების გუნდი აჩანაგებს ქვეყანას. მათ წინ შთამნთქმელი ცეცხლი მიდის, უკან კი — მბუგავი ალი. ყველგან შიმშილი მძვინვარებს. მზე დაბნელდება და მთვარე სისხლად იქცევა იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღის მოსვლამდე. იეჰოვამ ბრძანა, მოიქნიონ ნამგალი და შეიკრიბონ ერები გასანადგურებლად, თუმცა ზოგიერთი გადარჩება (იოელ. 2:32). იოელის წინასწარმეტყველებაში აღწერილი საოცარი მოვლენების განხილვა ჩვენთვის საინტერესო და სასარგებლოა.
2. რა ვიცით იოელის შესახებ და სად წინასწარმეტყველებდა ის?
2 წიგნი შემდეგი სიტყვებით იწყება: „იეჰოვას ეს სიტყვა გამოეცხადა იოელს, ფეთუელის ვაჟს“. ბიბლია ამის მეტს არაფერს ამბობს იოელის შესახებ. წიგნში ყურადღება წინასწარმეტყველებაზე მახვილდება და არა მის დამწერზე. სახელი „იოელი“ (ებრაულად „იოჰელ“), როგორც ჩანს, ნიშნავს „იეჰოვაა ღმერთი“. იოელი კარგად იცნობდა იერუსალიმსა და მის ტაძარს და კარგად იცოდა ტაძარში მსახურების დეტალები, რაც შესაძლოა იმაზე მიუთითებს, რომ მან თავისი წიგნი იერუსალიმში ან იუდაში დაწერა (იოელ. 1:1, 9, 13, 14; 2:1, 15, 16, 32).
3. რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ იოელმა თავისი წინასწარმეტყველება, სავარაუდოდ, ძვ. წ. 820 წელს დაწერა?
3 როდის დაიწერა წიგნი „იოელი“? დარწმუნებით ამის თქმა ძნელია. სწავლულები სხვადასხვა თარიღს ასახელებენ ძვ. წ. 800 წლიდან ძვ. წ. 400 წლამდე. იეჰოშაფატის ველზე იეჰოვას მიერ ხალხებისთვის გამოტანილი განაჩენის აღწერას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ იოელმა თავისი წინასწარმეტყველება დაწერა იუდას მეფე იეჰოშაფატის სასარგებლოდ იეჰოვას დიდებული გამარჯვების შემდეგ, ანუ ძვ. წ. 936 წელს იეჰოშაფატის გამეფების შემდეგ (იოელ. 3:2, 12; 2 მატ. 20:22—26). წინასწარმეტყველი ამოსი შესაძლოა „იოელიდან“ ციტირებდა. ეს ნიშნავს, რომ იოელმა თავისი წინასწარმეტყველება უფრო ადრე დაწერა, ვიდრე ამოსმა, რომელმაც დაახლოებით ძვ. წ. 829—804 წლებში დაიწყო წინასწარმეტყველება (იოელ. 3:16; ამოს. 1:2). იოელის წიგნი რომ უფრო ადრე დაიწერა, იქიდანაც ჩანს, რომ ებრაულ კანონში ის ოსიასა და ამოსის წიგნებს შორის ჩასვეს. აქედან გამომდინარე, იოელს თავისი წინასწარმეტყველება, სავარაუდოდ, ძვ. წ. 820 წელს უნდა დაეწერა.
4. რა ადასტურებს „იოელის“ უტყუარობას?
4 იოელის წინასწარმეტყველება არაერთხელ არის მოხსენიებული და ციტირებული ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში, რაც მის უტყუარობას ადასტურებს. ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პეტრემ მოიხსენია „იოელ წინასწარმეტყველი“ და მისი ერთ-ერთი წინასწარმეტყველება ახსნა. პავლემაც გაიმეორა ეს წინასწარმეტყველება და ახსნა, როგორ შესრულდა ის იუდეველებსა და არაიუდეველებზე (იოელ. 2:28—32; საქ. 2:16—21; რომ. 10:13). იოელის მიერ მეზობელ ერებზე წარმოთქმული ყველა წინასწარმეტყველებაც შესრულდა. ნაბუქოდონოსორმა ალყაში მოაქცია დიდებული ქალაქი ტვიროსი, მოგვიანებით კი ალექსანდრე მაკედონელმა ის მიწასთან გაასწორა. მსგავსად განადგურდა ფილისტიმი, ედომი კი გაუდაბურდა (იოელ. 3:4, 19). იუდეველები არასდროს აყენებდნენ ეჭვქვეშ „იოელის“ კანონიკურობას და ეგრეთ წოდებულ „მცირე წინასწარმეტყველებში“ მას მეორე ადგილი მიაკუთვნეს.
5. რატომ არის იოელის წინასწარმეტყველება ექსპრესიული?
5 იოელის წერის სტილი ნათელი და ექსპრესიულია. აზრის გამოსაკვეთად ის რამდენჯერმე იმეორებს მას და მახვილგონივრულ შედარებებს იყენებს. კალიებს ის ხალხსა და ჯარს უწოდებს. მათი კბილები ლომის კბილების მსგავსია, ისინი შესახედაობით ცხენებს ჰგვანან, მათი ხმა საბრძოლველად გამოსული ჯარის ეტლების ხმაურს ჰგავს. ერთ ნაშრომში მოყვანილია შემდეგი ციტატა ავტორიტეტული წყაროდან, რომელიც კალიებთან ბრძოლას ეხება: „კალიების შემოსევა ისეთი სიზუსტით არავის აღუწერია, როგორც ეს იოელმა გააკეთა“a. ახლა განვიხილოთ, როგორ აღწერს იოელი იეჰოვას შიშის მომგვრელ დღეს.
შინაარსი
6. რა საშინელი ხილვა ჰქონდა იოელს?
6 მწერები აჩანაგებენ ქვეყანას; იეჰოვას დღე ახლოსაა (1:1—2:11). რა საზარელი ხილვაა! იოელმა იხილა მუხლუხების, კალიების, უფრთო კალიებისა და ტარაკნების გამანადგურებელი შემოსევა. მათ გააშიშვლეს ვაზი და ლეღვი და გაპარტახებულ ქვეყანაში შიმშილობა ჩამოვარდა. იეჰოვას სახლში ვეღარ მიჰქონდათ მარცვლეული შესაწირავი და დასაღვრელი შესაწირავი. იოელი მიმართავდა მღვდლებსა და ღვთის სხვა მსახურებს, მოენანიებინათ. „ვაი, მოდის ის დღე! ახლოსაა იეჰოვას დღე და მოვა ის, როგორც განადგურება ყოვლისშემძლისგან!“ (1:15). ნახირი დაბნეული დახეტიალებდა. ცეცხლმა შთანთქა საძოვრები და ხეები, და უდაბურ ადგილებშიც გადაბუგა საძოვრები.
7. როგორ აღწერს იოელი იეჰოვას ლაშქრის შემოსევას?
7 ატყდა განგაში! „ჩაჰბერეთ საყვირს სიონში და საომარი ყიჟინა დაეცით ჩემს წმინდა მთაზე!“ (2:1). ახლოს იყო იეჰოვას დღე, ის იქნებოდა სიბნელისა და წყვდიადის დღე. აი მრავალრიცხოვანი და ძლიერი ხალხი. ისინი ედემის ბაღივით მიწას გაუდაბურებულ უდაბნოს დაამსგავსებდნენ. არაფერი გადაურჩებოდათ. ცხენებივით მირბოდნენ და ისეთ ხმას გამოსცემდნენ, თითქოს ეტლები მიგრიალებდნენ მთების მწვერვალებზე. დარაზმულები შეიჭრებოდნენ ქალაქში, გალავანსა და სახლებზე ავიდოდნენ და სარკმლებიდან შეძვრებოდნენ. მიწა შეირყეოდა და ცა შეიძვრებოდა მათ წინაშე. ამ მრავალრიცხოვანი ჯარის მეთაური იეჰოვა იქნებოდა. „დიდია იეჰოვას დღე და შიშის მომგვრელი, ვინ გაუძლებს მას?!“ (2:11).
8. ა) რა ერთადერთი საშუალება არსებობდა მწერების შემოსევის შესაჩერებლად? ბ) რის ანაზღაურებას დაჰპირდა იეჰოვა თავის ხალხს?
8 იეჰოვასთან დაბრუნება; სულის გადმოღვრა (2:12—32). ამ შემოსევის შეჩერება შესაძლებელი იყო. იეჰოვამ ურჩია ხალხს: „დამიბრუნდით მთელი გულით . . . გულები დაიგლიჯეთ და არა ტანსაცმელი, დაუბრუნდით თქვენს ღმერთს, იეჰოვას“ (2:12, 13). საყვირის ხმა საზეიმო შეკრებაზე იწვევდა ხალხს. თუ დაუბრუნდებოდნენ იეჰოვას, ის ‘მოშურნეობას გამოავლენდა თავისი მიწისთვის და შეიბრალებდა თავის ხალხს’ (2:18). მათ მიეცემოდათ კურთხევები, ეპატიებოდათ ცოდვები და უკან გაბრუნდებოდა თავდამსხმელი. შიშის ნაცვლად ისინი გაიხარებდნენ და იმხიარულებდნენ, რადგან უხვად ექნებოდათ ხილი, მარცვლეული, ახალი ღვინო და ზეთი. იეჰოვა აუნაზღაურებდათ ყველაფერს, რაც კალიების ლაშქარმა გადაჭამა. ის დაჰპირდა მათ: „შეჭამთ და გაძღებით, განადიდებთ იეჰოვას, თქვენი ღვთის სახელს, რომელიც ასე გასაოცრად მოგექცათ“ (2:26). ისინი მიხვდებოდნენ, რომ მხოლოდ იეჰოვაა ღმერთი ისრაელში.
9. რა გულშიჩამწვდომი წინასწარმეტყველება წარმოთქვა შემდეგ იოელმა?
9 „ამის შემდეგ გადმოვღვრი ჩემს სულს ყველანაირ ხორციელზე, — ამბობს იეჰოვა, — და თქვენი ვაჟები და ასულები იწინასწარმეტყველებენ, თქვენს მოხუცებულებს სიზმრები დაესიზმრებათ და თქვენი ჭაბუკები ხილვებს იხილავენ; მსახურებზეც და მოახლეებზეც გადმოვღვრი იმ დროს ჩემს სულს“. იეჰოვას დღის მოსვლამდე მზესა და მთვარეზე საზარელი ნიშნები გამოჩნდებოდა. თუმცა ყველა როდი დაიღუპებოდა. ‘ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს მოუხმობდა, გადარჩებოდა’ (2:28—32).
10. რა უნდა მომხდარიყო იეჰოშაფატის ველზე?
10 ერების განკითხვა იეჰოშაფატის ველზე (3:1—21). იეჰოვა ტყვეობიდან დააბრუნებდა იუდასა და იერუსალიმს. ის შეკრებდა ერებს. პასუხს მოსთხოვდა ტვიროსს, სიდონსა და ფილისტიმს თავისი ხალხის შეურაცხყოფისა და მონებად გაყიდვისთვის. ის იწვევდა ერებს: „საომრად მოემზადეთ! აღძარით ძლიერები! ახლოს მოვიდნენ ისინი! ადგეს ყველა მებრძოლი!“ (3:9). მათ გუთნებისგან მახვილები უნდა გამოეჭედათ და იეჰოშაფატის ველზე (ნიშნავს „იეჰოვაა მოსამართლე“) უნდა მისულიყვნენ. იეჰოვამ ბრძანა: „მოიქნიეთ ნამგალი, რადგან მოწეულია სამკალი! . . გალიცლიცდა კოდები, რადგან გამრავლდა მათი ბოროტება. ბრბოები, ბრბოები არიან განაჩენის ველზე, რადგან უახლოვდება იეჰოვას დღე“ (3:13, 14). დაბნელდება მზე და მთვარე. დაიგრგვინებს იეჰოვა სიონიდან და შეირყევა ცა და მიწა, მაგრამ ის თავშესაფარი და სიმაგრე იქნება თავისი ხალხისთვის. ისინი გაიგებენ, რომ იეჰოვაა მათი ღმერთი.
11. იოელის სიტყვების თანახმად, რა კურთხევები ელით იეჰოვას ხალხს?
11 „იმ დღეს“ ყველაფერი უხვად იქნება როგორც სამოთხეში (3:18). მთებიდან ჩამოწვეთავს ღვინო, გორებიდან იდინებს რძე და კალაპოტები წყლით აივსება. იეჰოვას სახლიდან გამოვა გამომაცოცხლებელი წყარო. გაპარტახდება ეგვიპტე და ედომი, რომელთაც უდანაშაულო სისხლი დაღვარეს იუდაში, იუდა და იერუსალიმი კი მარადიულად დასახლდება და „იეჰოვა დამკვიდრდება სიონში“ (3:21).
რატომ არის სასარგებლო
12. როგორ განმარტა პეტრემ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იოელის წინასწარმეტყველება?
12 ზოგიერთი ბიბლეისტი იოელს უბედურებათა წინასწარმეტყველს უწოდებს. თუმცა ღვთის ხალხისთვის ის დიდებული ხსნის გამცხადებელი იყო. მოციქულმა პავლემ ხაზი გაუსვა ამ აზრს რომაელების 10:13-ში: „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“ (იოელ. 2:32). იოელის წინასწარმეტყველება საოცრად შესრულდა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე. ღვთის შთაგონებით პეტრემ განმარტა, რომ იოელის წინასწარმეტყველება ქრისტეს მოწაფეებზე წმინდა სულის გადმოღვრით შესრულდა (საქ. 2:1—21; იოელ. 2:28, 29, 32). პეტრემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იოელის შემდეგი სიტყვების წინასწარმეტყველურ მნიშვნელობას: „ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება“ (საქ. 2:21, 39, 40).
13. ა) რა საოცარი მსგავსებაა „იოელსა“ და „გამოცხადებას“ შორის? ბ) რა მსგავსებაა „იოელსა“ და სხვა წინასწარმეტყველებებს შორის?
13 საოცარი მსგავსებაა იოელის წინასწარმეტყველებაში აღწერილ კალიების შემოსევასა და „გამოცხადების“ მე-9 თავში ნაწინასწარმეტყველებ შემოსევას შორის. ორივე წინასწარმეტყველებაში მზე ბნელდება, კალიები საომრად გამზადებულ ცხენებს ჰგვანან, ეტლების ხმაურის მსგავს ხმას გამოსცემენ და კბილები ლომის კბილებს უგავთ (იოელ. 2:4, 5, 10; 1:6; გამოცხ. 9:2, 7—9). იოელის 2:31-ში ნაწინასწარმეტყველები მზის დაბნელება ასევე მოხსენიებულია ესაიას 13:9, 10-ში, გამოცხადების 6:12—17-ში და მათეს 24:29, 30-ში, სადაც იესო ამ წინასწარმეტყველებას იმ დროსთან აკავშირებს, როცა კაცის ძე ძლიერებითა და აღმატებული დიდებით მოვა. როგორც ჩანს, მალაქიას 4:5-ში ციტირებულია იოელის 2:11: „დიდია იეჰოვას დღე და შიშის მომგვრელი“. ეს „სიბნელისა და წყვდიადის დღე“ ერთნაირად არის აღწერილი იოელის 2:2-სა და სოფონიას 1:14, 15-ში.
14. როგორ განადიდებს წიგნი „იოელი“ იეჰოვას უზენაესობასა და სიკეთეს?
14 „გამოცხადება“ წინასწარმეტყველებს ღვთის რისხვის დიდ დღეზე (გამოცხ. 6:17). „იოელიც“ ამ დროზე წინასწარმეტყველებს და აჩვენებს, რომ ‘იეჰოვას დიდ დღეს’ გადარჩებიან ისინი, ვინც მას მოუხმობენ დაცვისა და ხსნისათვის. „იეჰოვა იქნება თავშესაფარი თავისი ხალხისთვის“. აღდგება სამოთხის პირობები: „იმ დღეს მთებიდან ჩამოწვეთავს მაჭარი, გორებიდან იდინებს რძე და წყალი იდინებს იუდას ყველა კალაპოტში. იეჰოვას სახლიდან გამოვა წყარო“. აღდგენასთან დაკავშირებული ამ ბრწყინვალე დაპირებით წიგნი განადიდებს იეჰოვას უზენაესობას და მისი გულმოწყალებიდან გამომდინარე გულწრფელ ადამიანებს მიმართავს: „დაუბრუნდით თქვენს ღმერთს, იეჰოვას, რადგან ის მწყალობელი და გულმოწყალეა, რისხვაში ნელი და სიკეთით სავსე“. ყველა, ვინც ყურად იღებს ამ ღვთივშთაგონებულ მოწოდებას, მარადიულ კურთხევებს მიიღებს (იოელ. 2:1, 32; 3:16, 18; 2:13).
[სქოლიო]
a The Interpreter’s Bible, 1956, ტ. VI, გვ. 733.