ბიბლიისა და მისი ისტორიის კვლევა
გამოკვლევა 6 — ქრისტიანულ- ბერძნული წერილების ტექსტი
ბერძნული წერილების ტექსტის გადაწერის ისტორია; მისი გავრცელება ბერძნულ და სხვა ენებზე; ჩვენამდე მოღწეული ტექსტის სიზუსტე.
1. როგორ დაიწყო ქრისტიანთა საგანმანათლებლო საქმიანობა?
პირველი ქრისტიანები იეჰოვას წერილობითი სიტყვის მაუწყებლები და მასწავლებლები იყვნენ. ისინი სერიოზულად ეკიდებოდნენ იესო ქრისტეს სიტყვებს, რომლებიც მან ზეცად ამაღლებამდე თქვა: „ძალას მიიღებთ და იქნებით ჩემი მოწმეები იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (ეს. 40:8; საქ. 1:8). ამ წინასწარმეტყველების შესაბამისად, იესოს მოწაფეებმა მიიღეს ძალა: ახ. წ. 33 წელს ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე 120 მოწაფეზე წმინდა სული გადავიდა. იმავე დღეს პეტრემ საფუძვლიანად დაამოწმა, რითაც დაიწყო ახალი საგანმანათლებლო საქმიანობა. პეტრეს ქადაგების შედეგად მრავალმა ირწმუნა და დაახლოებით 3 000 კაცი შეემატა ახლად ჩამოყალიბებულ ქრისტიანულ კრებას (საქ. 2:14—42).
2. რის შესახებ ქადაგებდნენ ქრისტიანები და რისი მტკიცება იყო მათი ქადაგება?
2 იესო ქრისტეს მოწაფეები დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ ქადაგებას, რამაც მალე მთელი იმდროინდელი მსოფლიო მოიცვა (კოლ. 1:23). იეჰოვას ეს ერთგული მოწმეები დადიოდნენ სახლიდან სახლში და ქალაქიდან ქალაქში, რათა ეხარებინათ სასიხარულო ცნობა (რომ. 10:15). ისინი ქადაგებდნენ ქრისტეს გამოსასყიდზე, მკვდრეთით აღდგომაზე და ღვთის მიერ დაპირებულ სამეფოზე (1 კორ. 15:1—3, 20—22, 50; იაკ. 2:5). მსოფლიო არასდროს ყოფილა ასეთი დამოწმების მომსწრე. ეს ქადაგება იყო „აშკარა მტკიცება უხილავი სინამდვილისა“ მათთვის, ვინც ქრისტეს მსხვერპლის საფუძველზე იეჰოვა უზენაეს უფლად აღიარა (ებრ. 11:1; საქ. 4:24; 1 ტიმ. 1:14—17).
3. რის თქმა შეიძლება პირველ საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიანებზე?
3 ქრისტიანებს ჰქონდათ საკმარისი ცოდნა ღვთის სიტყვის გასავრცელებლად. მათ იცოდნენ წერა-კითხვა; კარგად ერკვეოდნენ წმინდა წერილებში; ხშირად უწევდათ მოგზაურობა და იცოდნენ, რა ვითარება იყო მსოფლიოში. ისინი არ ეპუებოდნენ არანაირ წინააღმდეგობას, უფრო და უფრო წინ მიიწევდნენ და ავრცელებდნენ სასიხარულო ცნობას (საქ. 2:7—11, 41; იოელ. 2:7—11, 25). ისინი, ვისთანაც პირველ საუკუნეში ქრისტიანები ქადაგებდნენ, ბევრად არ განსხვავდებოდნენ დღევანდელი ადამიანებისგან.
4. რა დაიწერა პირველ საუკუნეში ღვთის სულის შთაგონებითა და ხელმძღვანელობით?
4 პირველი ქრისტიანები „სიცოცხლის სიტყვის“ აქტიური მქადაგებლები იყვნენ და ეფექტურად იყენებდნენ მათთვის ხელმისაწვდომ ბიბლიურ ხელნაწერებს (ფილ. 2:15, 16; 2 ტიმ. 4:13). ოთხმა მათგანმა — კერძოდ მათემ, მარკოზმა, ლუკამ და იოანემ — იეჰოვას შთაგონებით „იესო ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობა“ დაწერა (მარ. 1:1; მათ. 1:1). სხვებმა კი — პეტრემ, პავლემ, იოანემ, იაკობმა და იუდამ — წერილები დაწერეს (2 პეტ. 3:15, 16). ზოგი ამ ხელნაწერების გადაწერაზე ზრუნავდა. შედეგად, ისინი ვრცელდებოდა კრებებში, რომელთა რიცხვიც უფრო და უფრო მატულობდა (კოლ. 4:16). გარდა ამისა, იერუსალიმში „მოციქულები და უხუცესები“ ღვთის სულის ხელმძღვანელობით იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ქრისტიანულ სწავლებას ეხებოდა. გადაწყვეტილებებს წერილობით აყალიბებდნენ, რათა მათი გამოყენება მომავალშიც ყოფილიყო შესაძლებელი. ამასთან ერთად, ხელმძღვანელი საბჭო წერილებსაც უგზავნიდა შორეულ კრებებს (საქ. 5:29—32; 15:2, 6, 22—29; 16:4). ქრისტიანებს თვითონ უწევდათ ამ წერილების მიტანა დანიშნულების ადგილამდე.
5. ა) რა არის კოდექსი? ბ) რამდენად ფართოდ იყენებდნენ ქრისტიანები კოდექსებს და რა უპირატესობა ჰქონდა მათ?
5 წმინდა წერილების გავრცელება და გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ ყოფილიყო, პირველმა ქრისტიანებმა გრაგნილების ნაცვლად მალე კოდექსების გამოყენება დაიწყეს. კოდექსს თანამედროვე წიგნის ფორმა ჰქონდა. კოდექსში ადვილი იყო გვერდების გადაფურცვლა და საჭირო ადგილის მოძებნა, მაშინ როცა გრაგნილში რომელიმე ადგილის მოძებნა მეტ შრომას მოითხოვდა. გარდა ამისა, გრაგნილების სახით დაწერილი ტექსტები ცალ-ცალკე ინახებოდა, კოდექსმა კი შესაძლებელი გახადა კანონიკური ტექსტების ერთად აკინძვა. ქრისტიანებმა პირველებმა დაიწყეს კოდექსების გამოყენება. გამორიცხული არაა, რომ კოდექსი მათი გამოგონილი იყოს. მაშინ როცა საერო ლიტერატურის ავტორები ნელ-ნელა გადავიდნენ კოდექსებზე, მეორე და მესამე საუკუნეების ქრისტიანული ხასიათის ხელნაწერთა უმეტესობა კოდექსის სახით იყო შედგენილიa.
6. ა) რომელი საუკუნეები ითვლება ბერძნული ენის კლასიკურ პერიოდად და როდის ჩამოყალიბდა კოინე, საერთო ბერძნული ენა? ბ) როგორ და რამდენად გავრცელდა კოინე ენა?
6 კოინე (საერთო ბერძნული) ღვთის ხალხის სამსახურში. ბერძნული ენის ეგრეთ წოდებული კლასიკური პერიოდი ძვ. წ. IX საუკუნიდან ძვ. წ. IV საუკუნემდე გრძელდებოდა. ეს იყო ატიკური და იონიური დიალექტების ხანა. ამ პერიოდში, განსაკუთრებით კი ძვ. წ. V-IV საუკუნეებში, მოღვაწეობდა ბევრი ბერძენი დრამატურგი, პოეტი, ორატორი, ისტორიკოსი, ფილოსოფოსი და მეცნიერი. მათ შორის იყვნენ პლატონი, სოკრატე, ჰეროდოტე, ჰომეროსი და სხვები. ძვ. წ. IV საუკუნიდან ახ. წ. VI საუკუნემდე გავრცელებული იყო კოინე, საერთო ბერძნული ენა. ამ ენის გავრცელებას ძირითადად ხელი შეუწყო ალექსანდრე მაკედონელის დაპყრობითმა ომებმა. მის ჯარში მსახურობდნენ საბერძნეთის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მეომრები, რომლებიც ბერძნული ენის სხვადასხვა დიალექტზე ლაპარაკობდნენ. ამ დიალექტების შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა ახალი დიალექტი, კოინე, რომელიც ფართოდ გავრცელდა. ალექსანდრემ დაიპყრო ეგვიპტე და აზიის დიდი ნაწილი ინდოეთამდე. შედეგად, კოინე საერთაშორისო ენად იქცა და მრავალი საუკუნის მანძილზე ინარჩუნებდა ამ სტატუსს. ბერძნული სეპტუაგინტაც, ფაქტობრივად, ნათარგმნია კოინე ენაზე, რომელიც ალექსანდრიაში იყო გავრცელებული ძვ. წ. III-II საუკუნეებში.
7. ა) როგორ ადასტურებს ბიბლია, რომ კოინე გავრცელებული იყო იესოსა და მოციქულების დროს? ბ) რატომ იყო მოსახერხებელი ღვთის სიტყვის ქადაგება კოინე ენაზე?
7 იესოსა და მისი მოციქულების დროს კოინე რომის იმპერიაში საერთაშორისო ენა იყო. ამას ბიბლიაც ადასტურებს. როდესაც იესო ძელზე გააკრეს, მის ზემოთ ებრაულის გარდა წარწერა გააკეთეს ლათინურზე, ქვეყნის ოფიციალურ ენაზე, და ბერძნულზე, რომელსაც იერუსალიმის ქუჩებში ისევე ხშირად გაიგონებდით, როგორც რომში, ალექსანდრიასა და თვით ათენში (იოან. 19:19, 20; საქ. 6:1). საქმეების 9:29-დან ვხედავთ, რომ პავლე სასიხარულო ცნობას უქადაგებდა იერუსალიმში მცხოვრებ ბერძნულენოვან იუდეველებს. ამ დროისათვის კოინე იყო ცოცხალი და განვითარებული ენა, რომელსაც უკვე შეეძლო დიდი სამსახურის გაწევა იეჰოვას სიტყვის გასაცხადებლად.
ბერძნული ტექსტი და მისი გავრცელება
8. რატომ უნდა დავინტერესდეთ ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ხელნაწერებით?
8 წინა გამოკვლევიდან გავიგეთ, თუ როგორ შემოგვინახა იეჰოვამ წერილობითი სახით ებრაული წერილების ტექსტი. მაგრამ რის თქმა შეიძლება იესოს მოციქულებისა და სხვა მოწაფეების მიერ დაწერილ წიგნებზე? ბერძნულ და სხვა ენებზე არსებული მრავალი ხელნაწერის გამოკვლევა ცხადყოფს, რომ ღმერთმა ისინიც უცვლელად შემოგვინახა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქრისტიანულ-ბერძნული წერილები 27 წიგნს აერთიანებს. განვიხილოთ, როგორ მოაღწია ჩვენამდე ამ 27 წიგნის ბერძნულმა ტექსტმა.
9. ა) რა ენაზე დაიწერა ქრისტიანულ-ბერძნული წერილები? ბ) რა მხრივ არის მათეს სახარება გამონაკლისი?
9 ბერძნული ხელნაწერების პირველწყარო. ქრისტიანულ-ბერძნული წერილების 27 კანონიკური წიგნი დაიწერა საერთო ბერძნულ ენაზე. თუმცა „მათე“, როგორც ჩანს, ებრაულზე დაიწერა. ამას ამბობს მეოთხე საუკუნეში მოღვაწე ბიბლიის მთარგმნელი იერონიმე. მისი თქმით, „მათე“ ბერძნულზე მოგვიანებით ითარგმნაb. შესაძლოა, ის თავად მათემ თარგმნა. მას, როგორც რომის მოხელესა და გადასახადების ამკრეფს, უეჭველად ეცოდინებოდა ებრაული, ლათინური და ბერძნული (მარ. 2:14—17).
10. რა სახით მოაღწია ჩვენამდე ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ხელნაწერებმა?
10 ბერძნული წერილების სხვა დამწერებმა — მარკოზმა, ლუკამ, იოანემ, პავლემ, პეტრემ, იაკობმა და იუდამ — თავიანთი წიგნები კოინეზე, საერთო ბერძნულზე, დაწერეს. ეს ენა გასაგები იყო როგორც ქრისტიანებისთვის, ისე პირველ საუკუნეში მცხოვრებ ადამიანთა უმრავლესობისთვის. ბოლო წიგნი დაწერა მოციქულმა იოანემ დაახლოებით ახ. წ. 98 წელს. როგორც ცნობილია, კოინეზე შესრულებული ამ 27 თავდაპირველი ხელნაწერიდან დღემდე არც ერთი არ არის შემორჩენილი. მაგრამ ჩვენამდე მოაღწია მრავალმა ხელნაწერმა, რომელთა შორისაც არის ორიგინალების ასლები და ამ ასლებიდან გაკეთებული სხვა ასლები.
11. ა) ქრისტიანულ-ბერძნული წერილების რამდენი ხელნაწერი არსებობს დღეს? ბ) რის თქმა შეიძლება ამ ხელნაწერებზე, თუ მათ კლასიკოსების ნამუშევრებს შევადარებთ?
11 ცამეტი ათასზე მეტი ხელნაწერი. დღეს 27-ვე კანონიკური წიგნის მრავალი ხელნაწერი არსებობს. ამ ხელნაწერებიდან ზოგში წმინდა წერილების ვრცელი მონაკვეთებია, ზოგში კი — მხოლოდ ფრაგმენტები. ცნობილია, რომ ორიგინალურ ბერძნულზე 5 000-ზე მეტი ხელნაწერი არსებობს. გარდა ამისა, არსებობს სხვა ენებზე შესრულებული 8 000-ზე მეტი ხელნაწერი. ასე რომ, ხელნაწერების რაოდენობა საერთო ჯამში 13 000-ს აჭარბებს. ეს ხელნაწერები, რომლებიც ახ. წ. II—XVI საუკუნეებითაა დათარიღებული, დედნის ტექსტის დადგენაში გვეხმარება. ყველაზე ძველ ხელნაწერად ითვლება იოანეს სახარების ფრაგმენტი, რომელიც პაპირუსზეა შესრულებული და მანჩესტერში (ინგლისი), ჯონ რაილენდსის ბიბლიოთეკაში ინახება. მისი აღმნიშვნელი სიმბოლოა P52. ის მეორე საუკუნის პირველი ნახევრით, დაახლოებით ახ. წ. 125 წლით თარიღდებაc. ამრიგად, ეს ასლი ორიგინალის დაწერიდან დაახლოებით 25 წლის შემდეგაა შესრულებული. ძველ კლასიკოსთა ნამუშევრების უმეტესობა მხოლოდ ერთეული — და, ხშირად, საუკუნეების შემდეგ შესრულებული — ხელნაწერების საფუძველზეა აღდგენილი. ჩვენს განკარგულებაში კი უამრავი ძვირფასი ხელნაწერია, რომელთაც ქრისტიანულ-ბერძნული წერილების თავდაპირველ ტექსტამდე მივყავართ.
12. რა მასალაზე წერდნენ უძველეს ხელნაწერებს?
12 პაპირუსები. სეპტუაგინტის ადრეული ხელნაწერების მსგავსად, ქრისტიანულ-ბერძნული წერილების უძველესი ხელნაწერებიც პაპირუსზეა შესრულებული. ბიბლიური ხელნაწერების გადასაწერად ამ მასალას, სავარაუდოდ, ახ. წ. IV საუკუნემდე იყენებდნენ. როგორც ჩანს, ბიბლიის დამწერებიც პაპირუსებზე წერდნენ წერილებს, რომლებსაც ქრისტიანულ კრებებს უგზავნიდნენ.
13. რომელი აღმოჩენის შესახებ გახდა ცნობილი 1931 წელს?
13 ფაიუმში (ეგვიპტე) უამრავი პაპირუსი ინახებოდა. XIX საუკუნის ბოლოს აქ არაერთი ბიბლიური პაპირუსი აღმოაჩინეს. 1931 წელს გავრცელდა ცნობა პაპირუსზე შესრულებული ხელნაწერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენის შესახებ. მათ შორის იყო ბერძნულ ენაზე შესრულებული 11 კოდექსი, რომლებშიც შედიოდა ფრაგმენტები ებრაული წერილების 8 წიგნიდან და ქრისტიანულ-ბერძნული წერილების 15 წიგნიდან. ეს პაპირუსები დათარიღებულია ახ. წ. II—IV საუკუნეებით. აქ აღმოჩენილი ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ფრაგმენტების უმეტესობა შესულია „ჩესტერ ბიტის“ კოლექციებში, რომელთა სიმბოლოებიც არის P45, P46 და P47 („P“ ნიშნავს პაპირუსს).
14, 15. ა) ქრისტიანულ-ბერძნული წერილების რომელი მნიშვნელოვანი ხელნაწერებია ჩამოთვლილი 313-ე გვერდზე მოცემულ ცხრილში? ბ) როგორ გამოიყენეს ეს პაპირუსები „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ მომზადებისას? გ) რას ადასტურებს პაპირუსის კოდექსები?
14 პაპირუსების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კოლექციის ტექსტი გამოქვეყნდა ჟენევაში (შვეიცარია) 1956—1961 წლებში. ეს პაპირუსები ცნობილია ბოდმერის პაპირუსების სახელწოდებით, შეიცავს ორი სახარების ადრეულ ტექსტებს (P66 და P75) და თარიღდება ახ. წ. III საუკუნის დასაწყისით. 313-ე გვერდზე მოცემულია ებრაული და ქრისტიანულ-ბერძნული წერილების უმნიშვნელოვანესი პაპირუსების სია. ბოლო სვეტში „ახალი ქვეყნიერების თარგმანიდან“ მითითებულია მუხლები, რომელთა თარგმნის დროსაც მხედველობაში მიიღეს ეს პაპირუსები (ეს აღნიშნულია შესაბამისი მუხლების სქოლიოებში სქოლიოებიან გამოცემაში).
15 ამ პაპირუსების აღმოჩენა ადასტურებს, რომ ბიბლიის კანონი საკმაოდ ადრე იყო დადგენილი. „ჩესტერ ბიტის“ კოლექციებში შესული ორი კოდექსი — ერთში (P45) ოთხი სახარებისა და „საქმეების“ ფრაგმენტებია, ხოლო მეორეში (P46) პავლეს 9 წერილი — ცხადყოფს, რომ ქრისტიანულ-ბერძნული წერილების შედგენა მოციქულების სიკვდილის შემდეგ მალევე მოხდა. ამ კოდექსების გავრცელებას და ეგვიპტემდე ჩაღწევას საკმაო დრო დასჭირდებოდა. აქედან გამომდინარე, ეს წიგნები, როგორც ჩანს, უკვე გაერთიანებული იყო არა უგვიანეს მეორე საუკუნისთვის. ასე რომ, მეორე საუკუნის ბოლოსთვის ქრისტიანულ-ბერძნული წერილების კანონი — და, ამგვარად, მთელი ბიბლიის კანონი — საბოლოოდ დადგენილი იყო.
16. ა) ქრისტიანულ-ბერძნული წერილების რომელმა უნციალურმა ხელნაწერებმა მოაღწია დღემდე? ბ) რატომ გამოიყენა უნციალური ხელნაწერები ახალი ქვეყნიერების თარგმანის კომიტეტმა?
16 პერგამენტები. როგორც წინა გამოკვლევიდან გავიგეთ, ახ. წ. IV საუკუნიდან პაპირუსების ნაცვლად დაიწყეს უფრო გამძლე მასალის — პერგამენტების გამოყენება, რომლებსაც ძირითადად ხბოს, ცხვრისა და თხის ტყავისგან ამზადებდნენ. დღემდე მოღწეული ზოგი ძალიან მნიშვნელოვანი ბიბლიური ხელნაწერი სწორედ პერგამენტზეა შესრულებული. ჩვენ უკვე შევეხეთ ებრაული წერილების პერგამენტებს. 314-ე გვერდზე მოცემულ ცხრილში ჩამოთვლილია ებრაული და ქრისტიანულ-ბერძნული წერილების უმნიშვნელოვანესი პერგამენტები. ცხრილში მოყვანილი ბერძნული წერილების ხელნაწერები მთლიანად დაწერილი იყო დიდი, მთავრული ასოებით და უნციალურ ხელნაწერებად არის ცნობილი. ერთ ნაშრომში ნათქვამია, რომ არსებობს ქრისტიანულ-ბერძნული წერილების 274 უნციალური ხელნაწერი, რომლებიც თარიღდება ახ. წ. IV—X საუკუნეებით (New Bible Dictionary). გარდა ამისა, დღემდე შემორჩენილია 5 000-ზე მეტი მინუსკულური ხელნაწერი, რომლებიც პატარა ასოებით, გაკრული ხელით არის დაწერილიd. ამ ხელნაწერებს, რომლებიც ასევე პერგამენტებზეა შესრულებული, ამზადებდნენ ახ. წ. IX საუკუნიდან ბეჭდვითი საქმის დაწყებამდე. რამდენადაც უნციალური ხელნაწერები საკმაოდ ძველია და სიზუსტითაც გამოირჩევა, მათ ხშირად მიმართავდა ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანის კომიტეტი, რათა ბერძნული ტექსტი რაც შეიძლება ზუსტად გადმოცემულიყო. ეს ჩანს ცხრილში „უმნიშვნელოვანესი პერგამენტები“.
მეცნიერული კვლევების გააქტიურება და ტექსტის სრულყოფა
17. ა) რამ შეუწყო ხელი ბერძნული ტექსტისადმი ინტერესის გაღვივებას? ბ) რით არის ცნობილი ერაზმ როტერდამელი? გ) როგორ მოამზადა მან ბერძნული ტექსტი?
17 ერაზმ როტერდამელის ტექსტი. შუა საუკუნეებში, როცა ლათინური ენა იყო გაბატონებული და დასავლეთ ევროპაზე რომის კათოლიკურ ეკლესიას ჰქონდა დიდი გავლენა, მეცნიერებასა და განათლებას რთული დრო ედგა. მაგრამ მე-15 საუკუნის ევროპაში ასაწყობშრიფტიანი საბეჭდი დაზგის გამოგონებამ და მე-16 საუკუნეში რეფორმაციის დაწყებამ უფრო მეტი თავისუფლება მოიტანა, რამაც ხელი შეუწყო ბერძნული ენისადმი ინტერესის გაღვივებას. სწორედ ამ პერიოდში ცნობილმა ჰოლანდიელმა მეცნიერმა, ერაზმ როტერდამელმა, გამოაქვეყნა „ახალი აღთქმის“ ბერძნული ტექსტის პირველი გამოცემა. ამ ტექსტის მომზადებისას ერაზმ როტერდამელმა გულდასმით შეადარა რამდენიმე ხელნაწერი და გამოიყენა ის სიტყვები, რომლებიც, როგორც ჩანდა, ორიგინალში უნდა ყოფილიყო. შედარებისას აღმოჩენილი ბევრი განსხვავება მან კომენტარებში აღნიშნა. ეს პირველი გამოცემა დაიბეჭდა ბაზელში (შვეიცარია) 1516 წელს, გერმანიაში რეფორმაციის დაწყებამდე ერთი წლით ადრე. პირველ გამოცემაში ბევრი შეცდომა იყო და ამიტომ მას მოჰყვა გადამუშავებული გამოცემები 1519, 1522, 1527 და 1535 წლებში. ტექსტის შესადარებლად და მოსამზადებლად ერაზმ როტერდამელს მხოლოდ რამდენიმე გვიანდელი მინუსკულური ხელნაწერი ჰქონდა.
18. რას შეუწყო ხელი ერაზმ როტერდამელის ტექსტის გამოცემამ და ვინ გამოიყენა მის მიერ მომზადებული ტექსტი?
18 ერაზმ როტერდამელის მომზადებული ბერძნული ტექსტის საფუძველზე შესრულდა გაუმჯობესებული თარგმანები დასავლეთ ევროპის რამდენიმე ენაზე. ამგვარად, შესაძლებელი გახდა ლათინური ვულგატიდან გაკეთებულ თარგმანებზე უფრო ხარისხიანი თარგმანების გამოცემა. ერაზმის ტექსტი პირველად გამოიყენა მარტინ ლუთერმა გერმანიაში. გერმანულ ენაზე ქრისტიანულ-ბერძნული წერილების თარგმნა მან დაასრულა 1522 წელს. სერიოზული წინააღმდეგობის მიუხედავად, ინგლისელმა უილიამ ტინდალმა ერაზმის ტექსტზე დაყრდნობით ინგლისური თარგმანი მოამზადა. ინგლისიდან კონტინენტურ ევროპაში განდევნილმა ტინდალმა თარგმანზე მუშაობა 1525 წელს დაასრულა. იტალიელმა ანტონიო ბრუჩოლიმ 1530 წელს ერაზმის ტექსტი იტალიურ ენაზე თარგმნა. ერაზმის ბერძნული ტექსტის გამოჩენამ დიდი ბიძგი მისცა ბიბლიური ტექსტების კრიტიკულ შესწავლას. კრიტიკული შესწავლის მიზანი ბიბლიის დედნისეული ტექსტის აღდგენა-განახლებაა.
19. როგორ დაიწყეს ბიბლიის დაყოფა თავებად და მუხლებად და რა გახდა ამის შედეგად შესაძლებელი?
19 თავებად და მუხლებად დაყოფა. მე-16 საუკუნეში პარიზში მოღვაწეობდა ცნობილი მესტამბე და გამომცემელი რობერტ ეტიენი, იგივე სტეფანოსი. ის თვლიდა, რომ საჭირო ადგილების ადვილად მოსაძებნად პრაქტიკული იქნებოდა ტექსტის დაყოფა თავებად და მუხლებად. ასე რომ, მან პირველმა გამოიყენა ეს სისტემა 1551 წელს გამოცემულ ბერძნულ-ლათინურ „ახალ აღთქმაში“. ებრაული წერილები პირველად მასორეტებმა დაყვეს მუხლებად, მაგრამ 1553 წელს ფრანგულ ენაზე სტეფანოსის მიერ გამოცემული ბიბლია პირველი იყო იმ გამოცემებიდან, რომლებშიც მთელი ბიბლია ამგვარად იყო დაყოფილი. მოგვიანებით ეს სისტემა ინგლისურ ენაზე გამოცემულ ბიბლიებშიც გამოიყენეს. თავებად და მუხლებად დაყოფამ აგრეთვე შესაძლებელი გახადა ისეთი ბიბლიური სიმფონიების გამოცემა, როგორიცაა ალექსანდრე კრუდენის მიერ შედგენილი სიმფონია (1737 წ.) და „მეფე ჯეიმზის თარგმანის“ ორი სრული სიმფონია. მათგან ერთი რობერტ იანგმა მოამზადა (პირველად გამოიცა ედინბურგში 1873 წელს), ხოლო მეორე ჯეიმზ სტრონგმა (გამოიცა ნიუ-იორკში 1894 წელს).
20. რა იყო „ტექსტუს რეცეპტუსი“ და რას დაედო საფუძვლად ეს ტექსტი?
20 „ტექსტუს რეცეპტუს“ (Textus Receptus). სტეფანოსს ეკუთვნის ბერძნული „ახალი აღთქმის“ რამდენიმე გამოცემაც. ისინი ძირითადად ეფუძნებოდა ერაზმ როტერდამელის ტექსტს და შესწორებული იყო 1522 წელს გამოცემული „კომპლუტენსის პოლიგლოტისა“ და წინა საუკუნეებით დათარიღებული 15 მინუსკულური ხელნაწერის მიხედვით. სტეფანოსის მესამე გამოცემა (1550 წ.) იქცა საყოველთაოდ აღიარებულ ბერძნულ ტექსტად (ლათინურად „ტექსტუს რეცეპტუს“). ის საფუძვლად დაედო მე-16 საუკუნის სხვა ინგლისურ თარგმანებსა და 1611 წელს გამოცემულ „მეფე ჯეიმზის თარგმანს“ (King James Version).
21. რომელი გაუმჯობესებული ტექსტები გამოიცა მე-18 საუკუნიდან და რომელ თარგმანებს დაედო საფუძვლად ეს ტექსტები?
21 გაუმჯობესებული ბერძნული ტექსტები. მოგვიანებით გამოიცა გაუმჯობესებული ბერძნული ტექსტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია იოჰან გრისბახის ნაშრომი. მას ხელთ ჰქონდა ასობით ბერძნული ხელნაწერი, რომლებიც ხელმისაწვდომი გახდა მე-18 საუკუნის ბოლოსთვის. გრისბახის ბერძნული ტექსტის სრული ვარიანტის საუკეთესო გამოცემა გამოქვეყნდა 1796—1806 წლებში. ის საფუძვლად დაედო 1840 წელს გამოცემულ შარფის ინგლისურ თარგმანს. გრისბახის ბერძნული ტექსტი დაიბეჭდა „ემფატიკ დიაგლოტში“ (The Emphatic Diaglott), რომლის პირველი გამოცემის გამოქვეყნებაც 1864 წელს დასრულდა. სხვა გაუმჯობესებული ტექსტები მოამზადეს კონსტანტინე ფონ ტიშენდორფმა (1872 წ.) და ჰერმან ფონ ზოდენმა (1910 წ.). ფონ ზოდენის ტექსტის საფუძველზე მომზადდა მოფატის ინგლისური თარგმანი (1913 წ.).
22. ა) რომელმა ბერძნულმა ტექსტმა მოიპოვა ფართო აღიარება? ბ) რომელ ინგლისურ თარგმანებს დაედო საფუძვლად ეს ტექსტი?
22 უესტკოტისა და ჰორტის ტექსტი. ფართო აღიარება მოიპოვა ბერძნულმა ტექსტმა, რომელიც 1881 წელს გამოსცეს კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორებმა, ბრუკ უესტკოტმა და ფენტონ ჰორტმა. უესტკოტისა და ჰორტის ბერძნული ტექსტის საფუძველზე ამავე წელს გადაამუშავეს „ახალი აღთქმის“ ინგლისური თარგმანი. ამ პროექტზე უესტკოტი და ჰორტიც მუშაობდნენ. უესტკოტისა და ჰორტის ტექსტი საფუძვლად დაედო ინგლისურ ენაზე გამოცემულ ქრისტიანულ-ბერძნული წერილების „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“. ამ ტექსტზე დაყრდნობით მომზადდა აგრეთვე შემდეგი ინგლისური თარგმანები: The Emphasised Bible, American Standard Version, An American Translation (სმითი-გუდსპიდი) და Revised Standard Versione. ჩამოთვლილთაგან ბოლო თარგმანის მომზადებისას ნესტლეს ტექსტიც გამოიყენეს.
23. კიდევ რომელი ბერძნული ტექსტები გამოიყენეს „ახალი ქვეყნიერების თარგმანზე“ მუშაობისას?
23 ნესტლეს ბერძნული ტექსტი (მე-18 გამოცემა, 1948 წელი) შედარების მიზნით ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანის კომიტეტმაც გამოიყენა. გარდა ამისა, გამოყენებულ იქნა ხოსე ბოვერისა (1943 წ.) და ავგუსტინე მერკის (1948 წ.) ტექსტები. 1984 წლის გამოცემაზე მუშაობისას („ახალი ქვეყნიერების თარგმანი — სქოლიოებით“) სქოლიოების განსაახლებლად მოიშველიეს გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოებებისა (1975 წ.) და ნესტლე-ალანდის (1979 წ.) ტექსტებიf.
24. რომელი ძველი თარგმანები გაითვალისწინეს „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ მომზადებისას?
24 ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ძველი თარგმანები. ბერძნული ხელნაწერების გარდა დღეს შესაძლებელია სხვა ენებზე ნათარგმნი ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ხელნაწერების შესწავლა. არსებობს ძველი ლათინური თარგმანების 50-ზე მეტი ხელნაწერი (ან ფრაგმენტი) და იერონიმეს ლათინური ვულგატის ათასობით ხელნაწერი. ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანის კომიტეტი იყენებდა როგორც ამ ხელნაწერთა ტექსტებს, ისე კოპტურ, სომხურ და სირიულ თარგმანებსg.
25. რა მხრივ არის განსაკუთრებით საინტერესო ბერძნული წერილების ებრაული თარგმანები?
25 სულ მცირე, მე-14 საუკუნიდან დაიწყეს ბერძნული წერილების თარგმნა ებრაულ ენაზე. ეს თარგმანები იმით არის საინტერესო, რომ ზოგიერთ მათგანში აღდგენილია ღვთის სახელი. „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ (სქოლიოებიანი გამოცემა) ბევრგან არის მითითებული ეს ებრაული თარგმანები. მათი სიმბოლოა „J“ შესაბამისი ციფრული ინდექსით. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ დანართი 1დ, „ღვთის სახელი ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში“.
ტექსტობრივი სხვაობები და მათი მნიშვნელობა
26. რამ განაპირობა ტექსტობრივი სხვაობები და როგორ წარმოიშვა ხელნაწერთა ჯგუფები?
26 ქრისტიანულ-ბერძნული წერილების 13 000-ზე მეტ ხელნაწერს შორის ბევრი ტექსტობრივი სხვაობაა. არაერთი ასეთი განსხვავება უშუალოდ ბერძნულ ენაზე შესრულებულ 5 000 ხელნაწერშიც გვხვდება. ბუნებრივია, რომ უძველეს ხელნაწერთა ასლების გაკეთებისას გადამწერებს გაეპარებოდათ შეცდომები. როცა ასეთი ხელნაწერი სხვა ადგილამდე აღწევდა და მისი გადაწერა ხდებოდა, შეცდომები ახალ ასლებშიც გადადიოდა. ასე იქმნებოდა მსგავსი ხელნაწერების ჯგუფები. საგანგაშო ხომ არ არის გადამწერთა მიერ დაშვებული შეცდომები? ხომ არ მეტყველებს ეს იმაზე, რომ გადამწერები უგულისყუროდ ეკიდებოდნენ ამ საქმეს? სრულებითაც არა!
27. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანულ-ბერძნული წერილები ტექსტობრივად ზუსტია?
27 ფენტონ ჰორტი, უესტკოტისა და ჰორტის ტექსტის თანაავტორი, წერს: „ახალი აღთქმის სიტყვების აბსოლუტური უმრავლესობა არ ექვემდებარება კრიტიკას, რადგან მათი ტექსტობრივი სხვაობები არ არსებობს . . . თუ არ ჩავთვლით უმნიშვნელო წვრილმანებს, შეიძლება ითქვას, რომ სიტყვები, რომლებიც ჯერ კიდევ იწვევს ეჭვს, მთლიანი ახალი აღთქმის სიტყვების მეათასედსაც კი არ შეადგენს“h.
28, 29. ა) რა დასკვნის გაკეთება შეიძლება ჩვენამდე მოღწეული ბერძნული ტექსტის შესახებ? ბ) რა თქვა ერთმა მეცნიერმა ამასთან დაკავშირებით?
28 დასკვნა. რა დასკვნის გაკეთება შეიძლება დღეს ტექსტის სიზუსტისა და სანდოობის შესახებ? ჩვენ გვაქვს ათასობით ბიბლიური ხელნაწერი, რომელთა შორისაც არის გასულ ათწლეულებში აღმოჩენილი უძველესი ხელნაწერები. მათგან ყველაზე ძველი თარიღდება დაახლოებით ახ. წ. 125 წლით, რომელსაც ორიოდე ათწლეული აშორებს ახ. წ. 100 წელთან, მოციქულ იოანეს სიკვდილის მიახლოებით თარიღთან. ეს ხელნაწერები იმის უდავო მტკიცებაა, რომ ჩვენ გვაქვს სანდო და მაქსიმალურად ზუსტი ბერძნული ტექსტი. ყურადღება მიაქციეთ, რა თქვა ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიტანეთის მუზეუმის ყოფილმა დირექტორმა ფრედერიკ კენიონმა:
29 „დედნისეული ტექსტებისა და დღემდე მოღწეული უძველესი ხელნაწერების შექმნის თარიღებს შორის დროის იმდენად მცირე მონაკვეთი რჩება, რომ თავისუფლად შეიძლება მისი უგულებელყოფა. ამით კი ქარწყლდება უკანასკნელი ეჭვი იმისა, რომ წმინდა წერილები ჩვენამდე პირვანდელი სახით არ მოსულა. ახალი აღთქმის წიგნების სანდოობისა და, მთლიანობაში, სიზუსტის საკითხი საბოლოოდ გარკვეულია. თუმცა ერთია სიზუსტე მთლიანობაში და მეორეა სიზუსტე დეტალებში“i.
30. რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მკითხველს ზუსტად გადასცემს იეჰოვას სიტყვას?
30 რაც შეეხება „სიზუსტეს დეტალებში“, საინტერესოა ჰორტის ციტატა, რომელიც 27-ე აბზაცშია მოყვანილი. ტექსტის დეტალებში დაზუსტება ტექსტოლოგების საქმეა და მათ ამ მხრივ საკმაოდ ბევრი რამ გააკეთეს. სწორედ ამიტომ უესტკოტისა და ჰორტის ბერძნული ტექსტი ერთ-ერთ საუკეთესო ნაშრომადაა აღიარებული. ამდენად, „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ქრისტიანულ-ბერძნული წერილები, რომელიც ამ ტექსტზეა დაფუძნებული, მკითხველს ზუსტად გადასცემს „იეჰოვას სიტყვას“ — ისე, როგორც ძველმა ხელნაწერებმა შემოგვინახეს (1 პეტ. 1:24, 25).
31. ა) რატომ განგვიმტკიცა ბერძნული ტექსტისადმი ნდობა თანამედროვე აღმოჩენებმა? ბ) 309-ე გვერდზე მოცემული სქემის დახმარებით აღნიშნეთ, რომელი ძირითადი და დამატებითი წყაროების საფუძველზე მომზადდა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ქრისტიანულ-ბერძნული წერილები?
31 საყურადღებოა ფრედერიკ კენიონის აზრი: „ახალი აღთქმის ტექსტისადმი ნდობა განსაკუთრებით განგვიმტკიცა თანამედროვე აღმოჩენებმა. ამ აღმოჩენებმა საკმაოდ შეამცირა ინტერვალი თავდაპირველი ხელნაწერებისა და უძველესი ასლების შესრულების თარიღებს შორის და ნათელყო, რომ ხელნაწერებს შორის არსებული განსხვავებები გავლენას არ ახდენს ქრისტიანული მრწამსის ფუნდამენტურ სწავლებებზე“ (Our Bible and the Ancient Manuscripts, 1962, გვ. 249). როგორც ნაჩვენებია 309-ე გვერდზე მოცემულ სქემაზე «წყაროები, რომელთა საფუძველზეც მომზადდა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“», ძირითადის გარდა გამოიყენეს დამატებითი ტექსტებიც, რათა ინგლისური თარგმანის სიზუსტე მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული. ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანის კომიტეტმა გამოიყენა საუკუნეების მანძილზე შექმნილი საუკეთესო ნაშრომები. ჩვენ გვჯერა, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ნამდვილად ის „ჯანსაღი სიტყვებია“, რომლებიც იესო ქრისტეს მოწაფეებმა ღვთის შთაგონებით დაწერეს. კვლავაც ჩავეჭიდოთ ამ ფასდაუდებელ სიტყვებს რწმენითა და სიყვარულით! (2 ტიმ. 1:13).
32. რატომ იყო საჭირო ასეთი საფუძვლიანი განხილვა წმინდა წერილების ხელნაწერებთან და ტექსტთან დაკავშირებით?
32 ეს და წინა გამოკვლევა მიეძღვნა წმინდა წერილების ხელნაწერებთან და ტექსტთან დაკავშირებული საკითხების განხილვას. რატომ იყო საჭირო ასეთი საფუძვლიანი გამოკვლევა? სხვაგვარად ვერ დავრწმუნდებოდით, რომ ებრაულმა და ბერძნულმა წერილებმა ჩვენამდე იმავე სახით მოაღწია, როგორც თავის დროზე დაიწერა იეჰოვას შთაგონებით. ბიბლიის დამწერები ღვთისგან იყვნენ შთაგონებული. გადამწერები კი, თუმცა გამოცდილნი და უნარიანნი იყვნენ, ღვთის შთაგონებით არ ასრულებდნენ თავიანთ საქმეს (ფსალმ. 45:1; 2 პეტ. 1:20, 21; 3:16). ამიტომ იყო აუცილებელი უამრავი ხელნაწერის გულდასმით გამოკვლევა და იმ უშეცდომო ტექსტის დადგენა, რომელიც იეჰოვასგან მომდინარეობს. ჩვენ ვემადლიერებით იეჰოვას იმისთვის, რომ ბიბლია გვაჩუქა და მისი მეშვეობით გვამცნო თავისი სამეფოს შესახებ!
[სქოლიოები]
a „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 354, 355 (ინგლ.).
b იხილეთ გვერდი 176, აბზაცი 6.
c „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 323 (ინგლ.); New Bible Dictionary, მეორე გამოცემა, 1986, ჯ. დაგლასი, გვ. 1187.
d New Bible Dictionary, მეორე გამოცემა, გვ. 1187.
e იხილეთ ცხრილი „ბიბლიის ავტორიტეტული თარგმანები შვიდ გავრცელებულ ენაზე“, 322-ე გვერდზე.
f „ბერძნული წერილების სამეფოს სტრიქონობრივი თარგმანი“, 1985, გვ. 8, 9 (ინგლ.).
g სქოლიოებიან გამოცემაში (ინგლ.) იხილეთ შემდეგი მუხლების სქოლიოები: ლუკა 24:40; იოანე 5:4; საქმეები 19:23; 27:37; გამოცხადება 3:16.
h The New Testament in the Original Greek, 1974, ტ. I, გვ. 561.
i The Bible and Archaeology, 1940, გვ. 288, 289.