თავი 11
ეს უკანასკნელი დღეებია!
1. რატომ არის მრავალი ადამიანი საგონებელში ჩავარდნილი, როდესაც აკვირდება მსოფლიო მდგომარეობას და სად შეგვიძლია მოვნახოთ სარწმუნო განმარტება მსოფლიო მოვლენების შესახებ?
როგორ მივიდა ჩვენი მშფოთვარე მსოფლიო ამ მდგომარეობამდე? საით მივდივართ? — დაგისვამს ოდესმე მსგავსი კითხვები? მრავალი ადამიანი საგონებელში ვარდება, როდესაც აკვირდება მსოფლიო მდგომარეობას. ისეთმა მოვლენებმა, როგორიცაა: ომები, ავადმყოფობა და დამნაშავეობა, ადამიანებში წამოჭრა კითხვა, თუ რას მოიტანს მომავალი. სახელმწიფოს მეთაურები მცირე იმედს იძლევიან. მაგრამ ღმერთი თავის სიტყვაში სარწმუნო განმარტებას იძლევა მწუხარების გამომწვევი დღეების შესახებ. ბიბლია საიმედო დახმარებას გვთავაზობს, რომ დავინახოთ, დროის რომელ მონაკვეთში ვიმყოფებით. ის გვიჩვენებს, რომ ვიმყოფებით თანამედროვე სისტემის „უკანასკნელ დღეებში“ (2 ტიმოთე 3:1).
2. რა კითხვა დაუსვეს მოწაფეებმა იესოს და რა უპასუხა მან?
2 მაგალითად, ყურადღება მიაქციე პასუხს, რომელიც იესომ გასცა თავისი მოწაფეების მიერ წამოჭრილ რამდენიმე კითხვას. სიკვდილამდე სამი დღით ადრე მოწაფეებმა ჰკითხეს იესოს: „რა იქნება შენი თანდასწრებისა და ამ სისტემის აღსასრულის ნიშანი?“a (მათე 24:3, აქ). პასუხად იესომ ამცნო განსაკუთრებული მსოფლიო მოვლენები და ვითარებები, რაც ნათელყოფდა, რომ ეს უღმერთო სისტემა იქნებოდა თავისი არსებობის უკანასკნელ დღეებში.
3. რატომ გაუარესდა მდგომარეობა დედამიწაზე, როდესაც იესომ მმართველობა დაიწყო?
3 როგორც წინა თავში იყო ნაჩვენები, ბიბლიურ ქრონოლოგიას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ ღვთის სამეფო უკვე შეუდგა მმართველობას. მაგრამ როგორ შეიძლება ეს ასე იყოს? მდგომარეობა კი არ გაუმჯობესდა, არამედ გაუარესდა. ეს კი იმის მკაფიო მაჩვენებელია, რომ ღვთის სამეფომ დაიწყო მმართველობა. როგორ? ფსალმუნის 109:2 გვამცნობს, რომ იესო დროებით იბატონებდა ‘თავის მტრებს შორის’. მართლაც, მისი პირველი მოქმედება, როგორც ზეციერი მეფის, იყო ის, რომ მან სატანა და მისი დემონები გადმოყარა დედამიწის შემოგარენში (გამოცხადება 12:9). რა მოჰყვა ამას შედეგად? ზუსტად ის, რაც გამოცხადების 12:12-ში იყო ნაწინასწარმეტყველები: „ვაი, მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით, რადგან იცის, რომ დრო მცირეღა დარჩა“. ახლა ჩვენ ვცხოვრობთ ამ ‘მცირე დროში’.
4. რომელია უკანასკნელი დღეების ზოგიერთი თავისებურება და რას უჩვენებს ეს? (იხილე ჩარჩო).
4 ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ იესოს პასუხი კითხვაზე, თუ რა იქნებოდა მისი თანდასწრებისა და სისტემის აღსასრულის ნიშანი, გამომაფხიზლებელი იყო. ნიშნის სხვადასხვა შემადგენელ ნაწილს ნახავ 102-ე გვერდზე მოცემულ ჩარჩოში. როგორც ხედავ, პავლემ, პეტრემ და იოანემ — ქრისტიანმა მოციქულებმა — უკანასკნელ დღეებთან დაკავშირებით შემდგომი დაწვრილებითი ცნობები მოგვაწოდეს. მართალია, ნიშნისა და უკანასკნელი დღეების მიმანიშნებელი მოვლენების უმრავლესობა დამამწუხრებელ ვითარებებს მოიცავს, მაგრამ ამ წინასწარმეტყველებების შესრულებამ უნდა დაგვარწმუნოს, რომ ბოროტი სისტემის აღსასრული ახლოსაა. მოდი, ყურადღებით განვიხილოთ უკანასკნელი დღეების ზოგიერთი მთავარი თავისებურება.
უკანასკნელი დღეების თავისებურებები
5, 6. როგორ სრულდება წინასწარმეტყველებები ომებზე და შიმშილობებზე?
5 „აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ“ (მათე 24:7; გამოცხადება 6:4). მწერალმა ერნესტ ჰემინგუეიმ პირველ მსოფლიო ომს უწოდა «დედამიწაზე ოდესმე მომხდარი ომებიდან ყველაზე კოლოსალური, სისხლისმღვრელი და უმართავი „სასაკლაო“». წიგნი „მსოფლიო მძიმე განსაცდელში — 1914–1919 წლები“ (The World in the Crucible — 1914-1919) ამბობს, რომ ეს იყო „ომის ახალი მასშტაბები, პირველი ტოტალური ომი კაცობრიობის ცხოვრებაში. მისი ხანგრძლივობა, ინტენსიურობა და მასშტაბები აღემატებოდა მანამდე ცნობილსა და საერთოდ მოსალოდნელ ომებს“. შემდეგ მოხდა მეორე მსოფლიო ომი, რომელიც უფრო დამანგრეველი იყო, ვიდრე პირველი მსოფლიო ომი. ისტორიკოსი, პროფესორი ჰიუ თომასი ამბობს: „მეოცე საუკუნეზე ბატონობდა ტყვიამფრქვევი, ტანკი, B-52 [ბომბდამშენი], ატომური ბომბი და ბოლოს, რეაქტიული რაკეტა. ეს საუკუნე აღინიშნება უფრო სისხლისმღვრელი და გამანადგურებელი ომებით, ვიდრე სხვა რომელიმე ასწლეული“. მართალია, „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ბევრი რამ ითქვა განიარაღების შესახებ. მაგრამ ერთ-ერთი ცნობის თანახმად გამოთვლილია, რომ დაგეგმილი შემცირების შემდეგ დარჩება დაახლოებით 10 000-დან 20 000-მდე ბირთვული ბომბი, რაც 900-ჯერ აღემატება მეორე მსოფლიო ომის დროს გამოყენებულ საცეცხლე ძალას.
6 „იქნება შიმშილი“ (მათე 24:7; გამოცხადება 6:5, 6, 8). ათას ცხრაას თოთხმეტი წლიდან შიმშილობის, სულ მცირე, 20 დიდი შემთხვევა იყო. დაზარალდა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: ბანგლადეში, ბურუნდი, ეთიოპია, ინდოეთი, კამბოჯა, ნიგერია, რუანდა, რუსეთი, საბერძნეთი, სომალი, სუდანი და ჩინეთი. მაგრამ შიმშილობას ყოველთვის საკვები პროდუქტების უკმარისობა როდი განაპირობებს. „ბოლო ათწლეულების მანძილზე მსოფლიოს საკვების მარაგი უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე მსოფლიოს მოსახლეობა, — დაასკვნა აგროკულტურის მეცნიერთა და ეკონომისტთა ჯგუფმა. — მაგრამ ყველაზე მცირე, 800 მილიონი ადამიანი ძალიან ღარიბია და ამის გამო. . . მათ არ შეუძლიათ იყიდონ უხვად არსებული საკვების საკმარისი რაოდენობა, რაც იხსნიდა მათ კვების ქრონიკული ნაკლებობისგან“. სხვა შემთხვევებში პოლიტიკური ჩარევა ფიგურირებს. ტორონტოს უნივერსიტეტის დოქტორს, აბდელგალილ ელმეკის მოჰყავს ორი მაგალითი, რომლის თანახმადაც ათასობით ადამიანი შიმშილობდა იმ დროს, როცა მათი ქვეყნები ექსპორტირებას უწევდნენ საკვების დიდ რაოდენობას. როგორც ჩანს, მთავრობები უფრო მეტად ვალუტის შეძენისთვის ზრუნავენ, ვიდრე თავიანთი მოქალაქეების გამოკვებისთვის. რა დასკვნა გააკეთა დოქტორმა ელმეკიმ? შიმშილობაზე, ხშირად, „განაწილება და მთავრობის პოლიტიკაა პასუხისმგებელი“.
7. რა ფაქტები არსებობს ჩვენს დროში ეპიდემიებთან დაკავშირებით?
7 „მოსრვა, [ეპიდემიები, აქ]“ (ლუკა 21:11; გამოცხადება 6:8). სულ მცირე, 21 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა „ესპანურმა გრიპმა“ 1918—1919 წლებში. „დიდ ეპიდემიაში“ (The Great Epidemic) ა. ა. ჰოუელინგი წერს: „არასოდეს ისტორიაში მსოფლიო არ გაუჩანაგებია ისეთ მკვლელს, რომელსაც ასე სწრაფად მოესპოს ამდენი ადამიანის სიცოცხლე“. დღეს ეპიდემიები შეუჩერებლივ ვრცელდება. ყოველწლიურად კიბო ხუთ მილიონ ადამიანს სპობს, დიარეის გამომწვევ დაავადებებს ახალშობილებისა და ბავშვების სამ მილიონზე მეტი სიცოცხლე მიაქვს, ტუბერკულოზი კლავს სამ მილიონ ადამიანს. სასუნთქი ორგანოების ინფექციური დაავადებები, ძირითადად კი პნევმონია, ყოველწლიურად სპობს 3,5 მილიონი ბავშვის სიცოცხლეს, ხუთი წლის ასაკამდე. და გამაოგნებელი რიცხვი, 2,5 მილიარდი — მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი — დაავადებულია ანტისანიტარიისა და წყლის უკმარისობის ან გაბინძურების გამო. შიდს-ი წარმოადგენს იმის შემდგომ შეხსენებას, რომ მედიცინაში მნიშვნელოვანი მიღწევების მიუხედავად, ადამიანს არ შეუძლია აღმოფხვრას ეპიდემიები.
8. როგორ ამტკიცებენ ადამიანები, რომ „ვერცხლის მოყვარენი“ არიან?
8 „ადამიანები იქნებიან. . . ვერცხლის მოყვარენი“ (2 ტიმოთე 3:2). როგორც ჩანს, მთელ მსოფლიოში ადამიანებს აქვთ გაუმაძღარი ლტოლვა სიმდიდრისკენ. „წარმატებას“, ხშირად, განსაზღვრავენ პიროვნების ხელფასის ოდენობის მიხედვით, „მიღწევას“ კი იმით, თუ რამდენ სიმდიდრეს ფლობს პიროვნება. „მატერიალიზმი ისევ იქნება ამერიკის საზოგადოების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა. . . ასევე, მზარდი მნიშვნელობის მქონე ძალა სხვა მთავარ საბაზრო ტერიტორიებზე“, — განაცხადა სარეკლამო სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტმა. იგივე ხდება თუ არა იქ, სადაც შენ ცხოვრობ?
9. რა შეიძლება ითქვას წინასწარმეტყველებაზე, რომელიც მშობლებისადმი ურჩობას ეხება?
9 „მშობლების ურჩნი“ (2 ტიმოთე 3:2). დღეს მშობლებს, მასწავლებლებსა და სხვებს აქვთ იმის უშუალო მტკიცება, რომ ბავშვები უზრდელები და ურჩები არიან. ამ მოზარდებიდან ზოგიერთი ან იწონებს, ან ბაძავს თავისი მშობლების არასწორ ქცევას. ბავშვების მზარდი უმრავლესობა ნდობას კარგავს სკოლის, კანონის, რელიგიისა და თავიანთი მშობლების მიმართ და ჯანყდება მათ წინააღმდეგ. სკოლის ერთ-ერთი გამოცდილი მასწავლებელი ამბობს: „როგორც ჩანს, მათი ტენდენციაა, უპატივცემლობა ჰქონდეთ ყველაფრის მიმართ“. მაგრამ, საბედნიეროდ, მრავალი ღვთისმოშიში ბავშვი სამაგალითოა ყოფაქცევაში.
10, 11. რა ცხადყოფს, რომ ადამიანები არიან სასტიკნი და ნამდვილ სიყვარულს მოკლებულნი?
10 „სასტიკნი“ (2 ტიმოთე 3:3). ბერძნული სიტყვა, რომელიც ითარგმნა სიტყვით „სასტიკნი“, ნიშნავს ‘მოუთვინიერებელს, თავაწყვეტილს, ადამიანურ თანაგრძნობასა და სიბრალულს მოკლებულს’. რა კარგად აღწერს ეს დღევანდელ ძალმომრეობაში დამნაშავე პიროვნებებს! ერთ-ერთ მოწინავე წერილში ნათქვამი იყო: „ცხოვრება ისეთ გულისტკივილს გვაყენებს, იმდენად სავსეა სისხლით გაჟღენთილი საშინელებებით, რომ ახალი ამბების წასაკითხავად ქვის გული უნდა გქონდეს“. საცხოვრებელი სახლის დამცველმა, პოლიციის სერჟანტმა, აღნიშნა, რომ მრავალი ახალგაზრდა, როგორც ჩანს, თვალს იბრმავებს საკუთარი მოქმედებების შედეგების მიმართ. მან თქვა: «ასეთი თვალსაზრისია: „არ ვიცი, რას მომიტანს ხვალინდელი დღე. რაც მინდა, დღესვე უნდა მქონდეს“».
11 „არამოყვარულნი“ (2 ტიმოთე 3:3, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). ეს სიტყვა გადმოთარგმნილია ბერძნული სიტყვიდან, რომელიც ნიშნავს „უგულოს, არაადამიანურს“ და მიუთითებს „ბუნებრივი, ოჯახური სიყვარულის ნაკლებობაზე“ („ახალი აღთქმის ღვთისმეტყველების ახალი საერთაშორისო ლექსიკონი“ [The New International Dictionary of New Testament Theology]). დიახ, სიყვარული, ხშირად, არ არის სწორედ იმ გარემოში, სადაც ის უნდა ყვაოდეს — ოჯახში. გავრცელდა შემაშფოთებელი ცნობები მეუღლეების, ბავშვებისა და მოხუცებული მშობლებისადმიც კი უხეში მოპყრობის შესახებ. მკვლევართა ერთ-ერთმა ჯგუფმა ასეთი კომენტარი გააკეთა: „ძალადობა, სილის გარტყმა თუ ხელის ძლიერი კვრა, დანით დამუქრება თუ იარაღის გასროლა — უფრო ხშირად ოჯახურ წრეში ხდება, ვიდრე საზოგადოების სხვა სფეროში“.
12. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანები მოსაჩვენებლად არიან ღვთისმოსავები?
12 „მოსაჩვენებლად ღვთისმოსაობის მსახურნი, მაგრამ მისი ძალისაგან განდგომილნი“ (2 ტიმოთე 3:5, სსგ). ბიბლიას აქვს ძალა, პიროვნების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს (ეფესელთა 4:22–24). მაგრამ დღეს მრავალი ადამიანი თავის რელიგიას საფარივით იყენებს, რომ მის მიღმა ღმერთის გამაღიზიანებელი საქმეები აკეთოს. ხშირად, რელიგიური წინამძღოლები თვალს ხუჭავენ სიცრუეზე, ქურდობასა და სექსუალურ უზნეობაზე. მრავალი რელიგია ქადაგებს სიყვარულის შესახებ, მაგრამ მხარს უჭერს ომებს. ჟურნალში „ინდია ტუდეი“ (India Today) მოწინავე წერილმა აღნიშნა: „უზენაესი შემოქმედის სახელით ადამიანებმა ჩაიდინეს ყველაზე საზიზღარი, სასტიკი დანაშაულობები თავიანთი მოყვასის წინააღმდეგ“. სინამდვილეში, ჩვენი საუკუნის ორი ყველაზე სისხლისმღვრელი კონფლიქტი — პირველი და მეორე მსოფლიო ომები — წამოიწყო ქრისტიანული სამყაროს შუაგულში.
13. რა ამტკიცებს, რომ დედამიწა ისპობა?
13 „დედამიწის მომსპობნი“ (გამოცხადება 11:18). გაფრთხილება, რომელიც მოიწონა მთელი მსოფლიოს 1 600-ზე მეტმა მეცნიერმა, მათ შორის ნობელის პრემიის 104-მა ლაურეატმა და რომელიც გამოაქვეყნა ეკოლოგიით დაინტერესებულმა მეცნიერების კავშირმა (Union of Concerned Scientists [UCS]), იუწყებოდა: „ადამიანებსა და გარემოს შეუთანხმებლობა აქვთ. . . სულ რამდენიმე ათწლეული დარჩა იმ დრომდე, როცა დაიკარგება საფრთხის არიდების შესაძლებლობა“. ცნობაში ნათქვამი იყო, რომ ადამიანის მოღვაწეობას, რომელიც სიცოცხლეს ემუქრება, „ისე შეუძლია შეცვალოს სამყარო, რომ ის ხელს ვეღარ შეუწყობს სიცოცხლეს ისე, როგორც ეს აქამდე იყო“. ოზონის ფენის შეთხელება, წყლის გაბინძურება, ტყის გაჩანაგება, ნიადაგის გამოფიტვა და ცხოველებისა და მცენარეების მრავალი სახეობის გადაშენება მოხსენიებული იყო, როგორც გადაუდებელი პრობლემები, რომლებსაც გადაწყვეტა ესაჭიროება. UCS-მა აღნიშნა: „ჩვენს ჩარევას ეკოლოგიურ სისტემაში შეუძლია გამოიწვიოს ფართოდ გავრცელებული ეფექტი, რომელშიც შედის იმ ბიოლოგიური სისტემის რღვევა, რომლის მამოძრავებელი ძალებიც ჩვენ ბოლომდე არ გვესმის“.
14. როგორ შეგიძლია დაამტკიცო, რომ მათეს 24:14 ჩვენს დღეებში სრულდება?
14 „ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე [კეთილი ცნობა სამეფოს შესახებ, აქ] მთელს მსოფლიოს“ (მათე 24:14). იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ეს კეთილი ცნობა სამეფოს შესახებ ექადაგება მთელ დედამიწაზე ყველა ერს დასამოწმებლად. ღვთის დახმარებითა და კურთხევით იეჰოვას მილიონობით მოწმე მილიარდობით საათს უძღვნის სამქადაგებლო და მოწაფეების მომზადების საქმიანობას (მათე 28:19, 20). დიახ, იეჰოვას მოწმეებს შეგნებული აქვთ, რომ თუ არ გააცხადებენ კეთილ ცნობას, მკვლელობაში იქნებიან დამნაშავეები (ეზეკიელი 3:18, 19). მაგრამ ისინი ხარობენ, რომ ყოველ წელს ათასობით ადამიანი მადლიერებით ეხმაურება სამეფოს ცნობას და ირჩევს ჭეშმარიტ ქრისტიანად, ესე იგი იეჰოვას მოწმედ ყოფნას. ეს ფასდაუდებელი უპირატესობაა, ემსახურო იეჰოვას და ამით გაავრცელო ღვთის შემეცნება. და როცა ეს კეთილი ცნობა სამეფოს შესახებ დედამიწის მთელ მოსახლეობას ექადაგება, დადგება ამ ბოროტი სისტემის აღსასრული.
გამოეხმაურე მტკიცებას
15. როგორ დასრულდება თანამედროვე ბოროტი სისტემა?
15 როგორ დასრულდება ეს სისტემა? ბიბლია წინასწარმეტყველებს ‘დიდი გასაჭირის’ შესახებ, რომელიც დაიწყება იმით, რომ მსოფლიო პოლიტიკური ელემენტები თავს დაესხმიან ‘დიდ ბაბილონს’, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელს (მათე 24:21; გამოცხადება 17:5, 16). იესომ თქვა, რომ ამ დროის განმავლობაში ‘მზე დაბნელდებოდა და მთვარე აღარ გამოსცემდა თავის შუქს, ვარსკვლავები ჩამოცვივდებოდნენ და ციური ძალები შეირყეოდნენ’ (მათე 24:29). ეს, შესაძლოა, პირდაპირი მნიშვნელობით მიუთითებს ციურ მოვლენებზე. ყოველ შემთხვევაში, რელიგიური სამყაროს გამოჩენილ პიროვნებებს ამხელენ და გაანადგურებენ. შემდეგ სატანა, რომელსაც ეწოდება ‘გოგი მაგოგიდან’, გამოიყენებს გახრწნილ ადამიანებს, რომ იეჰოვას ხალხზე მოაწყონ გადამწყვეტი იერიში. მაგრამ სატანას არ ექნება წარმატება, ვინაიდან ღმერთი იხსნის თავის მსახურებს (ეზეკიელი 38:1, 2, 14–23). „დიდი გასაჭირი“ თავის უმაღლეს წერტილს მიაღწევს არმაგედონში, ‘ომში, ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდ დღეს’. ის მოსპობს სატანის მიწიერი ორგანიზაციის ბოლო კვალს და შესაძლებელს გახდის, რომ გადარჩენილ კაცობრიობაზე გადმოვიდეს უსასრულო კურთხევები (გამოცხადება 7:9, 14; 11:15; 16:14, 16; 21:3, 4).
16. საიდან ვიცით, რომ უკანასკნელ დღეებზე ნაწინასწარმეტყველები თავისებურებები განეკუთვნება ჩვენს დროს?
16 ერთი მხრივ, გეჩვენება, რომ უკანასკნელი დღეების ამწერი წინასწარმეტყველებების ზოგიერთი თავისებურება შეიძლება შეუსატყვისო ისტორიის სხვა პერიოდს. მაგრამ თუ ერთად მოუყრი თავს, ნაწინასწარმეტყველები მოვლენები მიუთითებენ ჩვენს დღეებზე. თვალსაჩინოებისთვის: პიროვნების თითის ანაბეჭდში შემავალი ხაზები წარმოქმნიან ისეთ ნიმუშს, რომელსაც ვერ მიაკუთვნებ სხვა პიროვნებას. ამის მსგავსად, უკანასკნელ დღეებს აქვს თავისი დამახასიათებელი თავისებურებები, ანუ მოვლენები. ეს მოვლენები ქმნიან „თითის ანაბეჭდს“, რომელსაც ვერ მიაკუთვნებ დროის სხვა პერიოდს. როდესაც ბიბლიურ მითითებებთან ერთად განვიხილავთ, რომ ღვთის ზეციერი სამეფო უკვე მმართველობს, მოვლენები გვთავაზობს მყარ საფუძველს დასკვნისთვის, რომ ეს ნამდვილად უკანასკნელი დღეებია. გარდა ამისა, არსებობს ნათელი ბიბლიური მტკიცება, რომ თანამედროვე ბოროტი სისტემა განადგურდება.
17. რისკენ უნდა აღგვძრას იმის ცოდნამ, რომ ეს ბოლო დღეებია?
17 როგორ გამოეხმაურები იმის მტკიცებას, რომ ეს უკანასკნელი დღეებია? ყურადღება მიაქციე შემდეგს: თუ მოსალოდნელია ულმობელი და დამანგრეველი ქარიშხალი, ჩვენ დაუყოვნებლივ მივიღებთ ზომებს თავის დასაცავად. ამიტომ, რასაც ბიბლია წინასწარმეტყველებს თანამედროვე სისტემის შესახებ, უნდა აღგვძრას მოქმედებისკენ (მათე 16:1–3). ჩვენ ნათლად შეგვიძლია დავინახოთ, რომ ვცხოვრობთ მსოფლიო სისტემის უკანასკნელ დღეებში. ამან უნდა აღგვძრას, მოვახდინოთ აუცილებელი ცვლილებები, რომ ღმერთის კეთილგანწყობილება გვქონდეს (2 პეტრე 3:3, 10–12). როდესაც საკუთარ თავზე მიუთითებდა, როგორც გადამრჩენზე, იესომ წარმოთქვა გადაუდებელი მოწოდება: „გაფრთხილდით, არ დამძიმდეს თქვენი გული ღრეობით, ლოთობითა და სიცოცხლეზე ზრუნვით, და იმ დღემ არ გიწიოთ მოულოდნელად. ვინაიდან ის, როგორც მახე, დაეცემა ყველა მკვიდრს მთელი დედამიწის ზურგზე. მაშ, ყოველჟამს იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა შეგეძლოთ ყოველგვარ ამ მოსახდენთაგან თავის დაღწევა და წარდგომა კაცის ძის წინაშე“ (ლუკა 21:34–36).
[სქოლიოები]
a ზოგიერთი ბიბლია სიტყვა „სისტემის“ ნაცვლად იყენებს სიტყვას „წუთისოფელი“. უ. ე. ვაინის „ახალი აღთქმის სიტყვების განმარტებითი ლექსიკონი“ (Expository Dictionary of New Testament Words) ამბობს, რომ ბერძნული სიტყვა „აი·ონʹ“-ი „ნიშნავს გაურკვეველი ხანგრძლივობის პერიოდს ან დროს, რომელსაც განიხილავენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ამ პერიოდში“. პარკჰერსტის „ახალი აღთქმის ბერძნული და ინგლისური ლექსიკონი“ (Greek and English Lexicon to the New Testament) (გვერდი 17) შეიცავს სიტყვას „სისტემა“, როდესაც განიხილავს ებრაელთა 1:2-ში სიტყვა „აი·ოʹნეს“-ის (მრავლობით რიცხვში) გამოყენებას. ამიტომ, გამოთქმა „სისტემა“ შეთანხმებულია ბერძნული ორიგინალის ტექსტთან.
შეამოწმე შენი ცოდნა
რა იწინასწარმეტყველა ბიბლიამ მსოფლიო მოვლენების განვითარებაზე ქრისტეს მმართველობის დასაწყისიდან?
რომელია უკანასკნელი დღეების ზოგიერთი თავისებურება?
რა გარწმუნებს იმაში, რომ ეს უკანასკნელი დღეებია?
[ჩარჩო 102 გვერდზე]
უკანასკნელი დღეების ზოგიერთი თავისებურება
• არნახული ომები (მათე 24:7; გამოცხადება 6:4).
• შიმშილობა (მათე 24:7; გამოცხადება 6:5, 6, 8).
• ეპიდემიები (ლუკა 21:11; გამოცხადება 6:8).
• უკანონობის გამრავლება (მათე 24:12).
• დედამიწის მომსპობნი (გამოცხადება 11:18).
• მიწისძვრები (მათე 24:7).
• კრიტიკული დრო, რომლის გამკლავებაც ძნელია (2 ტიმოთე 3:1).
• ფულისადმი გადამეტებული სიყვარული (2 ტიმოთე 3:2).
• მშობლების მიმართ ურჩობა (2 ტიმოთე 3:2).
• სიყვარულის ნაკლებობა (2 ტიმოთე 3:3).
• უფრო სიამოვნების მოყვარულები, ვიდრე ღვთისა (2 ტიმოთე 3:4).
• თავშეუკავებლობა (2 ტიმოთე 3:3).
• სიკეთის მოძულენი (2 ტიმოთე 3:3).
• ყურადღებას არ აქცევენ მოახლოებულ საფრთხეს (მათე 24:39).
• დამცინავები უარყოფენ მტკიცებას უკანასკნელი დღეების შესახებ (2 პეტრე 3:3, 4).
• გლობალური ქადაგება ღვთის სამეფოს შესახებ (მათე 24:14).
[მთელი 101 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]