თავი მესამე
მტკიცე ქორწინების ორი გასაღები
1, 2. ა) რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ქორწინება? ბ) როგორ არის ეს შესაძლებელი?
როცა ღმერთმა პირველი კაცი და ქალი შეაუღლა, მას არ უთქვამს, რომ ეს კავშირი დროებითი უნდა ყოფილიყო. ადამი და ევა მთელი ცხოვრება ერთად უნდა ყოფილიყვნენ (დაბადება 2:24). ღვთის თვალში ოჯახი ერთი კაცისა და ერთი ქალის შეუღლებით იქმნება. განქორწინებისა და ხელახლა დაქორწინების უფლებას ბიბლია მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებს, თუ ერთ-ერთმა მეუღლემ უღალატა მეორეს, ანუ სექსუალური უზნეობა ჩაიდინა (მათე 5:32).
2 მაგრამ იბადება კითხვა: რამდენად შესაძლებელია, რომ ორმა ადამიანმა ოჯახი შექმნას და დიდხანს იცხოვროს ბედნიერად? ბიბლია გვიმხელს ორ გასაღებს, რომელთა გამოყენების შემთხვევაშიც ეს სავსებით რეალური ხდება. მთავარია, ორივემ, ცოლმაც და ქმარმაც, გამოიყენოს ისინი, და მათ წინაშე გაიღება ბედნიერებისა და წარმატების კარი. რომელია ეს ორი გასაღები?
პირველი გასაღები
3. რომელი სამი სახის სიყვარულის შეძენაზე უნდა იფიქრონ მეუღლეებმა?
3 პირველი გასაღები არის სიყვარული. საინტერესოა, რომ ბიბლიაში სხვადასხვანაირი სიყვარულია მოხსენიებული. ერთ-ერთია თბილი გრძნობა სხვის მიმართ ანუ სიყვარული მეგობრებს შორის (იოანე 11:3). მეორეა სიყვარული, რაც ოჯახის წევრებს აქვთ ერთმანეთის მიმართ (რომაელები 12:10). მესამე კი — რომანტიკული სიყვარული ქალსა და მამაკაცს შორის (იგავები 5:15—20). მაგრამ მეოთხე სახის სიყვარული ფასდაუდებელია, თუმცა ცოლმაც და ქმარმაც ამ სამი სახის სიყვარულის შეძენაზეც უნდა იფიქროს.
4. რომელია მეოთხე სახის სიყვარული?
4 იმ ენაზე, რომელზეც ქრისტიანულ-ბერძნული წერილები დაიწერა, მეოთხე სახის სიყვარული გადმოცემულია სიტყვით — აგაპე. ეს სიტყვაა გამოყენებული 1 იოანეს 4:8-შიც, სადაც ნათქვამია: „ღმერთი სიყვარულია“. „ჩვენ კი გვიყვარს, რადგან მან [ღმერთმა] პირველმა შეგვიყვარა“ (1 იოანე 4:19). ასეთ სიყვარულს ქრისტიანი უპირველესად იეჰოვა ღმერთისადმი ავითარებს და შემდეგ ადამიანებისადმი (მარკოზი 12:29—31). სიტყვა აგაპე გამოყენებულია ეფესოელების 5:2-შიც, სადაც ვკითხულობთ: „იარეთ სიყვარულში, როგორც ქრისტემ შეგიყვარათ და თქვენთვის საკუთარი თავი გადასცა“. იესომ თქვა, რომ ასეთი სიყვარულით ამოიცნობდნენ მის ჭეშმარიტ მიმდევრებს: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ [აგაპე]“ (იოანე 13:35). სიტყვა აგაპე გვხვდება 1 კორინთელების 13:13-შიც: „ახლა კი რჩება რწმენა, იმედი და სიყვარული, მაგრამ ამ სამიდან სიყვარული [აგაპე] უდიდესია“.
5, 6. ა) რატომ არის სიყვარული რწმენასა და იმედზე უდიდესი? ბ) როგორ განამტკიცებს სიყვარული ქორწინებას?
5 რატომ არის აგაპე რწმენასა და იმედზე უდიდესი? სიყვარულის ეს ფორმა ბიბლიაში მოცემული სწორი პრინციპებით ხელმძღვანელობს (ფსალმუნი 119:105). ეს არის უანგარო მცდელობა იმისა, რომ ღვთის თვალსაზრისით კარგად მოექცე სხვას და სიკეთე გაუკეთო, იმისდა მიუხედავად, იმსახურებს თუ არა ამას. ასეთი სიყვარული მეუღლეებს ეხმარება, გაითვალისწინონ ბიბლიური რჩევა: „მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ. როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს“ (კოლოსელები 3:13). მოსიყვარულე ცოლ-ქმარი ავითარებს ‘გულითად სიყვარულს [აგაპე] ერთმანეთისადმი, რადგან ცოდვათა სიმრავლეს სიყვარული ფარავს’ (1 პეტრე 4:8). აღსანიშნავია, რომ სიყვარული ფარავს შეცდომებს და არა აღმოფხვრის მათ, რადგან ყველანი არასრულყოფილები ვართ და ვცდებით (ფსალმუნი 130:3, 4; იაკობი 3:2).
6 ღვთისა და ერთმანეთისადმი ასეთი სიყვარულის განვითარებით ცოლ-ქმარი მტკიცე და ბედნიერ ქორწინებას უყრის საფუძველს, რადგან „სიყვარული არასოდეს მთავრდება“ (1 კორინთელები 13:8). სიყვარული „გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლოსელები 3:14). როგორ შეიძლება პრაქტიკულად ასეთი სიყვარულის განვითარება ოჯახში? ერთად იკითხეთ ბიბლია და ისაუბრეთ მასზე. შეისწავლეთ, როგორ ავლენდა იესო სიყვარულს და შეეცადეთ, მიჰბაძოთ მას აზროვნებასა და საქციელში. დაესწარით ქრისტიანულ შეხვედრებს, სადაც ღვთის სიტყვას სწავლობენ. ილოცეთ და დახმარება სთხოვეთ იეჰოვას, რომ შეძლოთ განავითაროთ ეს სიყვარული, რაც ღვთის წმინდა სულის ნაყოფია (იგავები 3:5, 6; იოანე 17:3; გალატელები 5:22; ებრაელები 10:24, 25).
მეორე გასაღები
7. რა არის პატივისცემა და ვინ უნდა გამოავლინოს ის ქორწინებაში?
7 ნამდვილი სიყვარული წარმოუდგენელია პატივისცემის გარეშე, პატივისცემა კი ბედნიერი ქორწინების მეორე გასაღებია. პატივისცემა არის ადამიანის დაფასება, თავაზიანი მოპყრობა. ბიბლია ყველა ქრისტიანს, მათ შორის, ქმრებსა და ცოლებსაც ურჩევს: „პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“ (რომაელები 12:10). მოციქულმა პეტრემ დაწერა: „თქვენც, ქმრებო, შეძენილი ცოდნის თანახმად განაგრძეთ ცოლებთან ცხოვრება და პატივი მიაგეთ მათ, ქალებს, როგორც შედარებით სუსტ ჭურჭელს“ (1 პეტრე 3:7). ცოლი კი „დიდ პატივს უნდა სცემდეს“ ქმარს (ეფესოელები 5:33). ვისაც პატივს ვცემთ, არასდროს ვეპყრობით უხეშად, ვაფასებთ მის ღირსების გრძნობასა და შეხედულებებს და სიამოვნებით ვუსრულებთ ყველა გონივრულ თხოვნას.
8—10. როგორ შეუწყობს ხელს პატივისცემა ქორწინების განმტკიცებას და ბედნიერებას?
8 ქორწინებაში ურთიერთპატივისცემა იმაში გამოიხატება, რომ ვიზრუნოთ არა ‘მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე, არამედ სხვის კეთილდღეობაზეც’ (ფილიპელები 2:4). მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი, ეგოიზმია. გვმართებს, ვიფიქროთ, რა იქნება მეუღლისთვის უკეთესი და მისი კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვნად ჩავთვალოთ.
9 განსხვავებულმა შეხედულებებმა ხელი არ უნდა შეუშალოს მეუღლეებს ურთიერთპატივისცემაში. არაგონივრულია იმის მოლოდინი, რომ ორ ადამიანს ყველაფერზე ერთი აზრი ჰქონდეს. რაც ქმარს აღელვებს, შეიძლება ცოლს მნიშვნელოვნად არ მიაჩნდეს, და რაც ცოლს მოსწონს, შეიძლება ქმარს სულ არ მოსწონდეს. მაგრამ თუ მათი შეხედულებები და არჩევანი იეჰოვას კანონებსა და პრინციპებს არ არღვევს, მართებთ ერთმანეთის პატივისცემა (1 პეტრე 2:16; შეადარეთ ფილიმონის 14). მეუღლეები უნდა გაუფრთხილდნენ ერთმანეთის პირადი ღირსების გრძნობას და თავი შეიკავონ დამამცირებელი შენიშვნებისა და ხუმრობებისგან, იქნება ეს სხვების თანდასწრებით თუ ერთი ერთზე.
10 დიახ, ღვთისა და ერთმანეთის სიყვარული, და ურთიერთპატივისცემა წარმატებული ქორწინების ორი მთავარი გასაღებია. როგორ შეიძლება მათი გამოყენება ცოლქმრული ცხოვრების უფრო მნიშვნელოვან მხარეებში?
მეთაურობა ქრისტეს მსგავსად
11. ბიბლიის თანახმად, ვინ არის ოჯახის თავი?
11 ბიბლიიდან ჩანს, რომ ღმერთმა კაცი ისეთი თვისებებით შექმნა, რომ კარგად გაძღოლოდა ოჯახს. კაცია პასუხისმგებელი იეჰოვას წინაშე ცოლ-შვილის სულიერ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე. მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ღვთის ნებას აირეკლავს, და მაგალითი იყოს ოჯახისთვის. „ცოლები დაემორჩილონ ქმრებს, როგორც უფალს, რადგან ქმარი ცოლის თავია, როგორც ქრისტეა კრების თავი“ (ეფესოელები 5:22, 23). მაგრამ ბიბლია ამბობს, რომ ქმარსაც ჰყავს მეთაური, რომელსაც უნდა ემორჩილებოდეს. მოციქულმა პავლემ დაწერა: „მინდა იცოდეთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი კაცია, ქრისტეს თავი კი ღმერთია“ (1 კორინთელები 11:3). გონიერი ქმარი სწავლობს, თავისი მეთაურის, იესო ქრისტეს მეთაურობას მიჰბაძოს.
12. რა მაგალითი მოგვცა იესომ მეთაურობის გაწევასა და მორჩილებაში?
12 იესოსაც ჰყავს მეთაური, რომელსაც ემორჩილება. მისი მეთაური იეჰოვაა. იესომ თქვა: „ჩემი ნების შესრულებას კი არ ვცდილობ, არამედ ჩემი გამომგზავნელისა“ (იოანე 5:30). იესო ბრწყინვალე მაგალითს გვაძლევს! ის არის „პირმშო ყველა ქმნილებას შორის“ (კოლოსელები 1:15). იესო გახდა მესია. ის უნდა გამხდარიყო სულით ცხებულ ქრისტიანთა კრების მეთაური და ღვთის სამეფოს რჩეული მეფე, ყველა ანგელოზზე მაღალი მდგომარეობა უნდა დაეკავებინა (ფილიპელები 2:9—11; ებრაელები 1:4). ასეთი დიდებული მდგომარეობისა და პერსპექტივების მიუხედავად, იესო არ ყოფილა უხეში, ჯიუტი და მკაცრი. ის არ იყო დესპოტი და წარამარა არ ახსენებდა თავის მოწაფეებს, რომ მას უნდა დამორჩილებოდნენ. იესო მოსიყვარულე და თანამგრძნობი იყო, განსაკუთრებით დათრგუნულთა მიმართ. მან თქვა: „მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო, და მე გამოგაცოცხლებთ. დაიდგით ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან რბილი და გულით თავმდაბალი ვარ, და გამოცოცხლდება თქვენი სული. ჩემი უღელი ადვილი სატარებელია და ჩემი ტვირთი მსუბუქია“ (მათე 11:28—30). იესოსთან ურთიერთობა სასიამოვნო იყო.
13, 14. როგორ მიჰბაძავს მოსიყვარულე ოჯახისთავი იესოს?
13 ქმარი, რომელსაც სურს ბედნიერი ოჯახური ცხოვრება, სწორად იქცევა, თუ ჰბაძავს იესოს. კარგი ქმარი არ არის სასტიკი და დიქტატორი და ხელკეტივით არ იყენებს თავის მეთაურობას ცოლის დასაშინებლად. პირიქით, უყვარს ცოლი და პატივს სცემს მას. თუ უცოდველი იესო იყო „გულით თავმდაბალი“, თავმდაბლობა უფრო მეტად საჭიროა ცოდვილი ქმრისთვის, რომელიც შეცდომებს ვერ გაექცევა. როცა ქმარი ცდება, მოელის, რომ მეუღლე გაუგებს. თავმდაბალი ქმარი აღიარებს თავის შეცდომას, თუმცა ადვილი სათქმელი არ არის: „მაპატიე, შევცდი“. სამაგიეროდ, მოკრძალებული და თავმდაბალი ქმრის მეთაურობის პატივისცემა გაცილებით ადვილია, ვიდრე ამაყისა და ჯიუტისა. თავის მხრივ, ცოლიც მოიხდის ბოდიშს, როცა შეცდება.
14 ღმერთმა ქალი შესანიშნავი თვისებებით შექმნა, რაც ხელს უწყობს ბედნიერ ქორწინებას. ეს იცის გონიერმა ქმარმა და არ ჩაკლავს მასში ამ თვისებებს. ქალები გამოირჩევიან თანაგრძნობითა და გულშემატკივრობით. ამ თვისებების გარეშე წარმოუდგენელია ოჯახზე ზრუნვა და ადამიანებთან ურთიერთობის აწყობა. ქალი სახლის მოწყობასა და სიმყუდროვეზეც ზრუნავს. იგავების 31-ე თავში აღწერილი „მარჯვე ცოლი“ ბევრი შესანიშნავი თვისებით გამოირჩევა და უნარიანია, რასაც მთელი ოჯახისთვის მოაქვს კეთილდღეობა. მისი ქმრის გული ‘მასზეა მინდობილი’ (იგავები 31:10, 11).
15. როგორ მოექცევა ქმარი ცოლს, თუ იესოს ბაძავს სიყვარულისა და პატივისცემის გამოვლენაში?
15 ზოგ ქვეყანაში ქმრის ავტორიტეტს იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რომ მისთვის კითხვით მიმართვაც კი უპატივცემულობად ითვლება. ასეთ ოჯახებში ცოლი შეიძლება არაფრით განსხვავდებოდეს მონისგან. ეს არის მეთაურობის ბოროტად გამოყენება, რითაც ქმარი არა მხოლოდ ცოლთან იფუჭებს ურთიერთობას, არამედ ღმერთთანაც (შეადარეთ 1 იოანეს 4:20, 21). მეორე მხრივ, ზოგი არ ან ვერ მართავს ოჯახს და ცოლს გადასცემს ოჯახის მართვის სადავეებს. ქმარი, რომელიც ქრისტეს ემორჩილება, მონასავით არ ეპყრობა ცოლს და არ თელავს მისი პირადი ღირსების გრძნობას. პირიქით, ის ბაძავს ქრისტეს თავგანწირულ სიყვარულს და მიჰყვება პავლეს რჩევას: „ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა კრება და თავი გასწირა მისთვის“ (ეფესოელები 5:25). იესო ქრისტეს ისე უყვარდა თავისი მიმდევრები, რომ მოკვდა კიდეც მათთვის. კარგი ქმარი შეეცდება, მიჰბაძოს მას უანგარო სულისკვეთებაში, არ იქნება ზედმეტად მომთხოვნი და იზრუნებს მეუღლის კეთილდღეობაზე. როცა ქმარი ემორჩილება ქრისტეს და ბაძავს მას სიყვარულისა და პატივისცემის გამოვლენაში, ცოლს გაუადვილდება მისი მორჩილება (ეფესოელები 5:28, 29, 33).
ცოლის მორჩილება
16. რა თვისებები უნდა გამოავლინოს ცოლმა ქმართან ურთიერთობაში?
16 ადამის შექმნიდან რამდენიმე ხნის შემდეგ «თქვა იეჰოვა ღმერთმა: „არ არის კარგი კაცის მარტო ყოფნა. შევუქმნი დამხმარეს, შემავსებელს“» (დაბადება 2:18). ღმერთმა ევა ადამის შემავსებლად შექმნა და არა — მეტოქედ. ქორწინება არ უნდა დამსგავსებოდა ხომალდს, რომლის მართვაშიც ორი კაპიტანი ერთმანეთს გაეჯიბრებოდა. ქმარი სიყვარულით უნდა გაძღოლოდა ოჯახს, ცოლს კი სიყვარული, პატივისცემა და მორჩილება უნდა გამოევლინა.
17, 18. რით აჩვენებს ცოლი, რომ ქმრის ნამდვილი დამხმარეა?
17 მაგრამ კარგი ცოლი მხოლოდ მორჩილებით როდი გამოირჩევა. ის ცდილობს, იყოს ნამდვილი დამხმარე, ქმრის გადაწყვეტილებების მხარდამჭერი. რასაკვირველია, ამის გაკეთება ადვილია, როცა ის ეთანხმება ქმრის გადაწყვეტილებას, მაგრამ რომც არ ეთანხმებოდეს, მისი მხარდაჭერის წყალობით ქმრის გადაწყვეტილებას უფრო დადებითი შედეგი ექნება.
18 ცოლს სხვაგვარადაც შეუძლია დაეხმაროს ქმარს ოჯახის გაძღოლაში. ნაცვლად იმისა, რომ აკრიტიკოს მეუღლე ან ყოველთვის სახეზე ეწეროს უკმაყოფილება, უმჯობესია, ცოლმა დაინახოს ქმრის მცდელობა ამ საკითხში და დააფასოს ეს. ცოლს უნდა ახსოვდეს, რომ მის ‘სიმშვიდესა და რბილ ხასიათს’ მარტო ქმარი კი არ დააფასებს, არამედ ეს თვისებები ‘ღვთის თვალშიც ძალიან ძვირფასია’ (1 პეტრე 3:3, 4; კოლოსელები 3:12). მაგრამ თუ ქმარი არ არის თანამორწმუნე? ბიბლია ცოლებს მოუწოდებს, რომ განურჩევლად რწმენისა „უყვარდეთ ქმრები, უყვარდეთ შვილები, იყვნენ საღად მოაზროვნეები, ზნეობრივად სუფთები, მეოჯახეები, კარგები, ქმრების მორჩილები, რომ არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა“ (ტიტე 2:4, 5). თუ ცოლი „რბილად და ღრმა პატივისცემით“ აუხსნის ქმარს, რომ სინდისი არ უშვებს ამა თუ იმ რამის გასაკეთებლად, მეტად სავარაუდოა, რომ ქმარი პატივისცემით მოეკიდება მის პოზიციას. მრავალი ქმარი ‘უსიტყვოდ იქნა მოპოვებული ცოლების საქციელით, როცა დაინახეს, რომ ისინი სუფთად იქცეოდნენ და დიდ პატივისცემას ავლენდნენ’ (1 პეტრე 3:1, 2, 15; 1 კორინთელები 7:13—16).
19. როგორ უნდა მოიქცეს ცოლი, თუ ქმარი ღვთის კანონის დარღვევას აიძულებს?
19 დავუშვათ, ქმარი ისეთი რამის გაკეთებას მოითხოვს ცოლისგან, რასაც ღმერთი კრძალავს. როგორ უნდა მოიქცეს ცოლი? მას უნდა ახსოვდეს, რომ უპირველესად ღმერთია მისი მეთაური. მან უნდა მიჰბაძოს მოციქულებს, რომელთაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა ღვთის კანონის დარღვევა მოსთხოვეს. საქმეების 5:29 მოგვითხრობს: «პეტრემ და სხვა მოციქულებმა მიუგეს: „ჩვენ ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს“».
კარგი ურთიერთობა
20. კიდევ რა მხრივ არის აუცილებელი სიყვარულისა და პატივისცემის გამოვლენა ქორწინებაში?
20 სიყვარული და პატივისცემა ერთმანეთთან საუბარშიც უნდა ვლინდებოდეს. მოსიყვარულე ქმარი გამოჰკითხავს ცოლს, როგორ არის, დაინტერესდება მისი პრობლემებით და გაიგებს მის თვალსაზრისს სხვადასხვა საკითხზე. ცოლს სჭირდება ეს. ქმარი სიყვარულსა და პატივისცემას ავლენს მეუღლისადმი, როდესაც დროს უთმობს მას და ყურადღებით უსმენს (იაკობი 1:19). სამწუხაროდ, ზოგი ცოლი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ქმრები ცოტა დროს უთმობენ მათ. ცხადია, დღევანდელი საზრუნავისა და ეკონომიკური პრობლემების გამო მარტო ქმრებს არ უწევთ გვიანობამდე მუშაობა, ცოლებიც მუშაობენ. მაგრამ ერთმანეთისთვის დროის გამონახვა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეიძლება გაუქრეთ ერთად ყოფნის სურვილი. თუ ისინი თანადგომას ქორწინების გარეთ დაუწყებენ ძებნას, ამას შეიძლება სავალალო შედეგები მოჰყვეს.
21. როგორ შეუწყობს ხელს ბედნიერ ქორწინებას სასიამოვნო საუბრები?
21 მნიშვნელოვანია, როგორ საუბრობს ერთმანეთთან ცოლ-ქმარი. „სასიამოვნო სიტყვები . . . სულისთვის ტკბილია და ძვლებისთვის განკურნება“ (იგავები 16:24). „თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული“, ანუ სასიამოვნო — ბიბლიის ეს რჩევა ყოველთვის გამოსადეგია, გინდ თანამორწმუნე იყოს მეუღლე და გინდ — არა (კოლოსელები 4:6). თუ ერთ-ერთ მეუღლეს მძიმე და დატვირთული დღე ჰქონდა, მეორის ნათქვამ თბილ სიტყვას და თანადგომას ბევრის გაკეთება შეუძლია. „დროულად ნათქვამი სიტყვა ჰგავს ოქროს ვაშლებს ნაჭედ ვერცხლზე“ (იგავები 25:11). ბევრს ნიშნავს ხმის ტონისა და სიტყვების შერჩევა. მაგალითად, მეუღლეს შეიძლება გამაღიზიანებელი და მომთხოვნი ტონით უთხრა: „დაკეტე კარი!“ მაგრამ რამდენად უმჯობესია, მშვიდად და გულისხმიერად ნათქვამი, „მარილით შეზავებული“ სიტყვები: „დაკეტე რა, კარი“.
22. რის გარეშეა წარმოუდგენელი მეუღლეებს შორის კარგი ურთიერთობა?
22 კარგი ურთიერთობა წარმოუდგენელია ტკბილი სიტყვისა და ალერსიანი გამოხედვის, თავაზიანობის, ურთიერთგაგებისა და თბილი გრძნობების გამოხატვის გარეშე. როდესაც ცოლ-ქმარი ყველაფერს აკეთებს კარგი ურთიერთობის შესანარჩუნებლად, უსიამოვნებისა და დაძაბულობის დროს ისინი თავისუფლად გაუზიარებენ ერთმანეთს სატკივარს და თანადგომას გაუწევენ. „ანუგეშეთ დამწუხრებული სულები“, — მოგვიწოდებს ღვთის სიტყვა (1 თესალონიკელები 5:14). დროდადრო ცოლს ან ქმარს შეიძლება სევდა შემოაწვეს. მეუღლეებმა ამ დროს უნდა ‘ანუგეშონ’ და ‘აღაშენონ’ ერთმანეთი (რომაელები 15:2).
23, 24. როგორ დაეხმარება მეუღლეებს სიყვარულისა და პატივისცემის გამოვლენა გაუგებრობის მოგვარებაში? განმარტეთ.
23 მეუღლეები, რომლებიც ერთმანეთისადმი სიყვარულსა და პატივისცემას ავლენენ, პატარა გაუგებრობებს არ გააზვიადებენ. ისინი არ იქნებიან ‘სასტიკნი ერთმანეთის მიმართ’ (კოლოსელები 3:19). ორივეს უნდა ახსოვდეს, რომ „მშვიდი პასუხი სიბრაზეს აცხრობს“ (იგავები 15:1). ფრთხილად იყავით, რომ არ დაამციროთ ან არ დაადანაშაულოთ მეუღლე, რომელიც გულს გიშლით. ამ დროს ყველაზე უკეთ გაიგებ მის შეხედულებებს. ეცადეთ, ერთად მოაგვაროთ უთანხმოებები და ერთ აზრამდე მიხვიდეთ.
24 გავიხსენოთ შემთხვევა, როდესაც სარამ მეუღლეს პრობლემის გადაჭრის გზა შესთავაზა. აბრაამს არ მოეწონა ცოლის რჩევა, მაგრამ ღმერთმა უთხრა: „მოუსმინე მას“ (დაბადება 21:9—12). აბრაამმა დაუჯერა სარას და კურთხევამაც არ დააყოვნა. მსგავსად, თუ ცოლს ქმრისგან განსხვავებული აზრი აქვს, ქმარმა, სხვა თუ არაფერი, უნდა მოუსმინოს მას. ამასთანავე, ცოლს არ უნდა მიჰყავდეს საუბარი, ის ქმარს უნდა უსმენდეს (იგავები 25:24). თუ ქმარი ან ცოლი ყოველთვის თავისი აზრის გატანას ცდილობს, ეს სიყვარულისა და პატივისცემის ნაკლებობაზე მეტყველებს.
25. რამდენად მნიშვნელოვანია ურთიერთგაგება ინტიმურ საკითხებში?
25 ურთიერთგაგება მნიშვნელოვანია მეუღლეების სექსუალურ ცხოვრებაშიც. ეგოიზმმა და თავშეუკავებლობამ შესაძლოა სერიოზულად ავნოს ქორწინების ამ ყველაზე ინტიმურ მხარეს. აუცილებელია გულახდილობა და მოთმინება. როცა მეუღლეები გულწრფელად ზრუნავენ ერთმანეთის კეთილდღეობაზე, სქესობრივ ცხოვრებაში ნაკლებად იქმნება სერიოზული პრობლემები. როგორც სხვა საკითხებში, ამ საკითხშიც „თითოეულმა ის კი არ ეძებოს, რაც თავისთვისაა სასარგებლო, არამედ ის, რაც სხვისთვისაა სასარგებლო“ (1 კორინთელები 7:3—5; 10:24).
26. როგორ დაეხმარება მეუღლეებს ბედნიერების პოვნაში ბიბლია?
26 ბიბლიის რჩევები ფასდაუდებელია! მართალია, თითოეულ ქორწინებაში იქნება აღმასვლისა და ჩავარდნის პერიოდები, მაგრამ როდესაც დაქორწინებულები იზიარებენ იეჰოვას თვალსაზრისს და ურთიერთობას სიყვარულსა და პატივისცემაზე აგებენ, ეჭვი არ უნდა შეეპაროთ, რომ მათი ქორწინება ხანგრძლივი და ბედნიერი იქნება, რითაც ისინი პატივს მიაგებენ არა მხოლოდ ერთმანეთს, არამედ ქორწინების დამაარსებელს, იეჰოვა ღმერთს.