თავი მეათე
თუ შემოქმედი მზრუნველია, რატომაა ამდენი ტანჯვა?
ყოველ 60 წამში ოცდაათზე მეტი ადამიანი გადამდები სენისგან იღუპება, თერთმეტს კიბო კლავს და ცხრას გულის დაავადება ასალმებს სიცოცხლეს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს სასიკვდილო დაავადებათა არასრული სიაა; არსებობს ტანჯვისა და სიკვდილის სხვა მიზეზებიც.
ნიუ-იორკში, გაეროს შენობის ვესტიბიულში 1996 წელს საათმა წუთში 47-ჯერ დაჰკრა ღარიბ ოჯახში თითოეული ჩვილის დაბადების სიმბოლოდ. მოვლენებს სხვა კუთხით რომ შევხედოთ, დედამიწის ყოველი შემობრუნებისას მოსახლეობის 20 პროცენტი მშიერი იძინებს. რა შედეგებს მივიღებთ, თუ შევეცდებით დანაშაულთა აღრიცხვას იმ მხარეში, სადაც ვცხოვრობთ?
სიმართლეს ვერსად გავექცევით: დღეს მთელ მსოფლიოში ტანჯვა მრავლდება.
„მიუხედავად ამისა, — ამბობს ყოფილი პოლიციის ოფიცერი, — მრავალ ჩვენგანს სულ არ ანაღვლებს უსამართლობა, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე ხვდება“. მაგრამ, სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო, ასეთი თვალსაზრისი შეიძლება მანამდე გაგრძელდეს, სანამ ეს ჩვენს ან ჩვენი ახლობლის სიცოცხლეს არ შეეხება. მაგალითად, თქვენი თავი წარმოიდგინეთ მასაკოს ადგილზე, რომელიც კიბოთი გატანჯულ დედ-მამას უვლიდა. ის სასოწარკვეთილებაში იყო ჩავარდნილი, რადგან მშობლები მის თვალწინ დნებოდნენ და ტკივილებისგან კვნესოდნენ. ან დაფიქრდით აზიელ გოგონა შარადას გაჭირვებაზე, რომელიც ცხრა წლის ასაკში მამამ 14 დოლარად გაყიდა. ის მშობლიურ სოფელს მოსწყვიტეს და უცხო ქალაქში წაიყვანეს, სადაც აიძულებდნენ, სექსუალურად დაეკმაყოფილებინა დღეში ექვსი მამაკაცი.
რატომ არსებობს ამდენი ტანჯვა? რატომ არ უღებს ამას ბოლოს შემოქმედი? ტანჯვის არსებობის გამო მრავალი უარყოფს ღმერთს. აი, როგორ აღწერს თავის გრძნობებს ზემოხსენებული ყოფილი პოლიციელი, როცა დედამისი ვიღაც ფსიქოპათის მსხვერპლი გახდა: „ჩემთვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, არსებობდა თუ არა უზენაესი, მოყვარული ღმერთი, სამყაროს მმართველი“. შეიძლება თქვენც იკითხოთ: „რატომ?“ დიახ, რატომ არსებობს ამდენი ტანჯვა? რა არის ამის მიზეზი და აწუხებს თუ არა ეს შემოქმედს?
წინა ცხოვრებაა ტანჯვის მიზეზი?
დედამიწის მრავალ ნაწილში ადამიანებს სწამთ, რომ ტანჯვის მიზეზი პიროვნების წარსულია, ანუ ახლანდელი ტანჯვა წინა ცხოვრებაში ჩადენილის სასჯელია. „ჩვენ ყველა იმიტომ ვიტანჯებით, რომ შებოჭილები ვართ კარმით, რადგანაც დაბადებიდანვე ყველა წარსული კარმის მძიმე ტვირთს ვატარებთ“a. ეს შეხედულება დასავლეთის კულტურაში ძენის შემომტანმა ფილოსოფოსმა დაისეც ტ. სუზუკიმ გაავრცელა. „კარმის კანონი“ ჩამოაყალიბეს ინდუსმა ბრძენებმა, რომლებიც ცდილობდნენ, აეხსნათ ადამიანის ტანჯვა. მაგრამ გონივრულია ან მართლა დამაკმაყოფილებელია მათი ახსნები ტანჯვასთან დაკავშირებით?
ერთმა ბუდისტმა ქალმა თქვა: „ვფიქრობდი, რომ უაზრობა იყო, მეტანჯა წინა ცხოვრების გამო, რომლის შესახებაც არავითარი წარმოდგენა არ მქონდა. ეს ბედისწერად უნდა ჩამეთვალა“. ტანჯვის ასეთმა ახსნამ ის ვერ დააკმაყოფილა. შეიძლება ასეთი ახსნა არც თქვენ გეჩვენებათ გონივრულად. თუმცა, შესაძლებელია, წარმოდგენა მეორედ დაბადების შესახებ თქვენთან გავრცელებული არ არის, მას საფუძვლად უდევს სწავლება, რომელიც მთელ ქრისტიანულ სამყაროსა და სხვა რელიგიებშიც გვხვდება — სწავლება, რომ ადამიანს აქვს უკვდავი სული, რომელიც სხეულის სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს სიცოცხლეს. როგორც ამბობენ, ტანჯვა ამ „სულთანაა“ დაკავშირებული — ან სიცოცხლის განმავლობაში ან სიკვდილის შემდეგ.
ეს შეხედულებები ფართოდაა გავრცელებული, მაგრამ არსებობს მათი ჭეშმარიტების დამამტკიცებელი რამე საბუთი? განა გონივრული არ არის, ასეთ მნიშვნელოვან საკითხებში შემოქმედის თვალსაზრისით ვიხელმძღვანელოთ? ადამიანის შეხედულებები და მტკიცე რწმენა შეიძლება მცდარი იყოს, მაგრამ, როგორც უკვე დავინახეთ, ღვთის სიტყვები სანდოა.
როგორც წინა თავში იყო აღნიშნული, ჩვენი პირველი მშობლების ცოდვამ კაცობრიობას თავს დაატეხა ყველაზე საშინელი ტრაგედია — სიკვდილი. შემოქმედმა ადამი გააფრთხილა: „როგორც კი... [იურჩებ, ანუ შესცოდავ], მოკვდებიო“ (დაბადება 2:17; 3:19). ღმერთს არ უთქვამს, რომ ადამს უკვდავი სული ჰქონდა; ადამი იყო ადამიანი. ბიბლიური ენით ეს ნიშნავს, რომ ადამი თვითონ იყო სული. ასე რომ, როცა ის მოკვდა, მოკვდა სული, სახელად ადამი. სიკვდილის შემდეგ ის არც არაფერს გრძნობდა და არც იტანჯებოდა.
ჩვენი შემოქმედი არც ემხრობა და არც ეთანხმება სწავლებებს კარმაზე, გარდასახვასა და უკვდავ სულზე, რომელიც შეიძლება მომდევნო ცხოვრებაში დაიტანჯოს. მაგრამ თუ გავიგებთ, რა მოჰყვა ადამის ცოდვას, უკეთ გავერკვევით, რატომ არსებობს დღეს ტანჯვა.
საიდან წამოვიდა ტანჯვა?
ჩვენ, ადამიანებს, გვიჭირს სრულად აღვიქვათ კაცობრიობის ტანჯვა და მის ბოლომდე დანახვაში დახმარება გვესაჭიროება. როგორც დურბინდის გამოყენება გვეხმარება შორეული საგნების უფრო მკაფიოდ დანახვაში, ისე ბიბლიის გამოყენება დაგვანახვებს ტანჯვის მიზეზს.
ბიბლია გვაფრთხილებს, რომ ცხოვრებაში მრავალი რამ ‘დროსა და შემთხვევაზეა’ დამოკიდებული (ეკლესიასტე 9:11). მაგალითად, იესომ მოიხსენია მის დღეებში მომხდარი ამბავი — შემთხვევა, როდესაც კოშკი დაინგრა და 18 ადამიანი მოკვდა. იესომ განმარტა, რომ ის დახოცილები სხვებზე ცოდვილები არ იყვნენ (ლუკა 13:1–5). უბრალოდ, ისინი არახელსაყრელ დროს იყვნენ სახიფათო ადგილზე. მაგრამ ბიბლია ამაზე მეტსაც გვეუბნება და გვთავაზობს დამაკმაყოფილებელ ინფორმაციას ტანჯვის ძირითად მიზეზთან დაკავშირებით. რა ინფორმაციას?
როდესაც პირველმა წყვილმა შესცოდა, ზეციერმა მსაჯულმა, იეჰოვამ, დაადგინა, რომ მათ დაკარგეს ყველა უფლება სიცოცხლის გაგრძელებაზე. სიკვდილამდე, წლების განმავლობაში, ადამსა და ევას მრავალი ტანჯვა შეხვდათ. ეს ტანჯვა თვითონვე დაიტეხეს — სიბერისა და ავადმყოფობის შედეგები, ლუკმა-პურის წვალებით შოვნა და წუხილი შურისა და ძალადობის გამო, რაც ანგრევდა მათ ოჯახს (დაბადება 3:16–19; 4:1–12). მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ტანჯვის უმთავრესი მიზეზი. მათ თვითონ დაიტეხეს ის. ამის ცოდნის მიუხედავად, როგორ ავხსნათ ტანჯვის დღემდე არსებობა?
თუმცა მრავალი არ აღიარებს თავს ცოდვილად, ბიბლია ნათლად ამბობს: „ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა წუთისოფელში, ხოლო ცოდვის მიერ — სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელთა 5:12). პირველმა წყვილმა თავიანთი არასწორი მოქმედების შედეგები მოიმკა, ამან კი მათ შთამომავლობაზეც მოახდინა გავლენა (გალატელთა 6:7). მათმა შვილებმა მემკვიდრეობით მიიღეს არასრულყოფილება და სიკვდილი. ზოგს უადვილდება ამის გაგება, როცა ითვალისწინებს მეცნიერულ ფაქტს, რომ დღესაც ბავშვებმა მშობლებისგან შეიძლება მემკვიდრეობით მიიღონ დაავადებები ან დეფექტები. მემკვიდრეობით შეიძლება გადაეცეს ისეთი დაავადებები, როგორიცაა: ჰემოფილია, თალასემია (ხმელთაშუა ზღვის ანემია), გვირგვინოვანი არტერიის დაავადებები, დიაბეტის ერთ-ერთი სახე და თვით მკერდის კიბოც კი. ბავშვები დამნაშავეები არ არიან, მაგრამ ისინი შეიძლება დაიტანჯონ იმის გამო, რაც მემკვიდრეობით მიიღეს.
ჩვენმა გენეტიკურმა წინაპრებმა, ადამმა და ევამ, უარყვეს კაცობრიობაზე იეჰოვას მმართველობაb. ისტორიიდან ვიცით, რომ ადამიანებმა მმართველობის ყველანაირი ფორმა მოსინჯეს. ზოგს გულწრფელად სწამდა, რომ მათი მცდელობები ადამიანებს კეთილდღეობას მოუტანდა. მაგრამ თქვენ როგორ შეაფასებდით ადამიანის თვითმმართველობის შედეგებს? შეამცირეს მათ ადამიანების ტანჯვა? საეჭვოა. პირიქით, სხვადასხვა პოლიტიკურმა კურსმა და ერთა შორის ომებმა უფრო მეტი ტანჯვა მოიტანა. დაახლოებით 3000 წლის წინ ბრძენმა მმართველმა აღნიშნა: „კაცი კაცზე მძლავრობდა თავისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9).
როგორ ფიქრობთ, შეიცვალა მას შემდეგ რამე? გაუმჯობესდა მდგომარეობა? უმრავლესობა უპასუხებს, რომ არა. მრავალი მამაკაცი, ქალი და ბავშვი იტანჯება არა მხოლოდ მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისა და არასრულყოფილების გამო, არამედ იმის გამოც, რაც თვითონ ან სხვებმა გააკეთეს. დაფიქრდით ადამიანის მიერ დედამიწის რესურსების არასწორ გამოყენებაზე, რის მიზეზიც ხშირად სიხარბეა. ადამიანს იმაშიც ედება ბრალი, რომ აბინძურებს გარემოს, ხელს უწყობს სიღარიბეს, შიმშილსა და ეპიდემიურ დაავადებებს. ზოგი სტიქიური უბედურებაც კი, რასაც მრავალი ღვთის რისხვად თვლის, ადამიანის მიერაა გამოწვეული. მაგრამ არსებობს ტანჯვის მეორე მთავარი მიზეზი, რასაც, ჩვეულებრივ, მხედველობიდან ტოვებენ.
ტანჯვაში დამნაშავე პიროვნება
ერთი ბიბლიური წიგნი განსაკუთრებულად გვამცნობს ტანჯვის ძირითად მიზეზს და იმას, თუ რატომ დაუშვა ის მზრუნველმა შემოქმედმა. ეს წიგნი, „იობი“, ნათელს ჰფენს ნებისმიერ გაუგებრობას ტანჯვასთან დაკავშირებით. ამისთვის ის გვახედებს უხილავ სამყაროში, სადაც მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა.
დაახლოებით 3500 წლის წინ, მცირე ხნით ადრე სანამ მოსე ბიბლიის პირველ ხუთ წიგნს დაწერდა, ახლანდელი არაბეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა კაცი, სახელად იობი. ცნობაში ნათქვამია, რომ იობი იყო მართალი, სიკეთის მქმნელი და დიდად პატივცემული. ის უდიდეს სიმდიდრეს — აურაცხელ პირუტყვს — ფლობდა და მასზე ამბობდნენ, რომ „აღმოსავლელთა შორის ყველაზე სახელოვანი იყო“. მას ბედნიერი ოჯახი ჰქონდა — ჰყავდა ცოლი, შვიდი ვაჟი და სამი ქალიშვილი (იობი 1:1–3; 29:7–9, 12–16). ერთ დღეს მასთან მაცნემ მიირბინა და უთხრა, რომ მის ნახირს ყაჩაღები დაეცნენ და გაიტაცეს. მალე სხვამ ცხვრის ფარების დაკარგვის შესახებ შეატყობინა. შემდეგ ქალდეველებმა მისი 3000 სული აქლემი წაასხეს და ერთის გარდა ყველა მსახური ამოუხოცეს. ბოლოს ყველაზე საშინელი ცნობა მიუტანეს. უჩვეულო ქარიშხალმა დაანგრია მისი პირმშო ვაჟის სახლი და დაუხოცა შვილები, რომლებიც ძმასთან იყვნენ შეკრებილები. ღმერთს დააბრალა იობმა ყველა ეს უბედურება? თქვენ რას იგრძნობდით მის ადგილზე? (იობი 1:13–19).
ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. იობი მძიმედ დაავადდა — მთელ სხეულზე ჩირქოვანმა მუწუკებმა გამოაყარაc. ამ დაავადებამ ისეთი საზიზღარი გახადა იობი, რომ მისმა ცოლმა ღმერთს დააბრალა ყველაფერი. „დაგმე ღმერთი და მოკვდი!“ — უთხრა მან იობს. იობმა არ იცოდა, რისთვის იტანჯებოდა, მაგრამ ღმერთისთვის არ დაუდია ბრალი ამაში. ბიბლია გვაუწყებს, რომ „არც ახლა სცოდა იობმა თავისი ბაგეებით“ (იობი 2:6–10).
იობთან სამი ნაცნობი მივიდა, რომლებმაც მისი უბედურების შესახებ შეიტყვეს. „მართალნი თუ ამომწყდარან?“ — იკითხა ელიფაზმა, რომელიც ვარაუდობდა, რომ იობი ბოროტებას სჩადიოდა (იობი, თავები 4, 5). ის იობს ადანაშაულებდა ფარულ ცოდვებში, იმაშიც კი, რომ იობი პურს უკავებდა გაჭირვებულს და ჩაგრავდა ქვრივ-ობლებს (იობი, თავი 15, 22). სხვა ორი ვითომ ნუგეშისმცემელიც ეჩხუბებოდა იობს, თითქოს თვითონ იყო დამნაშავე თავის ტანჯვაში. მართლები იყვნენ ისინი? სრულიადაც არა.
წიგნი „იობი“ გვეხმარება იობის ტანჯვის ძირითადი მიზეზის დადგენაში და იმის დანახვაში, თუ რატომ დაუშვა ეს ღმერთმა. პირველსა და მეორე თავში ნაჩვენებია, თუ რა მოხდა უხილავ ზეცაში, სულიერ სამყაროში, ამ მოვლენებამდე ცოტა ადრე. ღვთის წინაშე შეიკრიბნენ სულიერი ქმნილებები, მათ შორის სატანადd წოდებული მეამბოხეც. როცა იობის უმწიკვლოებაზე ჩამოვარდა საუბარი, სატანა შეეპასუხა ღმერთს: „მერედა ტყუილუბრალოდ არის იობი ღვთისმოშიში?.. აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე მთელს მის საბადებელს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა“ (იობი 1:9–12).
სხვა სიტყვებით, სატანა ღმერთს იობის მოქრთამვაში სდებდა ბრალს. ეს გამომწვევი სულიერი ქმნილება აცხადებდა, რომ თუ იობს სიმდიდრესა და ჯანმრთელობას წაართმევდნენ, ღმერთს დაგმობდა. ამით სატანა იმასაც ირწმუნებოდა, რომ ტანჯვისას ნებისმიერი ადამიანი მიატოვებდა ღვთის სიყვარულს და არავინ იქნებოდა მისი ერთგული. ეს ბრალდება მთელ კაცობრიობას ეხებოდა და მისი გაუქმება დროს მოითხოვდა. სატანის მიერ წამოჭრილი საკამათო საკითხები გადაწყვეტას მოითხოვდა. ამიტომ ღმერთმა მას თავისუფლება მისცა, ემოქმედა იობის წინააღმდეგ, და სატანამაც დაატეხა ამ კაცს სხვადასხვა ტანჯვა.
გასაგებია, რომ იობი ვერც კი ხვდებოდა, რომ ზეცაში წამოჭრილი იყო საყოველთაო საკამათო საკითხი. თანაც სატანამ ისე მოაწყო ყველაფერი, თითქოს ღმერთი ატეხდა მას უბედურებებს. მაგალითად, როცა მეხი დაეცა იობის ცხვრის ფარებს, გადარჩენილმა მსახურმა დაასკვნა, რომ ეს „ღვთის ცეცხლი“ იყო. მიუხედავად იმისა, რომ იობმა არ იცოდა, რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი, მან არ დაგმო, ანუ არ უარყო, იეჰოვა ღმერთი (იობი 1:16, 19, 21).
თუ გავაანალიზებთ იობის შემთხვევის მიღმა არსებულ მდგომარეობებს, დავინახავთ საკამათო საკითხს: ემსახურებიან თუ არა ადამიანები იეჰოვას სიყვარულით, პრობლემების მიუხედავად? იობი დაგვეხმარა ამაზე პასუხის გაცემაში. მხოლოდ ღვთისადმი ჭეშმარიტი სიყვარულითაა შესაძლებელი იეჰოვას ერთგულად დარჩენა, როგორც იობის შემთხვევაში დავინახეთ. რა კარგად ცხადყოფს ეს სატანის ბრალდებების სიცრუეს! მაგრამ იობი პირველი და უკანასკნელი არ ყოფილა, ვისაც ეს საკითხი შეეხო; ის საუკუნეების განმავლობაში წყდებოდა და დღესაც ყველა ადამიანს ეხება.
როგორ რეაგირებს მრავალი, როცა ხედავს სხვის ტანჯვას ან თვითონვე იტანჯება სხვადასხვა მიზეზით? მათ შეიძლება არ იცოდნენ იობის დღეებში წამოჭრილი საკამათო საკითხების შესახებ ან შეიძლება არც კი სწამდეთ, რომ სატანა არსებობს. ამიტომაც მათ ხშირად ეჭვი ეპარებათ შემოქმედის არსებობაში ან მას ადანაშაულებენ ტანჯვაში. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ? იმის საფუძველზე, რაც შემოქმედზე იცით, არ დაეთანხმებოდით ბიბლიის მწერალ იაკობს? ტანჯვის მიუხედავად, ის დარწმუნებული იყო: „ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისგან ვიცდებიო, რადგან ღმერთი არ იცდება ბოროტით და არც ვინმეს სცდის“ (იაკობი 1:13).
ამ საკითხზე ბრძნული თვალსაზრისის შეძენაში დაგვეხმარება იესოს შემთხვევის განხილვა. ჩვენ ვიცით, რომ იესოს აფასებენ გონიერების, ცოდნისა და მასწავლებლობის უნარის გამო. რას ფიქრობდა ის სატანასა და ტანჯვაზე? იესო დარწმუნებული იყო, რომ სატანა ეშმაკი არსებობს და შეუძლია ტანჯვის გამოწვევა. სატანა, რომელიც იობის უმწიკვლოების გატეხვას ცდილობდა, აშკარად აკეთებდა ამას იესოსთან დაკავშირებითაც. გარდა იმისა, რომ ამით მტკიცდება სატანის არსებობა, ეს იმასაც ცხადყოფს, რომ იობის დღეებში წამოჭრილი საკამათო საკითხი ისევ ძალაში იყო. იობის მსგავსად, იესომაც დაამტკიცა შემოქმედისადმი ერთგულება. მან უარი თქვა სიმდიდრესა და ძალაუფლებაზე, აგრეთვე უამრავი ტანჯვა გადაიტანა და წამების ძელზე მოკვდა. იესოს შემთხვევიდან ჩანს: ღმერთი ჯერ კიდევ უშვებდა, რომ, მიუხედავად პრობლემებისა, ადამიანებს გამოევლინათ ერთგულება (ლუკა 4:1–13; 8:27–34; 11:14–22; იოანე 19:1–30).
დიდხანს, მაგრამ არა უმიზეზოდ
ტანჯვის მნიშვნელობა რომ გავიგოთ, უნდა გვესმოდეს მისი მიზეზები: უბედური შემთხვევები, ადამიანის ცოდვილი მიდრეკილებები, დედამიწის რესურსების არასწორი გამოყენება და სატანა ეშმაკი. მაგრამ მხოლოდ მიზეზების ცოდნა საკმარისი არაა. გასაჭირში მყოფი კაცი ადვილად გაიგებდა ძველი დროის წინასწარმეტყველ აბაკუმის გრძნობებს: «როდემდის უნდა ვითხოვდე შველას, უფალო, და არ ისმენდე? შემოგჩიოდე ძალადობის გამო და არ მშველიდე? რისთვის მაყურებინებ სიცრუეს და მახილვინებ სიავეს [„უყურებ გაჭირვებას“, აქ]? ძარცვა-გლეჯა და ძალადობაა ჩემს წინაშე, მტრობა და შუღლია ჩამოვარდნილი» (აბაკუმი 1:2, 3). დიახ, რატომ უყურებს იეჰოვა გაჭირვებას და რატომ იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს მას სულ არ აწუხებს? როგორც ყოვლისშემძლე, ტანჯვისთვის ბოლოს მოსაღებად ის ძალასაც ფლობს და სამართლიანობის მოყვარულიცაა. მაგრამ როდის გააკეთებს ამას?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, როცა პირველმა წყვილმა სრული დამოუკიდებლობა აირჩია, შემოქმედი დარწმუნებული იყო, რომ ყველა მათი შთამომავალი არ დაადგებოდა მათ გზას. თავისი სიბრძნით იეჰოვამ დრო გამოყო. რატომ? იმის დასამტკიცებლად, რომ შემოქმედისგან დამოუკიდებელ მმართველობას მხოლოდ უბედურება მოაქვს და, პირიქით, შემოქმედთან თანხმობაში ცხოვრება სწორია და ბედნიერება მოაქვს.
ამ დროის მანძილზე ღმერთი დედამიწის პირობებზე ზრუნავდა, რომ ის კვლავაც სასიამოვნო საცხოვრებელი ადგილი ყოფილიყო. მოციქული პავლე მსჯელობდა: „[მან] წარსულ თაობებში ნება მისცა, ყველა ერს თავისი გზებით ევლო, თუმცა ყოველთვის მოწმობდა თავის თავზე, ზეციდან გვაძლევდა წვიმას და ნაყოფის მომცემ დროებს, საზრდოთი და სიხარულით გვივსებდა გულებს“ (საქმეები 14:16, 17). აქედან გამომდინარე, შემოქმედი არ იწვევს ტანჯვას, ის მხოლოდ უშვებს მას, რომ გადაწყდეს დიდმნიშვნელოვანი საკამათო საკითხები.
როდის დადგება შვება?
სინამდვილეში, ადამიანთა ტანჯვის მომრავლება იმაზე მიუთითებს, რომ მალე მას ბოლო მოეღება. რის საფუძველზე შეგვიძლია ამის თქმა? ბიბლია არა მარტო იმის შესახებ მოგვითხრობს, თუ რა მოხდა უხილავ სამყაროში იობის დღეებში, არამედ იმასაც აღწერს, თუ რა ხდება იქ ჩვენს დროში. მისი ბოლო წიგნი „გამოცხადება“ ყურადღებას ამახვილებს ზეცაში მომხდარ ომზე. რა შედეგით? სატანა და მისი დემონების ურდოები „გადმოყრილ იქნენ“ დედამიწაზე. „აბა, — განაგრძობს ბიბლიის ეს წიგნი, — იმხიარულეთ, ცანო და თქვენ, ვინც მათში მკვიდრობთ! ვაი, მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით, რადგან იცის, რომ დრო მცირეღა დარჩა“ (გამოცხადება 12:7–12).
ბიბლიური წინასწარმეტყველების გულდასმით განხილვის შემდეგ ცხადი ხდება, რომ ეს მოვლენა ჩვენს საუკუნეში მოხდა. შეიძლება იცით, რომ გამოჩენილი ისტორიკოსები 1914 წელს — წელს, რომელშიც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო — ისტორიაში გარდატეხის წლად აღიარებენe. იქიდან მოყოლებული იზრდება ტანჯვა და უბედურებები. იესომ დროის ამავე მონაკვეთზე მიუთითა, როცა ახლო მოწაფეებმა ‘მის თანდასწრებასა და ამ სისტემის აღსასრულის ნიშანზე’ ჰკითხეს. იესომ თქვა: „აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო — სამეფოს წინააღმდეგ. იქნება დიდი მიწისძვრანი, ადგილ-ადგილ მოსრვა და შიმშილობანი, საშინელებანი და დიდი ნიშნები ზეციდან“ (მათე 24:3–14; ლუკა 21:5–19). ეს სიტყვები, რომლებიც დიდ ტანჯვაზე მიუთითებს, პირველად ისტორიაში დღეს სრულდება სრული მასშტაბით.
ბიბლია ამბობს, რომ ამ მოვლენების შემდეგ დაიწყება „დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა წუთისოფლის დასაბამიდან დღემდე და აღარც არასოდეს იქნება“ (მათე 24:21). ეს იქნება კაცობრიობის საქმეებში ღვთის ჩარევის დრო. ის ბოლოს მოუღებს ბოროტ სისტემას, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ყველასთვის ტანჯვა მოჰქონდა. მაგრამ ‘წუთისოფლის აღსასრულს’ არ გამოიწვევს ბირთვული ომი, რომელიც კაცობრიობას მოსპობდა. ღვთის სიტყვა გვარწმუნებს, რომ გადარჩენილებიც იქნებიან. იმ გასაჭირში გადარჩება „უამრავი ხალხი... ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“ (გამოცხადება 7:9–15).
სრული სურათი რომ წარმოვიდგინოთ, ყურადღება მივაქციოთ, რას ამბობს ბიბლია ამის შემდგომ მოვლენებზე. აღდგენილი იქნება ისეთი ბაღის მსგავსი საცხოვრებელი, როგორიც თავდაპირველად იყო განზრახული ადამიანებისთვის. აღარ იქნებიან უსახლკაროები. ესაიამ დაწერა: „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ, ჩაყრიან ვაზებს და მათ ნაყოფს შეჭამენ... რადგან ჩემი ხალხის ასაკი ხის ასაკივით იქნება და თავადვე გაცვეთენ საკუთარი ხელის ქმნილებას ჩემი რჩეულები. ფუჭად აღარ დაშვრებიან ისინი და დასაღუპად აღარ დაბადებენ შვილებს; რადგან უფლის კურთხეული მოდგმა იქნებიან ისინი და მათი შთამომავალნი მათთანვე იქნებიან... მგელი და კრავი ერთად დაიწყებენ ძოვას და ლომი ძროხასავით შეჭამს თივას... არ იბოროტებენ და არც რასმე წაახდენენ მთელს ჩემს წმიდა მთაზე, ამბობს უფალი“ (ესაია 65:21–25).
მაგრამ რა შეიძლება ითქვას ადამიანების ტანჯვაზე? აღარ იქნება ომი, ძალადობა, დანაშაული (ფსალმუნი 45:9, 10; იგავნი 2:22; ესაია 2:4). ადამიანის შემქმნელი და მისთვის სიცოცხლის მიმცემი დაეხმარება მორჩილებს სრულად გამოჯანმრთელდნენ (ესაია 25:8; 33:24). აღარ იქნება შიმშილი, ვინაიდან დედამიწაზე აღდგება ეკოლოგიური ბალანსი და მოსავალიც უხვი იქნება (ფსალმუნი 71:16). სინამდვილეში, წარსულს ჩაბარდება ტანჯვის ყოველი მიზეზი (ესაია 14:7).
უეჭველად, ეს ყველაზე საუკეთესო ცნობაა. მაგრამ ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ჯერ კიდევ რჩება, ასე ვთქვათ, ორი ბნელი მხარე. ადამიანი ამ კურთხევებით სრულად ვერ დატკბებოდა, თუ ეცოდინებოდა, რომ 70–80 წელს იცოცხლებდა და შემდეგ მოკვდებოდა. ამასთანავე, მას შეიძლება გული დასწყვეტოდა, რომ მისი ახლობლები ვერ მოესწრნენ ტანჯვის აღსასრულს? როგორ შეიძლება ამ საკითხების გადაჭრა?
უსაშინლესი ტანჯვის მოშორება
შემოქმედმა იცის, როგორ გადაჭრას ეს საკითხები. მან შექმნა სამყარო და ადამიანი. მას იმის გაკეთება შეუძლია, რაც აღემატება ადამიანის შესაძლებლობებს ან რასაც ადამიანი ახლა ხვდება, რომ შესაძლებელია. განვიხილოთ ამის მხოლოდ ორი მაგალითი.
ჩვენ გვაქვს მარადიულად ცხოვრების უნარი.
ბიბლია ნათლად ლაპარაკობს ღვთისგან მარადიული სიცოცხლის მიღების პერსპექტივაზე (იოანე 3:16; 17:3). ადამიანის უჯრედებში გენების შესწავლის შემდეგ დ-რმა მაიკლ ფოსელმა განაცხადა, რომ მამაკაცის სასქესო უჯრედების ქმედუნარიანობა არ კლებულობს ასაკის მომატებასთან ერთად. „გენებს, რომლებიც უკვე გვაქვს, სათანადო ექსპრესიისას, შეუძლიათ ჩვენი უჯრედების დაუბერებლად შენარჩუნება“. ეს ეთანხმება იმას, რაც მეოთხე თავში განვიხილეთ: ტვინს იმხელა შესაძლებლობები აქვს, რომ დღევანდელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანს მხოლოდ მისი უმცირესი ნაწილის გამოყენება შეუძლია; ჩანს, რომ ის უსასრულო მუშაობისთვის იყო შექმნილი. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ იმის დამატებითი აზრებია, რასაც ბიბლია პირდაპირ ამბობს — იეჰოვა მოგვცემს მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას ტანჯვის გარეშე. ყურადღება მიაქციეთ, რას აღგვითქვამს ის ბიბლიის ბოლო წიგნში: „მოსწმედს [ღმერთი] ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“ (გამოცხადება 21:4).
შემოქმედს შეუძლია დაეხმაროს მას, ვინც იტანჯა და მოკვდა — სიცოცხლე დაუბრუნოს, მკვდრეთით აღადგინოს.
ამის ერთ-ერთი მაგალითია ლაზარე (იოანე 11:17–45; იხილეთ გვერდები 158–160). პროფესორმა დონალდ მაკ-კაიმ კომპიუტერის ფაილის მაგალითი მოიყვანა. ის წერდა, რომ კომპიუტერის გაფუჭება მაინცდამაინც არ ნიშნავდა მასში ჩადებული განტოლების ან პროგრამის განადგურებას. იგივე განტოლება ან პროგრამა შეიძლება ჩადებულიყო ახალ კომპიუტერში და, „თუ მათემატიკოსს სურდა“, აემუშავებინა ის. პროფესორმა მაკ-კაიმ განაგრძო: «როგორც ჩანს, მეცნიერებას, რომელიც ტვინს მექანიკური თვალსაზრისით უდგება, ძირითადად, არაფერი აქვს საწინააღმდეგო მარადიული სიცოცხლის იმედთან, რომელზეც საუბარია [ბიბლიაში] და რომელშიც ხაზი ესმება „აღდგენის“ საკითხს». ადამიანი რომ მოკვდეს, შემოქმედს შეუძლია დაუბრუნოს მას სიცოცხლე, როგორც მან იესოს, იესომ კი ლაზარეს დაუბრუნა. მაკ-კაიმ დაასრულა, რომ ადამიანის სიკვდილი ხელს არ შეუშლიდა მის ახალ სხეულში გაცოცხლებას, „თუ ეს შემოქმედს სურს“.
დიახ, ყველაფერი შემოქმედზეა დამოკიდებული. მხოლოდ მას შეუძლია ბოლო მოუღოს ტანჯვას, ცოდვის შედეგებსა და სიკვდილს. იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს უთხრა დიდებულ მოვლენაზე, რომელიც ჯერ კიდევ წინაა. მან თქვა: „მოდის ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ... [და] გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29).
მხოლოდ წარმოიდგინეთ! სამყაროს უზენაესი მმართველი მზადაა და შეუძლია კიდეც გააცოცხლოს ისინი, ვინც მის მეხსიერებაშია. მათ მიეცემათ შესაძლებლობა, დაამტკიცონ, რომ ‘ჭეშმარიტი სიცოცხლის’ მიღების ღირსები არიან (1 ტიმოთე 6:19; საქმეები 24:15).
მაგრამ გვმართებს რამის გაკეთება ტანჯვისგან სრულიად გათავისუფლების მოლოდინში? თუ დიახ, შემატებს ეს ჩვენს დღევანდელ ცხოვრებას აზრს? მოდით ვნახოთ.
[სქოლიოები]
a კარმას ხსნიან, როგორც „წარსული საქმეების გავლენას ადამიანის მომავალ სიცოცხლეებზე, ანუ გარდასახვებზე“.
b დაბადების 2:17-ში მოცემულია ღვთის ბრძანება ადამისთვის, რომ არ ეჭამა ნაყოფი კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან. „ახალი იერუსალიმური ბიბლიის“ (1985 წლის გამოცემა, ინგლ.) სქოლიოში ახსნილია შეცნობის მნიშვნელობა: „ეს არის უნარი, დამოუკიდებლად გადაწყვიტო, რა არის სიკეთე და რა — ბოროტება და შესაბამისად იმოქმედო, ესე იგი განაცხადო პრეტენზია სრულ მორალურ დამოუკიდებლობაზე, რითაც ადამიანი უარს ამბობს იმის აღიარებაზე, რომ ქმნილებაა, იხილეთ ეს[აია] 5:20. პირველი ცოდვა ღვთის უზენაეს ხელისუფლებაზე თავდასხმა იყო“.
c სხვა ნაწყვეტები იობის ტანჯვის სრულ სურათს ქმნის. მას სხეულზე მატლი გაუჩნდა, კანი დაუსკდა და სუნთქვა აუტანელი გაუხდა, ტკივილებისგან იტანჯებოდა და გაშავებული კანი აუტყავდა (იობი 7:5; 19:17; 30:17, 30).
d ერთ-ერთ წინა თავში — „რას ვიგებთ შემოქმედზე წიგნიდან?“ — განვიხილეთ, როგორ აცდუნა სატანა ეშმაკმა ადამი და ევა.
e ეს წინასწარმეტყველება განხილულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოცემულ წიგნში „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, თავი 11.
[ჩარჩო 168 გვერდზე]
სული უკვდავი არ არის
ბიბლია ასწავლის, რომ თითოეული ადამიანი სულია; როცა ადამიანი კვდება, კვდება სული. ეზეკიელის 18:4 ამბობს: „ცოდვილი სული უნდა მოკვდეს“. მკვდრებს აღარ აქვთ ცნობიერება, ანუ აღარ არსებობენ. სოლომონი წერდა: „მკვდრებმა კი არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5, 10). თავდაპირველად არც იუდეველებს და არც პირველ ქრისტიანებს არ სწამდათ, რომ სული უკვდავია.
„ძ[ველ] ა[ღთქმაში] სული ნიშნავს არა კაცის ნაწილს, არამედ მთლიან ადამიანს — ადამიანს, როგორც ცოცხალ არსებას. მსგავსად, ა[ხალ] ა[ღთქმაში] ის ადამიანის სიცოცხლეს ნიშნავს... ბიბლია არ ლაპარაკობს რაღაც უსხეულო სულის გადარჩენაზე“ („ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“ [New Catholic Encyclopedia]).
„სულის უკვდავების ცნება და მკვდრეთით აღდგომის რწმენა... ორი ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელი კონცეფციაა“, — თქვა ღვთისმეტყველმა ფილიპ ჰ. მენუმ (Dopo la morte: immortalità o resurrezione?).
„რადგან მთლიანი ადამიანი ცოდვილია, სიკვდილისას ის მთლიანად კვდება, სხეულიც და სულიც (სრული სიკვდილი)... სიკვდილსა და აღდგომას შორის უდიდესი უფსკრულია“ (ლუთერანული კატეხიზმო Evangelischer Erwachsenenkatechismus).
[ჩარჩო 175 გვერდზე]
განა ეს დიდი ხანია?
პერიოდი იობის დღეებიდან იესოს დღეებამდე — დაახლოებით 1600 წელი — შეიძლება დიდი ჩანდეს ტანჯვის არსებობისთვის. ტანჯვის დასასრულის ლოდინში ადამიანს 100 წელიც კი დიდ დროდ მოეჩვენებოდა. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ სატანის მიერ წამოჭრილმა მთავარმა საკამათო საკითხებმა ჩრდილი მიაყენა შემოქმედს. ღვთის თვალსაზრისით, დრო, რომლის განმავლობაშიც ტანჯვა და ბოროტება არსებობს, ძალიან მოკლეა. ის ‘საუკუნეთა მეფეა’, ვისთვისაც „ათასი წელი... ვითარცა გუშინდელი დღე[ა], რომ გადაიარა“ (1 ტიმოთე 1:17; ფსალმუნი 89:4). მათაც, რომლებსაც უსასრულო სიცოცხლე მიეცემათ, ისტორიის ის მონაკვეთი, რომელშიც ტანჯვა არსებობდა, ასევე ძალიან მოკლედ მოეჩვენებათ.
[ჩარჩო 178 გვერდზე]
გარდატეხა ისტორიაში
«წარსულს თუ გადავხედავთ, ნათლად დავინახავთ, რომ პირველმა მსოფლიო ომმა, ბრიტანელი ისტორიკოსის არნოლდ ტოინბის თქმით, მეოცე საუკუნის „გაჭირვების ჟამი“ მოიტანა, რომლიდანაც კაცობრიობა დღემდე ვერ გამოსულა», — თქვა ედმონდ ტეილორმა (The Fall of the Dynasties).
„ჰიროსიმა კი არა, 1914 წელია ჩვენი დროის გარდამტეხი პუნქტი, ვინაიდან ახლა ვხედავთ... რომ პირველი მსოფლიო ომით დაიწყო არეულობის გარდამავალი პერიოდი, რომლიდანაც ვერაფრით ვერ გამოვდივართ“ (დ-რი რენე ალბრეხტ-კარიე, ბარნარდის კოლეჯი).
„1914 წელს მსოფლიომ დაკარგა ერთიანობა, რომლის აღდგენაც დღემდე ვერ მოხერხდა... ეს უჩვეულო უწესრიგობისა და ძალადობის დროა, როგორც სახელმწიფოების შიგნით, ისე მათ შორის“ („ეკონომისტი“ [The Economist]).
[ჩარჩო 181 გვერდზე]
შესაძლებელია ადამიანის მკვდრეთით აღდგენა?
ნევროლოგმა რიჩარდ მ. რესტაკმა ადამიანის ტვინსა და მის ნეირონებზე თქვა: „ყველაფერი, ვინც ვართ და რაც გაგვიკეთებია, შეიძლება ამოიკითხოს დამკვირვებელმა, რომელსაც შეუძლია 50 მილიარდ ნერვულ უჯრედში არსებული სინაფსებისა და კვანძების გაშიფვრა“. თუ ეს არის შესაძლებელი, ნუთუ ჩვენი მოსიყვარულე შემოქმედი ვერ შეძლებს პიროვნების ხელახლა შექმნას იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც აქვს?
[ჩარჩო 182 გვერდზე]
თქვენი სინაფსები დათვლილია
იესომ თქვა: „თქვენ თავზე თმებიც კი დათვლილია“ (მათე 10:29–31). რა შეიძლება ითქვას თავის ტვინის რუხ ნივთიერებაზე? ტვინის უჯრედები (ნეირონები) იმდენად პატარაა, რომ მათი დანახვა მხოლოდ ძლიერი მიკროსკოპით თუ შეიძლება. წარმოიდგინეთ, რომ ცდილობთ არა მხოლოდ ნეირონების, არამედ პაწაწინა კავშირების (სინაფსების) დათვლას, რომლებიც ზოგ ნეირონს შეიძლება 250000-მდე ჰქონდეს.
დ-რმა პიტერ ჰუტენლოხერმა ძლიერი ელექტრონული მიკროსკოპის გამოყენებით პირველმა დათვალა ნეირონული კავშირები ჩანასახების, ავადმყოფი ჩვილებისა და ასაკოვანი ადამიანების გაკვეთილი გვამებიდან აღებულ სინჯებში. საკვირველია, რომ ქინძისთავის ზომის ყველა სინჯს ნეირონების ერთნაირი რაოდენობა ჰქონდა — დაახლოებით 70000.
შემდეგ დ-რმა ჰუტენლოხერმა იმ პაწაწინა სინჯებში დაიწყო ნეირონული ანუ ტვინის უჯრედის კავშირების რაოდენობის დათვლა. ჩანასახის ნეირონებს 124 მილიონი კავშირი ჰქონდა, ახალშობილისას — 253 მილიონი, რვათვიანისას კი — 572 მილიონი. დ-რმა ჰუტენლოხერმა აღმოაჩინა, რომ შემდეგ, ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად, რაოდენობა თანდათანობით კლებულობდა.
ეს აღმოჩენები საინტერესოა, თუ გავითვალისწინებთ, რას ამბობს ბიბლია მკვდრეთით აღდგომის შესახებ (იოანე 5:28, 29). ზრდასრულ ადამიანს მთელ ტვინში კვადრილიონი (ერთიანი 15 ნულით) ნეირონული კავშირია. შეუძლია შემოქმედს არა მხოლოდ დათვალოს, არამედ აღადგინოს კიდეც ეს კავშირები?
„მსოფლიო ენციკლოპედია“ გვატყობინებს სამყაროში არსებული ვარსკვლავების რაოდენობას — 200 მილიარდჯერ მილიარდი, ანუ ორიანი 20 ნულით. შემოქმედმა ყველა ვარსკვლავის სახელი იცის (ესაია 40:26). მაშასადამე, მისთვის ძალიან ადვილია, გაიხსენოს და აღადგინოს ნეირონული კავშირები, რომლებიც ქმნიან იმ ადამიანების მეხსიერებასა და გრძნობებს, რომელთა აღდგენასაც ის განიზრახავს.
[სურათი 166 გვერდზე]
მრავალს სწამს კარმის, დაბადება-სიკვდილის, ციკლი.
[სურათი 171 გვერდზე]
ალექსიმ, მეფე ნიკოლოზ II და ალექსანდრას შვილმა, მემკვიდრეობით ჰემოფილია მიიღო. ჩვენი წინაპარი ადამისგან ჩვენ არასრულყოფილება მივიღეთ.
[სურათები 179 გვერდზე]
თუმცა ტანჯვა დაუშვა, შემოქმედი სიხარულის მრავალ მიზეზს გვაძლევს.