თავი მეოცე
ღრმად ჩაიბეჭდე გონებაში იეჰოვას დღე
1. რა გრძნობები დაგეუფლა, როდესაც პირველად გაიგე, რომ მოახლოებულია ამ ძველ სისტემაში გაბატონებული მტანჯველი მდგომარეობიდან გათავისუფლება?
ერთ-ერთი პირველი სიახლე, რაც ბიბლიიდან შევიტყვეთ, ის იყო, რომ იეჰოვას მთელი დედამიწის სამოთხედ გადაქცევა აქვს განზრახული. ახალ ქვეყნიერებაში აღარ იარსებებს ომი, დამნაშავეობა, ძალადობა, ავადმყოფობა, ტანჯვა და სიკვდილი; მიცვალებულებიც კი აღდგებიან. რა გასაოცარი იმედია! ყოველივე ზემოთ აღწერილი ახლო მომავალში შესრულდება, რასაც ადასტურებს ის ფაქტები, რომ 1914 წელს ქრისტე, როგორც მმართველი მეფე, უხილავად მოვიდა და მას შემდეგ ამ ბოროტი სისტემის უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ. ამ ბოლო ჟამის დასასრულს იეჰოვა დღევანდელ სისტემას გაანადგურებს და აღთქმულ ახალ ქვეყნიერებას დაამყარებს.
2. რა არის „იეჰოვას დღე“?
2 ბიბლია მოახლოებულ განადგურებას «უფლის [„იეჰოვას“, აქ] დღეს» უწოდებს (2 პეტრე 3:10). ეს არის „უფლის რისხვის დღე“, როდესაც იეჰოვა თავის რისხვას სატანის მთელ ქვეყნიერებაზე გადმოანთხევს (სოფონია 2:3). ის თავის კულმინაციას მიაღწევს ‘ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდ დღეს გამართულ ომში, რომელსაც ებრაულად არმაგედონი ეწოდება’ და ამ ომში „მთელი მსოფლიოს მეფეები“ განადგურდებიან (გამოცხადება 16:14, 16). აჩვენებ შენი ცხოვრებით, რომ გწამს „იეჰოვას დღის“ მოახლოების? (სოფონია 1:14—18; იერემია 25:33).
3. ა) როდის მოვა იეჰოვას დღე? ბ) რატომ არის კარგი, რომ იეჰოვამ არ გაგვიმჟღავნა ‘ის დღე და ჟამი’?
3 ბიბლია არ ასახელებს ზუსტ თარიღს, თუ როდის მიიღებს ზომებს სატანის სისტემის წინააღმდეგ იესო ქრისტე, იეჰოვას განაჩენის აღმსრულებელი. „იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ“, — აღნიშნა იესომ (მარკოზი 13:32). თუ ადამიანს გულწრფელად არ უყვარს იეჰოვა, შეიძლება იფიქროს, რომ ჯერ კიდევ შორს არის იეჰოვას დღე და ამქვეყნიურ საქმეებში ჩაეფლოს. მაგრამ ის, ვისაც ნამდვილად უყვარს იეჰოვა, მთელი გულით განაგრძობს მისთვის მსახურებას, მიუხედავად იმისა, თუ როდის დადგება ამ ბოროტი სისტემის აღსასრული (ფსალმუნი 36:4; 1 იოანე 5:3).
4. რა გაფრთხილება მოგვცა იესომ?
4 იესომ იეჰოვას მოყვარულთა გასაფრთხილებლად თქვა: „გაფრთხილდით, იფხიზლეთ... ვინაიდან არ იცით, როდის დადგება ის ჟამი“ (მარკოზი 13:33—37). ის მოგვიწოდებს, იმდენი დრო არ დავუთმოთ ჭამა-სმას ან „ამქვეყნიურ საზრუნავს“, რომ მხედველობიდან გამოგვრჩეს, თუ რა მნიშვნელოვან დროში ვცხოვრობთ (ლუკა 21:34—36, სსგ; მათე 24:37—42).
5. პეტრეს განმარტების თანახმად, რა მოხდება იეჰოვას დღეს?
5 პეტრემაც მსგავსი რჩევა მოგვცა, რომ ღრმად ჩაგვებეჭდა გონებაში «ღვთის მოსვლის დღე, როცა ალმოდებული ცანი დაირღვევიან, ხოლო კავშირნი [„ნაწილები“, აქ] დაიწვებიან და დადნებიან». იმ დროს მოისპობა ყველა ადამიანური მმართველობა, ანუ „ზეცანი“, ბოროტ ადამიანთა საზოგადოება, ანუ „მიწა“, და მისი შემადგენელი „ნაწილები“ — ამ ბოროტი ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელი აზროვნება და საქმიანობა, როგორიცაა ღვთისგან დამოუკიდებლობის სურვილი და უზნეობისა და სიმდიდრის სიყვარული. ძველ სისტემას შეცვლის „ახალი ცა [ღვთის ზეციერი სამეფო] და ახალი მიწა [ადამიანთა ახალი საზოგადოება], სადაც დამკვიდრებულია სიმართლე“ (2 პეტრე 3:10—13). დღევანდელი ქვეყნიერების ეს გამანადგურებელი მოვლენები სრულიად მოულოდნელად, იმ დღესა და საათს დაიწყება, როცა არავინ იქნება ამის მოლოდინში (მათე 24:44).
თვალ-ყური ადევნე ნაწინასწარმეტყველები ნიშნის შესრულებას!
6. ა) რამდენად უკავშირდებოდა მოწაფეების მიერ დასმულ კითხვაზე გაცემული იესოს პასუხი იუდეველთა სისტემის აღსასრულს? ბ) იესოს პასუხის რომელ ნაწილში მახვილდება ყურადღება 1914 წლიდან შესასრულებელ მოვლენებსა და ამ პერიოდში ადამიანებისთვის დამახასიათებელ განწყობილებაზე?
6 იმის მხედველობაში მიღებით, თუ რა დროში ვცხოვრობთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დაწვრილებით შევისწავლოთ ამ უკანასკნელი დღეების — „ამ სისტემის აღსასრულის“ (აქ) — დამახასიათებელი და სხვადასხვა მოვლენებისგან შემდგარი ნაწინასწარმეტყველები ნიშანი. გახსოვდეს, რომ, როდესაც იესომ უპასუხა თავისი მოწაფეების მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც მათეს 24:3-შია ჩაწერილი, ზოგი რამ, რაც მან ამავე თავის 4-დან 22-ის ჩათვლით მუხლებში აღწერა, ახ. წ. 33—70 წლებში მცირე მასშტაბით შესრულდა იუდეველთა სისტემაზე. მაგრამ ეს წინასწარმეტყველება უფრო დიდი მასშტაბით სრულდება 1914 წლიდან, როდესაც ქრისტე უხილავად მოვიდა და ამ სისტემის უკანასკნელი დღეები დაიწყო. მათეს 24:23—28 მუხლებში მოთხრობილია ის, რაც ახ. წ. 70 წლიდან ქრისტეს უხილავ მოსვლამდე უნდა მომხდარიყო. მათეს 24:29—25:46-ში კი აღწერილია, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო მოვლენები ამ უკანასკნელ ჟამს.
7. ა) პირადად ჩვენ რატომ უნდა ვადევნოთ თვალყური დღევანდელ მდგომარეობას, რითაც ნიშანი სრულდება? ბ) ამ აბზაცის ბოლოში დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემით განმარტე, თუ როგორ სრულდება ნიშანი 1914 წლიდან.
7 ჩვენ გულდასმით უნდა ვადევნოთ თვალ-ყური ამ მოვლენებს და ადამინთა განწყობილებას, რითაც ნაწინასწარმეტყველები ნიშანი სრულდება. დღევანდელი მოვლენების ბიბლიურ წინასწარმეტყველებასთან დაკავშირება დაგვეხმარება, ღრმად ჩავიბეჭდოთ გონებაში იეჰოვას დღე. ეს აგრეთვე შესაძლებლობას მოგვცემს, სრული დაჯერებულობით გავაფრთხილოთ სხვები ამ მოახლოებული დღის შესახებ (ესაია 61:1, 2). ამ მიზნით, მოდი განვიხილოთ ქვემოთ მოცემული კითხვები, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ მათეს 24:7-სა და ლუკას 21:10, 11-ში ჩაწერილი ნიშნის შემადგენელ ნაწილებზე.
როგორ სრულდება 1914 წლიდან ის წინასწარმეტყველება, რომ აღდგებოდა „ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ“? რა ომები დაიწყო მას შემდეგ?
რომელმა ეპიდემიამ შეიწირა 1918 წელს უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე, ვიდრე პირველმა მსოფლიო ომმა? მედიცინის წინსვლის მიუხედავად, ჯერ კიდევ რა დაავადებების მსხვერპლი ხდება მილიონობით ადამიანი?
გასული საუკუნის მეცნიერული პროგრესის მიუხედავად, როგორ მოქმედებს დედამიწის მოსახლეობაზე საკვების უკმარისობა?
რა გარწმუნებს პირადად შენ იმაში, რომ 2 ტიმოთეს 3:1—5, 13-ში აღწერილი მდგომარეობა ყოველთვის ასეთი კი არ იყო, არამედ კიდევ უფრო უარესდება, რაც უფრო ვუახლოვდებით ამ უკანასკნელი დღეების დასასრულს?
ადამიანების გადარჩევა
8. ა) მათეს 13:24—30, 36—43-ში აღწერილის თანახმად, კიდევ რა დააკავშირა იესომ ამ სისტემის უკანასკნელ დღეებთან? ბ) რას ნიშნავს იესოს იგავი?
8 იესომ ამ სისტემის უკანასკნელ დღეებთან სხვა მნიშვნელოვანი მოვლენებიც დააკავშირა. ერთ-ერთი ასეთი მოვლენაა „სამეფოს ძეების ბოროტის ძეებისგან“ გამორჩევა. იესომ ეს მოიხსენია თავის იგავში, რომელიც მტრის მიერ ყანაში ღვარძლის დათესვას ეხებოდა. ამ იგავში „ხორბალი“ ჭეშმარიტ სულითცხებულ ქრისტიანებს განასახიერებს; „ღვარძლს“ ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც თავს ქრისტიანებად თვლიან, მაგრამ თავიანთი ცხოვრებით ამტკიცებენ, რომ „ბოროტის ძენი“ არიან, რადგან ეშმაკის ძალაუფლებაში მყოფ ქვეყნიერებაში რჩებიან. ისინი გამოყოფილნი არიან „[ღვთის] სამეფოს ძეთაგან“ და გასანადგურებლად არიან ნიშანდადებულნი (მათე 13:24—30, 36—43, აქ). მოხდა უკვე ადამიანთა ასეთი გადარჩევა?
9. ა) რა დაყოფა მოხდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ყველა იმ ადამიანს შორის, რომლებიც ქრისტიანებად აცხადებდნენ თავს? ბ) როგორ დაამტკიცეს სულითცხებულმა ქრისტიანებმა, რომ ღვთის სამეფოს ჭეშმარიტი მსახურები იყვნენ?
9 პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ყველა, ვინც თავს ქრისტიანად აცხადებდა, ორ კლასად დაიყო: 1) ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება და მათი მრევლი, რომლებმაც ერთა ლიგის (დღევანდელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის) მხარდამჭერებად გამოაცხადეს თავი და, ამავდროულად, თავგამოდებული ნაციონალისტებიც იყვნენ. 2) ომის შემდგომ პერიოდში მცხოვრები ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომლებიც ღვთის მესიანური სამეფოს ერთგული მხარდამჭერები იყვნენ და არა მსოფლიო ერების (იოანე 17:16). სწორედ მათ წამოიწყეს „სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის“ მთელ მსოფლიოში ქადაგება, რითაც დაამტკიცეს, რომ ღვთის სამეფოს ჭეშმარიტი მსახურები იყვნენ (მათე 24:14, აქ). რა შედეგი მოჰყვა მათ ქადაგებას?
10. რა შედეგი მოიტანა თავდაპირველად სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობამ?
10 თავდაპირველად თავი მოეყარა ღვთის სულით ცხებულთა დარჩენილ ნაწილს, რომლებსაც ქრისტესთან ერთად ზეციერ სამეფოში მეფობის პერსპექტივა აქვთ. თუმცა ისინი ერებს შორის იყვნენ მიმოფანტული, ერთ ორგანიზაციაში გაერთიანდნენ. ამჟამად მოახლოებულია ის დროს, როცა სულითცხებულთათვის ნიშნის დადება დასრულდება (გამოცხადება 7:3, 4).
11. ა) რა საქმიანობა გრძელდება დღემდე და რომელ წინასწარმეტყველებასთანაა დაკავშირებული? ბ) რაზე მიანიშნებს ამ წინასწარმეტყველების შესრულება?
11 შემდეგ კი ქრისტეს ხელმძღვანელობით „უამრავი ხალხის... ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“ შეკრება დაიწყო. ისინი „სხვა ცხვრებს“ შეადგენენ, რომლებიც გადაიტანენ „დიდ გასაჭირს“ და ღვთის ახალ ქვეყნიერებაში იცხოვრებენ (გამოცხადება 7:9, 14; იოანე 10:16). ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგება დღემდე არ შეწყვეტილა და ეს საქმიანობა აღსასრულის დადგომამდე გაგრძელდება. „სხვა ცხვრების“ ნაწილი „უამრავი ხალხი“, რომლის რიცხვიც ამჟამად მილიონებს აღწევს, ერთგულად ეხმარება სულითცხებულთა დარჩენილ ნაწილს სამეფოს შესახებ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცნობის გავრცელებაში. ამ ცნობას ყველა ერი ისმენს.
კიდევ რა არის მოსახდენი?
12. რამდენად საჭიროა, რომ განვაგრძოთ ქადაგება იეჰოვას დღის დადგომამდე?
12 ყოველივე ზემოთ აღწერილი მიანიშნებს, რომ ეს უკანასკნელი დღეები დასასრულს უახლოვდება და ძალიან მალე იეჰოვას დღეც დადგება. მაგრამ, არის ჯერ კიდევ შესასრულებელი წინასწარმეტყველებები ამ შიშის მომგვრელი დღის დადგომამდე? დიახ. უპირველესად აღსანიშნავია ის, რომ ჯერ არ დამთავრებულა ადამიანების გადარჩევა იმის მიხედვით, თუ ვინ უჭერს მხარს ღვთის სამეფოს და ვინ არა. იმ მხარეებში, სადაც ღვთის მსახურები წლების მანძილზე დიდ წინააღმდეგობას ხვდებოდნენ, ამჟამად ახალი მოწაფეების რიცხვმა იმატა. იმ ადგილებშიც კი, სადაც ადამიანები არ იღებენ სასიხარულო ცნობას, ჩვენი ქადაგება იეჰოვას გულმოწყალების მაჩვენებელია. ასე რომ, განვაგრძოთ ქადაგება! იესო გვარწმუნებს, რომ, როდესაც ქადაგება დასრულდება, აღსასრულიც დადგება.
13. 1 თესალონიკელთა 5:2, 3-ის თანახმად, რა უმნიშვნელოვანესი მოვლენა უნდა მოხდეს და რა მნიშვნელობა ექნება ამას ჩვენთვის?
13 სხვა უაღრესად მნიშვნელოვან წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „როცა იტყვიან: მშვიდობა და უსაფრთხოებაო, მაშინ მოულოდნელად დაატყდებათ თავს განადგურება, როგორც ფეხმძიმეს მშობიარობის ტკივილები, და ვერ დააღწევენ თავს“ (1 თესალონიკელთა 5:2, 3). იმას, თუ რა სახით გააცხადებენ „მშვიდობისა და უსაფრთხოების“ შესახებ, მომავალში შევიტყობთ. მაგრამ ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს, რომ მსოფლიო მმართველები ნამდვილად გადაჭრიან კაცობრიობის პრობლემებს. მათ, ვისაც ღრმად აქვს გონებაში ჩაბეჭდილი იეჰოვას დღე, ვერ შეაცდენს ეს განაცხადი. მათ იციან, რომ ამ მოვლენის შემდეგ უმალვე განადგურდება ეს სისტემა.
14. რა მოხდება დიდი გასაჭირის დროს და რა თანმიმდევრობით?
14 დიდი გასაჭირის დასაწყისში პოლიტიკური მმართველები დიდი ბაბილონის, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობლის, წინააღმდეგ აღდგებიან და გაანადგურებენ მას (მათე 24:21; გამოცხადება 17:15, 16). ამის შემდეგ ერები იეჰოვას უზენაესი ხელისუფლების მხარდამჭერთა წინააღმდეგ გაილაშქრებენ; ამის გამო იეჰოვა თავის რისხვას გადმოანთხევს პოლიტიკურ მმართველებსა და მათ მხარდამჭერებზე, რის შედეგადაც ისინი საბოლოოდ განადგურდებიან. არმაგედონი დიდი გასაჭირის კულმინაციური წერტილი იქნება. ამ მოვლენას სატანისა და მისი დემონების უფსკრულში ჩაყრა მოჰყვება, რათა ვეღარ მოახდინონ გავლენა კაცობრიობაზე. ამით დასრულდება იეჰოვას დღე და მისი სახელი განდიდდება (ეზეკიელი 38:18, 22, 23; გამოცხადება 19:11—20:3).
15. რატომ იქნებოდა არაგონივრული, გვეფიქრა, რომ ჯერ კიდევ შორს არის იეჰოვა დღე?
15 ამ სისტემის აღსასრული ზუსტად ღვთის მიერ დანიშნულ დროს დადგება. ის არ დაყოვნდება (აბაკუმი 2:3). გაიხსენე, რომ იერუსალიმს ახ. წ. 70 წელს მოულოდნელად დაატყდა თავს განადგურება მაშინ, როცა იუდეველები არ ელოდნენ ამას, რადგან ფიქრობდნენ, რომ საფრთხე აღარ ემუქრებოდათ. რა შეიძლება ითქვას ძველ ბაბილონზე? ის ძლიერი, ერთი შეხედვით შეურყეველი და მასიური კედლებით გამაგრებული ქალაქი იყო, მაგრამ ერთ ღამეში განადგურდა. დღევანდელ ბოროტ სისტემასაც მოულოდნელად დაატყდება თავს განადგურება. დაე ღრმად გვქონდეს გონებაში ჩაბეჭდილი იეჰოვას დღე და ამ დღის დადგომისას გაერთიანებული ვიყოთ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში!
გამეორება
• რატომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ღრმად ჩავიბეჭდოთ გონებაში იეჰოვას დღე? როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?
• პირადად ჩვენ როგორ გვეხება ადამიანთა გადარჩევის საქმე?
• რა უნდა მოხდეს იეჰოვას დღის დადგომამდე? რის გაკეთება გვმართებს პირადად ჩვენ?
[სურათები 180, 181 გვერდებზე]
ახლო მომავალში უკანასკნელი დღეები სატანის სისტემის განადგურებით დასრულდება.