თავი 14
როგორ დავიცვა თავი სკოლაში?
აღნიშნე, სწორია თუ არასწორი:
1. ძალადობაში მხოლოდ ფიზიკური შეურაცხყოფა იგულისხმება.
□ სწორია
□ არასწორია
2. სექსუალური შეურაცხყოფა მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას არ გულისხმობს.
□ სწორია
□ არასწორია
3. ძალადობას და შეურაცხყოფას მარტო ბიჭები მიმართავენ.
□ სწორია
□ არასწორია
4. თუ ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, ვერაფერს შეცვლი.
□ სწორია
□ არასწორია
მილიონობით ახალგაზრდისთვის სკოლაში შიშის განცდა ჩვეულებრივი რამაა, რადგან თანატოლები გამუდმებით შეურაცხყოფენ. „სკოლის ავტობუსით 15-წუთიანი მგზავრობა საუკუნედ მეჩვენებოდა. აბუჩად აგდებით იწყებდნენ და ცოტა ხანში ცემაზე გადადიოდნენ“, — ამბობს რაიანი. ანიტა კი იხსენებს: „ერთმა ბიჭმა, რომელიც სკოლაში ბევრს მოსწონდა, კუთხეში მიმიმწყვდია და ხელების სმა დამიწყო. როცა ნორმალურად ვუთხარი, ხელები გააჩერე-მეთქი, არ გაჩერდა. ეგონა, სერიოზულად არ ვეუბნებოდი“.
ზოგჯერ კლასელი კლასელს ინტერნეტის საშუალებითაც აყენებს შეურაცხყოფას. როგორ უნდა მოიქცე, თუ შენც განიცდი ამა თუ იმ სახით თანატოლებისგან შეურაცხყოფას? შენ ბევრი რამის გაკეთება შეგიძლია. სანამ ამ საკითხს შევეხებით, ჯერ შევეხოთ ამ თავის დასაწყისში მოყვანილ აზრებს.
1. არასწორია. ბევრს სიტყვებიც ჰყოფნის და მუშტები არ სჭირდება ძალადობისთვის. მუქარა, ლანძღვა-გინება, აბუჩად აგდება და დაცინვა შეურაცხყოფისა და ძალადობის ფორმებია.
2. სწორია. სექსუალური ქვეტექსტის „კომპლიმენტები“, ბინძური ხუმრობა და „თვალებით ჭამა“ ამცირებს ადამიანის ღირსებას და შეურაცხყოფაა.
3. არასწორია. ძალადობას და შეურაცხყოფას გოგოებიც მიმართავენ.
4. არასწორია. შენ შეგიძლია თავის დაცვა და ამის შეჩერება. ვნახოთ, რის გაკეთება შეიძლება.
ბრძოლა მუშტების გარეშე
ზოგი იმიტომ ცდილობს გამოგიწვიოს, რომ შენი რეაქცია აინტერესებს. ბიბლია კარგ რჩევას გვაძლევს: „ნუ იჩქარის შენი სული განაწყენებას“ (ეკლესიასტე 7:9). თუ სამაგიეროს გადახდას შეეცდები, შეიძლება ცეცხლზე ნავთი დაასხა და უფრო გაამწვავო პრობლემა (რომაელები 12:17). მაშ, როგორ უნდა დაიცვა თავი მუშტების გარეშე?
ნუ წამოეგები პროვოკაციაზე. თუ ვინმე ხუმრობით გეუბნება რამეს მწარედ, შეეცადე შენც გაიცინო და არ გაბრაზდე. „ხანდახან უბრალოდ ჯობია, რომ გამაღიზიანებელი სიტყვები ძალიან სერიოზულად არ მიიღო“, — ამბობს ელიუ. როცა დაინახავს, რომ მის სიტყვებს ყურადღებას არავინ აქცევს, შეიძლება გაჩერდეს.
შეინარჩუნე სიმშვიდე. ბიბლიაში წერია: „მშვიდი პასუხი სიბრაზეს აცხრობს“ (იგავები 15:1). ასეთ შემთხვევაში აგრესიული ადამიანი, როგორც წესი, ნაკლებად ელის რბილ პასუხს და ამან შეიძლება განმუხტოს სიტუაცია. გასაგებია, რომ ამ დროს ადვილი არ არის თავშეკავება, მაგრამ ასე ჯობია. იგავების 29:11-ში ნათქვამია: „სულელი თავის სულს გარეთ ღვრის, ბრძენი კი ბოლომდე სიმშვიდეს ინარჩუნებს“. სიმშვიდე სიძლიერის ნიშანია. მშვიდი ადამიანი მალევე არ გამოდის წონასწორობიდან, დარწმუნებულია საკუთარ თავში და არ სჭირდება სხვებისთვის იმის დამტკიცება, რომ ძლიერია. ბიბლიაში ტყუილად არ არის ნათქვამი: „რისხვაში ნელი კაცი ძლიერს სჯობია“ (იგავები 16:32).
დაიცავი თავი. თუ ხედავ, რომ სიტუაცია იძაბება, შეიძლება ჯობდეს „ავარიული გასასვლელის“ მოძებნა. იგავების 17:14-ში ნათქვამია: „სანამ დავა იფეთქებდეს, გაეცალე იქაურობას“. როცა ატყობ, რომ საქმე აშკარად ფიზიკურ შეურაცხყოფამდე მივა, გაეცალე იქაურობას ან გაიქეცი. თუ ამის საშუალება არ გაქვს, ეცადე, როგორმე დაიცვა თავი.
შეატყობინე სხვებს. შენს მშობლებს აქვთ უფლება, იცოდნენ, რაც ხდება. მათ შეუძლიათ კარგი რჩევების მოცემა. მაგალითად, მათ შეიძლება გირჩიონ ამ საკითხზე მასწავლებელთან ან სკოლის ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელთან დალაპარაკება. ისინი შენს მშობლებთან ერთად ყველაფერს ისე მოაგვარებენ, რომ დამატებითი პრობლემები არ შეგექმნას.
გახსოვდეს, რომ შეურაცხმყოფელი ვერაფერს გახდება, თუ არ აჰყვები. ამიტომ თავი ხელში აიყვანე, როცა ის შენ გამოწვევას ცდილობს. გამოიყენე ზემოთ მოცემული რჩევები და შენ თვითონ მართე სიტუაცია.
როცა ვინმე სექსუალური შეურაცხყოფის მოყენებას ცდილობს
ასეთ სიტუაციაში შეიძლება ძალიან გაბრაზდე და ეს სავსებით ნორმალურია. როგორ უნდა მოიქცე ამ დროს? გადახედე ქვემოთ მოცემულ რჩევებს.
წინ აღუდექი. თუ მტკიცედ არ დაანახვებ შენს პოზიციას, მან შეიძლება იფიქროს, რომ უარზე არა ხარ. რბილად ნათქვამი „არა“ და სუსტი წინააღმდეგობა შეიძლება მან თანხმობად აღიქვას. ამიტომ შენი არა უნდა იყოს არა (მათე 5:37). შესაძლოა მაშინაც არასწორად გაგიგონ, თუ გაგეცინება ან გაინაზები, თუნდაც მოულოდნელობის გამო. იყავი მტკიცე და პირდაპირი. ეს თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა.
გამოხატე უკმაყოფილება. ანიტა იხსენებს: „იძულებული ვიყავი, თავისი მეგობრების წინაშე შემერცხვინა და ხმამაღლა მეთქვა, ნუ მეხები-მეთქი“. გაჭრა ამან? ანიტა აგრძელებს: „მეგობრებმა დაცინვა დაუწყეს. რამდენიმე დღე ახლოს არ მეკარებოდა, მერე მოვიდა, ბოდიში მომიხადა და ერთხელ დამიცვა კიდეც, როცა სხვა ბიჭი გადამეკიდა“.
როცა სიტყვები არ ჭრის, გაეცალე ან საერთოდ გაიქეცი. თუ ეს შეუძლებელია, როგორღაც დაიცავი თავი (კანონი 22:25—27). ერთი ქრისტიანი გოგო ამბობს: „როცა ერთი ბიჭი შეეცადა ხელის წავლებას, მთელი ძალით ვკარი ხელი და გავიქეცი“.
უთხარი ვინმეს. 16 წლის ედრიანა ამბობს: „ბოლოს უკვე მშობლებს ვუთხარი, რომ ერთი ბიჭი, რომელსაც ჩემს მეგობრად ვთვლიდი, თავს არ მანებებდა. რაც უფრო ვცდილობდი მის თავიდან მოცილებას, მით უარესად იქცეოდა“. მშობლების რჩევა ედრიანას დაეხმარა ამ პრობლემის მოგვარებაში. არც შენს მშობლებს გაუჭირდებათ შენი დახმარება.
შეურაცხყოფის ატანა ადვილი არ არის. მაგრამ გახსოვდეს: ქრისტიანობა იმას არ ნიშნავს, რომ ყველას თავი დაუხარო და ყველას ყველაფრის უფლება მისცე. თუ ზემოთ მოხსენიებულ რჩევებს გაითვალისწინებ, შენც შეძლებ ამ პრობლემასთან გამკლავებას.
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად იყავით ყველასთან“ (რომაელები 12:18).
რჩევა
თუ ვინმე შეურაცხყოფას გაყენებს, იყავი მტკიცე, მაგრამ არააგრესიული. მტკიცედ უთხარი, რომ შეგეშვას. მშვიდად გაეცალე. თუ თავს არ განებებს, ვინმეს უთხარი.
იცოდი, რომ . . . ?
შეიძლება თავს დაგესხან, თუ ჩაიცვამ ზოგიერთი ჯგუფისთვის დამახასიათებელი სტილის ტანსაცმელს. ერთი ბანდის ყოფილი წევრი ამბობს: „ვინც ჩვენსავით იცვამდა და ჩვენიანი არ იყო, თუ არ შემოგვიერთდებოდა, ცუდ დღეში ვაგდებდით“.
რა უნდა გავაკეთო
თუ ვინმე შეეცდება ჩემს შეურაცხყოფას ․․․․․
ზედმეტ პრობლემებს რომ ავერიდო ․․․․․
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․
როგორ ფიქრობ?
● რა უნდა გააკეთო, უფრო თავდაჭერილი და გაწონასწორებული რომ იყო და შეძლებისდაგვარად აირიდო შეურაცხყოფა?
● რას გააკეთებ, თუ ვინმე სექსუალური შეურაცხყოფის მოყენებას შეეცდება? (იფიქრე იმაზე, თუ რა სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდე და როგორ დაიცავ თავს).
● რატომ უნდა მოეკიდო ამ საკითხს სერიოზულად?
წაიკითხე დამატებითი მასალა პირველი ტომის მე-19 თავში.
ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, რომელსაც უნდა გაუმკლავდე, თანატოლების ზეგავლენაა. შემდეგ თავში ამ საკითხზე ვისაუბრებთ.
[ჩანართი 123 გვერდზე]
„თუ ატყობ, რომ ჩხუბი დაიწყება, უნდა გაეცალო იქაურობას და სახლში წახვიდე. ზოგი სეირის საყურებლად რჩება და შარში ეხვევა“ (ხირო).
[ჩარჩო 125 გვერდზე]
ზედმეტ პრობლემებს რომ აერიდო . . .
მოერიდე ფლირტს. ფლირტით სხვას სექსუალური შეურაცხყოფის საბაბს მისცემ. ბიბლიაში ნათქვამია: „განა ჩაიდებს კაცი უბეში ნაკვერჩხლებს ტანსაცმლის დაუწველად?!“ (იგავები 6:27). ფლირტი ცეცხლთან თამაშია.
გაითვალისწინე, ვისთან იმეგობრებ. სხვამ შეიძლება ისეთად ჩაგთვალოს, როგორიც შენი მეგობრები არიან. კარლა ამბობს: «თუ მათთან მეგობრობ, ვისაც მოსწონს ზედმეტი ყურადღება და ადვილად იყოლიებენ „კომპლიმენტებით“, შენც ბევრს გაგიბედავენ» (1 კორინთელები 15:33).
ყურადღება მიაქციე შენს ჩაცმულობას. გამომწვევი ჩაცმულობა იმის ნიშანია, რომ ადამიანს სურს მიიქციოს საპირისპირო სქესის წარმომადგენლების ყურადღება. თუ ასე ჩაიცმევ, არც შენ დარჩები შეუმჩნეველი (გალატელები 6:7).
არ დამალო, რომ ქრისტიანი ხარ. შენ თვითონ თუ არ იტყვი, არავინ შეგეკითხება, რა ზნეობრივი პრინციპები გაქვს (მათე 5:15, 16).
[სურათი 124 გვერდზე]
ნუ აჰყვები შეურაცხმყოფელს და ცეცხლზე ნავთს ნუ დაასხამ.
[სურათი 127 გვერდზე]
მტკიცედ დაუდექი მას, ვინც სექსუალური შეურაცხყოფის მოყენებას ცდილობს.