თავი 8
„დავუყენებ მათ ერთ მწყემსს“
თემა: მესიის შესახებ წარმოთქმული ოთხი წინასწარმეტყველება და მათი შესრულება
1—3. რატომ ევსება ეზეკიელს გული დარდით და რას წერს ის ღვთის შთაგონებით?
ეზეკიელი უკვე მეექვსე წელია, გადასახლებულია.a როდესაც სამშობლოდან შორს მყოფს ახსენდება, რაოდენ ცუდი მეფე ჰყავს მის ქვეყანას, წინასწარმეტყველს გული დარდით ევსება. მმართველს მმართველი ცვლის, იუდაში კი მდგომარეობა უცვლელია.
2 ეზეკიელი ერთგული მეფე იოშიას მმართველობის დროს დაიბადა. მას გაახარებდა იმის დანახვა, თუ რაოდენ გულმოდგინედ იბრძოდა იოშია ცრუ თაყვანისმცემლობის წინააღმდეგ და როგორი შემართებით ანადგურებდა კერპებს იუდაში წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენის მიზნით (2 მატ. 34:1—8). მაგრამ იოშიას ბრძოლას ხანგრძლივი შედეგი არ მოჰყოლია, რადგან მის შემდეგ ტახტზე ადიოდნენ მეფეები, რომელთა უმეტესობაც კერპთაყვანისმცემელი იყო. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ასეთი მმართველების ხელში ერი სულ უფრო წახდა სულიერად თუ ზნეობრივად. ნუთუ აღარ არსებობდა არანაირი იმედი?!
3 ასეთი იყო ისტორიული ფონი მაშინ, როცა იეჰოვამ თავის ერთგულ წინასწარმეტყველს მესიის შესახებ წარმოთქმული წინასწარმეტყველებებიდან პირველი ჩააწერინა. სწორედ მესია იქნებოდა მმართველი და მწყემსი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ აღადგენდა წმინდა თაყვანისმცემლობას და სათუთად იზრუნებდა იეჰოვას ცხვარზე. მნიშვნელოვანია, გულდასმით შევისწავლოთ ეს წინასწარმეტყველებები, რადგან მათ შესრულებაზეა დამოკიდებული ჩვენი მარადიული მომავალი. მოდი ახლა განვიხილოთ წიგნ „ეზეკიელში“ ჩაწერილი ოთხი წინასწარმეტყველება მესიის შესახებ.
„ყლორტი . . . დიდებულ კედრად იქცევა“
4. რა წინასწარმეტყველება წარმოთქვა ეზეკიელმა და რა გააკეთა მანამდე?
4 იეჰოვას სიტყვა ეზეკიელს სავარაუდოდ ძვ. წ. 612 წელს ეუწყა. მან წარმოთქვა წინასწარმეტყველება, რომლიდანაც ვიგებთ, რა მასშტაბებს მოიცავდა მესიის მმართველობა და რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა მის სამეფოზე დანდობა. თუმცა ამ წინასწარმეტყველების წარმოთქმამდე ეზეკიელმა იეჰოვას დავალებით გადასახლებულ ებრაელებს ჯერ წინასწარმეტყველური იგავი მოუთხრო იმის დასანახვებლად, რომ იუდას ორგული მმართველები ჰყავდა და ხალხს ძალიან სჭირდებოდა სამართლიანი ცხებული მმართველი (ეზეკ. 17:1, 2).
5. მოჰყევით იგავის შინაარსს.
5 წაიკითხეთ ეზეკიელის 17:3—10. გავეცნოთ იგავის შინაარსს: დიდი არწივი კედრის ზემოთა ყლორტს წყვეტს და ვაჭართა ქალაქში რგავს, შემდეგ იღებს „იმ მიწის თესლს“ და წყალთან ახლოს, ნოყიერ მიწაზე თესავს. აღმოცენებული თესლი მიწაზე გართხმულ ვაზად იქცევა. უცებ მეორე დიდი არწივი ჩნდება. ვაზი ფესვებს მისკენ უშვებს, რათა არწივმა სხვა წყალუხვ ადგილას გადარგოს. იეჰოვა კიცხავს ვაზს ამ საქციელისთვის და ამბობს, რომ ის ფესვებიანად ამოიძირკვება და გახმება.
6. რას ნიშნავდა იგავი?
6 რას ნიშნავდა ეს იგავი? (წაიკითხეთ ეზეკიელის 17:11—15). ძვ. წ. 617 წელს ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა (პირველი „დიდი არწივი“) იერუსალიმს ალყა შემოარტყა. მან „მოწყვიტა“ ანუ ტახტიდან ჩამოაგდო იუდას მეფე იეჰოიაქინი („ზემოთა ყლორტი“) და წაიყვანა ბაბილონში („ვაჭართა ქალაქი“). შემდეგ ნაბუქოდონოსორმა ციდკია („მიწის თესლი“ ანუ სამეფო შტოს წარმომადგენელი) იერუსალიმში გაამეფა. იუდას ახალგამეფებულ მეფეს ღვთის სახელით დააფიცეს, რომ ნაბუქოდონოსორის ერთგული ვასალი ყოფილიყო (2 მატ. 36:13). მაგრამ ციდკიამ ფიცი გატეხა, ბაბილონს აუჯანყდა და სამხედრო დახმარებისთვის ეგვიპტის ფარაონს (მეორე „დიდი არწივი“) მიმართა, თუმცა სულ ტყუილად. იეჰოვამ ფიცის გამტეხი ციდკია ორგულობისთვის გაკიცხა (ეზეკ. 17:16—21). ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ციდკია ტახტიდან ჩამოაგდეს და ბაბილონში წაიყვანეს ტყვედ, სადაც სიკვდილამდე საპატიმროში იყო (იერ. 52:6—11).
7. რას ვსწავლობთ იგავიდან?
7 რას ვსწავლობთ ამ წინასწარმეტყველური იგავიდან? პირველი: ჩვენ, როგორც იეჰოვას მსახურები, სიტყვის ერთგულნი უნდა დავრჩეთ. იესომაც თქვა, რომ ჩვენი „დიახ“ ყოფილიყო „დიახ“, „არა“ კი — „არა“ (მათ. 5:37). თუ ვინმე, იქნება ეს მოსამართლე ან სხვა უფლებამოსილი პირი, სიმართლის დასტურად ღვთის წინაშე დაფიცებას მოგვთხოვს, ფიცი არ უნდა გავტეხოთ, რადგან გვესმის, რომ ეს ხელწამოსაკრავი საკითხი არაა. მეორე: სიფრთხილე გვმართებს, როცა არჩევანის წინაშე ვდგავართ, თუ ვის ვენდოთ. ბიბლია გვაფრთხილებს: „იმედს ნუ დაამყარებთ მმართველებზე, ნურც სხვა ადამიანებზე, რომელთაც არ შეუძლიათ ხსნა“ (ფსალმ. 146:3).
8—10. რა თქვა იეჰოვამ მომავალი ცხებული მმართველის შესახებ და როგორ შესრულდა ეს წინასწარმეტყველება? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო „წინასწარმეტყველება მესიის შესახებ — დიდებული კედარი“)
8 ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს: არსებობს მმართველი, რომელიც ჩვენს სრულ ნდობას იმსახურებს. მას შემდეგ, რაც ეზეკიელი მოჰყვა იგავს გადარგულ ყლორტზე, იეჰოვამ მომავალი ცხებული მმართველიც მსგავსი მხატვრული ენით აღაწერინა წინასწარმეტყველს.
9 რას გვამცნობს წინასწარმეტყველება (წაიკითხეთ ეზეკიელის 17:22—24). ამ იგავში მთავარ მოქმედ გმირად უკვე არწივი კი არა, იეჰოვა გვევლინება. იგი, ასე ვთქვათ, წყვეტს ყლორტს ცადაზიდული კედრის კენწეროდან და დიდ, მაღალ მთაზე რგავს. ყლორტს ნაყოფი გამოაქვს და დიდებულ კედრად იქცევა, რომლის ჩრდილქვეშ ყველანაირი ფრთოსანი იბუდებს. ამგვარად, მინდვრის ხეები იგებენ, რომ ეს დიდებული ხე იეჰოვამ გაახარა.
10 როგორ შესრულდა წინასწარმეტყველება. იეჰოვამ თავისი ძე, იესო ქრისტე, რომელიც მეფე დავითის საგვარეულო ხაზით („ცადაზიდული კედარი“) მოვიდა, ზეციერი სიონის მთაზე („დიდი, მაღალი მთა“) დააყენა (ფსალმ. 2:6; იერ. 23:5; გამოცხ. 14:1). მან თავისი ძე, რომელიც დამცირებული იყო მტრების თვალში, აამაღლა და თავისი წინაპრის, დავითის, ტახტზე დასვა (დან. 4:17; ლუკ. 1:32, 33). დიდებული კედრისა არ იყოს, ცხებული მეფე იესო ქრისტე მთელ დედამიწაზე იმმართველებს და აკურთხებს თავის ქვეშევრდომებს. ასეთი მმართველი ნამდვილად იმსახურებს ჩვენს ნდობას. იესოს მმართველობის დროს მორჩილი ადამიანები უსაფრთხოდ იცხოვრებენ და უბედურების შიში აღარ ექნებათ (იგავ. 1:33).
11. რას ვსწავლობთ წინასწარმეტყველებიდან, რომელიც დიდებულ კედრად ქცეულ ყლორტს ეხება?
11 რას ვსწავლობთ იგავიდან. ეს შთამბეჭდავი წინასწარმეტყველება დიდებულ კედრად ქცეულ ყლორტზე გვეხმარება, პასუხი გავცეთ მეტად მნიშვნელოვან კითხვას: ვის უნდა გამოვუცხადოთ ნდობა? დიდი უგუნურება იქნება, თუ იმედს ქვეყნიურ ხელისუფლებებსა და მათ სამხედრო ძალაზე დავამყარებთ. თუ გვსურს, თავი ნამდვილად დაცულად ვიგრძნოთ, ნდობა ცხებულ მეფეს, იესო ქრისტეს, უნდა გამოვუცხადოთ. ზეციერი ხელისუფლება, რომლის მეთაურიც იესოა, კაცობრიობის ერთადერთი იმედია (გამოცხ. 11:15).
„უფლებამოსილი“
12. რით ცხადყო იეჰოვამ, რომ დავითთან დადებული შეთანხმება ახსოვდა?
12 ორი არწივის შესახებ წინასწარმეტყველური იგავიდან ეზეკიელი იეჰოვას დახმარებით მიხვდა, რომ დავითის სამეფო შტოს წარმომადგენელს, ორგულ მეფე ციდკიას, ტახტიდან ჩამოაგდებდნენ და ბაბილონში ტყვედ წაიყვანდნენ. შესაძლოა წინასწარმეტყველს აფიქრებდა, თუ როგორ შესრულდებოდა ღვთის მიერ დავითთან დადებული შეთანხმება, რომლის თანახმადაც, დავითის საგვარეულო ხაზით მოსული მეფე მარადიულად იმმართველებდა (2 სამ. 7:12, 16). თუ წინასწარმეტყველს ეს საკითხი აფიქრებდა, პასუხის მისაღებად დიდხანს არ მოუწევდა ლოდინი. დაახლოებით ძვ. წ. 611 წელს, გადასახლებიდან მეშვიდე წელს, როცა იუდაში ჯერ კიდევ ციდკია მეფობდა, იეჰოვას სიტყვა ეუწყა ეზეკიელს (ეზეკ. 20:2). იეჰოვამ მას კიდევ ერთი წინასწარმეტყველება წარმოათქმევინა მესიაზე, საიდანაც გამოჩნდა, რომ მას კვლავაც ახსოვდა დავითთან დადებული შეთანხმება. მეტიც, ეს წინასწარმეტყველება ყურადღებას მომავალ ცხებულ მმართველზე ამახვილებდა, რომელსაც, როგორც დავითის მემკვიდრეს, მმართველობის კანონიერი უფლება ექნებოდა.
13, 14. რა არის ეზეკიელის 21:25—27-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების შინაარსი და როგორ შესრულდა ეს წინასწარმეტყველება?
13 რას გვამცნობს წინასწარმეტყველება (წაიკითხეთ ეზეკიელის 21:25—27). იეჰოვამ ეზეკიელის მეშვეობით მიმართა „ისრაელის ბოროტ თავკაცს“, რომლის დასჯის დროც მოახლოებული იყო. მან არაორაზროვნად უთხრა ორგულ მმართველს, რომ მოხსნიდნენ თავსაბურავსა და გვირგვინს (სამეფო ძალაუფლების სიმბოლოები). იეჰოვას სიტყვების თანახმად, „დამდაბლებული“ ამაღლდებოდა, ხოლო „ამაღლებული“ დამდაბლდებოდა. თუმცა „ამაღლებული“ მმართველები მხოლოდ იმ დრომდე იმმართველებდნენ, ვიდრე არ მოვიდოდა „უფლებამოსილი“, რომელსაც იეჰოვა სამეფოს უბოძებდა.
14 როგორ შესრულდა წინასწარმეტყველება. ძვ. წ. 607 წელს იუდას „ამაღლებული“ სამეფო „დამდაბლდა“, როცა ბაბილონელებმა მისი დედაქალაქი იერუსალიმი მიწასთან გაასწორეს, ციდკია კი ტახტიდან ჩამოაგდეს და ბაბილონში ტყვედ წაიყვანეს. ვინაიდან დავითის სამეფო შტოდან იერუსალიმში არავინ მეფობდა, „დამდაბლებული“ უცხოტომელები „ამაღლდნენ“ და გარკვეული ხნით ხელთ იგდეს მართვის სადავეები. „უცხოტომელთათვის დანიშნული დროები“ 1914 წელს დასრულდა, როცა იეჰოვამ მეფობა იესო ქრისტეს გადასცა (ლუკ. 21:24). მას, როგორც მეფე დავითის შთამომავალს, ნამდვილად გააჩნდა უფლებამოსილება, გამხდარიყო მესიანური სამეფოს მეფეb (დაბ. 49:10). აქედან გამომდინარე, იესოზე შესრულდა იეჰოვას მიერ დავითთან დადებული შეთანხმება, რომლის თანახმადაც, მისი ერთ-ერთი შთამომავალი მარადიულად იმეფებდა (ლუკ. 1:32, 33).
15. რატომ შეგვიძლია ბოლომდე ვენდოთ ჩვენს მეფეს, იესო ქრისტეს?
15 რას ვსწავლობთ წინასწარმეტყველებიდან. ჩვენ შეგვიძლია ბოლომდე ვენდოთ მეფე იესო ქრისტეს. მიწიერი მმართველებისგან განსხვავებით, რომელთაც ხალხი ირჩევს ან რომლებიც თავად იგდებენ ხელში მართვის სადავეებს, იგი იეჰოვამ აირჩია და მისცა სამეფო, რომლის მართვის კანონიერი უფლებაც აქვს (დან. 7:13, 14). ნამდვილად, იეჰოვას მიერ დანიშნული მეფე იმსახურებს ჩვენს ნდობას!
„ჩემი მსახური დავითი . . . იქნება მათი მწყემსი“
16. რას გრძნობდა იეჰოვა თავისი ფარის ცხვრის მიმართ და როგორ ეპყრობოდნენ მათ ეზეკიელის დროს მცხოვრები „ისრაელის მწყემსები“?
16 იეჰოვას, სწორუპოვარ მწყემსს, გული შესტკივა თავისი ფარის ცხვარზე — მიწიერ მსახურებზე (ფსალმ. 100:3). და, რადგანაც მან თავის ცხვარზე ზრუნვა დედამიწაზე დანიშნულ მწყემსებს მიანდო და ისინი გარკვეული უფლებამოსილებითაც აღჭურვა, თვალს ადევნებს მათ, თუ როგორ ეპყრობიან ცხვარს. რთული წარმოსადგენი არაა, თუ რა აზრის იყო იეჰოვა ეზეკიელის დროს მცხოვრებ „ისრაელის მწყემსებზე“, რომლებიც სასტიკად და უმოწყალოდ ექცეოდნენ ხალხს; მათ ხელში ღვთის ცხვარი გმინავდა და ბევრმა წმინდა თაყვანისმცემლობას ზურგიც კი აქცია (ეზეკ. 34:1—6).
17. როგორ დაიხსნა იეჰოვამ თავისი ხალხი?
17 რის გაკეთებას აპირებდა იეჰოვა? „ჩემი ცხვრის გამო პასუხს ვაგებინებ“ — თქვა იეჰოვამ თავისი ხალხის სასტიკ წინამძღოლებზე. მან ისიც დასძინა, რომ პირიდან გამოსტაცებდა მათ თავის ცხვარს (ეზეკ. 34:10). იეჰოვა არასდროს ტეხს თავის სიტყვას (იეს. 21:45). ძვ. წ. 607 წელს მან ბაბილონელთა ჯარი გამოიყენა საიმისოდ, რომ თავისი ცხვარი უგულისყურო მწყემსების ხელიდან დაეხსნა. 70 წლის შემდეგ მან თავისი ხალხი ბაბილონიდან გამოიყვანა და სამშობლოში დააბრუნა, რათა წმინდა თაყვანისმცემლობა აღედგინათ. თუმცა იეჰოვას ცხვარი კვლავაც უმწეო და უსუსური იყო, რადგან მათზე ისევ ბატონობდნენ იმ დროის გავლენიანი სახელმწიფოები; „უცხოტომელთათვის დანიშნულმა დროებმა“ არაერთი საუკუნის მანძილზე გასტანა (ლუკ. 21:24).
18, 19. რომელი წინასწარმეტყველება წარმოთქვა ეზეკიელმა ძვ. წ. 606 წელს? (იხილეთ სურათი 84-ე გვერდზე)
18 ძვ. წ. 606 წელს — იერუსალიმის განადგურებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ და ბაბილონის ტყვეობის დასრულებამდე ათწლეულებით ადრე — იეჰოვამ ეზეკიელს წარმოათქმევინა წინასწარმეტყველება, რომლიდანაც გამოჩნდა, თუ რაოდენ აღელვებს მას, სწორუპოვარ მწყემსს, თავისი ცხვრის მარადიული კეთილდღეობა. წინასწარმეტყველებაში ხაზი ესმება იმ გარემოებასაც, თუ როგორ დამწყემსავს ცხებული მმართველი იეჰოვას ცხვარს.
19 რას გვამცნობს წინასწარმეტყველება (წაიკითხეთ ეზეკიელის 34:22—24). წინასწარმეტყველების თანახმად, ღმერთი თავის ცხვარს დაუყენებდა ერთ მწყემსს, თავის მსახურ დავითს. იეჰოვამ სიტყვები „მწყემსი“ და „მსახური“ მხოლობით რიცხვში გამოიყენა იმის ხაზგასასმელად, რომ დავითის სამეფო დინასტია კი არ აღდგებოდა, არამედ დაინიშნებოდა ერთი მეფე, რომელიც დავითის ტახტის მუდმივი მემკვიდრე იქნებოდა. დანიშნული მეფე და მწყემსი გამოკვებავდა ღვთის ცხვარს და „მათი თავკაცი“ გახდებოდა, იეჰოვა კი „მშვიდობის შეთანხმებას“ დაუდებდა თავის ცხვარს. ის მათზე „აწვიმებდა“ კურთხევებს, რის შედეგადაც, ისინი უსაფრთხოდ იცხოვრებდნენ და გაიხარებდნენ მარადიული კეთილდღეობით. ხალხი ერთმანეთთან შეხმატკბილებულად იცხოვრებდა და ცხოველებთანაც მშვიდობა ექნებოდათ (ეზეკ. 34:25—28).
20, 21. ა) როგორ შესრულდა წინასწარმეტყველება ღვთის მსახურ დავითის შესახებ? ბ) რაზე მიუთითებს ფრაზა: „მშვიდობის შეთანხმება“?
20 როგორ შესრულდა წინასწარმეტყველება. ღმერთმა დანიშნული მეფე თავის მსახურ დავითად მოიხსენია, რაც ერთგვარი მინიშნება იყო დავითის შთამომავალ იესოზე, რომელსაც მმართველობის კანონიერი უფლება ექნებოდა (ფსალმ. 89:35, 36). დედამიწაზე ყოფნისას იესომ ცხადყო, რომ კარგი მწყემსი იყო, რომელიც თავს გასწირავდა ცხვრისთვის (იოან. 10:14, 15). დღეს ეს დიდებული მწყემსი ზეცაშია (ებრ. 13:20). 1914 წელს ღმერთმა იესო გაამეფა და დედამიწაზე თავისი ცხვრის გამოკვებისა და მწყემსვის საქმე ჩააბარა. ამ მოვლენიდან მალე, 1919 წელს, ახლად გამეფებულმა მეფემ დანიშნა „ერთგული და გონიერი მონა“, რათა მიეცა საზრდო „შინაურებისთვის“ — როგორც ზეციერი, ისე მიწიერი იმედის მქონე ღვთის ერთგული თაყვანისმცემლებისთვის (მათ. 24:45—47). ქრისტეს ხელმძღვანელობით „ერთგული მონა“ საჭირო სულიერი საზრდოთი ამარაგებს ღვთის ცხვარს. სწორედ ამ სულიერი საზრდოს დამსახურებაა ის, რომ ღვთის ხალხი დღესვე მშვიდობიანად ცხოვრობს და დაცულად გრძნობს თავს სულიერ სამოთხეში, რომელიც საბოლოო სახეს მომავალში შეიძენს.
21 რაზე მიუთითებს ეზეკიელის სიტყვები „მშვიდობის შეთანხმება“ და „წვიმასავით წამოვა . . . კურთხევები“? მომავალ ახალ ქვეყნიერებაში იეჰოვას თაყვანისმცემლები სრულად გამოცდიან საკუთარ თავზე იმ კურთხევებს, რომელთაც „მშვიდობის შეთანხმება“ მოუტანს მათ. როცა მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა, ღვთის ერთგული ადამიანების მშვიდობიან და ბედნიერ ცხოვრებას საფრთხეს ვეღარ შეუქმნის ვერც ომი, დამნაშავეობა, შიმშილობა და ავადმყოფობა და ვერც მტაცებელი ცხოველები (ეს. 11:6—9; 35:5, 6; 65:21—23). ნამდვილად სიხარულს გვგვრის სამოთხედქცეულ დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი, სადაც უსაფრთხოდ ვიგრძნობთ თავს და აღარაფრის შეგვეშინდება! (ეზეკ. 34:28).
22. რა დამოკიდებულება აქვს იესოს სამწყსოს მიმართ და როგორ უნდა მიჰბაძონ მას კრებებში დანიშნულმა მწყემსებმა?
22 რას ვსწავლობთ წინასწარმეტყველებიდან. თავისი მამის მსგავსად, იესოც ზრუნავს ცხვრის კეთილდღეობაზე. იგი ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ ღვთის ცხვარი სულიერად დანაყრებული იყოს და სულიერ სამოთხეში მშვიდობითა და უსაფრთხოებით გაიხაროს. მართლაც, მხნეობას გვმატებს, რომ ასეთი მზრუნველი მეფე და მწყემსი გვყავს! დედამიწაზე დანიშნულ მწყემსებს მართებთ, იესოსავით იზრუნონ ცხვარზე. უხუცესებმა ღვთის სამწყსო ხალისითა და მზადყოფნით უნდა დამწყემსონ და ცხვრისთვის სამაგალითონი იყვნენ (1 პეტ. 5:2, 3). უხუცესები იეჰოვას არცერთ ცხვარს არ უნდა მოეპყრონ უდიერად. ხომ გახსოვთ, რა თქვა იეჰოვამ ეზეკიელის დროს მცხოვრებ გულსასტიკ მწყემსებზე: „პასუხს ვაგებინებ“ (ეზეკ. 34:10). სწორუპოვარ მწყემსს, ისევე როგორც მის ძეს, მხედველობიდან არ რჩება ის, თუ როგორ ეპყრობიან მის ცხვარს.
„მათი თავკაცი ჩემი მსახური დავითი იქნება სამარადისოდ“
23. რას დაჰპირდა იეჰოვა თავის ხალხს და როგორ შესრულდა მისი სიტყვები?
23 იეჰოვას სურს, რომ მისი მსახურები მას ერთსულოვნად სცემდნენ თაყვანს. ერის გაერთიანების შესახებ წარმოთქმული წინასწარმეტყველების თანახმად, ღმერთი შეკრებდა თავის ხალხს, ანუ იუდას ორტომიან და ისრაელის ათტომიან სამეფოებს „ერთ ხალხად“ აქცევდა. ამის თვალსაჩინოებად მან ორი ჯოხი გამოიყენა, რომლებიც მის ხელში ერთ ჯოხად იქცა (ეზეკ. 37:15—23). ეს წინასწარმეტყველება მაშინ შესრულდა, როცა ძვ. წ. 537 წელს აღთქმულ მიწაზე ღმერთმა თავისი ხალხი ერთ ერად დააბრუნა.c თუმცა მომავალში ეს წინასწარმეტყველება უფრო ფართო მასშტაბით შესრულდებოდა ღვთის ხალხზე და მათი ერთობა მარადიული იქნებოდა. მას შემდეგ, რაც იეჰოვა თავის ხალხს დაჰპირდა, რომ გააერთიანებდა, ისიც იწინასწარმეტყველა, რომ მომავალში მის მიერ დანიშნული მეფე ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს შეკრებდა მთელი მსოფლიო მასშტაბით და მათი ერთობა უსასრულოდ გაგრძელდებოდა.
24. როგორ აღწერს იეჰოვა ცხებულ მმართველს და როგორი იქნება მისი მმართველობა?
24 რას გვამცნობს წინასწარმეტყველება (წაიკითხეთ ეზეკიელის 37:24—28). იეჰოვა კვლავ იხსენიებს ცხებულ მმართველს შემდეგი სიტყვებით: „ჩემი მსახური დავითი“, „ერთი მწყემსი“ და „თავკაცი“. თუმცა მას ამჯერად „მეფესაც“ უწოდებს (ეზეკ. 37:22). როგორი იქნება ამ მეფის მმართველობა? მისი მმართველობა უსასრულო იქნება. სიტყვები „მარადიული“ და „სამარადისო“ იმაზე მიუთითებს, რომ ამ მეფის მმართველობის დროს კურთხევებს ბოლო არ ექნება.d მისი ქვეშევრდომები ერთობით გაიხარებენ; მათ ერთი სამართალი ექნებათ, ღვთის მიერ ბოძებულ მიწაზე იცხოვრებენ და კიდევ უფრო დაუახლოვდებიან იეჰოვას. იეჰოვა მის ქვეშევრდომებს „მშვიდობის შეთანხმებას“ დაუდებს. იგი მათი ღმერთი იქნება, ისინი კი — მისი ხალხი; მისი წმინდა ადგილიც მათ შორის იქნება სამარადისოდ!
25. როგორ შესრულდა წინასწარმეტყველება ცხებულ მეფეზე?
25 როგორ შესრულდა წინასწარმეტყველება. 1919 წელს ცხებულმა მეფემ, იესო ქრისტემ, ერთგული ცხებული ქრისტიანები გააერთიანა. მოგვიანებით მათ შეუერთა „უამრავი ხალხი . . . ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“ (გამოცხ. 7:9). ისინი ერთად ქმნიან „ერთ სამწყსოს“, რომელსაც „ერთი მწყემსი“ ჰყავს (იოან. 10:16). ზეცაში ცხოვრების იმედი აქვთ თუ დედამიწაზე, ისინი იეჰოვას სამართლით ხელმძღვანელობენ; შედეგად, ერთიან მსოფლიო საძმოს ქმნიან და ხარობენ სულიერი სამოთხით. ღმერთი აკურთხებს მათ მშვიდობით და მისი წმინდა ადგილი, რომელიც წმინდა თაყვანისმცემლობას განასახიერებს, მათ შორისაა. იეჰოვაა მათი ღმერთი და მათთვის პატივია, რომ აქვთ შესაძლებლობა, ღვთის თაყვანისმცემლებად იწოდებოდნენ ახლაც და მარადიულადაც!
26. რით უნდა შევუწყოთ ხელი სულიერ სამოთხეში არსებულ მშვიდობასა და ერთობას?
26 რას ვსწავლობთ წინასწარმეტყველებიდან. ბედნიერები ვართ, რომ მსოფლიო საძმოს ვეკუთვნით და მხარს ვუჭერთ წმინდა თაყვანისმცემლობას. თუმცა ამას თავისი წილი პასუხისმგებლობაც ახლავს — ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ და-ძმებთან ერთობას. თითოეულმა ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ, რათა ერთი აზრი გვქონდეს და ერთსულოვნად ვმოქმედებდეთ (1 კორ. 1:10). ამიტომაცაა, რომ ჩვენ ერთი და იმავე სულიერი საზრდოთი ვსაზრდოობთ, ერთი და იმავე ბიბლიური ნორმებით ვხელმძღვანელობთ და ყველანი ერთსა და იმავე საქმეში ვართ ჩაბმულნი — ვქადაგებთ სამეფოს შესახებ და მოწაფეებად ვამზადებთ ხალხს. და მაინც, ჩვენი ერთობის ქვაკუთხედი სიყვარულია; როცა ვივითარებთ ისეთ სიყვარულს, რომელსაც თან ახლავს თანაგრძნობა, სიბრალული და მიმტევებლობა, ეს ხელს უწყობს ჩვენს ერთობას. ბიბლიაში სიყვარულზე ნათქვამია, რომ ის „სრულყოფილი, გამაერთიანებელი კავშირია“ (კოლ. 3:12—14; 1 კორ. 13:4—7).
27. ა) რა გრძნობა გეუფლებათ, როცა ეცნობით წინასწარმეტყველებებს მესიის შესახებ? ბ) რაზე ვიმსჯელებთ ამ წიგნის მომდევნო თავებში?
27 უზომოდ მადლიერნი ვართ, რომ იეჰოვამ ეზეკიელს თავის სიტყვაში ჩააწერინა წინასწარმეტყველებები მესიის შესახებ. როცა ამ წინასწარმეტყველებებს ვკითხულობთ და ვფიქრობთ მათზე, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ჩვენი დიდებული მეფე ნამდვილად იმსახურებს ჩვენს ნდობას, და რომ იგი უფლებამოსილი მმართველი და მზრუნველი მწყემსია, რომლის წყალობითაც მარადიული ერთობით გავიხარებთ. მართლაც, რამხელა პატივია ცხებული მეფის ქვეშევრდომობა! ნუ დაგავიწყდებათ, რომ ზემოთ განხილული წინასწარმეტყველებები წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენას უკავშირდება, რაც წიგნ „ეზეკიელის“ ერთ-ერთი ძირითადი თემაა. სწორედ იესოს მეშვეობით შეკრებს იეჰოვა თავის ხალხს და აღადგენს წმინდა თაყვანისმცემლობას (ეზეკ. 20:41). მომდევნო თავებში ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და ვნახავთ, თუ როგორ ვითარდება ეს თემა წიგნ „ეზეკიელში“.
a იუდადან ბაბილონში ტყვეთა პირველი ნაკადი ძვ. წ. 617 წელს წაასხეს. ამიტომ გადასახლების მეექვსე წელი ძვ. წ. 612 წელს დაიწყებოდა.
b ღვთის შთაგონებით დაწერილი სახარებები იმის დამაჯერებელ მტკიცებულებებს შეიცავს, რომ იესო ნამდვილად დავითის შთამომავალი იყო (მათ. 1:1—16; ლუკ. 3:23—31).
c წინასწარმეტყველება ორი ჯოხის შეერთების შესახებ განხილულია ამ წიგნის მე-12 თავში.
d ებრაული სიტყვის შესახებ, რომელიც „მარადიულად“ და „სამარადისოდ“ ითარგმნა, ერთ ნაშრომში ნათქვამია: „დროის ხანგრძლივობასთან ერთად ეს სიტყვა თავის თავში მოიაზრებს მუდმივობას, გამძლეობას, სიმტკიცესა და უცვლელობას“.