მე-11 გაკვეთილი
რა არის საჭირო, რომ ბიბლიის კითხვამ შედეგი გამოიღოს?
ოდესმე დაგისახავთ, ერთი შეხედვით, რთულად მისაღწევი მიზანი? მიზნისთვის რომ მიგეღწიათ, შესაძლოა გეგმაც კი შეადგინეთ, რათა ეტაპობრივად განგეხორციელებინათ ის. იმავეს თქმა შეიძლება ბიბლიის კითხვაზეც. შესაძლოა გაფიქრებთ, საიდან დაიწყოთ ბიბლიის კითხვა. ამ გაკვეთილში განვიხილავთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ, ბიბლიის კითხვა და გამოკვლევა სასიამოვნო საქმედ აქციოთ.
1. რატომ უნდა ვიკითხოთ ბიბლია რეგულარულად?
თუ ბიბლიას ანუ „იეჰოვას კანონს“ რეგულარულად წაიკითხავთ, ბედნიერიც იქნებით და ხელიც მოგემართებათ (წაიკითხეთ ფსალმუნის 1:1—3). დასაწყისისთვის დღეში რამდენიმე წუთი გამოყავით ბიბლიის წასაკითხად. რაც უფრო გაეცნობით ღვთის სიტყვას, მით უფრო სასიამოვნო იქნება მისი კითხვა.
2. რა უნდა გააკეთოთ, რომ ბიბლიის კითხვამ შედეგი გამოიღოს?
თუ ბიბლიის კითხვისას შეჩერდებით და დაფიქრდებით წაკითხულზე, ღვთის სიტყვის კითხვა შედეგიანი იქნება (იესო ნავეს ძე 1:8, სქოლიო). ჰკითხეთ საკუთარ თავს: რას ვსწავლობ ამ მონაკვეთიდან იეჰოვას შესახებ? როგორ შემიძლია, ნასწავლი ცხოვრებაში გამოვიყენო? როგორ გამოვიყენებ ბიბლიაში წაკითხულს სხვების დასახმარებლად?
3. როგორ უნდა გამონახოთ დრო ბიბლიის წასაკითხად?
გიჭირთ დროის გამონახვა ბიბლიის წასაკითხად? თუ ასეა, გამონაკლისი არ ხართ. ეცადეთ, გონივრულად გამოიყენოთ დრო (ეფესოელები 5:16). ამას ნამდვილად შეძლებთ, თუ ყოველდღე კონკრეტულ დროს გამოყოფთ ბიბლიის კითხვისთვის. ზოგი მას დილით ადრე კითხულობს, ზოგი — შესვენების დროს, ზოგი კი ძილის წინ. თქვენთვის როდისაა ღვთის სიტყვის წასაკითხად ყველაზე ხელსაყრელი დრო?
გაიღრმავეთ ცოდნა
ქვემოთ შეიტყობთ, რა დაგეხმარებათ, ბიბლია მეტი ინტერესით იკითხოთ. იმასაც გაიგებთ, თუ როგორ მოემზადოთ ბიბლიის შესწავლისთვის.
4. ბიბლიის კითხვა სასიამოვნო საქმედ აქციეთ
ბიბლიის კითხვის დაწყება შეიძლება რთული მოგეჩვენოთ. თუმცა, როგორც უცხო კერძს შეიძლება გაუგო გემო, ისე ბიბლიის კითხვაც შეიძლება სასიამოვნო საქმედ აქციო. წაიკითხეთ 1 პეტრეს 2:2 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
თქვენი აზრით, შეიძლება ბიბლიის კითხვა სასიამოვნო საქმედ აქციოთ, თუ მას ყოველდღე წაიკითხავთ?
ნახეთ ვიდეო და გაიგეთ, როგორ შეიყვარა ზოგმა ბიბლიის კითხვა. შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
რა სირთულეები გადალახეს ახალგაზრდებმა?
რა დაეხმარა მათ, რეგულარულად ეკითხათ ბიბლია?
რა გააკეთეს მათ, რომ ბიბლიის კითხვა უფრო საინტერესო ყოფილიყო?
ეცადეთ, ასე მოიქცეთ:
შეარჩიეთ თანამედროვე და ზუსტი თარგმანი. წაიკითხეთ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, თუ ის ხელმისაწვდომია თქვენს ენაზე.
დაიწყეთ ბიბლიის კითხვა იმ მონაკვეთიდან, რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ. არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ სახელმძღვანელოს დასაწყისში მოცემული ინფორმაცია „დაიწყეთ ბიბლიის კითხვა“.
ჩაინიშნეთ, რა რაოდენობის მასალა წაიკითხეთ. ამისთვის გამოიყენეთ „ბიბლიის კითხვის გეგმა“.
გამოიყენეთ აპლიკაცია JW ბიბლიოთეკა®. თუ ჩამოტვირთავთ ამ აპლიკაციას, ნებისმიერ ადგილას შეძლებთ წაიკითხოთ ბიბლია ან მოუსმინოთ მის აუდიოჩანაწერს.
გაეცანით „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ დანართებს. ბიბლიის კითხვა უფრო საინტერესო იქნება, თუ გამოიყენებთ ამ დანართებში მოცემულ რუკებს, ცხრილებსა და ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანს.
5. მოემზადეთ ბიბლიის შესწავლისთვის
წაიკითხეთ ფსალმუნის 119:34 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რატომ არის ლოცვა მნიშვნელოვანი როგორც ბიბლიის წაკითხვამდე, ისე ბიბლიის შესწავლისთვის მომზადებამდე?
რა დაგეხმარებათ, რომ ბიბლიის შესწავლამ ყოველთვის გამოიღოს შედეგი? მომზადების დროს ასე მოიქეცით:
ა) წაიკითხეთ გაკვეთილის პირველი ნაწილი.
ბ) მოძებნეთ და წაიკითხეთ მითითებული მუხლები; შეეცადეთ, ისინი განსახილველ მასალას დაუკავშიროთ.
გ) მონიშნეთ ის სიტყვები და ფრაზები, რომლებიც დასმულ კითხვას პასუხობს. ეს გაგიადვილებთ მასწავლებელთან ერთად გაკვეთილის განხილვას.
იცოდით?
წლების მანძილზე იეჰოვას მოწმეები ბიბლიის სხვადასხვა თარგმანს იყენებდნენ. თუმცა დღესდღეობით ვამჯობინებთ „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“, რადგან ის ზუსტი და ადვილად გასაგებია. ამასთანავე, ამ თარგმანში გამოყენებულია ღვთის სახელი (წაიკითხეთ ვებსტატია „აქვთ იეჰოვას მოწმეებს საკუთარი ბიბლია?“).
ზოგი ამბობს: „ბიბლიის კითხვა და შესწავლა ძალიან დამღლელია. ამისათვის არც დრო მაქვს და არც თავი“.
თქვენ რას ფიქრობთ?
შეჯამება:
ბიბლიის კითხვა და შესწავლა რომ შედეგიანი იყოს, რეგულარულად გამოყავით ამისთვის დრო და ლოცვაში სთხოვეთ ღმერთს, დაგეხმაროთ წაკითხულის გაგებაში. ამასთანავე, მოემზადეთ ბიბლიის შესწავლისთვის.
გასამეორებელი კითხვები:
რა შემთხვევაში გამოიღებს ბიბლიის კითხვა შედეგს?
როდისაა თქვენთვის მოსახერხებელი დრო ბიბლიის წასაკითხად და შესასწავლად?
რატომ არის კარგი, თუ წინასწარ მოემზადებით ბიბლიის შესწავლისთვის?
გაიგეთ მეტი:
გაეცანით რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ ბიბლიის კითხვამ შედეგი გამოიღოს.
„როგორ ვიკითხოთ ბიბლია მეტი ინტერესით?“ („საგუშაგო კოშკი“, №1, 2017)
გაეცანით სამ რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ, მეტი ინტერესით იკითხოთ ბიბლია.
„რა სიკეთეს მომიტანს ბიბლიის კითხვა? — ნაწილი 1: გამოიკვლიე ბიბლია“ (სტატია ვებგვერდზე)
გაიგეთ, როგორ აქციოთ ბიბლიის კითხვა სასიამოვნო საქმედ.
გაიგეთ, რას გვირჩევენ ისინი, ვინც წლებია, ბიბლიას კითხულობენ.