მე-19 გაკვეთილი
არიან იეჰოვას მოწმეები ნამდვილი ქრისტიანები?
იეჰოვას მოწმეებს გვჯერა, რომ ნამდვილი ქრისტიანები ვართ. განვიხილოთ, რას ეფუძნება ჩვენი მრწამსი, რატომ გვქვია „იეჰოვას მოწმეები“ და როგორ ვავლენთ სიყვარულს ერთმანეთის მიმართ.
1. რას ეფუძნება იეჰოვას მოწმეების მრწამსი?
იესომ თქვა: „[ღვთის] სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოანე 17:17). იესოს მსგავსად, იეჰოვას მოწმეებიც თავიანთ მრწამსს ღვთის სიტყვაზე აფუძნებენ. მე-19 საუკუნის მიწურულს გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ერთობლივად შეუდგნენ ღვთის სიტყვის გამოკვლევას. ისინი „ბიბლიის მკვლევართა“ სახელით გახდნენ ცნობილნი. მათ დაინახეს, რომ ეკლესიის მოძღვრებები არ ეთანხმებოდა ბიბლიას. თუმცა ამან ხელი ვერ შეუშალა ბიბლიის მკვლევრებს, რომ თავიანთი მრწამსი ღვთის სიტყვაზე დაეფუძნებინათ. მათ ბიბლიური ჭეშმარიტების სხვებთან გაზიარებაც დაიწყეს.a
2. რატომ გვქვია „იეჰოვას მოწმეები“?
იეჰოვა თავის თაყვანისმცემლებს მოწმეებად მოიხსენიებს, რადგან ისინი მის შესახებ სიმართლეს აცხადებენ (ებრაელები 11:4—12:1). ძველად ღმერთმა თავის ხალხს უთხრა: „თქვენ ხართ ჩემი მოწმეები“ (წაიკითხეთ ესაიას 43:10). ბიბლიაში იესოს „ერთგული მოწმე“ ეწოდება (გამოცხადება 1:5). სწორედ ამ მიზეზების გამო 1931 წლიდან მოყოლებული „იეჰოვას მოწმეებად“ ვიწოდებით. ჩვენთვის დიდი პატივია, ამ სახელით ვიწოდებოდეთ.
3. როგორ ვავლენთ სიყვარულს იესოს მსგავსად?
იესოს იმდენად უყვარდა თავისი მოწაფეები, რომ ისინი მისთვის ოჯახის წევრებივით იყვნენ (წაიკითხეთ მარკოზის 3:35). იეჰოვას მოწმეებიც ერთი დიდი ოჯახივით არიან. ამიტომაც ვუწოდებთ ერთმანეთს დებსა და ძმებს (ფილიმონი 1, 2). ჩვენ აგრეთვე ვასრულებთ ბიბლიაში ჩაწერილ მითითებას: „გიყვარდეთ მთელი საძმო“ (1 პეტრე 2:17). სიყვარულს სხვადასხვა სახით ვავლენთ, მაგალითად, დახმარების ხელს ვუწვდით გასაჭირში მყოფ და-ძმებს, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი.
გაიღრმავეთ ცოდნა
ქვემოთ გაეცნობით იეჰოვას მოწმეების ისტორიას. იმასაც შეიტყობთ, კიდევ რა მოწმობს, რომ ნამდვილი ქრისტიანები ვართ.
4. ჩვენი მრწამსი ბიბლიას ეფუძნება
იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ ბიბლიურ ჭეშმარიტებას ნათელი მოეფინებოდა. წაიკითხეთ დანიელის 12:4 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რა მოჰყვებოდა შედეგად ბიბლიის კვლევა-ძიებას?
გაიგეთ, როგორ იკვლევდნენ ღვთის სიტყვას ბიბლიის მკვლევრები, რომელთა შორის ჩარლზ რასელიც იყო. ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
როგორ იკვლევდნენ ჩარლზ რასელი და მისი თანამოაზრეები ბიბლიას?
იცოდით?
ზოგიერთი ბიბლიური მოძღვრება დროთა განმავლობაში ახლებურად აიხსნა. რა იყო ამის მიზეზი? როგორც ამომავალი მზის სხივი თანდათანობით ჰფენს ნათელს ჩვენ ირგვლივ არსებულ გარემოს, ისე ღმერთი ხდის გასაგებს ეტაპობრივად ბიბლიურ ჭეშმარიტებას (წაიკითხეთ იგავების 4:18). მართალია, ბიბლიური ჭეშმარიტება არ იცვლება, მაგრამ იცვლება ჩვენი შეხედულებები, როცა ამა თუ იმ ბიბლიურ საკითხს მეტი ნათელი ეფინება.
5. ღვთის შესახებ სიმართლეს ვაცხადებთ
რატომ გვქვია „იეჰოვას მოწმეები“? ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რატომაა ღვთის ხალხისთვის შესაფერისი სახელი „იეჰოვას მოწმეები“?
რატომ სურდა იეჰოვას, მოწმეები ჰყოლოდა? მიზეზი ის იყო, რომ ისინი გააბათილებდნენ მის შესახებ გავრცელებულ სიცრუეს და გააცხადებდნენ, რომ ისაა ჭეშმარიტი ღმერთი. მოდი ვიმსჯელოთ ღვთის შესახებ გავრცელებულ ზოგიერთ მცდარ შეხედულებაზე.
ზოგი რელიგია ასწავლის, რომ ღმერთი იწონებს თაყვანისცემის დროს ქანდაკებებისა თუ ხატების გამოყენებას. შეესაბამება ეს სიმართლეს? წაიკითხეთ ლევიანების 26:1 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რას ფიქრობს იეჰოვა ქანდაკებებისა თუ ხატების გამოყენებაზე?
ბევრი სასულიერო პირი ასწავლის, რომ იესო ღმერთია. შეესაბამება ეს სიმართლეს? წაიკითხეთ იოანეს 20:17 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
ერთი და იგივე პიროვნებაა ღმერთი და იესო?
რა გრძნობა გეუფლებათ, როცა ფიქრობთ, რომ იეჰოვამ საკუთარი თავისა და იესოს შესახებ სიმართლის გასაცხადებლად ხალხთან მოწმეები გაგზავნა?
6. ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი
ბიბლია ქრისტიანებს სხეულის ნაწილებს ადარებს. წაიკითხეთ 1 კორინთელების 12:25, 26 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
რას აკეთებენ ნამდვილი ქრისტიანები, როცა მათი თანამორწმუნეები გასაჭირში არიან?
თქვენი დაკვირვებით, როგორ ავლენენ იეჰოვას მოწმეები ერთმანეთის მიმართ სიყვარულს?
როცა იეჰოვას მოწმეებს რომელიმე ქვეყანაში უბედურება ატყდებათ თავს, სხვა ქვეყნებში მცხოვრები თანამორწმუნეები დაუყოვნებლივ უწვდიან დახმარების ხელს. მაგალითისთვის ნახეთ ვიდეო. შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რაზე მოწმობს ის ფაქტი, რომ იეჰოვას მოწმეები მზად არიან, დახმარება აღმოუჩინონ დაზარალებულთ?
ზოგი ამბობს: „იეჰოვას მოწმეები ახლახან გამოჩნდნენ“.
როდიდან უწოდებს იეჰოვა თავის თაყვანისმცემლებს მოწმეებს?
შეჯამება:
იეჰოვას მოწმეები ნამდვილი ქრისტიანები არიან. ჩვენ ერთი ოჯახივით ვართ. საკუთარ მრწამსს ბიბლიაზე ვაფუძნებთ და იეჰოვას შესახებ სიმართლეს ვაცხადებთ.
გასამეორებელი კითხვები:
რატომ გვქვია „იეჰოვას მოწმეები“?
როგორ ვავლენთ ერთმანეთისადმი სიყვარულს?
თქვენი აზრით, არიან იეჰოვას მოწმეები ნამდვილი ქრისტიანები?
გაიგეთ მეტი:
გაიგეთ მეტი იეჰოვას მოწმეთა ისტორიის შესახებ.
„იეჰოვას მოწმეები — ცოცხალი რწმენა, ნაწილი 1: სიბნელიდან გამოსულნი“ (1:00:53)
გაიგეთ, როგორ ახადეს ფარდა იეჰოვას მოწმეებმა ცრუ მოძღვრებებს.
მიიღეთ პასუხები კითხვებზე, რომლებიც შესაძლოა იეჰოვას მოწმეების შესახებ გაგჩენიათ.
„ხშირად დასმული კითხვები იეჰოვას მოწმეების შესახებ“ (განყოფილება ვებგვერდზე)
სტეფანი ძალადობრივ დანაშაულს სჩადიოდა. გაიგეთ, რამ აღძრა ის, რომ თავისი ცხოვრება ძირფესვიანად შეეცვალა.
„ჩემი ცხოვრება ცუდიდან უარესობისკენ იცვლებოდა“ („საგუშაგო კოშკი“, 1 ივლისი, 2015)
a ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“, რომელიც ბიბლიურ ჭეშმარიტებას ჰფენს ნათელს, 1879 წლიდან გამოიცემა.