28-ე გაკვეთილი
გამოავლინეთ მადლიერება იეჰოვასა და იესოსადმი!
რას გრძნობთ, როცა მეგობარი საჩუქარს გჩუქნით? ალბათ, ძალიან გიხარიათ და გსურთ, მადლიერება გამოხატოთ. უძვირფასესი საჩუქარი იეჰოვამ და იესომ გაგვიკეთეს. ეს საჩუქარი გამოსასყიდია. როგორ გამოვხატოთ მადლიერება ამ საჩუქრისთვის?
1. როგორ გამოვავლინოთ მადლიერება იეჰოვასა და იესოსადმი?
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ „ვისაც . . . [იესო] სწამს“, მარადიულად იცხოვრებს (იოანე 3:16). რას ნიშნავს, გვწამდეს იესო? ჩვენ უბრალოდ კი არ უნდა გვჯეროდეს მისი არსებობის, არამედ ჩვენი გადაწყვეტილებებითა თუ საქმეებით უნდა გამოვხატავდეთ მისადმი რწმენას (იაკობი 2:17). თუ ასე მოვიქცევით, იესოსა და იეჰოვასთან ჩვენი მეგობრობა განმტკიცდება (წაიკითხეთ იოანეს 14:21).
2. კიდევ რა უნდა გავაკეთოთ მადლიერების გამოსახატავად?
სიკვდილის წინა საღამოს იესომ თავის მოციქულებს უთხრა, კიდევ როგორ გამოეხატათ მადლიერება გამოსასყიდისთვის. მან თავისი სიკვდილის გახსენების საღამო დააწესა, რომელსაც ბიბლიაში „უფლის ვახშამი“ ეწოდება (1 კორინთელები 11:20). იესოს სურდა, მოციქულებს და ყველა ნამდვილ ქრისტიანს ხსომებოდათ, რომ მან სიცოცხლე გაიღო კაცობრიობისთვის. ამიტომ მან დაიბარა: „ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“ (ლუკა 22:19). ასე რომ, როცა ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს ვესწრებით, მადლიერებას გამოვხატავთ იმ უდიდესი სიყვარულისთვის, რომელიც იეჰოვამ და იესომ გამოავლინეს.
გაიღრმავეთ ცოდნა
ქვემოთ შეიტყობთ, კიდევ როგორ გამოხატოთ მადლიერება იმ უდიდესი სიყვარულისთვის, რომელიც იეჰოვამ და იესომ გამოავლინეს. გაიგებთ იმასაც, თუ რატომაა მნიშვნელოვანი ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშვნა.
3. მადლიერება მოქმედებისკენ გვიბიძგებს
წარმოიდგინეთ, ვიღაცამ წყალში დახრჩობისგან გადაგარჩინათ. ალბათ, არასდროს დაგავიწყდებათ, რაც მან გააკეთა და სურვილიც გაგიჩნდებათ, რომ მადლიერება გამოხატოთ.
მსგავსად, ჩვენც მადლიერები ვართ, რადგან იეჰოვამ სიკვდილისგან გვიხსნა და მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მოგვცა. წაიკითხეთ 1 იოანეს 4:8—10 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
რატომაა გამოსასყიდი უძვირფასესი საჩუქარი?
რა გრძნობა გეუფლებათ, როცა ფიქრობთ, რა გააკეთეს იეჰოვამ და იესომ თქვენთვის?
როგორ შეგიძლიათ იეჰოვასა და იესოსადმი მადლიერების გამოხატვა? წაიკითხეთ 2 კორინთელების 5:15, 1 იოანეს 4:11 და 5:3; თითოეული მუხლის წაკითხვის შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
ამ მუხლიდან გამომდინარე, როგორ შეგიძლიათ მადლიერების გამოხატვა?
4. მიჰბაძეთ იესოს
მადლიერებას იმითაც გამოვხატავთ, თუ იესოს ვბაძავთ. წაიკითხეთ 1 პეტრეს 2:21 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
როგორ შეგიძლიათ მიჰყვეთ იესოს ნაკვალევს?
5. აღნიშნეთ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო
წაიკითხეთ ლუკას 22:14, 19, 20 და გაიგეთ, როგორ აღინიშნა პირველად უფლის ვახშამი. შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
როგორ აღინიშნა უფლის ვახშამი?
რას განასახიერებს პური და ღვინო? (იხილეთ მე-19 და მე-20 მუხლები)
იესოს სურდა, რომ მოწაფეებს უფლის ვახშამი წელიწადში ერთხელ, მისი სიკვდილის დღეს, აღენიშნათ. სწორედ ამიტომ იეჰოვას მოწმეები ყოველწლიურად აღნიშნავენ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს ზუსტად ისე, როგორც ეს იესომ დაიბარა. ნახეთ ვიდეო და მეტი გაიგეთ ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის შესახებ. შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
როგორ ტარდება გახსენების საღამო?
პური და ღვინო სიმბოლოებია. პური განასახიერებს იესოს სრულყოფილ სხეულს, რომელიც ჩვენთვის გაწირა, ხოლო ღვინო — მის სისხლს.
ვინმემ შეიძლება გითხრათ: „მთავარია, ქრისტე გწამდეს“.
როგორ აუხსნით მას იოანეს 3:16-ისა და იაკობის 2:17-ის დახმარებით, რომ უფრო მეტია საჭირო?
შეჯამება:
თუ მთელი გულით გვწამს იესო და მისი სიკვდილის გახსენების საღამოს აღვნიშნავთ, მადლიერებას გამოვხატავთ მისადმი.
გასამეორებელი კითხვები:
რას ნიშნავს, გწამდეს იესო?
პირადად თქვენ, როგორ გამოხატავთ მადლიერებას იეჰოვასა და იესოს მიმართ?
რატომაა მნიშვნელოვანი, დაესწროთ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს?
გაიგეთ მეტი:
რისკენ აღგვძრავს ქრისტეს გამოსასყიდზე ფიქრი?
„მან საკუთარი სხეული იეჰოვას განსადიდებლად გამოიყენა“ (9:28)
გაიგეთ, რა არის ნამდვილი რწმენა და როგორ გამოვავლინოთ ის.
„გწამდეთ იეჰოვას დაპირებების!“ („საგუშაგო კოშკი“, ოქტომბერი, 2016)
წაიკითხეთ სტატია, „დღეს აღარ მქენჯნის სინდისი და სიცოცხლით ვტკბები“, და გაიგეთ, როგორ იმოქმედა ერთ ქალზე ქრისტეს გამოსასყიდზე ფიქრმა.
„ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის“ („საგუშაგო კოშკი“, 1 აგვისტო, 2011)
გაიგეთ, რატომ არ იღებს სიმბოლოებს ყველა, ვინც ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს ესწრება.
„რატომ არ აღნიშნავენ იეჰოვას მოწმეები უფლის სერობას სხვა რელიგიების მსგავსად?“ (სტატია ვებგვერდზე)