46-ე გაკვეთილი
რატომ უნდა მივუძღვნათ თავი ღმერთს და მოვინათლოთ?
როდესაც იეჰოვას თავს ვუძღვნით, ლოცვაში აღვუთქვამთ, რომ მხოლოდ მას ვცემთ თაყვანს და მისი ნების შესრულებას ცხოვრებაში უმთავრეს ადგილს დავუთმობთ (ფსალმუნი 40:8). ამას მოჰყვება ნათლობა, რითაც სახალხოდ ცხადვყოფთ, რომ თავი მივუძღვენით იეჰოვას. მისთვის თავის მიძღვნა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რომელიც ჩვენს ცხოვრებას ძირფესვიანად ცვლის. რა გვიბიძგებს, გადავდგათ ასეთი სერიოზული ნაბიჯი?
1. რატომ ვუძღვნით თავს იეჰოვას?
მიძღვნისკენ იეჰოვას სიყვარული აღგვძრავს (1 იოანე 4:10, 19). ბიბლია მოგვიწოდებს: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით და მთელი ძალით“ (მარკოზი 12:30). ღვთისადმი სიყვარულს მხოლოდ სიტყვით კი არა, საქმითაც უნდა ვამტკიცებდეთ. როგორც ქალ-ვაჟს ერთმანეთის სიყვარული აღძრავს, რომ დაქორწინდნენ, ისე იეჰოვას სიყვარული აღგვძრავს ჩვენ, თავი მივუძღვნათ მას და მოვინათლოთ.
2. რას ჰპირდება იეჰოვა თავის მონათლულ მსახურებს?
ნათლობით იეჰოვას ბედნიერი ოჯახის წევრი გახდებით. ამის შემდეგ საკუთარ თავზე არაერთგზის გამოცდით მის სიყვარულს და კიდევ უფრო დაუახლოვდებით მას, როგორც ზეციერ მამას (წაიკითხეთ მალაქიას 3:16—18). ამასთანავე, მთელ მსოფლიოში გეყოლებათ სულიერი და-ძმები, რომელთაც უყვართ იეჰოვა და უყვარხართ თქვენ (წაიკითხეთ მარკოზის 10:29, 30). ცხადია, ნათლობამდე გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგათ: გაეცნოთ იეჰოვას, შეიყვაროთ ის და ირწმუნოთ მისი ძე, ბოლოს კი, თავი მიუძღვნათ ღმერთს. თუ ამ ნაბიჯებს გადადგამთ და მოინათლებით, შესაძლებლობა მოგეცემათ, მარადიულად გაიხაროთ ცხოვრებით. ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „ნათლობა . . . თქვენს ხსნას ემსახურება“ (1 პეტრე 3:21).
გაიღრმავეთ ცოდნა
ქვემოთ შეიტყობთ, თუ რატომაა მნიშვნელოვანი, თავი მიუძღვნათ იეჰოვას და მოინათლოთ.
3. თითოეულმა უნდა გადავწყვიტოთ, ვის ვემსახურებით
ძველად ისრაელში ზოგი ფიქრობდა, რომ შეძლებდა ერთდროულად იეჰოვასთვისაც ეცა თაყვანი და ღვთაება ბაალისთვისაც. იმის დასანახვებლად, რომ ცდებოდნენ, იეჰოვამ მათ წინასწარმეტყველი ელია გაუგზავნა. წაიკითხეთ 1 მეფეების 18:21 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რა არჩევანი უნდა გაეკეთებინათ ისრაელებს?
ისრაელების მსგავსად, ჩვენც უნდა გადავწყვიტოთ, ვის ვემსახურებით. წაიკითხეთ ლუკას 16:13 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
რატომაა შეუძლებელი, რომ ერთდროულად იეჰოვასაც ვემსახუროთ და სხვა ვინმეს ან რამესაც ვცეთ თაყვანი?
როგორ ვაჩვენებთ იეჰოვას, რომ მხოლოდ მას ვემსახურებით?
4. იფიქრეთ იეჰოვას სიყვარულზე
იეჰოვამ არაერთი ძვირფასი ძღვენი გვიბოძა. ჩვენ რისი გაკეთება შეგვიძლია მისთვის? ნახეთ ვიდეო.
თქვენ რა გარწმუნებთ იეჰოვას სიყვარულში? წაიკითხეთ ფსალმუნის 104:14, 15 და 1 იოანეს 4:9, 10; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
განსაკუთრებით რისთვის ემადლიერებით იეჰოვას?
რა გრძნობები გეუფლებათ, როცა ფიქრობთ იეჰოვას მიერ გამოვლენილ სიყვარულსა და სიკეთეზე?
როცა ისეთ რამეს გვჩუქნიან, რაც ძალიან მოგვწონს, სურვილი გვიჩნდება, მადლიერება გამოვხატოთ. წაიკითხეთ კანონის 16:17 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
როცა ფიქრობთ იმაზე, რაც იეჰოვამ გააკეთა თქვენთვის, რისი გაკეთების სურვილი გიჩნდებათ?
5. იეჰოვა თავის მიძღვნილ მსახურებს სიკეთეს არ აკლებს
ბევრს ჰგონია, რომ პოპულარობა, კარიერა და ფული ბედნიერი ცხოვრების გარანტიაა. მართლა ასეა? ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
რატომ მიატოვა ამ სპორტსმენმა ფეხბურთელის კარიერა მიუხედავად იმისა, რომ თამაში ძალიან უყვარდა?
მან გადაწყვიტა, თავი ფეხბურთისთვის კი არა, იეჰოვასთვის მიეძღვნა. თქვენი აზრით, სწორი გადაწყვეტილება მიიღო? რატომ ფიქრობთ ასე?
გაქრისტიანებამდე მოციქული პავლე თავის საქმეში საკმაოდ წარმატებული იყო. მან განათლება ცნობილი მასწავლებლისგან მიიღო და კანონმცოდნე გახდა. მაგრამ გაქრისტიანების შემდეგ ამ საქმის გაგრძელებაზე უარი თქვა. ინანა პავლემ ეს გადაწყვეტილება? წაიკითხეთ ფილიპელების 3:8 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
რატომ შეადარა პავლემ ნაგავს ყველაფერი, რაც დათმო?
რა მიიღო მან სანაცვლოდ?
შეიძლება ცხოვრებაში რამე შეედრებოდეს იეჰოვას მსახურებას? ახსენით.
ზოგი ამბობს: „რა აუცილებელია ღვთისთვის თავის მიძღვნა?!“.
თქვენი აზრით, რატომ ღირს იეჰოვასთვის თავის მიძღვნა?
შეჯამება:
სიყვარული აღგვძრავს, თავი მივუძღვნათ იეჰოვას და მოვინათლოთ.
გასამეორებელი კითხვები:
რატომ იმსახურებს იეჰოვა ჩვენს სიყვარულს და თაყვანისცემას?
რას ჰპირდება იეჰოვა თავის მონათლულ მსახურებს?
გსურთ, თავი მიუძღვნათ იეჰოვას?
გაიგეთ მეტი:
ნახეთ, რატომ გადაწყვიტეს ერთმა ოპერის მომღერალმა და ერთმა სპორტსმენმა, იეჰოვასთვის მიეძღვნათ თავი.
„ახალგაზრდების შეკითხვები — რა გზას ავირჩევ ცხოვრებაში? — წარსულის გახსენება“ (6:54)
შეიტყვეთ მეტი იმის შესახებ, თუ რატომ უნდა მივუძღვნათ თავი იეჰოვას.
„რატომ უნდა მიუძღვნა თავი იეჰოვას?“ („საგუშაგო კოშკი“, 15 იანვარი, 2010)
მუსიკალური ვიდეოკლიპის ყურების დროს დაუკვირდით, რამხელა სიხარული მოაქვს იეჰოვასთვის თავის მიძღვნას.
წაიკითხეთ ბიოგრაფია „მოსვენებას მიკარგავდა იმაზე ფიქრი, თუ რატომ ვარსებობდით“ და გაიგეთ, რამ აღძრა ერთი ქალბატონი, გადაეხედა თავისი პრიორიტეტებისთვის.
„ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის“ („საგუშაგო კოშკი“, 1 ნოემბერი, 2012)