კოლოსელებისთვის მიწერილი წერილი
მოციქული პავლეს ღვთივშთაგონებული წერილი კოლოსეში მცხოვრები ქრისტიანებისთვის; „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ის ქრისტიანულ-ბერძნული წერილების მე-12 წიგნია, სხვა ქართულ თარგმანებში კი — მე-19. შესავალ სიტყვებში პავლე საკუთარ თავს მოიხსენიებს ამ ღვთივშთაგონებული წერილის დამწერად: „პავლე, ქრისტე იესოს მოციქული ღვთის ნებით, და ძმა ტიმოთე, ქრისტესთან ერთობაში მყოფ წმინდებსა და ერთგულ ძმებს კოლოსეში“ (კლ. 1:1, 2). მის ავტორობას ადასტურებს წერილის ბოლოში მოციქულის საკუთარი ხელით დაწერილი მოკითხვაც (კლ. 4:18).
კოლოსელების მიმართ მიწერილი წერილი ძალიან ჰგავს პავლეს მიერ ეფესოელებისთვის მიწერილ წერილს. მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ წერილები თითქმის ერთმანეთის მიყოლებით დაიწერა და ქალაქებში არსებული მდგომარეობაც, შესაძლოა, ძალიან ჰგავდა ერთმანეთს. ეს იმასაც ნიშნავს, რომ, თუ პავლეს ეფესოელებისთვის მიწერილი წერილის დამწერად ვაღიარებთ, ის კოლოსელებისთვის მიწერილი წერილის დამწერადაც უნდა ვაღიაროთ (მაგ. კლ. 1:24—29 შდრ. ეფ. 3:1—7-ს; კლ. 2:13, 14 შდრ. ეფ. 2:1—5, 13—16-ს; კლ. 2:19 შდრ. ეფ. 4:16-ს; კლ. 3:8—10, 12, 13 შდრ. ეფ. 4:20—25, 31, 32-ს; კლ. 3:18—25 და 4:1 შდრ. ეფ. 5:21—23-სა და 6:1—9-ს). უფრო მეტიც, ჩესტერ ბიტის პაპირუს №2-ში (P46 დაახლ. ახ. წ. 200) პავლეს წერილებში კოლოსელებისთვის მიწერილი წერილის შეტანა ცხადყოფს, რომ ადრინდელი ქრისტიანები მას პავლეს მიერ ღვთივშთაგონებით დაწერილ წერილად მიიჩნევდნენ.
როგორც ჩანს, ორმა ფაქტორმა განაპირობა კოლოსელებისთვის წერილის მიწერა. პირველი ის იყო, რომ ეპაფრამ პავლეს კრების სულიერი მდგომარეობა შეატყობინა. ზოგიერთმა ცნობამ პავლე დაამწუხრა, თუმცა კარგი ამბებიც გაიგო. პავლე წერდა, რომ ეპაფრამ ამცნო კოლოსელების მიერ „სულით გამოვლენილი სიყვარულის შესახებ“ (კლ. 1:7, 8). კრებაში არსებული პრობლემების მიუხედავად, სიტუაცია სავალალო არ იყო და მათ შესაქებიც ბევრი ჰქონდათ. ფილიმონის მონა ონისიმეც მალე დაუბრუნდებოდა თავის ბატონს კოლოსეში. ასე რომ, პავლემ ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა და კოლოსეს კრებას ონისიმესა და მისი თანამსახური ტიქიკეს ხელით გაუგზავნა წერილი (კლ. 4:7—9).
სად და როდის დაიწერა. წიგნში პირდაპირ არ არის ნათქვამი, საიდან სწერდა პავლე წერილს კოლოსელებს. ზოგის აზრით, ის ამ დროს ეფესოში იმყოფებოდა. წერილიდან ჩანს, რომ ის დაპატიმრებული იყო, მაგრამ არსად არის ნათქვამი, რომ ის ეფესოში ოდესმე ყოფილიყო პატიმრობაში. მოციქულის მიერ კოლოსელების 4:2—4, 11-ში ჩაწერილი სიტყვები ყველაზე მეტად მიესადაგება მის მდგომარეობას რომში პირველი პატიმრობისას (დაახლ. ახ. წ. 59—61). მართალია, პავლე კესარეაშიც იყო ციხეში (სქ. 23:33—35) და ფელიქსისგან გარკვეული თავისუფლებით სარგებლობდა (სქ. 24:23), მაგრამ სავარაუდოდ ეს არ იყო ისეთი დიდი თავისუფლება, როგორიც მას რომში პირველი პატიმრობისას ჰქონდა, როცა ორი წელი ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა და ყველა მნახველთან ღვთის სამეფოზე ქადაგების შესაძლებლობა ჰქონდა (სქ. 28:16, 23, 30, 31).
წერილის რომში დაწერის კიდევ ერთი მტკიცება ის არის, რომ იმ დროს ონისიმე პავლესთან იყო და ტიქიკესთან ერთად უნდა წასულიყო კოლოსეში წერილის წასაღებად. უდავოა, რომი თავისი მრავალრიცხოვანი მოსახლეობით სასურველი თავშესაფარი იქნებოდა გაქცეული მონისთვის. კოლოსელებისთვის მიწერილი წერილი, როგორც ჩანს, პავლემ რომში თავისი პირველი პატიმრობის ბოლოს, დაახლ. ახ. წ. 60-61 წელს დაწერა. ამ დროს მისწერა მან წერილი ფილიმონსაც. ტიქიკემ და ონისიმემ კოლოსელებისთვის მიწერილი წერილიც წაიღეს და ფილიმონისთვის მიწერილიც (ფლმ. 10—12). პავლე ფილიმონისთვის მიწერილ წერილში გათავისუფლების იმედს გამოთქვამს (მუხლ. 22), ამიტომ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფილიმონის წერილის მსგავსად კოლოსელების წერილიც რომში პავლეს პირველი პატიმრობის დასასრულს იყო დაწერილი.
ცრუ შეხედულებების გაბათილება. კოლოსეში ცრუმასწავლებლები ავრცელებდნენ ფილოსოფიას, რომლითაც შეცდომაში შეჰყავდათ კრების წევრები. ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მოსეს კანონის დაცვას და ასკეტიზმისკენ მოუწოდებდნენ. მოციქულმა გააფრთხილა კოლოსელი ქრისტიანები, რომ არავის გაეტაცებინა ისინი „ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით, რომლებიც ეთანხმება ადამიანთა ადათ-წესებსა და ქვეყნიერების პრინციპებს და არა ქრისტეს“ (კლ. 2:8). პავლემ აგრეთვე მოუწოდა თანამორწმუნეებს, არავისთვის მიეცათ უფლება, გაესამართლებინა ისინი „საჭმლისა და სასმლის გამო ან დღესასწაულის, ახალმთვარობისა თუ შაბათის გამო, რადგან ეს ყველაფერი მომავლის ჩრდილია, სინამდვილე კი — ქრისტესი“ (კლ. 2:16, 17). მოციქულმა ამხილა მოჩვენებითი თავმდაბლობა და დაგმო ასკეტიზმი. მან თქვა: „ამ ყველაფერს მართლაც აქვს გარეგნული სიბრძნე თვითნებური თაყვანისმცემლობითა და მოჩვენებითი თავმდაბლობით, სხეულის დათრგუნვით, მაგრამ სრულიად უსარგებლოა ხორციელ სურვილებთან ბრძოლაში“ (კლ. 2:20—23).
პავლემ ყურადღება გაამახვილა ქრისტესთვის ღვთის მიერ ბოძებულ აღმატებულ მდგომარეობაზე (კლ. 1:13—20). თუ ეს ყოველთვის ემახსოვრებოდათ, ისინი უარს იტყოდნენ წარმართულ ფილოსოფიაზე, იუდაურ ტრადიციასა და „ანგელოზების თაყვანისცემაზე“ (კლ. 2:18). ბიბლია არ აკონკრეტებს, რა იგულისხმება „ანგელოზების თაყვანისცემაში“ — ღმერთს ვითომდა ანგელოზებივით სცემდნენ თაყვანს, მოწიწებაში ჰბაძავდნენ ანგელოზებს თუ უშუალოდ ამ სულიერ ქმნილებებს ეთაყვანებოდნენ.
[ჩარჩო]
მნიშვნელოვანი აზრები კოლოსელებიდან
წერილში ხაზგასმულია, რომ არასწორი შეხედულებებისა და ჩვევებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად უნდა დავაფასოთ ღვთის მიერ ქრისტესთვის ბოძებული მდგომარეობა.
დაწერა პავლემ რომში პირველი პატიმრობის ბოლოს.
ქრისტეს მდგომარეობის დაფასება (1:1—2:12)
პავლე აქებს კოლოსელებს ქრისტეში მათი რწმენისა და ყველა წმინდის მიმართ გამოვლენილი სიყვარულისთვის, ვისთანაც ზეციურ იმედს იზიარებენ.
ქრისტეს აღმატებული მდგომარეობა: ის არის ღვთის ანარეკლი, პირმშო ყველა ქმნილებას შორის, მისი მონაწილეობით შეიქმნა სხვა ყველაფერი, ის არის კრების თავი და პირმშო მკვდრებს შორის.
ღმერთთან შერიგება ქრისტეს მეშვეობით ხდება.
ქრისტეში დამალულია ჭეშმარიტი სიბრძნისა და ცოდნის მთელი განძი.
იარეთ მასთან ერთობაში; არ დაუშვათ, რომ ვინმემ გაგიტაცოთ ფილოსოფიით.
ღმერთმა ქრისტეს მეშვეობით ჩამოგვაცილა მოსეს კანონი (2:13—23)
ღმერთმა სიმბოლურად მიალურსმა კანონის შეთანხმება ქრისტეს წამების ბოძზე.
კანონის მოთხოვნები ჩრდილი იყო, სინამდვილე კი — ქრისტესი.
ნუ წაართმევინებთ ჯილდოს მათ, ვინც ადამიანთა წესებისა და სწავლებების მიყოლისკენ გიბიძგებთ, ნაცვლად იმისა, რომ ჩაეჭიდოთ კრების თავს, ქრისტეს.
შეიმოსეთ ახალი პიროვნებით და დაემორჩილეთ ქრისტეს (3:1—17)
იფიქრეთ ზეციერზე და არა მიწიერზე.
ჩაკალით უწმინდური ხორციელი სურვილები; მოიშორეთ არასწორი აზროვნება და მეტყველება.
შეიმოსეთ თანაგრძნობით, სიკეთით, თავმდაბლობით, რბილი ხასიათით, სულგრძელობითა და სიყვარულით.
ქრისტეს მშვიდობა ბატონობდეს თქვენს გულებში.
ყველაფერი უფალ იესოს სახელით აკეთეთ და მადლობდეთ ღმერთს მისი მეშვეობით.
ღვთისა და ქრისტესადმი მადლიერება გავლენას უნდა ახდენდეს სხვებთან ჩვენს ურთიერთობებზე (3:18—4:18)
ცოლებმა, ქმრებმა, ბავშვებმა, მონებმა და ბატონებმა თავიანთი პასუხისმგებლობა ადამიანთა შიშით კი არა, იეჰოვას შიშით უნდა შეასრულონ და უნდა ახსოვდეთ, რომ ქრისტე, ჩვენი ბატონი, ზეცაშია.
დაჟინებით ილოცეთ და იარეთ სიბრძნით.
პავლე მოკითხვებს უთვლის თანამსახურთ უფალში.