ღვთიური, ღვთაებრივი
ღვთის კუთვნილი, ღვთისთვის დამახასიათებელი, ზეციერი.
ებრაულ წერილებში სიტყვები ʼელ („ღმერთი“ მხ. რიცხვში) და ʼელოჰიმ („ღმერთი“ მრ. რიცხვში, ღვთის აღმატებულობის მაჩვენებელი) ზოგან გვერდიგვერდ გვხვდება. მაგალითად, იესო ნავეს ძის 22:22-ისა და ფსალმუნის 50:1-ის ებრაულ ტექსტში წერია ʼელʼ ელოჰიმ ჲეჰვაჰ. ზოგ თარგმანში ამ ფრაზის პირველი ორი სიტყვის ტრანსლიტერაცია გვხვდება, ზოგში კი ეს ორი სიტყვა ნათარგმნია როგორც „ღმერთმა ღმერთთამან“ (სსგ, ბსგ), თუმცა უფრო ზუსტი აზრობრივი თარგმანია „ძლიერი ღმერთი“, „ძლევამოსილი ღმერთი“ (აქ) (იხ. ღმერთი).
ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში თეოსიდან (ღმერთი) ნაწარმოები ზოგიერთი სიტყვა აღნიშნავს ღვთიურსა და ღვთაებრივს. ესენია: თიოს, თიოტეს, თეოტეს, რომლებიც საქმეების 17:29-ში, კოლოსელების 2:9-სა და 2 პეტრეს 1:3, 4-ში გვხვდება.
როგორც საქმეების 17:29-დან ვიგებთ, პავლემ ათენელებს დაანახვა, რაოდენ ალოგიკური იქნებოდა იმის დაჯერება, რომ „ღმერთი [ტო თეიონ, ნაწარმოებია თიოსისგან] ჰგავს ოქროს, ვერცხლს ან ქვას“. ბევრმა მთარგმნელმა ტო თეიონ „ღვთაებად“ (სსგ) თარგმნა, ხოლო ე. ჯ. გუდსპიდმა — „ღვთიურ ბუნებად“. ერთ ბიბლიურ ენციკლოპედიაში აღნიშნულია, რომ ტო თეიონ „ნაწარმოებია ზედსართავი სახელიდან თიოს, რაც ღვთის კუთვნილს, ღვთიურს ნიშნავს“ (International Standard Bible Encyclopedia, ჯ. ბრომილის რედაქციით, 1979, ტ. 1, გვ. 913). ლიდელისა და სკოტის „ბერძნულ-ინგლისური ლექსიკონი“ ამ სიტყვას „ღვთაებრიობად“ განმარტავს (გადამუშავებულია ჰ. ჯოუნზის მიერ, ოქსფორდი, 1968, გვ. 787, 788). ამგვარად, ტო თეიონ შეიძლება მიუთითებდეს როგორც პიროვნებაზე, ისე თვისებაზე. ასეთ შემთხვევაში მთარგმნელმა კონტექსტის მიხედვით უნდა განსაზღვროს, რომელ სიტყვას გამოიყენებს. საქმეების 17:29-ის კონტექსტი ნათლად აჩვენებს, რომ აქ საუბარია ღმერთზე, როგორც პიროვნებაზე. ამიტომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ეს სიტყვა მართებულადაა ნათარგმნი ღმერთად (შდრ. კს).
რომაელების 1:20-ში პავლე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რაც ღვთის „უხილავ თვისებებზე“, კერძოდ, მის „მარადიულ ძლიერებასა და ღვთაებრიობაზე [თიოტეს ]“ მოწმობს. ზოგ თარგმანში (კს, აფ) ეს სიტყვა „ღვთაებად“ არის ნათარგმნი, რაც ბევრს ისეთ შთაბეჭდილებას უქმნის, რომ მასში პიროვნება იგულისხმება და არა თვისება. თუმცა ლიდელისა და სკოტის „ბერძნულ-ინგლისური ლექსიკონი“ (გვ. 788) თიოტესს განმარტავს როგორც „ღვთაებრივ ბუნებას, ღვთაებრიობას“. აქედან გამომდინარე, მართებულია, თიოტეს ითარგმნოს ღვთიურ თვისებად და არა ღმერთად, რასაც კონტექსტიც უჭერს მხარს. მოციქული პავლე საუბრობს იმაზე, რაც შემოქმედებაში ჩანს. მართალია, შემოქმედება არ გვიმხელს ღვთის სახელს, მაგრამ ის ნამდვილად მეტყველებს მის „მარადიულ ძლიერებაზე“, რაც სამყაროს შესაქმნელად და საარსებოდ იყო საჭირო. შემოქმედება შემოქმედის ღვთაებრიობაზეც მეტყველებს, კერძოდ იმაზე, რომ ის ნამდვილად ღმერთია, რომელიც ჩვენს თაყვანისცემას იმსახურებს.
კოლოსელების 2:9-ში მოციქული პავლე ქრისტეზე ამბობს, რომ „მასშია სხეულებრივად დამკვიდრებული ღვთაებრიობის [თეოტესის ერთ-ერთი ფორმა] მთელი სისავსე“. ზოგი თარგმანი (კს, აფ) ამ სიტყვასაც „ღვთაებად“ თარგმნის, რის საფუძველზეც სამების დოგმატის მომხრეები ასკვნიან, რომ ღმერთი ქრისტეში მკვიდრობს. თუმცა ლიდელისა და სკოტის „ბერძნულ-ინგლისური ლექსიკონი“ (გვ. 792) თეოტესს ისევე განმარტავს, როგორც თიოტესს, კერძოდ, „ღვთაებრივ ბუნებად, ღვთაებრიობად“. სირიულ ფეშიტასა და ლათინურ ვულგატაშიც ეს სიტყვა ღვთაებრიობად არის ნათარგმნი. აქედან გამომდინარე, მართებულია, რომ ამ შემთხვევაშიც თეოტეს ითარგმნოს თვისებად და არა პიროვნებად.
კოლოსელების 2:9-ის კონტექსტიდან ნათლად ჩანს, რომ ღვთაებრიობა ანდა ღვთაებრივი ბუნება ქრისტეს ყოვლისშემძლე ღმერთად არ აქცევს. წინა თავში პავლემ დაწერა: „ღმერთმა მოისურვა, რომ მასში დამკვიდრებულიყო ყოველი სისავსე“ (კლ. 1:19). როგორც ვხედავთ, ყოველი სისავსე ქრისტეში იმიტომაა დამკვიდრებული, რომ ეს „კეთილინება მამამ“ (სსგ). ამგვარად, ღვთაებრიობის ეს სისავსე თავად ქრისტესია, რადგან ასე ისურვა მისმა მამამ. იმის საჩვენებლად, რომ ეს სისავსე ქრისტეს ყოვლისშემძლე ღმერთად არ აქცევს, პავლემ მოგვიანებით დაწერა, რომ „ქრისტე ღვთის მარჯვნივ ზის“ (კლ. 3:1).
კოლოსელების 2:9-ის კონტექსტი, კერძოდ მე-8 მუხლი, ქრისტიანებს აფრთხილებს, რომ არავინ გაიტაცოს ისინი ფილოსოფიითა და ადამიანთა ადათ-წესებით. მათ იციან, რომ „მასში [ქრისტეში] საგულდაგულოდ არის დამალული სიბრძნისა და ცოდნის მთელი განძი“, ამიტომ მასთან ერთობაში უნდა იარონ, როგორც მასში ფესვგადგმულებმა, რომლებიც შენდებიან მასში და მტკიცდებიან რწმენაში (კლ. 2:3, 6, 7). გარდა ამისა, მე-13—15-ე მუხლებში ვკითხულობთ, რომ ისინი გაცოცხლდნენ რწმენით და გათავისუფლდნენ კანონის შეთანხმებისგან. ამიტომ ასკვნის პავლე, რომ ქრისტიანებს არ სჭირდებათ კანონი (რომელიც ქრისტემ გააუქმა), არც ადამიანთა ფილოსოფია და არც ადათ-წესები. მათ უკვე აქვთ ყველაფერი, რაც საჭიროა, კერძოდ, ქრისტეში დამკვიდრებული ფასდაუდებელი სისავსე (კლ. 2:10—12).
დაბოლოს, 2 პეტრეს 1:3, 4-ში მოციქული პეტრე ამბობს, რომ „ძვირფასი და დიდებული დაპირებების“ წყალობით, რომლებიც ცხებულ ქრისტიანებს მიეცათ, ისინი ხდებიან „ღვთის ბუნების მოზიარენი“ და თავს აღწევენ „ვნებით გამოწვეულ გახრწნილებას ქვეყნიერებაში“. ბიბლიის სხვა მუხლებშიც არის ნათქვამი, რომ ეს ქრისტიანები არიან ქრისტეს ტანჯვების მოზიარენი, კვდებიან მისი სიკვდილის მსგავსი სიკვდილით, მის მსგავსად აღდგებიან უკვდავ სულიერ ქმნილებებად და მასთან ერთად გახდებიან ზეციერი სამეფოს თანამემკვიდრეები (1კრ. 15:50—54; ფლ. 3:10, 11; 1პტ. 5:1; 2პტ. 1:2—4; გმც. 20:6). აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ქრისტიანები იმ გაგებით ხდებიან „ღვთის ბუნების“ მოზიარენი, რომ ქრისტეს დიდებას ეზიარებიან.