ქამი
1. ნოეს სამი ვაჟიდან ერთ-ერთი, რომელიც ძვ. წ. 2470 წლის შემდეგ დაიბადა (დბ. 5:32; 7:6; 11:10). შესაძლოა, ის ნოეს უმცროსი ვაჟი იყო (დბ. 9:24). მაგრამ დაბადების 5:32-ში, 6:10-სა და კიდევ სხვა მუხლებში ქამი ჩამონათვალში რიგით მეორეა. დაბადების 10:21-ში სემზე ნათქვამია, რომ „მისი უფროსი ძმა იაფეთი იყო“. ზოგი ფიქრობს, რომ დაბადების 9:24-ში გამოთქმა „უმცროსი შვილი“ მიუთითებს ნოეს შვილიშვილ ქანაანზე (იხ. ქანაანი, ქანაანელი №1).
ქამს ჰყავდა ოთხი ვაჟი: ქუში, მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი (დბ. 10:6; 1მტ. 1:8). მისი ვაჟების შთამომავლები იყვნენ ეთიოპები, ეგვიპტელები, ზოგიერთი არაბული და აფრიკული ტომი და ქანაანელები. მართალია, ამბობენ, რომ დაბადების მე-10 თავში მოხსენიებული ზოგი ქამიტური ტომი და ერი სემიტურ ენებზე ლაპარაკობდა, მაგრამ ეს ეჭვქვეშ არ აყენებს მათ ქამიტურ წარმომავლობას ან იმას, რომ თავიდან ისინი ქამიტურ ენებზე ლაპარაკობდნენ. მრავალმა ხალხმა გაითავისა თავიანთი დამპყრობლების ან მათი ენა, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდათ, ან იმ ქვეყნის ენა, სადაც საცხოვრებლად გადავიდნენ.
ქამმა წარღვნამდე მოიყვანა ცოლი. თავის ცოლთან, მშობლებთან, ორ ძმასა და მათ ცოლებთან ერთად წარღვნას ქამიც გადაურჩა (დბ. 6:18; 7:13; 8:15, 16, 18; 1პტ. 3:19, 20). მისი ვაჟები წარღვნის შემდეგ დაიბადნენ.
ცოტა მოგვიანებით ქამი ისეთი საქმის მომსწრე გახდა, რის გამოც მისი ვაჟი ქანაანი დაიწყევლა. ნოე ღვინით დათვრა და თავის კარავში გაშიშვლდა. ქამმა დაინახა მამის სიშიშვლე და ძმებს უამბო, ნაცვლად იმისა, რომ სათანადო პატივისცემით მოქცეოდა ნოეს, ოჯახისთავს, ღვთის მსახურსა და წინასწარმეტყველს, რომელიც ღმერთმა ადამიანთა მოდგმის გადასარჩენად გამოიყენა. სემმა და იაფეთმა პატივისცემა გამოავლინეს, მოსასხამი მხრებზე მოისხეს, უკუსვლით მივიდნენ და სახეშებრუნებულებმა თავიანთ მამას სიშიშვლე დაუფარეს. როცა ნოემ გაიღვიძა, დაწყევლა არა ქამი, არამედ მისი ვაჟი ქანაანი. სემისა და იაფეთის კურთხევის დროს მან ქამი არც კი მოიხსენია. წყევლა მან მხოლოდ ქანაანზე წარმოთქვა და იწინასწარმეტყველა, რომ ის სემისა და იაფეთის მონა გახდებოდა (დბ. 9:20—27).
შესაძლოა, დანაშაულში უშუალოდ ქანაანს მიუძღოდა წვლილი და მამამისმა, ქამმა ზომები არ მიიღო შვილის გამოსასწორებლად. ან ნოემ შთაგონებით იწინასწარმეტყველა, რომ ქამის ცუდი მიდრეკილება, რომელიც შესაძლოა უკვე გამოვლინდა მის ვაჟ ქანაანში, მემკვიდრეობით გადაეცემოდა ქანაანის შთამომავლებს. წყევლა ნაწილობრივ მაშინ შესრულდა, როცა სემიტმა ისრაელებმა დაიპყრეს ქანაანი. ვინც არ განადგურდა (მაგ., გაბაონელები [იეს. 9]), ისრაელის მონები გახდნენ. საუკუნეების შემდეგ წყევლა კიდევ შესრულდა, როცა ქამის ვაჟის, ქანაანის შთამომავლები იაფეთური წარმოშობის მსოფლიო მმართველების — მიდია-სპარსეთის, საბერძნეთისა და რომის გავლენის ქვეშ მოექცნენ.
ზოგი არასწორად ასკვნის, რომ შავკანიანთა რასა და მათი დამონება ქანაანის დაწყევლის შედეგია. სინამდვილეში ქანაანის დაწყევლილები შთამომავლები შავკანიანები არ იყვნენ. შავკანიანები იყვნენ ქამის სხვა ვაჟების, ქუშის და შესაძლოა ფუტის შთამომავლები, რომლებიც არ იყვნენ იმ შემთხვევის მონაწილენი და არ დაწყევლილან.
2. წიგნ „ფსალმუნებში“ მოხსენიებული „ქამის ქვეყანა“ უკავშირდება ეგვიპტეს (ფს. 78:51; 105:23, 27; 106:21, 22; იხ. ეგვიპტე, ეგვიპტელი).