იონა (ბიბლიის წიგნი)
ეს წიგნი გამონაკლისია ებრაულ წერილებში, რადგან მოგვითხრობს არაისრაელი ქალაქისთვის იეჰოვას წინასწარმეტყველის მიერ განადგურების ცნობის გაცხადების შესახებ, რამაც ეს ქალაქი მონანიებისკენ აღძრა. წიგნში აღწერილი მოვლენები შეემთხვა მის დამწერს, იონა ამითაის ძეს. როგორც ჩანს, ის არის 2 მეფეების 14:25-ში მოხსენიებული იონა. შესაბამისად, ის წინასწარმეტყველად იმსახურებდა ისრაელის მეფე იერობოამ II-ის მმართველობის პერიოდში (დაახლ. ძვ. წ. 844—804). ლოგიკურია დავასკვნათ, რომ წიგნში აღწერილი მოვლენები ძვ. წ. IX ს-ში მოხდა (იხ. იონა №1).
უტყუარობა. წიგნი „იონა“ ხშირად ხდება კრიტიკოსების სამიზნე, რადგან მასში მრავალი უჩვეულო მოვლენაა აღწერილი. ისინი არარეალურად მიიჩნევენ ქარიშხლის უეცარ ამოვარდნასა და უეცარ დაცხრომას, თევზის მიერ იონას გადაყლაპვასა და სამი დღის შემდეგ ნაპირზე წინასწარმეტყველის უვნებლად გადმონთხევას, აყიროს უეცრად გაზრდასა და გახმობას, რადგან დღეს მსგავსი რამ არ ხდება. მათი განაცხადი საფუძვლიანი იქნებოდა, თუ თავად იონას წიგნში ეწერებოდა, რომ ასეთი მოვლენები იმ დროს ჩვეულებრივი იყო. მაგრამ მსგავს მტკიცებას წიგნი არ შეიცავს. მასში მოთხრობილია ღვთის მიერ განსაკუთრებული დავალებით გაგზავნილი ადამიანის ცხოვრებაში მომხდარი მოვლენები. ამიტომ, ვინც ამტკიცებს, რომ ასეთი რამ შეუძლებელია მომხდარიყო, უარყოფს ან ღვთის არსებობას, ან იმას, რომ თავისი ნების შესასრულებლად მას შეუძლია გავლენა მოახდინოს ბუნების ძალებზე, მცენარეებზე, ცხოველებსა და ადამიანებზე (მთ. 19:26).
ზღვის რომელ ბინადარს შეეძლო იონას გადაყლაპვა?
წარსულში გავრცელებული იყო აზრი, რომ ზღვის არც ერთ ბინადარს არ შეეძლო ადამიანის გადაყლაპვა. მაგრამ ეს აზრი საფუძველმოკლებულია. ადამიანის მთლიანად გადაყლაპვა თავისუფლად შეუძლია კაშალოტს, რომლის უზარმაზარი კვადრატული თავი მისი სხეულის მესამედს შეადგენს (უოლკერის Mammals of the World, გადამუშავებულია რ. ნოვაკისა და ჯ. პარადიზოს მიერ, 1983, ტ. II, გვ. 901). საინტერესოა, რომ ფაქტების თანახმად, საპორტო ქალაქი იოპე ძველად ვეშაპთსარეწი ცენტრი იყო. მეორე მხრივ, შესაძლებელია, რომ იონა დიდ თეთრ ზვიგენს გადაეყლაპა. ერთ ასეთ ზვიგენს, რომელიც 1939 წელს დაიჭირეს, ორი ორმეტრიანი ზვიგენი ჰყავდა გადაყლაპული, რომელთაგან თითოეული ადამიანის ზომისა იყო. დიდი თეთრი ზვიგენი დაცურავს ყველა ზღვაში, მათ შორის ხმელთაშუა ზღვაში (Australian Zoological Handbook, The Fishes of Australia, გ. პ. უიტლი, სიდნეი, 1940, ნაწილი 1 — The Sharks, გვ. 125; The Natural History of Sharks, რ. ბაკუსი და თ. ლინიაუივერი, III, 1970, გვ. 111, 113). თუმცა ბიბლიაში თევზის სახეობა დაკონკრეტებული არ არის. მასში უბრალოდ ნათქვამია: „იეჰოვამ დიდ თევზს ჩააყლაპვინა იონა“ (იონ. 1:17). ამიტომ შეუძლებელია დანამდვილებით ვთქვათ, რომელი თევზი იყო ეს. სინამდვილეში ზღვისა და ოკეანის ბინადართა შესახებ ადამიანის ცოდნა საკმაოდ მწირია. ერთ მეცნიერულ ჟურნალში ნათქვამია: „როგორც გამოცდილებამ აჩვენა, ზღვის სიღრმეების გამოკვლევისას უეჭველად აღმოვაჩენთ უცნობ სახეობებს, მათ შორის დიდი ხნის წინათ გადაშენებულად მიჩნეულებს“ (Scientific American, 1969, სექტემბერი, გვ. 162).
ზოგი წიგნის უტყუარობას იმიტომ აყენებს ეჭვქვეშ, რომ წინასწარმეტყველის საქმიანობაზე ასურულ წყაროებში არაფერია ნათქვამი. მაგრამ ეს გასაკვირი არ არის, რადგან ძველად ხალხები აზვიადებდნენ თავიანთ წარმატებებს, წარუმატებლობასა და დამცირებაზე კი არაფერს ამბობდნენ და ისტორიიდან შლიდნენ ყველაფერს, რაც ცუდ შუქში წარმოაჩენდა მათ. უფრო მეტიც, ვინაიდან ყველა ძველი ხელნაწერი არ შემორჩა ან ჯერ არ არის ნაპოვნი, ვერავინ შეძლებს დარწმუნებით იმის მტკიცებას, რომ ცნობები იონას დროს მომხდარის შესახებ არ არსებობდა.
იონას წიგნის არაისტორიულობის დასამტკიცებლად მოჰყავთ ის ფაქტიც, რომ წიგნში ზოგი რამ დაკონკრეტებული არ არის (მაგ., ასურეთის მეფის სახელი და იმ სანაპიროს სახელწოდება, სადაც თევზმა იონა ამოანთხია). თუმცა მათ მხედველობიდან რჩებათ, რომ ისტორიულ ჩანაწერებში მოვლენები ყოველთვის მოკლედ არის გადმოცემული. ისტორიკოსები წერდნენ მხოლოდ იმას, რასაც მნიშვნელოვნად ან მიზნის მისაღწევად აუცილებლად მიიჩნევდნენ. ბიბლეისტი კ. ფ. კაილი აღნიშნავს, რომ „ძველი დროის არც ერთი ისტორიკოსის ნაშრომი არ შეიცავს ასეთ სრულ ინფორმაციას, ამიტომ ნაკლებად მოსალოდნელია, ბიბლიის ისტორიკოსებმა მეტი ინფორმაცია მოგვაწოდონ იმაზე, რაც პირდაპირ არ უკავშირდება მათი მონათხრობის მთავარ მიზანს ან მათ მიერ მოყვანილი ფაქტების რელიგიურ მნიშვნელობას“ (Commentary on the Old Testament, 1973, ტ. X, „იონას“ შესავალი, გვ. 381).
იონას წიგნს უძველესი ქალაქის, ნინევეს ზომების გაზვიადებაშიც ადანაშაულებენ, რადგან მასში ნათქვამია, რომ ქალაქი სამი დღის სავალი იყო (იონ. 3:3), მაშინ როცა არქეოლოგიური მტკიცებები იმაზე მიანიშნებს, რომ ქალაქის გალავნის სიგრძე მხოლოდ 13 კმ-მდე იყო. თუმცა ეს არ იძლევა ბიბლიური ცნობის სისწორის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველს. როგორც ბიბლიურ დროში, ისე დღეს ქალაქში შეიძლება მისი შემოგარენიც იგულისხმებოდეს. აღსანიშნავია, რომ დაბადების 10:11, 12-ში ნინევეს, რეხობოთ-ირს, ქალახსა და რესენს „ერთი დიდი ქალაქი“ ეწოდება.
წიგნში ეჭვი შეაქვთ იმის გამოც, რომ იონა პირველ პირში არ წერდა. თუმცა ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ბიბლიის სხვა დამწერებიც წერდნენ საკუთარ თავზე მესამე პირში (გმ. 24:1—18; ეს. 7:3; 20:2; 37:2, 5, 6, 21; იერ. 20:1, 2; 26:7, 8, 12; 37:2—6, 12—21; დნ. 1:6—13; ამ. 7:12—14; ანგ. 1:1, 3, 12, 13; 2:1, 10—14, 20; ინ. 21:20). ამ ხერხს მიმართავდნენ უძველესი ისტორიკოსებიც, მათ შორის ქსენოფონტი და თუკიდიდე. თუმცა მათი ჩანაწერების სისწორე ამ მიზეზით არავის არასდროს დაუყენებია ეჭვქვეშ.
იონას წიგნის შესავალი სიტყვები „იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა“, იმაზე მიანიშნებს, რომ წიგნი ღვთისგანაა (იონ. 1:1). ძველი დროიდან მოყოლებული იუდეველები აღიარებდნენ როგორც ამ, ისე სხვა წინასწარმეტყველთა წიგნებს, რომლებიც მსგავსი სიტყვებით იწყებოდა (იერ. 1:1, 2; ოს. 1:1; მქ. 1:1; სფ. 1:1; ანგ. 1:1; ზქ. 1:1; მლ. 1:1). ეს წიგნის უტყუარობის საკმაოდ დამაჯერებელი მტკიცებაა. ერთ ნაშრომში აღნიშნული იყო: „წარმოუდგენელია, ... იუდეველებს წმინდა წერილების კანონში შეეტანათ წიგნი, რომლის ნამდვილობისა და უტყუარობის დამადასტურებელი სერიოზული მტკიცებებიც არ ჰქონდათ“ (The Imperial Bible-Dictionary, პ. ფერბერნის რედაქციით, ლონდონი, 1874, ტ. I, გვ. 945).
ამასთან, წიგნი სრულად ეთანხმება წმინდა წერილების დანარჩენ წიგნებს. მასში ნათქვამია, რომ ხსნა იეჰოვასგანაა (იონ. 2:9; შდრ. ფს. 3:8; ეს. 12:2; გმც. 7:10), და ხაზი ესმება ცოდვილი ადამიანების მიმართ იეჰოვას მიერ გამოვლენილ წყალობას, მოთმინებას, სულგრძელობასა და სიკეთეს (იონ. 3:10; 4:2, 11; შდრ. კნ. 4:29—31; იერ. 18:6—10; რმ. 9:21—23; ეფ. 2:4—7; 2პტ. 3:9).
ამ ბიბლიური წიგნის უტყუარობის კიდევ ერთი მტკიცება მისი გულწრფელობაა. მასში დაფარული არ არის, რომ იონას არასწორი დამოკიდებულება ჰქონდა თავისი დავალებისა და ღვთის მიერ ნინეველების შეწყალების მიმართ.
თუმცა ყველაზე ძლიერი მტკიცება თავად ღვთის ძის სიტყვებია. მან თქვა: „იონა წინასწარმეტყველის ნიშნის გარდა [ამ თაობას] სხვა ნიშანი არ მიეცემა. როგორც იონა იყო დიდი თევზის მუცელში სამი დღე და ღამე, ასევე კაცის ძე იქნება სამ დღესა და სამ ღამეს დედამიწის გულში. ნინეველები ამ თაობასთან ერთად აღდგებიან სასამართლოზე და მსჯავრს დასდებენ მას, რადგან მათ მოინანიეს, როცა იონამ უქადაგა, მაგრამ აი, აქ არის იონაზე დიდი“ (მთ. 12:39—41; 16:4). იესო ქრისტეს აღდგომა ისეთივე სინამდვილე იქნებოდა, როგორც თევზის მუცლიდან იონას გათავისუფლება. და ის თაობა, რომელიც იონას ქადაგებას ისმენდა, ისეთივე რეალური იყო, როგორიც თაობა, რომელიც იესო ქრისტეს სიტყვებს ისმენდა. ნინევეს გამოგონილი მოსახლეობა ვერ აღდგებოდა სასამართლოზე და მსჯავრს ვერ დასდებდა ებრაელთა უგრძნობ თაობას.
[ჩარჩო]
მნიშვნელოვანი აზრები იონადან
ეს არის მონათხრობი იონას შესახებ, რომელსაც წარმართი ნინეველებისთვის წინასწარმეტყველება დაევალა.
დაიწერა დაახლ. ძვ. წ. 844 წელს, ასურელების მიერ ისრაელთა ტყვედ წაყვანამდე დაახლ. 100 წლით ადრე.
იონას გაქცევა (1:1—2:10)
იონას დავალებული აქვს, ნინეველებს იეჰოვას რისხვის შესახებ გაუცხადოს, მაგრამ ის თარშიშისკენ მიმავალ გემზე ჯდება.
იწყება ძლიერი შტორმი და გემს დაღუპვა ემუქრება.
შეშინებული მეზღვაურები თავიანთ ღმერთებს უხმობენ და ამსუბუქებენ გემს, შემდეგ კი კენჭს ყრიან იმის გასარკვევად, თუ ვის გამო დაატყდათ ეს უბედურება.
კენჭის ყრა იონაზე მიანიშნებს. ის ურჩევს მეზღვაურებს, ზღვაში გადააგდონ, რადგან ქარიშხალი მის გამო ამოვარდა.
მეზღვაურებს არ უნდათ ამის გაკეთება, ამიტომ ცდილობენ, გემი ნაპირზე გარიყონ. როცა ვერ ახერხებენ, იონას ზღვაში აგდებენ. შტორმი მაშინვე წყნარდება.
იონას ყლაპავს დიდი თევზი.
თევზის მუცელში მყოფი იონა ლოცულობს და იეჰოვას ჰპირდება, რომ აღთქმას შეუსრულებს.
ბოლოს თევზი იონას ნაპირზე ანთხევს.
იონა მიდის ნინევეში (3:1—4:11)
იეჰოვა კვლავ ავალებს იონას, წავიდეს ნინევეში მისი გაფრთხილების გასაცხადებლად.
იონა მიდის ნინევეში და აცხადებს, რომ 40 დღეში ქალაქი განადგურდება.
ნინეველები ინანიებენ. მეფის ბრძანებით, ისინი ჯვალოს იცვამენ და ცხოველებსაც ჯვალოს აფარებენ და ღმერთს წყალობას შეღაღადებენ. იეჰოვა იწყალებს და აღარ ატეხს მათ ნაწინასწარმეტყველებ უბედურებას.
იონა რისხდება, რომ იეჰოვამ შეიწყალა ნინევე. ქალაქის გარეთ ფარდულს აკეთებს და ჩრდილში ჯდება, რომ დაინახოს, რა მოხდება შემდეგ.
იეჰოვა ზრდის აყიროს, რომ იონას მოუჩრდილოს. მეორე დღეს აყიროს მატლი უჩნდება და ხმება. ამ შემთხვევის შემდეგ იონას რეაქციის საფუძველზე იეჰოვა უხსნის მას, რატომ დაინდო ნინევეს 120 000-ზე მეტი მკვიდრი.