სიხარული
გრძნობა, რომელსაც იწვევს სასიამოვნო რამ ან სასიამოვნო რამის მოლოდინი; ბედნიერების განცდა; მხიარულება. ბიბლიაში გამოყენებული ებრაული და ბერძნული სიტყვები, რომლებიც სიხარულად, მხიარულებად და გახარებად არის გადმოტანილი, სხვადასხვა ელფერს ატარებს და ამა თუ იმ ზომით განცდილ სიხარულზე მიუთითებს. ზმნები, რომლებიც სიტყვა „სიხარულთან“ არის გამოყენებული, ასახავს ამ გრძნობის როგორც შინაგან, ისე გარეგნულ გამოხატულებას და გადმოტანილია როგორც „მხიარულება“, „გახარება“, „სიხარულით შეძახილი“, „სიხარულით ხტუნვა“.
იეჰოვა ღმერთი და იესო ქრისტე. იეჰოვას „ბედნიერი ღმერთი“ ეწოდება (1ტმ. 1:11). ღმერთი თავისი შემოქმედებითა და საქმეებით ხარობს და თავის ქმნილებებსაც ახარებს (ფს. 104:31). მისი სურვილია, რომ ქმნილებებმაც როგორც ღვთის საქმეებით, ისე თავიანთი საქმეებით იხარონ (ეკ. 5:19). ყოველი კარგი ძღვენი იეჰოვასგანაა (იაკ. 1:17), ამიტომ გონიერი ქმნილებებისთვის, ადამიანებისა თუ ანგელოზებისთვის, სიხარულის უმთავრესი წყარო იეჰოვას გაცნობაა (იერ. 9:23, 24). მეფე დავითი ამბობდა: „სასიამოვნო იყოს ჩემი ფიქრები მასზე; იეჰოვათი გავიხარებ“ (ფს. 104:34). ის აგრეთვე მღეროდა: „მართალი გაიხარებს იეჰოვათი და მას შეაფარებს თავს; ყველა გულმართალი იამაყებს“ (ფს. 64:10). მოციქული პავლე ქრისტიანებს მოუწოდებდა, ყოველთვის ეხარათ ღვთის შესახებ ცოდნით და მათდამი იეჰოვას მოპყრობით. „ყოველთვის იხარეთ უფალში [სხვა თარგმანების მიხედვით: „იეჰოვაში“]. კიდევ ერთხელ გეუბნებით: იხარეთ!“ (ფლ. 4:4).
იესო ქრისტე, რომელსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა იეჰოვასთან, საუკეთესოდ იცნობს მას (მთ. 11:27) და შეუძლია, გააცნოს ის თავის მიმდევრებს (ინ. 1:18). ეს მას სიხარულით უვსებს გულს და ამიტომაც ეწოდება ბიბლიაში მას „ბედნიერი და ერთადერთი ხელმწიფე“ (1ტმ. 6:14, 15). ვინაიდან მას უყვარს მამა, ყოველთვის მის მოსაწონად იქცევა (ინ. 8:29). ამიტომაც, როცა ის უნდა განკაცებულიყო, დატანჯულიყო და მომკვდარიყო, რათა მამის სახელი განეწმინდა, „სიხარულისთვის, რომელიც მოელოდა, მან სირცხვილი არაფრად ჩააგდო და ბოძზე წამებას გაუძლო“ (ებ. 12:2). მას ძალიან უყვარდა ადამიანები და ხარობდა მათით. ბიბლიაში განკაცებამდელი იესო ქრისტე გაპიროვნებულ სიბრძნედ არის წარმოდგენილი, რომელიც ამბობდა: „მაშინ მე მის [იეჰოვას] გვერდით ვიყავი, როგორც ოსტატი. ყოველთვის განსაკუთრებით ვუყვარდი და ყოველდღე ვხარობდი მის წინაშე. დედამიწის ნაყოფიერება მახარებდა და მიყვარდა ადამიანის მოდგმა“ (იგ. 8:30, 31).
იესოს სურდა, რომ მის მიმდევრებსაც იგივე სიხარული განეცადათ: „ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ ჩემი სიხარული თქვენში იყოს და სრული გახდეს თქვენი სიხარული“. დედამიწის შექმნისას ანგელოზები დიდად ხარობდნენ (ინ. 15:11; 17:13; იობ. 38:4—7). ანგელოზები აკვირდებიან ღვთის ხალხის ცხოვრებას და უხარიათ, როცა ისინი ერთგულებას ინარჩუნებენ. განსაკუთრებით კი მაშინ ხარობენ, როცა ადამიანი ცოდვილი გზიდან შემობრუნდება და ღვთისმსახურებისთვის წმინდა თაყვანისმცემლობის გზას დაადგება (ლკ. 15:7, 10).
რა უხარებს გულს ღმერთს? იეჰოვას გულს უხარებენ მისი მსახურები, როცა მისადმი ერთგულებას ავლენენ. სატანა ეშმაკი ღვთის უზენაესობის კანონიერებას და ღვთის მსახურთა ერთგულებას გამუდმებით ეჭვქვეშ აყენებს (იობ. 1:9—11; 2:4, 5; გმც. 12:10). სწორედ ღვთის მსახურთა მისამართით არის ნათქვამი შემდეგი სიტყვები: „შვილო, იყავი ბრძენი და გული გამიხარე, რომ პასუხი გავცე ჩემს დამცინავს“ (იგ. 27:11). თავისი ხალხის ერთგულების შემყურე იეჰოვა დიდად ხარობს (ეს. 65:19; სფ. 3:17).
სულის ნაყოფი. ვინაიდან სიხარული იეჰოვასგან მომდინარეობს და მას უნდა, რომ თავისი ხალხი სულ გახარებული იყოს, ეს თვისება მისი სულის ნაყოფია. გალატელების 5:22, 23-ში მოცემულ ჩამონათვალში ის სიყვარულის შემდეგ არის მოხსენიებული. მოციქულმა პავლემ თესალონიკელ ქრისტიანებს მისწერა: „თქვენ ჩვენი და უფლის მომბაძველები გახდით, რადგან დიდ გასაჭირში მიიღეთ სიტყვა წმინდა სულის სიხარულით“ (1თს. 1:6). პავლემ რომაელ ქრისტიანებს უთხრა, რომ ღვთის სამეფო იყო „სიმართლე, მშვიდობა და სიხარული წმინდა სულში“ (რმ. 14:17).
ნამდვილი სიხარული გულიდან მომდინარეობს. ის მთელ სხეულს აჯანსაღებს. იგავების დამწერი ამბობს: „გულის სიხარული სახეზეც აისახება ... მხიარული გული მკურნალივით არის“ (იგ. 15:13; 17:22).
სიხარული ღვთის მსახურებაში. იეჰოვას მოთხოვნები დამამძიმებელი არ არის (1ინ. 5:3). ღვთის სურვილია, რომ ადამიანს სიხარულს ანიჭებდეს მისი მსახურება. ისრაელებს იეჰოვას დღესასწაულები უნდა აღენიშნათ, რაც მათთვის სიხარულის მომტანი უნდა ყოფილიყო. ცხოვრების სხვადასხვა სფეროსა თუ ღვთის თაყვანისმცემლობაში მათ ჰქონდათ სიხარულის საფუძველი (ლვ. 23:40; კნ. 12:7, 12, 18). მათ სიხარულით უნდა ელაპარაკათ ღვთის შესახებ (ფს. 20:5; 51:14; 59:16). თუ ისრაელები გახარებული გულით არ ემსახურებოდნენ იეჰოვას, ეს იმის მაჩვენებელი იქნებოდა, რომ ისინი არ აფასებდნენ ღვთის სიკეთესა და სიკარგეს და მათი გულის მდგომარეობა გამოსწორებას საჭიროებდა. ამიტომაც გააფრთხილა ღმერთმა ისინი, რა მოხდებოდა, თუ არ დაემორჩილებოდნენ და უსიხარულოდ ემსახურებოდნენ მას: „შენკენ წამოვა ყველა ეს წყევლა ... რადგან არ მოუსმინე იეჰოვას, შენი ღვთის ხმას, რომ დაგეცვა მისი მცნებები და წესები ... ასე გაგრძელდება შენთვის და შენი შთამომავლობისთვის ... რადგან არ ემსახურებოდი იეჰოვას, შენს ღმერთს მხიარულებითა და გახარებული გულით, როცა უხვად გქონდა ყველაფერი“ (კნ. 28:45—47).
ღვთის მსახურებაში სიხარული ქრისტიანებმაც უნდა პოვონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იმის მაჩვენებელი იქნებოდა, რომ ისინი მადლიერები არ არიან (ფს. 100:2). ღვთის ერთ-ერთმა ერთგულმა მსახურმა თქვა: „იეჰოვას სიხარული თქვენი სიმაგრეა“ (ნემ. 8:10). სასიხარულო ცნობა, რომელსაც ქრისტიანები აუწყებენ, ღვთის ანგელოზმა მწყემსებს გადასცა: „გახარებთ, რომ ყველას დიდი სიხარული ელის“ (ლკ. 2:10). ის ფაქტი, რომ ქრისტიანები იეჰოვას სახელით იწოდებიან და ჭეშმარიტება იციან, დიდი სიხარულის მიზეზს აძლევთ. წინასწარმეტყველმა იერემიამ თქვა: „მივიღე შენი სიტყვები და შევჭამე ისინი; შენი სიტყვა ჩემი მხიარულებაა, გულის სიხარულია, რადგან შენი სახელით ვიწოდები, იეჰოვა, ლაშქართა ღმერთო!“ (იერ. 15:16).
გარდა ამისა, ქრისტიანულ კრებასა თუ პირად ცხოვრებაში იეჰოვას სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილებების შედეგები სიხარულის კიდევ ერთ მიზეზს იძლევა, განსაკუთრებით ახლა, როცა ქვეყნიერება არაფრად აგდებს სამართალსა და სამართლიანობას (ფს. 48:11). მომავლის არაჩვეულებრივი იმედი („იხარეთ იმედში“, რმ. 12:12; იგ. 10:28) და ღვთისგან ხსნაც გვახარებს (ფს. 13:5). აგრეთვე ღვთის მსახური ხარობს, როცა სხვებს იეჰოვას გაცნობასა და მის მსახურად გახდომაში ეხმარება (ფლ. 4:1; 1თს. 2:19). ღვთის ხალხთან ერთად შეკრება და თანამშრომლობა დიდი სიხარულია (ფს. 106:4, 5; 122:1).
სიხარული დევნის დროს. ქრისტიანს, რომელიც თავის გულს იცავს, დევნის დროსაც კი შეუძლია სიხარულის შენარჩუნება (მიუხედავად იმისა, რომ თავად დევნაში სასიხარულო არაფერია), რადგან დევნის ატანა და ამ დროს ერთგულების შენარჩუნება გამარჯვებაა. ღმერთი აუცილებლად დაეხმარება თავის ერთგულებს (კლ. 1:11). ამასთანავე, ამით ღვთის მოწონებაც ჩანს. იესომ თავის მიმდევრებს უთხრა, როცა მათ ლანძღვასა და დევნას დაუწყებდნენ, სიხარულით ეხტუნათ (მთ. 5:11, 12; იაკ. 1:2—4; 1პტ. 4:13, 14).
სიხარულის სხვა მიზეზები. იეჰოვამ მრავალი რამ გვიბოძა, რაც ყოველდღიურად სიხარულს გვანიჭებს, მაგალითად, ქორწინება (კნ. 24:5; იგ. 5:18), მართალი და ბრძენი შვილი (იგ. 23:24, 25), საჭმელი (ეკ. 10:19; სქ. 14:17), ღვინო (ფს. 104:14, 15; ეკ. 10:19) და ღვთის უამრავი ქმნილება (იაკ. 1:17; 1ტმ. 6:17).
ცრუ ან დროებითი სიხარული. იესო საუბრობდა ადამიანებზე, რომლებიც მოისმენდნენ ჭეშმარიტებას, სიხარულით მიიღებდნენ, მაგრამ მის ნამდვილ მნიშვნელობას ვერ ჩასწვდებოდნენ. ასეთი ადამიანები არ აძლევენ სიტყვას მათ გულში ფესვის გადგმის საშუალებას, შედეგად, როცა სიტყვის გამო გასაჭირი ან დევნა იწყება, მალევე კარგავენ სიხარულს (მთ. 13:20, 21). სიმდიდრით განცდილი სიხარული ცრუა და დიდხანს ვერ გასტანს. თუ ადამიანი სხვის, თუნდაც მტრის, უბედურებით განიცდის სიხარულს, ის ამ ცოდვისთვის იეჰოვას წინაშე აგებს პასუხს (იობ. 31:25—30; იგ. 17:5; 24:17, 18). უგუნურია ახალგაზრდა, თუ ფიქრობს, რომ ცხოვრებით იმ შემთხვევაში გაიხარებს, თუ „ახალგაზრდულ სურვილებს“ მიეცემა (2ტმ. 2:22; ეკ. 11:9, 10). მხიარულების მოყვარული ხიფათს გადაეყრება (იგ. 21:17; ეკ. 7:4). ქრისტიანი, რომელიც სხვას ადარებს თავის თავს, არასწორად იქცევა. მან თავისი საქმე უნდა გამოსცადოს და მხოლოდ მაშინ ექნება დიდი სიხარულის მიზეზი (გლ. 6:4).
მარადიული სიხარული. იეჰოვამ თავის ხალხს აღუთქვა, რომ ბაბილონის ტყვეობიდან სამშობლოში დააბრუნებდა. ძვ. წ. 537 წელს ღმერთმა დააბრუნა ისინი იერუსალიმში. ხალხი დიდად ხარობდა, როცა ტაძარს საძირკველი ჩაუყარეს (ეს. 35:10; 51:11; 65:17—19; ეზრ. 3:10—13). მაგრამ ესაიას წინასწარმეტყველება (65:17) უფრო დიდი მასშტაბით უნდა შესრულებულიყო, როცა შეიქმნებოდა „ახალი ცა და ახალი დედამიწა“ და „ახალი იერუსალიმის“ მმართველობით ადამიანები მარადიულად გაიხარებდნენ (გმც. 21:1—3).
დღეს არსებული მდგომარეობა, ბოროტება, ავადმყოფობა და სიკვდილი, არ აძლევს ადამიანს სრულად გახარების საშუალებას. მაგრამ ბიბლიური პრინციპის თანახმად, „ბრძენი მეფე ბოროტ ხალხს ფანტავს“, იესო ქრისტე, როგორც მეფე, ბოლოს მოუღებს ღვთისა და სიმართლის ყველა მტერს (იგ. 20:26; 1კრ. 15:25, 26). ამგვარად, სრულ სიხარულს ვერაფერი გადაეღობება, რადგან „აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“ (გმც. 21:4). მიცვალებულები აღდგებიან და ადამიანის სიკვდილით გამოწვეული მწუხარება წარსულს ჩაბარდება. ამის ცოდნა დღესაც ანუგეშებს ქრისტიანებს; ისინი აღარ წუხან „დანარჩენებივით, რომლებსაც იმედი არ გააჩნიათ“ (1თს. 4:13, 14; ინ. 5:28, 29).