ცოდნა
პირადი გამოცდილების, დაკვირვებისა და სწავლის შედეგად ცნობების ქონა რისამე შესახებ. ბიბლია დაბეჯითებით მოგვიწოდებს, რომ ცოდნა ოქროზე მეტად ვეძებოთ და დავაფასოთ (იგ. 8:10; 20:15). იესომ ყურადღება გაამახვილა თავის და თავისი მამის შესახებ ცოდნის მიღების აუცილებლობაზე. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ცოდნის მიღების აუცილებლობას არაერთხელ ესმება ხაზი (ინ. 17:3; ფლ. 1:9; 2პტ. 3:18).
ცოდნის პირველწყარო. ცოდნის პირველწყარო იეჰოვაა. მან მისცა დასაბამი სიცოცხლეს, რომლის გარეშეც ცოდნის მიღება შეუძლებელი იქნებოდა (ფს. 36:9; სქ. 17:25, 28). ვინაიდან ყველაფერი ღვთის შექმნილია, ადამიანი ცოდნას მისი შემოქმედების შესწავლით იძენს (გმც. 4:11; ფს. 19:1, 2). გარდა ამისა, ბიბლია ღვთის შთაგონებით არის დაწერილი, საიდანაც შესაძლებელია ღვთის ნებისა და განზრახვების გაგება (2ტმ. 3:16, 17). აქედან გამომდინარე, ყოველგვარი ცოდნის თავი და თავი იეჰოვაა. ჭეშმარიტი ცოდნის მაძიებელს უნდა ეშინოდეს ღვთის განაწყენების, რადგან ასეთი შიში ცოდნის სათავეა (იგ. 1:7). ღვთისმოშიშება მას საფუძვლიანი ცოდნის მიღებაში ეხმარება, რადგან ვინც ანგარიშს არ უწევს ღმერთს, დაკვირვების შედეგად არასწორ დასკვნებს აკეთებს.
ბიბლია იეჰოვას „ცოდნის ღმერთსა“ და „სრულყოფილი ცოდნის მფლობელს“ უწოდებს (1სმ. 2:3; იობ. 36:4; 37:14, 16).
იეჰოვამ იმდენად სერიოზული როლი დააკისრა იესოს თავის განზრახვაში, რომ ამ უკანასკნელზე შეიძლება ითქვას: „მასში საგულდაგულოდ არის დამალული სიბრძნისა და ცოდნის მთელი განძი“ (კლ. 2:3). ვისაც არ სწამს, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა, ვერც წმინდა წერილების ნამდვილ არსს ჩასწვდება და ვერც იმას, თუ როგორ სრულდება წინასწარმეტყველებისამებრ ღვთის განზრახვები.
ბოლომდე რომ ჩავწვდეთ ცოდნის მნიშვნელობასა და ღირებულებას, საჭიროა ცოდნად ნათარგმნი ებრაული და ბერძნული სიტყვების გამოკვლევა და იმის გარკვევა, როგორ უკავშირდება ცოდნა სიბრძნეს, გაგების უნარს, აზროვნებასა და გამჭრიახობას.
სიტყვის მნიშვნელობა. ებრაულ წერილებში ცოდნის აღმნიშვნელი რამდენიმე არსებითი სახელი ენათესავება ზმნა ჲადასʽ , რაც ნიშნავს სხვისი ნათქვამით, დაკვირვებით, პირადი შესწავლითა თუ გამოცდილებით ცოდნის მიღებას ან გამოცდილების ქონასა და გაწაფვას. ამ სიტყვის მნიშვნელობის ზუსტი ელფერის განსაზღვრა და მისი შესატყვისით თარგმნა კონტექსტის გათვალისწინებით ხდება. მაგალითად, ღმერთმა თქვა, რომ იცნობდა აბრაამს და ამიტომ დარწმუნებული იყო, რომ ეს ღვთისმოსავი კაცი თავის შთამომავლებს სწორ გზაზე დააყენებდა. იეჰოვამ მხოლოდ აბრაამის არსებობა კი არ უწყოდა, არამედ კარგად იცნობდა მას, რადგან აკვირდებოდა მის მორჩილ ბუნებას და წლების მანძილზე ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მიმართ მის დამოკიდებულებას (დბ. 18:19; 22:12; შდრ. იეჰოვა [ღვთის სახელის მნიშვნელობა და მისი გამოყენება ძველად]).
ჲადასʽ (ცოდნის მიღება) მსგავსად, ის ძირითადი ებრაული სიტყვა, რომელიც ცოდნად (დაʽათ) ითარგმნება, ჩვეულებრივ, ფაქტების ცოდნასა და ინფორმაციის ქონას ნიშნავს, მაგრამ ზოგჯერ ის ამაზე მეტს მოიცავს. მაგალითად, ოსიას 4:1, 6-ში წერია, რომ ერთ დროს ისრაელში „ღვთის ცოდნა“ არ იყო. თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ხალხმა არ იცოდა, იეჰოვა რომ ღმერთი იყო და მან დაიხსნა ძველად ისრაელი (ოს. 8:2). ისრაელები თავიანთი საქციელით უარყოფდნენ ჭეშმარიტ ცოდნას, რადგან კლავდნენ, ქურდობდნენ და მრუშობდნენ (ოს. 4:2).
ჲადასʽ სქესობრივ კავშირის მნიშვნელობაც აქვს. მაგალითად, ზოგ ბიბლიაში ეს სიტყვა დაბადების 4:17-ში სიტყვასიტყვით შეცნობად (სსგ, ბსგ) არის ნათარგმნი, ზოგში კი — დაწოლად (აქ), რაც აზრობრივად გამართლებულია. ამავე მნიშვნელობით არის გამოყენებული ბერძნული ზმნა გინოსკო მათეს 1:25-სა და ლუკას 1:34-ში.
მას შემდეგ, რაც ადამმა და ევამ აკრძალული ნაყოფი შეჭამეს (დბ. 2:17; 3:5, 6), იეჰოვამ თავის თანაშემწეს (ინ. 1:1—3) უთხრა: „აი, ადამიანი გახდა როგორც ერთი ჩვენგანი, სიკეთისა და ბოროტების მცოდნე“ (დბ. 3:22). ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამმა და ევამ პირველად მაშინ გაიგეს, რა იყო მათთვის კარგი და რა — ცუდი; მათ ეს უკვე იცოდნენ მანამდე მიღებული ღვთის მითითებებიდან. გარდა ამისა, ადამსა და ევას საკუთარი გამოცდილებიდან არ გაუგიათ, რა იყო ბოროტება და რა — სიკეთე, რადგან იეჰოვას თქმით, ისინი მასავით გახდნენ, იეჰოვას კი ბოროტება ბოროტების ჩადენით არ შეუცვნია (ფს. 92:14, 15). როგორც ჩანს, ისინი სიკეთისა და ბოროტების მცოდნენი იმ გაგებით გახდნენ, რომ თავად დაადგინეს, რა იყო მათთვის კარგი და რა — ცუდი. ფაქტობრივად, ისინი კერპთაყვანისმცემლები გახდნენ, რადგან საკუთარი აზრი ღვთის აზრზე წინ დააყენეს და თავი კანონმდებლებად იქციეს, ნაცვლად იმისა, რომ იეჰოვას დამორჩილებოდნენ, რომელსაც უფლებაც აქვს და სიბრძნეც, თავად დაადგინოს, რა არის კარგი და რა — ცუდი. ასე რომ, მათეული ცოდნა სიკეთესა და ბოროტებაზე სრულიად განსხვავდებოდა იეჰოვას ცოდნისგან. უფრო მეტიც, ის მათი დაღუპვის მიზეზი გახდა (იერ. 10:23).
ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ცოდნის აღსანიშნავად, როგორც წესი, გამოიყენება გნოსის და ეპიგნოსის. ორივე სიტყვის ზმნური ფორმაა გინოსკო, რაც ცოდნის მიღებას, გაგებასა და აღქმას ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ ეს ზმნა ზოგ კონტექსტში კეთილმოსურნე დამოკიდებულებასაც გულისხმობს (1კრ. 8:3; 2ტმ. 2:19). ცოდნა (გნოსის) ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში დადებით შუქშია წარმოჩენილი. თუმცა იმის ძიება, რასაც ადამიანები ცოდნას უწოდებენ, არ ღირს, რადგან ფილოსოფიური თუ სხვა შეხედულებები არაფერია, თუ არა „ეგრეთ წოდებული ცოდნა“ (1ტმ. 6:20). ბიბლია გვირჩევს, ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ მივიღოთ ცოდნა (2პტ. 1:5), რაც მხოლოდ ფაქტების ცოდნას არ მოიაზრებს, რადგან ფაქტებს ათეისტებიც ფლობენ; ამგვარი ცოდნა ღვთისა და ქრისტეს ერთგულებაში გამოიხატება (ინ. 17:3; 6:68, 69). ცოდნა (მხოლოდ ინფორმაცია) ადიდგულებს, მაგრამ ვინც შეიცნო „ქრისტეს სიყვარული, რაც ცოდნას აღემატება“ — შეიცნო ეს გრძნობა, რადგან მიჰბაძა ქრისტეს სიყვარულში — არ გაამაყდება და ცოდნას სწორად გამოიყენებს (ეფ. 3:19).
გნოსიდან ნაწარმოები ეპიგნოსის (თავსართი ეპი- ნიშნავს: -ზე, დამატებითი) კონტექსტიდან გამომდინარე შეიძლება ნიშნავდეს ზუსტ, საფუძვლიან ან ამომწურავ ცოდნას. მაგალითად, პავლე ზოგიერთებზე ამბობდა, რომ „გამუდმებით სწავლობენ, მაგრამ ვერა და ვერ იძენენ ჭეშმარიტების საფუძვლიან ცოდნას“ (2ტმ. 3:6, 7). ის აგრეთვე ლოცულობდა, რომ კოლოსეს კრების წევრები, რომლებმაც, როგორც ქრისტიანებმა, იცოდნენ ღვთის ნება, აღვსილიყვნენ ღვთის „ნების საფუძვლიანი ცოდნით, ყოველი სიბრძნითა და სულიერი გაგებით“ (კლ. 1:9). ასეთი საფუძვლიანი ცოდნის მიღებას ყველა ქრისტიანი უნდა ესწრაფოს (ეფ. 1:15—17; ფლ. 1:9; 1ტმ. 2:3, 4), ვინაიდან ეს უაღრესად მნიშვნელოვანია „ახალი პიროვნებით“ შესამოსად და მშვიდობის მისაღწევად (კლ. 3:10; 2პტ. 1:2).
კავშირი სხვა ნიშან-თვისებებთან. ბიბლია ცოდნას ხშირად აკავშირებს სიბრძნესთან, გაგების უნართან, გამჭრიახობასა და ჭკუასთან (იგ. 2:1—6, 10, 11). ამ სიტყვებს შორის არსებული სხვაობის დანახვა ბევრი ბიბლიური მუხლის უკეთ გაგებაში გვეხმარება. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ დედნისეული სიტყვების ქართულ ენაზე ერთი და იმავე სიტყვით თარგმნა ყოველთვის არ ხერხდება. კონკრეტული სიტყვის მნიშვნელობას კონტექსტი და მუხლის შინაარსი განსაზღვრავს. ბიბლიურ კონტექსტში ცოდნას, სიბრძნეს, გაგების უნარს, გამჭრიახობასა და ჭკუას შორის საინტერესო სხვაობების აღმოჩენა შეიძლება.
სიბრძნე. სიბრძნე ცოდნის პრაქტიკული გამოყენებაა. ვინმეს შეიძლება ცოდნის დიდი მარაგი ჰქონდეს, მაგრამ სიბრძნის უქონლობის გამო არ იცოდეს მისი გამოყენება. იესომ სიბრძნე საქმეს დაუკავშირა: „სიბრძნის სიმართლეს მისი საქმეები ამტკიცებს“ (მთ. 11:19). სოლომონმა ღმერთს ცოდნასთან ერთად სიბრძნეც სთხოვა და მიიღო კიდეც (2მტ. 1:10; 1მფ. 4:29—34). ორ ქალს შორის წამოჭრილი დავა მან ბრძნულად მოაგვარა, რადგან პრაქტიკულად გამოიყენა ის, რაც დედობრივი გრძნობების შესახებ იცოდა (1მფ. 3:16—28). „სიბრძნე უმთავრესია“, რადგან მის გარეშე ცოდნას ფასი არა აქვს (იგ. 4:7; 15:2). იეჰოვა, რომელიც დიდ ცოდნასა და სიბრძნეს ფლობს, სხვებსაც აძლევს ერთსაც და მეორესაც (რმ. 11:33; იაკ. 1:5).
გაგების უნარი. ვისაც გაგების უნარი აქვს, შეუძლია ერთმანეთს დაუკავშიროს საკითხის ცალკეული ასპექტები, დაინახოს სრული სურათი და არა მხოლოდ განყენებული ფაქტები. ებრაული ზმნა ბინის ძირითადი მნიშვნელობაა „გამოყოფა“, „განსხვავება“ და ხშირ შემთხვევაში ითარგმნება როგორც გაგება და გამორკვევა. მისი ბერძნული შესატყვისია სინიემი. ამიტომაც წერია საქმეების 28:26-ში (ციტირებულია ეს. 6:9, 10), რომ ებრაელებს ყურით ესმოდათ, მაგრამ ვერ იგებდნენ ანუ მოსმენილს ერთმანეთთან ვერ აკავშირებდნენ. ისინი ვერ ხვდებოდნენ აზრებს შორის კავშირს და შესაბამისად, აზრიც ვერ გამოჰქონდათ. იგავების 9:10-ში ნათქვამია, რომ „უწმინდესის შესახებ ცოდნა გაგების უნარს იძლევა“. ასე რომ, ვისაც სურს, ნამდვილად გაიგოს რაიმე საკითხი, უნდა შეეძლოს იმის დანახვა, თუ როგორ უკავშირდება ის ღმერთსა და მის განზრახვებს. ვინაიდან გაგების უნარის მქონე ადამიანს შეუძლია ახალი ინფორმაცია მისთვის უკვე ნაცნობს დაუკავშიროს, შეიძლება ითქვას, რომ მისთვის „ცოდნის მიღება ადვილია“ (იგ. 14:6). ცოდნა და გაგების უნარი ერთმანეთთან კავშირშია, ამიტომ ორივეს ძიებაა საჭირო (იგ. 2:5; 18:15).
გამჭრიახობა. ებრაული სიტყვა თევუნაჰ, რომელიც ხშირად „გამჭრიახობად“ ითარგმნება, ენათესავება სიტყვა ბინაჰს (გაგება). ორივე სიტყვა იგავების 2:3-ში გვხვდება, სადაც ვკითხულობთ: „თუ ითხოვ, რომ გაგების უნარი გქონდეს, და გამჭრიახობას მოუხმობ ...“. გაგებაც და გამჭრიახობაც გულისხმობს რაღაცის დანახვისა და აღქმის უნარს, თუმცა გამჭრიახობა უფრო მეტს მოიცავს. ის არის საგანთა თუ მოვლენათა დეტალების ერთმანეთისგან გარჩევისა და ამ დეტალებს შორის ურთიერთმიმართების გარკვევის უნარი. ვისაც ცოდნასთან ერთად გამჭრიახობაც აქვს, ენის მართვა შეუძლია და მშვიდი სულის პატრონია (იგ. 17:27). ვინც იეჰოვას უპირისპირდება, არაგამჭრიახია (იგ. 21:30). ღმერთი გამჭრიახობას (სრული გაგებისა და წვდომის უნარს) თავისი ძის მეშვეობით იძლევა (2ტმ. 2:1, 7).
ჭკუა. ცოდნა ჭკუასაც (ებრ. მეზიმმაჰ) უკავშირდება. მეზიმმაჰი როგორც უარყოფითი (ბოროტი ზრახვები, აზრები და ხრიკები), ისე დადებითი (წინდახედულობა, გამჭრიახობა) მნიშვნელობით გამოიყენება (ფს. 10:2; იგ. 1:4). აქედან გამომდინარე, ადამიანის გონება და ფიქრები შეიძლება კარგისკენ ან ცუდისკენ იყოს მიმართული. ვინც აკვირდება, როგორ მოქმედებს იეჰოვა და ყურს უგდებს იმას, რაც მის ნებასთან და განზრახვებთან არის დაკავშირებული, ჭკუა-გონებას იცავს და სწორ მიმართულებას აძლევს მას (იგ. 5:1, 2). ღვთიური სიბრძნითა და ცოდნით ნაწრთობი ჭკუა ადამიანს უზნეობის ყოველგვარი საცდურისგან დაიცავს (იგ. 2:10—12).
სიფრთხილის გამოვლენა. სოლომონი ამბობს: „დიდ სიბრძნეს დიდი მწუხარება მოაქვს; ვინც მეტ ცოდნას იძენს, ტკივილს იმატებს“ (ეკ. 1:18). ამ მუხლში სოლომონი ცოდნას უარყოფით შუქში განიხილავს, რაც ერთი შეხედვით ეწინააღმდეგება ბიბლიის ზოგად შეხედულებას ცოდნაზე. მაგრამ სოლომონი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ადამიანის ნებისმიერი მისწრაფება, რომელშიც არ გამოიხატება ღვთის ნების შესრულების სურვილი, ამაოებაა (ეკ. 1:13, 14). ადამიანმა შეიძლება სხვადასხვა დარგში დიდი ცოდნა და სიბრძნე შეიძინოს ან რომელიმე სფეროში ღრმად გაერკვეს, რაც თავისთავად ცუდი არ არის, თუმცა ეს ყველაფერი ღვთის განზრახვებს შეიძლება არ უკავშირდებოდეს. დაგროვილი ცოდნა და სიბრძნე ადამიანს იმას ახვედრებს, რომ სიცოცხლე საკმაოდ ხანმოკლეა და მეტისმეტად რთული საიმისოდ, რომ მან თავისი ცოდნა და სიბრძნე ბოლომდე გამოიყენოს. ამის გაცნობიერება მწუხარებას, იმედგაცრუებასა და ტკივილს იწვევს (შდრ. რმ. 8:20—22; ეკ. 12:13, 14; იხ. ეკლესიასტე). ცოდნა, რომელიც ღვთის მცნებებთან და მათ შესრულებასთან არ არის დაკავშირებული და რომელსაც წიგნებს გადაყოლილი ადამიანი იძენს, „დამღლელია სხეულისთვის“ (ეკ. 12:12).