სიცილი
სიცილის აღმნიშვნელი ებრაული სიტყვები (ცეხოკ და სეხოკ) გესენიუსის აზრით ონომატოპოეტური ანუ ხმაბაძვითი სიტყვებია და ჟღერადობით მოგვაგონებს სიცილის ხმას (ქართულში „ხა-ხა“ ან „ჰა-ჰა-ჰა“). მაგალითად, ისაკის სახელი (ებრ. ჲიცხაკ, სიცილი) ხმაბაძვითია.
აბრაამსა და სარას გაეცინათ, როცა ანგელოზისგან გაიგეს, რომ ხანდაზმულ ასაკში შვილი ეყოლებოდათ. ამის გამო ანგელოზმა გაკიცხა სარა. სარამ იუარა, რომ გაეცინა. ანგელოზს აბრაამი არ გაუკიცხავს, რადგან მისი სიცილი ხანდაზმულ ასაკში შვილის ყოლის სიხარულით იყო გამოწვეული. სარას კი, როგორც ჩანს, შვილის ყოლის პერსპექტივა სასაცილოდ მოეჩვენა. იმის წარმოდგენაც კი ეუცნაურა, რომ მის ასაკში და თანაც უშვილოს, შვილი ეყოლებოდა (დბ. 17:17; 18:9—15). თუმცა არც აბრაამის და არც სარას სიცილში არაფერი იყო დამცინავი და ირონიული. ბიბლია ორივეს ღვთის მოიმედე ადამიანებად წარმოგვიდგენს (რმ. 4:18—22; ებ. 11:1, 8—12). დიდი ხნის ნანატრი ვაჟის დაბადებამ ცოლ-ქმარი ძალიან გაახარა. აი, რა თქვა სარამ მას შემდეგ, რაც აბრაამმა შვილს სახელი დაარქვა: „გამაცინა ღმერთმა; ყველა გაიცინებს, ვინც ამას გაიგებს“ (დბ. 21:1—7). აბრაამისა და სარას კურთხევის ამბავი უდავოდ ბევრს გააოგნებდა და გაახარებდა.
შესაფერის დროს. იეჰოვა ბედნიერი ღმერთია და მას სურს, რომ მისი მსახურებიც ბედნიერნი იყვნენ (1ტმ. 1:11). თუმცაღა წმინდა წერილი გვეუბნება, რომ სიცილს თავისი დრო აქვს. არსებობს „ტირილის დრო და სიცილის დრო“ (ეკ. 3:1, 4). ბრძენი მეფე სოლომონი გვირჩევს: „წადი, სიხარულით ჭამე პური და გულმხიარულმა დალიე ღვინო, რადგან ჭეშმარიტმა ღმერთმა მოიწონა შენი საქმეები“. აქვე უნდა ითქვას, რომ მას, ვინც არაფრად აგდებს ღვთის სამართლიან მოთხოვნებს, სასიხარულო არაფერი აქვს (ეკ. 9:7).
უადგილო. ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ იეჰოვას თვალში კარგი სახელი მოვიპოვოთ. აქედან გამომდინარე, ამ ქვეყნიერებაში სიცილი ზოგჯერ არათუ უადგილო, შეიძლება საზიანოც კი იყოს. სოლომონმა, რომელიც იკვლევდა, რა იყო უგუნურება და, შესაბამისად, სურდა გაეგო, „ადამიანთა მოდგმისთვის რა იყო კარგი იმაში, რასაც ისინი აკეთებდნენ“, გულში თქვა: „მოდი, გამოვცდი მხიარულებას. ვნახავ ყოველივეს, რაც კარგია“. სოლომონმა აღმოაჩინა, რომ მხიარულება და სიცილი ამაოება იყო. ის იმ დასკვნამდე მივიდა, რომ თავისთავად ვერც მხიარულება და ვერც სიცილი ვერ აგრძნობინებდა კაცს კმაყოფილებას, რადგან არც ერთ მათგანს არ მოაქვს ნამდვილი და მარადიული ბედნიერება, და რომ ხანგრძლივ და განუზომელ სიხარულს მყარი საფუძველი უნდა ჰქონდეს. სოლომონმა თავისი გრძნობები ასე გამოხატა: «სიცილზე ვთქვი: „სისულელეა!“ მხიარულებაზე: „რის მაქნისია?“» (ეკ. 2:1—3).
სოლომონი სიბრძნეს ხედავდა იმაში, რომ კაცმა მხოლოდ საკუთარი თავის სიამოვნებისთვის არ უნდა იცხოვროს. ის ამბობს: „ნადიმზე წასვლას გლოვის სახლში წასვლა სჯობია, რადგან ეს არის ადამიანის ბოლო; ცოცხალმა ეს გულთან ახლოს უნდა მიიტანოს“. სოლომონს იმის თქმა არ უნდოდა, რომ მწუხარება სიხარულზე უპირატესობს. ის აქ გულისხმობს კონკრეტულ სიტუაციას, კერძოდ, როცა ვინმეს ახლობელი უკვდება და ოჯახში გლოვაა. ასეთ დროს ჭირისუფლებთან მისვლა და მათი ნუგეშისცემა ჯობს, ნადიმზე და ლხინში წასვლას და მგლოვიარეთა დავიწყებას. გლოვის სახლში მისული კაცი ჭირისუფლების ნუგეშისცემის გარდა სიცოცხლის ხანმოკლეობაზეც დაფიქრდება; იმაზე, რომ სიკვდილი ადრე თუ გვიან ყველას ეწვევა, და რომ ცოცხლებს ეს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ. ადამიანს კარგი სახელის მოპოვება მანამ შეუძლია, ვიდრე ცოცხალია. ერთადერთი რამ, რასაც მომაკვდავის თვალში ფასი აქვს, ღვთის წინაშე დამკვიდრებული კარგი სახელია (ეკ. 7:2; დბ. 50:10; ინ. 11:31).
სოლომონი განაგრძობს: „სიცილს მწუხარება სჯობია, რადგან როცა კაცს სახე დაღვრემილი აქვს, მისი გული უკეთესი ხდება“ (ეკ. 7:3). სიცილი კარგი წამალია, მაგრამ არის დრო, როცა ადამიანი სერიოზულად უნდა დაფიქრდეს თავის ცხოვრებაზე და იმაზე, თუ როგორ ატარებს მას. თუ მიხვდება, რომ დიდ დროს ფუქსავატურ დროსტარებაში ხარჯავს და კარგი საქმეებით არ იქმნის ღირსეულ სახელს, მაშინ ნამდვილად ჰქონია დამწუხრების, საკუთარი თავით უკმაყოფილებისა და ცვლილებების მოხდენის მიზეზი. მწუხარებას შეუძლია უკეთესი გახადოს მისი გული და კარგი სახელი მოაპოვებინოს იეჰოვას თვალში. მაშინ მისი სიკვდილის დღე ან ის დღე, როცა ღმერთი და ქრისტე მას საბოლოოდ შეამოწმებენ, დაბადების დღეზე უკეთესი იქნება (ეკ. 7:1).
„ბრძენთა გული გლოვის სახლშია, სულელთა გული კი — მხიარულების სახლში. ბრძენისგან გაკიცხვის მოსმენა სჯობია სულელთა სიმღერის მოსმენას“, — დასძენს სოლომონი (ეკ. 7:4, 5). გლოვის სახლში მყოფი ბრძენი კაცის გული იქ გამეფებულ განწყობას უერთდება და აანალიზებს თავის ცხოვრებას, სულელს კი მხიარულების სახლისკენ მიუწევს გული, ცხოვრებას ზედაპირულად აფასებს და არაფერი ანაღვლებს. სწორ გზას აცდენილს ბრძენისგან გაკიცხვა სიცოცხლის გზაზე დააბრუნებს და კარგი სახელის მოპოვებაში დაეხმარება. მაგრამ, რას არგებს ადამიანს სულელთა სიმღერის მოსმენა — მისი უქმი პირფერობა, შეცდომებს რომ ჩქმალავს და სწორ გზას აცდენილს მცდარ გზაზე რომ ტოვებს? სულელთა სიმღერა მცდარი გზით სიარულისკენ უბიძგებს კაცს, რომ მან იეჰოვას თვალში კარგი სახელი ვერასოდეს მოიპოვოს.
„რაღა ქოთნის ქვეშ ეკლების ტკაცუნი და რაღა სულელის სიცილი; ესეც ამაოებაა“ (ეკ. 7:6). ეკლები ისე ადვილად იწვება, რომ მისი სიმხურვალე ერთ კერძსაც ვერ მოამზადებინებს კაცს; ანუ მიზანი, რისთვისაც ცეცხლი დაინთო, შეუსრულებელი რჩება. ეკლები ხმაურითა და ტკაცატკუცით იწვის, მაგრამ ამაოდ და ფუჭად. ასევეა სულელთა სიცილი და სიბრიყვე. მათი უადგილო სიცილი ყურს ჭრის და ხალისს აკარგვინებს ადამიანს. სულელთა სიცილი ვერავის დაეხმარება სერიოზული მიზნის მიღწევაში, კერძოდ, ღვთისთვის სამახსოვრო კარგი სახელის მოპოვებაში. ამ შემთხვევაში სიკვდილის დღე დაბადების დღეზე უკეთესი ვერ იქნება.
გლოვად ქცეული სიცილი. მთაზე ქადაგებისას იესო ქრისტემ თქვა: „ბედნიერნი ხართ, ვინც ახლა ტირით, რადგან იცინებთ ... ვაი თქვენ, ვინც ახლა იცინით, რადგან იგლოვებთ და იტირებთ“ (ლკ. 6:21, 25). იესო, როგორც ჩანს, იმას გულისხმობდა, რომ მათ, ვისაც ისრაელში შექმნილი სავალალო რელიგიური მდგომარეობა აღელვებდა, თუ იესოს ირწმუნებდნენ, გლოვა სიცილად ექცეოდათ, მათ კი, ვინც უდარდელად ცხოვრობდა და მომავალი არ ანაღვლებდა, სიცილი გლოვად ექცეოდათ (შდრ. ლკ. 16:19—31). იესოს ნახევარძმა იაკობი ქვეყნიურ სიამეთა მოყვარულ ქრისტიანებს სწერდა: „იდარდეთ, იგლოვეთ და იტირეთ. თქვენი სიცილი გლოვად იქცეს და სიხარული — სევდად. დაიმდაბლეთ თავი იეჰოვას წინაშე და ის აგამაღლებთ“ (იაკ. 4:4, 9, 10). ღვთისგან „ამაღლება“ მათ ნამდვილ ბედნიერებას მოუტანდა.
დაცინვა. წმინდა წერილებში „სიცილი“ დაცინვის მნიშვნელობით გვხვდება, რადგან ებრაული ზმნა ცახაკ (სიცილი) დაცინვას, მასხრად აგდებასაც ნიშნავს (დბ. 21:9; 39:14).
ბიბლია ზოგიერთ ცხოველს ფიგურალურად წარმოგვიდგენს, როგორც დამცინავს. მაგალითად, დედალი სირაქლემა დასცინის ცხენსა და მის მხედარს, რადგან ვერ ეწევიან მას; ბრძოლაში შეჭრილი ძლიერი და უშიშარი ცხენი შიშს დასცინის (იობ. 39:13, 18, 19, 22). შეუვალი ჯავშნის მქონე ლევიათანს (ნიანგი) ხელშუბის შხუილზე ეცინება (იობ. 41:1, 29).
ღვთის მსახურები ხშირად გამხდარან სხვების დასაცინი. „მოძმის დასაცინი გავხდი“, — ჩიოდა იობი (იობ. 12:4; 30:1). იერემიას მისი თანამოძმეები მთელი დღე სასაცილოდ იგდებდნენ (იერ. 20:7). თვით იესო ქრისტეც სასაცილოდ აიგდეს, როცა მან იაიროსის ქალიშვილის გაცოცხლება დააპირა (მთ. 9:24; მრ. 5:40; ლკ. 8:41—53). და მაინც, ღვთის ძალასა და სიბრძნეში დარწმუნებული ყველა ღვთისმოსავი ბედნიერია (მთ. 5:11, 12).
იეჰოვა ღმერთზე ნათქვამია, რომ ის დასცინის მოტრაბახე ერებს, რომელთა გეგმებიც ჩაიფუშება და თავგზა აერევათ ღვთის წინააღმდეგ მიმართული უგუნური კურსის გამო (ფს. 59:8). ღმერთმა კარგად უწყის თავისი ძალა და განზრახვები, ამიტომ ეცინება, როცა ხედავს, რა ტყუილუბრალოდ ირჯებიან ისინი ღვთისა და მისი ხალხის წინააღმდეგ (ფს. 2:1—4). ბრძენი ყველანაირად ეცდება, რომ ღვთის დასაცინი არ გახდეს (იგ. 1:26). მართალია, იეჰოვას ბოროტის სიკვდილი არ ახარებს (ეზკ. 18:23, 32), მაგრამ ის არ წუხს თავისი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ზრახვების გამო და დასცინის მტრებს, რადგან იცის, როდის დაიხსნის მართლებს, როდის ჩაფუშავს ბოროტთა გეგმებს და როდის მოუღებს ბოლოს ბოროტებას (ფს. 37:12, 13, 20).