სიზარმაცე
რისამე გაკეთების, შრომა-გარჯის სურვილის ან ხალისის უქონლობა; ფუქსავატობა, უსაქმურობა, მცონარობა, მუქთახორობა, ზოზინი. ებრაული ზმნა ʽაცალ ნიშნავს დაყოვნებას (მსჯ. 18:9), მისი მონათესავე ზედსართავი სახელი — ზარმაცს (იგ. 6:6). ბერძნულ ოკნეროსს ზარმაცისა და ზოზინას მნიშვნელობები აქვს (მთ. 25:26; რმ. 12:11). სიზარმაცის აღმნიშვნელი კიდევ ერთ სიტყვა, ნოთროსი ყურმძიმესაც (ზარმაცი მოსმენაში) ნიშნავს (ებ. 5:11; 6:12).
ყველაზე დიდ მშრომელებს, იეჰოვასა და მის ძეს, სძულთ სიზარმაცე. იესომ თქვა: „მამაჩემი აქამდე შრომობს და მეც ვშრომობ“ (ინ. 5:17). ბიბლია გმობს სიზარმაცეს და ზარმაცს არაერთ გაფრთხილებას აძლევს.
ზარმაცი კაცის ფიქრები. წიგნ „იგავებში“ ზარმაცი კაცის დახასიათებას ვეცნობით. ზარმაცი თავის წარმოსახვაში დაბრკოლებებს ქმნის თავისი პასიურობის გასამართლებლად. „ზარმაცის გზა ასკილის ღობესავითაა“ (იგ. 15:19). გასაკეთებელი საქმე მას გაუვალ ეკლნარად ეჩვენება. თავის სიზარმაცეს ის სასაცილო მიზეზით ხსნის: „გარეთ ლომია, შუა მოედანზე მომკლავსო!“ — ისე ამბობს, თითქოსდა საქმის კეთებაში საფრთხე უშლიდეს ხელს (იგ. 22:13). სიზარმაცეს ხშირად სიმხდალე და გაუბედაობა იწვევს (2ტმ. 1:7). სხვების რჩევისა და შეგულიანების მიუხედავად, ზარმაცი თავის ტახტზე ისე ტრიალებს, როგორც კარი ანჯამაზე; აქეთ-იქით ისე ბრუნავს, თითქოს წამოდგომა უჭირს. ის ისეთი მცონარაა, რომ საჭმლის პირთან მიტანაც კი ეზარება. „ზარმაცი თასში ყოფს ხელს, მაგრამ პირთან მიტანის თავიც კი არა აქვს“ (იგ. 26:14, 15; 19:24). ყველაფერთან ერთად თავს იტყუებს, რადგან თავი მართალი ჰგონია.
უქნარა სხვადასხვა არგუმენტით ცდილობს თავის გამართლებას. მაგალითად, ის ფიქრობს, რომ მუშაობით ჯანმრთელობას ავნებს და რომ ის ძალიან დაღლილია. ან ფიქრობს, რომ ყველა ვალშია მის წინაშე; უქნარა საქმეს სახვალიოდ დებს (იგ. 20:4). პატარა რამეს თუ გააკეთებს, ჰგონია, რომ სხვებივით ბევრი იშრომა. როგორც უნდა ეცადოს გამრჯე კაცი მისთვის გონივრული პასუხის გაცემას და იმაში დარწმუნებას, რომ ცდება, ზარმაცი მაინც „ბრძენია საკუთარ თვალში“. ის სულელად მიიჩნევს მას, ვინც შრომაში თავს არ ზოგავს და მასაც ამისკენ მოუწოდებს (იგ. 26:13—16).
ზარმაცი ყოველთვის უკმაყოფილოა. ის არ სჯერდება საჭმელს, ტანსაცმელსა და თავშესაფარს (1ტმ. 6:6—8), მას ყოველთვის მეტი უნდა. „ზარმაცს სურს, მაგრამ არაფერი აქვს“ (იგ. 13:4). უქნარას არავინ ანაღვლებს და უხარია, როცა მის საქმეს სხვები აკეთებენ, უარესიც, სხვას ხელებში შეჰყურებს (იგ. 20:4).
სიზარმაცის საზღაური. ზარმაცს სულ ჰგონია, რომ საქმეს მოგვიანებით შეუდგება, მაგრამ სიზარმაცის საზღაური მოულოდნელად ეწევა, მაშინ როცა რაღაცის გაკეთება გვიანი იქნება. ამიტომაც მიმართავს იგავების წიგნი მას: „ცოტა ხანს კიდევ იძინებ, ცოტა ხანს კიდევ ჩათვლემ, ცოტა ხანს კიდევ იწვები გულხელდაკრეფილი და სიღარიბე ყაჩაღივით მოგადგება, სიდუხჭირე — შეიარაღებული კაცივით“ (იგ. 6:9—11).
გინდ პირდაპირი, გინდ გადატანითი მნიშვნელობით, ზარმაც კაცზეა ზედგამოჭრილი შემდეგი სიტყვები: „ზარმაცის ყანასა და უგუნურის ვენახს ჩავუარე და რა ვნახე: ყველგან სარეველა ამოსულიყო, იქაურობას ჭინჭარი მოსდებოდა და ქვის კედელი დანგრეულიყო“. „დიდი სიზარმაცის გამო ჭერი ჩამოწვება, გულხელდაკრეფის გამო სახლში წყალი ჩამოვა“ (იგ. 24:30, 31; ეკ. 10:18).
უქნარას დამქირავებელი ან წარმგზავნელი იზარალებს და იმედგაცრუებას ვერ გაექცევა, რადგან „როგორც ძმარია კბილებისთვის და კვამლი — თვალებისთვის, ისეა ზარმაცი კაცი მისი წარმგზავნელისთვის“ (იგ. 10:26).
უსაქმურს სიზარმაცე ძვირად დაუჯდება, რადგან „ზარმაცს თავისი წადილი მოკლავს“. მას იმის წადილი აქვს, რასაც არ იმსახურებს და რაც ცუდია. წადილის ასრულების მცდელობამ შეიძლება ის დაღუპოს. ნებისმიერ შემთხვევაში ზარმაცს წადილი ღვთისგან, სიცოცხლის წყაროსგან ჩამოაშორებს (იგ. 21:25).
ზარმაცი ქრისტიანი ვერ გამოიმუშავებს სულის ნაყოფს, რასაც მისი გააქტიურება და გამოცოცხლება შეუძლია (სქ. 18:25), და ამგვარად, განსაცდელში ჩაიგდებს თავს. ის შეიძლება თავისი ხორციელი სურვილების მონა და წესრიგის დამრღვევი გახდეს, საერთოდ არ მუშაობდეს და იმაში ერეოდეს, რაც მას არ ეხება (2თს. 3:11).
ქრისტიანული კრების დამოკიდებულება. პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაში მიღებული იყო გაჭირვებულთა, განსაკუთრებით კი ქვრივთა მატერიალური დახმარება. ზოგიერთმა ახალგაზრდა ქვრივმა, როგორც ჩანს, გამოხატა სურვილი, თავისი თავისუფლება აქტიური მსახურებისთვის გამოეყენებინა (შდრ. 1კრ. 7:34). სავარაუდოდ, ზოგს მატერიალურად ეხმარებოდნენ. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ თავიანთი თავისუფლება და ის დრო, რომელიც მათ გამოუთავისუფლდათ, ღირსეულად გამოეყენებინათ, ისინი გაზარმაცდნენ და უსაქმურობასა და წანწალს მიეჩვივნენ. ეს ქალები ჭორაობდნენ, სხვის საქმეში ერეოდნენ და იმაზე ლაპარაკობდნენ, რაზეც არ უნდა ელაპარაკათ. ამიტომ პავლე მოციქულმა კრების ზედამხედველი ტიმოთე დაარიგა, ასეთები დასახმარებელთა სიაში არ შეეყვანათ. პავლემ ასეთ ქვრივებს დაქორწინება ურჩია, რათა თავიანთი ენერგია თუ უნარი შვილებზე ზრუნვისა და ოჯახის მოვლა-პატრონობისთვის მოეხმარათ (1ტმ. 5:9—16).
კრების წევრების მატერიალურ დახმარებასთან დაკავშირებით ბიბლიაში ასეთი პრინციპი წერია: „ვისაც მუშაობა არ უნდა, ის ნურც შეჭამს“ (2თს. 3:10). ოჯახისთავმა უნდა უზრუნველყოს ოჯახი, ცოლმა კი სიზარმაცის პური არ უნდა ჭამოს (იგ. 31:27; 1ტმ. 5:8).
დაუზარებლობა სწავლასა და მსახურებაში. ბიბლია რჩევას აძლევს მათ, ვინც ზარმაცობს სწავლასა და ღვთის განზრახვების შესახებ ცოდნის გაღრმავებაში, აგრეთვე მათ, ვინც უხალისოდ ეკიდება ქრისტიანულ მსახურებას. სულიერად ზრდაშეფერხებულმა ებრაელმა ქრისტიანებმა პავლესგან ასეთი საყვედური დაიმსახურეს: „ყურმძიმენი [ზარმაცები მოსმენაში] გახდით. დროის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მასწავლებლები უნდა იყოთ, მაგრამ თქვენ თვითონ გჭირდებათ ვინმე, რომ თავიდან გასწავლოთ ღვთის წმინდა სიტყვების საფუძვლები. თქვენ მაგარი საჭმელი კი არა, რძე გჭირდებათ“ (ებ. 5:11, 12). პავლემ ისიც თქვა: „საქმეში ნუ იზოზინებთ. სულით აენთეთ“ (რმ. 12:11).