ლეა
[შესაძლოა ნაწარმოებია აქადური სიტყვიდან, რომელიც ძროხას ნიშნავს, ან არაბული სიტყვიდან, რომელიც გარეულ ძროხას ნიშნავს]
ლაბანის უფროსი ქალიშვილი და აბრაამის ძმის შვილიშვილი. ლაბანი იყო იაკობის დედის, რებეკას ძმა, ხოლო ლეა — იაკობის ბიძაშვილი (დბ. 22:20—23; 24:24, 29; 29:16). ლეა თავის დასავით, რახელივით ლამაზი არ იყო. ბიბლიაში აღნიშნულია, რომ მის თვალებს ბრწყინვალება აკლდა (დბ. 29:17). აღმოსავლეთში ქალის სილამაზედ თვალების ბრწყინვალება მიიჩნეოდა (შდრ. ქბ. 1:15; 4:9; 7:4).
ლეა იაკობის პირველი ცოლი გახდა, რადგან ლაბანმა შეცდომაში შეიყვანა იაკობი და მისთვის საყვარელი რახელის ნაცვლად ღამით ლეა მიუყვანა. იაკობმა უსაყვედურა ამისთვის ლაბანს, მაგრამ ლაბანმა თქვა, რომ ადგილობრივი ჩვეულების თანახმად უმცროსი პირმშოზე ადრე არ უნდა გათხოვილიყო. ლეას, როგორც ჩანს, აღმოსავლური ტრადიციის მიხედვით რამდენიმე ფენად ჰქონდა რიდე ჩამოფარებული, რამაც უეჭველია, ხელი შეუწყო ლაბანის ხრიკს. იაკობი შვიდი წელი მსახურობდა რახელისთვის, მაგრამ სანაცვლოდ ლეა მიიღო. ერთი კვირის შემდეგ მას რახელიც მისცეს, მაგრამ მისი გულისთვის კიდევ შვიდი წელი უნდა ემუშავა (დბ. 29:18—28).
ბიბლიაში წერია, რომ ლეა „მოძულებული იყო“ (დბ. 29:31, 33). მაგრამ იქვე აღნიშნულია, რომ რახელის ცოლად მოყვანის შემდეგ იაკობს ლეაზე მეტად რახელი უყვარდა (დბ. 29:30). აქედან გამომდინარე, იაკობს ლეა არ სძულდა, უბრალოდ, რახელი გამორჩეულად უყვარდა. ის განაგრძობდა ლეაზე ზრუნვას და ქმრის ვალდებულებას უსრულებდა. ასე რომ, ლეა იმ გაგებით იყო მოძულებული, რომ იაკობს რახელი მასზე მეტად უყვარდა (იხ. სიძულვილი).
ლეამ იაკობს ექვსი ვაჟი და ერთი ქალიშვილი გაუჩინა: რეუბენი, სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი, ზებულონი და დინა (დბ. 29:32—35; 30:16—21). რუთის 4:11-ში ლეა რახელის გვერდით არის მოხსენიებული და ნათქვამია, რომ მათ „ისრაელის სახლი ააშენეს“. ლეას წილად ხვდა პატივი, ჰყოლოდა ლევი, რომლისგანაც ისრაელის სამღვდელო ტომი წამოვიდა, და იუდა, რომელიც ისრაელის სამეფო ტომის წინაპარი გახდა.
ლეა და მისი შვილები იაკობთან ერთად გაემართნენ ფადან-არამიდან ქანაანში, იაკობის სამშობლოში (დბ. 31:11—18). ესავთან შეხვედრამდე იაკობმა უსაფრთხოების მიზნით ლეას, რახელისა და მათი მოახლეების შვილები დედების გვერდით დააყენა; წინ გაუშვა მოახლეები შვილებით, შემდეგ ლეა — თავისი შვილებით, ბოლოს კი — რახელი და იოსები (დბ. 33:1—7). ლეას შვილები იაკობთან ერთად წავიდნენ ეგვიპტეში, მაგრამ ბიბლიაში არ არის ნათქვამი, რომ ლეაც მათთან იყო (დბ. 46:15). უცნობია, როდის, სად და რა ვითარებაში მოკვდა ლეა; თუმცა შესაძლოა, ის ქანაანში გარდაიცვალა. როგორც უნდა ყოფილიყო, პატრიარქმა ის მაქფელას მინდვრის გამოქვაბულში, საგვარეულო სამარხში დამარხა. საკუთარ ცხედართან დაკავშირებით იაკობის მითითებები ცხადყოფს, რომ მას სურდა აბრაამისა და სარას, ისაკისა და რებეკას, და ლეას გვერდით დაკრძალულიყო (დბ. 49:29—32).